დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| “საქართველოს ვიზის გაცემის წესის შესახე დებულების დამტკიცების თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 104 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/08/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 93, 10/08/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.010.000.22.030.007.609 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/08/2005 - 04/09/2014)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.010.000.22.030.007.609
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №104
2005 წლის 5 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ვიზის გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
,,საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ვიზის გაცემის წესის შესახებ თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ს. ზურაბიშვილი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საქართველოს ვიზის გაცემის წესის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. დებულება
,,საქართველოს ვიზის გაცემის წესის შესახებ” დებულება აწესრიგებს საქართველოს ვიზის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების, გადატანის, აღდგენისა და გაუქმების წესს, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ნაცვალგების პრინციპით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 2. გამოყენებული ტერმინები
,,საქართველოს ვიზის გაცემის წესის შესახებ” დებულების მიზნებისათვის ქვემოთ მოყვანილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ,,საქართველოს ვიზა” _ (შემდგომში _ ვიზა) სამგზავრო დოკუმენტში დადგენილი ფორმის აღნიშვნა, რომელიც აძლევს უცხოელს უფლებას შემოვიდეს, იმყოფებოდეს და/ან გავიდეს საქართველოდან, ან ტრანზიტად გადაკვეთოს მისი ტერიტორია; ამასთან, ვიზა არ ნიშნავს ქვეყანაში ცხოვრების ნებართვას;
ბ) ,,ვიზის კატეგორიები” _ დიპლომატიური, სამსახურებრივი, ჩვეულებრივი;
გ) ,,ვიზის სახეები” _ შემოსვლის, შემოსვლა-გასვლის, გასვლის, სატრანზიტო;
დ) ,,ვიზის ტიპები” _ ერთჯერადი, ორჯერადი, მრავალჯერადი;
ე) ,,სავიზო მოსაკრებელი” _ საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი საკონსულო მოსაკრებელი;
ვ) ,,სავიზო ეტიკეტი” _ მკაცრი აღრიცხვის ბლანკი, რომელიც გამოიყენება საქართველოს ვიზების გაფორმებისას;
ზ) ,,სავიზო ანკეტა” _ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმის განცხადება, რომელიც ივსება ვიზის მიღების მიზნით;
თ) ,,სააკრედიტაციო ბარათი“ _ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების და/ან საკონსულო დაწესებულებების, და მათთან გათანაბრებული ორგანიზაციების წარმომადგენლებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი;
ი) ,,უფლებამოსილი პირი“ _ პირი, რომელსაც ვიზის გაცემაზე უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ;
კ) ,,უფლებამოსილი ორგანო“ _ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და/ან საკონსულო დაწესებულებები და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საკონსულო სამსახურები _ საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი წარმომადგენლობები, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ვიზების გაცემის შესახებ;
ლ) ,,დიპლომატიური წარმომადგენლობები“ _ ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები;
მ) ,,საკონსულო დაწესებულება“ _ ,,საქართველოს საკონსულო დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს საკონსულო დაწესებულებები;
ნ) ,,საგარეო საქმეთა სამინისტრო“ _ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
ო) ,,საკონსულო-სავიზო პუნქტი“ _ სასაზღვრო-გამტარ პუნქტში განლაგებული საკონსულო-სავიზო პუნქტი, რომლის დანიშნულებას წარმოადგენს უცხოელთა სავიზო მომსახურება;
პ) ,,უცხოელი“ _ პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მუდმივად მაცხოვრებელი მოქალაქეობის არმქონე პირი; უცხო სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი;
ჟ) ,,უცხოელის ოჯახის წევრი“ _ უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები, მის კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო მშობლები და/ან შვილები, აგრეთვე უცხოელის მზრუნველობის (მეურვეობის) ქვეშ მყოფი პირები;
რ) ,,განმცხადებელი“ _ ყველა კატეგორიის, სახისა და ტიპის ვიზის მიღების მსურველი პირი;
ს) ,,შუამდგომელი პირი“ _ საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად ცხოვრობი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობა და/ან საკონსულო დაწესებულება და მასთან გათანაბ-რებული ორგანიზაცა ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც შუამდგომლობით მიმართავს უფლებამოსილ ვიზის გამცემ ორგანოს, უცხოელზე ვიზის გაცემის თაობაზე;
ტ) ,,თანმხლები პირი“ _ უცხოელის სამგზავრო დოკუმენტში ჩაწერილი პირები, რომლებიც მასთან ერთად მოემგზავრებიან საქართველოში;
უ) ,,იმიგრანტი“ _ უცხოელი, რომელსაც გააჩნია საქართველოში იმიგრაციის ნებართვა და/ან სტატუსი;
ფ) ,,სამგზავრო დოკუმენტი“ _ საზღვარგარეთის პასპორტი, საერთაშორისო მიმოსვლისათვის გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობითა და/ან საერთაშორისო ხელშეკრულებით მგზავრობისათვის გათვალისწინებული პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
ქ) ,,ბინადრობის მოწმობა“ _ საქართველოში მცხოვრები უცხოელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ღ) ,,საქართველოში ყოფნის ვადა“ _ ვადა, რომლის განმავლობაშიც უცხოელს უფლება ეძლევა იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე. იგი აითვლება უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ყოველი გადმოკვეთის მომენტიდან და არ უნდა აღემატებოდეს ვიზის მოქმედების ვადას;
ყ) ,,ვიზის მოქმედების ვადა“ _ პერიოდი, რომლის განმავლობაში უცხოელს უფლება ეძლევა შემოვიდეს, იმყოფებოდეს და გავიდეს საქართველოს ტერიტორიიდან;
შ) ,,ტრანზიტი“ _ საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთა მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით;
ჩ) ,,დებულება“ _ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულება ,,საქართველოს ვიზის გაცემის წესის შესახებ“.
თავი II. ვიზის კატეგორიები, სახეები და ტიპები
მუხლი 3. დიპლომატიური ვიზა
1. დიპლომატიური ვიზის გაცემის საფუძველს წარმოადგენს უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების ან მათთან გათანაბრებული ორგანიზაციების მომართვა.
2. დიპლომატიური ვიზა გაიცემა დიპლომატიური პასპორტის მფლობელ:
ა) უცხო სახელმწიფოს მეთაურებზე, საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის წევრებზე, ოფიციალური დელეგაციის წევრებზე და მათ თანმხლებ ოჯახის წევრებზე, აგრეთვე სხვა თანმხლებ პირებზე;
ბ) საქართველოს აკრედიტებული დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების დიპლომატიურ აგენტებზე და საკონსულო დაწესებულებათა საკონსულო თანამდებობის პირებზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებზე;
გ) საქართველოში აკრედიტებული იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლებზე, რომლებსაც საქართველოს მიერ მინიჭებული აქვთ დიპლომატიური სტატუსი, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრებზე;
დ) უცხოელ დიპლომატიურ კურიერებზე;
ე) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან სპეციალური დიპლომატიური მისიით;
ვ) უცხოელ დიპლომატებზე და მათი ოჯახის წევრებზე, აგრეთვე დიპლომატიურ კურიერებზე, რომლებიც მიემგზავრებიან მესამე ქვეყანაში და ტრანზიტით კვეთენ საქართველოს ტერიტორიას;
ზ) საქართველოს საპატიო კონსულებზე;
თ) სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის სხვა მოქალაქეებზე.
3. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც საქართველო არ ცნობს დიპლომატიური პასპორტის მფლობელი პირის დიპლომატიურ სტატუსს, ან იგი მგზავრობს არასამსახურებრივი მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მასზე შეიძლება გაიცეს ჩვეულებრივი ან სამსახურებრივი ვიზა.
მუხლი 4. სამსახურებრივი ვიზა
1. სამსახურებრივი ვიზის გაცემის საფუძველს წარმოადგენს უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მომართვა.
2. სამსახურებრივი ვიზა გაიცემა სამსახურებრივი პასპორტის მფლობელ:
ა) უცხო სახელმწიფოს დელეგაციის წევრებზე და მათ თანმხლებ ოჯახის წევრებზე, აგრეთვე სხვა თანმხლებ პირებზე;
ბ) უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალის წევრებზე, საკონსულო დაწესებულებების საკონსულო მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალის მუშაკებზე, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრებზე;
გ) საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებზე და მათი ოჯახის წევრებზე;
დ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ოფიციალური ვიზიტით;
ე) უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც მიემგზავრებიან მესამე ქვეყანაში განლაგებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში მუშაობის მიზნით და ტრანზიტით კვეთენ საქართველოს ტერიტორიას;
ვ) სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც საქართველო არ სცნობს სამსახურებრივი პასპორტის მფლობელი პირის ოფიციალურ სტატუსს, ან იგი მგზავრობს არასამსახურებრივი მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მასზე შეიძლება გაიცეს ჩვეულებრივი ვიზა.
მუხლი 5. ჩვეულებრივი ვიზა
ჩვეულებრივი ვიზა გაიცემა იმ უცხოელებზე, რომლებიც არ არიან მითითებული ამ დებულების მე-3 და მე-4 მუხლებში.
მუხლი 6. შემოსვლის ვიზა
1. შემოსვლის ვიზა გაიცემა:
ა) უცხოელებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც მოემგზავრებიან 3 თვეზე მეტი ვადით საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნის მისიაში, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, საკონსულო დაწესებულებაში, საქართველოს ტერიტორიაზე გან-ლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათთან გათანაბრებულ ორგანიზაციებში მუშაობის მიზნით:
ბ) უცხოელებზე, რომლებსაც საქართველოს სათანადო უწყების გადაწყვეტილების საფუძველზე მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი;
გ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან მუდმივ საცხოვრებლად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, შემოსვლის ვიზის გაცემის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციის ან მასთან გათანაბრებული ორგანიზაციის ან უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყების მომართვა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში ვიზაში მითითებული ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დღიდან, ხოლო ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვიზის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.
მუხლი 7. შემოსვლა-გასვლის ვიზა
შემოსვლა-გასვლის ვიზა გაიცემა:
ა) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან 1 წლამდე ვადით;
ბ) უცხოელებზე, რომელებიც გათავისუფლდნენ წინასწარი დაკავების ადგილიდან ან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ან მათ მიმართ გაუქმდა აღმკვეთი ღონისძიება და არ ბრუნდებიან სამშობლოში, იმის გამო, რომ მათი ოჯახის წევრები არიან საქართველოს მოქალაქეები ან მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში.
მუხლი 8. გასვლის ვიზა
გასვლის ვიზა გაიცემა:
ა) დებულების მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ უცხოელებზე და მათი ოჯახის წევრებზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემთხვევაში;
ბ) უცხოელებზე, როდესაც მათ ავადმყოფობის, გადაულახავი წინააღმდეგობების ან სხვა საპატიო მიზეზით გადაუცდათ ვიზაში მითითებული ყოფნის ან მოქმედების ვადა;
გ) უცხოელებზე, რომელებიც გათავისუფლდნენ წინასწარი დაკავების ადგილიდან ან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ან მათ მიმართ გაუქმდა აღმკვეთი ღონისძიება და ბრუნდებიან სამშობლოში;
დ) უცხოელებზე, როდესაც ახალი სამგზავრო დოკუმენტის მიღების მიზეზით გადაუცდათ ვიზაში მითითებული ყოფნის ან მოქმედების ვადა;
ე) საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე, რომლებსაც მიღებული აქვთ სამგზვრო დოკუმენტები და ტოვებენ საქართველოს, თუ მათ არ გააჩნიათ ჟენევის 1951 წლის 28 ივლისის კონვენციით გათვალისწინებული სამგზავრო დოკუმენტი;
ვ) არასრულწლოვან უცხოელებზე;
ზ) უცხოელებზე, რომელებსაც უარი ეთქვა ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე;
თ) მოქმედი ვიზის გაუქმების შემთხვევაში.
მუხლი 9. სატრანზიტო ვიზა
1. სატრანზიტო ვიზა გაიცემა უცხოელებზე მესამე ქვეყანაში შესასვლელად საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო გავლის მიზნით, თუ უცხოელს გააჩნია დანიშნულების ქვეყანაში შესვლის უფლება ან/და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ბილეთი ან/და ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხოელის მესამე ქვეყანაში გასვლას.
2. სატრანზიტო ვიზის ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს.
მუხლი 10. ერთჯერადი ვიზა
ერთჯერადი ვიზა უცხოელს საქართველოში ერთხელ შემოსვლის და ერთხელ გასვლის უფლებას აძლევს.
მუხლი 11. ორჯერადი ვიზა
ორჯერადი ვიზა უცხოელს საქართველოში ორჯერ შემოსვლისა და ორჯერ გასვლის უფლებას აძლევს.
მუხლი 12. მრავალჯერადი ვიზა
მრავალჯერადი ვიზა უცხოელს საქართველოში მრავალჯერ შემოსვლისა და გასვლის უფლებას აძლევს.
თავი III. სავიზო ანკეტა და ეტიკეტი
მუხლი 13. სავიზო ანკეტა
1. სავიზო ანკეტა მკაფიოდ უნდა ასახავდეს:
ა) განმცხადებლის სახელსა და გვარს;
ბ) განმცხადებლის სხვა გვარებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) განმცხადებლის სქესს;
დ) განმცხადებლის დაბადების ადგილს, დღეს, თვეს და წელს;
ე) განმცხადებლის მოქალაქეობას;
ვ) განმცხადებლის პასპორტის ნომერს;
ზ) განმცხადებლის პასპორტის ტიპს;
თ) განმცხადებლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართს;
ი) განმცხადებლის სამუშაო ადგილს, თანამდებობას;
კ) განმცხადებლის მეუღლეს და არასრულწლოვან შვილებს (ასეთების არსებობის შემთხვევაში);
ლ) განმცხადებლის საქართველოში მომწვევი ორგანიზაციის ან კერძო პირის სახელს, გვარს, მისმართს და ტელეფონის ნომერს;
მ) განმცხადებლის საქართველოში ყოფნის პერიოდს;
ნ) განმცხადებლის ნასამართლეობის შესახებ მონაცემებს;
ო) განმცხადებლის საქართველოში მგზავრობის მიზანს;
პ) განმცხადებლის პასპორტის მოქმედების ვადას;
ჟ) განმცხადებლის საქართველოში ყოფნის სავარაუდო ვადას;
რ) განმცხადებლის საქართველოში შესვლის თარიღს;
ს) განმცხადებლის საქართველოდან გასვლის თარიღს;
ტ) განმცხადებლის საქართველოში შემსვლისა და საქართველოდან გასვლის ოდენობას;
უ) განმცხადებლის მიერ სავიზო ანკეტაში მითითებულ მონაცემთა სისწორე დასტურდება მისი ხელმოწერით;
ფ) სავიზო ანკეტის შევსების თარიღს.
2. სავიზო ანკეტა ივსება განმცხადებლის მიერ, ხოლო თუ განმცხადებელს არ შეუძლია გამოცხადდეს ვიზის გამცემ ორგანოში, მაშინ სავიზო ანკეტა ივსება განმცხადებლის წარმომადგენლის მიერ, რის შესახებ სავიზო ანკეტაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა ამ პირის ვინაობის შესახებ, საპასპორტო მონაცემების მითითებით.
3. თუ განმცხადებლი ყრუ-მუნჯია ან ყრუა ან ბრმაა ან წერა-კითხვის უცოდინარია, ან ფიზიკური მდგომარეობის გამო არ შეუძლია სავიზო ანკეტის შევსება, მაშინ სავიზო ანკეტა ივსება განმცხადებლის მიერ მითითებული პირის მიერ, რის შესახებ სავიზო ანკეტაში კეთდება შესაბამის აღნიშვნა ამ პირის ვინაობის შესახებ, საპასპორტო მონაცემების მითითებით.
4. სავიზო ანკეტა ივსება ქართულ ან ინგლისურ ენებზე, ხოლო საზღვარგარეთ _ შესაძლებელია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ენაზე.
5. სავიზო ანკეტის ფორმა დგინდება და მზადდება საგარეო საქმეთა სამინისტროს დაკვეთით.
მუხლი 14. სავიზო ეტიკეტი
1. სავიზო ეტიკეტი არის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი, რომელის დამზადების, მიღება-აღრიცხვისა და შენახვის წესი დგინდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
2. სავიზო ეტიკეტზე კეთდება წარწერა ქართულ ენაზე _ ,,საქართველო“ და ,,ვიზა“, ხოლო ინგლისურ ენაზე _ ,,GEORGIA“ და ,,VISA“, ასევე მიეთითება ვიზის ნომერი.
3. სავიზო ეტიკეტი ივსება შესაბამისად ქართულ და ინგლისურ ენებზე და მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:
ა) პასპორტის ნომერი _ მიეთითება განმცხადებლის პასპორტის ნომერი;
ბ) ვიზის ტიპი _ მიეთითება ვიზის ტიპი (შემოსვლის _ E, შემოსვლა-გასვლის _ E-EX, გასვლის _ EX, სატრანზიტო _ TR) და ვიზის სახე (ერთჯერადი _ ONE, ორჯერადი _ TWO, მრავალჯერადი _ MULT);
გ) კატეგორია _ მიეთითება ვიზის კატეგორია (დიპლომატიური _ DIP, სამსახურებრივი _ SRV, ჩვეულებრივი _ ORD);
დ) გაცემის თარიღი _ მიეთითება ვიზის გაცემის თარიღი;
ე) მოქმედების ვადა _ მიეთითება ვიზის მოქმედების ვადის დასასრული;
ვ) ყოფნის ვადა _ ვიზის მფლობელის, ასევე ვიზაში ჩაწერილი თანმხლები პირების საქართველოში ყოფნის ვადა;
ზ) მგზავრობის მიზანი _ ვიზის მფლობელის საქართველოში მგზავრობის მიზანი (ოფიციალური _ OFFICIAL, კერძო _ PRIVATE, საქმიანი _ BUSINESS, ტურიზმი _ TOURISM, სასწავლო _ STUDY, სამუშაო _ WORK, მკურნალობა _ TREATMENT, სასწრაფო შესვლა _ URGENT ENTRY და აშ.);
თ) მოსაკრებელი _ ვიზის მფლობელის მიერ გადახდილი საკონსულო მოსაკრებელი (თუ ვიზის მფლობელის თანმხლები პირები არიან სრულწლოვანები, მაშინ ვიზაში იწერება ერთიანი თანხა);
ი) ხელმოწერა _ ვიზის გამცემი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
კ) აღნიშვნები _ ვიზის გამცემი უფლებამოსილი პირის მიერ მითითებული ინფორმაცია, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (მაგ.:სავიზო ეტიკეტის შევსებისას დაშვებული შეცდომის გასწორება შევსებული ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე, დამატებით დამოწმებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და სავიზო ბეჭდით ან ინფორმაცია ვიზის მფლობელის თანმხლები პირების ვიზიდან ამოწერის შესახებ, მოქმედი ვიზის აღდგენის ან გადატანის შემთხვევაში და ა.შ).
4. სავიზო ეტიკეტი მოწმდება სავიზო ბეჭდით, ისე, რომ ბეჭდის ნაწილი დასმულ იქნეს მფლობელის პასპორტის გვერდზე.
5. სავიზო ეტიკეტის ნიმუში დგინდება და მზადდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაკვეთით.
თავი IV. ვიზის გაცემა, გაგრძელება, გადატანა და გაუქმება
მუხლი 15. ვიზის გაცემის პირობები
1. ვიზა გაიცემა განმცხადებლის მიერ უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილი სავიზო ანკეტისა და მოქმედი სამგზავრო დოკუმენტის მიხედვით.
2. საჭიროების შემთხვევაში, გარდა სხვადასხვა კატეგორიების, სახეებისა და ტიპების ვიზების გაცემისათვის საჭირო დოკუმენტებისა, ვიზის გამცემი ორგანოს მიერ შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ უცხოელის:
ა) მგზავრობის მიზანსა და სავარაუდო პირობებს;
ბ) მგზავრობისათვის საკმარისი სახსრების არსებობას მგზავრობისათვის სასურველი ვადის განმავლობაში;
დ) საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტად გავლის შემთხვევაში, _ დანიშნულების ქვეყანაში შესვლის გარანტიებს;
ე) საქართველოში შრომითი საქმიანობის ნებართვას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში;
ვ) ნებართვას, საქართველოში იმიგრაციასთან დაკავშირებით;
ზ) ცნობას, რომ უცხოელი არ არის ინფიცირებული შიდსის ვირუსით.
3. აუცილებლობის შემთხვევაში, ვიზის მიღების მსურველი პირი შესაძლოა მოწვეულ იქნეს გასაუბრებისათვის უფლებამოსილ ორგანოში, რათა შემოწმებულ იქნეს:
ა) განმცხადებლის ვინაობა;
ბ) სავიზო ანკეტასა და წარმოდგენილ დოკუმენტებში აღნიშნული მონაცემების ნამდვილობა;
გ) ფინანსური სახსრების ლეგალურობა;
დ) მგზავრობის მიზანი, მარშრუტი და ხანგრძლივობა;
ე) სამშობლოში დაბრუნების გარანტიები.
მუხლი 16. ვიზის გაცემა საკრუიზო გემების მგზავრებზე
საკრუიზო გემის მგზავრებზე, რომლებიც აპირებენ საქართველში დარჩენას კანონმდებლობით მათთვის დადგენილ უვიზოდ მიმოსვლის ვადაზე მეტი პერიოდით, ვიზა გაიცემა საქართველოში შემოსვლისას საკონსულო-სავიზო პუნქტში ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში.
მუხლი 17. ვიზის გაცემა სააკრედიტაციო ბარათის არსებობისას
პირზე, რომლმაც ჩააბარა სააკრედიტაციო ბარათი, გასვლის ვიზა გაიცემა საკონსულო დეპარტამენტში, საგარეო საქმეთა სამინიტროს შესაბამისი ქვედანაყოფის მიმართვის საფუძველზე, ხოლო თუ პირი არ ბრუნდება სამშობლოში, მაშინ შესვლა-გასვლის ვიზა გაიცემა საკონსულო დეპარტამენტში, საგარეო საქმეთა სამინიტროს შესაბამისი ქვედანაყოფის მიმართვისა და პირის განცხადების საფუძველზე.
მუხლი 18. ვიზის გაცემა ბინადრობის მოწმობის არსებობისას
პირზე, რომელმაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჩააბარა საქართველოში ბინადრობის მოწმობა ან მას დადგენილი წესით ჩამოერთვა საქართველოში ბინადრობის მოწმობა ან საქართველოს ბინადრობის მოწმობას გაუვიდა მოქმედების ვადა, გასვლის ვიზა გაიცემა საკონსულო დეპარტამენტში, ხოლო თუ პირი არ ბრუნდება სამშობლოში, იმის გამო, რომ მისი ოჯახის წევრები არიან საქართველოს მოქალაქეები ან მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში, მაშინ შესვლა-გასვლის ვიზა გაიცემა საკონსულო დეპარტამენტში.
მუხლი 19. თანმხლები პირების ვიზაში შეტანა და ამოწერა
1. ვიზის გამცემი ორგანოს მიერ ყველა კატეგორიის, ტიპისა და სახის ვიზაში შეიტანება ვიზის მფლობელის თანმხლები პირები, რომლებიც მითითებულნი არიან მის სამგზავრო დოკუმენტში.
2. თუ ვიზის მფლობელის თანმხლები პირი არ იქნება შეტანილი პირველად ვიზაში, მაშინ ვიზის მფლობელის სამგზავრო დოკუმენტში დამატებით ფორმდება ვიზა მის თანმხლებ პირზე.
3. ვიზის მფლობელის თანმხლებ პირის ვიზა ფორმდება ვიზის მფლობელის სამგზავრო დოკუმენტში ან ვიზის მფლობელის თანმხლები პირის სამგზავრო დოკუმენტში ან ორივეში ერთად.
4. თუ თანმხლები პირი მითეთებულია ერთი ან მეტი ვიზის მფლობელის სამგზავრო დოკუმენტში, მაშინ თანმხლები პირი შესაძლებელია მოთხოვნის საფუძველზე შეტანილ იქნეს თითოეული მათგანის ვიზაში.
5. სააკრედაციო ბარათის მფლობელს თანმხლებ პირზე შესაძლებელია ვიზის გაფორმება სააკრედაციო ბარათის მფლობელის სამგზავრო დოკუმენტში, სადაც მითითებულია თანმხლები პირი.
6. თუ ვიზის მფლობელის თანმხლებ პირზე გაიცა სამგზავრო დოკუმენტი, მაშინ ვიზის გამცემი ორგანოს მიერ შესაძლებელია განხორციელდეს დამატებით ვიზის გაფორმება თანმხლები პირის სამგზავრო დოკუმენტში, ვიზის მფლობელის განცხადების საფუძველზე.
