„ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.115.016403
32
28/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
010250020.35.115.016403
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2023 წლის 28 დეკემბერი

დაბა ლენტეხი

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ის  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის 22 დეკემბრის №19 (www.matsne.gov.ge, 010250020.35.115.016231, 28.12.2017 წ.) დადგენილებით დამტკიცებულ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში შემდეგის მიხედვით:

 1. დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

მუხლი 10. მერიის სამსახურები – პირველადი სტრუქტურული ერთეულები

 1. მერიის სამსახური არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის  დავალებით – საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.

 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

 4. მერიის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) შიდა აუდიტის სამსახური;

გ) იურიდიული სამსახური;

დ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

ე) ეკონომიკური განვითარების სამსახური;

ვ) ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური;

ზ) განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური;

თ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

ი) ზედამხედველობის სამსახური.

5. მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი სამსახურის დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.“

2.დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები

1. იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია მერიისა და საკრებულოს სამართლებრივი მომსახურეობის უზრუნველყოფა, მერიისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტების იურიდიული გასწორება და ვიზირება, სამართლებრივი დასკვნების შედგენა, მუნიციპალიტეტის ინტერესების დაცვა სასამართლოში და სხვა ორგანიზაციებთან, მოქალაქეთა და მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა იურიდიული კონსულტაციები.

2. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, მერის წარმომადგენელთან და აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა.

3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშების, დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.

4. ეკონომიკური განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, ზედამხედველობის უზრუნველყოფა, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა.

5. განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური.  სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლის გარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება. ტურიზმის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია.

6. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია. მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად.

7. ზედამხედველობის  სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის და დასუფთავების წესების დარღვევაზე ზედამხედველობის განხორციელება; სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებაზე ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობაზე კონტროლის განხორციელება; ხეების და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განვითარებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე და დაზიანებაზე კონტროლის განხორციელება; დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციებთან შესაბამისობაზე კონტროლის განხორციელება; ისტორიისა და კულტურის ძეგლების, გარემოსა და ტერიტორიების საინჟინრო პირობების დაცვაზე სათანადო კონტროლის განხორციელება; საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ზომების განხორციელება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის შედგენა; კანონმდებლობით დადგენილი წესით წესრიგის დაცვა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე; არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილებით დამრღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ლენტეხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, რომლის უზრუნველსაყოფადაც უფლებამოსილია შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა; ლენტეხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კონტროლის განხორციელება კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე; ლენტეხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი; პროექტის, სანებართვო პირობების დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟის განხორციელებას, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენება; დადგენილი წესით გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ; ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება დადგენილი წესით, წინადადებების მომზადება მათი საქმიანობის შეჩერების, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ; მიმწოდებელ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით შესრულებულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის პროექტთან შესაბამისობის დადგენა, მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება და შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მიზნით ერთობლივი დოკუმენტაციის გადაცემა შესაბამისი სამსახურისათვის;  ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში (წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე) სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და საჭირო პროცედურების განხორციელება; მერიის სხვა სამსახურებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესახებ; სამშენებლო პროცესის კონტროლი, დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მიმოწერის განხორციელება და დარღვევის აღმოფხვრის კონტროლი; ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების კონტროლი; უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმის მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება; საქართველოს კანონმდებლობით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერისა და ლენტეხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

8. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება. მუნიციპალიტეტის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელება, ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვა, ასევე პროექტების მომზადება სოციალურად დაუცველ (მათ შორის, ვეტერანები, ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული) პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათებისა და დახმარების თაობაზე.

9. ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზება; წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობით დოკუმენტების პროექტებზე, ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავება; გეგმარებითი დავალებების მომზადება; მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაცია; მშენებლობის ნებართვების გასაცმად საჭირო პირობებისა და დასკვნების მომზადება; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვა და მოვლაპატრონობა; მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი