დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 11 |
დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/01/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016724 |
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესი. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 იანვრის №5 დადგენილება. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესი (შემდეგში-წესი) განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (შემდგომში – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში (შემდგომში – მერია) წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას, დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს და სერვისების მიწოდებას. მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური უზრუნველყოფს დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებ(ებ)ის სისტემატურ შემოწმებას (ცვლილება/ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახ(ებ)ის გამოვლენა ან გაუქმება), რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა). |
თავი I
სოციალური დახმარების სახეები
|
მუხლი 1.
ფულადი სოციალური დახმარების სახეები |
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი დახმარებები:
ა) ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა (პროგრამის კოდი 06 02 02); ბ) გენდერული თანასწორობის, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 03) – მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, პირველი-მეორე შვილის შეძენა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, ტყუპის შეძენა, ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დახმარება და გენდერული თანასწორობის საკითხების ფინანსური მხარდაჭერა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდეგში-შშმ) პირთა სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 04) - შშმ (მკვეთრად გამოხატული), სმენა და მხედველობადაქვეითებული პირების კომუნალური ხარჯების თანადაფინანსება წელიწადში ოთხი თვის განმავლობაში, ასევე შშმ და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე 0-18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი ფულადი დახმარება და ზრუნვის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის მოვლის საზღაურის ყოველთვიური დაფინანსება; დ) მარტოხელა მშობლის სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 05); ე) ხანდაზმულთა, მარტოხელა მოხუცების შინმოვლისა და სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 06); ვ) ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 08)-ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებში ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პაციენტების და პერიტონეალური დიალიზის პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების ხარჯების თანადაფინანსება, ადმინისტრაციული ერთეულის სერვისის მიმწოდებელი ცენტრიდან დაშორების გათვალისწინებით. ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პერიტონიალური დიალიზის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის, რომლებიც სერვისის მისაღებად დროებით გადაადგილებიან სხვა მუნიციპალიტეტის სამედიცინო ცენტრებში, ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება. სოციალურად დაუცველი სტუდენტების (სარეიტინგო ქულით 65001-ზე ნაკლები), რომლებიც სწავლობენ მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ, აკრედიტირებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში, მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება, სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა - დღის ცენტრების ქვეპროგრამაში ჩართული შშმ ბავშვების თანმხლებ პირთა ტრანსპორტირების თანადაფინანსება; ზ) სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 09) - მიმდინარე წლის ხანძრით და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა. ასევე, უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა; თ) დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 10); ი) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გათბობის საშუალებებით მხარდაჭერის და სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 11); კ) სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 12); ლ) სოციალური საცხოვრისის ეზოს კეთილმოწყობა, მიმდინარე რემონტის, ბენეფიციართა კომუნალური ხარჯებისა და სხვა ყოფითი პირობების გაუმჯობესებისთვის საჭირო თანხების თანაგადახდა, ხანდაზმულთა დღის ცენტრის ფინანსური მხარდაჭერა (პროგრამის კოდი 06 02 13). 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეებიდან უსახლკარო ოჯახთა ბინის ქირით უზრუნველყოფა, ვეტერანთა კავშირის დაფინანსება. ასევე, მოვლის საჭიროების მქონე მძიმე ავადმყოფებისათვის მოვლის საზღაურის დაფინანსება, დედ-მამით ობოლი ბავშვების, მარტოხელა მშობლების დახმარება, ჰემოდიალიზის, პერიტონეალური დიალიზის (მედიკამენტების) პაციენტთა ტრანსპორტირების თანხის ანაზღაურება მოხდება ყოველთვიურად ბენეფიციარის მიერ განცხადების შემოტანიდან საბიუჯეტო წლის ბოლომდე, ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანარჩენი სახეები ერთჯერადია და მათი გაცემა წელიწადში ერთხელ ხდება. |
მუხლი 2.
არაფულადი სოციალური დახმარების სახეები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები:
ა) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა (პროგრამის კოდი 06 02 01); ბ) მარტოხელა და მარტომცხოვრებ ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისი (პროგრამის კოდი 06 02 06) გ) სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 07); დ) გენდერული თანასწორობის საკითხების ორგანიზება და ქალთა ოთახის ფუნქციონირების ხელშეწყობა(პროგრამის კოდი 06 02 03) ე) უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა (პროგრამის კოდი 06 02 14); ვ) განსაკუთრებულად შეჭირვებული სოციალურად დაუცველი ოჯახების (სარეიტინგო ქულა 35 001-მდე) გაზიფიკაცია; ზ) სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნის შემთხვევაში, შუამდგომლობის გაწევა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან; თ) პირველი ხარისხის სამერქნე ხე-ტყის მოჭრის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის გაწევა აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან; ი) თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი-საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალური მობილობა. |
თავი II
ბენეფიციართა კატეგორიები და ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების
გასაცემად საჭირო დოკუმენტაცია |
მუხლი 3.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 01) |
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამა ითვალისწინებს:
1. ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა, შშმ პირთა, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა მშობელთა, ხანდაზმულთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების (პირების) ყოველდღიურად ცხელი სადილით უზრუნველყოფას დღეში ერთხელ; კვების უზრუნველყოფის პროგრამაში (უფასო სასადილოს მომსახურება) ჩასართავად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები), შშმ პირთა სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, მარტოხელა მშობლის ცნობა და სხვა); გ) პირადობის მოწმობის ასლი; დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა; ე) სხვა არსებული დოკუმენტები. 2. სოფელში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე პირთა (შშმ პირები, მარტოხელა და მარტომცხოვრები მოხუცები, და ა.შ) საკვები პროდუქტებით წლის განმავლობაში ერთჯერადად დახმარებას; დახმარების მისაღებად შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლი მერიაში წარმოადგენს შუამდგომლობას თანდართული ბენეფიციართა სიით. |
მუხლი 4.
ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 02) |
1. პროგრამა ითვალისწინებს:
ა) 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებზე - ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით; ბ) მიმდინარე წელს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანის ან საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში, ვეტერანის ოჯახს უფლება აქვს ისარგებლოს ერთჯერადი დახმარებით 300 (სამასი) ლარის ოდენობით. გ) მომვლელის საჭიროების მქონე ვეტერანის მოვლის საზღაური თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით; დ) ა(ა)იპ „ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ზუგდიდის ვეტერანთა კავშირის“ ფინანსურ უზრუნველყოფას ამავე კავშირის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე ყოველი თვის ბოლო რიცხვებში; ე) 2008 წლის აგვისტოს თვეში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა წელიწადში ერთხელ 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; გ) გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) გარდაცვლილი ვეტერანი დევნილის შემთხვევაში - დევნილის მოწმობის ასლი; ვ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი. 3. 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ომის ვეტერანთან გათანაბრებულმა პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ვეტერანთან გათანაბრებული პირის მოწმობის ასლი; დ) დევნილი ვეტერანის შემთხვევაში- დევნილის მოწმობის ასლი; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 5.
გენდერული თანასწორობის, ოჯახებისა და ბავშვების გაძლიერების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 03)
|
1. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 ან მეტი შვილი, ერთჯერადი დახმარება. დახმარების თანხა: 4 შვილზე-200 (ორასი) ლარი, 5 შვილზე-300 (სამასი) ლარი, 6 შვილზე-400 (ოთხასი) ლარი და ა.შ. დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება; ბ) ერთერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; დ) არასრულწლოვანის პირადობის მოწმობის ასლები ან რეგისტრაციის ბარათი; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. 2. დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ყოველთვიური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მეურვემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) ბავშვის მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები; გ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ბავშვი(ები)ს დაბადების მოწმობის ასლი; ე) არასრულწლოვანი(ები)ს პირადობის მოწმობის ასლი(ები) ან რეგისტრაციის ბარათი; ვ) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) მეურვის საბანკო ანგარიშის ნომერი; თ)ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი. 3. მიმდინარე წელს ტყუპის შეძენისას ერთჯერადი დახმარების თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) მშობლის (დედის ან მამის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; დ) არასრულწლოვანების პირადობის მოწმობის ასლები ან რეგისტრაციის ბარათები; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი. 4. მიმდინარე წელს პირველი-მეორე შვილის შეძენისას (სოციალურად დაუცველი ოჯახები- სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) - ერთჯერადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) მშობლის (დედის ან მამის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ამონაწერი სოციალურადდაუცველი ოჯახებისმონაცემთაერთიანიბაზიდან; დ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; ე) არასრულწლოვანის პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ბარათი; ვ) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი. 5. ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 100-800 ლარამდე ოდენობით (შემაკავებელი და დამცავი ორდერის მოქმედების პირობებში სასამართლოსა და ან/და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით) სტატუსის მოქმედების ვადის შესაბამისად. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) მომხდარი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი (შემაკავებელი ან დამცავი ორდერი/სასამართლოს გადაწყვეტილება ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილება); დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 6.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 04) |
1.18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით, გარდა მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე მყოფი უწყვეტ პროგრამაში ჩართული ბავშვებისა; დახმარების მისაღებად მერიაში უნდა წარადგინონ: ა)მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV- 100/ა); ბ) პირადობის მოწმობის ასლი ან არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი; გ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი-არსებობის შემთხვევაში; დ) განცხადება; ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ვ) განმცხადებლის პროგრამის ბენეფიციართან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი. 2. შშმ მკვეთრად გამოხატული, სმენა და მხედველობადაქვეითებული პირთათვის კომუნალური ხარჯების თანადაფინანსება წელიწადში ოთხი თვის განმავლობაში თვეში 25-25 ლარის ოდენობით (განმცხადებლის მიერ განცხადებაში მითითებულ თვეებში). ბენეფიციარმა მერიაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის ასლი; გ) შშმ სტატუსის (მკვეთრად გამოხატული), სმენა და მხედველობა დაქვეითებულის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) საბანკო ანგარიშის ნომერი. 2.მომვლელის საზღაურის დაფინანსების ქვეპროგრამით ისარგებლებენ ის ოჯახები, რომელთაც ჰყავთ მუდმივი ზრუნვის საჭიროების მქონე მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე შშმ პირი ან სნეული, მწოლიარე ხანდაზმული. ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახები (სარეიტინგო ქულა 65 001-მდე), რომლებსაც ჰყავთ მუდმივი ზრუნვის საჭიროების მქონე ოჯახის წევრი. ოჯახის შემადგენლობა განისაზღვროს ავადმყოფის გარდა მხოლოდ 1 ან 2 (სრულწლოვანი) წევრით, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავებული ავადმყოფის მოვლით და ამ მიზეზით ვერ საქმდებიან. დახმარების თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაირიცხება ყოველთვიურად, განცხადების წარდგენიდან საბიუჯეტო წლის ბოლომდე პირად ანგარიშზე. ასევე, ამ პროგრამით ისარგებლებენ მარტოხელა მომვლელის საჭიროების მქონე პირები. დახმარების მისაღებად მომვლელმა ან მოვლის საჭიროების მქონე პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), რომელშიც ფიქსირდება ავადმყოფზე მუდმივი ზრუნვის საჭიროება; გ) მომვლელის და/ან მოვლის საჭიროების მქონე პირის პირადობის მოწმობის ასლი; დ) მომვლელის და/ან მოვლის საჭიროების მქონე პირის საბანკო ანგარიშის ნომერი; ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან (65 001-ზე ნაკლები) - არსებობის შემთხვევაში; ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი. |
მუხლი 7.
მარტოხელა მშობლის სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 05)
|
1.18 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგულ ბავშვზე ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) 18 წლამდე ასაკის ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ბავშვის პირადობის მოწმობის ასლი ან არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი; ე) ბავშვის დედის ან მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ვ) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი(არსებობის შემთხვევაში); ზ) საბანკო ანგარიშის ამონაწერი; თ)მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. მარტოხელა მშობლის დახმარება, რომელსაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი ქორწინების გარეშე - ყოველთვიური დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი; დ) არასრულწლოვანის პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ბარათი; ე) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
|
მუხლი 8.
ხანდაზმულთა სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 06)
|
1.100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად ხანდაზმულის ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ოჯახის წევრის ან განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ოჯახის წევრის პროგრამის ბენეფიციართან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა); ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. 2. მარტოხელა და მარტომცხოვრებ ხანდაზმულთა შინმოვლა - ითვალისწინებს მარტოხელა და მარტომცხოვრები ხანდაზმულების შინ მოვლის სერვისს, რომელთაც არა აქვთ ფიზიკური და ეკონომიკური შესაძლებლობა მოიწესრიგონ თავიანთი საყოფაცხოვრებო გარემო პირობები. ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა ან მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი. 3. მიმდინარე წელს სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) გარდაცვლილი პირის სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად ოჯახმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; დ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) გარდაცვალების მოწმობის ასლი; ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი. ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი. |
მუხლი 9.
სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 07) |
შობა-ახალი წლისა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მოწყვლადი ჯგუფებისთვის: მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, სოციალურ საცხოვრისში ჩასახლებული და უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებისთვის პროდუქტების სასაჩუქრე პაკეტების გადაცემა; შშმ პირთა (14 ივნისი, 3 დეკემბერი) და ხანდაზმულთა (1 ოქტომბერი) უფლებების დაცვის დღეებისა და სხვა აღსანიშნავი ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერა. |
მუხლი 10.
ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 08) |
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პაციენტების და პერიტონეალური დიალიზის პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება, თითოეულს თვეში 100 -150 (ასი -ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ადმინისტრაციული ერთეულის სერვისის მიმწოდებელი ცენტრიდან დაშორების გათვალისწინებით; ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პერიტონეალური დიალიზის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის, რომლებიც სერვისის მისაღებად დროებით გადაადგილდებიან სხვა მუნიციპალიტეტის სამედიცინო ცენტრებში ტრანსპორტირების ანაზღაურება თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით. სოციალურად დაუცველი სტუდენტების (სარეიტინგო ქულით 65001-ზე ნაკლები), რომლებიც სწავლობენ მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ, აკრედიტირებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება წელიწადში ერთხელ 200 (ორასი) ლარის ოდენობით; სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა-დღის ცენტრების ქვეპროგრამაში ჩართული შშმ ბავშვების თანმხლებ პირთა ტრანსპორტირების თანადაფინანსება.
2. სამედიცინო დაწესებულების მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი მომართვის (ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართული პირებისთვის) შესაბამისად, დიალიზის პროგრამაში მყოფი ბენეფიციარების ტრანსპორტირების ხარჯების ასანაზღაურებლად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პერიტონეალური დიალიზის პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა №IV-100/ა); გ) პირადობის მოწმობის ასლი; დ) საბანკო ანგარიშის ნომერი. 3.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის (სარეიტინგო ქულა 65001-ზე ნაკლები), რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებელში, მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება 200 (ორასი) ლარის ოდენობით, წელიწადში ერთხელ. დახმარების მისაღებად სტუდენტმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; დ) ცნობა მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ მდებარე აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. 4. სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა-დღის ცენტრების ქვეპროგრამაში ჩართული შშმ ბავშვების თანმხლებ პირთა ტრანსპორტირების თანადაფინანსების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) ბავშვის პირადობის მოწმობის ასლი ან არასრულწლოვანის რეგისტრაცის ბარათი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობა; დ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; ე) ბავშვის და მშობლის დევნილის მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში) ვ) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი; ზ) ბენეფიციარის ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა-დღის ცენტრების ქვეპროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობა. თ) სერვისის მიმწოდებელმა მიმდინარე თვის ცენტრში განხორციელებული ვიზიტების დამადასტურებელი დოკუმენტი მერიაში უნდა წარმოადგინოს არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა. |
მუხლი 11.
სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 09)
|
1. მიმდინარე წელს სტიქიური მოვლენების (დიდთოვლობა, ქარბუქი, მიწისძვრა, წყალდიდობა და ა.შ.) შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება გაიცემა ერთჯერადად 3000 (სამი ათასი) ლარამდე. დახმარების ოდენობა განისაზღვრება საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანებული ფართობის მიხედვით, მერიაში არსებული სტიქიის კომისიის დასკვნის საფუძველზე. მეწყერისა და ჯდენადი გრუნტის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, როცა სახეზეა I კატეგორიის დაზიანების ხარისხი, შესაბამისი გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე.
ხანძრის შედეგად, საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის მთლიანად განადგურების შემთხვევაში, დაზარალებულ ოჯახზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივ დაზიანების შემთხვევაში, დაფინანსების ლიმიტს განსაზღვრავს სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისია, საცხოვრებელი სახლის დაზიანებული ფართობის მიხედვით. დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან (ხანძრის შემთხვევაში); დ) გეოლოგიური დასკვნა (მეწყერისა და ჯდენადი გრუნტის შემთხვევაში); ე) საბანკო ანგარიშის ნომერი; ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი. 2.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი ყველაზე მძიმე ეკონომიურ პირობებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) ოჯახების, ძალადობის მსხვერპლთა, სახლდამწვართა, მეწყერის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთა, ზრუნვის სისტემიდან გასული, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის დახმარება ყოველთვიურად ბინის ქირის საფასურის გადახდის მიზნით (თითოეულ ოჯახზე თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით). დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების არარსებობის შესახებ; დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში); ე) ქირავნობის ხელშეკრულება ნოტარიულად დამოწმებული; ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი; ზ) ძალადობის მსხვერპლის შემთხვევაში, შემაკავებელი ან დამცავი ორდერი ან/და მომხდარი ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი; თ) სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბენეფიციარისთვის, სისტემაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი; ი) კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის, შესაბამისი დოკუმენტი; კ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი; ლ) ხანძრის შემთხვევაში, ცნობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან. |
მუხლი 12.
დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 10) |
1. განსაკუთრებული საჭიროების მქონე (მარტოხელა მშობელი, მარტოხელა ხანდაზმული, შშმ პირი, სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები), ონკოლოგიური/მძიმე დაავადების მქონე პირები და ა.შ.) დევნილი ოჯახების ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა) და სხვა.); გ) პირადობის მოწმობის ასლი; დ) დევნილის მოწმობის ასლი; ე) სხვა არსებული დოკუმენტები; ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი; ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი. |
მუხლი 13.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გათბობის საშუალებებით მხარდაჭერისა და სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 11)
|
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული (სარეიტინგო ქულა 65 001- ზე ნაკლები) ოჯახების გაზიფიკაცია.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების შესახებ; დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; 2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ადგილობრივი მოსახლეობის, რომელთა სარეიტინგო ქულა 35 001- ზე ნაკლებია, კომუნალური ხარჯების თანადაფინანსება ოთხი თვის განმავლობაში თვეში 25-25 ლარის ოდენობით, მიმდინარე წლის იმ თვეებში, რომლებსაც ბენეფიციარი მიუთითებს განცხადებაში.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; დ) საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი. 3. სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ოჯახების (სარეიტინგო ქულა 100 000-ზე ნაკლები) ფინანსური მხარდაჭერა, განსაკუთრებული საჭიროებისას, წელიწადში ერთხელ 100-500 (ასი-ხუთასი) ლარის ფარგლებში, იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ არიან ჩართული მუნიციპალური სოციალური დახმარების 2-ზე მეტ პროგრამაში ან/და არ ღებულობენ ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას მერიის სოციალური პროგრამიდან (დაფინანსების საკითხი და ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით). დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში); გ) პირადობის მოწმობის ასლი; დ) სხვა არსებული დოკუმენტები; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი; ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი. |
მუხლი 14.
სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 12)
|
პროგრამა მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი, შშმ პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, ძალადობის მსხვერპლები, ზრუნვის სისტემიდან გასული, კანონთან კონფლიქტში მყოფი, მარჩენალდაკარგული პირები და ა. შ.) ჩართულობას პროექტებში, ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობას. წარმოდგენილი პროექტების შერჩევა მოხდეს მერიაში შექმნილი შესაბამისი კომისიისა და დებულების მიხედვით.
|
მუხლი 15.
პროგრამა „სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში“ (პროგრამის კოდი 06 02 13) |
1.პროგრამა ითვალისწინებს საცხოვრისის ეზოს კეთილმოწყობას, ყოფითი პირობების გაუმჯობესებას (შენობა-ნაგებობის სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის განახლება-შეძენას) და საცხოვრისში ჩასახლებული ოჯახების კომუნალური გადასახადების თანადაფინანსებას 25-25 ლარის ოდენობით ოთხი თვის განვალობაში.
2. სოციალური საცხოვრისის ბაზაზე ხანდაზმულთა დღის ცენტრის ფუნქციონირების ფინანსური ხელშეწყობა (ანაზღაურება მოხდება ყოველთვიურად, ფაქტიურად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე). |
მუხლი 16.
უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 14)
|
1. პროგრამა ითვალისწინებს უსახლკარო, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირეფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას, ხოლო მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, ერთი თბილი ოთახის მოწყობას (თითოეულ ოჯახზე 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში, მერის მიერ დამტკიცებული პროექტის, დებულების და სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით). 2.საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტში ჩართვის მიზნით მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ასლები; გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმ პირი, ომის ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი და სხვა); დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის საკუთრებაზე და სხვა უძრავი ქონების არარსებობის შესახებ; ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი. მშენებლობისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის პაკეტის (მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობები (ქალაქის ტერიტორიის გარდა), შეთანხმება/ნებართვა, ტოპოგრაფია, პროექტი, გეოლოგია, გეოლოგიის ექსპერტიზა, კონსტრუქცია, კონსტრუქციის ექსპერტიზა, ხარჯთაღრიცხვა, ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა) შესყიდვას განახორცილებს მერიის შესაბამისი სამსახური. 3. „ერთი თბილი ოთახის“ პროექტში ჩართვის მიზნით, მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ასლები; გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმ პირი, ომის ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი და სხვა); დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საცხოვრებელი სახლის საკუთრებაზე; ე)ცნობა საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების შესახებ; ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი. |
მუხლი 17.
განცხადებების განხილვის წესი
|
ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების მოთხოვნით შემოსული განცხადებები განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელ კომისიას. ასევე, ამ კომისიით შეიძლება განხილულ იქნას ის განცხადებები, რომლებიც არ ითვალისწინებს კომისიურ განხილვას და ვერ აკმაყოფილებს (არასრულყოფილი დოკუმენტაცია და სხვა) გაცემის წესით გათვალიწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ წარმოადგენს გამონაკლისს, განსაკუთრებული სირთულისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე. |
თავი III
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
|
მუხლი 18.
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა |
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური.
2. მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური პასუხისმგებელია დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ დამუშავებაზე. 3. სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა სოციალური დახმარების თაობაზე შემოსული განცხადებებისა და მომართვების საფუძველზე, სოციალური მდგომარეობისა და პირობების შესწავლის მიზნით შექმნილი კომისია. 4. სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამით გათვალისწინებული თანხების განკარგვაზე პასუხისმგებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების კომისია. 5. უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული თანხების განკარგვაზე პასუხისმგებელია უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისია. 6. უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისია.
|
თავი IV
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მიერ სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
|
მუხლი 19.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა |
მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს განიხილავს მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კომისიები.
|
მუხლი 20.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება |
1. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრეციული კოდექსის მე-4 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. თანხის ჩარიცხვა ხდება მერის ან სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის შესაბამისად. |
თავი V
გარდამავალი დებულებანი
|
მუხლი 21.
გარდამავალი დებულებანი
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ადგილობრივ და დევნილ ბენეფიციარებზე. დაუშვებელია ფულადი სოციალური დახმარებების გაცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის, იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური სოციალური პროგრამებით დახმარების მიმღებნი სხვა უწყებიდან. |
დოკუმენტის კომენტარები