გემზე ცხოვრებისა და დასვენების საშუალებების, საკვებისა და საკვებით მომსახურების წესების დამტკიცების შესახებ

გემზე ცხოვრებისა და დასვენების საშუალებების, საკვებისა და საკვებით მომსახურების წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 25/12/2023
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016172
46
25/12/2023
ვებგვერდი, 26/12/2023
310020000.55.067.016172
გემზე ცხოვრებისა და დასვენების საშუალებების, საკვებისა და საკვებით მომსახურების წესების დამტკიცების შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №46

2023 წლის 25 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

გემზე ცხოვრებისა და დასვენების საშუალებების, საკვებისა და საკვებით მომსახურების წესების დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის,  „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის და 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „გემზე ცხოვრებისა და დასვენების საშუალებების, საკვებისა და საკვებით მომსახურების წესები“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი



გემზე ცხოვრებისა და დასვენების საშუალებების, საკვებისა და საკვებით მომსახურების წესები

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „გემზე ცხოვრებისა და დასვენების საშუალებების, საკვებისა და საკვებით მომსახურების წესები“ (შემდეგში – წესი) ადგენს საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ მცურავ, კომერციულ საქმიანობაში ჩართულ გემზე, საცხოვრებელი და დასვენების საშუალებების, საკვებისა და საკვებით მომსახურების წესებს.

2. წესი  შემუშავებულია  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) (შემდგომ − კონვენცია), მისი რეგულაციებისა და MLC კოდექსის საფუძველზე, ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით.

მუხლი 2. მიზანი

წესის მიზანია  საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე დასაქმებული მეზღვაურებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობებისა და დასვენების საშუალებებით უზრუნველყოფა, მეზღვაურთა ჯანმრთელობის დაცვისა და კეთილდღეობის პრინციპის შესაბამისად.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონითა და კონვენციით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები გემთმფლობელებისთვის

1. საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის გემთმფლობელი ვალდებულია აკმაყოფილებდეს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, რაც გამოიხატება გემზე დასაქმებული მეზღვაურისთვის უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებლებით უზრუნველყოფაში.

2. გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ გემზე, საცხოვრებელი, დასვენების და კვების საშუალებები შენარჩუნებული იყოს კარგ მდგომარეობაში და იყოს შესაფერისი ეკიპაჟის წევრების ღირსეული და ჯანსაღი საცხოვრებლისთვის ან კვებისთვის.

 

თავი II

საცხოვრებელი და დასვენების საშუალებები

მუხლი 5. საცხოვრებელ სივრცესთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები

1. საცხოვრებელ სივრცესთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები:

ა) გემზე მეზღვაურისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ სივრცეს უნდა გააჩნდეს სათანადო სიმაღლე. მეზღვაურის საცხოვრებელი სივრცის, მინიმალური დასაშვები სიმაღლე არ უნდა იყოს 203 სანტიმეტრზე ნაკლები;

ბ)  საცხოვრებელი სივრცეები უნდა იყოს სათანადოდ იზოლირებული;

გ) გემზე, გარდა სამგზავრო და სპეციალური დანიშნულების გემებისა, კაიუტები განთავსებული უნდა იყოს გემის შუა ან უკანა ნაწილში, სატვირთო ხაზის ზემოთ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც გემის ზომა, ტიპი ან გემის დანიშნულება ნებისმიერ სხვა მდებარეობას ხდის არაგონივრულს. ამ შემთხვევაში კაიუტები შესაძლებელია განთავსდეს გემის წინა ნაწილში, მაგრამ არა შეჯახების გამყოფი ტიხრის წინ;

დ) სამგზავრო გემებსა და სპეციალური დანიშნულების გემებზე  კაიუტები შესაძლოა განთავსდეს სატვირთო ხაზის ქვემოთ, იმ პირობით, რომ მოწყობილია სათანადო განათება და ვენტილაცია, თუმცა კაიუტები არ უნდა განთავსდეს სამუშაო დერეფნებზე ქვემოთ;

ე) კაიუტებს არ უნდა ჰქონდეთ პირდაპირი გასასვლელი სატვირთო და სამანქანო განყოფილებებში, სამზარეულოში, საცავში, საშრობ ოთახებში ან საერთო სარგებლობის სანიტარიულ კვანძებში. აღნიშნული სივრცეების კაიუტებისგან გამყოფი ტიხრები და გარე ტიხრები უნდა დამზადდეს მყარი ფოლადისგან და უნდა იყოს წყალ- და გაზგაუმტარი;

ვ) შიდა გამყოფი ტიხრების, პანელების, იატაკისა და შეერთებების დასამზადებლად გამოყენებული მასალა უნდა უზრუნველყოფდეს ჯანსაღ გარემოს;

ზ) წარმოდგენილი უნდა იყოს სათანადო განათება და საკმარისი დრენაჟი.

2. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდეგში – სააგენტო) უფლებამოსილია დაუშვას გამონაკლისი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საცხოვრებელი სივრცის სიმაღლესთან დაკავშირებით, თუ მიიჩნევს, რომ სიმაღლის ამგვარი შემცირება:

ა) არის გონივრული;

ბ) არ გამოიწვევს რაიმე დისკომფორტს მეზღვაურის მიმართ.

მუხლი 6. კაიუტები

1. გემზე, გარდა სამგზავრო გემებისა, ყოველი მეზღვაურისთვის გამოყოფილი უნდა იყოს განცალკავებული კაიუტები. მამაკაცებისა და ქალებისთვის გამოყოფილი უნდა იქნეს განცალკევებული კაიუტები.

2. კაიუტების ფართი უნდა შეადგენდეს არანაკლებ:

ა) 4.5 კვადრატულ მეტრს, გემზე, რომლის საერთო ტევადობა 3,000 ტონაზე ნაკლებია;

ბ) 5.5 კვადრატულ მეტრს, გემზე, რომლის  საერთო ტევადობა 3,000 ტონაზე მეტია და  10,000 საერთო ტევადობაზე ნაკლებია;

გ) 7 კვადრატულ მეტრს, გემზე, რომლის საერთო ტევადობა  10,000 ტონა და მეტია.

3. იმ შემთხვევაში, თუ გემი, რომლის საერთო ტევადობა 3,000 საერთო ტონაზე ნაკლებია, გარდა სამგზავრო გემებისა და სპეციალური დანიშნულების გემებისა, კაიუტებში შესაძლებელია განთავსდეს მაქსიმუმ ორი მეზღვაური. ასეთ შემთხვევაში, კაიუტების ფართი არ უნდა იყოს 7 კვადრატულ მეტრზე ნაკლები.

4. სამგზავრო გემებსა და სპეციალური დანიშნულების გემებზე, კაიუტის ფართი იმ მეზღვაურებისთვის, რომლებიც არ ასრულებენ ოფიცრის მოვალეობებს, არ უნდა იყოს ნაკლები:

ა) 7.5 კვადრატულ მეტრზე, სადაც განთავსებულია ეკიპაჟის ორი წევრი;  

ბ)11.5 კვადრატულ მეტრზე, სადაც განთავსებულია  ეკიპაჟის სამი წევრი; 

გ) 14 კვადრატულ მეტრზე, სადაც განთავსებულია ეკიპაჟის ოთხი წევრი. 

5. სპეციალური დანიშნულების გემზე, კაიუტებში შესაძლებელია ოთხზე მეტი ადამიანის განთავსება. ამგვარი კაიუტების ფართი არ უნდა იყოს 3.6 კვადრატულ მეტრზე ნაკლები ერთი ადამიანისთვის.

6. გემზე, გარდა სამგზავრო და სპეციალური დანიშნულების გემებისა, მეზღვაურებისთვის განკუთვნილი  კაიუტების ფართი, რომლებიც ასრულებენ ოფიცრის მოვალეობას,  იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გამოყოფილი მისაღები ან სამუშაო ოთახი, ერთ მეზღვაურზე უნდა შეადგენდეს:

ა) 7.5 კვადრატულ მეტრს,  გემზე, რომლის საერთო ტევადობა  3,000 ტონაზე ნაკლებია;

ბ) 8.5 კვადრატულ მეტრს, გემზე, რომლის საერთო ტევადობა 3,000 ტონაზე მეტია და 10,000 საერთო ტევადობაზე ნაკლებია;

გ) 10 კვადრატულ მეტრს,  გემზე, რომლის საერთო ტევადობა  10,000 ტონა და მეტია.

7. ეკიპაჟის თითოეული წევრისთვის გათვალისწინებული უნდა იქნეს თითო საწოლი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მისი სხეულის ზომას. საწოლის მინიმალური შიდა ზომები უნდა შეადგენდეს მინიმუმ 198 სანტიმეტრს 80 სანტიმეტრზე.

8. ყოველი საწოლი აღჭურვილი უნდა იქნეს შესაფერისი მასალისგან დამზადებული ლეიბით, საბნით და ბალიშით.

9. საწოლები არ უნდა განთავსდეს ორ სართულად. ბორტის გასწვრივ საწოლების განთავსების შემთხვევაში, დაიშვება მხოლოდ ერთსართულიანი საწოლის დადგმა, იმ შემთხვევაში, თუ  საწოლის თავზე განთავსებული იქნება ილუმინატორი.

10. ეკიპაჟის წევრებს ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა მიეწოდოთ  ახალი თეთრეული და სულ მცირე კვირაში ერთხელ ორი ახალი პირსახოცი. ეკიპაჟის წევრის  შეცვლის შემთხვევაში კარგად უნდა გაიწმინდოს ლეიბი, საბანი და ბალიში.

11. თითოეული კაიუტა აღჭურვილი უნდა იყოს:

ა) საკმარისი ზომის, არანაკლებ 475 ლიტრი მოცულობის, ტანსაცმლის სათავსოთი;

ბ) კომოდით. იმ შემთხვევაში, თუ კომოდი წარმოდგენილი იქნება ტანსაცმლისთვის განკუთვნილი კარადის შემადგენლობაში, მაშინ მათი საერთო მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 500 ლიტრი. მასში წარმოდგენილი უნდა იყოს თარო და უნდა იკეტებოდეს საკეტით პირადი ნივთების შენახვის მიზნით;

გ) პატარა კარადით საპირფარეშოს ნივთებისთვის;

დ) ფიქსირებული, ჩამოსაშლელი ან გასაშლელი ტიპის მაგიდით;

ე) სარკით;

ვ) წიგნების თაროთი;

ზ)  საკმარისი რაოდენობის ტანსაცმლის საკიდებით;

თ) ფარდებით.

12. კაიუტაში განთავსებულ ავეჯს არ უნდა ჰქონდეს ბასრი კიდეები. ავეჯი დამზადებული უნდა იყოს მყარი, გლუვი და კოროზიისგან დაცული მასალისგან.

13. ამ მუხლის მესამე პუნქტის მიუხედავად, სააგენტო უფლებამოსილია დაუშვას გამონაკლისი სამგზავრო გემებსა და სხვა სპეციალური დანიშნულების გემებზე, რომელის საერთო ტევადობა 3,000 ტონაზე ნაკლებია, თუ ამგვარი გამონაკლისი არ შეუქმნის საფრთხეს ეკიპაჟის წევრებს.  

მუხლი 7.  ვენტილაცია და კონდიცირების სისტემები

1. გემზე, საცხოვრებელი სივრცეები უნდა იყოს განლაგებული და აღჭურვილი იმგვარად, რომ ისინი დაცული იყოს ჰაერის დაბინძურებისგან, რომელიც გამოიყოფა გემის მანქანებიდან, ტანკებიდან, ლაზარეთიდან და სანიტარიული კვანძებიდან.

2. კაიუტები და სასადილო ოთახები სათანადოდ უნდა იყოს ვენტილირების და კონდიცირების სისტემებით აღჭურვილი.

3. როდესაც გემზე იმყოფებიან ეკიპაჟის წევრები, ვენტილირების და კონდიცირების სისტემები ყოველთვის უნდა ფუნქციონირებდეს.

4. ჰაერის კონდიცირების სისტემები, როგორც ცენტრალიზებული, ასევე ინდივიდუალური ტიპის, უნდა ფუნქციონირებდეს იმგვარად, რომ:

ა) შენარჩუნებულ იქნეს ჰაერის დამაკმაყოფილებელი ტემპერატურა და ფარდობითი ტენიანობა გარე ჰაერთან შედარებით;

ბ) უზრუნველყოს ჰაერის სათანადო გამოცვლა;

გ) თავიდან იქნეს აცილებული ზედმეტი ხმაური და ვიბრაცია.

5. ჰაერის კონდიცირების და ვენტილირების სისტემების მუშაობისთვის აუცილებელი ენერგია, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ყოველთვის, როდესაც მეზღვაურები იცხოვრებენ და იმუშავებენ გემზე. თუმცა, აღნიშნული ელექტროენერგია არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ავარიული წყაროებიდან.

6. გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების გაწმენდა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ სისტემებიდან ეკიპაჟის წევრების ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება.

მუხლი 8. გათბობის სისტემა

1. ყველა გემზე, გარდა იმ გემებისა, რომლებიც ექსკლუზიურად ტროპიკულ კლიმატში ნაოსნობენ,  მეზღვაურთა საცხოვრებელი სივრცეები უნდა იყოს უზრუნველყოფილი გათბობის სისტემით, რომელიც უნდა იყოს ჩართული ნებისმიერ დროს, საჭიროების შემთხვევაში.

2. ყოველ გემზე, სადაც მოითხოვება გათბობის სისტემა, გათბობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ცხელი წყლის, ელექტროენერგიის, ორთქლის ან სხვა ეკვივალენტური წყაროს საშუალებით.

3. რადიატორები და სხვა გათბობის მოწყობილობები უნდა განთავსდეს და დაცული იყოს ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული ხანძრის გაჩენის რისკი, საფრთხე ან დისკომფორტი ეკიპაჟის წევრებისთვის.

მუხლი 9. განათება

1. გემზე კაიუტები და სასადილო ოთახები განათებული უნდა იყოს ბუნებრივი განათებით და ასევე უზრუნველყოფილი იქნეს სათანადო ხელოვნული განათებით.

2. ყველა გემზე მეზღვაურთა საცხოვრებელი სივრცეები აღჭურვილი უნდა იყოს ელექტროგანათებით. განათებისთვის ელექტროენერგიის ორი სხვადასხვა წყაროს არარსებობის შემთხვევაში, დამატებითი ავარიული განათების სისტემის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს სათანადო კონსტრუქციის მქონე სანათებიდან ან განათების აპარატურიდან.

3. საძინებელ კაიუტებში, ყოველი საწოლის თავთან უნდა დამონტაჟდეს ელექტროსანათები კითხვისთვის.

მუხლი 10. სასადილო ოთახები

1. გემი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასადილო ოთახით. იმ შემთხვევაში, თუ გემის ზომა ამის საშუალებას იძლევა, ერთი მხრივ, კაპიტნისა და ოფიცრებისთვის და, მეორე მხრივ, ეკიპაჟის დანარჩენი წევრებისთვის უნდა იყოს ცალკე სასადილო ოთახები. ამ დროს მხედველობაში მიიღება ეკიპაჟის წევრების განსაკუთრებული კულტურული, რელიგიური და სოციალური საჭიროებები.

2. სასადილო ოთახები უნდა იყოს განთავსებული კაიუტებისგან განცალკევებით და სამზარეულოსთან ახლოს.

3. გემზე, გარდა სამგზავრო გემებისა, მეზღვაურთათვის განკუთვნილი სასადილო ოთახების ფართი არ უნდა იყოს 1.5 კვადრატულ მეტრზე ნაკლები ერთ ადამიანზე.

4. სასადილო ოთახი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს: 

ა) სამზარეულოს ნიჟარით, ცივი და თბილი წყლის ონკანით;

ბ) დისპენსერით, ერთჯერადი პირსახოცებისთვის;

გ) მაცივარით;

დ) ჭურჭლის შესანახი ავეჯით;

ე) შესაბამისი ჭურჭელით.

5. მაგიდებისა და დასაჯდომების ზედაპირი დამზადებული უნდა იყოს ნესტგაუმტარი მასალისგან.

მუხლი 11. სანიტარიულ-ჰიგიენური კვანძები

1. გემზე, ეკიპაჟის წევრებისთვის, როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის, გათვალისწინებული უნდა იქნა განცალკევებული სანიტარულ-ჰიგიენური კვანძები.

2. იმ შემთხვევაში, თუ ეკიპაჟის წევრებისთვის არ არის ხელმისაწვდომი ინდივიდუალური სველი წერტილი, შესაძლოა უზრუნველყოფილი იქნას ხელსაბანი და სააბაზანო საერთო სარგებლობისთვის. საპირფარეშოები უნდა განთავსდეს კაიუტებთან ახლოს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გარდა, გემზე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მინიმუმ ერთი საპირფარეშო:

ა) სანავიგაციო ხიდთან, ძრავის ან ძრავის მართვის ოთახთან;

ბ) მომსახურე და კვების პერსონალის სამუშაო ადგილთან ახლოს.

4. სანიტარიულ-ჰიგიენური კვანძი, რომელიც გათვალისწინებული იქნება ერთზე მეტი ადამიანის მიერ გამოსაყენებლად, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) იატაკი დამზადებული უნდა იყოს მედეგი, ნესტგაუმტარი მასალისგან;

ბ) გამყოფი ტიხრები დამზადებული უნდა იყოს ფოლადისგან ან სხვა მასალისგან და უნდა იყოს წყალგაუმტარი გემბანის ზედაპირის დონიდან 23 სანტიმეტრის სიმაღლეზე;

გ) უნდა იყოს სათანადოდ განათებული, გამთბარი და ვენტილირებული;

დ) ყოველი დასაბანი ობიექტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცხელი და ცივი წყლით.

მუხლი 12. სამრეცხაო

1. ეკიპაჟის წევრებისთის სამრეცხაოები უნდა იყოს განთავსებული  ხელსაყრელ ადგილზე და აღჭურვილი შესაბამისი აღჭურვილობით.

2. მეზღვაურებისთვის გათვალისწინებული სამრეცხაოები უნდა მოიცავდეს:

ა) სარეცხ მანქანას; 

ბ) საშრობ მანქანას ან სათანადოდ გამთბარ და ვენტილირებულ საშრობ ოთახს;

გ) უთოებს და საუთაო დაფებს.

მუხლი 13. ტანსაცმლისა და პირადი ნივთების შესანახი საშუალებები, გასახდელები

1. იმ შემთხვევაში, თუ სამანქანე განყოფილების პერსონალის მიმართ გამოყოფილი იქნება განცალკევებული სივრცე ტანსაცმლის გამოსაცვლელად, ისინი უნდა:

ა) განთავსდეს სამანქანე განყოფილების გარეთ;

ბ) აღჭურვილი უნდა იყოს ტანსაცმლისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური კარადებით, ასევე აბაზანით, პირსაბანით, ცივი და ცხელი წყლით.

2. გემზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ოთახი ეკიპაჟის წევრების ჩემოდნების შესანახად.

მუხლი 14. საოფისე ფართი

ყოველ გემზე გამოყოფილი უნდა იყოს ცალკე საოფისე ფართი გემბანისა და სამანქანე განყოფილებების მიერ გამოსაყენებლად.

მუხლი 15. დასვენების საშუალებები და დასასვენებელი ოთახები

1. გემზე, ყველა მეზღვაურისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო დასვენების საშუალებები.

2. დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეებში ავეჯი უნდა იყოს მინიმალური და უნდა ითვალისწინებდეს წიგნების კარადასა და კითხვისთვის, წერისა და, შესაძლებლობის შემთხვევაში, თამაშისთვის განკუთვნილ საშუალებებს.

3. ეკიპაჟის წევრებს უსასყიდლოდ უნდა მიეცეს დასვენების სივრცეები, აგრეთვე, დასვენების საქმიანობის შესაძლებლობები.

4. გემზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი შემდეგი საშუალებები ან მომსახურება:

ა) მოსაწევი ოთახი;

ბ) სატელევიზიო და რადიოგადაცემების მიღება;

გ) კინოფილმების ჩვენება, რომელთა მარაგიც უნდა შეესაბამებოდეს რეისის ხანგრძლივობას და, აუცილებლობის შემთხვევაში, განახლდეს გონივრული ინტერვალით;

დ) სპორტული ინვენტარი, სავარჯიშო მოწყობილობების, სამაგიდო თამაშების ჩათვლით;

ე) პროფესიული და სხვა ჟანრის ლიტერატურის შემცველი ბიბლიოთეკა, რომლის წიგნების მარაგიც უნდა შეესაბამებოდეს რეისის ხანგრძლივობას და, აუცილებლობის შემთხვევაში, იცვლებოდეს გონივრული ინტერვალით;

ვ) წვდომა გემის ნაპირთან დამაკავშირებელ ტელეფონთან, ელექტრონულ ფოსტასა და ინტერნეტთან, მათი ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, რა დროსაც მათ საფასურმა არ უნდა გადააჭარბოს გონივრულ ოდენობას.

ზ) შემოქმედებითი ხელნაკეთი ნივთების დამზადების პირობები;

თ) ელექტრონული მოწყობილობები, როგორიცაა რადიო, ტელევიზორი, ვიდეომაგნიტოფონი, DVD/CD ფლეიერი, პერსონალური კომპიუტერი და პროგრამები, ასევე ვიდეომაგნიტოფონი და ფლეიერი;

ი) შესაბამისობის შემთხვევაში, გემებზე მეზღვაურთათვის განკუთვნილი ბარების მოწყობა, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ეროვნულ, რელიგიურ ან სოციალურ ადათ-წესებს.

მუხლი 16. ლაზარეთი

1. გემზე, რომელზეც დასაქმებულია 15 ან მეტი მეზღვაური და ასრულებს სამ დღეზე მეტი ხანგრძლივობის რეისს, უნდა იყოს განცალკევებული ლაზარეთი, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებისთვის.

2. ლაზარეთი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ გემზე მყოფი პირების სამედიცინო დახმარებისთვის, უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი და უზრუნველყოფდეს კორმფორტულ პირობებს პაციენტებისთვის.

3. ლაზარეთები უნდა უზრუნველყოფდეს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, ასევე ხელი შეუწყოს ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციას.

4. პირველადი სამედიცინო დახმარების კომპლექტი უნდა იყოს გამოსაყენებლად ადვილად ხელმისაწვდომი და მუდმივად განახლებადი.

5. ლაზარეთის შესასვლელების, საწოლების, განათების, ვენტილაციის, გათბობის და წყალმომარაგების მოწყობა ისე უნდა მოხდეს, რომ უზრუნველყოფილი იქნეს პაციენტების კომფორტი და ხელი შეუწყოს მათ მკურნალობას.

6. გემის ლაზარეთის პაციენტებისთვის გამოყოფილი უნდა იყოს განცალკევებული სანიტარიულ-ჰიგიენური კვანძი. სანიტარიულ-ჰიგიენური კვანძი უნდა მოიცავდეს მინიმუმ ერთ საპირფარეშოს, ერთ პირსაბანსა და ერთ აბაზანას ან საშხაპეს.

მუხლი 17.  ხმაურისა და ვიბრაციის თავიდან აცილება

1. საცხოვრებელი სივრცეები, ასევე დასვენებისა და საკვებით მომსახურების სივრცეები უნდა განთავსდეს შეძლებისდაგვარად შორს ძრავებისგან, საჭის მექანიზმებისთვის განკუთვნილი ოთახებისგან, ვენტილაციის, გათბობისა და ჰაერის კონდიცირების მოწყობილობებისგან, ასევე სხვა ხმაურის გამომწვევი მანქანა-დანადგარებისგან.

2. გამოყენებული უნდა იქნეს ხმაურის იზოლაციისა და სხვა შესაბამისი ხმაურის მშთანთქმელი მასალები, ასევე ავტომატურად დახურვადი, ხმაურგაუმტარი კარი იმ ადგილებში, სადაც განთავსებული იქნება მანქანა-დანადგარები.

 

თავი II

საკვები და საკვებით მომსახურება

მუხლი 18. საკვები და საკვებით მომსახურება

1. გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს გემზე სათანადო ხარისხის, კვებითი ღირებულებისა და რაოდენობის საკვები და სასმელი წყალი, რაც დააკმაყოფილებს გემზე მყოფი პირების მოთხოვნებს, სხვადასხვა კულტურული და რელიგიური მახასიათებლების გათვალისწინებით.

2. გემზე დასაქმების პერიოდში მეზღვაურები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ უფასო საკვებით.

3. საკვების მომზადებაზე პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც გემზე მუშაობენ მზარეულებად, გავლილი უნდა ჰქონდეთ სათანადო მომზადება და ფლობდნენ შესაბამის კვალიფიკაციას აღნიშნულ პოზიციაზე სამუშაოდ.

4. გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ საკვებით მომსახურების განყოფილება  იყოს მოწყობილი და აღჭურვილი ისე, რომ უზრუნველყოს მეზღვაურები სათანადო, მრავალფეროვანი და სრულყოფილი საკვებით, რომელთა მომზადებაც და მომსახურებაც მოხდება შესაბამის ჰიგიენურ პირობებში.

 

თავი III

ინსპექტირება

მუხლი 19. ინსპექტირება

1. სააგენტომ ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილებით აღჭურვილმა აღიარებულმა ორგანიზაციამ ან პირმა, წელიწადში ერთხელ უნდა მოახდინოს იმ გემების ინსპექტირება, რომელზეც ვრცელდება ეს წესები.

2. ინსპექტირების საგანია დაადგინოს რამდენად შეესაბამება მეზღვაურის საცხოვრებელი და დასვენების საშუალებები, ასევე საკვები და საკვების მომსახურების პირობები ამ წესითა და კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს.

3. განსაკუთრებულ შემთხვევებში ინსპექტირების გადავადება შესაძლებელია არაუმეტეს 5 თვის ვადით.

მუხლი 20. გამონაკლისი

1. გემთმფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ წესით დადგენილი მოთხოვნებიდან  გამონაკლისის დაშვება, იმ გემებზე, რომლის საერთო ტევადობა 200 ტონაზე ნაკლებია.

2. წინამდებარე წესით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან ნებისმიერი გამონაკლისი შესაძლებელია დაშვებულ იქნეს განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ამგვარი გამონაკლისი შესაძლებელია დასაბუთდეს მყარი საფუძვლითა და მეზღვაურთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის პირობით.