აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირთა გამოძახების წესის დამტკიცების შესახებ

აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირთა გამოძახების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017207
30
15/02/2024
ვებგვერდი, 16/02/2024
120000000.22.026.017207
აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირთა გამოძახების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს  თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება №30

2024 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი 

 

 

აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირთა გამოძახების წესის დამტკიცების შესახებ


თავდაცვის კოდექსის 90-ე მუხლის მე-8 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირთა გამოძახების წესი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთა გამოძახების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №46 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი




აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირთა გამოძახების წესი

 

მუხლი 1

1. ეს წესი განსაზღვრავს აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში (შემდგომში – აქტიური რეზერვი) ჩარიცხული პირების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის ან/და  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესაბამის ქვედანაყოფში (შემდგომში – ქვედანაყოფი) გამოძახებას.

2. აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირების გამოძახება ხორციელდება:

ა) სარეზერვო სამხედრო სამსახურში ჩარიცხული პირის მომზადების მიზნით;

ბ) საომარი მდგომარეობის დროს;

გ) საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციის დროს;

დ) დამატებითი კონტრაქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირის გამოძახების და მის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 45 დღეს, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 2

1. აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირის გამოძახება, გარდა ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, მათ შორის კურიერის საშუალებით.

2. აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირის გამოძახებას უზრუნველყოფს ის ქვედანაყოფი, რომელშიც იგი ირიცხება.

მუხლი 3

1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირი ვალდებულია ქვედანაყოფში გამოცხადდეს აქტიური რეზერვის გავლის კალენდრით (შემდგომში – კალენდარი) დადგენილ თარიღებში, რაც ითვლება  აქტიურ რეზერვში გამოძახებად.

2. აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს კალენდარი გადაეცემა კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ, ხოლო ყოველი მომდევნო წლის კალენდარი – მომდევნო წლის პირველ იანვრამდე.

3. კალენდარში შესული ცვლილების თაობაზე აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, მათ შორის კურიერის საშუალებით,  უნდა ეცნობოს დამატებით.

მუხლი 4

1. ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით გამოძახებისას შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირების გამოცხადების დროს და ადგილს;

ბ) აქტიური რეზერვის გავლის პერიოდს;

გ) აქტიური სარეზერვო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

2. ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით გამოძახება დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალებით შეტყობინების გაგზავნის დადასტურებით ან/და ტექნიკური საშუალებით შეტყობინების გაგზავნის/კომუნიკაციის შესახებ შედგენილი აქტით/ჩანაწერით.

მუხლი 5

ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით გაცემული შეტყობინება აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირს უნდა გაეგზავნოს/ჩაჰბარდეს დაუყოვნებლივ, ხოლო შეტყობინების მიმღები ვალდებულია ქვედანაყოფში გამოცხადდეს გონივრული ვადის გათვალისწინებით დაუყოვნებლივ. ამ შემთხვევაში გამოცხადების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს.

მუხლი 6

1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პერიოდის გარდა, აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში გამოძახებული პირის დამსაქმებლის შეტყობინებას ახორციელებს  ის ქვედანაყოფი, რომელშიც ირიცხება აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირი.

2. ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს მისცეს ცნობა, რომლითაც დასტურდება ქვედანაყოფში მისი ყოფნის პერიოდი.