დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-101 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 19/04/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.170.000.22.032.007.253 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.007.253
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-101
2005 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„მიწების მელიორაციის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჰიდრომელიორაციის დარგში მიმდინარე რეფორმის დასაჩქარებლად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სისტემაში სტრუქტურული რეორგანიზაციის განხორციელების და დეპარტამენტის დებულების „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ვბრძანებ:
1. „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულების და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 29 აგვისტოს №2-136ა ბრძანების დანართ 1-ში „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულება” (სსმ III, 07.09.01წ., №95) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულება”.
2. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და ფუნქციონირებს როგორც მისი დამოუკიდებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი.”.
3. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
1. დეპარტამენტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდებით: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი.”
4. მე-5 მუხლის „კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) სამელიორაციო ასოციაციების რეგისტრაციისათვის საჭირო მასალების სისტემატიზაციის მიზნით ასოციაციების წესდების, მომსახურების ტერიტორიის რუკის, მიწის მფლობელთა რაოდენობის, დაკავებული მიწის ფართობის, სამელიორაციო ფონდის პასპორტიზაციის და საბალანსო ღირებულების ოდენობის აღრიცხვის მოწესრიგების საქმეში დახმარების აღმოჩენა სამინისტროს რაიონულ სოფლის მეურნეობის სამმართველოებთან ერთად”.
5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. ფუნქციებს თავმჯდომარის მოადგილეებს შორის ანაწილებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ქმნის დეპარტამენტის სათათბირო ორგანო – საბჭოს, განსაზღვრავს მის მოვალეობას და საქმიანობის წესს.”.
6. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ”, „დ”, „ე”, „ვ”, „თ” ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის დამტკიცებული ხარჯების ფარგლებში წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ორგანოების ხარჯთაღრიცხვას. კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს წინადადებას ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის ხაზინაში ანგარიშსწორების ანგარიშების გასახსნელად. ახორციელებს საქმიანობას მათთვის ფულადი და სხვა სახსრების გაცემის და შესრულების კონტროლის უზრუნველსაყოფად. იძლევა (საჭიროების შემთხვევაში) მითითებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) სამინისტროს მიერ დამტკიცებული საშტატო პერსონალის საერთო რიცხოვნობისა და ხარჯთა ნუსხის ფარგლებში განსაზღვრავს და ამტკიცებს (შეაქვს ცვლილებები) ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგს მრა-ვალკრიტერული მონაცემების (მომსახურებაში არსებული მელიორირებული ფართობები, მიწების მელიორაციული მდგომარეობა, სისტემების და ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობა და ექსპლუატაციის სირთულე, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა, რწყვის ჯერადობა და სხვა) საფუძველზე;
ე) კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეებს, წარუდგენს სოფლის მეურნეობის მინისტრს დასამტკიცებლად დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების და მისი მოადგილეების კანდიდატურებს. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინებით ითანხმებს მთავარი ინჟინრისა და მთავარი ბუღალტრის კანდიდატურებს;
ვ) მინისტრს წარუდგენს არგუმენტირებულ წინადადებებს გადაწყვეტილების მისაღებად დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურული რეორგანიზაციის, ცენტრალური აპარატის ახალი სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ;
თ) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ორგანოების ყველა თანამშრომლისათვის.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის წინაშე.”.
7. მე-5 თავის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი V. დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 9.
1. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) დეპარტამენტის აპარატი, რომლის ძირითადი ფუნქციაა დეპარტამენტის თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ხელშეწყობა, დეპარტამენტის აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მართვისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა. ცენტრალური აპარატის მოხელეთა, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეთა, ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელ მუშაკთა შერჩევის, დანიშვნის და გათავისუფლების ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. დეპარტამენტის უზრუნველყოფა იურიდიული მომსახურებით, დეპარტამენტის აპარატში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირება და სამართლებრივი დასკვნების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში. დეპარტამენტის ინტერესების დაცვა სასამართლოში, კანონშემოქმედებითი საქმიანობა. იურიდიული საკითხების გადაწყვეტაში ტერიტორიული ორგანოებისათვის კონსულტაციების გაწევა და დახმარება. დეპარტამენტის აპარატში საქმისწარმოების და სამეურნეო-ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა.
დეპარტამენტის აპარატის სტრუქტურაში შედის:
ა.ა) საორგანიზაციო განყოფილება.
ბ) ჰიდრომელიორაციული სისტემების ექსპლუატაციის სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებში ჰიდრომელიორაციული სისტემების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამელიორაციო ღონისძიებების ერთიან ტექნიკურ და ნორმატიულ საფუძვლებზე განხორციელების ორგანიზება და უზრუნველყოფა. დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ჰიდრომელიორაციული სისტემების, ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების, წყალსატევების და სხვა დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოვლა-შენახვის და საექსპლუატაციო ღონისძიებების პროგრამების შედგენის, აგრეთვე სამელიორაციო ინფრასტრუქტურის და სხვა ქონების არსებული წესით განსხვისებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების და წარდგენის ორგანიზება, კოორდინაცია და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფა.
სამმართველოს სტრუქტურაში შედის:
ბ.ა) საინჟინრო-ტექნიკური განყოფილება;
ბ.ბ) სამელიორაციო ღონისძიებების განყოფილება;
გ) წყალსამეურნეო მომსახურების სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებში წყალსარგებლობის, წყლის მართვასა და სამელიორაციო მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიან ტექნიკურ და ნორმატიულ საფუძვლებზე განხორციელების ორგანიზება და უზრუნველყოფა. სამელიორაციო ასოციაციებისათვის დახმარება და ხელშეწყობა. რეგიონალური წყალსამეურნეო მართვის, სამელიორაციო ასოციაციების, სხვა წყალმომხმარებლების და მიწათმოსარგებლეების სამელიორაციო მომსახურების ორგანიზება, კოორდინაცია და საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფა.
სამმართველოს სტრუქტურაში შედის:
გ.ა) წყალსამეურნეო მართვის განყოფილება;
გ.ბ) სატუმბი სადგურების და ენერგეტიკის განყოფილება.
დ) სახელმწიფო შესყიდვების და სამეურნეო მომსახურების სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა დეპარტამენტის აპარატში და ტერიტორიულ ორგანოებში სახელმწიფო შესყიდვების და სახელშეკრულებო საქმიანობის საკანონმდებლო და ნორმატიულ საფუძვლებზე განხორციელების ორგანიზება, ხელშეწყობა, უზრუნველყოფა და ინსპექტირება. სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად სახელშეკრულებო ურთიერთობის პროცედურების წარმართვის ორგანიზება. კონკრეტულ შესყიდვებზე ხელშეკრულებების საერთო და სპეციფიკური პირობების შემუშავება, განხილვის, შეთანხმების და ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზება და უზრუნველყოფა. დეპარტამენტის საჭიროებისათვის შეძენილი მატერიალური ფასეულობების მიღების, შენახვის და დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებზე მათი განაწილების უზრუნველყოფა. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების და გასაწევი მატერიალური მომსახურების საჭიროების განსაზღვრა, შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი.
სამმართველოს სტრუქტურაში შედის:
დ.ა) შესყიდვების და სახელშეკრულებო ურთიერთობების განყოფილება;
დ.ბ) სამეურნეო მომსახურების განყოფილება.
ვ) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა დეპარტამენტის აპარატში და ტერიტორიულ ორგანოებში საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ერთიან მეთოდოლოგიურ, საკანონმდებლო და ნორმატიულ საფუძვლებზე განხორციელების ორგანიზება, ხელშეწყობა და უზრუნველყოფა. დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტების შედგენა. საბიუჯეტო ასიგნებების ფორმირება და განწერა. დამტკიცებული ბიუჯეტის ეკონომიკური მაჩვენებლების დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებზე დაყვანის, საშტატო რიცხოვნობის და სახელფასო ფონდის განსაზღვრის უზრუნველყოფა;
ზ) ცენტრალური ბუღალტერია, რომლის ძირითადი ფუნქციაა დეპარტამენტის აპარატში და ტერიტორიულ ორგანოებში საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების ერთიან მეთოდოლოგიურ საფუძვლებზე განხორციელების უზრუნველყოფა. კვარტალური და წლიური ბალანსების შედგენის, განხილვის და დამტკიცების ორგანიზება და უზრუნველყოფა. დეპარტამენტის აპარატში საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება. დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ქონების, მისი მოძრაობის, მატერიალური, შრომითი და ფინანსური რესურსების გამოყენების შიდა კონტროლის უზრუნველყოფა.
ე) მონიტორინგის სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა კონკრეტული დავალებების საფუძველზე შეისწავლოს ტერიტორიულ ორგანოებში კანონმდებლობის, ნორმატიული აქტების და დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების და მითითებების შესრულების მდგომარეობა, სამელიორაციო ასოციაციებთან, სამელიორაციო მომსახურებასთან და შემოსავლების ბიუჯეტთან ურთიერთობის საკითხები. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის და სხვა ქონების გამოყენების, საბიუჯეტო და სხვა სახსრების ხარჯვის კანონიერება, მიზნობრიობა და ეფექტიანობა;
ვ) საერთაშორისო ურთიერთობების, საინვესტიციო პროგრამების, და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა გლობალური დანიშნულების კომპიუტერულ ქსელში ჩართვა, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, თანამედროვე ელექტრონული საინფორმაციო ტექნოლოგიების ათვისება, საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციის შეკრება, დამუშავება და კლასიფიცირება. დარგის განვითარების, სამელიორაციო ფონდის რესტრუქტურიზაციისა და მართვის თანამედროვე სქემების შემუშავება ინფორმაციულ-ანალიტიკური მეთოდის მეშვეობით.
2. დეპარტამენტის სისტემაში შემავალი სტრუქტრული ერთეულებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
გ) აჯამეთის სამელიორაციო სისტემის სამმართველო;
დ) არაგვი-ქსნის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ე) ენგური-ოჩხომურის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ვ) ზილიჩა-შირაქის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ზ) ზემო ალაზნის სამელიორაციო სისტემის სამმართველო;
თ) ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემის სამმართველო;
ი) იაღლუჯის გაწყლოვანების სისტემის სამმართველო;
კ) კეხვი-ვანათის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ლ) მაშველის სამელიორაციო სისტემის სამმართველო;
მ) მაშავერას სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ნ) მესხეთის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ო) მტკვარი-ქსნის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
პ) მტკვარი-ჯანდარის სამელიორაციო სისტემის სამმართველო;
ჟ) რიონი-ჩოლოქის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
რ) რიონი-ჭურიის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ს) რიონის სარეგულაციო ნაგებობის სამმართველო;
ტ) სკრა-ქარელის სამელიორაციო სისტემის სამმართველო;
უ) ტაშისკარის სამელიორაციო სისტემის სამმართველო;
ფ) ტირიფონი-სალთვისის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ქ) მტკვარი-ალგეთის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ღ) ქვემო ალაზნის სამელიორაციო სისტემის სამმართველო;
ყ) ქვემო სამგორის სამელიორაციო სისტემის სამმართველო;
შ) ცხენისწყლის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ჩ) ცხენისწყალი-ცივის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ც) წითელი გორა-კაბალის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ძ) ხრამი-დებედას სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
წ) ჯავახეთის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ჭ) ჰიდროგეოლოგიურ-მელიორაციული სამმართველო.
8. მე-7 თავის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VII. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
მუხლი 11
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შედის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.”.
2. სამინისტროს აპარატმა (დ. ჯებაშვილი) უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ მ. დეკანოიძემ.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სვიმონიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები