შპს „გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

შპს „გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.024404
12
22/01/2024
ვებგვერდი, 23/01/2024
040170020.10.003.024404
შპს „გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №12

2024 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

 

შპს „გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „შპს „გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



შპსგარდაბნის თბოსადგური 2-ისმიერ საქონლისა და მომსახურების

შესყიდვების სპეციალური წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „შპს „გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ (შემდგომში – საწარმო ან შემსყიდველი) მიერ ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა (დანართი №1) და მომსახურების (დანართი №2) შესყიდვების სპეციალურ წესს.

2. ამ წესის მიზანია:  

ა) შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა;

ბ) საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესყიდვების სპეციალური წესის დადგენა და საწარმოს ფუნქციონირებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვის განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა;

დ) შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა.

3. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.

4. შესყიდვა, რომელზეც არ გამოიყენება ეს წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

მუხლი 2. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შემსყიდველი – შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“ (შემდგომში – საწარმო ან შემსყიდველი) (ს/ნ: 426529759);

ბ) შესყიდვა – შემსყიდველის მიერ ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების ამ წესით გათვალისწინებული შესყიდვა;

გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი, მომსახურება;

დ) საქონელი – წესის №1 დანართში მოცემულ ჩამონათვალში მითითებული საქონლის სახეები;

ე) მომსახურება – წესის №2 დანართში მოცემულ ჩამონათვალში მითითებული მომსახურების სახეები;

ვ) სისტემა – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა;

ზ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – ამ წესის დანართებით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული წინადადებისა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიების მიზნებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერმინი – ტენდერი);

თ) პირდაპირი შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ი) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა, ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველის ქმედებით ან რომელმაც შეიძლება, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს შემსყიდველის ინტერესებს ან მის ქონებას;

კ) წინადადების უზრუნველყოფის გარანტია – წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი გარანტირების მექანიზმი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 3 (სამი) პროცენტის ოდენობით (შემდგომში – გარანტია);

ლ) პრეტენდენტი – პირი, რომელმაც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიზნით წარადგინა წინადადება, ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად;

მ) მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც შემსყიდველის მიერ ამ წესის შესაბამისად იქნა დადებული ხელშეკრულება (გარიგება) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;

ნ) წინადადების ფასის კლების ბიჯი – შემსყიდველის მიერ განცხადებაში მითითებული თანხა, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.4 პროცენტიდან 2 პროცენტამდე ოდენობით (შემდგომში – ბიჯი);

ო) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი;

პ) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ განცხადებითა და დოკუმენტაციით;

ჟ) ელექტრონული  ვაჭრობა – „სახელმწიფო  შესყიდვების შესახებ“ საქართველოს  კანონით განსაზღვრული ელექტრონული  შესყიდვის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს სისტემის საშუალებით შეუძლია, შეამციროს მის  მიერ წარდგენილი წინადადების ფასი, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით;

რ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები – შემსყიდველის მიერ დადგენილი, პრეტენდენტის მიერ წარსადგენი დოკუმენტები;

ს) შესყიდვების კომისია – შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად (შემდგომში, ასევე – კომისია);

ტ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგით – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება შესყიდვების კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რითაც დასტურდება, რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია;

უ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგა – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა არშემდგარად, როდესაც არცერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში;

ფ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება შესყიდვების კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რომელშიც მოცემული იქნება ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება;

ქ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად შერჩეულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება;

ღ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია –  ამ  წესის  მე-15  მუხლის  მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტია;

ყ) ხელმძღვანელი – შემსყიდველის გენერალური დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

შ) ურთიერთდამოკიდებული პირები – განიმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

ჩ) დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი – კალენდარული დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არის სპეციალური მითითება სამუშაო დღეზე.

მუხლი 3. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები

1. შემსყიდველი უფლებამოსილია:

ა) ამ წესის დაცვით, შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);

ბ) ამ წესის შესაბამისად, მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;

გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა;

დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;

ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისას.

2. შემსყიდველი ვალდებულია:

ა) რაციონალურად განახორციელოს შესყიდვები ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;

ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება;

გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, სისტემაში ატვირთოს შესაბამისი გადაწყვეტილების ამსახველი სხდომის ოქმი. შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები.

მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები

1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები შეეხება შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობებს:

ა) შესყიდვების კომისიის წევრებისა და შესყიდვების კომისიის აპარატის წევრების მონაწილეობას ცალკეული შესყიდვის პროცედურებში;

ბ) ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში – პირდაპირი შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობას;

გ) ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას.

2. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (შემსყიდველის თანამშრომელი, კონსულტანტი, მოწვეული სპეციალისტი, ექსპერტი და სხვ.) ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნულ შესყიდვების პროცედურაში მონაწილეობა. დაუშვებელია, საწარმომ ცალკეული შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად) მიიწვიოს პირი, თუ იგი არის საქართველოს  საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთდამოკიდებული პირი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე:

ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელთა მიმართ;

ბ) შერჩევა-შეფასებაში მონაწილე პირთა მიმართ;

გ) შესყიდვებთან დაკავშირებულ დავებში მონაწილე პირთა მიმართ.

მუხლი 5. შესყიდვის საშუალებები

1. შემსყიდველის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებითა და შემსყიდველის საკუთრებაში არსებული თბოელექტროსადგურის შეუფერხებელი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით, საწარმოს ფუნქციონირებისათვის საჭირო, ამ წესის დანართებით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ მუხლის მე-2 – მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის დროს შესყიდვების განხორციელება დასაშვებია პირდაპირი შესყიდვის გზით.

2. პირდაპირი შესყიდვის გზით შემსყიდველის მიერ შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შპს „გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით ან 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორის გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ თბოელექტროსადგურის  არსებული მოწყობილობ(ებ)ის/აგრეგატის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მათი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, შესყიდულ იქნეს მომსახურება ან კონკრეტული სასაქონლო ნიშნის ან/და მოდელის საქონელი, შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შესყიდვა შესაძლებელია, განხორციელდეს პირდაპირი შესყიდვის საშუალებით. აღნიშნულ შემთხვევაში, საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა უნდა განხორციელდეს თბოელექტროსადგურის არსებული მოწყობილობ(ებ)ის/აგრეგატ(ებ)ის ან შესასყიდი საქონლის მწარმოებლისაგან ან მწარმოებლის უფლებამოსილი პირისაგან.

4. შემსყიდველი უფლებამოსილია, პირდაპირი შესყიდვა განახორციელოს იმ  შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად. ექსკლუზიურ უფლებად არ განიხილება შემთხვევა, როდესაც:

ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს და ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა;

ბ) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 2 000 000 ლარს და ქვეყნის შიგნით არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია, განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა.

5. შემსყიდველის გადაწყვეტილებით, პირდაპირი შესყიდვის საშუალებით შესაძლებელია ასევე განხორციელდეს საქონლის საბაჟო, სატერმინალო, მიწოდების, საკურიერო, სატვირთო, გადაზიდვის/ ტრანსპორტირების, დაზღვევის, შენახვისა და საბროკერო მომსახურებების შესყიდვა.

6. შემსყიდველის გადაწყვეტილებით, პირდაპირი შესყიდვის საშუალებით შესაძლებელია ასევე განხორციელდეს თბოელექტროსადგურში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი სწავლებისა და ტრენინგების მომსახურების შესყიდვა.

7. თუ პირდაპირი შესყიდვის საშუალებით შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის კონკრეტული სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს (დღგ-ის გარეშე), შესაბამისი შესყიდვა მის განხორციელებამდე წერილობით უნდა შეთანხმდეს შემსყიდველის 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან.

მუხლი 6. შესყიდვების კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი

1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ატარებს შესყიდვების კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 (სამი) წევრის შემადგენლობით ქმნის ხელმძღვანელი.

2. შესყიდვების კომისიას თავმჯდომარეობს ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული შესყიდვების კომისიის ერთ-ერთი წევრი.

3. შესყიდვების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება, მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

4. შესყიდვების კომისია გადაწყვეტილებებს იღებს შესყიდვების კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. შესყიდვების კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება შესყიდვების კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს შესყიდვების კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია შესყიდვების კომისიის თავმჯდომარის ხმა.

5. შესყიდვების კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს შესყიდვების კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა შესყიდვების კომისიის დამსწრე ყველა წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ, ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებითა და შეცვლილი/დამატებითი ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით.

6. შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/ წერილობითი  შეტყობინების  გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის    მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა სავალდებულო არ არის. მიმოწერა/წერილობითი შეტყობინება მიღებულად მიიჩნევა მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

7. სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში, შემსყიდველი ვალდებულია, იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის ფარგლებში მსგავსი შემთხვევებისთვის განსაზღვრული წესით.

მუხლი 7. შესყიდვების კომისიის აპარატი

1. შესყიდვების კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, ხელმძღვანელის ბრძანებით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება შესყიდვების კომისიის აპარატი (შემდგომში – აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს შესყიდვების კომისიის თავმჯდომარე.

2. აპარატის ფუნქცია არის შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციისა და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა.

3. აპარატს უფლება აქვს, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებთან დაკავშირებით.

4. აპარატი ვალდებულია, ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში.

მუხლი 8. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ

1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომში – განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და წინადადებების დასრულების ვადის ათვლა იწყება განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში გამოქვეყნების მომდევნო დღიდან.

2. განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 7 (შვიდი) კალენდარულ დღეს განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან არანაკლებ 2 (ორი) დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია, სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი, კლებადობის პრინციპითა და ბიჯის გათვალისწინებით.

3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) განცხადების ნომერი;

ბ) შემსყიდველის დასახელება;

გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;

დ) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;

ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება;

ვ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით თუ – მის გარეშე;

ზ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა;

თ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა;

ი) ბიჯის ოდენობა.

4. განცხადებაში, შესაბამისი მითითების საფუძველზე, პრეტენდენტთა მიერ წინადადების ფასის წარდგენა ხდება დღგ-ის გათვალისწინებით ან მის გარეშე.

5. განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით.

6. განცხადების სისტემაში განთავსებისათვის აუცილებელია დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში.

მუხლი 9. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა

1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი;

ბ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;

გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს (მათი არსებობის შემთხვევაში). შემსყიდველი უფლებამოსილია, შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში მიუთითოს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალებები. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, არ დაუშვას მსგავსი ან/და ეკვივალენტური ან/და ანალოგიური მახასიათებლების მქონე საქონლისა და მომსახურების წინადადების მიღება;

დ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული წინადადების ღირებულება იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა);

ე) შესყიდვების კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ;

ვ) მითითებას შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების ტექნიკური დოკუმენტაცია შესაძლებელია სისტემაში განთავსდეს ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე.

3. შესყიდვების კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში   მითითებულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებითა და შეცვლილი დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება.

მუხლი 10. წინადადების წარდგენა

1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია, წარადგინოს წინადადება, წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე.

2. წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ პირს უფლება აქვს, სისტემაში გაეცნოს განცხადებასა და დოკუმენტაციას.

3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის  მეშვეობით. პრეტენდენტის შეთავაზება, გარდა ტექნიკური დოკუმენტაციით მოთხოვნილი მასალისა, უნდა შეიცავდეს ამ წესით გათვალისწინებულ წინადადების უზრუნველყოფის გარანტიას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას ან/და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.

5. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით გათვალისწინებულია წინადადების ფასის დღგ-ის გარეშე წარდგენა, პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, შერჩევა-შეფასება ხორციელდება წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის დღგ-ის შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

6. ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი 11. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი

1. შემსყიდველი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და სარეგისტრაციო/ უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები.

2. შესყიდვების ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია შესაძლებელია შეიცავდეს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნას, თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 (ორასი ათასი) ლარს. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 200 000 (ორასი ათასი) ლარზე, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, რაც უნდა დასაბუთდეს შესყიდვების დოკუმენტაციაში. ასეთ შემთხვევაში, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე.  

3. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ.

4. შემსყიდველი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებამოსილია, შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში მიუთითოს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალებები. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, არ დაუშვას მსგავსი ან/და ეკვივალენტური ან/და ანალოგიური მახასიათებლების მქონე საქონლისა და მომსახურების წინადადების მიღება.

5. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას, ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია და/ან მისი ბუნებიდან გამომდინარე დაბრუნება შეუძლებელია.

6. სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნები შეიძლება, დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობასთან/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით.

მუხლი 12. შერჩევა/შეფასება

1. შესყიდვების კომისიის მიერ პრეტენდენტები ფასდებიან წინადადების  ფასის,  მათ  მიერ  სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში), ამ პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.

2. პრეტენდენტის წინადადების ფასი ფასდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ. შემსყიდველი შერჩევის პირველ ეტაპზე ადგენს დაბალფასიანი პრეტენდენტის მიერ ატვირთული წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის შესაბამისობას ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ხოლო, თავის მხრივ, პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წინასწარ, ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს გარანტიის დედნის წარდგენა.

3.  იმ შემთხვევაში, თუ 2 (ორი) ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი.

4. შესყიდვების კომისიამ უნდა  იმსჯელოს, შეესაბამება  თუ  არა  წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შესყიდვების კომისიის გადაწყვეტილებით, ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. შესყიდვების კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს, ასევე პრეტენდენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომებისას, როგორებიცაა: არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, რომლებიც შესაძლებელია შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი  მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, შესყიდვების კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ელექტრონული დოკუმენტის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველს უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია სარეგისტრაციო/ უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნამდე.

7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შესყიდვების კომისია მიმართავს მას სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნით (შესყიდვების დოკუმენტაციაში ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა.

8. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს და შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციით არ არის მოთხოვნილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები, შემსყიდველის მიერ ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენის მოთხოვნასთან ან/და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია საჭიროებს დაზუსტებას, შემსყიდველის მიერ ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნასთან ერთად, დაზუსტებისთვის განსაზღვრულ ვადაში, ხოლო თუ მოითხოვება სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების წარდგენა – ასეთი მონაცემების დაზუსტებისთვის განსაზღვრულ ვადაში.

9. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით.

10. თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას ან მის მიერ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარდგენის შემთხვევაში ან/და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში ან/და დადგენილ ვადაში პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოუწერლობის შემთხვევაში, შესყიდვების კომისია ვალდებულია, მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ამ მუხლით დადგენილი წესით განიხილავს მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადებას. თუ წინადადების მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, კომისიას უფლება აქვს, შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.

მუხლი 13. დისკვალიფიკაცია

1. შესყიდვების კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.

2. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის  მე-12 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას;

ბ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები არ შეესაბამება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

გ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის წინადადებაზე;

დ) თუ ის არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ამ წესის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში;

ე) თუ ის, ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არ წარადგენს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის დედანს ან წარადგენს დაგვიანებით;

ვ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას;

ზ) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას (ასეთი მოთხოვნის შესყიდვების დოკუმენტაციაში არსებობის შემთხვევაში) და/ან ფასების ცხრილს/ხარჯთაღრიცხვას, უარს აცხადებს ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს წინადადების ვადის დასრულების დროისთვის არ ექნება ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა სრული დაცვით ატვირთული წინადადების უზრუნველყოფის გარანტია, პრეტენდენტის შეთავაზება არ განიხილება და შესყიდვების კომისიას შეუძლია, მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს.

მუხლი 14. წინადადების უზრუნველყოფის გარანტი

1. პრეტენდენტი ვალდებულია, წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, წარადგინოს უპირობო და გამოუთხოვადი წინადადების უზრუნველყოფის გარანტია ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. იმ შემთხვევაში, თუ გარანტიის გამცემი არ იქნება საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკი/სადაზღვევო კომპანია, შესაძლებელია წარდგენილ იქნეს მხოლოდ საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომლის გამცემ ბანკს რეიტინგი უნდა ჰქონდეს მინიმუმ „B+“ რეიტინგი „Fitch Rating-ით“ ან სხვა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს მიერ მინიჭებული ეკვივალენტური რეიტინგი.

2. გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 3 (სამი) პროცენტს.

3. გარანტია დაბრუნებას ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების ან შესყიდვის ელექტრონული  პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებლისაგან/პრეტენდენტისაგან შესაბამისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

4. გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება, თუ:

ა) გამარჯვების შემდეგ უარს იტყვის ან სხვაგვარი ქმედებით უარს განაცხადებს შემსყიდველთან ხელშეკრულების გაფორმებაზე;

ბ) პრეტენდენტი, გამარჯვების შემთხვევაში, არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას;

გ) მოხდება მისი დისკვალიფიკაცია, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო;

დ) პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე.

მუხლი 15. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებისა და პირდაპირი შესყიდვის შედეგად ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა

1. ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში. სისტემაში ატვირთული უნდა იქნეს შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულება.

2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება, აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს.

3. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან  მის  მიერ  ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შესყიდვების კომისიას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, ამ წესის შესაბამისად.

4. წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, წარუდგინოს შემსყიდველს წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ანგარიშსწორება ხორციელდება დოკუმენტური აკრედიტივის ფორმით. გარდა ამისა, წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ არის საქართველოს რეზიდენტი და შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების ღირებულება არ აღემატება 20 000 (ოცი ათასი) ლარს, მიმწოდებელი შესაძლებელია გათავისუფლდეს წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან.

5. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ  ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 (ორასი ათასი) ლარს. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ზე მეტით დაბალია შესაბამისი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ოდენობა განისაზღვრება 10%-ის ოდენობით. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. გარანტია ასევე შეიძლება, წარმოდგენილი იყოს არარეზიდენტი ბანკიდან. ასეთ შემთხვევაში, გარანტიის გამცემი ბანკის რეიტინგი უნდა იყოს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „Fitch International-ის“ არანაკლებ B+ ან სხვა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს S&P, Moody’s ეკვივალენტური რეიტინგი და იგი უნდა იყოს დამოწმებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ. შესყიდვების კომისიის გადაწყვეტილებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენისაგან შესაძლებელია გათავისუფლდეს პოტენციური მიმწოდებელი, მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის/ მომსახურების ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით.

6. გამარჯვებულ არარეზიდენტ პრეტენდენტთან ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს აშშ დოლარში ან ევროში, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის − „წინადადებების მიღება დასრულებულია“ −  დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, რაც ასევე აღნიშნული უნდა იყოს ელექტრონული პროცედურის სატენდერო დოკუმენტაციაშიც.

7. ხელშეკრულების შესრულების გარანტია, პირდაპირი შესყიდვის გზით შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია წარედგინოს შემსყიდველს ხელშეკრულების დადების შემდგომაც.

8. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

9. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება, ამ წესით განხორციელებულ შესყიდვებზე უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შესყიდვების გეგმის, ასევე ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების მიმდინარეობის ანგარიშების წარდგენა.

10. შემსყიდველი უფლებამოსილია, პოტენციურ მიმწოდებელთან აწარმოოს მოლაპარაკებები და, ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 – მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დადოს ხელშეკრულება პირდაპირი შესყიდვის საშუალებით.

მუხლი 16. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები

1. თუ შემსყიდველის მიერ სხვა რამ არ არის განსაზღვრული, შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები;

ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა, ერთეულის ან/და მთლიანი ღირებულება;

გ) შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასი და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასნამატების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);

დ) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების ხარისხი. საჭიროების შემთხვევაში, არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობა;

ე) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადები ან/და ეტაპობრივი ვადები და ადგილი;

ვ) საქონლის ან მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი;

ზ) ანგარიშსწორების ფორმა და გრაფიკი (ვადები);

თ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში);

ი) მხარეთა უფლება-მოვალეობანი;

კ) მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის;

ლ) ფორსმაჟორული სიტუაციები;

მ) ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასების გადასინჯვის შესაძლებლობა;

ნ) ხელშეკრულების მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების მოგვარების წესი;

ო) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;

პ) შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები (არსებობის შემთხვევაში).

2. შემსყიდველის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენაზე ან ქართულ და უცხოურ ენებზე ერთად.

3. შემსყიდველის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები შესაძლოა არ გავრცელდეს პირდაპირი შესყიდვის საშუალებით შერჩეულ მიმწოდებლებთან გასაფორმებელ ხელშეკრულებებზე.

მუხლი 17. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების შემთხვევაში, შემსყიდველი გამოყოფს შესაბამის პირთა ჯგუფს (ინსპექტირების ჯგუფი).

2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი ინსპექტირების ჯგუფის ფუნქციებია:

ა) საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების ჯეროვანი შესრულების კონტროლი, უფლებამოსილი პირის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე დადგენილი მოცულობის, ხარისხისა  და მიწოდების ვადების შესრულებასთან შესაბამისობის დადასტურება;

ბ) საქონლის ან/და მომსახურების მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება;

გ) საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების მიმდინარეობის ამსახველი პერიოდული დოკუმენტაციის წარმოება;

დ) ხელშეკრულების მიმდინარეობის კონტროლის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება.

3. უფლებამოსილი პირის მიერ ჩასაბარებელი საქონლის ან/და მომსახურების  შესახებ  მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, აუცილებლობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემსყიდველის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (მომთხოვნის) ხელმძღვანელი შესყიდული საქონლის ან/და მომსახურების მოთხოვნასთან შესაბამისობას ადასტურებს ინსპექტირების ჯგუფის მიერ მომზადებულ დასკვნაზე ხელმოწერით.

4. შემსყიდველი უფლებამოსილია, აწარმოოს საქონლის ან/და მომსახურების ხარისხის ინსპექტირება შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, ქვეკონტრაქტორების მიერ მიწოდებული საქონლის ან/და მომსახურების ინსპექტირება.

5. ყველა გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასა და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 18. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართი №1

შპს „გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ მიერ შესასყიდი საქონლის ჩამონათვალი

 

1

მართვის გამანაწილებელი სისტემის (DCS) სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები

2

წყლის გამწმენდი სადგურის (Water Treatment Plant) სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები

3

გამაგრილებელი კოშკურის (Cooling Tower) სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები

4

ღერძული ამწეების სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები

5

თბოელექტროსადგურში არსებული სატუმბი მეურნეობის ტუმბოები, მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები

6

გაზის ტურბინებისა და დამხმარე მოწყობილობების

(Gas Turbine and auxiliaries) სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები

7

ორთქლის ტურბინისა და დამხმარე მოწყობილობების

(Steam Turbine and auxiliaries) სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები

8

გაზის კომპრესორის (Fuel Gas compressor) სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები

9

ორთქლის კონდენსატორის (Steam condenser) სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები

 

10

თბომცვლელი ორთქლის გენერატორის (HRSG) სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები

11

გაზის ტურბინის გენერატორების (Gas Turbine Generator) სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები

12

ორთქლის ტურბინის გენერატორის (Steam Turbine Generator) სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები

13

ტრანსფორმატორების სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები

14

ელექტრული ამომრთველების სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები

15

220 კვ გამანაწილებელი ქვესადგურის სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები

16

ავარიული დიზელგენერატორის სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები

17

გაზის რეგულირებისა და აღრიცხვის სადგურების სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები

18

ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები

19

აზოტის გენერატორის სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები

20

გათბობა-ვენტილაციის სისტემების სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები

21

ნულოვანი გაშვების დიზელგენერატორის (Black Start Diesel Generator) სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები

22

თბოელექტროსადგურის ძირითად აგრეგატებზე სამუშაოების ჩატარებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტები და იარაღები

23

თბოელექტროსდგურის ოპერირებისთვის საჭირო ქიმიური ნივთიერებები

24

თბოელექტროსადგურის გამართული ფუნქციონირების მიზნით გამოსაყენებელი ტექნიკური წყლის ძირითად პარამეტრებზე ტესტებისა და ანალიზების ჩასატარებლად საჭირო ლაბორატორიის მოსაწყობად აუცილებელი მოწყობილობა-დანადგარები, ნაწილები, მასალები და ინსტრუმენტები

25

თბოელექტროსადგურისა და მასში განლაგებული ძირითადი აგრეგატების უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის საჭირო დაცვის სისტემები, მოწყობილობები, ინსტრუმენტები და ნაწილები.

 

დანართი №2

შპს „გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ მიერ შესასყიდი მომსახურების ჩამონათვალი

 

1

თბოელექტროსადგურის ძირითადი დანადგარების/აგრეგატებისა და დამხმარე მოწყობილობების საკალიბრაციო, სარემონტო, სამოდიფიკაციო მომსახურება და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკონსულტაციო/ტექნიკური მომსახურება

2

თბოელექტროსადგურის ძირითადი აგრეგატების სამართავად აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიები, განახლებები და ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება

3

საქონლის საბაჟო, სატერმინალო, მიწოდების, საკურიერო, სატვირთო, გადაზიდვის/ტრანსპორტირების, დაზღვევის, შენახვისა და საბროკერო მომსახურებების შესყიდვა

4

ავარიულად დაზიანებულ ძირითად და დამხმარე მოწყობილობებზე უწესრიგობების აღმოფხვრა

5

სპეცტექნიკის დაქირავება/იჯარა

6

ლაბორატორიული ტესტები და ანალიზი

7

თბოელექტროსადგურში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შესაბამისი სწავლებისა და ტრენინგების მომსახურება.