დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2/3661-23 |
დოკუმენტის მიმღები | ქუთაისის საქალაქო სასამართლო |
მიღების თარიღი | 29/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი |
საქმის №080210323008255873
საქმე №2/3661-23
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის
რეჟიმის გახსნის თაობაზე
2023 წლის 29 დეკემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი – თეონა კაპანაძე
განმცხადებელი – ნიკოლოზ ფაიქრიძე
წარმომადგენლები – ნანა ამისულაშვილი; გიორგი ჟიჟილაშვილი;
ავთანდილი ზივზივაძე
კრედიტორები – ქრისტინე გოგლიჩიძე, ნათია ტატუნაშვილი, გულნაზი ჩოგუა, მირანდა მესხია, დავით დონღვანი, ნინო ბოჭორიშვილი, იუზა ჯუღელი, ეკატერინე ჯოხარიძე, ეთერი უგრეხელიძე, მაია გელაშვილი, თეა ყაფლანიშვილი, ჯულიანა არაბული, მიხეილ ხაჭაპურაძე, ნინო მახარაძე და ნინო ბარათაშვილი
მოვალე – შპს „გრინ რეზიდენსი“
წარმომადგენელი – გიორგი ცობეხია
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნით და რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნა
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2023 წლის 26 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა კრედიტორ ნიკოლოზ ფაიქრიძის წარმომადგენელმა და მოითხოვა მოვალე შპს „გრინ რეზიდენსის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნით და რეაბილიტაციის მმართველად ნანა ამისულაშვილის დანიშვნა.
როგორც წარმოდგენილი განცხადებიდან და თანდართული მტკიცებულებებიდან ირკვევა: შპს „გრინ რეზიდენსის“ საქმიანობის საგანია მშენებლობა. 2018 წლის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის ამონაწერის მიხედვით: სამეწარმეო საზოგადოების ეკონომიკური საქმიანობის სფერო დაკავშირებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობასთან და შპს „გრინ რეზიდენსმა“ ქალაქ ბათუმში, ანგისის ჩიხი II, N-2-ში მდებარე 2480.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მიწის ს/კ 05.32.12.189) იკისრა მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის ვალდებულება. შპს „გრინ რეზიდენსზე“ 2012 წლის 18 თებერვალს გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 20 თებერვლამდე. 19.03.2019 წლის შპს „მეგაპოლისის“ მიერ შედგენილი ქალაქ ბათუმში მრავალფუნქციური ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით ასაშენებელი შენობა-ნაგებობა იყოფა ორ „ა“ და „ბ“ ბლოკად. „ა“ ბლოკში განსაზღვრულია 29 სართული ტერასით და 29 სართულივე განკუთვნილია საცხოვრებელი ბინებისთვის, სულ 262 ბინა. „ბ“ ბლოკში განსაზღვრულია 10 სართული ტერასით, რომელიც განკუთვნილია სასტუმროს ნომრებისთვის სულ 102. შპს „გრინ რეზიდენსმა” დაარღვია შენობა-ნაგებობის ცალკეული ბინა ერთეულების მყიდველებთან გაფორმებული სახელშეკრულებო ვალდებულებები, რადგან დათქმულ დროს არ დასრულდა მშენებლობა. მათ შორის გასათვალისწინებელი გარემოებაა, რომ ბინა ერთეულის მესაკუთრეთა დიდ ნაწილთან დადებული ხელშეკრულებების მიხედვით საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2022 წლის მაისში. 23.02.2023 წლის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 142305426 ბრძანებით დაკმაყოფილდა შპს „გრინ რეზიდენსის“ 2023 წლის 17 თებერვლის განცხადება, რომლითაც მოითხოვა მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2025 წლის 25 ოქტომბრამდე. შპს „გრინ რეზიდენსის“ 2023 წლის 17 თებერვლის განცხადებაზე დართულია შპს „მეგაპოლისის“ (ს/ნ 248385983) მიერ შედგენილი „მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი“ (კალენდარული გრაფიკით), სადაც მოცემულია: განმარტებითი ბარათი; გრაფიკული ნაწილი და კალენდარული გრაფიკი. განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ბლოკი „ბ“-ს სამუშაოები არ დაწყებულა. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მშენებლობის განხორციელების პროცესი იყოფა რიგებად. რიგები – ეტაპებად. II რიგის ძირითადი სამუშაოებთან მიმართებით განსაზღვრულია X ეტაპი. ათი ეტაპის შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოების დაწყების დღე არის ნებართვის გაცემის დღე. 2023 წლის 23 თებერვალს გაიცა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების ნებართვა. აღნიშნული ნებართვის გაცემიდან გასულია 5 თვე, მშენებლობის თვალსაზრისით კი იგივე მდგომარეობაა. შპს „გრინ რეზიდენსმა“ 2023 წლის 17 თებერვლის მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებაზე დართული „მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის ორგანიზაციის პროექტით“ გაწერილი გეგმაც უკვე დარღვეულია. შპს „გრინ რეზიდენსი” გადახდისუუნაროა. შპს „გრინ რეზიდენსი“ უახლოეს მომავალშიც ვერ შეძლებს დარღვეული ვალდებულების გამოსწორებას, ვინაიდან მართალია მშენებლობის ვადა გაგრძელდა მერიის მიერ, თუმცა კომპანიას ხელშეკრულებებით ნაკისრი ვადა უკვე ამოეწურა და მერიის მიერ მშენებლობის ვადის გაგრძელება ვერ იმოქმედებს სახელშეკრულებო პირობებზე და ვერ გაახანგრძლივებს მის ვადებს. ბათუმის მერიაში წარდგენილი „მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის“ (კალენდარული გრაფიკის) მიხედვით XX – XXIII სართულების მზიდი კონსტრუქციების მოწყობა არის I ეტაპი, რომლის შესასრულებლად საჭიროა 120 დღე. ხოლო XXIV - XXIX სართულების მზიდი კონსტრუქციების მოწყობა არის II ეტაპი, რომლის შესასრულებლად საჭიროა ასევე 120 დღე, ხოლო არამზიდი კონსტრუქციების მოსაწყობად LI - X სართულებზე 90 დღე, XXI – XX სართულებზე - 90 დღე, XXI – XXIX სართულებზე – 20 დღე. შესაბამისად, მხოლოდ მზიდი და არამზიდი კონსტრუქციების მოსაწყობად გრაფიკით გათვალისწინებულია 510 დღე, რაც უხეშად უდრის 17 თვეს. ხოლო ობიექტის სახელშეკრულებო პირობებამდე (სადარბაზოს მოპირკეთება და შეღებვა, ლიფტის დამონტაჟება, ბინის მესაკუთრის საცხოვრებელში შესასვლელი რკინის კარის დამონტაჟება, ექსტერიერზე მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის მოწყობა წყლისა და კანალიზაციის ძირითადი ცენტრალური ვერტიკალური დარგები ბინაში შეყვანა და სხვა სამუშაოების განხორციელება) მიყვანისათვის კალენდარული გრაფიკით გათვალისწინებულია 300 დღე ანუ 10 თვე. ჯამში გამოდის 27 თვე, ანუ ახალი გრაფიკით ხელშეკრულების ვადის შესრულება დაგეგმილია 2025 წლის მაისამდე. ეს ვადები იწყება 2023 წლის თებერვლიდან, ანუ კომპანიას თებერვალში დაუყოვნებლივ უნდა წაეხალისებინა მშენებლობა, თუ აპირებდა ახალი სამშენებლო გრაფიკის შესრულებას. ახლახანს ობიექტზე ჩატარებული მცირე სამუშაოები არის მხოლოდ საჩვენებელი, ვინაიდან კრედიტორებისგან უკვე იცის კომპანიამ, რომ განმცხადებელი აპირებდა რეაბილიტაციის რეჟიმის დასაწყებად განცხადების შეტანას სასამართლოში და სავარაუდოდ ამის აღსაკვეთად მოიძია მცირე თანხები და გააქტიურა ობიექტი. ეს არის უსუსური მცდელობა და კომპანიის გადახდისუუნარობის ფაქტს არ ცვლის. იმისათვის, რომ კომპანიამ დაამტკიცოს, რომ არ არის გადახდისუუნარო, უნდა წარმოადგინოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია: მშენებლობის სრული ხარჯთაღრიცხვა, ამ ხარჯთაღრიცხვიდან რა არის შესრულებული უკვე და რა ღირებულების სამუშაო არის დარჩენილი შესასრულებლად დარჩენილი სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ფინანსების ჩვენება, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სესხის აღების დაპირება, არამედ უკვე დამტკიცებული სესხის ხაზი, ან საბანკო გარანტია, ან სხვა მსგავსი უტყუარი მტკიცებულებით წარმოდგენილი დაფინანსების წყარო; კომპანიის მიერ დადებული ხელშეკრულებების ანალიზი ცხადყოფს, რომ კომპანია ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის არათანმიმდევრული ვადებთან და ფასებთან მიმართებაში, ეს ნიშნავს ორ რამეს: ა) კომპანიას იმდენად გაუჭირდა ფინანსურად, რომ მზად არის ნებისმიერი „მომხიბვლელი” ვადა და ფასი ჩაუწეროს მყიდველს, რათა გარკვეული რაოდენობით ფულის მობილიზება მაინც გააკეთოს, და ბ) კომპანიას არ აქვს რეალური გეგმა და განზრახვა, რომ დაასრულოს მშენებლობა და მისი მენეჯერები უკვე სასოწარკვეთილ შეცდომებს უშვებენ. რიგ შემთხვევაში შპს „გრინ რეზიდენსი“ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება გაყიდვის უფლებით იღებს ვალდებულებებს, რომლის შემთხვევაში მაღალია რისკი, რომ არ შეასრულოს და რიგ შემთხვევებში ნასყიდობის ხელშეკრულებებს აფორმებს დაბალ ფასად. ამასთან ერთად, დროის თვალსაზრისით ხელშეკრულებების გაფორმება და შპს „გრინ რეზიდენსის“ მხრიდან სხვადასხვა ოპერაციების განხორციელება, მათ შორის, სსიპ – საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადებები კიდევ უფრო აფიქრებინებთ, შპს „გრინ რეზიდენსის“ მოწყვლადობაზე და კიდევ უფრო ამყარებს ისედაც დამდგარ ფაქტს, რომ შპს „გრინ რეზიდენსი“ არის გადახდისუუნარო.
განმცხადებლის განმარტებით, შპს „გრინ რეზიდენსის“ მიმართ მიმდინარეობს რამდენიმე სასამართლო დავა და მას გააჩნია ბიუჯეტის დავალიანება. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში დაცული დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ შპს „გრინ რეზიდენსის“ მიმართ დასრულდა და ზოგ შემთხვევაში მიმდინარეობს სასამართლო წესით საქმისწარმოება. შპს „გრინ რეზიდენსის“ ამონაწერის და ასევე მიწის ნაკვეთის ამონაწერის მიხედვით (მიწის ს/კ 05.32.12.189) ირკვევა, შპს „გრინ რეზიდენსის“ ბინა-ერთეულებზე რეგისტრირებულია როგორც ყადაღა, ასევე, აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რაც განმცხადებლის აზრით, მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, აშკარაა, რომ კომპანიას არა მხოლოდ ფართების მყიდველების წინაშე აქვს დარღვეული ვალდებულებები, არამედ ბიუჯეტისა და სხვადასხვა იურიდიული პირების წინაშეც. კრედიტორი არ არის უფლებამოსილი სასამართლოს წარუდგინოს სსიპ – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ინფორმაცია შპს „გრინ რეზიდენსის“ მონაწილეობით მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ. აგრეთვე, კრედიტორის შესაძლებლობის მიღმაა სასამართლოს წარუდგინოს შპს „გრინ რეზიდენსის“ მთლიანი მენეჯმენტის შესახებ ინფორმაცია და დაანახოს ის მთლიანი სურათი, რასაც შპს „გრინ რეზიდენსი“ ახორციელებს. კრედიტორს აქვს შესაძლებლობა საჯარო წყაროებიდან მოიპოვოს ინფორმაცია და აგრეთვე შპს „გრინ რეზიდენსის“ მოსთხოვოს დოკუმენტაციის წარმოდგენა. შპს „გრინ რეზიდენსი“ არ თანამშრომლობს მობინადრეებთან. საინიციატივო ჯგუფის მხრიდან მობინადრეების მხარდაჭერით მრავალჯერ მოხდა შპს „გრინ რეზიდენსსთან“ თანამშრომლობის მცდელობა. შპს „გრინ რეზიდენსის“ მრავალჯერ შეეთავაზა ერთობლივი ძალით შპს „გრინ რეზიდენსს“ ფინანსურ პრობლემებში გარკვევა, აღმოფხვრა, ერთობლივი ძალისხმევით შეჩერებულ საქმიანობაში დახმარება.
განმცხადებელი ითხოვს დაიწყოს შპს „გრინ რეზიდენსის“ (ს/ნ 445502545) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნით და შპს „გრინ რეზიდენსის“ რეაბილიტაციის მმართველად დაინიშნოს ქალბატონი ნანა ამისულაშვილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 04 აგვისტოს განჩინებით წარმოდგენილ განცხადებაზე მხარეს დაუდგინდა ხარვეზი, რომელიც მხარის მიერ იქნა აღმოფხვრილი.
2023 წლის 29 აგვისტოს ნიკოლოზ ფაიქრიძის წარმომადგენელმა სასამართლოში წარმოადგინა მოვალისათვის განცხადების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება.
2023 წლის 01 სექტემბერს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა შპს „გრინ რეზიდენსის“ წარმომადგენლის პოზიცია კერდიტორის განცხადებასთან დაკავშირებით. განმცხადებლის მითითებით, ე.წ. კრედიტორის განცხადება წარმოადგენს წმინდაწყლის სიცრუეზე დაფუძნებულ, გამოგონილი გარემოებების კრებს, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს რეალობასთან. განცხადებას კატეგორიულად არ დაეთანხმა მოვალე. დღეის მდგომარეობით კომპანიის მიმართ მიმდინარეობს მხოლოდ ერთი იძულებითი აღსრულების შესახებ საქმე, რომელზეც უახლოეს მომავალში დაგეგმილია სარჩელის წარდგნა, ვინაიდან გამოიკვეთა კომპანიის მიმართ თაღლითობის ნიშნები და სამოქალაქო წესით დავის გარდა, აუცილებელია წარდგენილი იქნეს განცხადება შესაბამის საგამოძიებო ორგანოში. საქმის ვითარება მდგომარეობს იმაში, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ კერძოდ –შპს „აშენომ“, მის მიერ ლიზინგით მიღებული ამწე მიჰყიდა შპს „გრინ რეზიდენსს“, რომლზეც ფინანსური ვალდებულების უზრუნველყოფაც განხორციელდა იპოთეკით. მას შემდეგ რაც მხარისთვის ცნობილი გახდა გარიგებაში არსებული თაღლითური სქემის შესახებ, კომპანიამ უარი განაცხადა თანხის გადახდაზე, ხოლო მათ მიერ მოხდა აღსრულების პროცესის ინიცირება, რომელიც დასრულდა უშედეგოდ. იპოთეკის მოხსნის მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარედგინება მოთხოვნა. სხვა იძულებითი აღსრულების საქმეებზე, რომელიც მათ შორის მითითებული აქვს ე.წ. კრედიტორს, დღეის მდგომარეობით არ მიმდინარეობს, რის შესახებაც გამოთხოვილია ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროსგან, რომელიც ამ დრომდე არ არის მოწოდებული. ე.წ. კრედიტორს, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ თავად არ აქვს კომპანიის მიმართ ფინანსური ვალდებულება შესრულებული სრულად. ამასთან, ე.წ. კრედიტორის/ განმცხადებლის მიმართ უნდა დადგეს რეაბილიტაციის შესახებ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ყველა პასუხისმგებლობა ვინაიდან მას შეცდომაში შეჰყავს სასამართლო. კომპანიის მიერ იმის საილუსტრაციოდ, რომ კომპანია არ დგას გადახდისუუნარობის წინაშე და კრედიტორი მიზნად ისახავს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების ბოროტად გამოყენებას, სასამართლოს მოვალემ წარმოუდგინა დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა. სამშენებლო სამუშაოების პროცესი ამ დროისთვის მიმდინარეობს შეუფერხებლად. კომპანია ე.წ. კრედიტორის მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტისა და მხარეებს შორის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიმართ მიმართული სამართლებრივი ღონისძიებების გატარებას განიხილავას. შესაბამისად, იმ სიცრუეთა კორიანტელს, რომელიც განცხადებაშია მითითებული, შპს „გრინ რეზიდენსი“ ხდის სადავოდ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებით კრედიტორ ნიკოლოზ ფაიქრიძეს უარი ეთქვა მოვალე შპს „გრინ რეზიდენსის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე.
აღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართა ნიკოლოზ ფაიქრიძის წარმომადგენელმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით ასევე კერძო საჩივარი წარადგინეს დაინტერესებულმა პირებმა – კრედიტორებმა: ქრისტინე გოგლიჩიძემ, ნათია ტატუნაშვილმა, გულნაზი ჩოგუამ, მირანდა მესხიამ, დავით დონღვანმა, ნინო ბოჭორიშვილმა, იუზა ჯუღელმა, ეკატერინე ჯოხარიძემ, ეთერი უგრეხელიძემ, მაია გელაშვილმა, თეა ყაფლანიშვილმა, ჯულიანა არაბულმა, მიხეილ ხაჭაპურაძემ, ნინო მახარაძემ და ნინო ბარათაშვილმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, ნიკოლოზ ფაიქრიძის, ქრისტინე გოგლიჩიძის, ნათია ტატუნაშვილის, გულნაზი ჩოგუას, მირანდა მესხიას, დავით დონღვანის, ნინო ბოჭორიშვილის, იუზა ჯუღელის, ეკატერინე ჯოხარიძის, ეთერი უგრეხელიძის, მაია გელაშვილის, თეა ყაფლანიშვილის, ჯულიანა არაბულის, მიხეილ ხაჭაპურაძის, ნინო მახარაძის და ნინო ბარათაშვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინება. ნიკოლოზ ფაიქრიძის განცხადება რეაბილიტაციის რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების და რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ, ხელახალი განხილვისათვის 2023 წლის 30 ნოემბერს დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა. კრედიტორის წარმომადგენელმა მოითხოვა შპს „გრინ რეზიდენსის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნით და რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნა, რასაც არ დაეთანხმა შპს „გრინ რეზიდენსის“ წარმომადგენელი.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ და დამატებით წარმოდგენილ მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მიაჩნია, რომ ნიკოლოზ ფაიქრიძის განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათ გამო:
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლი გადახდისუუნარობის ცნებას განმარტავს „მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს“, ანუ დღეს შესასრულებელი ვალდებულებები ვერ სრულდება დღეს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კრედიტორი ნიკოლოზ ფაიქრიძე ითხოვს მოვალე შპს „გრინ რეზიდენსის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნით. კრედიტორის მიერ განცხადების წარდგენისას ინდივიდუალურ კრედიტორს შეუძლია აჩვენოს, რომ მოვალემ ვერ შეასრულა ვალდებულება მის წინაშე. მოვალის ზოგადი გადახდისუუნარობის მტკიცება არ არის ადვილი. საჭიროა, რომ კრედიტორმა შეძლოს მტკიცების განხორციელება, მაგალითად, პრეზუმირების გზით, რომელიც ადგენს მოვალის გადახდისუუნარობის ფაქტს. კანონმა მისცა საპასუხო შესაძლებლობა მოვალეს, რომ გააბათილოს ეს პრეზუმფცია და მიუთითოს ამისი კონკრეტული საფუძვლები. ეს საფუძვლები შეიძლება იყოს მოვალის მხრიდან იმის ჩვენება, რომ მას შეუძლია ვალდებულებების შესრულება, ან ნებისმიერი იმ ელემენტის უარყოფა, რაზეც კრედიტორი აფუძნებს თავის პოზიციას.
განსახილველ შემთხვევაში მოვალე შპს „გრინ რეზიდენსმა“ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მისი პოზიციის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები და შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტებებით. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებით კრედიტორ ნიკოლოზ ფაიქრიძეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივაციით, რომ მოვალე აპელირებდა სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენისათვის არასაკმარის ვადაზე, რომელიც დაადასტურებდა კომპანიის გადახდისუნარიანობას – „საქმეში წარმოადგენილია დამოუკიდებელი აუდიტორის მიმოხილვითი ანალიზი, რომლის თანახმად, შპს „გრინ რეზიდენსის“ ფინანსური მდგომარეობა ამჟამად გარკვეულ ფინანსურ სიძნელეებს განიცდის. მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ ეს პრობლემები, უპირველეს ყოვლისა, დროებითი ხასიათისაა და მათი ეფექტურად მართვა შესაძლებელია კომპანიის მენეჯმენტის მიერ. შპს „გრინ რეზიდენსმა“ გამოავლინა გადახდისუუნარობის უმნიშვნელო გამოწვევები, რომლებიც შეიძლება მიეკუთვნებოდეს ზოგად ეკონომიკურ და სამშენებლო დარგისთვის დამახასიათებელ მდგომარეობას. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შპს „გრინ რეზიდენსი“ ფლობს აუცილებელ რესურსებს, სტრატეგიულ შესაძლებლობებს და მყარ ბიზნეს გეგმას ამ გამოწვევების წარმატებით დასაძლევად, (დეტალური ინფორმაცია ჩატარებული სამუშაობის, რეალიზებული ბინების რაოდენობისა და ღირებულებების შესახებ იხ. დამოუკიდებელი აუდიტორის მიმოხილვით ანალიზში). მიმოხილვითი ანალიზის თანახმად, დროის სიმცირის გამო ვერ მოხერხდა საჭირო და აუცილებელი პროცედურების ჩატარება და საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება, რომელიც მისცემდა მათ საშუალებას მოემზადებინათ „გადახდისუუნარობის“ შესახებ დასკვნა, რომლის მომზადებისთვის საჭირო პერიოდი მინიმუმ ორი თვით განისაზღვრება“ (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინება).
ამ განჩინების მიღებიდან სამი თვის გასვლის მიუხედავად საქმის ხელახალი განხილვის ეტაპზეც მოვალე კომპანიმ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ზემოაღნიშნული აუდიტორული დასკვნა მასზე, რომ შპს „გრინ რეზიდენსი“ ფლობს აუცილებელ რესურსებს, სტრატეგიულ შესაძლებლობებს და მყარ ბიზნეს გეგმას ამჟამად არსებული ფინანსური სიძნელეების წარმატებით დასაძლევად. არ არის წარმოდგენილი დეტალური ინფორმაცია ჩატარებული სამუშაობის, რეალიზებული ბინების რაოდენობისა და ღირებულებების შესახებ. მოვალის მხრიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების შესახებ, მაშინ როცა კრედიტორის მიერ დამატებით წარმოდგენილი მასალებით, მშენებლობა ისევ მე-19 სართულზეა გაჩერებული. არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები მშენებლობის გაგრძელების ხელისშემშლელი ობიექტური გარემოებების შესახებ (მოვალე აპელირებს ამ პერიოდში არსებულ ბუნებრივ სტიქიურ მოვლენებზე).
რაც შეეხება მოვალის მიერ დამატებით წარმოდგენილ შპს „ბზმ“ 28.12.2023 წლის ცნობას, რომელიც გაცემულია შპს „გრინ რეზიდენსის“ მოთხოვნის შესაბამისად, სასამართლო არ მიიჩნევს სათანადო და საკმარის მტკიცებულებად მოვალის გადახდისუნარიანობის დასადასტურებლად. ამ მტკიცებულებით უტყუარად არც სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა არ დასტურდება, რადგან შეუძლებელია იმის შემოწმება, ცნობა გაცემული არის თუ არა უფლებამოსილი პირის მიერ (არ ერთვის მინდობილობა და ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან არც ცნობას და არც 23.10.2023 წლის ხელშეკრულებას, რომელიც სააპელაციო სასამართლოში იქნა წარდგენილი). ხელშეკრულებას ასევე არ ერთვის ხარჯთაღრიცხვა და სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკი, რაც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს (იხ. ხელშეკრულების 10.5 პუნქტი). შესაბამისად, შეუძლებელია იმის შემოწმება, ვის მიერ ან როგორ სრულდება ხელშეკრულება (რა ვადაში რა სამუშაოები სრულდება).
ასევე აღსანიშნავია, რომ შპს „გრინ რეზიდენსი“ დღეის მდგომარეობით ისევ ირიცხება მოვალეთა რეესტრში (იხ. 28.12.23 წლის ახსნა-განმარტების დანართი).
განმცხადებლის განმარტებით, შპს „გრინ რეზიდენსის“ მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის ინტერესია ის, რომ კომპანიამ დროულად დაასრულოს მშენებლობა და ნიკოლოზი ფაიქრიძეს დროულად გადაეცეს ნასყიდობის საგანი უძრავი ნივთი. 2020 წლის 08 ივნისს ნიკოლოზთან გაფორმებული ხელშეკრულების 5.3. პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლის დასრულების თარიღია 2022 წლის მაისი, მაგრამ კორპუსი დამამთავრებელ ეტაპამდეც კი არ არის მისული, რის გამოც მოვალე უახლოეს მომავალშიც ვერ შეძლებს დარღვეული ვალდებულების გამოსწორებას. მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის გონივრულ ვადებში დასრულება და ამავე დროს ნიკოლოზის, როგორც არაუზრუნველყოფილი კრედიტორის ინტერესების და მისი უფლებების დაცვა და რეალიზების ერთადერთი გონივრული საუალებაა შპს „გრინ რეზიდენსის“ მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნა, სადაც სასამართლოს მიერ დანიშნული რეაბილიტაციის მმართველის ძალისხმევით მოხდება მშენებლობის დასრულება და ნიკოლოზის და სხვა კრედიტორების ინტერესის და უფლებების დაცვა.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს მიიღოს ყველა ზომა საქმის გარემოებათა სრულად და ყოველმხრივ გამოსაკვლევად, მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენების რისკის არარსებობის, აგრეთვე აღნიშნულ საქმეში ამ კანონის მიზნის მაქსიმალურად ეფექტიანად მიღწევის წინაპირობების არსებობის გამოსავლენად და დასადასტურებლად.
დადგენილია, რომ შპს „გრინ რეზიდენსს“ მშენებლობა უნდა დაემთავრებინა 2022 წლის მაისში, რითაც შეასრულებდა მყიდველების წინაშე აღებულ სახელშეკრულებო ვალდებულებას. უნდა აშენებულიყო „ა“ ბლოკი 29 სართული და „ბ“ ბლოკი 10 სართული. დღემდე მხოლოდ „ა“ ბლოკის 19 სართულია ამოყვანილი, რასაც თვით მოვალეც არ უარყოფს, მაგრამ განმარტავს, რომ სამუშაოების შეფერხების მიზეზია ბათუმში ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე სტიქია. თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოვალის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. ასევე, დადგენილია, რომ კომპანია კვლავ დარეგისტრირდა მოვალეთა რეესტრში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორმა შეძლო დაემტკიცებინა, რომ მოვალემ ვერ შეასრულა ვალდებულება მის წინაშე. კრედიტორმა შეძლო მტკიცების განხორციელება პრეზუმირების გზით, რომელიც ადგენს მოვალის გადახდისუუნარობის ფაქტს, ხოლო მოვალემ, რომელსაც კანონმა მისცა საპასუხო შესაძლებლობა, რომ გააბათილოს ეს პრეზუმფცია და მიუთითოს ამისი კონკრეტული საფუძვლები, ვერ შეძლო ამ პრეზუმფციის გაბათილება. კერძოდ, ვერ უზრუნველყო მოვალის მხრიდან სასამართლოსთვის იმის ჩვენება, რომ მას შეუძლია ვალდებულებების შესრულება, ან ნებისმიერი იმ ელემენტის უარყოფა, რაზეც კრედიტორი აფუძნებს თავის პოზიციას.
ამდენად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას რომ შპს „გრინ რეზიდენსი“ გადახდისუუნაროა, ვინაიდან ის ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-4, მე-6, მე-8, მე-9, მე-11, 43-ე, 44-ე, 47-ე, 49-ე, 50-ე, 51-ე, 55-ე, 62-ე, 63-ე, 64-ე, 73-ე, 74-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კრედიტორ ნიკოლოზ ფაიქრიძის განცხადება მოვალე შპს „გრინ რეზიდენსის“ მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე დასაშვებად იქნეს ცნობილი.
2. მოვალე შპს „გრინ რეზიდენსის“ მიმართ გაიხსნას რეაბილიტაციის რეჟიმი.
3. რეაბილიტაციის მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – თინათინ შუღაროვა (პ/ნ 01031003634), თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა 70 0159 ტელეფონი – 577255550), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 74-ე მუხლის საფუძველზე;
4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:
ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;
ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/ გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;
გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;
ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;
თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;
ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
5. განემარტოს მმართველს, რომ იგი მისი უფლებამოსილების განხორციელებისას:
ა) გასცემს თანხმობას ისეთ გარიგებაზე:
ა.ა) რომელიც იდება 2 თვეზე მეტი ვადით;
ა.ბ) რომელიც სცილდება მოვალის ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობას;
ა.გ) რომლის ღირებულება (რამდენიმე გარიგების შემთხვევაში − მათი ჯამური ღირებულება) მოვალის წინა წლის ბრუნვის 30 პროცენტს აღემატება;
ბ) ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ადგენს ანგარიშებს და მათ სასამართლოს წარუდგენს;
გ) ანგარიშების შედგენის მიზნით შეისწავლის კრედიტორულ მოთხოვნებს;
დ) ამ კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად ადგენს კრედიტორთა პირველად რეესტრს;
ე) უფლებამოსილია მოვალეს მოსთხოვოს ინფორმაცია მისი ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისთვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. მმართველს ასევე უფლება აქვს, მოვალეს მოსთხოვოს მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;
ვ) ეძებს და აღწერს მოვალის სახელზე რიცხულ ქონებას;
ზ) კრედიტორებს დაუყოვნებლივ ატყობინებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას ელექტრონული სისტემის გამოყენების ვალდებულების შესახებ. ამ შეტყობინებაში აგრეთვე მითითებული უნდა იყოს, რომ კრედიტორებს აქვთ უფლება, ამ კანონით დადგენილ ვადაში წარადგინონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები;
თ) სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით მისთვის მოვალის მართვის უფლების სრულად გადაცემის შესახებ, თუ საწარმოს არ ჰყავს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, მათ შორის, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ამ კანონით დადგენილი წესით საწარმოს მართვის უფლება:
თ.ა) არ თანამშრომლობს მასთან ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად;
თ.ბ) აშკარად ზიანს აყენებს გადახდისუუნარობის მასას;
თ.გ) თავს არიდებს საქართველოს კანონმდებლობით ან მისი წესდებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებას, მათ შორის, აღარ მართავს საწარმოს.
მმართველის მიერ ზემოთ ჩამოთვლილ გარიგების დადებაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვალეს უფლება აქვს, ნებართვის გაცემის მოთხოვნით განცხადება სასამართლოს წარუდგინოს. მას გამოაქვს განჩინება მოვალის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ან მოვალის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
6. განემარტოს მმართველს, რომ იგი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე ყველა ცნობილ და სავარაუდო კრედიტორს გაუგზავნოს შეტყობინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე; ბ) მოვალის მიერ კრედიტორის მიმართ აღიარებული ვალდებულების ოდენობის თაობაზე და მითითებას კრედიტორის მიერ ამ კანონით დადგენილ ვადაში აღნიშნული ოდენობის შესახებ შედავების უფლებაზე; გ) შესაბამისი რეჟიმის გახსნის თაობაზე მოსაზრების ამ კანონით დადგენილ ვადაში წარდგენის შესაძლებლობის შესახებ.
7. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში, ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია, სასამართლოს წარუდგინოს თავისი მოსაზრება მოვალის გადახდისუუნარობის/მოსალოდნელი გადახდისუუნარობისა და განცხადებით მოთხოვნილი რეჟიმის გახსნის თაობაზე. ამ მიზნით, თითოეულ კრედიტორს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსისგან დამატებით გამოითხოვოს მოვალესთან დაკავშირებული ფინანსური ან სხვა სახის ინფორმაცია, რაც მმართველის მიერ ქვეყნდება ელექტრონულ პროგრამაში, გარდა კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
8. განემარტოს მმართველს, რომ იგი კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმებას ახორციელებს და კრედიტორთა რეესტრს ადგენს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობიდან 60 დღის ვადაში, კრედიტორებისაგან მიღებული ან/და მის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე.
9. განემარტოს რეაბილიტაციის მმართველს, რომ იგი უფლებამოსილია:
ა) მიმართოს სასამართლოს კრედიტორთა კრების მოსაწვევად შემდეგ შემთხვევებში: ა.ა) ამ კანონით გათვალისწინებული შეცილების საფუძვლის განსახილველად; ა.ბ) მართვაში მყოფი მოვალის რეაბილიტაციის მმართველით შეცვლის საკითხის განსახილველად;
ა.გ) მთლიანი მოთხოვნების 10 პროცენტის მფლობელი კრედიტორების მოთხოვნით, კრედიტორთა კრების კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად;
ბ) გამოითხოვოს და მიიღოს მოვალის საქმიანობის ანგარიში, გაეცნოს მას და მოითხოვოს, რომ მისთვის სრულად იყოს ხელმისაწვდომი მოვალის ქონება, ყველა საბუღალტრო და საფინანსო ჩანაწერი, სამეწარმეო დოკუმენტი, გარიგება, მათ შორის, ელექტრონულად და კომპიუტერული პროგრამის სახით;
გ) კრედიტორთა რეესტრის შედგენის მიზნებისთვის მოვალეს მისცეს ან არ მისცეს თანხმობა კრედიტორული მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ უარყოფაზე ან აღიარებაზე;
დ) მოვალესთან ერთად მოამზადოს რეაბილიტაციის გეგმის პროექტი ან ამ გეგმის გადასინჯვის პროექტი. რეაბილიტაციის ზედამხედველი ვალდებულია რეაბილიტაციის გეგმის პროექტს დაურთოს დასაბუთებული წერილობითი შენიშვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის ზედამხედველი და მოვალე რეაბილიტაციის გეგმის ცალკეულ კომპონენტებზე ვერ თანხმდებიან და, რეაბილიტაციის ზედამხედველის შეფასებით, აღნიშნული გეგმის პროექტი არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებს. თუ რეაბილიტაციის ზედამხედველი რეაბილიტაციის გეგმის პროექტს დასაბუთებულ შენიშვნებს არ დაურთავს, მიიჩნევა, რომ იგი ეთანხმება ამ პროექტს; ე) უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;
ვ) თავისი ფუნქციების შესასრულებლად შეუზღუდავად ითანამშრომლოს კრედიტორებსა და კრედიტორთა კომიტეტთან (არსებობის შემთხვევაში); დაესწროს კრედიტორთა კომიტეტის სხდომებს და მოიპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია;
ზ) ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაინტერესებული პირისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, შეუზღუდავად გაეცნოს მოვალის შესახებ სასამართლოში დაცულ ინფორმაციას, ინფორმაციის დახურული ნაწილის ჩათვლით, მისი კონფიდენციალურობის დაცვის პირობით;
თ) მოვალისგან გამოითხოვოს მისი უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო ახსნა-განმარტება, ინფორმაცია ან/და ანგარიში ნებისმიერ საკითხზე;
ი) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
10. გაუქმდეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე გამოყენებული იძულებითი აღსრულების ღონისძიება და საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დაწესებული შეზღუდვები.
11. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით, www.ecourt.ge და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ).
12. განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე ციცინო მოსიძე
დოკუმენტის კომენტარები