დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “2005-2006 სასწავლო წლისთვის ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 289 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/06/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71, 14/06/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.050.000.22.022.007.471 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.22.022.007.471
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №289
2005 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
2005-2006 სასწავლო წლისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების შესახებ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის მიზნით, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტისა და 63-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. 2005-2006 სასწავლო წლისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელობის ნუსხა დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური აქტით, 1999 წლიდან განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოთა საკონკურსო კომისიის მიერ გრიფმინიჭებული, 2004-2005 სასწავლო წლისათვის რეკომენდებული სახელმძღვანელოების, აგრეთვე ამ სახელმძღვანელოების სერიული გაგრძელებების შერჩევით.
2. 2005 წლის 15 ივლისამდე ყველა ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა _ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგინონ მათ მიერ 2005-2006 სასწავლო წლისთვის ერთიანი ნუსხიდან შერჩეული სახელმძღვანელოების სია. სიას, საგნის პედაგოგების კრების წარდგინებით, ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო, დაწესებულების სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით. ნუსხით გათვალისწინებული სახელმძღვანელოს შეცვლა ან ახლის დამტკიცება სასწავლო წლის განმავლობაში დაუშვებელია.
3. საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები უზრუნველყოფენ ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნუსხის საჯაროობას.
4. დაუშვებელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლების მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლების, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის ნებისმიერი სახის მითითების ან რჩევის მიცემა სასწავლო სახელმძღვანელოების შერჩევის შესახებ.
5. ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-7 მუხლის მოთხოვნათა შესასრულებლად, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების ნაშრომები არ შედის ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სახელმძღვანელოების ჩამონათვალში.
6. სასწავლო პროცესში ნებადართულია ნებისმიერი დამხმარე სასწავლო მასალის გამოყენება, რომელიც არ საჭიროებს სამინისტროს მხრიდან სპეციალური გრიფის მინიჭებას და თავისი შინაარსით არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, აგრეთვე სხვადასხვა სავარჯიშო რვეულების, ატლასების, რუკების და ა. შ. კონკრეტული საგნისათვის განკუთვნილი მასალების, მეთოდური ლიტერატურისა და სხვ. გამოყენება.
7. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ბრძანება №105 ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2004-2005 სასწავლო წლისათვის რეკომენდებულ სახელმძღვანელოთა შესახებ’’ (სსმ III, №66, მუხ. 583).
8. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები