„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი - ფაზა II)“

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი - ფაზა II)“
დოკუმენტის ნომერი 1066
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2024
ძალაში შესვლის თარიღი 18/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016761
1066
02/03/2023
ვებგვერდი, 16/01/2024
480610000.03.030.016761
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი - ფაზა II)“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი - ფაზა II)“

 

შეთანხმება დათარიღებულია 2023 წლის 2 მარტს და ფორმდება საქართველოსა (შემდგომში „მსესხებელი“) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (შემდგომში „ბანკი“) შორის.

პრეამბულა

ვინაიდან ბანკი დაარსდა კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად ღია საბაზრო სისტემაზე ორიენტირებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის გადასვლის პროცესის ხელშეწყობისა და კერძო და სამეწარმეო წამოწყებების წახალისების მიზნით განსაზღვრულ ქვეყნებში, რომლებმაც აიღეს ვალდებულება და იცავენ მრავალპარტიული დემოკრატიის, პლურაზმისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს; 

ვინაიდან მსესხებელი აპირებს განახორციელოს პროექტი, როგორც ეს აღწერილია განრიგში 1, რომელიც შექმნილია ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის სამართავი აღჭურვილობის შესყიდვისა და აჭარის რეგიონში გამწმენდი ნაგებობის (გადამტვირთი სადგურის) მშენებლობის მიზნით;

ვინაიდან პროექტს განახორციელებს შპს აჭარის მყარი ნარჩენების მართვის კომპანია („კომპანია“ ან „პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია“), მუნიციპალური ერთეული, რომელიც მთლიანად ეკუთვნის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, მსესხებლის ფინანსური დახმარებით;

ვინაიდან მსესხებელმა დახმარება ითხოვა ბანკისგან პროექტის ნაწილობრივი დაფინანსებისთვის;

ვინაიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა („აჭარის ა/რ“ ან „პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაცია“) გაუწევს დახმარებას და მხარდაჭერას კომპანიას პროექტის განსახორციელებლად, ბანკსა და აჭარას შორის გაფორმებული პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების შესაბამისად („პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება“) და კომპანია გააფორმებს საპროექტო ხელშეკრულებას ბანკთან პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით (პროექტის განხორციელების ხელშეკრულება) (თითოეული კომპანია და აჭარა ა/რ არის „პროექტის ორგანიზაცია“ და თითოეული პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება და პროექტის განხორციელების ხელშეკრულება არის „საპროექტო შეთანხმება“ სტანდარტული პირობების მიზნებისთვის და როგორც ეს არის განსაზღვრული სტანდარტული პირობებით);

ვინაიდან მსესხებელი აპირებს მონაწილეობა მიიღოს მწვანე ქალაქების პროგრამაში და, შესაბამისად, მსესხებელს სურს სესხის აღება, და ბანკს სურს გასცეს წინამდებარე შეთანხმებით, პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებითა და პროექტის განხორციელების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან მითითებული ვადების და პირობების თანახმად, 19,000,000 ევროს (ცხრამეტი მილიონი ევრო) ოდენობის სესხი წინამდებარე შეთანხმებაში განსაზღვრული ვადებით და პირობებით.

შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:


მუხლი სტანდარტული ვადები და პირობები; განმარტებები

ნაწილი 1.01. სტანდარტული ვადებისა და პირობების გათვალისწინება

ბანკის 2021 წლის 5 ნოემბრით დათარიღებული „სტანდარტული ვადებისა და პირობების” ყველა დებულება აქვე არის გათვალისწინებული და გამოიყენება წინამდებარე შეთანხმებაში იმავე ძალითა და ეფექტით, როგორც უშუალოდ ამ შეთანხმებაში იქნებოდა განსაზღვრული:

ნაწილი 1.02. განმარტებები

წინამდებარე შეთანხმებაში ნებისმიერ ადგილას (პრეამბულისა და განრიგების ჩათვლით) გამოყენებული ტერმინი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვაგვარად მიეთითება ან კონტექსტი განსხვავებულ განმარტებას მოითხოვს, პრეამბულაში განსაზღვრული ტერმინები მითითებულის თანახმად განიმარტება; სტანდარტულ ვადებსა და პირობებში განსაზღვრულ ტერმინებს აქვთ მათთვის იქვე მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობები და შემდეგ ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტებები:

 

„მსესხებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი“

გულისხმობს მსესხებლის ფინანსთა მინისტრს ან სხვა პირს, რომელსაც მსესხებლის ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს წერილობით.

„სააღსრულებო პოლიტიკა და პროცედურები“

 გულისხმობს ბანკის 2017 წლის 4 ოქტომბრით დათარიღებულ სააღსრულებო პოლიტიკასა და პროცედურებს.

„ფისკალური წელი“

გულისხმობს მსესხებლის ფისკალურ წელს, რომელიც იწყება ყოველი ცალკეული წლის 1 იანვარს.

„საგრანტო შეთანხმება“

გულისხმობს ნებისმიერ საგრანტო შეთანხმებას, რომელიც შესაძლოა გაფორმდეს ბანკსა და მსესხებელს შორის და რომლითაც წარმოდგენილი იქნება თანხები გრანტის სახით პროექტის განხორციელების მხარდასაჭერად.

„სესხის ვალუტა“

გულისხმობს ევროს.

„სესხის 1-ელი ტრანში“

აქვს ნაწილში 2.01(ბ) მითითებული მნიშვნელობა.

„სესხის მე-2 ტრანში“

აქვს ნაწილში 2.01(ბ) მითითებული მნიშვნელობა.

„სესხის მე-2 ტრანშის ხელმისაწვდომობის ვადა“

 აქვს ნაწილში 2.02(ვ) მითითებული მნიშვნელობა.

 

ნაწილი 1.03. ინტერპრეტაცია

 სხვაგვარად განსაზღვრული შემთხვევების გარდა, წინამდებარე შეთანხმების კონკრეტულ მუხლზე, ნაწილზე ან განრიგზე მითითება გულისხმობს ამ შეთანხმების განსაზღვრულ მუხლზე, ან ნაწილზე ან განრიგზე მითითებას.

 

მუხლი II  სესხის ძირითადი პირობები

ნაწილი 2.01. თანხა და ვალუტა

(ა) ბანკი თანახმაა წინამდებარე შეთანხმებაში განსაზღვრული ან მინიშნებული პირობების საფუძველზე მსესხებელს გამოუყოს 19,000,000 ევრო (ცხრამეტი მილიონი ევრო), რომელიც შედგება:

(ბ) სესხი შედგება ორი (2) ტრანშისაგან, შემდეგნაირად:

(1) 1-ელი ტრანში  3,000,000 ევროს (სამი მილიონი ევრო) ოდენობით („სესხის 1-ელი ტრანში“); და

(2) მე-2 ტრანში  16,000,000 ევროს (თექვსმეტი მილიონი ევრო) ოდენობით („სესხის მე-2 ტრანში“).

ნაწილი 2.02. სესხის სხვა ფინანსური პირობები

(ა) ჩარიცხვის მინიმალური თანხა უნდა იყოს 50,000 ევრო (ორმოცდაათი ათასი ევრო) (ცალ-ცალკე სესხის 1 და სესხის 2 ტრანშებისთვის).

(ბ) წინასწარი გადახდის მინიმალური თანხა უნდა იყოს 1,000,000 ევრო (1 მილიონი ევრო) (ცალ-ცალკე სესხის 1 და სესხის 2 ტრანშებისთვის).

(გ) გაუქმების მინიმალური თანხა უნდა იყოს 1,000,000 ევრო (1 მილიონი ევრო) (ცალ-ცალკე სესხის 1 და სესხის 2 ტრანშებისთვის).

(დ) პროცენტის გადახდის თარიღები უნდა იყოს ყოველი წლის 15 აპრილი და 15 ოქტომბერი.

(ე) (1) მსესხებელმა უნდა გადაიხადოს სესხის 1-ელი ტრანში 24 თანაბარ (ან მაქსიმალურად თანაბარი) ნაწილად წელიწადში ორჯერ ყოველი წლის 15 აპრილს და 15 ოქტომბერს, სესხის 1-ელი ტრანშის პირველი დაფარვის თარიღია 15 აპრილი, 2026 და სესხის ბოლო დაფარვის თარიღი იქნება 15 ოქტომბერი, 2037.

 (2) მსესხებელმა უნდა გადაიხადოს სესხის მე-2 ტრანში 24 თანაბარ (ან რაც შეიძლება თითქმის თანაბარი) ნაწილად წელიწადში ორჯერ პროცენტის გადახდის თარიღებში, მე-2 ტრანშისთვის სესხის დაფარვის თარიღი იქნება პროცენტის პირველი გადახდის თარიღი, რომელიც დგება მე-2 ტრანშის ხელმისაწვდომობის თარიღის მესამე წლისთავის შემდეგ და სესხის დაფარვის ბოლო თარიღი იქნება პროცენტის გადახდის თარიღი, რომელიც ემთხვევა პროცენტის გადახდის თარიღს და ეს თარიღი დადგება მე-2 ტრანშის ხელმისაწვდომობის თარიღის მეთხუთმეტე წლისთავის შემდეგ.

 (3) ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, როდესაც (i) მსესხებელი არ გაიტანს მთელ სასესხო რესურსს 2.02(ე) ნაწილში მითითებული სესხის დაფარვის პირველ თარიღამდე და (ii) ბანკი გაახანგრძლივებს 2.02(ზ) ნაწილში მითითებული სასესხო რესურსის ხელმისაწვდომობის პერიოდს სესხის გადახდის პირველი თარიღის შემდგომ, ყოველ ჯერზე ათვისებული თანხა, რომელიც დაემთხვევა ან გასცდება სესხის გადახდის პირველ ვადას თანაბრად გადანაწილდება სესხის გადახდის დღეებზე თანხის ამგვარი ათვისების შემდგომ (ბანკი თანხების კორექტირებას მოახდენს საჭიროებისამებრ, რათა სრულად მიიღოს სარგო თანხა ყოველ ცალკეულ ჯერზე). ბანკი დროდადრო აცნობებს მსესხებელს ამგვარი გადანაწილების შესახებ.

(ვ) (1) წინამდებარე შეთანხმებაში რაიმე ნაგულისხმები ან გამოხატული საწინააღმდეგო დებულების მიუხედავად, სესხის მე-2 ტრანში არასავალდებულოა და შესაბამისად, ბანკს არ უნდა ჰქონდეს ვალდებულება განახორციელოს სესხის მე-2 ტრანშის მიხედვით თანხის გამოყოფა, სანამ ბანკი, თავისი აბსოლუტური შეხედულებისამებრ, არ განსაზღვრავს, რომ ის მზადაა საიმისოდ, რომ სესხის მე-2 ტრანში ხელმისაწვდომი გახადოს ჩამოსარიცხად და არ აცნობებს მსესხებელს თავისი დადებითი გადაწვეტილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. (ვ) (ამ შეტყობინების თარიღი არის „მე-2 ტრანშის ხელმისაწვდომობის თარიღი“).

(2) მსესხებელს შეუძლია მოითხოვოს, რომ მე-2 ტრანში ხელმისაწვდომი გახდეს ბანკის მიერ, თუ („მე-2 ტრანშის ვალდებულების მოთხოვნა“):

(ა) სესის მე-2 ტრანშით დასაფინანსებელი ინვესტიციების წინასწარი ტექნიკური შესწავლა დასრულებულია ბანკისთვის მისაღები ფორმით და კომპანიამ გაითვალისწინა შესწავლის ანგარიში და რეკომენდაციები;

(ბ) ნარჩენების გამწმენდი ტექნოლოგია შეირჩა და დამტკიცდა პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ პროექტის „ბ“ ნაწილის მიზნებისათვის, შეესაბამება ამ ხელშეკრულების და პროექტის ხელშეკრულების მოთხოვნებს და მისაღებია ბანკისთვის; და

 (გ) მოხდა 1-ელი ტრანშის პირველი ჩამორიცხვა.

(3) მე-2 ტრანშის ვალდებულების მოთხოვნა უნდა შესრულდეს წერილობით და თან ახლდეს მტკიცებულება EBRD-ისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით, რომ ზემოთ მითითებული პირობები დაკმაყოფილებულია. მე-2 ტრანშის ვალდებულების მოთხოვნა არ შეიძლება განხორციელდეს სასესხო ხელშეკრულების თარიღის მერვე წლისთავთან დაკავშირებული თარიღის შემდეგ (ან ისეთი გვიანდელი თარიღი, რომელიც ბანკმა შეიძლება დაადგინოს თავისი შეხედულებისამებრ და აცნობოს მსესხებელს).

(ზ) (1) 1-ელი ტრანშის ბოლო ხელმისაწვდომობის თარიღი იქნება თარიღი, რომელიც ემთხვევა წინამდებარე შეთანხმების თარიღის მესამე წლისთავს, ან ისეთი გვიანდელი თარიღი, რომელიც ბანკს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ დაადგინოს და აცნობოს მსესხებელს.

(2) მე-2 ტრანშისთვის ხელმისაწვდომობის ბოლო თარიღი უნდა იყოს თარიღი, რომელიც ემთხვევა მე-2 ტრანშის ხელმისაწვდომობის თარიღის მესამე წლისთავს, ან ისეთი გვიანდელი თარიღი, რომელიც ბანკს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ დაადგინოს და აცნობოს მსესხებელს.

(თ) სესხი ექვემდებარება ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის დარიცხვას.

 

(ი) მსესხებელი გადაუხდის ბანკს ადმინისტრირების საკომისიოს სტანდარტული პირობების 3.05(ბ) პუნქტში განსაზღვრული ოდენობით სესხის 1-ელი ტრანშისა და EBRD-ის სესხის მე-2 ტრანშის მიმართ.

ნაწილი 2.03. ჩამორიცხვა

ხელმისაწვდომი თანხა შეიძლება დროდადრო მოთხოვნილ იქნეს განრიგში 2 მითითებული პირობების შესაბამისად და შემდეგის დასაფინანსებლად: (1) გაწეული ხარჯები (ან გასაწევი ხარჯების თუ ბანკი თანხმობას განაცხადებს) პროექტისთვის საჭირო საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების გონივრული ხარჯის დასაფარად და (2) ადმინისტრირების საკომისიო.

მუხლი III  პროექტის განხორციელება

ნაწილი 3.01. პროექტის სხვა მტკიცებითი პირობები

სტანდარტული ვადების და პირობების მუხლებში IV და V განსაზღვრული ზოგადი ვალდებულებებზე დამატებით, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ბანკთან სხვაგვარად არის შეთანხმებული, მსესხებელი:

(ა) პროექტის ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომი გახადოს სასესხო რესურსი ბანკისთვის მისაღები პირობებით ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ღონისძიებებით;

(ბ) უზრუნველყოს, რომ პროექტის ორგანიზაციამ შეასრულოს მის მიერ ხელმოწერილი პროექტის განხორციელების ხელშეკრულებით დაკისრებული ყველა ვალდებულება, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ის ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდება შემდეგს:

(1) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 2.02 ნაწილით განსაზღვრული პროექტის ჯგუფის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება.

(2) საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების, ასევე საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა პროექტიდან, როგორც ეს გათვალისწინებულია პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 2.03 ნაწილით.

(3) გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხები, როგორც ეს გათვალისწინებულია პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 2.04 ნაწილით.

(4) პროექტის განხორციელებაში დასახმარებლად, კონსულტანტების დასაქმება და გამოყენება, როგორც ეს გათვალისწინებულია პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 2.05 ნაწილით.

(5) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 2.05 ნაწილით გათვალისწინებული თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობასთან დაკავშირებული ნაბიჯების გადადგმა.

(6) ანგარიშების მომზადება და წარდგენა პროექტთან და პროექტის ორგანიზაციის ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორც ეს გათვალისწინებულია პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 2.06 ნაწილში.

(7) პროცედურების, ჩანაწერების და ანგარიშების წარმოება, ფინანსური ანგარიშგების მომზადება, აუდიტი და ბანკისთვის წარდგენა და ბანკისთვის სხვა შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ეხება პროექტს ან პროექტის ორგანიზაციის ოპერაციებს, როგორც ეს გათვალისწინებულია პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 3.01 ნაწილში; და

(8) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 3.02 და 3.03 ნაწილებით გათვალისწინებული პროექტის ფინანსურ და საოპერაციო ასპექტებთან დაკავშირებით ყველა დებულებასთან შესაბამისობა.

(გ) მიიღოს ან განახორციელოს ყველა დამატებითი ქმედება, რომელიც აუცილებელია პროექტის დასასრულებლად ადეკვატური სახსრების უზრუნველსაყოფად; და

(დ) უზრუნველყოს, რომ კომპანიის მიერ შერჩეული ნარჩენების დამუშავების ტექნოლოგია, როგორც პროექტის „ბ“ ნაწილის“ ნაწილი, შეესაბამება 1999 წლის 26 აპრილის საბჭოს შესაბამის დირექტივას 1999/31/EC ნარჩენების ნაგავსაყრელის შესახებ, ევროკავშირის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) საცნობარო დოკუმენტი ნარჩენების დამუშავებისთვის (2018) და „2018 წლის 10 აგვისტოს კომისიის განმახორციელებელი გადაწყვეტილება (EU) 2018/1147, რომელიც ადგენს ნარჩენების დამუშავების საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) დასკვნებს, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/75/EU დირექტივის მიხედვით.

მუხლი IV  შეჩერება, დაჩქარება, გაუქმება

ნაწილი 4.01. შეჩერება

 სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 7.01(ა)(xvii) მიზნებისთვის შემდეგი საკითხები განისაზღვრება:

(ა) მსესხებლის ტერიტორიაზე მყარი ნარჩენების მართვის სექტორში მოქმედი საკანონმდებლო და მარეგულირებელ სისტემაში ცვლილებებია შესული, შეწყვეტილია, გაუქმებულია, ანულირებულია ან მოხსნილია იმგვარად, რომ მნიშვნელოვნად და საზიანოდ ახდენს გავლენას პროექტის ორგანიზაციის საქმიანობაზე ან პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე,

(ბ) პროექტის ორგანიზაციის სტატუსში ცვლილებებია შეტანილი, შეწყვეტილია, გაუქმებულია, ანულირებულია ან მოხსნილია;

(გ) პროექტის ორგანიზაციის მფლობელობა გადაცემულია ნებისმიერი სხვა მხარისათვის, გარდა მსესხებლისა;

(დ) საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ნებისმიერი მოვლენა ან გარემოება, რომელიც ბანკს აძლევს უფლებას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მსესხებლის უფლება საგრანტო ხელშეკრულებით ხელმისაწვდომი საინვესტიციო გრანტის ნებისმიერი შემდგომი გაცემის შესახებ.

ნაწილი 4.02. გადახდის ვადის დაჩქარება

 სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 7.06 (ვ) მიზნებისთვის განსაზღვრულია შემდეგი საკითხები:

(ა) ნაწილში 4.01(ა) და 4.01(ე) განსაზღვრული ნებისმიერი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, რომელიც ბანკის მიერ მსესხებლისადმი გაგზავნილი შეტყობინებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში გამოუსწორებლად გრძელდება;

(ბ) საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ნებისმიერი მოვლენა ან გარემოება, რომელიც ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საინვესტიციო გრანტის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნება.

მუხლი ძალაში შესვლა

ნაწილი 5.01. ძალაში შესვლის წინაპირობები

სტანდარტული ვადების და პირობების 9.02(გ) ნაწილში განსაზღვრული საკითხების მიზნით შემდეგი საკითხები განისაზღვრება წინამდებარე შეთანხმების და პროექტის შეთანხმების ამოქმედების დამატებითი პირობის სახით.

(ა) თითოეული საპროექტო ხელშეკრულება ხელმოწერილი და მიწოდებულია, ასევე თითოეული საპროექტო ხელშეკრულების ხელმოწერა და მიწოდება ჯეროვნად ავტორიზებულია ყველა შესაბამისი სამთავრობო ქმედებით.

(ბ) ბანკს მიღებული აქვს პროექტის ორგანიზაციის დებულების დამოწმებული ასლები; და

(გ) პროექტის გუნდი (როგორც ეს ტერმინი განსაზღვრულია პროექტის განხორციელების ხელშეკრულებაში) შეიქმნა პროექტის განხორციელების ხელშეკრულებით მოთხოვნილი წესით.

ნაწილი 5.02. სამართლებრივი დასკვნები

(ა) სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 9.03(ა) მიზნებისთვის, სასესხო შეთანხმებისთვის სამართლებრივი დასკვნა მსესხებლის სახელით უნდა გაიცეს იუსტიციის სამინისტროს მიერ.

(ბ) სტანდარტული პირობების 9.03(გ) პუნქტის მიზნებისთვის, სამართლებრივი დასკვნა ან დასკვნები უნდა გაიცეს აჭარის ა/რ სახელით სამართლებრივი საკითხებისა და ხელშეკრულებების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

(გ) სტანდარტული პირობების 9.03(გ) ნაწილის მიზნებისათვის, სამართლებრივი დასკვნა ან დასკვნები უნდა გაიცეს კომპანიის სახელით კომპანიის იურისტის მიერ პროექტის განხორციელების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

ნაწილი 5.03. შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო

 წინამდებარე შეთანხმების თარიღიდან 180 დღე განისაზღვრება სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 9.04 მიზნებისთვის.

ნაწილი 5.04. მე-2 ტრანშის პირველი ჩამორიცხვის წინაპირობები

მე-5 ნაწილის სხვა დებულებების შეცვლის გარეშე, მსესხებლის უფლება, მოითხოვოს სესხის მე-2 ტრანშის ჩამორიცხვები, სესხის მე-2 ტრანშის ხელმისაწვდომობის თარიღის შემდგომ, ასევე ექვემდებარება შესრულებას, ბანკისათვის მისაღები ფორმითა და პირობებით, ან ბანკის შეხედულებისამებრ, უარის თქმას, მთლიანად ან ნაწილობრივ და პირობებით თუ უპირობოდ, შემდეგი დამატებითი წინაპირობებით:

1. მე-2 ტრანშის ხელმისაწვდომობის თარიღი განსაზღვრულია.

2. პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 2.06 პუნქტში მითითებულ კონსულტანტებთან კონტრაქტი გაფორმდა კომპანიის მიერ ამ ნაწილით მოთხოვნილი წესით; და

(3) რამდენადაც დამატებითი დაფინანსება (სესხის მე-2 ტრანშზე დამატებით) არის ან იქნება საჭირო პროექტის „ბ“ და „გ“ ნაწილთან დაკავშირებით:

(ა) დამატებითი დაფინანსება, საინვესტიციო გრანტების ან დამატებითი სესხების სახით, რომლებიც ფინანსდება EBRD-ის მიერ ადმინისტრირებული დონორის რესურსებით და რომელიც ითვალისწინებს ჯამურ თანხას, რომელიც არის საკმარისი (სესხის მე-2 ტრანშთან ერთად) პროექტის „ბ“ და „გ“ ნაწილების დასაფინანსებლად („დამატებითი დასაფინანსებელი თანხა“), შესრულებულია ყველა პირობა, რომელიც წინ უსწრებდა ამ დაფინანსების ხელმისაწვდომობას და მსესხებელმა წარუდგინა EBRD-ს სამართლებრივი დასკვნა შეთანხმებ(ებ)ის, რომელიც არეგულირებს ასეთ დამატებით დაფინანსებას, შესახებ იმავე მოცულობითა და პირობებით, რომლებიც მითითებულია 5.02 (ა) ნაწილში; ან

(ბ) ბანკი კმაყოფილია, რომ ადეკვატური დაფინანსება სხვა წყაროებიდან იმ წესებითა და პირობებით, რომლებიც შეესაბამება მსესხებლის და პროექტის ორგანიზაციების ვალდებულებებს წინამდებარე ხელშეკრულებით და საპროექტო ხელშეკრულებებით, უზრუნველყოფილია „დამატებითი დასაფინანსებელი თანხის“ დასაფარად საკმარისი საერთო თანხით და შესრულებულია ყველა პირობა, რომელიც წინ უსწრებდა ამ დაფინანსების ხელმისაწვდომობას.

 

მუხლი VI  სხვადასხვა

ნაწილი 6.01. შეტყობინებები

სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 10.01 მიზნებისთვის განისაზღვრება შემდეგი მისამართები:

მსესხებლისთვის:

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო,

 გორგასლის ქ. N16,

 0114, თბილისი

 საქართველო

 

საყურადღებოდ: სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი

ბანკისთვის:

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

ბანკის ქ. 5,

ლონდონი, E14 4BG

გაერთიანებული სამეფო

 

საყურადღებოდ: საოპერაციო ადმინისტრაციული დეპარტამენტი/საოპერაციო ნომერი 52887

 

ტელ: +44 20 7338 6000

 ელ.ფოსტა: oad@ebrd.com

 

ზემოხსენებულზე თანხმობის დასტურად შეთანხმების მხარეები მათი ჯეროვნად უფლებამოსილი წარმომადგენლების საშუალებით ხელს აწერენ წინამდებარე სასესხო შეთანხმებას სამ ეგზემპლარად, (ორი ბანკისათის, ერთი  მსესხებელისათვის) თბილისში, საქართველოში ზემოთ პირველად მითითებულ დღესა და წელს.

 

საქართველო

 

 

ხელმომწერი: ______________________________

სახელი: ლაშა ხუციშვილი

თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი

   

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

ხელმომწერი: ______________________________

სახელი: კატარინა ბიორლინ ჰანსენი

თანამდებობა: კავკასიის რეგიონული დირექტორი

 

 

განრიგი 1 – პროექტის აღწერა

1. პროექტის მიზანია დაეხმაროს მსესხებელს ნაგავსაყრელის მართვის აღჭურვილობის შეძენაში ნაგავსაყრელის ექსპლუატაციასთან და აჭარის რეგიონში მდებარე ნარჩენების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებით.

2. პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან, რომლებიც ექვემდებარება მოდიფიკაციას, რაზეც ბანკი და მსესხებელი შეიძლება დროდადრო შეთანხმდნენ:

ნაწილი „ა“: ნაგავსაყრელის მართვის აღჭურვილობის შეძენა

ნაწილი „ბ“: ნარჩენების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა

ნაწილი „გ“: საკონსულტაციო მომსახურება, რაც დაკავშირებულია „ბ“ ნაწილთან.

3. პროექტის დასრულების მოსალოდნელი თარიღია 2028 წლის 31 დეკემბერი.

 

განრიგი 2  კატეგორიები და ჩამორიცხვა

1. წინამდებარე განრიგს თან ახლავს დანართი, რომელშიც განსაზღვრულია კატეგორიები, სესხის ცალკეულ კატეგორიებში გამოსაყოფი რესურსის ოდენობა და ყოველ ცალკეულ კატეგორიაში დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტული ნაწილი.

2. ზემოთ მოცემული პირველი პარაგრაფის დებულების მიუხედავად, ჩამორიცხვა არ მოხდება სასესხო შეთანხმების ხელმოწერამდე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩამორიცხვის თანხა ჯამში არ აღემატება 600,000 ევროს (ექვსასი ათასი ევრო), შეიძლება განხორციელდეს პროექტის „ა“ ნაწილის მიმართ სასესხო ხელშეკრულების თარიღამდე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, მაგრამ არაუადრეს 2021 წლის 20 აპრილისა.

 

განგრიგი 2-ის დანართი

კატეგორია

გამოყოფილი სესხის მოცულობა სესხის ვალუტაში

ხარჯების დასაფინანსებელი პროცენტული ნაწილი

(1) საქონელი პროექტის „ა“ ნაწილისთვის:

სესხის 1-ელი ტრანშის 2,970,000

საკონტრაქტო ღირებულების 100%-მდე, გადასახადების გამოკლებით

(2) საქონელი, სამუშაოები და მომსახურება (მათ შორის, საკონსულტაციო მომსახურება) პროექტის „ბ“ და „გ“ ნაწილებისთვის:

სესხის მე-2 ტრანშის 15,840,000

 

საკონტრაქტო ღირებულების 100%-მდე, გადასახადების გამოკლებით

(3) ადმინისტრირების საკომისიო

- სესხის 1-ელი ტრანში

- სესხის მე-2 ტრანში

სესხის 1-ელი ტრანშის 30,000

სესხის მე-2 ტრანშის 160,000

100%-მდე

ჯამი

19,000,000