აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 15/01/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2024
სარეგისტრაციო კოდი
1-1/15
15/01/2024
ვებგვერდი, 25/01/2024
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/15

2024 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის  სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის  ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში  სააგენტო)  2023 წლის 7 დეკემბრის N7/67123 განცხადება - 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ,,მარნეული აირუმის“  მშენებლოს პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, სააგენტოსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის (2022-2032,2023-2033 წლების)  შესაბამისად, სს გეს ,,საქრუსენერგომ“ უნდა განახორციელოს პროექტი ,,მარნეული-აურუმი“, რომელიც გულისხმობს 17.56 კმ სიგრძის ახალი 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას  500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ,,მუხრანის" №42 ანძიდან საქართველო-სომხეთის საზღვრამდე და არსებული 500 კვ ძაბვის 17-კილომეტრიანი ელექტროგადამცემი ხაზის ,,მუხრანის" (N42-N109 ანძებს შორის მონაკვეთი) რეკონსტრუქციას. პროექტის განხორციელების ვადებია 2023-2025 წლები. დღეისათვის ელექტროგადამცემი ხაზის ,,მუხრანის“ 17-კილომეტრიანი მონაკვეთი, მარნეულის ქვესადგურიდან ელექტროგადამცემი ხაზის №42 ანძამდე არ ფუნქციონირებს. პროექტის დასრულების შემდეგ კი იგი გამოყენებული იქნება საქართველოს და სომხეთის ენერგოსისტემის დამაკავშირებელი ახალი 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ,,მარნეული აირუმის“ სქემაში. აღნიშნული  ელექტროგადამცემი ხაზით საგრძნობლად გაიზრდება საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობა და სიმძლავრეთა მიმოცვლის მოცულობა. ელექტროგადამცემი ხაზი შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ზაფხულში, როგორც სატრანზიტო - საქართველოში გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგიის მეზობელ ქვეყნებში საექსპორტოდ, ხოლო ზამთარში მნიშვნელოვან მონაწილეობას მიიღებს  ქვეყნის შიგნით დეფიციტის შევსებაში. აღნიშნული პროექტი მისი მასშტაბებით რეგიონსა და მთლიანად საქართველოზე პოზიტიურ სოციალურ -ეკონომიკური გავლენას იქონიებს და წარმოადგენს  განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტს.

სს გეს „საქრუსენერგო“ წერილობით (2023 წლის 15 აგვისტოს №10/396  წერილი, სააგენტოში გადაიგზავნა სამინისტროს 2023 წლის 18 აგვისტოს N23/7723 წერილით)  მიმართა სააგენტოს  და მიუთითა, რომ პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით საჭირო იყო საპროექტო არეალში მოქცეული კერძო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია. ამასთან, პროექტის ზემოქმედების არეალში მოექცა ფიზიკური პირის - ნუნუ ყორღანაშვილის (პ/ნ 01014002736) საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაჩაგანში მდებარე 1000000 კვ.მ  სასოფლო სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. N83.11.08.638)  ნაწილი (სამი მიწის ნაკვეთი 502 კვ.მ; 502 კვ.მ. და 502 კვ.მ.) - 1506 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. სააგენტომ წერილობით მიმართა მესაკუთრეს და სსიპ   ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2023 წლის 20 ოქტომბერს მომზადებული №007496223 დასკვნით განსაზღვრული მიწის ღირებულებით პროექტისათვის საჭირო  უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვა შესთავაზა, მაგრამ  სააგენტოსა და უძრავი ქონების მესაკუთრეს შორის შეთანხმება უძრავი ქონების გასხვისებაზე ვერ შედგა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ შუამდგომლობით მომართა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყებისა  და  აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სააგენტოსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.

წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს სააგენტოს შუამდგომლობა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ უნდა განხორციელდეს 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ,,მარნეული აირუმის“ მშენებლოს პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაჩაგანში მდებარე 1000000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ.N83.11.08.638) მესაკუთრეა ნუნუ ყორღანაშვილი (პ/ნ 01014002736).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა  ნუნუ ყორღანაშვილის  საკუთრებაში არსებული  მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაჩაგანში მდებარე 1000000 სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების  მიწის ნაკვეთის  ნაწილი (სამი მიწის ნაკვეთი 502 კვ.მ; 502 კვ.მ. და 502 კვ.მ.) -ჯამში 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ.N83.11.08.638).  

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ,,ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის“. ვინაიდან სააგენტოს მიერ ვერ ხერხდება მესაკუთრესთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე შეთანხმების  მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით  თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის № 1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2023 წლის  27 დეკემბრის  სხდომის ოქმის  საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1 . 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ,,მარნეული აირუმის“  მშენებლოს პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სსიპ  – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ  მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაჩაგანში მდებარე ნუნუ ყორღანაშვილის (პ/ნ 01014002736)  საკუთრებაში არსებულ 1000000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების  მიწის ნაკვეთის  ნაწილზე (სამი მიწის ნაკვეთი 502 კვ.მ; 502 კვ.მ. და 502 კვ.მ.) -ჯამში 1506 კვ.მ  მიწის ნაკვეთზე (ს.კ. N83.11.08.638).

2 . ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

 მინისტრი                                                       ლევან დავითაშვილი