ლაშა შუკაკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ლაშა შუკაკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/34/1787
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016889
2/34/1787
15/12/2023
ვებგვერდი, 09/01/2024
000000000.00.000.016889
ლაშა შუკაკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №2/34/1787 

2023 წლის 15 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე  სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი  წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

ხვიჩა კიკილაშვილი  წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: ლაშა შუკაკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1811 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9,   მე-11, მე-12 და მე-19 მუხლებთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 31 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1787) მომართა ლაშა შუკაკიძემ. №1787 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2023 წლის 2 აგვისტოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 15 დეკემბერს.

2. №1787 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1811 მუხლი ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ცივი იარაღის ტარებისათვის. კერძოდ, დასახელებული ნორმის თანახმად, „ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში, სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ცივი იარაღის კონფისკაციით“. ამავე მუხლის შენიშვნით, ერთი მხრივ, განსაზღვრულია შემთხვევები, რომლებზეც არ ვრცელდება ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, განმარტებულია „ცივი იარაღის ტარებისათვის“ მინიჭებული შინაარსი. ამასთანავე, შენიშვნის მე-4 ნაწილი განსაზღვრავს ცივი იარაღის ტარების უფლების მქონე სუბიექტს.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებულია ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა, მე-11 მუხლი იცავს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას, მე-12 მუხლით განმტკიცებულია საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ადგენს საკუთრების უფლების კონსტიტუციურ გარანტიას.

5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა არის ბუნდოვანი შინაარსის, იმდენად, რამდენადაც არ არის განსაზღვრული ცივი იარაღის დეფინიცია. ამავდროულად, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმით არ ხდება ცივი იარაღის კლასიფიკაცია და ნებისმიერი მჩხვლეტავი, ბასრი თუ მჭრელი საგანი ითვლება  ცივ იარაღად მისი ზომის, ფორმის და დანიშნულების მიუხედავად. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის შინაარსში ექცევა უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთი, მაგალითად, წვერის საპარსი საშუალებები, მაკრატელი, კოსმეტიკური ნივთი. შესაბამისად, ამ ნივთების სადავო ნორმით გათვალისწინებულ ადგილებში ფლობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მოქალაქის დაჯარიმება კონკრეტული ნივთის კონფისკაციით. მოსარჩელის არგუმენტაციით, აგრეთვე გაურკვეველია, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული ნივთების შეძენის ან საჩუქრად გადაცემის შემთხვევაში, როგორ უნდა მოხდეს მათი ერთი ადგილიდან მეორეში გადატანა.

6. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა ასევე არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების უფლებას, რადგან ითვალისწინებს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული ნივთების ჩამორთმევას კონფისკაციის გზით. იმავდროულად, მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა ასევე არის დისკრიმინაციული, ვინაიდან რეგიონის არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობა არ კრძალავს ცივი იარაღის ტარებას.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9,  მე-11, მე-12 და მე-19 მუხლებს.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები  შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1787 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1811 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9, მე-11, მე-12 და მე-19 მუხლებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმა ბუნდოვანი შინაარსისაა, რამდენადაც არ ხდება ცივი იარაღის დეფინიცია და მისი კლასიფიკაცია. აღნიშნულის გამო, მოსარჩელის პოზიციით, ნებისმიერი მჩხვლეტავი, ბასრი თუ მჭრელი საგანი, მათ შორის, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი, შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს ცივ იარაღად და გამოიწვიოს სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

3. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ცივი იარაღი განიმარტება, როგორც „იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად“. ამავდროულად,  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1811 მუხლი ცივი იარაღის ტარების აკრძალვასთან ერთად, ადგენს გამონაკლისებს ამ აკრძალვიდან. კერძოდ, ხსენებული მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს შემთხვევებს, რომლებზეც, გარდა საჯარო წესრიგის დარღვევის ან საჯარო წესრიგის დარღვევის აშკარა საფრთხის შექმნის შემთხვევებისა, არ ვრცელდება ნახსენები მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. აღნიშნულ შემთხვევებს შორის, გათვალისწინებულია ცივი იარაღის ტარება პირადი ჰიგიენის მოწესრიგების, საკვების მომზადების ან/და მიღების, მისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების, ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით, აგრეთვე იმ დროს, როდესაც პირს აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვა) ამ ტანსაცმლის ნაწილია. მაშასადამე, ნათელია, რომ კანონმდებლობით დადგენილია იმგვარი გამონაკლისები, რომელთა ფარგლებშიც, საყოფაცხოვრებო, პროფესიული, რეკრეაციული თუ კულტურული მიზნებისათვის, ცივი იარაღის ტარება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

4. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ სადავო ნორმის შენიშვნის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „ამ კოდექსის მიზნებისთვის „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე, ინახავს ტანსაცმელში ან ფლობს იმგვარად, რომ შეუძლია მისი დაუყოვნებლივ გამოყენება“. ხსენებულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება უკავშირდება ცივი იარაღის ტარების იმგვარ ფორმას, რომელთან მიმართებითაც არსებობს მისი დაუყოვნებლივი გამოყენების შესაძლებლობა. ამ მხრივ, სადავო ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმგვარ შემთხვევაში, როდესაც სახეზე არ არის ცივი იარაღის დაუყოვნებლივი გამოყენების საფრთხე/შესაძლებლობა, არ იკრძალება ცივი იარაღის ფლობა ან/და ერთი ადგილიდან მეორეში გადატანა.

5. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი იცავს ღირსების ხელშეუვალობას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი განამტკიცებს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რატომ არის, ზემოაღნიშნული გამონაკლისების მიღმა, ცივი იარაღის ტარება მისი დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობასთან არსებული კავშირის პირობებში, ბასრი, მჭრელი თუ მჩხვლეტავი საგნების ფლობა ან/და ერთი ადგილიდან მეორეში გადატანა, მოსარჩელის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებული რომელიმე ზემოაღნიშნული კონსტიტუციური უფლების ნაწილი. მაშასადამე, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი დასაბუთება, რომელიც წარმოაჩენდა სადავო ნორმის შინაარსობრივ მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 და მე-12 მუხლებთან.

6. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებულ საკუთრების უფლებასთან მიმართებით სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის წარმოსაჩენად მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ის ითვალისწინებს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული ნივთების ჩამორთმევას კონფისკაციის გზით. ხაზგასასმელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის მექანიზმი თავისთავად არაკონსტიტუციური არ არის. უფრო მეტიც, სანქციის სახით საგნის კონფისკაციის განსაზღვრა შესაძლოა, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების დაცვას უზრუნველყოფდეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ბუნებრივია, ამა თუ იმ ქმედებისათვის პასუხისმგებლობის დამდგენ ღონისძიებას გააჩნია შემაკავებელი ეფექტი ... სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის შედეგად, სამართალდამრღვევი სუბიექტი ამავე ნივთის გამოყენებით, აგრეთვე მოკლებულია შესაძლებლობას, ხელახლა განახორციელოს აკრძალული ქმედება. ამავდროულად, სანქციის ბუნების და სიმძიმის გათვალისწინებით, საქმეზე სადავოდ გამხდარ რეგულაციას გააჩნია მესამე პირთა მიერ დასახელებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის პრევენციის პოტენციალიც. სადავო რეგულაცია, ამ მხრივ, ხელს უწყობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ეფექტიან რეაგირებას“ (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/2/1475 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29). იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იარაღის/ობიექტის კონფისკაცია, per se, არაკონსტიტუციურ ღონისძიებას არ წარმოადგენს, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოადგინოს სათანადო არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენს სადავო ნორმით გათვალისწინებული ცივი იარაღის კონფისკაციის ღონისძიების არაკონსტიტუციურ ხასიათს, კონფისკაციით მიყენებულ ზიანს, საკუთრების უფლების შეზღუდვასა და ამ ღონისძიებით უზრუნველყოფილ ლეგიტიმურ მიზანს შორის არსებულ მკვეთრად არაპროპორციულ მიმართებას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს ამგვარი არგუმენტაცია წარმოდგენილი არ აქვს.

7. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით განმტკიცებულ თანასწორობის უფლებასთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). უფრო კონკრეტულად, „საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, შეფასებას ექვემდებარება სამი განსხვავებული შემთხვევა: ა) სახელმწიფო არსებითად თანასწორ პირებს, ნებისმიერი ნიშნის საფუძველზე, ეპყრობა განსხვავებულად; ბ) სახელმწიფოს მიერ დადგენილი, ფორმალურად თანასწორი მოპყრობა ფაქტობრივად იწვევს პირთან მყარად დაკავშირებული, კონსტიტუციურად მნიშვნელოვანი ნიშნით იდენტიფიცირებადი რომელიმე ჯგუფის (არაპირდაპირ) დიფერენცირებას; გ) როდესაც სახეზეა პირთან მყარად დაკავშირებული ნიშანი, რომლის გამოც ისინი კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, მიჩნეული უნდა იქნენ არსებითად არათანასწორად და წარმოეშობათ განსხვავებული მოპყრობის მოთხოვნის უფლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).

8. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე საერთოდ არ გამოყოფს შესადარებელ პირთა ჯგუფს და არც, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, მათ შორის დიფერენცირებას ასაბუთებს. მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია შემოიფარგლება იმაზე მითითებით, რომ რეგიონის არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობა არ კრძალავს ცივი იარაღის ტარებას, რაც ვერ გამოდგება თანასწორობის უფლების შეზღუდვის დასასაბუთებლად თვითკმარ არგუმენტად.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1787 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1787 კონსტიტუციური სარჩელი („ლაშა შუკაკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში