საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 01/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016826
20/04
01/02/2024
ვებგვერდი, 02/02/2024
220010000.18.011.016826
საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №20/04

2024 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 151 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 13 დეკემბრის №173/04 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან.

 


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა



საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი

მუხლი 1რეგულირების სფერო

საქართველოს ეროვნული ბანკში სტაჟირებისა და პრაქტიკის  გავლის წესი (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – ბანკი) სტაჟირების და პრაქტიკის გავლის წესსა და პირობებს.

მუხლი 2. სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის მიზანი

მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადების, მათი პროფესიული განვითარებისა და სამუშაო გარემოში ადაპტირების მიზნით, ბანკი უზრუნველყოფს სტაჟიორთა მიღებას, ხოლო სტუდენტთა შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და განვითარების მიზნით – პრაქტიკანტთა მიღებას.

მუხლი 3. სტაჟირებისა და პრაქტიკის პროცესის კოორდინაცია

სტაჟირებისა და პრაქტიკის პროცესს კოორდინაციას უწევს ბანკის პრეზიდენტის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილება (შემდგომში − განყოფილება), რომელიც უზრუნველყოფს სტაჟირებისა და პრაქტიკის გამოცხადებისა და მიმდინარეობის, აგრეთვე, სტაჟიორთა და პრაქტიკანტთა შერჩევის პროცესებს.

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კანდიდატი – პირი, რომელსაც სურვილი აქვს გაიაროს პრაქტიკა ან სტაჟირება ბანკში და წარდგენილი აქვს  პრაქტიკის ან სტაჟირების გავლის შესახებ განაცხადი (შემდგომში − განაცხადი) და ამ წესით დადგენილი სხვა დოკუმენტები;

ბ) კონკურსი − სტაჟიორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი, რომლის მიზანია საუკეთესო კანდიდატის შერჩევა განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით, კომპეტენციების, ცოდნისა და მოტივაციის შეფასების საფუძველზე;

გ) მენტორი − შესაბამისი კვალიფიკაციისა და პრაქტიკული სწავლებისთვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების მქონე ბანკის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ წარმართავს და კოორდინაციას უწევს სტაჟიორის და პრაქტიკანტის საქმიანობას.

მუხლი 5. სტაჟიორად მიღება

1. სტაჟიორად მიიღება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირი.

2. სტაჟიორი ბანკში მიიღება კონკურსის საფუძველზე, შერჩევის შემდეგი ეტაპების გათვალისწინებით:

ა) პირველი ეტაპი − განაცხადების შეფასება და განაცხადით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ბ) მეორე ეტაპი − წერითი დავალება;

გ) მესამე ეტაპი − გასაუბრება.

3. სტაჟირების შესარჩევი კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის დასახელებას, სადაც ცხადდება სტაჟირების კონკურსი;

ბ) კანდიდატისთვის წაყენებული მოთხოვნები;

გ) კონკურსის ეტაპები;

დ) ტესტირებისა და წერითი დავალების თემატიკა;

ე) განაცხადების მიღების ვადა;

ვ) სტაჟირების ვადა;

ზ) კანდიდატის სტაჟიორად შერჩევის შემთხვევაში საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი.

4. ამ წესის შესაბამისად, ბანკში სტაჟირების კონკურსი ცხადდება სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე, არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

5. კანდიდატთა შეფასების შედეგების გათვალისწინებით, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, განყოფილება ბანკის პრეზიდენტს დასანიშნად წარუდგენს სტაჟირების კანდიდატს, რომელმაც წარმატებით გაიარა სტაჟიორთა შერჩევის პროცესი.

6. სტაჟიორის დანიშვნის შესახებ გამოიცემა ბანკის პრეზიდენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

7. სტაჟირების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება 6 თვით.

8. სტაჟიორს, სტაჟირების ვადით განესაზღვრება მენტორი ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულიდან, სადაც იგი დაინიშნება სტაჟიორად.

9. ბანკში სტაჟირება ანაზღაურებადია. სტაჟიორის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1200 ლარის ოდენობით (დარიცხული).

10. სტაჟიორის ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანა დასაშვებია მისი განცხადების, აგრეთვე, იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან გასაუბრებისა და მისი თანხმობის საფუძველზე, სადაც უნდა გაგრძელდეს სტაჟირება.

11. კანდიდატი, რომელიც სტაჟიორად 3 თვეზე მეტი ვადით ინიშნება, „საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლის და თანამშრომლად მისაღები პირის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესწავლის წესის“ შესაბამისად ბანკის უფლებამოსილ პირთან გადის გასაუბრებას და ავსებს კითხვარს.

12. ბანკის პრეზიდენტი უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევაში, პირი სტაჟიორად დანიშნოს კონკურსის გავლის გარეშე.

მუხლი 6. პრაქტიკანტად მიღება

1. პრაქტიკანტად მიიღება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის სტუდენტი, რომლის წლიური აკადემიური მიღწევის ქულა (GPA) შეადგენს არანაკლებ 2.5-ს. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სწავლების მიმდინარე სემესტრი არ ითვალისწინებს GPA-ს გამოთვლას, გათვალისწინებული იქნება სწავლების მიმდინარე სემესტრის სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული, რომელიც არ უნდა იყოს 75 ქულაზე ნაკლები.

2. კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის მიზნით მისი უფლებამოსილი პირისთვის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განყოფილების უფროსი იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, სადაც იგეგმება კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნა.

3. კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ გამოიცემა ბანკის პრეზიდენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

4. პრაქტიკის მაქსიმალური ვადა არის 3 თვე.

5. პრაქტიკანტს, პრაქტიკის ვადით განესაზღვრება მენტორი ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულიდან, სადაც იგი დაინიშნება პრაქტიკანტად.

6. ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულში პრაქტიკანტის გადაყვანა დასაშვებია მისი განცხადებისა და იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანხმობის საფუძველზე, სადაც უნდა გაგრძელდეს პრაქტიკა.

7. ბანკში პრაქტიკა არ არის ანაზღაურებადი.

მუხლი 7. სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლისთვის საჭირო დოკუმენტაცია

სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლისთვის შერჩეული კანდიდატი ვალდებულია შერჩევიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში ბანკში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) ცნობა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი ან მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფეხურზე სწავლის შესახებ ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ერთი ელექტრონული ფოტოსურათი.

მუხლი 8. სტაჟიორის/პრაქტიკანტის უფლება-მოვალეობები

1. სტაჟიორს/პრაქტიკანტს უფლება აქვს, მენტორის თანხმობით:

ა) გაეცნოს სტრუქტურული ერთეულისა და მთლიანად, ბანკის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში;

ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა), რომელიც საჭიროა სტაჟირების ან/და პრაქტიკის პერიოდში მენტორის მიერ განსაზღვრული დავალებების შესასრულებლად;

გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

2. სტაჟიორი/პრაქტიკანტი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს უსაფრთხო გარემოსა და სათანადო პირობების შექმნა პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად;

ბ) შეატყობინოს განყოფილებას სტაჟირების ან/და პრაქტიკის მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ წერილობითი (ელექტრონული) ფორმით;

გ) ბანკისგან მოითხოვოს სტაჟირების ან/და პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი ცნობა.

3. სტაჟიორი/პრაქტიკანტი ვალდებულია:

ა) დადგენილ ვადაში შეასრულოს მენტორის მიერ მიცემული, ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული დავალება;

ბ) დაიცვას ბანკის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, სტაჟირების/პრაქტიკის თავისებურებათა გათვალისწინებით;

გ) სტაჟირების/პრაქტიკის გავლისას მიღებული ინფორმაცია არ გამოიყენოს პირადი ინტერესისთვის;

დ) გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს ბანკის ქონება და სხვა მატერიალური ფასეულობები;

ე) დაიცვას ყველა იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სტაჟირების/პრაქტიკის გავლის პერიოდში დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას;

ვ) არ გაამჟღავნოს მესამე პირთან ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სტაჟირების/პრაქტიკის გავლის შესაბამისად  მოვალეობების შესასრულებლად;

ზ) დაიცვას ეთიკის ნორმები როგორც საკუთარი სტრუქტურული ერთეულის, ასევე სხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, მესამე პირებთან მიმართებაში.

მუხლი 9. მენტორის მოვალეობები

მენტორი ვალდებულია:

ა) სტაჟიორს/პრაქტიკანტს განუსაზღვროს სამუშაო მიზნები და ამოცანები;

ბ) სტაჟიორს/პრაქტიკანტს მისცეს სასწავლო თემატიკა და დავალებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მას პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, აგრეთვე, დავალების შესასრულებლად, მისცეს მას საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისი მიმართულება და მიაწოდოს საჭირო და რელევანტური ინფორმაცია;

გ) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის/პრაქტიკანტის მიერ დავალების შესრულების პროცესი, შეაფასოს შესრულებული დავალება, მისცეს სტაჟიორს/პრაქტიკანტს პერიოდული უკუკავშირი და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;

დ) სტაჟიორის/პრაქტიკანტის მიერ განსაზღვრული დავალებების/ამოცანების სისტემატურად შეუსრულებლობის შემთხვევაში, დასვას საკითხი სტაჟირების/პრაქტიკის შეწყვეტის თაობაზე.

მუხლი 10. სტაჟირებისა და პრაქტიკის დასრულება

1. სტაჟირება და პრაქტიკა შეიძლება დასრულდეს ვადის ამოწურვის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში.

2. სტაჟირების/პრაქტიკის ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველია:

ა) სტაჟიორის/პრაქტიკანტის პირადი განცხადება;

ბ) სტაჟიორის/პრაქტიკანტის ბანკში დასაქმება;

გ) სტაჟირების/პრაქტიკის პერიოდში არასაპატიო მიზეზით 3 დღის გაცდენა;

დ) დავალების შეუსრულებლობა ან სისტემატურად არაჯეროვანი შესრულება.

3. სტაჟირების და პრაქტიკის ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბანკის პრეზიდენტი მენტორის, სტაჟიორის ან პრაქტიკანტის მიმართვის საფუძველზე.

4. სტაჟირების დასრულების შემდეგ სტაჟიორი/პრაქტიკანტი შესაბამის უფლებამოსილ პირს აბარებს იმ მატერიალურ ფასეულობას, რაც მას გადაეცა სტაჟირების/პრაქტიკის გავლის პერიოდში.

მუხლი 11. სტაჟირებისა და პრაქტიკის დადასტურება

1. იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი ან პრაქტიკანტი კანონმდებლობის შესაბამისად დასაქმდა ბანკში, მას სტაჟირება ან პრაქტიკა ჩაეთვლება შესაბამისი ვადით გავლილად და ეძლევა აღნიშნულის დამადასტურებელი ცნობა ან სერტიფიკატი.

2. ბანკი უფლებამოსილია პრაქტიკის ვადის ამოწურვის ან ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დასრულების შემთხვევაში გასცეს პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი ცნობა, ხოლო სტაჟირების ვადის ამოწურვის ან ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დასრულების შემთხვევაში კი − სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.