დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 28 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 07/02/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/02/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 120170020.22.026.017205 |
|
„სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“
|
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ტ5“ ქვეპუნქტის და მე-4 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესი“. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 მაისის №512 ბრძანება. |
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესი
მუხლი 1. რეგულირების საგანი ეს წესი განსაზღვრავს სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში (შემდგომში – ლიცეუმი) მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების საკითხებს.
მუხლი 2. ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვა 1. ლიცეუმში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობა და მიღების ვადები დგინდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი მოსწავლეთა რიცხოვნობა არ ვრცელდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა, აგრეთვე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელ ორგანოებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ მოსამსახურეთა შვილებზე. 2. ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს. 3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან მოსწავლის ლიცეუმში თავისუფალი გადაადგილება სასწავლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად დაუშვებელია. 4. კონკურსში მონაწილეობისათვის ლიცეუმის დირექტორის (შემდგომ – დირექტორი) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ მოსწავლეთა შერჩევისა და მიღების კომისიაში (შემდგომ – მიმღები კომისია) წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები: ა) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება მოსწავლის მიღების შესახებ; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) დაბადების მოწმობის დედანი და ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100); ე) ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (IX კლასი) მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ; ვ) მონაცემები მოსწავლის წლიური (IX კლასი) შეფასების შესახებ და დახასიათება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან; ზ) მოსწავლის ავტობიოგრაფია; თ) ფერადი ფოტოსურათი 3X4-ზე 2 (ორი) ცალი. 5. მიმღები კომისიის მიერ რეგისტრირებული მოსწავლეები (შემდგომ – კანდიდატები) გაივლიან: ა) სამედიცინო შემოწმებას; ბ) ზოგადი უნარების ტესტირებას (საბაზო საფეხურის დონე); გ) მათემატიკის ტესტირებას (საბაზო საფეხურის დონე). 6. სსიპ – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში (შემდგომ – ჰოსპიტალი) სამედიცინო შემოწმებას ექვემდებარებიან მიმღები კომისიის მიერ დარეგისტრირებული კანდიდატები, რომლებიც მიმღებ კომისიას წარუდგენენ ამ მუხლის მე-4 პუნქტით მოთხოვნილ დოკუმენტებს. კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, ზოგადი უნარებისა და მათემატიკის ტესტირების შედეგების მიხედვით მოხვდებიან მინისტრის მიერ დადგენილ ლიცეუმში ჩასარიცხ კანდიდატთა რიცხობრივ კვოტაში, აგრეთვე, ეს მუხლი ვრცელდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელ ორგანოებში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ მოსამსახურეთა შვილებზე, რომლებიც წარმატებით გაივლიან სამედიცინო შემოწმებას და ზოგადი უნარებისა და მათემატიკის ტესტირებაში გადალახავენ კონკურის წესით ჩარიცხული ბოლო კანდიდატის საერთო რეიტინგულ ქულაზე 3 (სამი) ქულით ნაკლებს. 7. ზოგადი უნარების და მათემატიკის ტესტირებაში ერთნაირი შედეგების მქონე კანდიდატებიდან ლიცეუმში ჩაირიცხებიან მოსწავლის წლიური (IX კლასი) შეფასების მიხედვით, საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე პირები. 8. ლიცეუმში ჩარიცხვას არ ექვემდებარება პირი, რომელიც: ა) ჰოსპიტლის სამედიცინო კომისიის (შემდგომ – სამედიცინო კომისია) მიერ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ლიცეუმში სწავლისათვის შეუსაბამოდ იქნება ცნობილი; ბ) ვერ გადალახავს ზოგადი უნარებისა და მათემატიკის ტესტირებებში დაწესებულ ჯამური მაქსიმალური შეფასების 30 (ოცდაათი) პროცენტს. 9. თუ ბარიერგადალახული კანდიდატთა რაოდენობა აღემატება ჩასარიცხ კანდიდატთა რიცხობრივ კვოტას, უპირატესობა მიენიჭებათ რეიტინგის მიხედვით მაღალი შეფასების მქონე კანდიდატებს. 10. ზოგადი უნარებისა და მათემატიკის ტესტირებას ლიცეუმი უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო შესყიდვების გზით. 11. მიმღები კომისიის მიერ ლიცეუმში ჩასარიცხ კანდიდატთა სია გამოქვეყნდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. 12. მიმღები კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია ლიცეუმში დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ სააპელაციო კომისიაში. 13. სააპელაციო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ლიცეუმის დირექტორის სამართლებრივი აქტით.
მუხლი 3. კადეტის სტატუსის მინიჭება 1. მიმღები კომისიის მიერ ჰოსპიტლის სამედიცინო შემოწმებისა და ტესტირების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები ლიცეუმში ჩაირიცხებიან დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ენიჭებათ კადეტის სტატუსი. 2. კადეტის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ან კადეტთან ფორმდება ხელშეკრულება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ნიმუშის შესაბამისად.
მუხლი 4. კადეტის სტატუსის შეჩერება 1. ლიცეუმი უფლებამოსილია კადეტს სტატუსი შეუჩეროს იმ შემთხვევაში, თუ: ა) ლიცეუმის მხრიდან კადეტის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/გაფრთხილების მიუხედავად, კადეტი 5 დღის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება ლიცეუმში; ბ) კადეტი შეუსაბამოდ იქნა ცნობილი ლიცეუმში სწავლისათვის (ჰოსპიტლის სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილება); გ) კადეტი ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმითა და ლიცეუმის სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამას; დ) კადეტი უხეშად არღვევს ლიცეუმის შინაგანაწესს; 2. კადეტის სტატუსის შეჩერება ხდება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. კადეტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, კადეტის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, კადეტის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა კადეტის დოკუმენტები და ენიჭება ლიცეუმიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში თავისუფალი გადაადგილების უფლება. |
დოკუმენტის კომენტარები