7. თუ ვიზის მფლობელის თანმხლებმა პირმა საქართველოს ტერიტორიაზე მიაღწია სრუწლოვანების ასაკს და მასზე გაიცა სამგზავრო დოკუმენტი, მაშინ უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს თანმხლები პირის ამოწერას ვიზიდან და დამატებით ვიზას აფორ-მებს თანმხლები პირის სამგზავრო დოკუმენტში, ვიზის მფლობელის განცხადების საფუძველზე.
მუხლი 20. ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება
1. საკონსულო დეპარტამენტის მიერ შესაძლებელია განხორციელდეს ყველა კატეგორიის, ტიპისა და სახის ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ვიზის მფლობელის განცხადების საფუძველზე.
2. სატრანზიტო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება ან სხვა სახის ვიზის მიღება ხორციელდება ,,საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე.
მუხლი 21. მოქმედი ვიზის გადატანა
მოქმედი ვიზის გადატანა ხორციელდება, თუ ვიზის მფლობელზე გაიცა ახალი სამგზავრო დოკუმენტი, ან თუ ვიზის მფლობელს გააჩნია რამდენიმე სამგზავრო დოკუმენტი.
მუხლი 22. მოქმედი ვიზის აღდგენა
მოქმედი ვიზის აღდგენა ხორციელდება, თუ ვიზის მფლობელმა დაკარგა სამგზავრო დოკუმენტი, რომელშიც გაფორმებული იყო ვიზა და წარმოადგინა ახალი სამგზავრო დოკუმენტი.
მუხლი 23. მოქმედი ვიზის გაუქმება
მოქმედი ვიზის გაუქმება ხორციელდება:
ა) ვიზის მფლობელის განცხადების საფუძველზე;
ბ) შუამდგომელი პირის განცხადების საფუძველზე;
გ) მოქმედი ვიზის გადატანისას;
დ) თუ უცხოელი გაძევებულ იქნა საქართველოდან.
მუხლი 24. ვიზის გაცემაზე უარის საფუძვლები
1. ვიზის გაცემაზე უარის საფუძვლები:
ა) განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადა 3 თვეზე ნაკლებია;
ბ) განმცხადებელმა საქართველოში ყოფნისას ჩაიდინა დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ან დაარღვია საქართველოში უცხოელთა ყოფნის წესები;
გ) განმცხადებელი ბოლო 1 წლის განმავლობაში იქნა გაძევებული ან ბოლო 3 წლის განმავლობაში დაექვემდებარა კონტროლირებად გაძევებას საქართველოს ტერიტორიიდან;
დ) განმცხადებელმა საქართველოში შემოსასვლელი ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების (ყოფნის) ვადის გასაგრძელებლად წინასწარი შეცნობით წარმოადგინა არასრული ან ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები;
ე) განმცხადებელს არ გააჩნია ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევებისაგან დაზღვევა, ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმაო ფინანსური სახსრები;
ვ) განმცხადებლის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს საზოგადოებრივ წესრიგსა და უშიშროებას, საქართველოში მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას;
ზ) განმცხადებლის საქართველოში ყოფნა გამოიწვევს საქართველოსა და სხვა სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დაძაბვას;
თ) არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ განმცხადებელი საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ დარჩება;
ი) ამ დებულების მე-7 მუხლში აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, უცხოელმა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განმცხადებელმა არ მიიღო საქართველოში ყოფნის ან ცხოვრებისათვის აუცილებელი პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი (სააკრედიტაციო ბარათი, ბინადრობის მოწმობა, ლტოლვილის მოწმობა).
კ) განმცხადებლის მიერ გამოიხატა აშკარა უპატივცემულობა საქართველოს სახელმწიფოსა ან/და საქართველოს მოქალაქეების მიმართ;
ლ) განმცხადებლის მიერ სავიზო ანკეტის არასათანადოდ შევსებისას ან საკონსულო მოსაკრებლის გადახდაზე უარის თქმის, ან ამ დებულებით გათვალისწინებული დოკუმენტების არწარმოდგენის შემთხვევაში;
მ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის დარღვევა;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს უარი განუცხადოს განმცხადებელს ვიზის გაცემაზე, ამასთან, იგი არ არის ვალდებული განუმარტოს განმცხადებელს უარის თქმის მიზეზები.
თავი V. უფლებამოსილი ორგანო
მუხლი 25. დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები
1. საზღვარგარეთ ვიზების გაცემა ხორციელდება დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა ან საკონსულო დაწესებულებებში.
2. დიპლომატიური წარმომადგენლობები ან საკონსულო დაწესებულებები ახორციელებენ დიპლომატიური, სამსახურებრივი და ჩვეულებრივი ვიზების, შემოსვლის, შემოსვლა-გასვლის და სატრანზიტო ვიზების, ერთჯერადი, ორჯერადი და მრავალჯერადი ვიზების გაცემას, აღდგენას, გადატანასა და გაუქმებას.
3. დიპლომატიური წარმომადგენლობების ან საკონსულო დაწესებულებების მიერ დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების გაცემა წინასწარ თანხმდება საკონსულო დეპარტამენტთან.
4. დიპლომატიური წარმომადგენლობების ან საკონსულო დაწესებულებების მიერ მრავალჯერადი ვიზის გაცემის თაობაზე ინფორმაცია წინასწარ თანხმდება საკონსულო დეპარტამენტთან.
5. ეროვნული უსაფრთხოების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ განსაზღვრული კატეგორიის მოქალქეებზე, საქართველოს ვიზის გაცემის საკითხი წინასწარ თანხმდება საკონსულო დეპარტამენტთან.
მუხლი 26. საკონსულო-სავიზო პუნქტები
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზების გაცემა ხორციელდება სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში განლაგებულ საკონსულო-სავიზო პუნქტებში.
2. საკონსულო-სავიზო პუნქტები ახორციელებენ შემოსვლის, შემოსვლა-გასვლის ერთჯერადი ვიზების და სატრანზიტო ვიზების გაცემას, ხოლო საკონსულო დეპარტამენტის დავალებით, ორჯერადი ვიზების გაცემას.
3. ეროვნული უსაფრთხოების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ განსაზღვრული კატეგორიის მოქალქეებზე, საქართველოს ვიზის გაცემის საკითხი წინასწარ თანხმდება საკონსულო დეპარტამენტთან.
მუხლი 27. საკონსულო დეპარტამენტი
1. საქართველოს ტერიტორიაზე ვიზების გაცემა ხორციელდება საკონსულო დეპარტამენტის მიერ.
2. საკონსულო დეპრტამენტი:
ა) ახორციელებს სავიზო საქმიანობის ხელმძღვანელობას;
ბ) ახორციელებს ვიზების გაცემაზე დადგენილი წესის კონტროლს;
გ) იღებს მონაწილეობას სავიზო ეტიკეტების, ანკეტებისა და სხვა სავიზო დოკუმენტაციის ფორმების შეიმუშავებაში;
დ) საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, თანამშრომლობს საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებთან;
ე) დადგენილი წესით, უშუალოდ ხელმძღვანელობს და ახორციელებს კონტროლს საკონსულო-სავიზო პუნქტების საქმიანობაზე;
ვ) ახორცილებს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ჩვეულებრივი ვიზების, შემოსვლა-გასვლის, გასვლის და სატრანზიტო ვიზების ერთჯერადი, ორჯერადი და მრავალჯერადი ვიზის გაცემას;
ზ) ახორციელებს ყველა კატეგორიის, სახისა და ტიპის მოქმედი ვიზის აღდგენას, გადატანასა და გაუქმებას;
თ) შესაბამისი მომართვის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას დიპლომატიური, სამსახურებრივი და მრავალჯერადი ვიზის გაცემის თაობაზე;
ი) ახორციელებს დებულების 25-ე მუხლის მე-5 პუნქტში და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული კატეგორიის მოქალქეების შესახებ ინფორმაციის ვიზის გამცემი სხვა ორგანოებისათვის წინასწარ მიწოდებას.
თავი VI. დასკვნითი დებულებები
მუხლი 28. ვიზების გაცემის წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
ამ დებულებაში ცვლილების ან დამატების შეტანა ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები