„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 24-60
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016759
24-60
19/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
480610000.03.030.016759
„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ 


 

საქართველოს მთავრობა და

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა

შემდგომში თითოეული წოდებული, როგორც „ხელშემკვრელი მხარე“ და ერთობლივად წოდებულნი როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“,

განზრახული აქვთ რა, განამტკიცონ თანამშრომლობა მიგრაციისა და მობილობის სფეროში,

აცნობიერებენ რა მდგრადი განვითარებისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2030 წლის დღის წესრიგისა და უსაფრთხო, მოწესრიგებული და ლეგალური მიგრაციისთვის გლობალური პაქტის მნიშვნელობას და ადასტურებენ რა თავიანთ ერთგულებას ევროპული ღირებულებების, განსაკუთრებით ადამიანისა და მოქალაქის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მიმართ, ისევე როგორც მოწყვლადი ჯგუფების დაცვის საჭიროებას, რომელთაც საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაცია ემუქრებათ,

ითვალისწინებენ რა, საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას შენგენის ზონაში და საქართველოს პერსპექტივას, გახდეს ევროკავშირის წევრი,

ესწრაფვიან რა, განამტკიცონ მათ შორის აქამდე არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მიგრაციისა და მობილობის პერსპექტიულ სფეროში, რათა შემცირდეს უკანონო მიგრაცია, ხელი შეეწყოს ნებაყოფლობით დაბრუნებასა და რეინტეგრაციას და გაძლიერდეს მიზნობრივი ლეგალური მიგრაცია ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

თანამშრომლობა შრომითი მიგრაციის სფეროში

ორმხრივი ინტერესებისა და განსაკუთრებით, საქართველოში შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მოხდება სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობა. აღნიშნული თანამშრომლობა მოიცავს შემდეგ სფეროებს:

1. ცირკულარული მიგრაციისა და სეზონური შრომითი მიგრაციის გაძლიერება;

2. ქართველი დასაქმებულებისთვის გერმანიის შრომის ბაზარზე შრომითი საქმიანობის დაწყებისთვის შესაძლებლობების მიზანმიმართული გაფართოება, შესაბამისი მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დანაწესთა ფარგლებში, რათა მოხდეს მესამე ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების დაბალანაზღაურებადი და არასტაბილური შრომითი ურთიერთობებიდან გასვლის ხელშეწყობა. ამ მიზნით, შეიქმნება ექსპერტთა ორმხრივი ჯგუფი, რომლის საქმიანობაშიც მონაწილეობას მიიღებენ ხელშემკვრელი მხარეების შესაბამისი სამინისტროები და დაწესებულებები. აღნიშნული ჯგუფი, სხვა საკითხებთან ერთად საჭიროების შემთხვევაში იმუშავებს კვალიფიკაციის ამაღლების წინაპირობებზეც.

მუხლი 2

ურთიერთგაცვლა განათლების სფეროში

მიგრაციისა და მობილობის გრძელვადიანი გაძლიერების მიზნით და ევროპული ინტეგრაციის სულისკვეთებით, მოხდება განათლების სფეროში ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა. ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას, განამტკიცონ თანამშრომლობა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების და მკვლევარების ურთიერთგაცვლის გზით, არსებული პროგრამების ფარგლებში და მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი და ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

მუხლი 3

უკანონო მიგრაციის შემცირება

ხელშემკვრელი მხარეები, საერთაშორისო სამართლის, ევროკავშირის სამართლისა და შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში, ახდენენ უკანონო მიგრაციისა და მისი ხელშეწყობის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი), ისევე როგორც დოკუმენტებისა და ვიზების ბოროტად გამოყენების პრევენციას და ებრძვიან მას. აღნიშნული მიზნის მიღწევის უზრუნველსაყოფად, ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან განსაკუთრებით შემდეგი ღონისძიებების განხორციელებაზე:

1. თანამშრომლობის განმტკიცება უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის უზრუნველყოფის პროცესში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ 2010 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების შესაბამისად. აღნიშნული მნიშვნელოვანია ასევე საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში დაგეგმილი შეყვანის ფონზე, რაც გულისხმობს გერმანიაში თავშესაფრის მიღების შესახებ შესაბამისი განაცხადების დამუშავების პროცედურის დაჩქარებას;

2. დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაცია და დისკრიმინაციისგან მათი აქტიური დაცვა;

3. საინფორმაციო და საკომუნიკაციო კამპანიების შეთანხმება და განხორციელება იმის თაობაზე, რომ გერმანიაში, გასულ წლებში, თავშესაფრის მიღების შესახებ საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებული განაცხადების დაკმაყოფილების კვოტის გათვალისწინებით, ამგვარ განაცხადებთან დაკავშირებით დადებითი პასუხის მიღების ალბათობა დაბალია;

4. მიზნობრივ ჯგუფებზე მორგებული მხარდაჭერა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, რომელიც საქართველოს შიდა შრომის ბაზარზე იქნება ორიენტირებული, რათა მოხდეს შესაბამისი პირების ქვეყანაში დარჩენისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, მათთვის პერსპექტივის გაჩენა და უკანონო მიგრაციის თავიდან აცილება.

მუხლი 4

კომპეტენტური უწყებები

წინამდებარე შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი, ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური უწყებებია:

  1. საქართველოს მთავრობისთვის:
  • პირველი მუხლის მიზნებისათვის: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
  • მე-2 მუხლის მიზნებისათვის: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  • მე-3 მუხლის მიზნებისათვის: შინაგან საქმეთა სამინისტრო (პირველი პუნქტი), ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (მე-2 და მე-4 პუნქტები), საგარეო საქმეთა სამინისტრო (მე-3 პუნქტი);
  1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობისთვის:
  • პირველი მუხლის მიზნებისათვის: შრომისა და სოციალურ საკითხთა ფედერალური სამინისტრო, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტრო, შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საკითხთა ფედერალური სამინისტრო, ისევე როგორც დარგობრივი უწყებები, რომლებსაც, მათი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ეხება 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტი;
  • მე-2 მუხლის მიზნებისათვის: განათლებისა და კვლევების ფედერალური სამინისტრო;
  • მე-3 მუხლის მიზნებისათვის: შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საკითხთა ფედერალური სამინისტრო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი).

 

მუხლი 5

მონაცემთა დაცვა და კონფიდენციალურობა

თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს, გასცეს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია მხოლოდ მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ და შესაბამისი მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. წინამდებარე შეთანხმება არ წარმოადგენს პერსონალური მონაცემების ურთიერთგაცვლის სამართლებრივ საფუძველს.

მუხლი 6

საკომუნიკაციო ენა

თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ინგლისური ენა წარმოადგენს მათ შორის საკომუნიკაციო ენას.

მუხლი 7

ხარჯები

თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავად დაფარავს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით მისთვის წარმოქმნილ ხარჯებს. შესაბამისად, წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები განხორციელდება არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსების გათვალისწინებით.

მუხლი 8

ცვლილებები

ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს, წერილობით შეათანხმონ წინამდებარე შეთანხმების ცვლილებები.

მუხლი 9

დასკვნითი დებულებები

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღეს.

2. წინამდებარე შეთანხმების დენონსაცია შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, მეორე მხარისთვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების გზით. მისი მოქმედება შეწყდება მეორე მხარის მიერ დენონსაციის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.

შესრულებულია ქ. თბილისში, 2023 წლის 19 დეკემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და გერმანულ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

ხელმოწერილია

 

გერმანიის ფედერაციული

რესპუბლიკის მთავრობის სახელით

                                    ხელმოწერილია