ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 02/02/2024
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016324
27
02/02/2024
ვებგვერდი, 06/02/2024
310050000.54.066.016324
ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №27

2024 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის, 91 მუხლის და 212 მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესი“.

 

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 31 მაისის №111 ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი



ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესი

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

 

ეს წესი ადგენს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის და ინსტრუქტორის მომზადების პროგრამებს, მათი ცოდნის შეფასების პირობებს, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის და ზსხ-ის პილოტისთვის კვალიფიკაციის მინიჭების, კვალიფიკაციის მოქმედების ვადის გაგრძელების და ვადის განახლების მოთხოვნებს და ასევე, განსაზღვრავს მოწმობასთან დაკავშირებული უფლებამოსილების გამოყენების პირობებს.

 


მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები

 

1. ამ წესში მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

ა) ზსხ-ის საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობა (შემდგომში – საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობა) – ზსხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის განხორციელების უფლებამოსილების მქონე მოწმობის მფლობელი პირები;

ბ) ვადის გაგრძელება – კვალიფიკაციის მოქმედების ვადის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, რომელიც მოწმობის მფლობელს საშუალებას აძლევს, დადგენილი მოთხოვნების შესრულებით გააგრძელოს კვალიფიკაციით მინიჭებული უფლებების გამოყენება შემდგომი განსაზღვრული პერიოდით;

გ) ვადის განახლება – კვალიფიკაციის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, რომელიც დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემდეგ, აახლებს შესაბამისი კვალიფიკაციით მინიჭებულ უფლებებს შემდგომი განსაზღვრული პერიოდით;

დ) ზსხ-ის მეთაური – საჰაერო ხომალდის ფრენისას, მის მართვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პილოტი;

ე) ინსტრუქტორთან ერთად ფრენა – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პილოტის (ინსტრუქტორობის კანდიდატი, ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორი) მიერ პილოტ-კურსანტის ან მოწმობის მფლობელი პირისთვის ჩატარებული საფრენოსნო მომზადება;

ვ) კვალიფიკაცია – სერტიფიკატში აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც ადგენს აღნიშნული სერტიფიკატისთვის სპეციალურ პირობებს, უფლებებს ან შეზღუდვებს;

ზ) მგზავრი – პირი, რომელიც იმყოფება ზსხ-ის ბორტზე ზსხ-ის მეთაურის თანხმობით, გარდა საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობისა;

თ) მოწმობა – საჰაერო ხომალდის ბორტზე განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) საფრენოსნო დრო – საერთო დრო, აფრენის მიზნით ზსხ-ის მიერ მოძრაობის დაწყებიდან (შვეულმფრენისთვის: მზიდი ხრახნის ბრუნვის დაწყებიდან) ფრენის დასრულებისას მის სრულ გაჩერებამდე (შვეულმფრენისთვის: შვეულმფრენის სრულ გაჩერებამდე და მზიდი ხრახნის ბრუნვის შეჩერებამდე);

კ) სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც მოწმობის მფლობელს განსაზღვრული ვადით ანიჭებს უფლებას ზსხ-ის ბორტზე შეასრულოს ამ დოკუმენტით მინიჭებული ფუნქციები;

ლ) შეთანხმებული სწავლება – სააგენტოს მიერ დადგენილი პროგრამის შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული სწავლება, რომელიც ტარდება სააგენტოსთან შეთანხმებული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირების მიერ;

მ) უფლებამოსილი გამომცდელი – სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს ამ წესით გათვალისწინებულ შესაბამის თეორიულ და საფრენოსნო შემოწმებებს;

ნ) უფლებამოსილი ინსტრუქტორი – ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორი, რომელიც ფლობს ამ წესით განსაზღვრულ შესაბამის კვალიფიკაციას სწავლების ჩატარების ან შემოწმების განხორციელების მიზნით;

ო) პილოტ-კურსანტი – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ინსტრუქტორის მიერ საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობაში დაშვებული პირი, რომელიც გადის საფრენოსნო მომზადებას (ინსტრუქტორთან ერთად ან დამოუკიდებლად ფრენის შესრულებისას).

2. ამ წესში მოცემულ განმარტებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

ა) ზსხ – ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი;

ბ) სთ – საათი;

გ) სდ – სასწავლო დაწესებულება.


თავი II
ზოგადი მოთხოვნები

მუხლი 3. ზსხ-ის საფრენოსნო ეკიპაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა

 

1. პირი უფლებამოსილია დაიწყოს საფრენოსნო მომზადება ზსხ-ის პილოტის მოწმობის მიღების მიზნით, თუ ფლობს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა).

2. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა) გაცემული უნდა იყოს ნევროლოგიური, ოფთალმოლოგიური, ოტორინოლარინგოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის, ენდოკრინოლოგიური (შაქრიანი დიაბეტი – ჰიპოგლიკემიის რისკი) და მამოძრავებელი სისტემების კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, რომელიც ასევე უნდა მოიცავდეს ფსიქოემოციურ მდგომარეობას და ანამნეზში ინფექციურ დაავადებებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული კვლევებით არ უნდა დგინდებოდეს მწვავე და ქრონიკული დეკომპენსირებული დაავადებები.

4. იმ შემთხვევაში, თუ პირი, მოწმობის მოქმედების პერიოდში, ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებიდან გამომდინარე ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის პირობას, დაუშვებელია მის მიერ საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის რანგში ზსხ-ის ბორტზე მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების გამოყენება.

5. საფრენოსნო მომზადების დაწყების მიზნით, პირს შეუძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) ნაცვლად ფლობდეს I ან II კლასის მოქმედ სამედიცინო სერტიფიკატს.

შენიშვნა: I და II კლასის სამედიცინო სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს ჩიკაგოს კონვენციის 1-ლი დანართის ან 2011 წლის 3 ნოემბრის ევროკავშირის რეგულაციის No 1178/2011 (Commission Regulation (EU) No 1178/2011) ANNEX IV (PART-MED)-ის პირობების ან სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად.


მუხლი 4. მოწმობის გაცემის მიზნით საფრენოსნო შემოწმებაზე დაშვების პირობები
1. პირი არ დაიშვება საფრენოსნო შემოწმებაზე, ვიდრე არ ჩააბარებს საერთო თეორიული საგნების გამოცდას და სპეციფიკურ სახმელეთო შემოწმებას (დანართი №2). საფრენოსნო შემოწმებაზე პირი უნდა წარადგინოს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორმა ან ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის სერტიფიცირებულმა სდ-მ, რომელიც ადასტურებს, რომ პირს გააჩნია მოწმობის მიღებისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და საფრენოსნო გამოცდილება.

2. მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ პირი აკმაყოფილებს მის მისაღებად ამ წესით დადგენილ ყველა პირობას.


მუხლი 5. მოწმობის მოქმედების ვადის შეჩერება, აღდგენა და გაუქმება

 

1. სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება მოწმობის შეჩერებასთან და გაუქმებასთან ან შესაბამისი უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი მოწმობის შეჩერების საფუძველი ან პირი ვეღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. მოწმობის გაუქმების შემთხვევაში პირმა გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში დოკუმენტი უნდა დაუბრუნოს სააგენტოს.

3. მოწმობის ან შესაბამისი უფლებამოსილების  მოქმედების ვადა შესაძლებელია შეჩერდეს იმ დრომდე, ვიდრე არ გამოსწორდება შეჩერების საფუძველი, მაგრამ შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს – 90 დღით.

4. მოწმობის ან შესაბამისი უფლებამოსილების მოქმედება აღდგება იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადის გასვლამდე გამოსწორდება შეჩერების საფუძველი.


მუხლი 6. სპეციალური უფლებამოსილებები
ზსხ-ის პილოტი უფლებამოსილია მოწმობაში მიიღოს შემდეგი სპეციალური უფლებამოსილებები:

ა) რადიოსატელეფონო კავშირით სარგებლობის უფლებამოსილება – ზსხ-ის პილოტის მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს რადიოსატელეფონო კავშირი ინგლისურ ენაზე ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორთან სპეციფიკური სახმელეთო და  საფრენოსნო შემოწმების გავლის შემდეგ, რომელიც დასტურდება ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ შესაბამისი დოკუმენტების გაცემით;

ბ) პლანერის ბუქსირების უფლებამოსილება – პლანერის ბუქსირების უფლებამოსილების მისაღებად ზსხ-ის პილოტს გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი სწავლება, რომლის გავლა დასტურდება ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ შესაბამისი დოკუმენტის გაცემით;

გ) მგზავრთან ერთად ფრენის უფლებამოსილება – მგზავრთან ერთად ფრენის უფლებამოსილების მისაღებად ზსხ-ის პილოტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 15 სთ ან მეტი დამოუკიდებლად ფრენის გამოცდილება, რომელიც საკმარისია მგზავრთან ერთად ფრენის უსაფრთხოდ განხორციელებისთვის. მგზავრთან ერთად ფრენის უფლებამოსილება გაიცემა ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორთან სპეციფიკური სახმელეთო და  საფრენოსნო შემოწმების გავლის შემდეგ, რომელიც დასტურდება ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ შესაბამისი დოკუმენტების გაცემის საფუძველზე.


მუხლი 7. რადიოსატელეფონო კავშირი

 

1. ინგლისურ ენაზე რადიოსატელეფონო კავშირის უფლებამოსილების მისაღებად პირმა ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორთან უნდა გაიაროს სპეციფიკური სახმელეთო და  საფრენოსნო შემოწმება. რადიოსატელეფონო კავშირის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული სწავლება ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №595 დადგენილებით დამტკიცებული „საავიაციო რადიოკავშირისა და ფრაზეოლოგიის გამოყენების წესის“ და ამ წესის დანართი №3-ის შესაბამისად შემუშავებული პროგრამის მიხედვით, შესაბამისი კლასის ზსხ-ის გათვალისწინებით.

2. შემოწმებისას, ზსხ-ის პილოტმა ფრენის დაგეგმვისა და მისი შესრულების განმავლობაში რადიოსატელეფონო კავშირის გამოყენებით უნდა განახორციელოს კომუნიკაცია.

3. ინგლისურ ენაზე რადიოსატელეფონო კავშირის უფლებამოსილება გაიცემა ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ, ხოლო მოწმობაში შესაბამისი აღნიშვნა შეაქვს სააგენტოს.


მუხლი 8. უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტის აღიარება

 

1. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების ან შესაბამისი უწყების მიერ გაცემული მოწმობით სააგენტოს მიერ აღრიცხულ ზსხ-ზე მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების გამოყენება შესაძლებელია სააგენტოს მიერ აღნიშნული მოწმობის და მასში განსაზღვრული უფლებამოსილების აღიარების შემდგომ.

2. უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული ზსხ-ის მოწმობის აღიარება ხორციელდება, შემდეგ შემთხვევაში:

ა) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე;

ბ) მოწმობის გამცემი სახელმწიფოს უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლება ან შესაბამისი უწყება ადმინისტრაციული წარმოების ვადაში დაადასტურებს წარმოდგენილი მოქმედი მოწმობის და მასში არსებული მონაცემების ნამდვილობას; და

გ) მოწმობის მფლობელი პირის მიერ სააგენტოში თეორიული გამოცდის გავლისას, რომელიც  შესაძლებელია ჩატარდეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

3. მოწმობის მფლობელი პილოტი უფლებამოსილია აღიარების თარიღიდან არაუმეტეს 24 თვის განმავლობაში განახორციელოს მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებები, რომლის ვადაც იზღუდება მოწმობის გამცემი სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობის (კვალიფიკაციის) მოქმედების ვადით ან ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან შესაბამისი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადით, რომელიც უფრო ნაკლებია.

4. აღიარებას ექვემდებარება უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობით მინიჭებული მხოლოდ ის უფლებამოსილებები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ წესით.


მუხლი 9. პილოტის საფრენოსნო წიგნაკი და საფრენოსნო დროის დათვლა

 

1. ზსხ-ის პილოტის მოწმობის მფლობელმა პირადად უნდა აწარმოოს საფრენოსნო დროის აღრიცხვა პილოტის საფრენოსნო წიგნაკში, სადაც მითითებული უნდა იყოს, სულ მცირე, ზსხ-ის აღრიცხვის ნიშანი, ფრენის სახეობა (სასწავლო, შემოწმება და სხვა), ფრენის თარიღი, გაფრენისა და მოფრენის დრო, აეროდრომი/ადგილი.

2. ზსხ-ის პილოტი უფლებამოსილია სრულად ჩაითვალოს საფრენოსნო დრო, რომელიც იფრინა ზსხ-ის მეთაურის რანგში. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორთან ერთად ნაფრენი დრო ჩაითვლება სრულად.

 


თავი III
თეორიული გამოცდები და შეფასებები

მუხლი 10. საერთო თეორიული გამოცდა და თეორიული ცოდნის შეფასება

 

1. საერთო თეორიული ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატის მისაღებად პილოტის მოწმობის მიღების/აღიარების მსურველმა პირმა სააგენტოში უნდა ჩააბაროს  თეორიული გამოცდა, რომელიც ეფუძნება ამ წესის დანართ №1-ში განსაზღვრულ პროგრამას. გამოცდა:

ა) არის 90 წუთის ხანგრძლივობის;

ბ) შედგება 60 ღია ტიპის კითხვისგან, კითხვებზე პასუხის რამდენიმე ვარიანტის ფორმატით (MCQ).

2. გამოცდის ჩასაბარებლად ამ მუხლის 1-ელ პუნქტში აღნიშნულმა პირმა სწორად უნდა უპასუხოს კითხვების არანაკლებ 75%-ს. გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში სააგენტოს მიერ გაიცემა ზსხ-ის პილოტის საერთო თეორიული ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

3. საერთო თეორიული ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი მოქმედია გაცემის თარიღიდან 24 თვის განმავლობაში.

4. ზსხ-ის პილოტის საერთო თეორიული ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატის ეკვივალენტური დოკუმენტის მფლობელად მიიჩნევა პირი, იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) ფლობს თვითმფრინავის ან შვეულმფრენის პილოტის მოქმედ მოწმობას, რომელიც გაცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის რეგულაციის „Commission Regulation (EU) No 1178/2011“ I დანართის (ANNEX I (PART-FCL)) შესაბამისად;

ბ) ფლობს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ შესაბამისად გაცემულ თვითმფრინავის ან შვეულმფრენის მოქმედ მოწმობას;

გ) ფლობს არაუმეტეს 24 თვით ადრე გაცემულ თეორიული გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელ სერტიფიკატს, რომელიც მიღებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და/ან „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული მოწმობების მიღების მიზნით.

5. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის თეორიული ცოდნის შეფასებაში დამაკმაყოფილებელი შედეგის მისაღებად პირმა სწორად უნდა უპასუხოს საერთო თეორიული გამოცდის კითხვების არანაკლებ 90%-ს.


მუხლი 11. საერთო თეორიული გამოცდის ჩატარების და გამოცდაზე დაშვების პირობები
1. საერთო თეორიული გამოცდის ჩატარებას, საგამოცდო კითხვების შედგენას და შესაბამისი საგამოცდო პროცედურების დადგენას ახორციელებს სააგენტო.

2. პირს, რომელიც გამოცდის განმავლობაში განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება სააგენტოს მიერ დადგენილ საგამოცდო პროცედურას, ეკრძალება სააგენტოს მიერ მომდევნო დანიშნულ საგამოცდო სესიაზე დასწრება. აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში პირს ეკრძალება მომდევნო ორ დანიშნულ საგამოცდო სესიაზე დასწრება.

 


მუხლი 12. სპეციფიკური სახმელეთო შემოწმება

 

სახმელეთო შემოწმება სპეციფიკურია ზსხ-ის თითოეული კლასისთვის და ითვალისწინებს პირის ცოდნის შემოწმებას შესაბამისი კლასის ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ. ამ წესის დანართი №2-ში განსაზღვრული სპეციფიკური სახმელეთო შემოწმების პროგრამა უნდა შემუშავდეს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ, შესაბამისი კლასის ზსხ-ის გათვალისწინებით.

თავი IV
ზსხ–ის პილოტი

 


მუხლი 13. პილოტ-კურსანტი

 

1. მოწმობის მიღების მიზნით, ზსხ-ის პილოტ-კურსანტმა საფრენოსნო მომზადების განმავლობაში, დამოუკიდებელი ფრენა უნდა განახორციელოს შემდეგი პირობების დაცვით:

ა) ასაკი – არანაკლებ 16 წელი;

ბ) გააჩნია სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ გაცემული საფრენოსნო მომზადების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტი (დეკლარაცია), რომლის ასლი ეგზავნება სააგენტოს, პილოტ-კურსანტის პერსონალურ მონაცემებთან ერთად;

გ) გააჩნია სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა, რომელიც ინსტრუქტორმა უნდა გასცეს ყოველი დამოუკიდებელი ფრენის განხორციელებამდე.

2. დამოუკიდებლად შესრულებული სასწავლო ფრენების დროს, ზსხ-ის პილოტ-კურსანტს ბორტზე მუდმივად უნდა ჰქონდეს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული დოკუმენტი.

 


მუხლი 14. ზსხ-ის პილოტის მოწმობის გაცემის პირობები

 

1. ზსხ-ის პილოტის მოწმობის მისაღებად პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) ასაკი – არანაკლებ 16 წელი;

ბ) გავლილი აქვს საერთო თეორიული ცოდნის დონის სერტიფიკატის მისაღებად სწავლების პროგრამა და ფლობს საერთო თეორიული საგნების გამოცდის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს;

გ) შესაბამისი კლასის ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორთან, მათ შორის, იმ ინსტრუქტორთან, რომელთანაც გაიარა საფრენოსნო მომზადება,  ჩაბარებული აქვს:

გ.ა) სპეციფიკური სახმელეთო შემოწმება ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად;

გ.ბ) საფრენოსნო შემოწმება;

დ) გააჩნია ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ გაცემული სახმელეთო და საფრენოსნო შემოწმებების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ზსხ-ის პილოტის მოწმობა სააგენტოს მიერ გაიცემა უვადოდ.


მუხლი 15. მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილება

 

ზსხ-ის პილოტის მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს ფრენა მგზავრის გარეშე, მხოლოდ იმ კლასის ზსხ-ით, რომლის კვალიფიკაციასაც ფლობს;

ბ) განახორციელოს ფრენა მგზავრთან ერთად, თუ ფლობს აღნიშნულ უფლებამოსილებას შესაბამისი კლასის ზსხ-ისთვის ამ წესის მე-6 მუხლის „გ“  ქვეპუნქტის შესაბამისად;

გ) განახორციელოს პლანერის ბუქსირება, გარდა ზემსუბუქი პლანერისა, იმ შემთხვევაში, თუ ფლობს აღნიშნულ უფლებამოსილებას ამ წესის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

დ) განახორციელოს რადიოსატელეფონო კავშირი ინგლისურ ენაზე, თუ ფლობს აღნიშნულ უფლებამოსილებას ამ წესის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესბამისად.


მუხლი 16. ზსხ-ის კლასის კვალიფიკაცია

 

1. ზსხ-ის პილოტს, კონკრეტულ ზსხ-ზე მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, უნდა გააჩნდეს შესაბამისი კლასის ზსხ-ის კვალიფიკაცია.

2. კლასის კვალიფიკაცია მოითხოვება შემდეგი კლასის ზსხ-ებისთვის:

ა) 1-ლი კლასი – მოტოდელტაპლანი;

ბ) მე-2 კლასი – თვითმფრინავი;

გ) მე-3 კლასი – ავტოჟირი;

დ) მე-4 კლასი – შვეულმფრენი.

 


თავი V
ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორი

 


მუხლი 17. ზსხ–ს პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია
1. ზსხ-ის პილოტის მოწმობის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების ან განახლების მიზნით ფრენის ინსტრუქტაჟის დაწყების გადაწყვეტილების მისაღებად ან ფრენის ინსტრუქტაჟის განსახორციელებლად ზსხ-ის პილოტს უნდა გააჩნდეს ფრენის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია.

2. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორი უფლებამოსილია განახორციელოს სწავლება ზსხ-ის ერთ ან რამდენიმე შემდეგ კლასზე:

ა) 1-ლი კლასი – მოტოდელტაპლანი;

ბ) მე-2 კლასი – თვითმფრინავი;

გ) მე-3 კლასი – ავტოჟირი;

დ) მე-4 კლასი – შვეულმფრენი.

 


მუხლი 18. საწყისი სწავლება და პედაგოგიური მომზადება
ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მისაღებად, პირი უფლებამოსილია დაიწყოს ინსტრუქტორის საწყისი სწავლება, იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ფლობს ზსხ-ის პილოტის მოწმობას და გავლილი აქვს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის თეორიული ცოდნის შეფასება ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად;

ბ) აქვს შემდეგი საფრენოსნო გამოცდილება, ზსხ-ის კლასის გათვალისწინებით, რომელზეც პირმა უნდა მიიღოს ინსტრუქტორის კვალიფიკაცია:

ბ.ა) 1-ლი კლასი – 100 სთ;

ბ.ბ) მე-2 კლასი – 150 სთ;

ბ.გ) მე-3 კლასი – 200 სთ;

ბ.დ) მე-4 კლასი – 200 სთ;

გ) პირი საფრენოსნო გამოცდილებას ადასტურებს შესაბამისი განცხადებით (დეკლარირებით);

დ) ფლობს მგზავრთან ერთად ფრენის უფლებამოსილებას არანაკლებ 6 თვის განმავლობაში;

ე) ფლობს ინგლისურ ენაზე რადიოსატელეფონო კავშირით სარგებლობის უფლებამოსილებას;

ვ) გავლილი აქვს ფრენისას კომპეტენციის საწყისი შეფასება ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის სერტიფიცირებულ სდ-ში.


მუხლი 19. ინსტრუქტორობის კანდიდატი

 

ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორობის კანდიდატის საქმიანობის უფლება ზსხ-ის შესაბამის კლასზე ან კლასებზე ეძლევა პირს, რომელიც გადის ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მომზადებას და რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ასაკი – არანაკლებ 18 წელი;

ბ) სრულად გავლილი აქვს საწყისი სწავლება და მიღებული აქვს დამაკმაყოფილებელი შეფასება ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის სერტიფიცირებულ სდ-ში, რომელსაც გააჩნია საწყისი სწავლების დასრულების შემდეგ კომპეტენციის შეფასების უფლებამოსილება.


მუხლი 20. ინსტრუქტორობის კანდიდატის საქმიანობის უფლება

 

1. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორობის კანდიდატი უფლებამოსილია განახორციელოს ზსხ-ის პილოტ-კურსანტის თეორიული და საფრენოსნო მომზადება ზსხ-ის პილოტის მოწმობის მიღების მიზნით, ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორობის კანდიდატი მთელ მის პედაგოგიურ მომზადებას ახორციელებს იმ სდ-ში, სადაც მან მოიპოვა ინსტრუქტორობის კანდიდატის საქმიანობის უფლება, ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მასწავლებლის და სდ-ის სწავლების მენეჯერის ზედამხედველობის ქვეშ.


მუხლი 21. ზსხ–ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია

 

1. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია ენიჭება პირს, რომელიც შესაბამისი კლასის ზსხ-ზე აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) არის ზსხ-ის ინსტრუქტორობის კანდიდატი;

ბ) სრულად და დამაკმაყოფილებლად გაიარა პედაგოგიური მომზადება სდ-ში, რომელსაც გააჩნია სწავლების დასრულების შემდეგ ზსხ-ის შესაბამის კლასზე კომპეტნციის შეფასების უფლებამოსილება.

2. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია მიუთითებს ზსხ-ის კლასს ან კლასებს, რომელთათვისაც ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორობის კანდიდატმა დააკმაყოფილა კვალიფიკაციის მინიჭების პირობები.

3. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციაში ზსხ-ის ახალი კლასის დამატება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მოწმობაში ზსხ-ის დაკავშირებულ კლასზე ფლობს მგზავრთან ერთად ფრენის უფლებამოსილებას;

ბ) გავლილი აქვს დამატებითი სწავლება, რომლის მოცულობა დამოკიდებულია ზსხ-ის კლასზე და სწავლების დასრულების შემდეგ გავლილი აქვს კომპეტენციის შეფასება.

4. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ და სერტიფიკატის ნომერი მიეთითება ზსხ-ის პილოტის მოწმობაში.


მუხლი 22. ზსხ–ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მოქმედების ვადა, მოქმედების ვადის გაგრძელება და განახლება

 

1. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია მოქმედია უკანასკნელი კომპეტენციის შეფასების გავლიდან 36 თვის განმავლობაში.

2. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მოქმედების ვადის გაგრძელდება ხორციელდება, იმ შემთხვევაში, თუ:

ა) კვალიფიკაციის ვადის გასვლამდე 36 თვის განმავლობაში ინსტრუქტორს გავლილი აქვს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის ცოდნის განახლების სწავლება;

ბ) კვალიფიკაციის ვადის გასვლამდე უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში გავლილი აქვს შემოწმება, რომელიც მოიცავს გაფრენისწინა ინსტრუქტაჟს, საფრენოსნო შემოწმებას და ფრენის შემდგომ ინსტრუქტაჟს;

გ) ერთზე მეტი ზსხ-ის კლასის კვალიფიკაციის გაგრძელების შემთხვევაში, ყოველი მომდევნო შემოწმება გავლილი აქვს მოწმობაში მინიჭებულ ზსხ-ის განსხვავებულ კლასზე.

3. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის ვადის განახლება ხორციელდება, თუ ინსტრუქტორი დაადასტურებს, რომ კვალიფიკაციის განახლების მიზნით განცხადების წარდგენამდე უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში:

ა) გავლილი აქვს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის ცოდნის განახლების კურსი, რომელიც მოიცავს არანაკლებ 12 სთ სწავლებას;

ბ) ზსხ-ის შესაბამისი კლასზე გავლილი აქვს კომპეტენციის შეფასება, რომელიც მოიცავს სახმელეთო და საფრენოსნო შემოწმებას;

გ) ერთზე მეტი ზსხ-ის კლასის კვალიფიკაციის განახლების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შეფასება გავლილი აქვს მოწმობაში მინიჭებული ზსხ-ის თითოეული კლასისთვის.

4. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია და მოქმედების ვადა აღინიშნება ზსხ-ის პილოტის მოწმობაში.


მუხლი 23. ზსხ–ის პილოტის ინსტრუქტორის უფლებამოსილებები

 

1. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია მის მფლობელს ანიჭებს უფლებამოსილებას, ზსხ-ის შესაბამის კლას(ებ)ზე  განახორციელოს:

ა) თეორიული და საფრენოსნო მომზადება ზსხ-ის პილოტის მოწმობის მიღების მიზნით;

ბ) სწავლება ამ წესის მე-6 მუხლის „გ“ პუნქტში აღნიშნული მგზავრთან ერთად ფრენის უფლებამოსილების მიღების მიზნით;

გ) სწავლება ამ წესის მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტში აღნიშნული პლანერის ბუქსირების უფლებამოსილების მიღების მიზნით;

დ) სწავლება ამ წესის მე-7 მუხლის 1-ელი პუნქტში აღნიშნული ინგლისურ ენაზე რადიოსატელეფონო კავშირის უფლებამოსილების მიღების მიზნით;

2. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორი უფლებამოსილია განახორციელოს ზსხ-ის პილოტის მომზადების შემოწმება და მისი დაშვება:

ა) სპეციფიკურ სახმელეთო შემოწმებაზე;

ბ) საფრენოსნო შემოწმებაზე;

გ) შემოწმებაზე, ამ წესის მე-6 მუხლის „ა-გ“ პუნქტებში განსაზღვრული სპეციალური უფლებამოსილების მიღების მიზნით;

3. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორი უფლებამოსილია განახორციელოს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის თეორიული სწავლება და პრაქტიკული მომზადება, ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მასწავლებლის რანგში, იმ შემთხვევაში თუ მას ზსხ-ის პილოტ-კურსანტებისთვის ჩატარებული აქვს არანაკლებ 100 სთ თეორიული და პრაქტიკული სწავლება.


თავი VI
ზსხ–ის პილოტის ინსტრუქტორის გამომცდელი

 


მუხლი 24. ზსხ–ს პილოტის ინსტრუქტორის გამომცდელის უფლებამოსილების მინიჭება
1. პირს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის გამომცდელის უფლებამოსილება ენიჭება, თუ:

ა) ფლობს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციას;

ბ) ფლობს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის სწავლებისა და მომზადების უფლებამოსილებას ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მასწავლებლის რანგში, ამ წესის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

გ) დაადასტურებს, რომ ინსტრუქტორობის კანდიდატებისთვის ჩატარებული აქვს არანაკლებ 100 სთ თეორიული და პრაქტიკული სწავლება.

2. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის გამომცდელის უფლებამოსილება მოქმედია მანამ, სანამ პირი ინარჩუნებს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მოქმედ კვალიფიკაციას.

3. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის გამომცდელი, ზსხ-ის იმ კლას(ებ)-ზე, რომელზეც დაშვებასაც ფლობს, უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი, გარდა ზსხ-ის პილოტის იმ ინსტრუქტორებისა, რომელთა სწავლებაც თვითონ განახორციელა:

ა) კომპეტენციის შეფასება და შემოწმება, ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მიღების, მოქმედების ვადის გაგრძელების და განახლების მიზნით;

ბ) კომპეტენციის შეფასება და შემოწმება, ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორისთვის კვალიფიკაციაში ზსხ-ის ახალი კლასის დამატების მიზნით.

4. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის გამომცდელის უფლებამოსილების დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ და სერტიფიკატის ნომერი მიეთითება ზსხ-ის პილოტის მოწმობაში.