დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 38 |
დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 22/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.125.016495 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველის ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმები“ დანართი №1-ის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმები
|
თავი I
ზოგადი დებულებები მუხლი 1. დადგენილების მიზანი ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების მიზანია საჯარო დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების განსაზღვრა, დაწესებულების მიერ აღსაზრდელითვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში – კანონი). 2. ამ დადგენილების მიზნებისთვის, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად: ა) აღსაზრდელი – ბავშვი, რომელიც შესაბამის დაწესებულებაში სარგებლობს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურებით ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებით ან/და სასკოლო მზაობის პროგრამით; ბ) ბავშვი – საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი დაბადებიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სწავლის დაწყებამდე; გ) ბავშვის საუკეთესო ინტერესი – ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და სხვა ინტერესები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება; დ) საჯარო დაწესებულება – დაწესებულება, რომელსაც აფუძნებს და მართავს მუნიციპალიტეტი ან მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი; ე) პერსონალი – დაწესებულების ადამიანური რესურსი, ყველა ის პირი, რომელიც დაწესებულებისთვის ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე; ვ) სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამა – სასწავლო პროცესის, გარემოს, ჩართული მხარეების და მათ შორის ურთიერთკავშირის ერთობლიობა; ზ) თემი – ერთ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ. მუხლი 3. მოქმედების სფერო და რეგულირების საგანი 1. ეს დადგენილება ვრცელდება საჯარო დაწესებულების პერსონალზე და ადგენს პერსონალის სამსახურებრივ ინსტრუქციებს, ქცევისა და ეთიკის ნორმებს. 2. დაწესებულებას უფლება აქვს, განავრცოს ან დააკონკრეტოს ამ დადგენილებაში მოცემული ცალკეული რეგულაცია, შექმნას ინდივიდუალური ეთიკის კოდექსი, სამსახურებრივი ინსტრუქციები, რაც უნდა ეფუძნებოდეს და არ ეწინააღმდეგებოდეს ამ დადგენილებისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
თავი II პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები მუხლი 4. პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები პერსონალი: ა) საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას არის ობიექტური, მიუკერძოებელი და სამართლიანი; ბ) კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, იცავს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებსა და დაწესებულების შინაგანაწესს; გ) იცავს კონფიდენციალობას როგორც კოლეგებთან, ისე სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულ აღსაზრდელებთან და მათ ოჯახებთან მიმართებაში; დ) თავისუფალია საკუთარი რელიგიური, მსოფლმხედველობრივი, პოლიტიკური შეხედულებების არჩევანში. ამავე დროს პერსონალი არ განიხილავს და განსჯის ერთმანეთის ან სხვათა ოჯახურ, რელიგიურ, პოლიტიკურ და სხვა საკითხებს და არ ცდილობს ამ მიმართულებით გავლენა მოახდინოს სხვებზე; ე) აღიარებს და პატივს სცემს სხვადასხვა ნიშნით განსხვავებულობას საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას; ვ) ქმნის არაძალადობრივ გარემოს როგორც აღსაზრდელებისათვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისათვის და დაწესებულების ყველა თანამშრომლისთვის. ძალადობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) არის პუნქტუალური, დროულად ცხადდება სამუშაო ადგილზე და დათქმულ დროში ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს; თ) უფრთხილდება დაწესებულების მატერიალურ რესურსს და მისი დაზიანების შემთხვევაში მიმართავს დაწესებულების პასუხისმგებელ პირს; ი) მატერიალური რესურსის გამოყენებისას იცავს უსაფრთხოების ნორმებს; კ) არ ცხადდება დაწესებულებაში, როდესაც არის ავად გადამდები ინფექციური დაავადებით ან დაავადებით, რომელიც ხელს შეუშლის უფლებამოსილების განხორციელებაში, რის თაობაზეც დაწესებულების ხელმძღვანელს აფრთხილებს წინასწარ, ხოლო გამოცხადების შემდეგ წარადგენს შესაბამის ცნობას; ლ) სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში სარგებლობს დაწესებულების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით; მ) უფრთხილდება დაწესებულების ელექტრონულ ინფორმაციას და არ იყენებს დაწესებულების ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ მოწყობილობებს პირადი მიზნებისთვის; ნ) არ იყენებს დაწესებულების ადამიანურ და მატერიალურ რესურსს პირადი მიზნებისთვის; ო) სამუშაო საათებში თავს იკავებს მობილური ტელეფონის გამოყენებისგან (გარდა სამსახურებრივი და განსაკუთრებული საჭიროებისა); პ) საქმიანობისას იყენებს სუფთა და კომფორტულ შესამოსელს, რომელიც არ უშლის ხელს საკუთარი უფლებამოსილების გახორციელებაში; ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზრუნავს აღსაზრდელთა და დაწესებულების საჭიროებების მოგვარებაზე; რ) არ მოიხმარს ალკოჰოლს და თამბაქოს დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე არ ცხადდება დაწესებულებაში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ; ს) ზრუნავს საკუთარ და დაწესებულების საქმიან რეპუტაციაზე და არ იყენებს საკუთარ სამსახურებრივ სტატუსს პირადი მიზნებისთვის; ტ) ყველა შესაძლო გზით ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.
