გიორგი ოქროპირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

გიორგი ოქროპირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/31/1765
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 14/12/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016878
1/31/1765
14/12/2023
ვებგვერდი, 25/12/2023
000000000.00.000.016878
გიორგი ოქროპირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის

განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №1/31/1765

 

 2023 წლის 14 დეკემბერს

ქ. ბათუმი

კოლეგიის შემადგენლობა:

 

ვასილ როინიშვილი  სხდომის თავმჯდომარე,

ევა გოცირიძე  წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი თევდორაშვილი  წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე  წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: გიორგი ოქროპირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის პირველი წინადადებისა და 266-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 25 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1765) მომართა გიორგი ოქროპირიძემ. №1765 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2023 წლის 27 იანვარს. №1765 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 14 დეკემბერს.

2. №1765 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი,  311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, „სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გააუქმოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამამტყუნებელი ვერდიქტი და დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღი, თუ აღნიშნული ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას, უსაფუძვლოა და გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა.“ თავის მხრივ, სსსკ-ის 266-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს მხარის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის ერთჯერადად საკასაციო წესით, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების საფუძველს, კერძოდ თუ „სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო ამ კოდექსის დარღვევით გამოტანილ ვერდიქტს“.

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

5. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე, გიორგი ოქროპირიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 დეკემბრის №1/7063-14 განაჩენის საფუძველზე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 6 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის (განზრახ მკვლელობა არაერთგზის, გარდა ამ კოდექსის 110-ე-114-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა) ჩადენაში. თავის მხრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის №1ბ/124-16 განაჩენის საფუძველზე უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 დეკემბრის განაჩენი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტი, რომელსაც დაეფუძნა განაჩენი, აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას, არის უსაფუძვლო, არ ემყარება სხდომის თავმჯდომარის მიერ განმარტებულ კანონსა და სასამართლო განხილვის დროს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

6. სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის პირველ წინადადებასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას, უსაფუძვლოა და გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა, სხდომის თავმჯდომარე ვალდებული უნდა იყოს გააუქმოს იგი. აღნიშნულის საპირისპიროდ სადავო ნორმა, ადგენს მოსამართლის არა ვალდებულებას, არამედ უფლებამოსილებას, რაც თვითნებური მართლმსაჯულების განხორციელების საფრთხეს წარმოშობს. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მითითებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული წესი შესაძლებლობას აძლევს მოსამართლეს იმოქმედოს თვითნებურად, მიიღოს მიკერძოებული გადაწყვეტილება და გამამტყუნებელი განაჩენი არ დააფუძნოს უტყუარ მტკიცებულებებს, რაც არ არის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნებთან შეთავსებადი.

7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობა, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. ნაფიც მსაჯულთა მიერ შეფასებული მტკიცებულებების რევიზია მხოლოდ სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია, თუმცა მისი აღნიშნული უფლება ვერ ჩაითვლება საკმარის გარანტიად, ვინაიდან მოსამართლე კანონის ძალით არ არის ვალდებული გააუქმოს ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტი მაშინაც კი, თუ იგი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას, უსაფუძვლოა და მისი გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა.

8. ამდენად, მოსარჩელის მითითებით, სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის პირველი წინადადება არ შეიცავს კონსტიტუციური უფლების დაცვის სათანადო გარანტიას. იგი უშვებს შესაძლებლობას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის გარეშეც და არ გამორიცხავს მოსამართლის თვითნებობას, რაც, თავის მხრივ, საფრთხის შემცველია ობიექტური მართლმსაჯულებისთვის. ამავდროულად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით დადგენილი წესი წინააღმდეგობაშია საპროცესო კანონმდებლობის სულისკვეთებასთან და მის ცალკეულ ნორმებთან, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ   ერთმანეთთან   შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას (იხ. სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი); რომ გამამტყუნებელი  განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა (იხ. სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი); რომ გამამტყუნებელი ვერდიქტი სხდომის თავმჯდომარის მიერ განმარტებულ კანონს და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას უნდა ემყარებოდეს (იხ. სსსკ-ის 231-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი). ზემოხსენებულ ნორმათა ანალიზი მიუთითებს, რომ მოსამართლის მიერ სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და აკმაყოფილებდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს. კერძოდ, ასეთ შემთხვევაში, მტკიცებულებები უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და სახეზე უნდა იყოს ამ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოსარჩელის აზრით, სწორედ ამ მოთხოვნას  ეწინააღმდეგება სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის პირველი წინადადება, ვინაიდან იგი ადგენს მოსამართლის არა ვალდებულებას, არამედ უფლებამოსილებას, გააუქმოს ზემოხსენებულ მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში მყოფი ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტი.

9. სსსკ-ის 266-ე მუხლის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტთან მიმართებით მოსარჩელე აღნიშნავს, რომ აღნიშნული დანაწესი მოსამართლეს ხდის უფლებამოსილს, რომ მან გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით. სადავო ნორმით დადგენილი ფორმულირება  „სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევით გამოტანილ ვერდიქტს“  მოსამართლეს აძლევს შესაძლებლობას, რომ მან მიკერძოებული და თვითნებური მართლმსაჯულება განახორციელოს. კონსტიტუციურ სარჩელში განვითარებული მოსაზრებით, სადავო ნორმატიული წესი სასამართლოებს (მხედველობაშია პირველი ინსტანცია და სააპელაციო სასამართლო) არ ავალდებულებს, გამოტანილი გამამტყუნებელი (მათ შორის, გასაჩივრების შედეგად უცვლელად დატოვებული) განაჩენი დააფუძნონ მტკიცებულებათა ერთობლიობას, და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, გადაწყვიტონ ბრალდებულის სასარგებლოდ.

10. დამატებით, მოსარჩელე განმარტავს, რომ სსსკ-ის 266-ე მუხლის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი არის ბუნდოვანი და არ აძლევს სააპელაციო სასამართლოს მკაფიო საკანონმდებლო ორიენტირს, რათა შეაფასოს, თუ რას გულისხმობს „ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევით გამოტანილი ვერდიქტი“, რაც ზრდის სასამართლოს მხრიდან თვითნებობის რისკს იმ თვალსაზრისით, რომ მან დაუსაბუთებლად უარი თქვას სწორედ ამ საფუძვლით პირველი ინსტანციის ფარგლებში მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის შემოწმებაზე და შესაბამისი წინაპირობების არსებობისას მის გაუქმებაზე. ამდენად მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმით დადგენილი წესი, გასაქანს აძლევს მოსამართლის მიკერძოებულობას, მის თვითნებობას, აბრკოლებს პირველ ინსტანციაში მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის სამართლიანობისა და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმებას გასაჩივრების საფუძველზე.

11. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი. ამავდროულად, მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტურ პრაქტიკაზე.

12. №1765 კონსტიტუციურ სარჩელში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. 

13. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობით მომართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის განხილვისას და სასამართლო აქტების საჯაროდ გამოქვეყნებისას დაიფაროს მოსარჩელის პერსონალური მონაცემები.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით, ასაჩივრებს სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის პირველ წინადადებას, რომლის თანახმად, „სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გააუქმოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამამტყუნებელი ვერდიქტი და დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღი, თუ აღნიშნული ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას, უსაფუძვლოა და გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა.“ მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია და არა ვალდებული, რომ სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის პირველ წინადადებაში მითითებული წინაპირობების არსებობისას გააუქმოს ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტი.

3. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სწორედ ნახსენები კონსტიტუციური დებულება „განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს  „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

4. საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისა და კონსტიტუციის კონკრეტული დებულებით დაცულ სფეროში შესაძლო ჩარევის/მისი შეზღუდვის საკითხი მოქმედი საკანონმდებლო რეალობის ფარგლებში უნდა გადაწყვიტოს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „... სადავო ნორმა არ [უნდა] იქნეს განხილული სხვა, მასთან კავშირში მყოფი ნორმებისგან იზოლირებულად, რადგანაც ამგვარმა მიდგომამ საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება მიიყვანოს მცდარ დასკვნებამდე...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-6). სხვაგვარად, ნორმის შინაარსზე ხშირად ახდენს გავლენას კანონის სხვა დებულებები. ამდენად, გასაჩივრებული ნორმით დადგენილი წესის გააზრებისთვის აუცილებელია მისი სისტემურად წაკითხვა.

5. სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის პირველი წინადადების საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის მტკიცების ნაწილში კონსტიტუციური სარჩელის ავტორის სასარჩელო ლოგიკა მთლიანად აგებულია იმის დემონსტრირებაზე, რომ სადავო ნორმის მოქმედების პირობებში სხდომის თავმჯდომარე არის არა ვალდებული, არამედ მხოლოდ უფლებამოსილი, გააუქმოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამამტყუნებელი ვერდიქტი, თუკი აღნიშნული ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას, უსაფუძვლოა და გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო წესი სხდომის თავმჯდომარეს აძლევს მიკერძოებული და თვითნებური გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივ შესაძლებლობას, რაც არ არის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნებთან შეთავსებადი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სხდომის თავმჯდომარისთვის სადავო ნორმით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, ვერდიქტის გაუქმების უფლებამოსილების მინიჭება და არა მისი დავალდებულება, განაპირობებს სადავო ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობას.

6. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს არასწორად აქვს წარმოდგენილი სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის შინაარსი. ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმების უფლებამოსილება არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, თითქოს იგი გულისხმობდეს მოსამართლის უფლებას, ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გვერდის ავლით იმოქმედოს.

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არაერთ შემთხვევაში ადგენს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი სტანდარტების სავალდებულო წესით გათვალისწინების საკანონმდებლო მოთხოვნას. კერძოდ, სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა   ეფუძნებოდეს   მხოლოდ   ერთმანეთთან   შეთანხმებულ, აშკარა და  დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას; თავი მხრივ, სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტი აწესებს, რომ გამამტყუნებელი  განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები სსსკ-ის 231-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომლის მიხედვითაც გამამტყუნებელი ვერდიქტი სხდომის თავმჯდომარის მიერ განმარტებულ კანონს და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას უნდა ემყარებოდეს. შესაბამისად, საპროცესო წესრიგი ექსპლიციტურად ადგენს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დროს გასათვალისწინებელ გარემოებებს, რაც სავალდებულოა სხდომის თავმჯდომარისთვის. კერძოდ, განაჩენი უნდა იყოს დასაბუთებული, უტყუარ და ერთმანეთთან თავსებად მტკიცებულებათა ერთობლიობაზე დამყარებული, რაც უზრუნველყოფს სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას.

8. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო საპროცესო მოთხოვნების პირობებში აშკარაა, რომ ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმების უფლებამოსილება არ გულისხმობს, რომ სხდომის თავმჯდომარეს, ზემოაღნიშნული მოთხოვნების უგულებელყოფით, თვითნებური მიდგომების გამოყენების შესაძლებლობა გააჩნია და უფლებამოსილია, არ მიიღოს გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმების გადაწყვეტილება მაშინაც კი, როდესაც აღნიშნული ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას, უსაფუძვლოა და მისი გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა. იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, გააუქმოს თუ არა ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტი, სასამართლო სხდომის თავმჯდომარის მიხედულობის თავისუფლება მკაცრად შემოსაზღვრულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის იმ მოთხოვნებით, რომელთა დაცვა მოსამართლეს ევალება ნებისმიერი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას.

9. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი რეგულაცია წარმოადგენს აღმჭურველ ნორმას, რომელიც ზოგადად აწესებს სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილებას, რომ შესაბამისი შემთხვევების არსებობისას (კერძოდ, მაშინ, როდესაც ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას, უსაფუძვლოა და მისი გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა), მიიღოს ამ ვერდიქტის გაუქმების გადაწყვეტილება. თავის მხრივ, იმის განსაზღვრა, შეეხება თუ არა საქმე სწორედ ზემოაღწერილ შემთხვევებს (როდესაც ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას, უსაფუძვლოა და მისი გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა), მოსამართლის მხრიდან სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის სხვადასხვა ნორმით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა და სტანდარტების გათვალისწინებასა და შეფასებას მოითხოვს. თუ მოსამართლე დარწმუნდა, რომ ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას, უსაფუძვლოა და მისი გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა, ცხადია, იგი ვალდებულია გააუქმოს ეს ვერდიქტი. ამგვარად, სადავო ნორმა, მართალია, უთითებს სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილებაზე ამავე ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას გააუქმოს ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტი, თუმცა, შინაარსობრივად, იგი, ამ ნორმით აღწერილ შემთხვევაში სწორედ მოსამართლის ვალდებულებას გულისხმობს და არა მისთვის მიხედულობის თავისუფლების იმგვარი ფართო ფარგლების მინიჭებას, რომელიც მას თვითნებური და მიკერძოებული მიდგომების გამოყენების „უფლებას“ აძლევს. ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმების უფლებამოსილება, რომელსაც სადავო ნორმა ადგენს, საფუძველშივე შემოსაზღვრულია არაერთი საპროცესოსამართლებრივი ნორმით, რომლებიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელ სისხლისსამართლებრივ და კონსტიტუციურ სტანდარტებს ადგენს, რომლებითაც, ჩვეულებრივ (სავალდებულო წესით), ხელმძღვანელობს მოსამართლე განაჩენის გამოტანის დროს.

10. ამდენად, მოსარჩელე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმის შინაარსს, როგორც სხდომის თავმჯდომარისთვის თვითნებურად მოქმედების უფლების მინიჭებას.  როგორც აღინიშნა, სადავო რეგულაციით დადგენილი წესი, აღჭურავს სხდომის თავმჯდომარეს უფლებამოსილებით, რომ შეაფასოს, აშკარად ეწინააღმდეგება თუ არა ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტი მტკიცებულებათა ერთობლიობას და არის თუ არა მისი გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობა, რა დროსაც, მან უნდა დაიცვას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ყველა მოთხოვნა, მათ შორის მტკიცების სისხლისსამართლებრივი სტანდარტები, ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტისა და სხვა წესები  და გააუქმოს ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტი, თუკი იგი ამ მოთხოვნების უგულებელყოფით არის მიღებული.

11. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, №1765 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

12. მოსარჩელე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში ასევე სადავოდ ხდის სსსკ-ის 266-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის არგუმენტაციით, სადავო ნორმის დადგენილი ფორმულირება  „ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევით გამოტანილი ვერდიქტი“, ერთი მხრივ, პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაძლებლობას აძლევს სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) მიიღოს თვითნებური, მიკერძოებული და უკანონო გადაწყვეტილება, ხოლო, მეორე მხრივ, იგი იმდენად ბუნდოვანია, რომ შეუძლებელს ხდის, გასაჩივრების დროს სააპელაციო სასამართლომ შეაფასოს, თუ რას გულისხმობს „ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევით გამოტანილი ვერდიქტი“, რაც ზრდის რისკს, რომ მოსამართლემ დაუსაბუთებლად უარი თქვას სწორედ ამ საფუძვლით პირველი ინსტანციის ფარგლებში მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის შემოწმებაზე და შესაბამისი წინაპირობების არსებობისას მის გაუქმებაზე. სასამართლო მოსარჩელის მიერ მითითებულ თითოეულ არგუმენტს ცალ-ცალკე უპასუხებს.

13. აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული რეგულაციით დადგენილი წესი ინტეგრირებულია სსსკ-ის 266-ე მუხლში, რომელიც ზოგადად ადგენს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების საფუძვლებსა და წინაპირობებს. თავის მხრივ, უშუალოდ სადავო ნორმაც მიუთითებს გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობაზე იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე მიიჩნევს, რომ სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების დარღვევით გამოტანილ ვერდიქტს. გასაჩივრებული რეგულაციის შინაარსობრივი დიაპაზონი ამოიწურება პირველი ინსტანციის ფარგლებში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძვლის იდენტიფიცირებით. სადავო ნორმა არ ადგენს პირველ ინსტანციაში სხდომის თავმჯდომარისთვის რაიმე ტიპის უფლებამოსილებას, მით უფრო ისეთს, რომელიც გულისხმობს საპროცესოსამართლებრივი მოთხოვნების საწინააღმდეგო, თვითნებური და მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. რეალურად, მოსარჩელე სადავო ნორმით დაწესებულ რეგულაციას აღიქვამს ისე, თითქოს გასაჩივრებული წესით დადგენილი გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი - „სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევით გამოტანილ ვერდიქტს“ - პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას სხდომის თავმჯდომარეს ანიჭებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დარღვევით განაჩენის გამოტანის უფლებას, რაც სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსიდან, ცხადია, არ არის ამოკითხვადი. თავის მხრივ, ისიც არ გამოირიცხება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედ ამ საფუძვლით გასაჩივრების შედეგად, გააუქმოს სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის ფარგლებში მიღებული ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტი და საქმე ხელახალი განხილვისთვის გადასცეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ახალ შემადგენლობას. თუმცა ეს იმას არ გულისხმობს, რომ ასეთ დროს, პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას სხდომის თავმჯდომარე თითქოს სწორედ სადავო ნორმით მისთვის მინიჭებული იმ უფლებამოსილებით მოქმედებდა, რომ გამამტყუნებელი განაჩენისთვის საფუძვლად დაედო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით გამოტანილი ვერდიქტი.

14. რაც შეეხება მოსარჩელის საერთო მითითებას სადავო ნორმის ბუნდოვანებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ამ სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისას ვიწროდ შემოიფარგლება გასაჩივრებული რეგულაციის ბუნდოვანებაზე ზოგადი არგუმენტაციის წარმოდგენით და არ აზუსტებს, თუ კონკრეტულად, რა ასპექტია ბუნდოვანი და განუსაზღვრელი კონსტიტუციური გაგებით. იგი აბსტრაქტულად აპელირებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე რაიმე წონადი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე, რომელიც არსებობის შემთხვევაში ნათელს გახდიდა გასაჩივრებული რეგულირების შინაარსობრივ ბუნდოვანებას და, შესაბამისად, მის არაკონსტიტუციურობას. სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი ფორმულირების ბუნდოვანებაზე ზოგადი მითითება ვერ გამოდგება საკმარის მოცემულობად კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისთვის. ამავდროულად, მოსარჩელეს არ აქვს ნაჩვენები, თუ რით გამოიხატება სადავო ნორმის უფლებაშემზღუდველი ბუნება, ისევე როგორც, არ აქვს სათანადოდ ახსნილი, მისი არაკონსტიტუციურობის საფუძვლები. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი, ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.

15. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, №1765 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილშიც, რომელიც შეეხება სსსკ-ის 266-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და ამავე კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

16. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის შუამდგომლობაზე სარჩელის განხილვისას და სასამართლოს აქტების გამოქვეყნებისას მისი პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე.

17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის (შემდგომში  რეგლამენტი) 33-ე მუხლით მოწესრიგებულია პერსონალური მონაცემების/პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის საკითხები. კერძოდ, რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქმის განმხილველი სასამართლო ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის მიზნით, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პირის მაიდენტიფიცირებელი/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დოკუმენტები ქვეყნდება იმგვარი ფორმით, რომ არ გამჟღავნდეს პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები ან/და მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული შესაბამისი ინფორმაცია. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების საორგანიზაციო დეპარტამენტისთვის ჩაბარებიდან მის განაწილებამდე პერიოდში პერსონალური/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების განაწილების შემდეგ სამართალწარმოების დასრულებამდე პერსონალური/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქმის განმხილველი სასამართლო. საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემდგომ პლენუმის აქტებში პერსონალური/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  პლენუმი, კოლეგიის აქტებზე  შესაბამისი კოლეგია, სხვა დოკუმენტებზე  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

18. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების (გადაწყვეტილება, განჩინება, საოქმო ჩანაწერი და დასკვნა) სრული ტექსტი ქვეყნდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების სრული ტექსტის გამოქვეყნება ემსახურება საკონსტიტუციო კონტროლის საჯაროობის და საზოგადოებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1/12/1354 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30).

19. საქართველოს კონსტიტუცია, ცალკეულ საგამონაკლისო შემთხვევაში, მოსარჩელის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით, უშვებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებში პირის პერსონალური მონაცემების დაფარვის შესაძლებლობას იმ პირობით, რომ დადგენილ იქნება სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების სრულ ტექსტზე, მათ შორის, მოსარჩელის ვინაობის შესახებ ინფორმაციაზე, საზოგადოების ხელმისაწვდომობასა და, მეორე მხრივ, მოსარჩელის შესახებ არსებული მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ინტერესს შორის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1/12/1354 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31).

20. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „როდესაც მონაცემთა მფლობელს გააჩნია საკუთარი პერსონალური მონაცემების დაფარვის ინტერესი, ეს არ ქმნის ავტომატურად მათი დაფარვისა და საზოგადოების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის საფუძველს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). „ცალკეულ, ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია, არსებობდეს იმ პირის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის მომეტებული ინტერესი, რომელსაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული ინფორმაცია. ... სასამართლოს აქტში შესაძლებელია, ასახული იყოს პირის პირადი ცხოვრების შესახებ ისეთი ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს პირად ცხოვრებაზე და ზიანსაც კი მიაყენებს მას. მაგალითად, სასამართლოს აქტში, შესაძლოა, მითითებული იყოს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი ცხოვრების ამა თუ იმ ინტიმური დეტალის შესახებ და ა. შ.. ამგვარ შემთხვევებში, ცხადია, იზრდება მსგავსი ინფორმაციის დაცვის ხარისხი და საჭიროება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-56-57).

21. განსახილველ საქმეში მოსარჩელე ითხოვს მისი პერსონალური მონაცემების დაფარვას, თუმცა არ წარმოადგენს სათანადო დასაბუთებას, თუ რა საფრთხე შეიძლება წარმოიშვას მისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შემთხვევაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ მხრივაც, №1765 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ არსებობს დაპირისპირებულ ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსის ჭრილში საკითხის განხილვის აუცილებლობა. მოსარჩელემ მხოლოდ დააყენა აღნიშნული შუამდგომლობა, თუმცა, არ აუხსნია მისი მიზეზები. თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ხედავს რაიმე ალბათობას, რომ მოსარჩელის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებამ შეიძლება რაიმე საფრთხე შეუქმნას მას ამა თუ იმ თვალსაზრისით, რაც გაამართლებდა მათ დაფარვას. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შუამდგომლობა განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საჯაროდ გამოსაქვეყნებელ აქტებში მოსარჩელის პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე. რაც შეეხება საკუთრივ წარმოდგენილი შუამდგომლობის იმ ასპექტს, რომელიც მიემართება საქმის  არსებითი განხილვისას პერსონალური მონაცემების დაფარვას, გარდა იმისა, რომ სასამართლომ დაადასტურა მისი დაუსაბუთებლობა, იგი საერთოდ აქტუალურობას კარგავს იმ თვალსაზრისით, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღება არსებითად განსახილველად, რაც თავისთავად საქმის არსებით განხილვასაც გამორიცხავს.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1765 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ოქროპირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. №1765 კონსტიტუციურ სარჩელზე არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საჯაროდ გამოსაქვეყნებელ აქტებში მოსარჩელის პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე.

3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის წევრები:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე