კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ

კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 14/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016830
35/04
14/02/2024
ვებგვერდი, 15/02/2024
220090000.18.011.016830
კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №35/04

2024 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

 

კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-16 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-4 პუნქტების, 55​3 მუხლის, ასევე, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და 37​12 მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების  წესი თანდართულ დანართთან ერთად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანება.
მუხლი 3
ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაწყებული კომერციული ბანკის ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობის ან/და გაკოტრების პროცესი დასრულდეს ამ ბრძანებით დადგენილი წესით.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა



კომერციული ბანკის ლიკვიდაციისდა გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესი (შემდგომში − წესი) გამოიყენება საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი)  მიერ კომერციული ბანკის (შემდგომში – ბანკი) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში.

2. ეროვნული ბანკის მიერ ბანკისათვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისთანავე იწყება ბანკის ლიკვიდაცია.

3. ლიკვიდაცია არის პროცესი, რომელიც იწყება ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის  მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქტის მიღებისთანავე და რომლის მიზანია ბანკის აქტივების რეალიზაცია და ბანკის კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. მის მიმდინარეობას აკონტროლებს ეროვნული ბანკი.

4. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების, ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.

5. ბანკის ლიკვიდაციას ახორციელებს ლიკვიდატორი, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. დაუშვებელია ლიკვიდატორი იყოს ამ ბანკთან დაკავშირებული პირი.

6. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების, ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge) აქტის გამოცემიდან, არაუგვიანეს, 10 დღის ვადაში.

7. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების, ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეროვნული ბანკის მიერ წარედგინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შესაბამისი აღნიშვნისათვის და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ ბანკი წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს.

მუხლი 2. ლიკვიდაციის პროცესის თავისებურებები

1. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ ბანკის ლიკვიდატორმა უნდა აწარმოოს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობა.

2. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება ბანკის მიმართ მიმდინარე იძულებითი აღსრულება.

3. თუ ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკი საგადახდო სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი იყო, ბანკის ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნისთანავე უზრუნველყოს ლიკვიდატორის ფუნქციების შესრულების დაწყებამდე  საგადახდო სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების შესრულება, საგადახდო სისტემის მონაწილეთა ანგარიშსწორების პოზიციების დადგენა ან/და ანგარიშსწორების განხორციელება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების, ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და  ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეროვნულ ბანკში არსებული ბანკის საკორესპონდენტო და სხვა ანგარიში (ანგარიშები) დაიხურება და  გაიხსნება  სალიკვიდაციო ანგარიში (როგორც ეროვნული, ისე უცხოური ვალუტის), რომელზეც გადაიტანება ბანკის საკორესპონდენტო და სხვა ანგარიშზე (ანგარიშებზე) რიცხული ნაშთი და სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე რიცხული თანხა.

5. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან ბანკში წყდება პროცენტებისა და სარგებლის დარიცხვა დეპოზიტებსა და სხვა ვალდებულებებზე და ამ თარიღისათვის დარიცხული გაუცემელი პროცენტები გადაიტანება შესაბამისი პირის ანგარიშზე.

6. ბანკში ერთი ფიზიკური პირის სახელზე სხვადასხვა საანაბრო ანგარიშებზე და/ან სხვადასხვა ხელშეკრულებით რიცხული მოთხოვნები შესაძლოა გაერთიანდეს და გადატანილ იქნეს შესაბამისი ფიზიკური პირის ანგარიშზე/ანგარიშებზე. ასევე, ერთი იურიდიული პირის სხვადასხვა ხელშეკრულებით რიცხული მოთხოვნები შესაძლოა გაერთიანდეს და გადატანილ იქნეს მის ანგარიშზე/ანგარიშებზე. პირის ანგარიშზე/ანგარიშებზე რიცხული ჯამური თანხა არის ამ პირის ერთი მოთხოვნა ბანკის მიმართ.

7. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ  მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვა შეიძლება მხოლოდ ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად ვადადამდგარი მოთხოვნების მიმართ. თუ მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის შედეგად კრედიტორის მოთხოვნა სრულად არ დაკმაყოფილებულა, დარჩენილ ნაწილში ის დაკმაყოფილდება ამ ბრძანებით დადგენილი საერთო წესით.

8. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების, ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და  ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისთანავე, ფულადი საშუალებებისა და მატერიალური აქტივების დაცვის მიზნით, ლიკვიდატორი უფლებამოსილია დალუქოს და აღრიცხოს ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი ბანკის დოკუმენტაცია, შენობა-ნაგებობები და სხვა ძირითადი საშუალებები.

9. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან იურიდიულ პირს (ბანკს) ეკრძალება ამ ლიცენზიით განსაზღვრული ყოველგვარი საქმიანობა. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან აღნიშნული იურიდიული პირი (ბანკი) ვალდებულია უმოკლეს ვადაში შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ვალდებულება.

10. ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე, იურიდიული პირი (ბანკი), ლიცენზირებული  ბანკის მსგავსად ემორჩილება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, კომერციული ბანკების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

11. თუ ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო უცხოური ბანკის ფილიალის მიმართ, ეროვნული ბანკი ამის თაობაზე შეტყობინებას უგზავნის სათავო ბანკსა და სათავო ბანკის ზედამხედველ ორგანოს.

12. თუ ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო ისეთი ბანკის მიმართ, რომელსაც ფილიალები ან/და შვილობილი საწარმოები აქვს საზღვარგარეთ, ეროვნული ბანკი შეტყობინებას უგზავნის იმ ქვეყნის ზედამხედველ ორგანოებს, სადაც მდებარეობს ფილიალი ან/და შვილობილი საწარმო.

13. ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება ბანკის სალიკვიდაციო ანგარიშიდან, რომელიც პირველ რიგში დაკმაყოფილდება ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

14. ლიკვიდატორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიკვიდატორი ეროვნული ბანკის თანამშრომელია.

15. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდგომ შეძენილი ქონება შედის ბანკის აქტივებში და ექვემდებარება რეალიზაციას ამ წესის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით.

მუხლი 3. ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის აუცილებელი ხარჯი

1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ბანკს არ გააჩნია თანხა ლიკვიდაციის ხარჯების დასაფარად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გასცეს თანხა ბანკის ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯის დასაფარად, რომელიც  დაკმაყოფილდება ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიკვიდატორმა წერილობით უნდა მიმართოს ეროვნულ ბანკს.  ლიკვიდატორმა დეტალურად უნდა აღწეროს ბანკის ფინანსური მდგომარეობა, დაასაბუთოს, რომ ბანკს არ გააჩნია თანხა ლიკვიდაციის ხარჯების დასაფარად და შეუძლებელია ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა, ასევე, მიუთითოს ამ წესის დანართი №1-ით დამტკიცებული იმ ხარჯების სრული ჩამონათვალი, რომელთა დასაფარადაც მიიმართება ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხა.

3. ლიკვიდატორი პირველ ეტაპზე უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული პირველი ეტაპის ხარჯები. თუ ლიკვიდაციის პროცესში წარმოიშვა მეორე ეტაპის ხარჯები, რომელთა გაწევაც აუცილებელია ბანკის ლიკვიდაციის შეუფერხებელი წარმართვისთვის, ლიკვიდატორი ეროვნულ ბანკს მიმართავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

4. ეროვნული ბანკი აფასებს ლიკვიდატორის მიერ წარდგენილ განცხადებას და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბანკის ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯის დასაფარად თანხის გაცემაზე, თუ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს ან თანხის გაცემაზე უარის შესახებ.

5. ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის შესაბამისად გაცემული თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ხარჯების დასაფარად, რომლებიც მითითებულია ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ლიკვიდატორი ვალდებულია, ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე, ყოველთვიურად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს დეტალური ინფორმაცია ამ მუხლის შესაბამისად გაცემული თანხის გამოყენების თაობაზე.

მუხლი 4. ლიკვიდატორის უფლებები

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების, ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და  ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე ბანკის ხელმძღვანელ ორგანოებს უწყდებათ უფლებამოსილება. ლიკვიდატორზე გადადის ბანკის ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრების) ყველა უფლებამოსილება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ ბანკს მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ლიკვიდატორი.

2. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების, ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და  ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის შემდგომ ბანკის ხელმძღვანელი ორგანოების მიერ დადებული გარიგებები ბათილია.

3. ლიკვიდატორი უფლებამოსილია წარმართოს ბანკის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქმეები, დაამთავროს სასამართლო და საარბიტრაჟო საქმეები ან მორიგებით დაასრულოს დავები, საჭიროების შემთხვევაში კი ჩაებას ახალ გარიგებებში.

4. ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით ლიკვიდატორი უფლებამოსილია შექმნას სალიკვიდაციო კომისია.

5. ბანკის ლიკვიდატორს უფლება აქვს დანიშვნის დღიდან ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე  შეწყვიტოს:

ა)  ბანკის თანამშრომლის დაქირავების შესახებ გარიგება;

ბ) იმ მომსახურების შესახებ კონტრაქტი, რომლის განხორციელებაშიც ბანკი მონაწილეობდა;

გ)  ბანკის, როგორც უძრავი ქონების მოიჯარის, ნებისმიერი ვალდებულება, თუ მეიჯარეს (მეიჯარე 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის შესახებ, რომ ბანკი აპირებს გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება) არა აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც  შეთანხმების გაუქმების თარიღისთვის დაირიცხა და არ მოითხოვს მისი გაუქმების შედეგად წარმოშობილი ზარალის ანაზღაურებას;

დ) ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია და ის იმავე პირობებით გადაიტანოს სხვა  ბანკში ან მიკრობანკში. მისი გადატანისათვის საბანკო გარანტიის ბენეფიციარის და პრინციპალის თანხმობა საჭირო არ არის. ლიკვიდატორი ვალდებულია ბენეფიციარს და პრინციპალს შეატყობინოს საბანკო გარანტიის სხვა  ბანკში ან მიკრობანკში გადატანის  შესახებ.

6. ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედების/დადებული გარიგების და „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამასთან დაკავშირებული ქმედების/გარიგების გარდა, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ლიკვიდატორის დანიშვნის თარიღამდე 1 წლის განმავლობაში, ხოლო თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე ბანკთან დაკავშირებული პირია − 2 წლის განმავლობაში ბანკის ადმინისტრატორის მიერ განხორციელებული ქმედება/დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამ ქმედებამ/გარიგებამ კრედიტორებს ზიანი მიაყენა. ბანკის ადმინისტრატორის მიერ კრედიტორებისთვის ზიანის მისაყენებლად განხორციელებული ქმედება/დადებული გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ იგი ბანკის ლიკვიდატორის დანიშვნის თარიღამდე 3 წლის განმავლობაში განხორციელდა/დაიდო.

7. ლიკვიდატორს ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით უფლება აქვს:

ა) ეროვნული ბანკის თანხმობით სალიკვიდაციო საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების შესახებ გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები სხვადასხვა პირთან, ასევე, შესაბამის სამსახურებთან ბანკის საბუთების დადგენილი წესით აღრიცხვის, აკინძვისა და მათი საარქივო შენახვის უზრუნველსაყოფად;

ბ) გაატაროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის ღონისძიება, რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი ბანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

8. მხოლოდ ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში ლიკვიდატორს უფლება აქვს:

ა) გახსნას სალიკვიდაციო ანგარიშები სხვა  ბანკში ან/და მიკრობანკში სხვადასხვა ვალუტით;

ბ) დროებით არ დახუროს სხვა ბანკში ან/და მიკრობანკში არსებული საკორესპონდენტო ანგარიშები;

გ) მიიღოს სესხი სხვა  ბანკებისგან ან/და მიკრობანკებისგან;

დ) გადასცეს სხვა  ბანკს  სესხების ან სხვა საფინანსო აქტივების მოთხოვნის უფლება;

ე) ორგანიზება გაუწიოს სხვა ბანკისათვის ვალდებულებათა გადაცემას;

ვ) ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დროულად დასასრულებლად ბანკში არსებული ის ანგარიშები, რომელთა მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები, ლიკვიდაციის პროცესში მყოფ ბანკში აღნიშნული სამართლებრივი შეზღუდვების ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებების არსებული რიგითობის დაცვით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, უცვლელად გადაიტანოს სხვა ბანკში, მიკრობანკში ან/და ეროვნულ ბანკში ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად.

9. ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ბანკის აქტივები საჯარო  აუქციონზე გაყიდოს ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეარჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე ამ აქტივების მოთხოვნის უფლება გადასცეს ბანკის კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, ხოლო სესხების ან სხვა საფინანსო აქტივების მოთხოვნის უფლება გადასცეს სხვა ბანკს და ორგანიზება გაუწიოს ვალდებულებების გადაცემას.

10. თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემისას ბანკის ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამისი კრედიტორი ან/და მოვალე არ განაცხადებს თანხმობას ან უარს აქტივის ან ვალდებულების სხვა ბანკისთვის გადაცემაზე, თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება. კრედიტორის ან/და მოვალის თანხმობა საჭირო არ არის, თუ აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემისას არ უარესდება ლიკვიდაციის პროცესში მყოფ ბანკში აქტივებისა და ვალდებულებების მიმართ არსებული პირობები, კერძოდ, გადარიცხვის და გატანის საკომისიოები.

11. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადატანისას ლიკვიდატორი მიმღებ ბანკს გადასცემს ამ აქტივებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას. მიმღები ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს გადაცემული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მიმღები ბანკი  უნდა აკმაყოფილებდეს ლიკვიდატორის მიერ დადგენილ პირობებს.

12. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ლიკვიდაციის დაწყებიდან ნებისმიერ დროს მიიღოს ზომები ამ მუხლის მე-8 პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადატანის მიზნით, მათ შორის, მოთხოვნათა წარდგენის 1-თვიანი ვადის განმავლობაში, რა შემთხვევაშიც იგი ვალდებულია შესაბამისი აქტივებისა და ვალდებულებების გადატანა განახორციელოს მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდგომ.

მუხლი 5. ლიკვიდატორის ვალდებულებები

1. ლიკვიდატორი მის მიერ განხორციელებული საქმიანობისათვის ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე.

2. ლიკვიდატორმა ბანკის სალიკვიდაციო საქმეები უნდა აწარმოოს კეთილსინდისიერად. მოვალეობათა შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში ლიკვიდატორი პასუხს აგებს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ბანკის დროებითი ან ყოფილი ადმინისტრატორები ვალდებულნი არიან, გადააბარონ ბანკის საქმეები ლიკვიდატორს ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადებში. ხოლო ლიკვიდატორმა, თავის მხრივ, მისი დანიშვნის დღიდან უნდა აღწეროს და გადაიბაროს ბანკის საქმეები ბანკის დროებითი ან ყოფილი ადმინისტრატორებისაგან ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადებში.

4. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის ყოფილი ადმინისტრატორები თავს აარიდებენ  ბანკის საქმეების გადმობარებას,  ლიკვიდატორმა უნდა აღწეროს და შეადგინოს ბანკის საქმეთა ინვენტარიზაციის აქტი, რომელსაც ადასტურებს მის მიერ შექმნილი სალიკვიდაციო კომისია და ამავდროულად მიიღოს კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები აღნიშნულ ადმინისტრატორთა პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად.

5. ლიკვიდატორი ვალდებულია სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს (შემდგომში – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო) ლიკვიდაციის დაწყებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, ელექტრონულად მიაწოდოს სრული ინფორმაცია დაზღვეულ დეპოზიტორთა და მათი დეპოზიტების შესახებ ეროვნულ ბანკსა და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს შორის წინასწარ შეთანხმებული ფორმით.

6. ლიკვიდატორი ვალდებულია ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან 10 კალენდარულ დღეში:

ა) დაუგზავნოს შეტყობინებები საკორესპონდენტო  ბანკებს ან/და მიკრობანკებს, საბარათე ინსტრუმენტების და ფულადი გზავნილების ანგარიშსწორებათა მომსახურე ორგანიზაციებს, რათა ლიკვიდატორის ნებართვის გარეშე არ მოხდეს საკორესპონდენტო ანგარიშებიდან ოპერაციების წარმოება;

ბ) დაუგზავნოს შეტყობინებები საბარათე ინსტრუმენტების შესაბამის საგადახდო სქემების ორგანიზაციებს და მოითხოვოს ბანკის მიერ ემიტირებული საბარათე ინსტრუმენტების გაუქმება;

გ) უზრუნველყოს ბანკის კუთვნილი ყველა ბანკომატის დალუქვა;

დ) გააკეთოს განაცხადები სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რათა ლიკვიდატორის გარეშე არ მოხდეს ლიკვიდაციაში მყოფი ბანკის კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სხვა) გასხვისება;

ე) დაუგზავნოს შეტყობინებები ბანკის ყველა ყოფილ ადმინისტრატორს ბანკისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ყველა ბეჭდისა და შტამპის 10 კალენდარული დღის განმავლობაში ჩაბარების მოთხოვნით. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.

7. ლიკვიდატორმა მის მიერ შექმნილ სალიკვიდაციო კომისიასთან ერთად უნდა გაანადგუროს  ბანკისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ყველა ბეჭედი და შტამპი და შესაბამისი განადგურების აქტი წარადგინოს ეროვნულ ბანკში. ლიკვიდატორმა ამავდროულად  უნდა უზრუნველყოს ლიკვიდატორის ბეჭდისა და შტამპის დამზადება.

8. ლიკვიდატორმა მოკორესპონდენტო ბანკებსა ან/და მიკრობანკებში უნდა წარადგინოს კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული ხელმოწერისა და ბეჭდის ნიმუშები.

9. ლიკვიდატორმა უნდა უზრუნველყოს სხვა  ბანკებსა ან/და მიკრობანკებში ლიკვიდაციაში მყოფი ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული თანხების გადარიცხვა ეროვნულ ბანკში არსებულ სალიკვიდაციო ანგარიშებზე და ასეთი საკორესპონდენტო ანგარიშების დახურვა.

10. ლიკვიდატორმა სალიკვიდაციო ბანკის საწყისი ბალანსის შედგენიდან ერთ თვეში უნდა გაუგზავნოს შეტყობინებები:

ა) ბანკის მსესხებლებსა და დებიტორებს და მოსთხოვოს ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებების ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში დაფარვა;

ბ) მოთხოვნათა ხასიათისა და თანხის შესახებ ბანკის სააღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად კრედიტორებს, კლიენტებს, რომლებიც ბანკის სეიფებში ინახავენ ფასეულობას, აგრეთვე იმ ქონების დეპონენტებს, რომელსაც განაგებს დაწესებულება. შეტყობინება აგრეთვე ეგზავნება იმ დეპოზიტარებს, რომელთა მოთხოვნები სრულად არ იქნა დაფარული დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. შეტყობინებაში აღინიშნება, რომ ლიკვიდატორისათვის პრეტენზიის წარდგენა, მოთხოვნის ნამდვილობის დამადასტურებელ საბუთებთან ერთად შესაძლებელია წერილის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში, აგრეთვე ის, რომ კლიენტებს შეუძლიათ თავიანთი ფასეულობის მიღება. ისეთ კრედიტორებს, რომელთა იურიდიული მისამართიც უცნობია, შეტყობინება ეცნობებათ სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე განცხადების გამოქვეყნებით. ანალოგიური შინაარსის განცხადება, საჭიროების შემთხვევაში, განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს ერთი თვის ინტერვალით.

11. ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით ლიკვიდატორი ვალდებულია: 

ა) აწარმოოს ზუსტი აღრიცხვა-ანგარიშგება სწორი საბუღალტრო ჩანაწერების განხორციელებით;

ბ) ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან 30 დღის ვადაში შეადგინოს სალიკვიდაციო ბანკის საწყისი ბალანსი არსებული ყოველდღიური საბუღალტრო ანგარიშგების ფორმების ან სხვა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე და წარუდგინოს ეროვნულ ბანკს;

გ) დანიშვნიდან ორ თვეში მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა  რწმუნებული პირის ყველა ფუნქციის შეწყვეტისათვის, რომლებსაც ასრულებდა დაწესებულება, დაუბრუნოს დაწესებულების, როგორც რწმუნებული პირის, კუთვნილი ყველა აქტივი და საკუთრება მათ მესაკუთრეს და განახორციელოს ყველა ანგარიშსწორება რწმუნებული პირის ანგარიშების მიხედვით;

დ) დანიშვნიდან სამი თვის განმავლობაში განახორციელოს ბანკის ყველა აქტივისა და ვალდებულების ინვენტარიზაცია და აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში – მათი აუდიტორული შეფასება;

ე) დანიშვნიდან სამი თვის ვადაში, ამ მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, შეადგინოს ბანკის აქტივ-პასივების  დაზუსტებული ნუსხა (ბალანსი);

ვ) უზრუნველყოს ბანკის მიმართ მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა მიერ წაყენებული ყველა მოთხოვნის კანონიერების შემოწმება;

ზ) ბანკის აქტივების მაქსიმალურად ამოღების მიზნით, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, მიაღწიოს იმ მსესხებლებისა და სხვა დებიტორების დავალიანებების რესტრუქტურიზაციას (მათ შორის, პირგასამტეხლოების და ჯარიმების პატიებას), რომელთაც არა აქვთ საკმარისი ფულადი სახსრები და მატერიალური საშუალებები დავალიანების სრულად და ლიკვიდატორის მიერ მოთხოვნილ ვადაში დროულად დასაფარავად;

თ) მსესხებელთა და სხვა დებიტორთა მხრიდან დავალიანების წერილობითი დასტურით ან რესტრუქტურიზაციით გათვალისწინებულ ვადებში დაუფარაობის შემთხვევაში განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება  სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით;

ი) ბანკში ქონების მითვისების ან გაფლანგვის ფაქტების ან სხვა დანაშაულის ნიშნების გამოვლენისთანავე, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, საქმეები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი ზომების მიღების მოთხოვნით;

კ) გაასაჩივროს ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილება ან აქტი, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის ქონების დაყადაღების ან რეალიზაციის შესახებ, რომელიც შეიძლება არახელსაყრელი იყოს ბანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის;

ლ) წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი ბანკის ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმით არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

მ) დადგენილი პერიოდულობით ან მოთხოვნისთანავე, ეროვნულ ბანკს წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში, ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი;

ნ) ბანკის გადახდისუუნარობის ან გაკოტრების ფაქტის გამოვლენისთანავე, მოამზადოს მისი გადახდისუუნარობის ან გაკოტრების დამადასტურებელი დასკვნა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს;

ო) საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს ეროვნულ ბანკს მოუკითხავი თანხების ანგარიშის გახსნის მოთხოვნით;

პ) თუ ბანკის სეიფებში შენახული ფასეულობები ლიკვიდატორის შეტყობინებაში მითითებულ ვადაში არ იქნა გამოთხოვილი, გახნას სეიფები და აღწეროს მასში შენახული ქონება, რაც უნდა დადასტურდეს სალიკვიდაციო კომისიის მიერ. ლიკვიდატორი ასეთ სეიფებში შენახული ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ განცხადებით მიმართავს სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XL თავით დადგენილი წესით;

ჟ) ეროვნულ ბანკს გადასცეს მოუკითხავი ფულადი სახსრები (არსებობის შემთხვევაში), რომელიც ირიცხება ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე, ასევე, გადასცეს დაკავშირებული დოკუმენტაცია;

რ) განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული ყველა ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს ბანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა კუთვნილი ფულადი სახსრების დაბრუნებასთან დაკავშირებული მოთხოვნების მაქსიმალურად და დროულად დაკმაყოფილებას;

ს) მოეპყროს ბანკის კლიენტებს სამართლიანად და დაიცვას ეთიკის ნორმები.

12. მოთხოვნათა წარდგენის 1-თვიან ვადაში ბანკის მეანაბრის ან სხვა კრედიტორის მიერ კუთვნილ ფულად სახსრებზე მოთხოვნის წარუდგენლობისას ან/და იმ შემთხვევაში, თუ მეანაბრე ან სხვა კრედიტორი ვერ წარადგენს ლიკვიდატორის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, მათ შორის, საბანკო რეკვიზიტებს, რომელიც ეკუთვნის ამ მეანაბრეს ან ამ კრედიტორს და რომელიც არ ექცევა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებით განსაზღვრულ  ან/და ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაეროს მიერ სანქცირებული ქვეყნების ნუსხაში და ამასთანავე, ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად, არცერთი სხვა ბანკი არ განაცხადებს თანხმობას აღნიშნული ანგარიშების მიღების თაობაზე ან მიმღები ბანკი ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმს ან მიმღები ბანკი თანახმაა ანგარიშების მხოლოდ ნაწილის გადატანაზე, ასეთ ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები გადაირიცხება ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე მესაკუთრის გამოვლენის მიზნით, გარდა იმ დეპოზიტებისა, რომლებიც არ აღემატება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრის ფარგლებს. ეროვნულ ბანკში გადაირიცხება მხოლოდ ის სახსრები, რაც ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფ ბანკში განთავსებული იყო ეროვნულ ვალუტაში ან ეროვნული ბანკის სარეზერვო ვალუტებში. სხვა ვალუტაში არსებული ფულადი სახსრების შემთხვევაში მოხდება მათი კონვერტირება ეროვნულ ვალუტაში გადარიცხვის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით და შემდგომ გადაირიცხება ეროვნულ ბანკში.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული მოუკითხავი თანხების ანგარიშიდან ეროვნული ბანკის მიერ ფულადი სახსრების კლიენტისათვის გადარიცხვის ხარჯებს გაიღებს კლიენტი.

14. ლიკვიდაციის პროცესში ბანკის ლიკვიდატორის გათავისუფლების შემთხვევაში იგი ვალდებულია ახალ ლიკვიდატორს ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებული აქტის საფუძველზე გადააბაროს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის საქმეები.

მუხლი 6.  მოუკითხავი თანხების დაბრუნება

1. ამ წესის მე-5 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბანკის მეანაბრე ან სხვა კრედიტორი კუთვნილი თანხის დაბრუნების მიზნით ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მოთხოვნის შინაარსი და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ან/და ლიკვიდირებული იმ ბანკის დასახელება, რომლის მიმართაც მეანაბრეს ან სხვა კრედიტორს ჰქონდა მოთხოვნები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას, ბანკის ან მიკრობანკის  მიერ გაცემულ და დამოწმებულ საბანკო რეკვიზიტებთან ერთად, უნდა დაერთოს, ასევე:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი, ხოლო განცხადების უფლებამონაცვლე პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში, ასევე, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული ამონაწერი და იურიდიული პირის წარმომადგენლის  პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო განცხადების იმ პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ დასტურდება ამონაწერის საფუძველზე, ასევე, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

გ) იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ეკვივალენტური დოკუმენტები.

3. განცხადებისათვის დართული საბანკო  რეკვიზიტები უნდა ეკუთვნოდეს მეანაბრეს ან სხვა კრედიტორს და მეანაბრე ან სხვა კრედიტორი/საბანკო რეკვიზიტები არ უნდა ექცეოდეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაეროს მიერ სანქცირებული ქვეყნების/პირების ნუსხაში. ამასთან, წარმოდგენილი საბანკო რეკვიზიტები არ უნდა ეკუთვნოდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებით განსაზღვრულ ქვეყნებში ლიცენზირებულ  ბანკს/მიკრობანკს.

4. ეროვნული ბანკი მეანაბრის ან სხვა კრედიტორის განცხადებას განიხილავს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

5. თუ მეანაბრის ან სხვა კრედიტორის  განცხადება  აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შეესაბამება ბანკის ლიკვიდატორის მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი დოკუმენტების მონაცემებს, ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას მოუკითხავი თანხების დაბრუნების თაობაზე იმ მოცულობით, რაც მითითებულია ლიკვიდატორის მიერ გადაცემულ მონაცემებში.

6. თუ მეანაბრის ან სხვა კრედიტორის განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან განცხადებაში მითითებული მონაცემები არ შეესაბამება ბანკის ლიკვიდატორის მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილ მონაცემებს, ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ და აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობებს განმცხადებელს მიზეზების მითითებით.

მუხლი 7. ანგარიშების სხვა ბანკში, მიკრობანკში ან/და ეროვნულ ბანკში გადატანა

1. ლიკვიდატორი ამ წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანგარიშების გადატანის თხოვნით ერთდროულად მიმართავს საქართველოში მოქმედ ყველა ბანკს და მიკრობანკს, ხოლო ამ წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების გადაცემისას – საქართველოში მოქმედ ყველა ბანკს.  ლიკვიდატორის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში მიეთითება, რა ვადაში უნდა განაცხადოს მიმღებმა ბანკმა ან/და მიკრობანკმა შესაბამისი ანგარიშების მიღებაზე თანხმობა. შეტყობინებაში აგრეთვე აღინიშნება, რომ მიმღები ბანკი ან/და მიკრობანკი ვალდებულია მიუთითოს, რა მოცულობით არის თანახმა ანგარიშების მიღებაზე.

2. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ანგარიშები გადაიტანოს მხოლოდ იმ ბანკში ან/და მიკრობანკში, რომელიც განაცხადებს თანხმობას და აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმს.

3. ანგარიშების გადატანაზე რამდენიმე მიმღები ბანკის ან/და მიკრობანკის მიერ თანხმობის მიღების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ ბანკს ან მიკრობანკს, რომელიც თანახმაა ანგარიშების მთლიანი მოცულობის მიღებაზე.

4. თუ ანგარიშების მთლიანი მოცულობის მიღებაზე არცერთი ბანკი ან მიკრობანკი არ არის თანახმა, ლიკვიდატორი უფლებამოსილია ანგარიშები გადაიტანოს სხვადასხვა ბანკში ან/და მიკრობანკში იმ მოცულობით, რომელზეც მათ თანხმობა განაცხადეს. ამასთან, მიმღები ბანკების ან მიკრობანკების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ ბანკს ან მიკრობანკს, რომელიც თანხმობას განაცხადებს ანგარიშების მეტი წილის მიღებაზე. ამასთან, დარჩენილი ანგარიშების გადაცემა ხდება მოთხოვნილი ანგარიშების წილის მოცულობით რიგით მეორე  ბანკისათვის ან მიკრობანკისათვის.

5. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბანკებისა და მიკრობანკების მიერ ანგარიშების მიღებაზე ერთნაირი პირობების წარდგენის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება მას, ვინც პირველი წარადგენს თანხმობას.

6. ამ მუხლის შესაბამისად გადასატან ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მიმღები ბანკის ან/და მიკრობანკის აქტივების 10%-ს.

7. მიმღები ბანკი ან/და მიკრობანკი ვალდებულია მასთან ანგარიშის გადატანის თაობაზე აცნობოს იმ პირებს, რომელთა მოთხოვნითაც ანგარიშზე გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები.

8. იმ შემთხვევაში, თუ არცერთი ბანკი ან/და მიკრობანკი არ განაცხადებს თანხმობას ანგარიშების მიღების თაობაზე ან  ბანკი ან/და მიკრობანკი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმს, ან მიმღები ბანკი ან/და მიკრობანკი თანახმაა ანგარიშების მხოლოდ ნაწილის გადატანაზე, ანგარიშები/ანგარიშების დარჩენილი ნაწილი შეიძლება გადავიდეს ეროვნულ ბანკში.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშების გადატანისას, ლიკვიდატორი მიმღებ  ბანკს ან/და მიკრობანკს გადასცემს ამ ანგარიშებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას. მიმღები ბანკი ან/და მიკრობანკი ვალდებულია უზრუნველყოს გადაცემული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 8. მოთხოვნების დაკმაყოფილება

1. ბანკის ლიკვიდაციისას ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება (ფინანსური  გირავნობის ღირებულების ფარგლებში), აგრეთვე „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამის კრედიტორებს აქვთ უზრუნველყოფის აქტივებიდან იმავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების უპირატესი დაკმაყოფილების უფლება.

2. ბანკის უზრუნველყოფილი კრედიტორის (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს), გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირისა, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილდება უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით, უზრუნველყოფის ღონისძიების (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უზრუნველყოფის ღონისძიების) რეგისტრაციის რიგითობის შესაბამისად. ბანკის იმ უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, რომლის მოთხოვნაც უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისი ოდენობის გამო ვერ დაკმაყოფილდა, მოთხოვნის დაუკმაყოფილებელი ნაწილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 301-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად აისახება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების რიგში.

3. ბანკის მიმართ მოთხოვნები, რომლებიც ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული არ არის, შემდეგი თანამიმდევრობით უნდა დაკმაყოფილდეს:

ა) ბანკის ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარჯები;

ბ) კრედიტორი, რომლის მიმართ სასესხო ვალდებულება ბანკს მისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა, აგრეთვე ეროვნული ბანკი. ამასთანავე, საგადასახადო ვალდებულებები, რომლებიც ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოიშვა, ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაკმაყოფილდება;

გ) სარეზოლუციო ფონდი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, გარდა ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა დაფინანსების ფარგლებში (გარდა სარეზოლუციო ფონდის საშუალებით განხორციელებული დროებითი სახელმწიფო დაფინანსებისა);

დ) დაზღვეული დეპოზიტები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებში ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მოთხოვნები, მათ შორის, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა;

ე) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის ანგარიშზე არსებული თანხა, რომელიც აღემატება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის  ფარგლებს, მაგრამ არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტისა;

ვ) მოთხოვნები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაგროვებითი საპენსიო სქემის სასარგებლოდ;

ზ) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის ანგარიშზე არსებული თანხა, რომელიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „დ“−„ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გარდა ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;

თ) ბანკის ადმინისტრატორების სახელზე არსებული დეპოზიტები, ბანკის კაპიტალის 5 პროცენტის ან 5 პროცენტზე მეტის მფლობელი აქციონერების დეპოზიტები, ამ პირების „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედ მესამე პირთა დეპოზიტები, აგრეთვე ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტები;

ი) საბიუჯეტო ვალდებულებები და დავალიანებები;

კ) ბანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები (მათ შორის, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამის კრედიტორების არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები), გარდა ამ პუნქტის „ლ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;

ლ) ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ ბანკის სასესხო ვალდებულება, გარდა ამ პუნქტის „მ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;

მ) ბანკის სუბორდინირებული ვალი, რომელიც საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი არ არის;

ნ) ბანკის ვალდებულებები, რომელთა ჩამოწერა ან საზედამხედველო კაპიტალში კონვერტაცია განსაზღვრულია ხელშეკრულებით, გარდა ამ პუნქტის „ო“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;

ო) ბანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტები;

პ) ბანკის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები;

ჟ) ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ ბანკის სხვა ვალდებულებები.

4. პირობითი ვალდებულებები, რომელიც არსებობდა ლიკვიდაციის დაწყებამდე და რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშვა ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ, წარმოშობილად ითვლება ლიკვიდაციის პროცესის დაწყებამდე.  სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული მოთხოვნა წარმოშობილად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც წარმოიშვა კრედიტორის მოთხოვნა დავის საგანზე, რაც ბანკის მიერ დაკმაყოფილებული უნდა ყოფილიყო სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

5. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს კლიენტი.

6. თუ არსებული თანხა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული  მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, ყველა სათანადო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შესაბამისი რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.

7. ბანკის კრედიტორთა ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნები დაკმაყოფილდება კრედიტორის წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ. ლიკვიდატორი უფლებამოსილია დაიწყოს მომდევნო რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუ წინა რიგის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად არსებობს საკმარისი ფულადი სახსრები და ამით წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ზიანი არ ადგება.

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თითოეულ ქვეპუნქტში გათვალისწინებული მოთხოვნების თანაბარი პროპორციით დაფარვის უზრუნველსაყოფად, ლიკვიდატორს უფლება აქვს მოახდინოს აქტივების რეალიზაციის შედეგად ნაწილ-ნაწილ შემოსული თანხების აკუმულირება.

9. ბანკში არსებული დეპოზიტების რაოდენობის ან ვალუტის მიუხედავად,  დეპოზიტარები იღებენ დაზღვეულ დეპოზიტებს (მათ შორის, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსაგან „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრის ფარგლებში). დეპოზიტარის მოთხოვნა შემცირდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ გაცემული ანაზღაურების ოდენობით და შემდეგ კმაყოფილდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რიგითობით. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ გაცემული ანაზღაურების ოდენობა და შესაბამისი ხარჯები დაიფარება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი რიგითობით.

10. „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დაზღვეული დეპოზიტების თანხის დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ გასაცემი ანაზღაურების ოდენობით შემცირებისას, პირველ რიგში უნდა შემცირდეს ლარში, ხოლო შემდეგ უცხოურ ვალუტაში დეპოზიტარის შესაბამის ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები. თუ დეპოზიტარის შესაბამის ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები ერთზე მეტ უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული, ამ პუნქტის გათვალისწინებით უნდა შემცირდეს უცხოურ ვალუტაში არსებული ანგარიშებიდან ამ ანგარიშებზე არსებული თანხის მოცულობის შესაბამისი პროპორციით.

11. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელთა ოდენობა აღემატება 1500 ლარს, ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

12. მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ლიკვიდატორი ვალდებულია გადაამოწმოს პირი შეყვანილი ხომ არ არის გაეროს სანქციების კომიტეტის მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში.

13. ლიკვიდატორი ვალდებულია მოთხოვნების დაკმაყოფილება უზრუნველყოს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობას.

მუხლი 9. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის აქტივების  საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ფორმით ჩატარების პროცედურა

1. ლიკვიდატორი უფლებამოსილია,  ბანკის აქტივები საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე (შემდგომში – აუქციონი) გაყიდოს აუქციონის სისტემის – www.eauction.ge-ის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში ბანკის კუთვნილი ფიქსირებული აქტივების აუქციონი წარიმართება  აუქციონის სისტემის – www.eauction.ge-ის პროცედურისა და  შემდეგი პირობების დაცვით:

ა) აუქციონის ჩატარების დროს ადგენს ლიკვიდატორი, რომელიც ასევე განსაზღვრავს გასაყიდი აქტივის ფასს, ბეს ოდენობასა და აუქციონის ბიჯებს. ლიკვიდატორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვებგვერდზე განათავსებს სარეალიზაციო აქტივის მოკლე აღწერას.  აუქციონი მიმდინარეობს 10 კალენდარული დღის განმავლობაში;

ბ) განცხადების პროექტს აუქციონის ჩატარების შესახებ, ლიკვიდატორი უთანხმებს  ეროვნულ ბანკს, რომელსაც განცხადების პროექტს წარუდგენს აუქციონის ჩატარებამდე სულ მცირე 14 კალენდარული დღით ადრე;

გ) აუქციონზე შეძენილი აქტივის საფასურის გადახდის შემდეგ უფლებამოსილ პირთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება;

დ) აუქციონზე გამარჯვებულს აქტივის მიმართ შეუძლია გამოიყენოს თავისი კანონიერი უფლებები მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ. მყიდველს ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;

ე) აუქციონზე გაყიდული აქტივის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ აქტივთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე;

ვ) თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება საწყის ფასში აქტივის რეალიზაცია, მაშინ ლიკვიდატორი ნიშნავს განმეორებით აუქციონს პირველი აუქციონის დანიშვნისათვის გათვალისწინებული პროცედურების დაცვით. განმეორებით აუქციონზე აქტივის სარეალიზაციო საწყისი ფასი შესაძლებელია განისაზღვროს პირველ აუქციონზე ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში;

ზ) იმ შემთხვევაში, თუ განმეორებით აუქციონზე ვერ მოხერხდა აქტივის რეალიზაცია საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში, შემდეგ აუქციონზე სარეალიზაციო აქტივის საწყისი ფასი  შესაძლებელია განისაზღვროს პირველი აუქციონის საწყისი ფასის არანაკლებ 50%-ის ფარგლებში.

2. აუქციონზე გასაყიდი აქტივი შეფასებული უნდა იყოს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების გარდა, ბანკის კრედიტორთა ინტერესების გათვალისწინებით, ლიკვიდატორს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეუძლია მოთხოვნის უფლებების რეალიზაციის მიზნით  აუქციონი დამატებით ჩაატაროს.

4. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ის აქტივები, რომელთა რეალიზაციაც  არ განხორციელდა არცერთი აუქციონის დროს და  დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასებულია ნულოვანი ღირებულების მქონედ, ბუღალტრული სტანდარტებით შესაბამისი გატარებების მეშვეობით გააუქმოს საბალანსო უწყისიდან.

მუხლი 10. ბანკის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადება

1. ბანკი გადახდისუუნარო შეიძლება გახდეს როგორც საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, ისე ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დროს.

2. ბანკის გაკოტრების ფაქტი დგინდება მხოლოდ მისი ლიკვიდაციის პროცესის მსვლელობისას.

3. ბანკი გადახდისუუნაროა, როდესაც მისი აქტივები (განურჩევლად მათი ვადიანობისა) ვეღარ ფარავს მისივე ვალდებულებებისა და პირობითი ვალდებულებების ჯამს, განურჩევლად მათი ვადამოსულობისა. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის გადახდისუუნარობის დადგენისათვის ბანკის მთლიანი აქტივების ღირებულება გაიანგარიშება სალიკვიდაციო ბალანსზე რიცხული თითოეული აქტივის წმინდა ღირებულების ჯამით.

4. ბანკი კოტრდება, როდესაც მას სალიკვიდაციო ბალანსით ერიცხება დაუფარავი მოთხოვნები, მაგრამ აღარ აქვს აქტივები ამ მოთხოვნების დასაფარავად.

5. ამ წესის მე-5 მუხლის მე-11 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ლიკვიდატორის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ბანკი გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოაცხადოს. ბანკის გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით. აღნიშნული განკარგულება ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. ამასთან, ბანკი გაკოტრებულად შეიძლება გამოცხადდეს ამ წესის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ განკარგულებით.

მუხლი 11. ლიკვიდაციის პროცესის დასრულება

1. ლიკვიდაციის პროცესის ხანგრძლივობა განისაზღვრება ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი ბანკის ვალდებულებების გასტუმრების ხანგრძლივობით, რომელიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია ბანკის აქტივების რეალიზაციასა და სასამართლო საქმეების დასრულების ვადებზე. ლიკვიდაციის პროცესი ვერ დასრულდება, თუ არსებობს მიმდინარე სასამართლო საქმეები, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა.

2. ლიკვიდაციის პროცესი დასრულებულად ითვლება, თუ:

ა) სრულადაა დაფარული ბანკის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნა;

ბ) ბანკს ერიცხება დაუფარავი მოთხოვნები, მაგრამ აღარ აქვს აქტივები ასეთი მოთხოვნების დასაფარავად და იგი ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა გაკოტრებულად;

გ) უნდა განხორციელდეს გარდაქმნა ამ მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად.

3. ბანკს აქტივები აღარ აქვს, თუ:

ა) რეალიზებულია (ამოღებულია) ყველა აქტივი;

ბ) არარეალიზებული აქტივების საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია;

გ) სესხებისა და სხვა აქტივების ამოღება შეუძლებელია იმის გამო, რომ მათი მფლობელები გაკოტრებული არიან ან არ გააჩნიათ რეალიზებადი ქონება.

4. ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ლიკვიდატორი ადგენს ბანკის სალიკვიდაციო აქტს, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ ბანკის ლიკვიდაციის დაწყების შემდეგ რეალიზებული ყველა აქტივის შესახებ მათი რეალიზაციის საბოლოო ფასის ჩვენებით;

ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ბანკის ყველა არარეალიზებული აქტივის შეფასებას, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ ამ აქტივის საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია;

გ) ბანკის მიმართ დავალიანების მქონე იურიდიული თუ ფიზიკური პირის გაკოტრების დამადასტურებელ სასამართლო გადაწყვეტილებებს;

დ) ინფორმაციას ბანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის შესახებ;

ე) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ყველა სხვა ღონისძიების შესახებ.

5. ბანკის ლიკვიდატორი თავისი  ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებულ ბანკის სალიკვიდაციო აქტს, ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების გადაწყვეტილების მიღების მიზნით, წარუდგენს ეროვნულ ბანკს.

6. სალიკვიდაციო სამუშაოების დამთავრებისთანავე, ლიკვიდატორი ვალდებულია, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, გაანადგუროს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის ბეჭედი და შტამპი, რაზეც ფორმდება განადგურების აქტი. აღნიშნული აქტი ლიკვიდატორის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მიერ უნდა იყოს ხელმოწერილი.

7. განადგურების აქტის ერთი ეგზემპლარი, განადგურებული (ნაწილებად დაჭრილი) ბეჭდებისა და შტამპების ეტიკეტებთან, თაბახის ფურცელზე დატანილი ბეჭდისა და შტამპების ნიმუშებთან ერთად, ინახება ეროვნულ ბანკში, ხოლო მეორე ეგზემპლარი  გადაეცემა ლიკვიდატორს.

8. ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ. ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.

9. ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაიხურება ეროვნულ ბანკში გახსნილი ბანკის სალიკვიდაციო ანგარიშები (როგორც ეროვნული, ისე უცხოური ვალუტის). სალიკვიდაციო ანგარიშზე თანხის/ნაშთის არსებობის შემთხვევაში, თანხა გადაირიცხება აქციონერის მიერ ეროვნული ბანკისათვის წარდგენილი შესაბამისი საბანკო რეკვიზიტების მიხედვით.

10. ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარედგინება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბანკის ლიკვიდაციის დასრულების რეგისტრაციისა და მისი სამეწარმეო რეესტრიდან ამოღების მიზნით, გარდა ამ მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებით დადგენილი პროცედურით გარდაქმნისას, რა შემთხვევაშიც ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება გარდაქმნის რეგისტრაციის მიზნით.

11. იმ შემთხვევებში, თუ ლიკვიდაციის დასრულებისას, ბანკს სრულად აქვს დაფარული ვალდებულებები და დარჩა აქტივები,  ლიკვიდატორი ამ აქტივებს გადასცემს ბანკის აქციონერ(ებ)ს მათთან  შეთანხმებით და  სათანადოდ გაფორმებული გადაცემის აქტით.

12. საჭიროების შემთხვევაში, ლიკვიდირებული ბანკის აქციონერის ან უფლებამონაცვლის წერილობითი თანხმობით, აქციონერი ან უფლებამონაცვლე, სათანადოდ გაფორმებული გადაცემის აქტით, ეროვნულ ბანკს გადასცემს ლიკვიდირებული ბანკის ოპერაციული სისტემის ელექტრონულ ასლს მონაცემთა ბაზითა და ბუღალტრული ჩანაწერებით. ამასთან, ეროვნული ბანკი წინასწარ, წერილობით იღებს თანხმობას აქციონერისგან ან უფლებამონაცვლისგან, რეორგანიზაციის შემდგომ, მეწარმე სუბიექტის ლიკვიდაციის შემთხვევაში, დაარქივებული (ბანკის აქტიური სტატუსის პერიოდის) დოკუმენტები გადასცეს ეროვნული ბანკს.

13. გამონაკლის შემთხვევებში ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა ბანკმა შეიძლება შეიცვალოს საქმიანობის საგანი და გარდაიქმნას არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად ამ მუხლის მე-14 პუნქტით დადგენილი წესით.

14. ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა ბანკმა, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან მიმართვამდე, ბანკის აქციონერთა გადაწყვეტილება გარდაქმნასთან დაკავშირებით უნდა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ. მას თან უნდა დაერთოს სალიკვიდაციო აქტი. საქმიანობის საგნის შეცვლა საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ბანკის ვალდებულებების გასტუმრებას. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ბანკის აქციონერთა გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ყველა დარჩენილი მეანაბრისა და სხვა კრედიტორთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. თუ ვალდებულებები გასტუმრებულია, საქმიანობის საგნის შეცვლისთვის საჭიროა მხოლოდ ბანკის აქციონერთა გადაწყვეტილება. გარდაქმნის შემდგომ იგი აღარ ექვემდებარება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს.

15. ბანკის ლიკვიდაციის შემდგომ აღმოჩენილი აქტივის რეალიზაცია და ამოღებული თანხების განაწილება ბანკის დარჩენილ კრედიტორებზე განხორციელდება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3712 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 12. ეროვნული ბანკის უფლებები

1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს:

ა) ნებისმიერ დროს შეამოწმოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკი;

ბ) შეამოწმოს ლიკვიდატორის საქმიანობა;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაათავისუფლოს ლიკვიდატორი და მის ნაცვლად დანიშნოს სხვა პირი;

დ) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია ბანკის ლიკვიდაციის პროცესის მსვლელობის შესახებ;

ე) მოითხოვოს ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ღონისძიების შეჩერება ან გაუქმება, თუ იგი ეწინააღმდეგება მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა ფულადი სახსრების მოთხოვნებთან დაკავშირებულ ინტერესებს.

2. ეროვნული ბანკი ლიკვიდატორის მიერ ჩადენილი დარღვევების შემთხვევაში მიმართავს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს, მათ შორის, ჩადენილი დარღვევის სერიოზულობის გათვალისწინებით, საქმეს გადასცემს სამართალდამცავ  ორგანოებს.

მუხლი 13. ლიკვიდატორის პასუხისმგებლობა

1. ლიკვიდატორი პასუხისმგებელია:

ა) ბანკის ლიკვიდაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით ლიკვიდაციის პროცესის წარმართვისათვის, ასევე სალიკვიდაციო სამუშაოებისა და ღონისძიებების შეგნებულად გაჭიანურებისათვის;

ბ) თავისი საქმიანობის პერიოდში ბანკის აქტივების მითვისების ან გაფლანგვის და ბანკის ყოფილი ადმინისტრატორების ან თავად ლიკვიდატორის მხრიდან ასეთი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, საქმეების შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაუცემლობისათვის;

გ) სხვა ბანკებისაგან ან მიკრობანკებისგან მიღებული სესხის არამიზნობრივად გამოყენებისათვის;

დ) ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის აღრიცხვა-ანგარიშგებებში საბუღალტრო ჩანაწერებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის უტყუარობისა და სიზუსტისათვის;

ე) ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ არასწორი ინფორმაციის მომზადებისა და წარდგენისათვის;

ვ) ბანკის მსესხებლებისა და სხვა დებიტორების მიერ დავალიანების დაუფარაობის შემთხვევაში, თანხის ამოღების მიზნით  სასამართლოში სარჩელის შეუტანლობისათვის;

ზ) ფინანსური დარღვევებისათვის;

თ) ბანკის კლიენტებთან არაეთიკური მოპყრობისათვის.

2. ლიკვიდატორს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისათვის ან უმოქმედობისათვის, თუკი მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებში დაიცვას ლიკვიდატორის ინტერესები, რაც შეიძლება გამოიხატოს ლიკვიდატორის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფით, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებითა და სხვა ღონისძიებებით, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს ლიკვიდატორის ინტერესების დასაცავად. ეს პუნქტი ლიკვიდატორზე ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.

მუხლი 14. ლიკვიდატორის შერჩევისა და დანიშვნის კრიტერიუმები

1. ლიკვიდატორის კანდიდატურის შერჩევა ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ, ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. ბანკის სალიკვიდაციო საქმეების ეფექტურად წარმართვისათვის ბანკის ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო საქმიანობის წარმოებისათვის აუცილებელი სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება.

3. პირს ეკრძალება იყოს ბანკის ლიკვიდატორი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.

4. ლიკვიდატორად დასანიშნ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტერია.

5. ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის სულ მცირე 3 წლის სტაჟი.

6. ერთი და იგივე პირი შეიძლება დაინიშნოს ლიკვიდატორად რამდენიმე ბანკსა ან/და მიკრობანკში.

7. დანიშვნის დღიდან ეროვნულ ბანკსა და ლიკვიდატორს შორის ფორმდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიკვიდატორი ეროვნული ბანკის თანამშრომელია. შრომით ხელშეკრულებაში განისაზღვრება ლიკვიდატორის ხელფასის ოდენობა.


დანართი 1

 


I ეტაპის ხარჯები:

ლიკვიდატორის ბეჭდის დამზადება;

ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი)

ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ;

ცნობები სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული

ბანკის უძრავი ქონებისა და სხვა კომპანიებში წილის ფლობის შესახებ;

სსიპ − საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე კრედიტორთა ვალდებულებების დაზუსტების

თაობაზე განცხადების გამოქვეყნება;

თარჯიმნის, ნოტარიუსის, ტრანსპორტირების ხარჯი;

ბუღალტრის ხელფასი (დარიცხული ) მინიმუმ 3 თვის;

იჯარის ხარჯი − მინიმუმ 3 თვის;

კომუნალური გადასახადები 3 თვის;

ფოსტის მომსახურება.

II ეტაპის ხარჯები:

დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ სასესხო პორტფელის შეფასება (დამოკიდებულია პორტფელზე 25-მდე

სესხის შეფასების ღირებულებაა გათვალისწინებული) − აუცილებლობის ან/და მიზანშეწონილობის შემთხვევაში;

უძრავი/მოძრავი ქონების და არამატერიალური აქტივის შეფასება;

სსიპ − აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის გადასახდელი თანხა (იმ შემთხვევაში თუ, აღსრულებას გადაეცემა

სესხი, წინასწარ უნდა ჩაერიცხოს მოთხოვნილი თანხის − სასამართლოთი დაკისრებული თანხის 2%);

სასამართლო ბაჟი სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებზე (მოთხოვნილი თანხის) (შეიძლება გადავადდეს,

გადახდის დაკისრება მოხდება საქმის წაგების შემთხვევაში);

საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე მონაწილეობის გადასახადი;

საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე გაყიდული ქონების გადასახადი (ქონების გაყიდვის ხარჯის %);

ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკის დოკუმენტების დაარქივება − აუცილებლობის ან/და

მიზანშეწონილობის შემთხვევაში;

სხვა ხარჯი.