თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ

თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 527
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.024360
527
28/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
240140000.10.003.024360
თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №527

2023 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის  პროგრამა“.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული, შესაბამისი პროგრამული კოდის ასიგნებებიდან.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 28 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

„თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამა“ (შემდგომში – პროგრამა) ითვალისწინებს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების ჩართულობით სოფლად სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობების ხელშეწყობას, კლიმატის ცვლილებების შერბილების, ადაპტაციისა და გარემოსდაცვითი საქმიანობის მხარდაჭერას ევროკავშირის LEADER/CLLD მიდგომის შესაბამისად; ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების მიერ შემუშავებული „LEADER ადგილობრივი განვითარების სტრატეგიებზე“ დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, პროგრამის ბენეფიციარებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის გზით.

მუხლი 2. პროგრამის მიზნები და ამოცანები

1. პროგრამის მიზანია სოფლად სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა.

2. პროგრამის ამოცანებია:

ა) ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების სტიმულირება, მათ შორის, სოციალური ინოვაციების გზით, რომელიც ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას, ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებასა და მეწარმეობას სოფლად;

ბ) სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაცია და ახალი, გრძელვადიანი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა, მათ შორის, ციფრული ტექნოლოგიებისა და სერვისების გამოყენებით;

გ) გარემოს დაცვა და მწვანე განახლება სოფლად და კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობა, სოფლად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

მუხლი 3. პროგრამის განმახორციელებელი

1. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო).

2. პროგრამის განმახორციელებლები არიან ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფ(ებ)ი.

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) LEADER –„Liaison Entre Actions de Développement de l'Économie Rurale“ (სოფლის ეკონომიკის განვითარების ღონისძიებებს შორის კავშირი);

ბ) CLLD – „Community-led Local Development“ (თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარება);

გ) პოტენციური ბენეფიციარი – საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური პირი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი არ ფლობს წილს/პაის/აქციას, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (გარდა – ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფისა, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ისა);

დ) პროგრამის ბენეფიციარი – საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი არ ფლობს წილს/პაის/აქციას, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (გარდა – ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფისა, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ)-ისა, რომელთანაც გაფორმებულია თანადაფინანსების ხელშეკრულება;

ე) ხელშეკრულება – მხარეებს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა უფლებამოსილებებს და მათ მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;

ვ) თანადაფინანსება − პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ბენეფიციარზე გაცემული ფულადი სახსრები, მათ შორის, ანაზღაურების გზით;

ზ) ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული ადგილობრივი საჯარო, სამეწარმეო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლ(ებ)ისგან შემდგარი გაერთიანება, რომელსაც გავლილი აქვს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ავტორიზაციის პროცედურა (შემდგომში – ავტორიზაცია);

თ) შეფასების კომიტეტი – პროგრამის ფარგლებში განაცხადისა და პროექტის დამტკიცების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებ(ებ)ის მისაღებად ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის მმართველობითი ორგანოს მიერ შექმნილი შიდა კომიტეტი, რომელიც უნდა შედგებოდეს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის, სულ მცირე, 3 წევრისგან. შეფასების კომიტეტში სავალდებულოა ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის საჯარო, სამეწარმეო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლ(ებ)ის მონაწილეობა (სულ მცირე, ერთი წარმომადგენელი თითოეული სექტორიდან);

ი) პროექტი – პოტენციური ბენეფიციარის მიერ განაცხადით წარმოდგენილი პროექტი, რომელიც შესაძლებელია, დააფინანსოს სააგენტომ;

კ) ასოცირებული წევრი – წევრი, რომელიც არ არის ჩართული ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის მმართველი ორგანოს საქმიანობაში.

მუხლი 5. პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი და ბიუჯეტის გადანაწილების წესი

1. პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული ცენტრებისა, სადაც შექმნილია ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები, რომლებსაც ამ დადგენილების მე-9 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვთ ავტორიზაცია.

2. ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების სამიზნე მუნიციპალიტეტებს შორის პროგრამის ბიუჯეტის განაწილება მოხდება პროპორციულად, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით (მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების მოსახლეობის რაოდენობის გამოკლებით) (სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუძველზე).

3. პროგრამის ბიუჯეტიდან ავტორიზებული ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება თითოეული მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის 4%. ამასთანავე, დანარჩენი ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსება მოხდება ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხის ნაწილიდან, დასაფინანსებელი პროექტის ჯამური ღირებულების 5%-ის მოცულობით.

მუხლი 6. პროგრამის თანადაფინანსების პირობები

1. სააგენტოს თანადაფინანსება ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრულია არაუმეტეს 30,000 ლარით, რომელიც უნდა შეადგენდეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%-ს.

2. ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს მხოლოდ ფულადი სახსრები (როგორც საკუთარი, ასევე საფინანსო ინსტიტუტიდან მიღებული სესხი/ლიზინგი), პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 50%-ის ოდენობით.

მუხლი 7. პროექტების დასაშვებობა და პროგრამის ხარჯების მიზნობრიობა

1. პროგრამა ითვალისწინებს როგორც ახალი საქმიანობის ხელშეწყობას, ასევე არსებული საქმიანობის გაფართოება/მოდერნიზებას, რომელიც მიზნად ისახავს სოფლად სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას, კლიმატის ცვლილებების შერბილების, ადაპტაციისა და გარემოსდაცვითი საქმიანობის მხარდაჭერას სოფლად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

2. არ დაფინანსდება პროექტები, რომლებიც უკავშირდება:

ა) სამხედრო, ბირთვულ, სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოსა და სახიფათო ნივთიერებების წარმოებას;

ბ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველად წარმოებას;

გ) სათამაშო ბიზნესსა და აზარტულ თამაშებს;

დ) საფინანსო მომსახურებას (მათ შორის, სალომბარდო);

ე) საქველმოქმედო საქმიანობას;

ვ) ვაჭრობას;

ზ) სასტუმროს/კვების ობიექტის საქმიანობას;

თ) პოლიტიკურ ან/და რელიგიურ საქმიანობას.

3. პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ ძირითადი საშუალების შესყიდვასთან/შექმნასთან დაკავშირებული ხარჯებისა და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსებას. მიზნობრივ ხარჯებად შეიძლება ჩაითვალოს ის ხარჯები, რომლებიც ყველა ქვემოთ მითითებულ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ა) ხარჯი გაწეულია დამტკიცებული პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად;

ბ) გაწეულია ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ;

გ) მიზნობრივი და აუცილებელია პროექტის განსახორციელებლად;

დ) ხარჯი დადასტურებულია დოკუმენტურად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

4. პროგრამა არ ითვალისწინებს შემდეგი ხარჯების დაფინანსებას:

ა) გართობისა და წარმომადგენლობითი ხარჯები;

ბ) ნებისმიერი მხარისათვის გადასახდელი პროცენტი ან ვალი;

გ) კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული დანაკარგი, მოსაკრებელი, ჯარიმა, საურავი და პირგასამტეხლო;

დ) ნებისმიერი ხარჯი, რომელიც უკავშირდება საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, გადაშენების პირას მყოფი სახეობების განადგურებას, ყალბ და პირატულ საქონელს;

ე) უძრავი ქონების (მათ შორის, მიწის) შეძენა;

ვ) ადამიანური რესურსის სამსახურებრივ მივლინებებთან დაკავშირებული ხარჯები;

ზ) საწარმოს წილების/აქციების შეძენა;

თ) სატრანსპორტო საშუალების შეძენა, გარდა სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებებისა, რომელიც აუცილებელია საწარმოს გამართულად ფუნქციონირებისათვის;

ი) სხვა ყველა ხარჯი, რომელიც შეიზღუდება ხელშეკრულებით.

მუხლი 8. კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პოტენციური ბენეფიციარი

1. პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსების მისაღებად:

ა) პროექტის განსახორციელებლად შერჩეული უძრავი ქონება უნდა იყოს პოტენციური ბენეფიციარის საკუთრებად რეგისტრირებული სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ან/და მიღებული უნდა ჰქონდეს იჯარით/აღნაგობით, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (იჯარის/აღნაგობის დარჩენილი პერიოდი განაცხადის წარდგენის დღისათვის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 წელს);

ბ) უძრავ ქონებას, არ უნდა ედოს ყადაღა ან/და იპოთეკა (დასაშვებია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული საფინანსო ინსტიტუტების იპოთეკა).

