დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 მაისის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 157/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 29/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.018412 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 მაისის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N3822-XIIIმს-Xმპ; 15/12/2023) შესაბამისად ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 მაისის №52/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge; 14/05/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016787) პირველი მუხლით დამტკიცებულ წესდებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომ – უნივერსიტეტი) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება. იგი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან (შემდგომ - სამინისტრო)).“; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მისამართია: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. №113.“; 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. უნივერსიტეტის სტატუსი და სახელმწიფო კონტროლი უნივერსიტეტი დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტრო.“; 3. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31. უნივერსიტეტის უფლებაუნარიანობა 1. უნივერსიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს: ა) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა; ბ) საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) საგამომცემლო საქმიანობა; დ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება; ე) სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის (გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის) წარმოება და რეალიზება; ვ) დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა ამ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ზ) შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და ამ წესდებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“; 4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. უნივერსიტეტის სტრუქტურა 1. უნივერსიტეტის სტრუქტურა შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების − ფაკულტეტებისაგან, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისაგან და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატისაგან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატისაგან, კანცელარიის, მართვის ორგანოების სამდივნოსაგან და უნივერსიტეტის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან. 2. გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის ფაკულტეტების შექმნის, რეორგანიზაციის და გაუქმების შესახებ იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობით საბჭო. 3. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულია სამეცნიერო-საგანმანათლებლო ლიტერატურა. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქმიანობა განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით. 4. უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულები განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული სტრუქტურის შესაბამისად. 5. უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია და საქმიანობის წესი რეგულირდება ამ წესდებით დადგენილი წესით დამტკიცებული შესაბამისი დებულებებით.“; 5. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს; 6. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ფაკულტეტის საბჭოების წარდგინებით ამტკიცებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულებას;“; ბ) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ - მინისტრი) ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; მ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;“; 7. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;“; 8. მე-20 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სხვა ფაკულტეტებთან ერთად მონაწილეობს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულების შემუშავებაში და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;“; 9. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო 1. უნივერსიტეტში მოქმედებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო. 2. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო. 3. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. 4. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოების წარდგინებით, აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით. 5. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შედგება უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის/სპეციალობის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორებისაგან. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრები შეირჩევიან დაწესებულების აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად. 6. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოში შესაძლებელია დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირის მოწვევა.“; 10. 26-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე - 5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.“; გ) მე-7 – 50-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს; 11. 27- ე მუხლის მე-5 და მე - 6 პუნქტები ამოღებულ იქნეს; 12. 272 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ან საგანმანათლებლო დაწესებულების/ერთეულის ჩამოყალიბების ინიცირება.“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; 13. 28-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;“; ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.“; ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს მიაწოდოს ამ წესდების 33-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირადი ინფორმაცია, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება.“;
14. 30-ე მუხლს მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „61“ პუნქტი:
„61. უნივერსიტეტი უფლებამოსილია პროფესიული განათლების ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით მოიწვიოს პროფესიული განათლების მასწავლებელი. პროფესიული განათლების მასწავლებელი მოიწვევა აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“; 15. 301 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ოღებს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის მედლების მინიჭების თაობაზე, რომელიც პირს შეიძლება მიენიჭოს უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის.“; 16. თავი V-ის (სტუდენტი) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სტუდენტი, პროფესიული სტუდენტი და მსმენელი“; 17. 33-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო სახელმწიფო დაფინანსების გადატანის წესს განსაზღვრავს მინისტრი; თ) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე; საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს მაგისტრატურის სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში;“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის ქმნის შესაბამის პირობებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც განისაზღვრება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით.“; 18. 34- ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „341“ და „342“ მუხლები: „მუხლი 341. პროფესიული სტუდენტისა და მსმენელის უფლებები 1. პროფესიულ სტუდენტს/მსმენელს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი პროფესიული განათლება; ბ) საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის დადგენილი წესით ისარგებლოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საინფორმაციო საშუალებებით, ბიბლიოთეკითა და სხვა სასწავლო რესურსებით; გ) საკუთარი ინტერესების შესაბამისად თავისუფლად დააფუძნოს პროფესიული და სხვა სტუდენტური ორგანიზაციები ან/და გაერთიანდეს მათში; დ) განახორციელოს მისთვის ამ წესდებით, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული სტუდენტის მობილობის უფლებით. 3. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის გაუქმების ან პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტიდან ერთ-ერთი კვალიფიკაციის ამოღების შემთხვევაში, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის შემთხვევაში დაასრულოს სწავლა იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზედაც სწავლობს, ან ისარგებლოს პროფესიული სტუდენტის მობილობის უფლებით. მუხლი 342. პროფესიული სტუდენტისა და მსმენელის ვალდებულებები 1. პროფესიული სტუდენტი/მსმენელი ვალდებულია: ა) შეასრულოს უნივერსიტეტის შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნები; ბ) დაიცვას პროფესიულ სტუდენტს/მსმენელსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნები.“; 19. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 35. სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის/მსმენელის დისციპლინური პასუხისმგებლობა 1. სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მიმართ დისციპლინური წარმოება დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს. იგი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უნივერსიტეტის პერსონალის და სტუდენტის ეთიკის კოდექსთ განსაზღვრულ შემთხვევებში და ამ წესდებით, უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით გათვალისწინებული წესით. 2. უნივერსიტეტი ვალდებულია შეიმუშაოს სტუდენტის ეთიკის კოდექსი, რომელიც შესაძლებელია აწესებდეს შეზღუდვას სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის/მსმენელის ქცევაზე, თუ ეს დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის წარმართვასთან. უნივერსიტეტი ვალდებულია დეტალურად განსაზღვროს ქცევის წესი, რომელიც იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას. 3. სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის/მსმენელის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის/მსმენელის სასწავლო პროცესში მონაწილეობით იქმნება რეალური საფრთხე ქმედების განმეორებით ჩადენისა და თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, უნივერსიტეტის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო. 4. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის/მსმენელის უფლება აქვს: ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ; ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით; გ) მიაწოდოს უნივერსიტეტის შესაბამის ორგანოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები; დ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში; ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე. 5. დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური წარმოების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით, ამ წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომლებიც დისციპლინური წარმოების საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს ფაკულტეტის საბჭომ. 6. მტკიცებულებების მოპოვება ხდება დიციპლინური წარმოების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დიციპლინური წარმოების განხორციელების პროცესში რა დროსაც საქმეში მონაწილე მხარეები იძლევიან ახსნა-განმარტებებსა და წარადგენენ მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებს (წერილობითი, ნივთიერი) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ორგანოს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივითაც მოიპოვოს/გამოითხოვოს მტკიცებულებები. 7. სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის/მსმენელის უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს უნივერსიტეტის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.“; 20. 39-ე მუხლის მე-2 - 51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ახორციელებს უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს უნივერსიტეტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სამინისტროს თანხმობით, უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) სხვა გადაწყვეტილებები უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში. 5. უნივერსიტეტის უძრავი ქონების ამ მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 51. უნივერსიტეტის მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; 21. მე-40-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 40. უნივერსიტეტის ბალანსის შედგენა და შემოწმება უნივერსიტეტი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს . უნივერსიტეტის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.“; 22. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უნივერსიტეტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით.“; 23. 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წესდებაში ცვლილების პროექტს შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები