პირის თავდაცვის სფეროში მოხალისეთა რეესტრში დარეგისტრირებისა და მოხალისეთა რეესტრიდან ამორიცხვის წესის და თავდაცვის სფეროში მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ

პირის თავდაცვის სფეროში მოხალისეთა რეესტრში დარეგისტრირებისა და მოხალისეთა რეესტრიდან ამორიცხვის წესის და თავდაცვის სფეროში მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 24/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017193
16
24/01/2024
ვებგვერდი, 25/01/2024
120000000.22.026.017193
პირის თავდაცვის სფეროში მოხალისეთა რეესტრში დარეგისტრირებისა და მოხალისეთა რეესტრიდან ამორიცხვის წესის და თავდაცვის სფეროში მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №16

2024 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

 

პირის თავდაცვის სფეროში მოხალისეთა რეესტრში დარეგისტრირებისა და მოხალისეთა რეესტრიდან ამორიცხვის წესის და თავდაცვის სფეროში მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ

თავდაცვის კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

1. პირის თავდაცვის სფეროში მოხალისეთა რეესტრში დარეგისტრირებისა და მოხალისეთა რეესტრიდან ამორიცხვის წესი (დანართი №1).

2. თავდაცვის სფეროში მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის კრიტერიუმები და წესი (დანართი №2).

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე



 დანართი №1

პირის თავდაცვის სფეროში მოხალისეთა რეესტრში დარეგისტრირებისა და მოხალისეთა რეესტრიდან ამორიცხვის წესი


მუხლი 1. პირის თავდაცვის სფეროში მოხალისეთა რეესტრში დარეგისტრირება

1. პირისთვის თავდაცვის სფეროში მოხალისეობითი ხელშეკრულების გაფორმების და თავდაცვის სფეროში მოხალისის (შემდგომ  მოხალისე) სტატუსის მინიჭების წინაპირობაა თავდაცვის სფეროში მოხალისეთა რეესტრში (შემდგომ – მოხალისეთა რეესტრი) დარეგისტრირება.

2. მოხალისეობის მსურველი პირი ავსებს მოხალისეთა რეესტრში რეგისტრაციისათვის განკუთვნილ აპლიკაციის ფორმას (დანართი №1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის თავდაცვის მოხალისის (შემდგომ – თავდაცვის მოხალისე) ოფიციალურ ვებგვერდზე − www.Defencevolunteers.ge-ზე, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს თავდაცვის მოხალისის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

3. მოხალისეობის მსურველმა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი  განაცხადი შეიძლება ასევე შეავსოს წერილობითი ფორმით თავდაცვის მოხალისეში. აპლიკაციის წერილობითი ფორმით შევსების შემთხვევაში, მის ვებგვერდზე განთავსებას უზრუნველყოფს თავდაცვის მოხალისის საამისოდ უფლებამოსილი პირი.

4. მოხალისეთა აღრიცხვის მიზნით მოხალისეთა ელექტრონულ სისტემაში შეიტანება პირთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია (მონაცემები):

ა) პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები − სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, ფოტოსურათი, აგრეთვე ინფორმაცია მისი მოქალაქეობის შესახებ;

ბ) ინფორმაცია პირის ფიზიკური მახასიათებლების (სისხლის ჯგუფი, სიმაღლე, წონა, ფეხის ზომა, თავის ზომა) შესახებ;

გ) ინფორმაცია პირის განათლების, კვალიფიკაციის, უნარების, განსაკუთრებული ნიჭისა და სამუშაო გამოცდილების, სპეციფიკური საქმიანობისა და დასაქმების შესახებ;

დ) ინფორმაცია პირის მიერ სამხედრო სამსახურის, სარეზერვო სამხედრო სამსახურის, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის შესახებ, აგრეთვე პირის საბრძოლო მოქმედებებსა და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისა და მისთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე;

ე) ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

5. მოხალისეთა რეესტრში პირის დარეგისტრირებით იქმნება მოხალისის პირადი ელექტრონული პროფილი, რომელშიც შეიტანება მონაცემები პირის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ხდება აღნიშნული ინფორმაციის განახლება.

6. მოხალისეთა რეესტრში არსებული ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც არ მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად ამუშავებს თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის მოხალისე. მოხალისეთა ორგანიზაცია შეიძლება გაეცნოს მოხალისეთა რეესტრში არსებულ ინფორმაციას თავდაცვის მოხალისის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში.

მუხლი 2.  მოხალისეთა რეესტრში პირის მოხალისედ დარეგისტრირებაზე უარის თქმის საფუძვლები

მოხალისეთა რეესტრში პირის მოხალისედ დარეგისტრირებაზე უარის თქმის საფუძველია, თუ:

ა) მას არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის;

ბ) პირის საქმიანობა არ შეესაბამება თავდაცვის ამოცანებსა და მიზანს და შეიძლება ზიანი მიადგეს თავდაცვის მოხალისის და/ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეპუტაციას;

გ) პირი ნასამართლევია, ბრალდებული ან მსჯავრდებულია დანაშაულის ჩადენისთვის;

დ) არსებობს საფუძველი იმისა, რომ მისმა ქცევამ ან ცხოვრების წესმა საფრთხე შეუქმნას პირად ან/და სხვათა უსაფრთხოებას;

ე) პირი აღრიცხულია  ნარკოტიკული ან ფსიქოტროპულის ნივთიერებების მოხმარებისთვის.

მუხლი 3. პირის მოხალისეთა რეესტრიდან ამორიცხვის საფუძვლები

პირის მოხალისეთა  რეესტრიდან ამორიცხვის საფუძვლებია:

ა) მოხალისეობითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა;

ბ) დაკისრებული მოვალეობის არაკეთილსინდისიერად/არაჯეროვნად შესრულება;

გ) მოხალისეთა შეკრებებზე/ტრენინგებზე არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ სამჯერ გამოუცხადებლობა;

დ) პირადი განცხადება;

ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ვ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ზ) ნასამართლეობა;

თ) გარდაცვალება.

მუხლი 4. პირის მოხალისეთა რეესტრიდან ამორიცხვის წესი

1. პირის მოხალისეთა რეესტრიდან ამორიცხვის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მოხალისეთა მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის მიმართვის საფუძველზე პირის მოხალისეთა რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თავდაცვის მოხალისის დირექტორი, რაც ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. მოხალისეთა მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის მიმართვაში აღწერილი უნდა იყოს პირის მოხალისეთა რეესტრიდან ამორიცხვის საფუძვლები.

3. მოხალისეთა რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ შეტყობინება მოხალისეს ეცნობება ოფიციალური ვებგვერდით − www.defencevolunteers.ge და იშლება მისი პირადი პროფილი.


 დანართი №2

თავდაცვის სფეროში მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის კრიტერიუმები და წესი


მუხლი 1. თავდაცვის სფეროში მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები

1. თავდაცვის სფეროში მოხალისეთა ორგანიზაციის (შემდგომ - მოხალისეთა ორგანიზაცია) სტატუსის მინიჭებისთვის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) მოხალისეთა ორგანიზაციის დამფუძნებლები/წევრები საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თავდაცვის მოხალისის (შემდგომ - თავდაცვის მოხალისე) გარდა, შეიძლება იყვნენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, ან/და საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები;

ბ) მოხალისეთა ორგანიზაციის საქმიანობა უნდა მოიცავდეს თავდაცვის კოდექსით განსაზღვრულ მოხალისეობრივ და მისგან გამომდინარე (დამხმარე) საქმიანობას;

გ) მოხალისეთა ორგანიზაციის საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის ეროვნული თავდაცვის ინტერესებს და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

2. მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი არ მიენიჭება ორგანიზაციას:

ა) რომლის  მიზანი ან/და საქმიანობა არ შეესაბამება თავდაცვის ამოცანებსა და მიზანს ან\და მისი საქმიანობით, შეიძლება ზიანი მიადგეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან/და თავდაცვის მოხალისის რეპუტაციას;

ბ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ორგანიზაციის მიზანმა ან/და საქმიანობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებას;

გ) რომელიც ფინანსდება უცხო ქვეყნის ორგანიზაციის ან მოქალაქის მიერ, ან რომლის დაფინანსების წყარო ან წარმომავლობა გაურკვეველი, უცნობი ან მიუღებელია და რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებას;

დ) რომლის დამფუძნებელი:

დ.ა) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის;

დ.ბ) აღრიცხულია  ნარკოტიკული ან ფსიქოტროპულის ნივთიერებების მოხმარებისთვის ან რომელიც მხილებულია ნარკოტიკულ დანაშაულში.

მუხლი 2. მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის შეჩერების და შეწყვეტის კრიტერიუმები

1. მოხალისეთა ორგანიზაციას მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი უწყდება:

ა) თუ იგი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს თავდაცვის მოხალისესთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს;

ბ) თუ იგი ვეღარ აკმაყოფილებს მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს;

გ) თუ მოხალისეთა ორგანიზაცია დაკავებულია სხვა საქმიანობით, გარდა წესდებით და თავდაცვის მოხალისესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულისა;

დ) თუ მისი წარმომადგენელი არასაპატიო  მიზეზით ზედიზედ სამჯერ არ დაესწრება და მონაწილეობას არ მიიღებს თავდაცვის მოხალისის საბჭოს სხდომებში.

2. მოხალისეთა ორგანიზაციას მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი უჩერდება მისთვის ამ სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებული წარმოების დაწყების შემთხვევაში.

3. მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება უქმდება, თუ მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება შესაბამისი წარმოების დაწყებიდან 3 (სამი) თვის ვადაში არ იქნა მიღებული.

მუხლი 3. მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების, შეჩერების და შეწყვეტის წესი

მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების, შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, თავდაცვის მოხალისის დირექტორის მიმართვის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რაც ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.