თავი III პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები მუხლი 5. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები აღსაზრდელებთან ურთიერთობის დროს პერსონალი: ა) საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით; ბ) აღიარებს აღსაზრდელს, როგორც სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის აქტიურ მონაწილეს და ითვალისწინებს მის პოზიციასა და აღქმას; გ) აღიარებს და პატივს სცემს აღსაზრდელის ინდივიდუალურობასა და განსხვავებულობას. დ) ზრუნავს ჯგუფისა და დაწესებულების მიმართ ბავშვის (აღსაზრდელის) თვით მიკუთვნებულობის განცდის ჩამოყალიბებაზე; ე) ქმნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცულ, ინკლუზიურ გარემოს, სადაც ყველა აღსაზრდელს აქვს განვითარების შესაძლებლობა, განურჩევლად ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა მახასიათებლებისა; ვ) ზრუნავს თითოეული აღსაზრდელის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე; ზ) ურთიერთობს აღსაზრდელთან, როგორც თანასწორთან და უფლებების მქონე სუბიექტთან; თ) აცნობიერებს თამაშის მნიშვნელობას აღსაზრდელის მრავალმხრივი განვითარებისთვის; ი) ქმნის გარემოს, სადაც ყველა აღსაზრდელს აქვს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა; კ) ზრუნავს აღსაზრდელის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზე, მათ შორის, პირადი მაგალითით; ლ) ითვალისწინებს აღსაზრდელისა და ოჯახის მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას, იყენებს ამ კავშირებსა და აღსაზრდელის შესახებ ოჯახის ცოდნას ბავშვის საუკეთესო ინტერესის დასაცავად; მ) აღსაზრდელთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფოტო/ვიდეომასალის ან ნამუშევრის გასაჯაროების შემთხვევაში (განსაკუთრებით ინტერნეტ სივრცეში) მოიპოვებს აღსაზრდელისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას და მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით; ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაწესებულების შემოწმებებში აღსაზრდელის მონაწილეობისას ან მისი მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით; ო) ინარჩუნებს სიმშვიდეს კრიტიკულ სიტუაციებში და ახორციელებს სიტუაციისთვის ადეკვატურ ქმედებებს; პ) იყენებს პოზიტიური დისციპლინის მეთოდებსა და სტრატეგიებს; ჟ) თანაბარ ყურადღებას უთმობს ყველა აღსაზრდელს, განურჩევლად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი თუ სხვა მახასიათებლებისა; რ) აღსაზრდელს თავს არ ახვევს საკუთარ აღმსარებლობით, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვების მხრიდან; ს) უზრუნველყოფს, რომ საჭიროების შემთხვევაში აღსაზრდელს სამედიცინო პირველადი დახმარება ჩაუტარდეს ჰიგიენურ და უსაფრთხო პირობებში, ამისათვის უფლებამოსილი პირის მიერ; ტ) მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და ბავშვებისთვის გასაგები ენით. მუხლი 6. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები აღსაზრდელის ოჯახთან ურთიერთობის დროს პერსონალი: ა) ამყარებს პოზიტიურ, ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას აღსაზრდელის ოჯახთან და ხელს უწყობს მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა ჩართულობას სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში; ბ) პატივს სცემს აღსაზრდელის ოჯახის წევრებს, განურჩევლად მათი კულტურული, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა მახასიათებლებისა; გ) უზიარებს მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს ინფორმაციას როგორც დაწესებულების სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამის, ისე აღსაზრდელის განვითარების შესახებ; დ) ზრუნავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებთან დაკავშირებით მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლებაზე; ე) აღიარებს მშობლის უნიკალურ როლს ბავშვის განვითარებაში, პატივს სცემს მის უფლებას ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს, ამავდროულად მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით; ვ) იცავს კონფიდენციალობას აღსაზრდელთან და მის ოჯახთან დაკავშირებით, არ განიხილავს აღსაზრდელის და მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციას კოლეგებთან ან სხვა პირებთან; ზ) დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას, თუ აღსაზრდელმა მიიღო დაზიანება ან თუ მის ჯანმრთელობას ან/და პირად უსაფრთხოებას საშიშროება ემუქრება; თ) აღსაზრდელის ოჯახის წევრებს შორის უთანხმოების შემთხვევაში არ არის მიკერძოებული და თანაბრად ურთიერთობს ოჯახის თითოეულ წევრთან; ი) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ან/და მის სანაცვლოდ, არ იღებს ფასიან საჩუქარს აღსაზრდელისგან, მისი ოჯახის წევრებისგან ან აღსაზრდელთან დაკავშირებული პირებისგან; კ) არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს აღსაზრდელის ოჯახის წევრებს. მუხლი 7. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს პერსონალი: ა) აქვს კოლეგიალური, პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთთანამშრომლობა; ბ) მუშაობს გუნდურად. მხარს უჭერს თითოეული თანამშრომლის ინიციატივებს და ქმნის ჯანსაღ სამუშაო გარემოს; გ) მხარს უჭერს თითოეულ თანამშრომელს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში; დ) ამჟღავნებს პროფესიულ სოლიდარობას და კოლეგიალობას; ე) მხარს უჭერს თანამშრომლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ცოდნის, გამოცდილების, იდეებისა და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო რესურსის გაზიარების გზით; ვ) დაწესებულებაში დაძაბული ურთიერთობის წარმოშობის შემთხვევაში ზრუნავს მის განმუხტვაზე და ორიენტირებულია დაწესებულებაში წამოჭრილი პრობლემის გადაწყვეტაზე; ზ) აღიარებს და პატივს სცემს თითოეული თანამშრომლის პიროვნულ თვისებებს, ინდივიდუალობასა და პროფესიულ გამოცდილებას; თ) თავს არიდებს თანამშრომლის საქმიანობაში უხეშ ჩარევას, არ იძლევა იმპერატიულ მითითებებს თანამშრომლის მისამართით; ი) პატივს სცემს განსხვავებულ მოსაზრებას და კონსტრუქციული დიალოგის გზით ცდილობს კონსენსუსის მიღწევას; კ) აღკვეთს ისეთ ქმედებას, რომელიც დაამცირებს, შეურაცხყოფს თანამშრომელს ან ხელს შეუშლის მას უფლებამოსილების განხორციელებაში; ლ) არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს თანამშრომლებს. მუხლი 8. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები სხვა სფეროებში 1. პერსონალი: ა) ვალდებულია დაიცვას ზოგადი ეთიკის მოთხოვნები; ბ) ფლობს ინფორმაციას თემში არსებული სხვადასხვა სახის რესურსების შესახებ (სხვადასხვა ტიპის დაწესებულებები, სპეციალისტები და აშ.) და იყენებს დაწესებულების სასარგებლოდ; გ) აცნობიერებს პასუხისმგებლობას თემის წინაშე და უზრუნველყოფს ხარისხიანი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამის მიწოდებას; დ) ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, თანამშრომლობს სხვა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებთან, ასევე სხვა სახის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; ე) ხელს უწყობს სტუდენტთა, მკვლევართა, დარგის სპეციალისტთა მოხალისეობრივ, კვლევით საქმიანობას, ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ბავშვის უფლებებს, არ შეფერხდეს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი და დაცული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი; ვ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ზრუნავს გარემოს დაცვაზე და ხელს უწყობს გარემოსდაცვითი თვითშეგნების ფორმირებაზე აღსაზრდელებში. 2. დაწესებულებას უფლება აქვს, დაადგინოს ქცევისა და ეთიკის დამატებითი ნორმები პერსონალისთვის. ასეთი ნორმები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის, წინამდებარე დადგენილებას და უნდა გამომდინარეობდეს მათგან.
თავი IV პასუხისმგებლობა მუხლი 9. პასუხისმგებლობა პერსონალის მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და პერსონალთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები