ჯემალ დუმბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ჯემალ დუმბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/27/1443
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 14/12/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016871
1/27/1443
14/12/2023
ვებგვერდი, 22/12/2023
000000000.00.000.016871
ჯემალ დუმბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის

განმწესრიგებელი სხდომის  განჩინება №1/27/1443

2023 წლის 14 დეკემბერი

ქ. ბათუმი

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: ჯემალ დუმბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის (2023 წლის 13 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-7 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 15 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1443) მომართა ჯემალ დუმბაძემ. №1443 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2019 წლის 16 აგვისტოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 14 დეკემბერს.

2. №1443 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლი (2023 წლის 13 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, სადავო ნორმის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: (ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; (ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; (გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული; (დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი; (ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; (ე​​1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; (ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო; (ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო; (ზ​1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო; (თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით უზრუნველყოფილია სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით კი, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს.

5. №1443 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 სექტემბრის განაჩენით მოსარჩელე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში. ხსენებული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 მარტის განაჩენით უცვლელი დარჩა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 29 ივნისის განჩინებით კი მოსარჩელე ჯემალ დუმბაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. მოსარჩელემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით და მოითხოვა განაჩენის გადასინჯვა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნებოდა ირიბ მტკიცებულებებს, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო მოსარჩელის შუამდგომლობა იმ მოტივით, რომ მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და განხილვა მიმდინარეობდა 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით კი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რელევანტური ნორმები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით, არ დააკმაყოფილა მოსარჩელის საჩივარი.

6. მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც გამორიცხავს 1998 წლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში. მოსარჩელის განმარტებით, 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმებს, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა დასაშვებობას აწესრიგებდა, გააჩნდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების იდენტური შინაარსი. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმა გამორიცხავს 1998 წლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესაძლებლობას იმ პირობებში, როდესაც არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება, რომლის მეშვეობითაც არაკონსტიტუციურად გამოცხადდა ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლებასა და გამამტყუნებელი განაჩენის მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოტანის კონსტიტუციურ გარანტიას.

7. მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის პოზიციით, ირიბი ჩვენების საფუძველზე მსჯავრდების აკრძალვის კონტექსტში, არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ პირები იმისგან დამოუკიდებლად, 1998 თუ 2009 წლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე იქნა მიღებული განაჩენი. მოსარჩელე მხარე, საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე დაყრდნობით, მიუთითებს, რომ 1998 წლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე მიღებული განაჩენების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შუამდგომლობები a priori დაუშვებლად არის მიჩნეული და არ ექვემდებარება რაიმე შინაარსობრივ შემოწმებას, რაც იწვევს მოსარჩელის უფლებაში ბლანკეტურ და ინტენსიურ ჩარევას და ეწინააღმდეგება სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას.

8. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. №1443 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის 2023 წლის 13 ივნისამდე მოქმედი რედაქციის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-7 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. გასაჩივრებული რეგულაცია განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს.

2. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 31 მაისის №2992-XIმს-Xმპ კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, ცვლილება განხორციელდა სადავო ნორმაში. კერძოდ, ცვლილება შეეხო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის ერთ-ერთ საფუძველს – კერძოდ, შემთხვევას, როდესაც არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება. ამავე კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, მითითებული ცვლილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე – 2023 წლის 13 ივნისიდან ანუ №1448 კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, თუმცა აღნიშნული სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე.

3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „[...] საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.

4. მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი პრაქტიკის თანახმად, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის/ნორმების გაუქმება a priori არ იწვევს სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის/ნორმების იდენტური/არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის/ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10).

5. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სამართალწარმოებას გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არსებობს საქმეზე სადავოდ გამხდარი ძალადაკარგული ნორმის იდენტური/არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე, მოსარჩელე მხარის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი მოქმედი ნორმა, რომელიც განაპირობებს მის ინტერესს სამართალწარმოების გაგრძელებაზე.

6. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები  შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

7. №1443 კონსტიტუციური სარჩელით, როგორც აღინიშნა, სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის (2023 წლის 13 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა. მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც გამორიცხავს 1998 წლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას ახლად გამოვლენილი გარემოების არსებობის შემთხვევაში. მოსარჩელის არგუმენტაციით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების არსებობის პირობებში, სადავო ნორმა გამორიცხავს 1998 წლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე მიღებული განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესაძლებლობას.

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მექანიზმს და განსაზღვრავს საამისოდ გათვალისწინებული საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს. აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი. შესაბამისად, პირის წინააღმდეგ გამოყენებული სისხლის სამართლის კანონის კონკრეტული ნორმის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მექანიზმს ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი.

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მიზნებისათვის, თავისთავად, მნიშვნელობა ენიჭება იმას, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი სისხლის სამართლის კანონის ნორმა არის თუ არა პირის წინააღმდეგ განაჩენის მიღებისას გამოსაყენებელი სამართალი. იმავდროულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი თავადვე განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცალკეული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა რა შემთხვევაში და რა ფარგლებში წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.

10. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მოსაზრება გასაჩივრებული წესიდან მომდინარე შეზღუდვის თაობაზე, ეფუძნება მის მიერ სადავო ნორმის, ისევე, როგორც ქუთაისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოების შესაბამისი განჩინებების შინაარსის არასწორ აღქმას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის არც ერთი ნორმა expressis verbis არ გამორიცხავს პირის შესაძლებლობას, მოითხოვოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის წინააღმდეგ არსებული იმ განაჩენის გადასინჯვა, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის გამოყენებით იქნა მიღებული. მსგავსად, ქუთაისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოების არგუმენტაციაც, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პროცესში, ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად არ ყოფილა ცნობილი მოსარჩელე მხარის საქმეზე გამოსაყენებელი სამართლის – 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც აწესრიგებს სისხლის სამართლის პროცესში მტკიცებულებებს, მტკიცებულებათა დასაშვებობასა თუ მტკიცებით სტანდარტებს. სწორედ 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რელევანტური ნორმების, როგორც მოსარჩელის წინააღმდეგ განაჩენის მისაღებად გამოსაყენებელი სამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობა ქმნის ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც, შემდგომში – ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადახედვის წარმოების დაწყების საფუძველი ხდება.

11. ამრიგად, მოსარჩელის პრობლემა მომდინარეობს არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 310-ე მუხლიდან, რომელიც ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ინსტიტუტს და საამისოდ აუცილებელ საფუძველთა ჩამონათვალს განსაზღვრავს, არამედ 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ რელევანტური ნორმებიდან, რომლებიც, შინაარსობრივად, სისხლის სამართლის პროცესში მტკიცებულებებს, მტკიცებულებათა დასაშვებობასა თუ მტკიცებით სტანდარტებს აწესრიგებს. აღნიშნული, თავის მხრივ, წარმოადგენს განცალკევებული დავის საგანს და საჭიროებს ახალი კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში განხილვას. იმავდროულად, მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა შემოიფარგლება მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით ირიბი ჩვენება დაუშვებლად იქნა ცნობილი ყველა იმ განაჩენისთვის, რომლებშიც ის გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად იქნა გამოყენებული. ამის მიღმა, №1443 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში უშუალოდ 1998 წლის 10 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე მიღებული განაჩენის, როგორც ახლად გამოვლენილი გარემოების გამო განაჩენის გადასინჯვის დამოუკიდებელ, ცალკე მდგომ საფუძვლად განუსაზღვრელობის არაკონსტიტუციურობას წარმოაჩენდა ან/და საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის პრაქტიკაში გამოყენებიდან ან მისი შინაარსის კონკრეტული განმარტებიდან მომდინარე სხვაგვარი შეზღუდვის არსებობას დაადასტურებდა.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1443 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი

13. აღნიშნული გარემოება იმთავითვე გამორიცხავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად საქმისწარმოების გაგრძელების საჭიროებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული საოქმო ჩანაწერით დადგენილი საქმისწარმოების გაგრძელების წესი ემსახურება დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიღწევას. ბუნებრივია, აზრს მოკლებულია მოსარჩელის პოზიციის გადამოწმება საქმის წარმოების გაგრძელების ინტერესთან დაკავშირებით იმ პირობებში, როდესაც სარჩელის ხსენებულ ნაწილთან მიმართებით, არსებობს №1443 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობის საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.

14. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1443 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. შეწყდეს საქმე №1443 კონსტიტუციურ სარჩელზე („ჯემალ დუმბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე