"საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება

"საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 31-19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2024
ძალაში შესვლის თარიღი 23/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016765
31-19
03/05/2023
ვებგვერდი, 02/02/2024
480610000.03.030.016765
"საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ


საქართველოს მთავრობა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობა (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი);

გამოხატავენ რა მეგობრული ურთიერთობებისა და ურთიერთგაგების განმტკიცებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების სურვილს,

აღიარებენ რა ტურიზმის მნიშვნელობას მათი ხალხების ურთიერთგაცნობის ხელშეწყობის საკითხში,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

მხარეები განამტკიცებენ და განავითარებენ თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმების დებულებებისა და პირობების შესაბამისად.

მუხლი 2

მხარეები ხელს შეუწყობენ განავითარონ ერთმანეთს შორის თანამშრომლობა ორგანიზებული ჯგუფური ტურიზმის და ინდივიდუალური ტურიზმის სფეროში.

მუხლი 3

მხარეები წაახალისებენ თავიანთ ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებსა და ექსპერტებს შორის თანამშრომლობის განვითარებას. მხარეები ასევე შეუწყობენ ხელს ორი ქვეყნის ტუროპერატორებს, სამოგზაურო აგენტებს და სხვა ტურიზმის სფეროს შესაბამის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

მუხლი 4

მხარეები შეეცდებიან გაცვლონ ორივე ქვეყნის ცოდნა და საუკეთესო გამოცდილება ტურისტული პროდუქტების და მომსახურებების განვითარებასთან დაკავშირებით და ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

მუხლი 5

მხარეები გაცვლიან თავიანთ საპრომოციო ტურისტულ მასალებს, ინფორმაციას ტურისტულ გამოფენა-ბაზრობებზე, რომელთაც მასპინძლობენ ისინი და მონაცემებს ტურისტული სტატისტიკის შესახებ.

მუხლი 6

მხარეები წაახალისებენ ინფორმაციის გაცვლას ტურიზმის სფეროში საინვესტიციო პროექტების და მათ შორის ურთიერთინვესტირების შესაძლებლობების შესახებ.

მუხლი 7

მხარეებს შეუძლიათ, ურთიერთმონაცვლეობის საფუძველზე, წაახალისონ ტურიზმის განვითარება ისტორიული ან კულტურული დანიშნულების ადგილებზე, რომლებიც დაკავშირებულია ქართველი და ებრაელი ხალხების მემკვიდრეობასთან.

მუხლი 8

1. მხარეები ჩამოაყალიბებენ ერთობლივ კომიტეტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება წინამდებარე შეთანხმების დებულებების სათანადოდ შესრულებაზე. კომიტეტი შედგება ტურიზმის ეროვნული უწყებების წარმომადგენლებისგან, რომლებსაც დანიშნავენ მხარეები. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, აღნიშნულ შეხვედრაზე დასწრების მიზნით, მხარეებმა შესაძლოა მოიწვიონ ტურიზმის კერძო და საჯარო სექტორში მოღვაწე ექსპერტები.

2. აღნიშნული კომიტეტი შეიკრიბება საჭიროებისამებრ. დეტალები შეთანხმდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.

მუხლი 9

მხარეები წაახალისებენ თავიანთ თანამშრომლობას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფარგლებში (მტო), ასევე, მხარეთა შორის შეთანხმებული ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

მუხლი 10

1. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, მხარის მიერ განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა უნდა განხორციელდეს მისი ეროვნული კანონმდებლობებისა და რეგულაციების შესაბამისად.

2. რომელიმე მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ექვემდებარება სახსრებისა და სხვა რესურსების ხელმისაწვდომობას. წარმოდგენილი მხარის მიერ ინიცირებული ნებისმიერი აქტივობის ხარჯებს ეს მხარე დაფარავს, თუ მხარეთა შორის არ არსებობს სხვაგვარი შეთანხმება.

მუხლი 11

1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მოპოვებული ყველა მასალის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვას მისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

2. არცერთი მხარე არ გადასცემს ამ შეთანხმების შესაბამისად ან მის ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციას მესამე მხარეს იმ მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე, რომლისგანაც მიიღო აღნიშნული ინფორმაცია.

მუხლი 12

ნებისმიერი გაურკვევლობა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა ან განხორციელებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მეგობრული ურთიერთობების საფუძველზე, მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 13

წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 14

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს.

2. წინამდებარე შეთანხმება დადებულია ხუთი (5) წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით.

3. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისათვის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მისი შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღების თარიღიდან ექვსი (6) თვის გასვლის შემდეგ.

4. წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტა არ იქონიებს გავლენას უკვე ინიცირებულ ან მიმდინარე ღონისძიებებზე და პროექტებზე, მათ დასრულებამდე, თუ მხარეთა შორის არ არსებობს სხვაგვარი შეთანხმება.

5. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, მოქმედებას წყვეტს 1995 წლის 19 ივნისს გაფორმებული შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში.

შესრულებულია ქ. იერუსალიმში, 2023 წლის 3 მაისს, რომელიც შეესაბამება ებრაული კალენდრის 5783 წლის 12 იარს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ებრაულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

(ხელმოწერილია)