2. პოტენციური ბენეფიციარი არ უნდა ეწეოდეს პოლიტიკურ ან/და რელიგიურ საქმიანობას.

მუხლი 9. ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ავტორიზაცია

1. ავტორიზაციის მიზანია თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისთვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული აუცილებელი სტანდარტების/მოთხოვნების პირობებთან შესაბამისობის დადგენა.

2. ავტორიზაციის სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირის შესაბამისობის შეფასება ეფუძნება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ავტორიზაციის მაძიებლის (შემდგომში – ავტორიზაციის მაძიებლის) განაცხადითა და თანმდევი დოკუმენტებით მიღებული ინფორმაციის ანალიზს.

3. ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ავტორიზაციის წესს (შემდგომში – წესი) ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ავტორიზაციის მინიჭების ან უარის თქმის, ასევე ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სამინისტროს მიერ ამ დადგენილებითა და წესით განსაზღვრული ავტორიზაციის მოთხოვნების შესაბამისად.

4. ავტორიზაციის მაძიებლისთვის ავტორიზაციის მინიჭება ხორციელდება დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კერძოდ, ავტორიზაციის მაძიებელი უნდა:

ა) წარმოადგენდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებულ გაერთიანებას;

ბ) წარმოადგენდეს ადგილობრივი საჯარო, სამეწარმეო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან შემდგარ გაერთიანებას. აუცილებელია, საჯარო სექტორს წარმოადგენდნენ პროგრამის განხორციელების გეოგრაფიულ საზღვრებში არსებული თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლ(ებ)ი. ასევე დამატებით შესაძლებელია ცენტრალური უწყებ(ებ)ის რეგიონული ფილიალების წარმომადგენლ(ებ)ის ყოლაც;

გ) მოქმედებდეს მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში, სრულად ფარავდეს მას და გამორიცხავდეს სამოქმედო არეალების ურთიერთგადაფარვას;

დ) ხელმძღვანელობდეს LEADER ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით, რომელიც შესაბამისობაშია მუნიციპალური განვითარების პოლიტიკის დოკუმენტთან ან მისგან გამომდინარეობს ან, ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში, შესაბამისობაშია მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტთან ან მისგან გამომდინარეობს, მხარს უჭერს ადგილობრივი თვითმმართველობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას და მიმართულია პროგრამის სამიზნე არეალში საზოგადოებისთვის დამატებითი სოციალურ-ეკონომიკური სარგებლის მიტანისკენ. LEADER ადგილობრივი განვითარების სტრატეგია უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, სულ მცირე, შემდეგ საკითხებზე:

დ.ა) სამიზნე ტერიტორია;

დ.ბ) სამიზნე ტერიტორიაზე არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების მიმოხილვა SWOT ანალიზის გზით;

დ.გ) განვითარების ხედვა და ხედვის ფარგლებში მიზნები, ამოცანები და შედეგის ინდიკატორები;

დ.დ) სამიზნე ტერიტორიაზე სამიზნე ჯგუფები, დაინტერესებული მხარეები და მათი ჩართულობის მექანიზმები;

დ.ე) გაერთიანების მართვის საოპერაციო სტრუქტურა და სტრატეგიის მონიტორინგისა და შეფასების მიდგომა და მექანიზმები;

ე) გადაწყვეტილების მიღების პროცესი ეფუძნებოდეს საჯარო, სამეწარმეო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს, კერძოდ, სავალდებულოა საჯარო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობა, არც ერთი ინტერესთა ჯგუფი არ უნდა ფლობდეს ხმათა 49%-ზე მეტს, ხოლო გადაწყვეტილებები მიღებული იყოს ევროკავშირის გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით (ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია (EU) No 1303/2013) – ხმათა, სულ მცირე, 50% უნდა ეკუთვნოდეს არასაჯარო სექტორის წარმომადგენლებს;

ვ) ხელმძღვანელობდეს გაწერილი პროცედურით, რომელიც ეფუძნება განაცხადების შეფასების გამჭვირვალე, ობიექტურ და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებს, ევროკავშირის გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით;

ზ) ხელმძღვანელობდეს გაწერილი პროცედურით განაცხადების შეფასების კომიტეტის წევრ(ებ)თან ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, თუ პოტენციურ ბენეფიციარსა და შეფასების კომიტეტის წევრს შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები. გაწერილი პროცედურით გათვალისწინებული უნდა იყოს ასეთი შემთხვევების გადაწყვეტა, კერძოდ, უნდა განისაზღვროს შემთხვევები, როდის მოხდება განაცხადების შეფასების კომიტეტის წევრის აცილება და ის ვეღარ მიიღებს მონაწილეობას განაცხადის შეფასებაში;

თ) ხელმძღვანელობდეს გაწერილი პროცედურით LEADER ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების შესახებ, ევროკავშირის გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც გულისხმობს მონაწილეობით დაგეგმვას, მოსახლეობის ინფორმირებასა და მობილიზებას, პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების ხილვადობისა და პოპულარობის ზრდას;

ი) ხელმძღვანელობდეს გაწერილი პროცედურით განაცხადების მიღების, ვერიფიკაციისა და დაფინანსებული პროექტების ადგილობრივი კონტროლის (საველე მონიტორინგის) წარმოების შესახებ, ევროკავშირის გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით;

კ) ახორციელებდეს პროგრამის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშგებას სამინისტროს მიერ დადგენილი წესის თანახმად, ხოლო ფინანსურ ანგარიშგებას – სააგენტოს მიერ დადგენილი წესის თანახმად.

5. ავტორიზაციის მაძიებელი თავად იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის მართვის სტრუქტურისა და მუშაობის წესის შესახებ, ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად.

6. ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფში ასოცირებული წევრის სტატუსით შესაძლებელია, გაწევრიანებულნი იყვნენ საარჩევნო ასაკის არმქონე ახალგაზრდები 15 წლიდან, რაც მიზნად ისახავს მათ გაზრდილ ჩართულობას სოფლის განვითარებაში.

7. ავტორიზაციის მაძიებელს სამინისტრო ავტორიზაციას ანიჭებს ავტორიზაციის მაძიებლის მიერ შემუშავებული LEADER ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მოქმედების ხანგრძლივობით, არა უმეტეს 3 კალენდარული წლის ვადით; ავტორიზაციის განახლების მიზნით, იურიდიულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს და დააკმაყოფილოს ავტორიზაციის დადგენილი მოთხოვნები.

8. ამ პროგრამის მიზნებისთვის, შესაძლებელია თითოეული მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას მხოლოდ ერთ ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფში ჰყავდეს წარმომადგენლ(ებ)ი. ამასთანავე, LEADER ადგილობრივი განვითარების სტრატეგია შესაბამისობაში უნდა იყოს ამავე მუნიციპალიტეტის განვითარების პოლიტიკის დოკუმენტებთან ან მისგან გამომდინარეობდეს. აღნიშნულის კონტროლი ეთხოვოს თითოეული მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას.

9. ეთხოვოს ადგილობრივ თვითმმართველობას, მათი წარმომადგენლ(ებ)ის მიერ ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის დატოვების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს სამინისტროს.

10. ამ დადგენილებითა და წესით განსაზღვრული კრიტერიუმების დარღვევის შემთხვევაში, ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფს შეუწყდება ავტორიზაცია.

მუხლი 10. ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის მიერ განაცხადისა და პროექტის განხილვა

1. პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაცხადისა და პროექტის შეფასება მოხდება ამ დადგენილების, სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროცედურის პირობებისა და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის მიერ შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, თუ შეფასების შედეგად დადგინდება წარმოდგენილი განაცხადისა და პროექტის ამ დადგენილების, სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროცედურის პირობებისა და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის მიერ შემუშავებულ სტრატეგიასთან შესაბამისობა, პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და პროექტს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი განიხილავს შეფასების კომიტეტზე.

3. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა ეფუძნება საჯარო, სამეწარმეო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს, კერძოდ, სავალდებულოა საჯარო სექტორის წარმომადგენლ(ებ)ის მონაწილეობა, არც ერთი ინტერესთა ჯგუფი არ ფლობს ხმათა 49%-ზე მეტს, ხოლო მიღებულ გადაწყვეტილებებში ხმათა, სულ მცირე, 50% ეკუთვნის არასაჯარო სექტორის წარმომადგენლებს, ევროკავშირის გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით (ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია (EU) No 1303/2013).

4. შეფასების კომიტეტი ხელმძღვანელობს გაწერილი პროცედურით, ევროკავშირის გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც ეფუძნება განაცხადებისა და პროექტების შეფასების გამჭვირვალე, ობიექტურ და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებს.

5. შეფასების კომიტეტი, შესაბამის სამოქმედო არეალში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, ობიექტურობის სრული დაცვითა და ნათელი და გამჭვირვალე კრიტერიუმების შესაბამისად, იღებს დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას განაცხადისა და პროექტის თანადაფინანსების დამტკიცების შესახებ.

6. შეფასების კომიტეტი ხელმძღვანელობს თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის პრინციპით, ამავდროულად, ბენეფიციართა შერჩევის პროცესში შეფასების კომიტეტი უზრუნველყოფს ბენეფიციართა მაქსიმალურად ფართო წრის მოცვას.

7. დამტკიცებული განაცხად(ებ)ისა და პროექტ(ებ)ის პირობებისა და პარამეტრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი უგზავნის სააგენტოს.

მუხლი 11. დამტკიცებული განაცხად(ებ)ის შესაბამისობის შემოწმება სააგენტოს მიერ

1. მიღებული დამტკიცებული განაცხად(ებ)ისა და პროექტ(ებ)ის პარამეტრების, პროგრამისა და პროცედურის პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სააგენტო ახორციელებს მათი შესაბამისობის შემოწმებას.

2. შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფს მოსთხოვს მიღებული გადაწყვეტილების ან/და დამტკიცებული თანადაფინანსების პირობების/პარამეტრების შეცვლა პროგრამასა და დამტკიცებულ პროცედურასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

3. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდება დამტკიცებული განაცხადისა და პროექტის შესაბამისობა პროგრამის პირობებთან, სააგენტო იწვევს მხარეებს ხელშეკრულების გასაფორმებლად.

მუხლი 12. ბენეფიციარის ვალდებულებები

ბენეფიციარი ვალდებულია:

ა) სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება დაადასტუროს სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული პირების მეშვეობით;

ბ) უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში მიღებული თანადაფინანსების თანხების ხარჯვის აღრიცხვა და ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს კანონმდებლობისა და პროგრამის პირობების შესაბამისად;

გ) უზრუნველყოს სააგენტოს მიერ საველე/დოკუმენტური მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო პირობების შექმნა;

დ) სააგენტოს/ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფს, მათი მოთხოვნის შესაბამისად, მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით, მიაწოდოს უტყუარი, დროული და სრული ინფორმაცია განხორციელებული პროექტის შესახებ (მათ შორის, დასაქმებული პირებისა და გაწეული ხარჯების შესახებ);

ე) არ შეაფერხოს სააგენტოს/ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის მიერ განსაზღვრული მონიტორინგისა და შეფასების მიზნით ჩასატარებელი ღონისძიებები, პროექტის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში;

მუხლი 13. პროგრამის პროცედურა

პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის განაცხადისა და პროექტის მიღების, განხილვის, დამტკიცებისა და თანადაფინანსების გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო, რომელიც სავალდებულო შესასრულებელი იქნება პოტენციური ბენეფიციარებისა/ბენეფიციარებისა და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების მიერ.

მუხლი 14. პროგრამის მონიტორინგი

1. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების მიზნობრიობის შესრულების კონტროლს განახორციელებენ ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები მათ მიერ დამტკიცებული წესის საფუძველზე, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროგრამის პროცედურასთან.

2. პროგრამის ბენეფიციარების დოკუმენტურ მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო. ასევე სააგენტო უფლებამოსილია, ბენეფიციარს მოსთხოვოს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დადასტურება სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული პირების მეშვეობით.

3. სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, განახორციელოს თანადაფინანსების ხარჯვის მიზნობრიობისა და პროგრამის მიმდინარეობის მონიტორინგი, პირადად ან დამოუკიდებელი სპეციალისტის/ექსპერტის/აუდიტორის მეშვეობით, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ბენეფიციარის საქმიანობის ადგილზე შემოწმებითა და დოკუმენტური მონიტორინგით.