საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 968
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 04/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 270900000.22.027.017456
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
968
04/01/2024
ვებგვერდი, 05/01/2024
270900000.22.027.017456
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/01/2024 - 17/01/2025)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №968

2024 წლის 4 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ჩ3“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების თანდართული წესი.

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე




საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესი

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფის – გენერალური ინსპექციის პროფესიულ საჯარო მოხელეთა – სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა (შემდგომ – მოსამსახურე) შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. მოსამსახურეზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი, თუ იმავე კანონითა და ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მუხლი 2. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

1. მოსამსახურის შრომის ანაზღაურება მოიცავს:

ა) თანამდებობრივ სარგოს;

ბ) სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს (შემდგომ - წოდებრივი სარგო);

გ) წელთა ნამსახურობის დანამატს.

2. მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისთვის. მოსამსახურეს შეიძლება აგრეთვე მიეცეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები.

3. მოსამსახურეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესის“ შესაბამისად, წახალისების ფორმით, შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

4. მოსამსახურეს არ მიეცემა საკლასო დანამატი.

 

მუხლი 3. თანამდებობრივი სარგო

1. მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგო (ლარი)

გენერალური ინსპექციის უფროსი

7448 ლარი

უფროსის მოადგილე

5320 ლარი

სამმართველოს უფროსი

4655 ლარი

სამმართველოს უფროსის მოადგილე

4400 ლარი

განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი

3520 ლარი

განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი

3520 ლარი

განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი

3520 ლარი

განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი

3300 ლარი

განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორ-გამომძიებელი

3300 ლარი

განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი

3300 ლარი

უფროსი სპეციალისტი

2200 ლარი

2. მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა აისახება აგრეთვე სამინისტროს საშტატო ნუსხასა და მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ მინისტრის/ან საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებაში.

 

მუხლი 4. წოდებრივი სარგო

მოსამსახურის წოდებრივი სარგო განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

სახელმწიფო სპეციალური წოდება

წოდებრივი სარგო (ლარი)

იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტი

110

იუსტიციის გენერალ-მაიორი

100

იუსტიციის პოლკოვნიკი

70

იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

60

იუსტიციის მაიორი

50

იუსტიციის კაპიტანი

40

იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი

30

იუსტიციის ლეიტენანტი

25

იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი

20

 

მუხლი 5. წელთა ნამსახურობის დანამატი

1. მოსამსახურის წელთა ნამსახურობის დანამატი განისაზღვრება სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები დროის მიხედვით, თანამდებობრივი სარგოსა და წოდებრივი სარგოს ჯამური თანხის შემდეგი პროცენტული ოდენობით:

ა) 1 წლიდან 2 წლამდე ნამსახურობისთვის − 5%;

ბ) 2 წლიდან 5 წლამდე ნამსახურობისთვის − 10%;

გ) 5 წლიდან 10 წლამდე ნამსახურობისთვის − 15%;

დ) 10 წლის ან მეტი ხნის ნამსახურობისთვის − 20%.

2. მოსამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები დროის გამოთვლისას ნამსახურობაში ითვლება სამხედრო (გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურისა/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა) ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობის პერიოდი.

3. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი არაუგვიანეს ყოველი თვის 10 რიცხვისა უზრუნველყოფს თითოეული მოსამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობის დროის შესახებ განახლებული ინფორმაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისთვის მიწოდებას.

4. სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი წელთა ნამსახურობის დანამატის დაანგარიშებას ახორციელებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღების თარიღიდან/ინფორმაციაში მითითებული თარიღიდან.

 

მუხლი 6. შრომის ანაზღაურების დაანგარიშებისა და გაცემის წესი

1. მოსამსახურეს თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი მიეცემა ყოველთვიურად. თანამდებობრივი სარგოსა და წოდებრივი სარგოს დაანგარიშება ხორციელდება კალენდარული დღეების მიხედვით, ხოლო წელთა ნამსახურობისა და შესაბამისი დანამატის დაანგარიშება – კალენდარული წლების, თვეებისა და დღეების მიხედვით.

2. მოსამსახურეს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისას ეძლევა შესაბამისი თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილების შეჩერების პერიოდისა.

3. მოსამსახურეს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის ფუნქციებს და თავისუფლდება თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულებისგან (სხვა ფუნქციების შესრულება), ეძლევა დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი პირის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ პირს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. მოსამსახურეს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის ფუნქციებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან განთავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების შესრულება), თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა სახელფასო დანამატი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში. მოსამსახურეს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის ფუნქციებს, შეუნარჩუნდება წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი.

4. მოსამსახურის შრომის ანაზღაურება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

 

მუხლი 7.  შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირება

მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა სამინისტროს ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი.