„შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

„შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 3/4/1483
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016869
3/4/1483
15/12/2023
ვებგვერდი, 21/12/2023
000000000.00.000.016869
„შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პლენუმის

გადაწყვეტილება №3/4/1483

2023 წლის 15 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

ვასილ როინიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

 

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: „შპს – საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 50-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 82-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის, „შპს – საინფორმაციო ქსელების ცენტრის“ წარმომადგენელი  გიორგი გოცირიძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები  ქრისტინე კუპრავა, ლევან ღავთაძე და ნინო შარმანაშვილი; საჯარო დაწესებულების წარმომადგენლები  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი  ლევან მაისურაძე და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლები  იოსებ ლომაშვილი და კახაბერ ნარეკლიშვილი.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1483) მომართა „შპს – საინფორმაციო ცენტრების ქსელმა“. №1483 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2020 წლის 17 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 4 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/7/1483 საოქმო ჩანაწერით, №1483 კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული. №1483 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2023 წლის 15 და 16 მარტს.

2. კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (შემდგომში – საარჩევნო კოდექსი) 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა. არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან 1 თვის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს გამოკითხვის დამკვეთი (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი, თუ დამკვეთი იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანოა; გვარი, სახელი და მისამართი მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, თუ დამკვეთი ფიზიკური პირია), გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი), გამოკითხვის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება, შესაძლო ცდომილების ფარგლები“. თავის მხრივ, საარჩევნო კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, „არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების კანონით დადგენილ ვადაში სავალდებულო ინფორმაციის გარეშე გამოქვეყნება ან მათ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესის დარღვევა გამოიწვევს მაუწყებლის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მედიის საშუალებისა − 1 500 ლარის ოდენობით“.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაცულია ყოველი ადამიანის უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი აწესრიგებს ზოგადად გამოხატვის თავისუფლების თითოეული ასპექტის შეზღუდვის ფორმალურ საფუძვლებს. კერძოდ, „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“.

5. კონსტიტუციური სარჩელის ავტორისათვის პრობლემურია: ა) საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე საზოგადოებრივი აზრის კვლევების გამოქვეყნებას უკრძალავს ინტერნეტმედიას, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფოსაგან, აგრეთვე ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ინტერნეტმედიისაგან მოითხოვს არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან 1 თვის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას გამოკითხვის დამკვეთზე ინფორმაციის გამოქვეყნებასაც; ბ) საარჩევნო კოდექსის 82-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამავე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სუბიექტად მოიაზრებს ინტერნეტმედიას.

6. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის მიმართ კომუნიკაციის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ საარჩევნო კოდექსის 82-ე მუხლის საფუძველზე, შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. თავის მხრივ, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2019 წლის 29 ივლისს მიღებული დადგენილებით, „შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ ცნო სამართალდამრღვევად და მას სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. მოსარჩელემ ზემოაღნიშნული დადგენილება გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა მისი გაუქმება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის №4ა/729-19 დადგენილებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

7. მოსარჩელის პოზიციით, ონლაინმედიას სამაუწყებლო მედიისგან განსხვავებული სპეციფიკა გააჩნია და მისთვის სადავო ნორმებით გათვალისწინებული აკრძალვების დაწესება ქმნის კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების იმგვარ შეზღუდვას, როგორიც არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. შესაბამისად, მისი აზრით, გასაჩივრებული რეგულაციები გაუმართლებლად ზღუდავს კონსტიტუციით დაცულ ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების უფლებას.

8. მოსარჩელის შეფასებით, ლეგიტიმური მიზანი დიფერენცირებულად უნდა იქნეს განხილული სადავო ნორმებით დადგენილ თითოეულ წესთან მიმართებაში. გასაჩივრებული რეგულაციის მიხედვით, ერთი მხრივ, აკრძალულია საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე (გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა). მეორე მხრივ, არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების საბოლოოდ გამოქვეყნებამდე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას აუცილებელია დამკვეთზე ინფორმაციის მითითება. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციით, საზოგადოებრივი კვლევის შედეგების გამოქვეყნების აკრძალვას, კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე, გააჩნია საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის პრევენციის ლეგიტიმური მიზანი. შესაბამისად, აღნიშნული შეიძლება მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ისეთ ლეგიტიმურ მიზნად, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სხვათა უფლებების, მოცემულ შემთხვევაში კი, პოტენციურ ამომრჩეველთა დაცვა ინფორმაციული მანიპულაციისგან უშუალოდ არჩევნების წინ. რაც შეეხება არჩევნების დღეს, კერძოდ, საარჩევნო უბნის დახურვიდან - 20 საათიდან - ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე პერიოდში საზოგადოებრივი კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას დამკვეთზე ინფორმაციის მითითების ვალდებულებას, იგი ატარებს თვითნებურ ხასიათს. კერძოდ, ამ დროს კენჭისყრის პროცესი დასრულებულია, შესაბამისად, ამომრჩეველი მოკლებულია საკუთარი პოლიტიკური ნების დაფიქსირების შესაძლებლობას და აღარ არსებობს საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის პრევენციის საჭიროება.

9. მოსარჩელის მოსაზრებით, ინტერნეტმედიასთან მიმართებით სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვები, თავისი არსით, გამოუსადეგარია ამავე ნორმებით მოაზრებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. კერძოდ, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული წესით, დადგენილ ვადებში სავსებით შესაძლებელია, საზოგადოებრივი კვლევა ვებგვერდზე ატვირთოს და გაავრცელოს სოციალური ქსელის ინდივიდუალურმა მომხმარებელმა, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს უფრო მეტი გამომწერი, ვიდრე ინტერნეტმედიას, თუმცა დაწესებული შეზღუდვა მას არ მიემართება. ასეთ შემთხვევაში, მიზანი, რომ ამომრჩეველი დაცული იყოს ინფორმაციული მანიპულაციისაგან, მიუღწეველი რჩება.

10. დამატებით, მოსარჩელე მიუთითებს, რომ განსხვავებით ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობისაგან, ინტერნეტში ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი, თუ კონკრეტულად რა ინფორმაციაზე ჰქონდეთ წვდომა ან რომელი ინფორმაცია დაბლოკონ ისე, რომ არ გაეცნონ მათ შინაარსს. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი მოსაზრებით, ხსენებული გარემოება ნათლად წარმოაჩენს სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.

11. მოსარჩელე მხარემ არ გამორიცხა, რომ ინტერნეტმედია, საერთოდ, უნდა ექვემდებარებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მედიარეგულაციებს. მაგალითად, ისეთ შემთხვევებში, როდესაც იგი განზრახ ავრცელებს ცილისმწამებლურ ინფორმაციას ან მისი საქმიანობით ზიანი ადგება არასრულწლოვნის ინტერესებს. თუმცა მოსარჩელის განმარტებით, საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმების საფუძველზე და მათი შინაარსის გათვალისწინებით, ინტერნეტმედიის საქმიანობის რეგულირება სახელმწიფოს მხრიდან დაუშვებელია. ინტერნეტმედიის მიერ კანონმდებლობით დაწესებულ ვადებში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების აკრძალვა (გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა), ისევე როგორც აკრძალული დროის მიღმა ასეთი ინფორმაციის გამოქვეყნებისას, კანონმდებლობით სავალდებულოდ დადგენილი რეკვიზიტების მითითების მოთხოვნა, ინტერნეტმედიის პირადი პასუხიმგებლობის სფეროში უნდა მოექცეს. შესაბამისად, ინტერნეტმედიის მიერ უშუალოდ არჩევნების წინ პროფესიული ეთიკის წესების დარღვევით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიძლება გახდეს საზოგადოების ინფორმაციული მანიპულაციის საფუძველი, საზოგადოდ, დაუშვებელია, თუმცა ეს საკითხი მთლიანად უნდა მოთავსდეს ამ ტიპის მედიის თვითრეგულირების სფეროში და დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ ამ ვალდებულების დარღვევისთვის რეპრესიული მექანიზმების ამოქმედება ადმინისტრაციულსამართლებრივი სანქციის გამოყენების სახით.

12. მოსარჩელე მხარემ გამოყენებული ღონისძიების ვარგისიანობასთან დაკავშირებით დამატებით აღნიშნა, რომ, საერთოდ, უფლების შეზღუდვა მაშინ არის გამოსადეგი საშუალება, როდესაც დადგინდება, რომ სახელმწიფომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება დასახული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც აკრძალვა არ მიემართება სოციალური ქსელის ინდივიდუალურ მომხმარებელს, რომელსაც თავისუფლად შეუძლია კანონმდებლობით აკრძალულ ვადებში ატვირთოს და გაავრცელოს კონკრეტული საზოგადოებრივი კვლევა, დაწესებული შეზღუდვა არ შეიძლება ჩაითვალოს გამოსადეგად, ვინაიდან გამოყენებული საშუალებით ლეგიტიმური მიზნის სრულად მიღწევა შეუძლებელია.

13. მოსარჩელე მხარემ ასევე განმარტა, რომ ინტერნეტმედიის აქტივობიდან მომდინარე ინფორმაციული მანიპულაციის რისკი, უშუალოდ არჩევნების წინ, ბევრად ნაკლებია, ვიდრე ეს სამაუწყებლო მედიუმის შემთხვევაშია. ამ განსხვავებულობას განაპირობებს ინტერნეტმედიის, როგორც ინფორმაციის მასობრივი საშუალების სპეციფიკური მახასიათებლები. თავის მხრივ, ეს მინიმალური რისკი, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ თვალსაზრისით, რომ დაუშვებელია მისი არსებობა ამართლებდეს ინტერნეტმედიისთვის დაწესებულ შეზღუდვას, გაავრცელოს კონკრეტული ინფორმაცია  საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები (გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა) სადავო ნორმებით გათვალისწინებული დროის პერიოდში საჯაროდ ან აკრძალული დროის მიღმა ასეთი ინფორმაციის გამოქვეყნებისას, თან დაურთოს მას კანონმდებლობით სავალდებულოდ დადგენილი რეკვიზიტები.

14. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო ნორმებით  დადგენილი როგორც შეზღუდვა, ისე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, არ უნდა მიემართებოდეს ინტერნეტმედიას, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფოსაგან. მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიციით, კონსტიტუციური სარჩელის ავტორს  შპს – საინფორმაციო ქსელების ცენტრს, არ გააჩნია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის ვალდებულება, განსხვავებით სხვა მედიისგან, რომლის დაფინანსების წყარო შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტი იყოს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელე არ უნდა იყოს დაწესებული შეზღუდვის/ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ადრესატი, მით უფრო იმის მხედველობაში მიღებით, რომ მისგან მომდინარე შესაძლო ინფორმაციული მანიპულაციის რისკები უშუალოდ არჩევნების წინ, არის მინიმალური. ასეთ დროს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ინტერნეტმედიის გამოხატვის თავისუფლებას და არა იმ ლეგიტიმური მიზნის დაცვას (მხედველობაშია ამომრჩევლის დაცვა ინფორმაციული მანიპულაციისგან), რომლის მიღწევასაც ემსახურება საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაციები.

15. მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ, გარდა იმისა, ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე და მის მიღმა, 1 თვის პერიოდში საზოგადოებრივი კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას დამკვეთზე ინფორმაციის მითითების ვალდებულება ატარებს თვითნებურ ხასიათს, იგი ასევე უშლის ხელს ელექტორატს, ჩამოიყალიბოს ნდობა კონკრეტული მედიასაშუალების მიმართ, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები იქნება დახურული. შესაბამისად, ობიექტურად, არავითარი ვალდებულება არ არსებობს, საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებს გამოქვეყნებისას თან დაერთოს კანონმდებლობით დაწესებული რეკვიზიტები. თუმცაღა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა ისიც არ გამორიცხა, რომ პასუხისმგებლიანმა მედიამ, ინფორმაციის გამოქვეყნებისას, შესაძლოა ეს მონაცემებიც მიუთითოს.

16. მოსარჩელე მხარემ ასევე აღნიშნა, რომ სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების აკრძალვას (გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა), ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ვარგისი საშუალება იქნებოდა, თუკი ინტერნეტმედიის გარდა, ეს შეზღუდვა ასევე გავრცელდებოდა ფიზიკური პირების მიმართაც და, შესაბამისად, გაფართოვდებოდა რეგულირებას დაქვემდებარებულ ადრესატთა წრე. ასეთ შემთხვევაში, წამყვანი საკითხი უკვე იქნებოდა არა სადავო ნორმის გამოსადეგობის შეფასება, არამედ ვიწრო პროპორციულობის ნაწილში სამართლიანი ბალანსის დადგენა ინტერნეტმედიის/ფიზიკური პირების გამოხატვის თავისუფლებასა და გასაჩივრებული რეგულაციით მისაღწევ ლეგიტიმურ მიზანს შორის.

17. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

18. მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის - წარმომადგენლებმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნები დიფერენცირებულად წარმოაჩინეს, ერთი მხრივ, კანონმდებლობით დადგენილი დროის პერიოდში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების აკრძალვის (გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა), ხოლო, მეორე მხრივ, აკრძალული დროის მიღმა პერიოდში ამგვარი ინფორმაციის გამოქვეყნებისას, კანონმდებლობით დადგენილი რეკვიზიტების მითითების სავალდებულოობასთან დაკავშირებით. მოპასუხის განმარტებით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების დროითი შეზღუდვის (გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა) ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ამომრჩევლის ხელშეწყობა, რათა მან შეძლოს საარჩევნო ნების დამოუკიდებლად და თავისუფლად ფორმირება, ელექტორატის დაცვა ინფორმაციული მანიპულაციისგან უშუალოდ არჩევნების წინ და, ასევე, კონკურენტი ორგანიზაციებისთვის იმ შესაძლებლობის უზრუნველყოფა, რომ მათ დარჩეთ ადეკვატური დრო, შეისწავლონ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები და კომენტარი გამოთქვან მასზე. რაც შეეხება, სადავო ნორმის მეორე ნაწილს, რომლის მიხედვითაც, არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან 1 თვის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას სავალდებულოა, მოთხოვნილი რეკვიზიტების მითითება (მათ შორის დამკვეთზე ინფორმაცია), იგი ემსახურება უსაფრთხოების ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენელთა პოზიციით, საარჩევნო პერიოდი გარკვეული სენსიტიურობით ხასიათდება, სადავო ნორმა კი უზრუნველყოფს, რომ გადაუმოწმებელმა ინფორმაციამ საზოგადოებაში არ გამოიწვიოს უსაფუძვლო ვნებათაღელვა და მცდარი წარმოდგენების ჩამოყალიბება არჩევნების შედეგებთან და მის კანონიერებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და წესრიგს შეუქმნას საფრთხე. თავის მხრივ, საარჩევნო კოდექსის 82-ე მუხლი ამ ლეგიტიმური მიზნების პრაქტიკულ უზრუნველყოფას ემსახურება.

19. მოპასუხე მხარემ, სადავო რეგულაციებით დადგენილი შეზღუდვის გამოსადეგობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იგი ნამდვილად არის ვარგისი საშუალება გასაჩივრებული ნორმებით მოაზრებული ლეგიტიმური მიზნების დასაცავად. კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტებით, როდესაც სახელმწიფო, შესაბამისი ნორმის საფუძველზე და მისი მეშვეობით დასახულ კონკრეტულ ლეგიტიმურ მიზანს აღწევს მხოლოდ ნაწილობრივ და არა სრულად, ეს სრულიადაც არ მიუთითებს ამგვარი საშუალების გამოუსადეგრობაზე იმ საფუძვლით, რომ მისი საშუალებით, ლეგიტიმური ინტერესის სრულად დაცვა შესაძლებელი არ არის. ამდენად, მოპასუხე მხარის აზრით, არ არის აუცილებელი, რომ სადავო რეგულაციას კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის სრულად მიღწევის უნარი გააჩნდეს, რათა მისი გამოსადეგობა ეჭვს არ იწვევდეს და რომ გამოსადეგობის მოთხოვნა მაშინაც დაკმაყოფილებულია, როდესაც მას შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მხოლოდ ნაწილობრივად მიღწევის პოტენციალი გააჩნია.

20. ინტერნეტის საშუალებით ოპერირებადი მედიისა და ტელემაუწყებლობის ურთიერთშედარების კონტექსტში მოპასუხის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, ამომრჩეველთა ინფორმაციული მანიპულაციისგან დაცვის, ისევე როგორც გამოქვეყნებულ კვლევებზე შეპასუხებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ლეგიტიმური მიზანი, თანაბრად რელევანტურია, მიუხედავად იმისა, თუ კონკრეტულად რა ტიპის მედიასაშუალება იქნება სადავო ნორმის ადრესატი. ამდენად, მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ ტელემაუწყებლობასა და ინტერნეტმედიას შორის, მართალია, არსებობს გარკვეული განსხვავება, თუმცა სადავო ნორმით მოწესრიგებული ურთიერთობის ფარგლებში ეს სხვაობა შინაარსობრივად არ არის იმ ხარისხის ან ბუნების, რომ მან დიფერენცირებული მიდგომის საჭიროება წარმოშვას, კერძოდ, ზოგიერთ მათგანზე გავრცელდეს გასაჩივრებული რეგულაციებით დადგენილი შეზღუდვა და ზოგიერთზე არა, ანდა ის, თუ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის როგორი ზომა გავრცელდეს თითოეულ მათგანზე.

21. მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ სოციალური ქსელის ინდივიდუალური მომხმარებლების (რომელთაც არ მიემართებათ სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვა და არ არიან ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სუბიექტები) მიერ კანონმდებლობით აკრძალულ დროში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება (გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა), ვერ იქნება ისეთივე საფრთხის შემქმნელი დასახელებული ლეგიტიმური მიზნებისათვის, როგორიც ეს მედიით გამოქვეყნების შემთხვევაშია მოსალოდნელი და სწორედ ეს არის საკანონმდებლო რაციონალი იმისა, რომ შეზღუდვები არ მიემართებათ ფიზიკურ პირებს. მოპასუხის არგუმენტაციით, ერთი მხრივ, კერძო პირების მიერ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ინფორმაციას არ ექნება გეოგრაფიული გავრცელების ისეთი ფართო არეალი და არ ეყოლება ისეთი დიდი პოტენციური აუდიტორია,  როგორიც ეს მედიასაშუალებების შემთხვევაში შეიძლება იყოს, ხოლო, მეორე მხრივ, ინტერნეტმედიის მიერ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციისაგან განსხვავებით, ფიზიკური პირების მიერ გამოქვეყნებული იგივე ინფორმაცია ვერ ისარგებლებს სანდოობის ისეთივე მაღალი ხარისხით, კერძოდ, ყოველთვის იარსებებს საზოგადოების მხრიდან აღქმა, რომ ფიზიკური პირები კვლევის გამოქვეყნებისას მოქმედებენ პირადი პრეფერენციებისა და სუბიექტური დამოკიდებულების მიხედვით. შესაბამისად, ფიზიკური პირების მიერ, სოციალური ქსელის მეშვეობით, სადავო ნორმით განსაზღვრულ პერიოდში გავრცელებული შესაბამისი ინფორმაციისადმი ისედაც იარსებებს კრიტიკული დამოკიდებულება და ნაკლები სანდოობა, რის გამოც, ამ ინფორმაციით ამომრჩეველთა მანიპულაციის რისკი გაცილებით დაბალია.

22. მოპასუხე მხარემ დამატებით აღნიშნა, რომ იმ დაშვების შემთხვევაშიც კი, თუ ფიზიკური პირების მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ექნებოდა იმავე სიდიდის აუდიტორიის ან იმავე მასშტაბის გეოგრაფიული დაფარვის არეალი და ამ კვლევის მიმართ საზოგადოების სანდოობის ისეთივე მაღალი ხარისხი, როგორც ეს მედიასაშუალებების (მათ შორის ინტერნეტმედია) მიერ ამავე სახის ინფორმაციის გავრცელების დროს არის სახეზე, გასაჩივრებული რეგულაციები მაინც აკმაყოფილებს გამოსადეგობის, აუცილებლობისა და ვიწრო გაგებით პროპორციულობის მოთხოვნებს. შესაბამისად, სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებს.

23. მოპასუხის წარმომადგენლებმა სადავო რეგულაციებთან დაკავშირებით, პარალელი გაავლეს განვითარებული ქვეყნების შესაბამის გამოცდილებასთან. კერძოდ, მოპასუხის მითითებით, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც მსგავსად ქართული მოდელისა, კრძალავენ, არჩევნებამდე გარკვეული პერიოდით, ადრე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებას. ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც ამგვარი შეზღუდვა გააუქმეს, ეს გამოწვეული იყო არა ასეთი რეგულირების არაკონსტიტუციური ბუნებით, არამედ იმით, რომ კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით და სამართლებრივი კულტურიდან გამომდინარე, თავად თქვეს უარი ასეთი ტიპის ინფორმაციის გავრცელებაზე და, შესაბამისად, ვინაიდან შეცვლილი ვითარების ფონზე აღარ არსებობდა ამგვარი საკანონმდებლო შეზღუდვის ობიექტური საჭიროება, იგი გაუქმდა.

24. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტის მოთხოვნებს და კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთანავე, მოპასუხე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების რეკომენდაციებზე.

25. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის სახით, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეულმა პირმა, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა, იოსებ ლომაშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის დანაწესი ეხება მხოლოდ მედიასაშუალებებს და არა ფიზიკურ პირებს. ეს იქიდანაც ჩანს, რომ სადავო რეგულაცია საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის ნაწილია, რომელიც აწესებს მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგად რეგულირებებს. საკითხის ამგვარად მოწესრიგების ლოგიკა კი მდგომარეობს იმაში, რომ განსხვავებით ფიზიკური პირებისგან, მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სანდოობის ბევრად უფრო მაღალი ხარისხით სარგებლობს და მას ძალუძს, მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა. ამასთანავე, სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვის მიზნებისთვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, არის თუ არა მედიასაშუალება აკრედიტებული ცესკოს მიერ.

26. ცესკოს წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ სადავო ნორმით (მხედველობაშია საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტი) დადგენილი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების აკრძალვა (გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა) ამავე ნორმით დაწესებული დროის ფარგლებში, მიზნად ისახავს ამომრჩევლის ნებაზე არასათანადო ზემოქმედების მოხდენის პრევენციას. ამომრჩეველს უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ უშუალოდ არჩევნების წინა პერიოდში საკუთარ თავთან დარჩეს მარტო და პოლიტიკური ნება, რომელსაც იგი არჩევნების დღეს დააფიქსირებს, ჩამოიყალიბოს ყოველგვარი მანიპულაციური ზეგავლენისგან თავისუფლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცესკოს წარმომადგენლის განმარტებით, საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ, ერთი მხრივ, ამომრჩევლის მანიპულაციის რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ხოლო მეორე მხრივ, იგივე ამომრჩეველს მიეცეს შესაძლებლობა, უშუალოდ არჩევნების წინ ინტენსიური ინფორმაციული ტალღებისგან თავისუფლად ჩამოიყალიბოს პოლიტიკური ნება და გონი, რომლის რეალიზაციასაც იგი კენჭისყრის დღეს ხმის მიცემით მოახდენს.

27. ცესკოს წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის ფარგლებში დაწესებული სავალდებულო რეკვიზიტების მითითების ვალდებულება ხელს უწყობს საზოგადოებრივი კვლევის შედეგებისადმი საზოგადოების სანდოობის ჩამოყალიბებას და, საზოგადოდ, განხორციელებული კვლევის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ამ შეზღუდვის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებას არ შეექმნას მცდარი წარმოდგენა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება, გამოიწვის საზოგადოებაში ვნებათაღელვა და არეულობა, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას.

28. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის სახით, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეულმა პირმა, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსმა, ლევან მაისურაძემ აღნიშნა, რომ სადავო ნორმა, საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტი, ერთი მხრივ, ადგენს ე.წ „სიჩუმის პერიოდს“, რომლის განმავლობაშიც დაუშვებელია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება (გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა), ხოლო, მეორე მხრივ, იგი არ კრძალავს ასეთი ტიპის ინფორმაციის გამოქვეყნებას, თუმცა სადავო ნორმით განსაზღვრულ პერიოდში მისი გავრცელებისას, დამატებით მოითხოვს ინფორმაციაზე კანონმდებლობით დაწესებული რეკვიზიტების სავალდებულო წესით თანდართვას. ამასთანავე, უწყების წარმომადგენელმა განმარტა, რომ ზემოხსენებული რეგულაციით დადგენილი მოთხოვნები მიემართება მხოლოდ მედიასაშუალებას, მათ შორის, ისეთს, რომელიც მოსარჩელის მსგავსად, ინტერნეტის საშუალებით ოპერირებს, ხოლო სადავო ნორმის ამოქმედების წინაპირობას არ წარმოადგენს მედიასაშუალების მიერ შესაბამისი აკრედიტაციის გავლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

29. ლევან მაისურაძემ განმარტა, რომ კანონმდებლობით დადგენილი ე.წ. „სიჩუმის პერიოდი“, რომლის განმავლობაშიც იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება (გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა), უზრუნველყოფს კონკურენტი ორგანიზაციის/დაინტერესებული პირის შესაძლებლობას, ჰქონდეს ადეკვატური დრო იმისთვის, რომ გაეცნოს ამ კვლევას და შეეპასუხოს მას. ხოლო დროითი აკრძალვის მიღმა ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელებისას, სავალდებულო წესით, შესაბამისი რეკვიზიტების დართვის მოთხოვნა უზრუნველყოფს ამომრჩევლის ნების სწორად ფორმირებას ისევე, როგორც ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის სანდოობას და აძლევს დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას, შეისწავლონ ეს კვლევა და გააკეთონ მასთან დაკავშირებით შეფასებები. გარდა ამისა, ამ მოთხოვნის შესრულება ასევე განაპირობებს საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობას, კერძოდ იმას, რომ ჩატარებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობისადმი საზოგადოებრივ აღქმას უსაფუძვლოდ არ შეექმნას საფრთხე.

30. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლის მითითებით, ე. წ. „სიჩუმის პერიოდი“ ვრცელდება, მათ შორის, ისეთი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გავრცელებაზე, რომელიც ერთხელ უკვე იყო აკრძალული, დროის მიღმა გამოქვეყნებული და კონკურენტმა ორგანიზაციამ საპასუხო მიმართვის უფლებით უკვე ისარგებლა. ლევან მაისურაძემ განმარტა, რომ კვლევის ამგვარად გააქტუალურების შემთხვევაშიც კი არსებობს იმის საჭიროება, რომ დაინტერესებულმა მხარემ შეისწავლოს ეს კვლევა, მათ შორის, იმ თვალსაზრისით, რომ დაადგინოს, რამდენად არის ეს ის კვლევა, რომელიც ერთხელ უკვე იყო გამოქვეყნებული და გონივრული დროის ფარგლებში ჰქონდეს შეპასუხების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.

31. თუ რამდენად უნდა ექვემდებარებოდეს ინტერნეტმედია და, ზოგადად, მედიასაშუალება თვითრეგულირებას, ამ საკითხთან დაკავშირებით, ლევან მაისურაძემ განმარტა, რომ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გაცხადებული ნების შესაბამისად, მთავარი წყალგამყოფი ხაზი რეგულირებასა და თვითრეგულირებას შორის გადის იქ, სადაც მედია მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ერევა ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებში. იმ შემთხვევაში, როდესაც მედია არღვევს პროფესიულ ან ეთიკურ სტანდარტს, რომელიც არ არის ისეთი ხარისხის, რომ კონსტიტუციური უფლებების ეფექტიან რეალიზაციას შეუშალოს ხელი, ასეთ დროს ნაკლებია სახელმწიფოს მხრიდან მედიის რეგულირების ობიექტური საჭიროება. თავის მხრივ, ზოგადად, მედიის ინტერნეტის საშუალებით ოპერირება, როგორც არაავტორიზებადი საქმიანობა, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხრიდან, რეგულირებას არ ექვემდებარება, თუმცა სადავო ნორმა (საარჩევნო კოდექსის 82-ე მუხლი) არის გამონაკლისი და კომისიას გააჩნია უფლებამოსილება, საარჩევნო კოდექსის 82-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, ინტერნეტმედიას შეუფარდოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომა.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული სფერო

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“. ყოველი მოქალაქის, როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი პიროვნების განვითარებისა და დემოკრატიული წესწყობილების განმტკიცებისთვის ინფორმაციის თავისუფლებას განსაკუთრებული ადგილი უკავია კონსტიტუციურსამართლებრივ ღირებულებათა სისტემაში. იგი დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს წარმოადგენს, რომლის მოქმედების ეფექტიც, ერთი მხრივ, ვრცელდება პოლიტიკურ პროცესებზე და წარმოადგენს ხელისუფლების შეზღუდვის, პოლიტიკური ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის ინსტრუმენტს, მეორე მხრივ კი, მისი მეშვეობით, შესაძლებელია იდეათა თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბება, ცნობიერების ამაღლება, ტოლერანტული გარემოსა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლებას, მსგავსად აზრის გამოხატვის თავისუფლებისა, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ვინაიდან იგი უზრუნველყოფს ინტელექტუალურ ჭიდილსა და დისკუსიას, განსხვავებული, ზოგჯერ ერთმანეთის საპირისპირო იდეებისა და ინტერესების წარმოჩინებას, შეხედულებათა ურთიერთგაცვლას, რასაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს სხვადასხვაგვარად მოტივირებული, თავისუფლად და შეუზღუდავად გამოხატული მრავალფეროვანი ინფორმაციული სივრცის ჩამოყალიბებისთვის. ინფორმაციის თავისუფლების უდავოდ განსაკუთრებული მნიშვნელობა ცხადი ხდება, თუნდაც იმ გარემოებიდან, რომ იგი სწორედ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საკუთარი აზრის თავისუფლებად ჩამოყალიბების წინაპირობაა. თავის მხრივ, მხოლოდ ყოველგვარი ინფორმაციით აღჭურვილი და განსხვავებული შეხედულებებით გაჯერებული საჯარო სივრცე და საჯარო დისკუსია უზრუნველყოფს თავისუფალი დემოკრატიისთვის საჭირო ფუძემდებლური საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფო სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის და რაზედაც არაერთხელ მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის N2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).

2. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებისთვის არსებითად განმსაზღვრელია ორი კომპონენტი. უწინარეს ყოვლისა, კონსტიტუციითვე განმტკიცებული პრინციპებისა და ღირებულებათა ობიექტური წესრიგის ფარგლებში, მას აქვს განსაკუთრებული კავშირი დემოკრატიული სახელმწიფოს არსთან. დემოკრატიული სახელმწიფო ვერ შედგება და იფუნქციონირებს თავისუფალი და შეძლებისდაგვარად კარგად ინფორმირებული საზოგადოების გარეშე. ცხადია, სათანადო ინფორმაციული სივრცის არარსებობისას წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა და დემოკრატიული კონსტიტუციურსამართლებრივი წესრიგის სიცოცხლისუნარიანობა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ [....] თავისუფალი ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია თავისუფალი აზრის ჩამოყალიბება. ეს არის ნორმა, რომელიც კრძალავს საზოგადოებისათვის, ადამიანის გონებისათვის „ინფორმაციული ფილტრის“ დაყენებას, რაც დამახასიათებელია არადემოკრატიული რეჟიმებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). მეორე მხრივ, ინფორმაციის თავისუფლება არის ინდივიდუალური უფლება, რომელიც ქმნის სივრცეს, რომ ინდივიდმა გაიფართოვოს არსებული ცოდნა, თვალსაწიერი და განვითარდეს როგორც ინფორმირებული პიროვნება. მხოლოდ თავისუფალი ინფორმაციული გარემოს არსებობის პირობებში შეუძლია თითოეულ სუბიექტს, შექმნას პირადი თუ პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი წინაპირობები და იმოქმედოს როგორც პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ. ინფორმაციულობის დონის მატებასთან ერთად, ასევე იზრდება ინდივიდის როლი და შესაძლებლობა ისეთი საკითხების საჯაროდ განხილვაში, რომლებიც წარმოადგენს საზოგადოებრივი დაინტერესების საგანს ან სახელმწიფო მნიშვნელობის მატარებელია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, [...] „ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელება უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 26).

3. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულია არა მხოლოდ პირის უფლება, თავისუფლად გაავრცელოს აზრი, ინფორმაცია, შეხედულებები, არამედ იგი იცავს იმ საშუალებებსაც, რომლებიც აზრის, შეხედულებების გამოთქმის, ინფორმაციის გავრცელებისა და მიღებისათვის არის აუცილებელი. აღნიშნულ საშუალებებს განეკუთვნება ბეჭდვითი მედია, სამაუწყებლო საშუალებები, მათ შორის, რადიომაუწყებლობა და ტელემაუწყებლობა, აგრეთვე ინფორმაციის და აზრის გავრცელების სხვა საშუალებები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზემოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებამოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებასაქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეებიზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეებიდაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესით, ინდივიდებთან ერთად დაცულია ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რათა იმ საქმიანობის განხორციელებისას, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული შინაარსის ინფორმაციის მიღებასა და გავრცელებასთან, არ დაექვემდებარონ სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულ გაუმართლებელ შეზღუდვებს. ვინაიდან მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტიანი პლატფორმაა, სწორედ მათი თავისუფლების ხარისხსა და ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობაზეა დამოკიდებული საზოგადოების ინფორმირებულობის დონე, თითოეული ადამიანის მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლების ეფექტიანი რეალიზება და, საბოლოო ჯამში, საზოგადოების დემოკრატიული განვითარება.

4. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ინფორმაციის თავისუფლებით დაცულია ინფორმაციის გავრცელება და მიღება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან. წყარო საყოველთაოდ ხელმისაწვდომია იმ შემთხვევაში, თუ იგი, მისი ტექნიკური მახასიათებლიდან გამომდინარე, გამოსადეგია და განკუთვნილია იმისათვის, რომ საზოგადოებას, პირთა განუსაზღვრელ წრეს მოუპოვოს და მიაწოდოს ინფორმაცია. საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, „ [...] დაცულია ინფორმაციის თავისუფლება, მისი თავისუფალი გავრცელება და მიღება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, ინფორმაციის მატარებლებიდან, რომლებიც გამოსადეგია ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებისათვის “[…] (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის უმთავრესი დანიშნულებაა ინფორმაციის თავისუფალი ცირკულაციის უზრუნველყოფა საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების მეშვეობით. თავის მხრივ, წყარო საყოველთაოდ ხელმისაწვდომია იმ შემთხვევაში, თუ იგი ტექნიკურად გამოსადეგია და განკუთვნილია იმისათვის, რომ საზოგადოებას ანუ პირთა განუსაზღვრელ წრეს მოუპოვოს და მიაწოდოს ინფორმაცია. შესაბამისად, სამართლებრივი ნორმები, რომლებიც საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან ინფორმაციის მიღების უფლებას ზღუდავს, ექვემდებარება შესაბამის კონსტიტუციურსამართლებრივ შეფასებას.

5. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ დემოკრატიის პრინციპის წიაღსა და მის ფარგლებში დამკვიდრებული მოთხოვნა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მიზნით, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს აკისრებს როგორც ნეგატიურ, ასევე პოზიტიურ ვალდებულებებს, კერძოდ, სახელმწიფო, კონსტიტუციური თვითბოჭვის ფარგლებში, გაუმართლებლად არ უნდა ჩაერიოს ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების პროცესში (ინფორმაციის თავისუფლების მიმართ სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება). გარდა ამისა, მან უნდა შექმნას სათანადო კანონმდებლობა, რომლითაც უზრუნველყოფს შესაბამის ნორმატიულ სივრცეს ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების კონსტიტუციური უფლების პრაქტიკული რეალიზაციისთვის (ინფორმაციის თავისუფლების მიმართ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება). სახელმწიფოს მიერ, სწორედ, ზემოხსენებული პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულების განუხრელად დაცვის შემთხვევაში არის შესაძლებელი კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით მინიჭებული უფლებით ეფექტიანი სარგებლობა.

2. სადავო ნორმების შინაარსის, უფლების შეზღუდვის ფაქტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირება

6. №1483 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 82-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.

7. საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა. არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან 1 თვის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს გამოკითხვის დამკვეთი (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი, თუ დამკვეთი იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანოა; გვარი, სახელი და მისამართი მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, თუ დამკვეთი ფიზიკური პირია), გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი), გამოკითხვის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება, შესაძლო ცდომილების ფარგლები“. თავის მხრივ, 82-ე მუხლის შესაბამისად, „არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების კანონით დადგენილ ვადაში სავალდებულო ინფორმაციის გარეშე გამოქვეყნება ან მათ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესის დარღვევა გამოიწვევს მაუწყებლის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მედიის საშუალებისა − 1 500 ლარის ოდენობით“.

8. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული მოწესრიგება მასზე, როგორც მედიასაშუალებაზე, რომელიც ინტერნეტის საშუალებით ოპერირებს, არ უნდა ვრცელდებოდეს. იმ პირობებში, როდესაც აკრძალვა არ მიემართება სოციალური ქსელის ინდივიდუალურ მომხმარებელს, მიზანი, რომელსაც ისახავს სადავო ნორმები,  რომ უზრუნველყოს საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის პრევენცია, შესაბამისად, პოტენციური ამომრჩევლის დაცვა ინფორმაციული მანიპულაციისაგან  მიუღწეველი რჩება, რაც გაუგებარს ხდის სადავო წესის ამ საფუძვლით ინტერნეტმედიაზე გავრცელების საჭიროებას. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლობით აკრძალული დროითი პერიოდის მიღმა, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას დამკვეთზე ინფორმაციის მითითების ვალდებულება თვითმიზნურ ხასიათს ატარებს, ვინაიდან ასეთ დროს კენჭისყრის პროცესი დასრულებულია და ობიექტურად არ არსებობს საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის პრევენციის საჭიროება. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციით, ერთი მხრივ, შეზღუდვა, რომელიც საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის ფარგლებში დაწესებულია ინტერნეტმედიისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, დაწესებული შეზღუდვის უგულებელყოფით ინტერნეტმედიის მიერ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისთვის საარჩევნო კოდექსის 82-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების დანაწესს.

9. საკონსტიტუციო სასამართლომ, უპირველესად, უნდა განსაზღვროს სადავო ნორმების შინაარსი და შესაფასებელი მოცემულობა, რათა მოახდინოს შესაბამისი კონსტიტუციური უფლებების შესაძლო შეზღუდვის ფაქტისა და ფარგლების იდენტიფიცირება, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეაფასოს შეზღუდვის კონსტიტუციურობა. საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის ანალიზიდან დგინდება, რომ სადავო ნორმა ადგენს ორი დამოუკიდებელი სახის რეგულირებას. ერთი მხრივ, იგი შემოსაზღვრავს იმ დროით პერიოდს, რომლის განმავლობაშიც აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, ხოლო, მეორე მხრივ, მართალია, ამ ტიპის ინფორმაციის გამოქვეყნებას საზოგადოდ არ კრძალავს, თუმცა, სადავო ნორმითვე დაწესებული დროის პერიოდში მისი გავრცელებისას, ადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეკვიზიტების თანდართვის აუცილებლობას. თავის მხრივ, საარჩევნო კოდექსის 82-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის და ადმინისტრაციულ სანქციას უქვემდებარებს, ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესის დარღვევით, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებას.

10. საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის ტექსტობრივი განმარტება ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებს იმაზე, თუ ვისზე ვრცელდება გასაჩივრებული მოწესრიგება და ვინ არის მისი ადრესატი. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ დასახელებული სადავო ნორმა, ბუნებრივია, ინტეგრირებულია საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის ფარგლებში როგორც მისი ნაწილი. თავის მხრივ, საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლი მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულირების დამდგენი ნორმაა. შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ სადავო ნორმა (მხედველობაშია საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტი) მიემართება, კონკრეტულად, მედიასაშუალებებს და არა ფიზიკურ პირებს. აღნიშნული გარემოება ასევე დაადასტურეს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეულმა საჯარო დაწესებულების წარმომადგენლებმა. საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის ადრესატი რომ მედიასაშულებაა, ამას დასახელებული ნორმის საარჩევნო კოდექსის 82-ე მუხლთან ერთობლიობაში სისტემური განმარტებაც ცხადყოფს. კერძოდ, ეს უკანასკნელი არის მითითებითი ნორმა, რომელიც ადგენს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო ადმინისტრაციული სანქციის ადრესატებად ექსპლიციტურად გამოყოფს მაუწყებელს ან სხვა მედიის საშუალებას. ამგვარად, საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს წესს, ხოლო 82-ე მუხლი კი  სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნორმატიულ საფუძველს ამ წესის დარღვევისთვის. გამომდინარე აქედან, ყოველგვარ ლოგიკას აცდენილი იქნებოდა საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის, როგორც წინასაარჩევნო კონკრეტული წესის დამდგენი ნორმის მოქმედების ფარგლების განვრცობა ფიზიკური პირების მიმართ, როდესაც ზემოხსენებული წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მედიასაშუალებას.

 11. კანონმდებლობის ანალიზის, საჯარო დაწესებულების წარმომადგენელთა ჩვენებებისა და საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ასევე ცხადია, თუ რა ტიპის მედია ექცევა სადავო ნორმების მოქმედების არეალში. საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტი, ისევე როგორც 82-ე მუხლი, არ აკონკრეტებს იმ მედიასაშულებებს, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება, არამედ ზოგადად უთითებს მედიაზე, როგორც ნორმის სუბიექტზე. ამ თვალსაზრისით, რელევანტურია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ღ“ ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს მედიის ლეგალურ დეფინიციას. დასახელებული ნორმის თანახმად, მედია არის „მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის, ინტერნეტი“. შესაბამისად, ნათელია კანონმდებლის მიზანი, რომ სადავო ნორმების რეგულირების ადრესატად აქციოს როგორც ავტორიზებასა და ლიცენზირებას დაქვემდებარებული მედიასაშაულებები, ასევე ინტერნეტის საშუალებით ოპერირებადი მედია, ხოლო დამატებით სხვა წინაპირობის არსებობა, გარდა გასაჩივრებული რეგულაციებით დაწესებული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობებისა, არ არის აუცილებელი საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 82-ე მუხლის მოქმედებაში მოყვანისა და მათი მედიაზე გავრცელებისთვის.

12. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს, როგორც ინტერნეტმედიას და გასაჩივრებული რეგულაციების სუბიექტს, სადავო ნორმები, ერთი მხრივ, უკრძალავს განსაზღვრული ინფორმაციის (არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების) კანონით განსაზღვრულ დროში გამოქვეყნებას (გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა), ხოლო, მეორე მხრივ, აკრძალული დროითი პერიოდის მიღმა, ასეთი შინაარსის ინფორმაციის გამოქვეყნებისას უწესებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო რეკვიზიტების თანდართვის ვალდებულებას. სადავო ნორმები, ერთ შემთხვევაში კრძალავს ინფორმაციის გავრცელებას, მის თავისუფალ ცირკულაციას საზოგადოებაში, მეორე შემთხვევაში კი, მართალია, ასეთი აკრძალვა არ მოქმედებს, თუმცა მოსარჩელეს და ყველა ტიპის მედიასაშუალებას სადავო წესის საფუძველზე წაეყენება მოთხოვნა, რომ მათ მხოლოდ განსაზღვრული წესით გაავრცელონ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები. შესაბამისად, მათ აქვთ უფლება, ისარგებლონ გამოხატვის თავისუფლებით და მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია არა მათ მიერ არჩეული ნებისმიერი კომუნიკაციური ფორმითა თუ მასშტაბით, არამედ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. თავის მხრივ, ამ მოთხოვნების დარღვევით, ზემოხსენებული ტიპის ინფორმაციის გამოქვეყნება ქმნის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველს. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმები წარმოადგენს მოსარჩელის ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.

13. ამასთანავე, სასამართლო აზუსტებს შეზღუდვის ბუნებას. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები არ აღუკვეთს საზოგადოებას ამა თუ იმ კონკრეტული საზოგადოებრივი კვლევის შედეგების გაცნობის შესაძლებლობას. საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადება ახდენს მხოლოდ გავრცელების დროით შეზღუდვას და ეს პერიოდი მოიცავს არჩევნებამდე 48 საათით ადრე და არჩევნების დღის 20 საათამდე დროის პერიოდს, ხოლო ამავე მუხლის მეორე წინადადება საკუთრივ კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას კი არ ზღუდავს საერთოდ ან დროის რომელიმე მონაკვეთში, არამედ მხოლოდ კვლევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის (კვლევის დამკვეთის, შემსრულებლის, მეთოდოლოგიის, დასმული შეკითხვების ზუსტი ფორმულირების შესახებ და სხვა.) მითითების ვალდებულებას ადგენს იმ მედიისთვის, ვინც კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. რაც შეეხება მეორე სადავო ნორმას (საარჩევნო კოდექსის 82-ე მუხლი), იგი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევისათვის. შესაბამისად, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხზე მსჯელობისას, სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს მთავარ, კონცეპტუალურ კითხვას იმასთან დაკავშირებით, წარმოადგენს თუ არა ზემოაღნიშნული რეგულაციები, სახელმწიფოს მხრიდან, ინტერნეტმედიის ინფორმაციის თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას.

3. უფლების შეზღუდვის გამართლებულობის შეფასების ტესტი

14. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 განმტკიცებული ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლება, მიუხედავად მისი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ღირებულებისა, არ არის აბსოლუტური ხასიათის. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დასახელებული უფლების, ისევე როგორც, ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების თითოეული ასპექტის შეზღუდვა, დასაშვები და გამართლებულია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური სიკეთეები, რომელთა დაცვაც აუცილებელია თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის და, შესაბამისად, სახელმწიფოს საქმიანობის უპირველეს მიზანს წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლების თითოეული ასპექტის შეზღუდვას დასაშვებად მიიჩნევს თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასება თანაზომიერების პრინციპის ჭრილში, გულისხმობს, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ რა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას ემსახურება სადავო რეგულაცია და რამდენად შეესაბამება იგი თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.

4. კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების აკრძალვისა (გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა) და ამ წესის დარღვევით, ამავე ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების კონსტიტუციურობა

4.1.ლეგიტიმური მიზანი

15. წინამდებარე კონსტიტუციური დავის გადაწყვეტისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს, უწინარეს ყოვლისა, დადგინდეს, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირება. თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე, უფლების შეზღუდვის გასამართლებლად, პირველ რიგში, უნდა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული მიდგომების თანახმად, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება ისრაელის მოქალაქეები  თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).

16. საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის ფარგლებში მოქმედი შეზღუდვის, კერძოდ, კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების აკრძალვის (გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა), ისევე როგორც ამ წესის დარღვევით ზემოხსენებული ინფორმაციის გამოქვეყნების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადების ლეგიტიმურ მიზნად მოპასუხე მხარემ დაასახელა ამომრჩევლის დაცვა ინფორმაციული მანიპულაციისგან, რომელიც ასევე მოიცავს ორ ქვემიზანს  კონკურენტი ორგანიზაციისთვის/დაინტერესებული პირებისთვის გონივრული დროის ფარგლებში შესაძლებლობის მიცემას, შეეპასუხოს გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს და ამომრჩევლის უფლებას, დარჩეს კენჭისყრამდე გარკვეული დროით მარტო საკუთარ თავთან, გაიაზროს და გადაამუშაოს ყოველგვარი მიღებული ინფორმაცია და მასზე დაყრდნობით ჩამოიყალიბოს თავისი მოსაზრება, დამოკიდებულება და არჩევანი. სწორედ ასეთი გზით არის შესაძლებელი პოლიტიკური ნების ფორმირება გაცნობიერებულად, ინდივიდის თავისუფალი ნებელობის ფარგლებში და მის საწყისებზე.

17. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კენჭისყრამდე ისეთი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, სადაც ამომრჩეველი თავისუფლად იგრძნობს თავს იმისთვის, რათა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას/საარჩევნო სუბიექტს ხმა მისცეს, უზრუნველყოფს მისი კონსტიტუციით გარანტირებული აქტიური საარჩევნო უფლებით სრულყოფილად და გაცნობიერებულად სარგებლობის შესაძლებლობას. ელექტორატზე ზეგავლენის განხორციელება წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში გავლენას ახდენს მათ გადაწყვეტილებაზე, თუ ვის მისცენ ხმა არჩევნების დღეს. ზოგადად, მიჩნეულია, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები სოციუმში ასრულებს ერთგვარი პოლიტიკური ბარომეტრის ფუნქციას, რომელსაც ძალუძს, ცდომილების გარკვეული ხარისხით, ივარაუდოს/წინასწარ განსაზღვროს არჩევნების შედეგები. იმისდა მიხედვით, გამოკითხვის შედეგებით, კანდიდატის რეიტინგი დაბალია თუ მაღალი, ზოგმა ამომრჩეველმა, სწორედ გამოკითხვის შედეგების გავლენით, შეიძლება გადაიფიქროს მისთვის ხმის მიცემა ან პირიქით, გადაწყვიტოს მისი მხარდაჭერა. ასეთ დროს ამომრჩეველი ადვილად მოწყვლადია, რამდენადაც შეიძლება აღმოჩნდეს წინასწარი, მათ შორის, სხვისი მცდარი ვარაუდების გავლენის ქვეშ, გახდეს ინფორმაციული მანიპულირების მსხვერპლი და ვერ მოახდინოს თავისი ნამდვილი პოლიტიკური ნების ჩამოყალიბება და რეალიზაცია.

18. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კონკურენტუნარიანი გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ვალდებულებას წარმოადგენს. დაინტერესებულ მხარეებს უნდა მიეცეთ გონივრული დრო და შესაძლებლობა იმისთვის, რომ გაეცნონ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს, კრიტიკულად განიხილონ იგი, დაუთანხმებლობის შემთხვევაში შეეპასუხონ მას, გამოთქვან თავიანთი ეჭვები და არგუმენტები. ამგვარი შესაძლებლობის არსებობა, რომლის რეალიზაციასაც გარკვეული დრო ესაჭიროება, უზრუნველყოფს იმ საბოლოო მიზანს, რომ ამომრჩეველმა ჩამოიყალიბოს თავისი დასაბუთებული პოზიცია კონკრეტულ კვლევებთან მიმართებაში და არ იყოს შეცდომაში შეყვანილი კენჭისყრაში მონაწილეობის დროს. სადავო ნორმის, კერძოდ, საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დადგენილი ეს შეზღუდვაც, ისევე როგორც ამავე კოდექსის 82-ე მუხლის ფარგლებში დაწესებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც, სწორედ ზემოხსენებული მიზნების მიღწევისკენ არის მოწოდებული.

19. შესაბამისად, არჩევნებამდე დარჩენილ მოკლე პერიოდში ამომრჩევლის დაცვა ინტენსიური, მით უფრო საეჭვო ინფორმაციული ნაკადებისგან, ინფორმაციული წნეხისა და ზეწოლისაგან, როდესაც საკმარისი დრო აღარ რჩება მიღებული ინფორმაციის სარწმუნოობის გადამოწმებისა და ჯეროვნად გააზრებისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ იგი არ გახდეს მანიპულირებადი და იმაზე პროვოცირებული, რომ დაუფიქრებელი, სპონტანური და იმპულსური გადაწყვეტილება მიიღოს, ბოლოს მიღებული, მაგრამ გადაუმოწმებელი ინფორმაციის უშუალო შთაბეჭდილების ქვეშ და არა კარგად გააზრებული, სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობილი, საკუთარი და არა სხვისი ნამდვილი ნების შესაბამისი. ყოველივე ამის პრევენცია ნამდვილად წარმოადგენს იმ ღირებულ სიკეთეს, რომელთა დასაცავადაც შესაძლებელია, შეიზღუდოს მოსარჩელის მიერ ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების კონსტიტუციური უფლება. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ ამომრჩეველთა დაცვა ინფორმაციული მანიპულაციისგან უშუალოდ არჩევნების წინ ნამდვილად ღირებული კონსტიტუციური სიკეთეა და მის მისაღწევად სახელმწიფოს გააჩნია ლეგიტიმური ინტერესი და უფლებამოსილება, შეზღუდოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების უფლება.

4.2 გამოსადეგობა

20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, იმისთვის, რათა სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისად ჩაითვალოს, იგი, მათ შორის, უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობის კრიტერიუმს. კერძოდ, ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).

21. როგორც უკვე აღინიშნა, 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების აკრძალვის (გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა), ისევე როგორც 82-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების მიზანია, დაიცვას ამომრჩეველი ინფორმაციული მანიპულაციისგან უშუალოდ არჩევნების წინ. გასაჩივრებული რეგულირებები ყველა ტიპის მედიას, მათ შორის, მოსარჩელე მხარეს უწესებს შეზღუდვას, რომ დროის კონკრეტულ მონაკვეთში (კენჭისყრამდე 48 საათის და კენჭისყრის დღის 20 საათამდე პერიოდში) არ გაავრცელონ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რისი უგულებელყოფაც წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების მატერიალურ საფუძველს. სადავო რეგულაციები, ერთი მხრივ, ზემოხსენებული დროის განმავლობაში კრძალავს აღნიშნული შინაარსის ინფორმაციის თავისუფალ გადინებას საზოგადოებაში, მეორე მხრივ კი, ითვალისწინებს სანქციის მუქარით აღჭურვილ იმ მექანიზმს, რომელიც დასახელებული ლეგიტიმური მიზნის დაცვას, მის პრაქტიკაში სათანადო რეალიზაციას უწყობს ხელს. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის აღნიშნული მიდგომა შესაძლებელია, ჩაითვალოს ამომრჩეველთა ინფორმაციული მანიპულაციისგან დაცვისკენ მიმართულ ქმედებად.

22. აღნიშნულის გათვალისწინებით აშკარაა, რომ სადავო წესით გათვალისწინებული აკრძალვა, რომელიც კრძალავს კენჭისყრამდე 48 საათის და კენჭისყრის დღის 20 საათამდე პერიოდში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებას და ამავე ვალდებულების დარღვევისთვის აწესებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ამცირებს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის რისკებს და ამ გზით ხელს უწყობს მისი ინფორმაციული მანიპულაციისგან დაცვას. ამდენად, სადავო წესით გათვალისწინებული უფლების შემზღუდველი ღონისძიებები დასახელებული მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალებაა.

23. საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს გამოეხმაუროს მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ, საზოგადოდ, უფლების შეზღუდვა თითქოს მხოლოდ მაშინ არის გამოსადეგი საშუალება, როდესაც დადგინდება, რომ სახელმწიფომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება დასახული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. მისი აზრით, იმ პირობებში, როდესაც აკრძალვა არ მიემართება სოციალური ქსელის ინდივიდუალურ მომხმარებელს, რომელსაც თავისუფლად შეუძლია კანონმდებლობით აკრძალულ ვადებში ატვირთოს და გაავრცელოს კონკრეტული საზოგადოებრივი კვლევა, დაწესებული შეზღუდვა ვეღარ ჩაითვლება გამოსადეგად, ვინაიდან გამოყენებული საშუალებით ლეგიტიმური მიზნის - ამომრჩევლის დაცვა ინფორმაციული მანიპულაციისგან - სრულად მიღწევა შეუძლებელია.

24. საკონსტიტუციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებაში სადავო ნორმების საფუძველზე დადგენილი უფლების შემზღუდველი ღონისძიებების გამოსადეგობის შემოწმება იმის დადგენასაც გულისხმობს, თუ რამდენად იძლევა უშუალოდ ეს ღონისძიება მიზნის მიღწევის საშუალებას, რამდენად უახლოვდება სახელმწიფო დასახულ საბოლოო მიზანს დასახელებული საშუალების გამოყენებით, თუმცაღა არ მოითხოვს, რომ ეს საშუალება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტიანი საშუალება იყოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების მიხედვით, „არასწორია იმის მტკიცება, რომ კანონი იმიტომ შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური, რომ იგი მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტური საშუალება არ არის“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილება საქმეზე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-39; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეებილევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-40).

25. ამგვარად, განსახილველ შემთხვევაში სადავო რეგულაციებით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოსადეგობას ვერ გამორიცხავს ის გარემოება, რომ სოციალური ქსელის ინდივიდუალურმა მომხმარებელმა, რომელზედაც არ ვრცელდება დაწესებული შეზღუდვა, სავსებით შესაძლებელია, თავის ინდივიდუალურ გვერდზე ატვირთოს არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, შესაბამისად, დააზიანოს ლეგიტიმური ინტერესი - ამომრჩევლის დაცულობა ინფორმაციული მანიპულაციისგან და ამ მიზეზის გამო, არ იყოს ყველაზე ეფექტიანი საშუალება. ცალკე აღებული ის ფაქტი, რომ მედიასაშუალებისთვის დაწესებული შეზღუდვა ამცირებს ამომრჩევლის ინფორმაციული მანიპულაციის რისკს, ცხადყოფს, რომ ნორმით გათვალისწინებული აკრძალვა გამოსადეგია დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის თვალსაზრისით (იხ. mutatis mutadis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილება საქმეზე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-40).

4.3 აუცილებლობა

26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებად მზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). საკონსტიტუციო სასამართლოს იურისპრუდენციის მიხედვით, „საშუალების აუცილებლობას ობიექტური გარემოებები იწვევს და მას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. საშუალებისადმი ასეთი მიდგომა გამორიცხავს შეზღუდვის ხელოვნურობას. აუცილებლობით გამოწვეული შეზღუდვა აუცილებელი საშუალების გამოყენებით გამართლდება. მხოლოდ ასეთი შეზღუდვა შეიძლება პასუხობდეს პრაქტიკული გონიერების მოთხოვნებს და სუბიექტის მზაობას, უფლების შეზღუდვა მიიჩნიოს, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე შპსრუსენერგოსერვისი“, შპსპატარა კახი“, სსგორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმოფერმერიდა შპსენერგიასაქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-30)

27. როგორც აღინიშნა, სადავო რეგულაციებით დადგენილი წესის მიზანია შექმნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილი იქნება ამომრჩეველთა შესაძლებლობა, მიიღონ ყოველგვარი ზეგავლენისგან თავისუფალი, არაიმპულსური და გაცნობიერებული გადაწყვეტილება, ამასთანავე, კონკურენტი ორგანიზაციისა თუ დაინტერესებული პირებისთვის იმ შესაძლებლობის მინიჭება, რომ გაეცნონ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს და შეეპასუხონ მას. თავის მხრივ, ეს ორივე ელემენტი საბოლოოდ უკავშირდება იმ ლეგიტიმურ მიზანს, რომ ელექტორატი დაცული იყოს ინფორმაციული მანიპულაციისგან უშუალოდ არჩევნების წინ. შესაბამისად, კანონმდებლობა სადავო გასაჩივრებული წესის მეშვეობით, ერთი მხრივ, კრძალავს დროის კონკრეტულ მონაკვეთში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებას (გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა), ხოლო, მეორე მხრივ, ამ შეზღუდვის უგულებელყოფას პასუხობს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებით და ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

28. მოსარჩელე მხარემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ინტერნეტმედიის სპეციფიკური ბუნებისა და მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, კანონით აკრძალულ ვადებში, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების საკითხი მთლიანად ინტერნეტმედიის თვითრეგულირების სფეროში უნდა მოექცეს. მისი აზრით, დაუშვებელია ამ ვალდებულების დარღვევისთვის რეპრესიული მექანიზმის გამოყენება, რაც დაკავშირებულია ადმინისტრაციული წესით დასჯადობასთან. ასეთი ვალდებულება, თავისი ბუნებით, პროფესიული ეთიკის სფეროს განეკუთვნება და ამიტომ მისი დარღვევა სამართლებრივი რეაგირების საგანი კი არ უნდა იყოს, არამედ მხოლოდ პროფესიული ეთიკის ნორმებით უნდა რეგულირდებოდეს. შესაბამისად, სადავო წესი და მისი დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ აკმაყოფილებს აუცილებლობის კრიტერიუმსაც.

29. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ზემოხსენებულ არგუმენტაციას. სადავო წესით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგების გამოქვეყნების აკრძალვა (გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა) პირდაპირ უკავშირდება და ემსახურება ამომრჩევლის მიერ თავისი პოლიტიკური ნების თავისუფლად შემუშავებისა და გამოხატვის უზრუნველყოფას, მის დაცვას ინფორმაციული მანიპულაციისგან, შესაბამისად - კონსტიტუციით მინიჭებული აქტიური საარჩევნო უფლებით სრულყოფილად და ეფექტიანად სარგებლობას. იმ პირობებში, როდესაც მედიის მიერ კონკრეტული ვალდებულების დარღვევა პირდაპირ უკავშირდება საზოგადოების წევრების კონსტიტუციური უფლებებით სრულყოფილად სარგებლობისთვის საფრთხის შექმნას, ასეთ დროს პროფესიულ დარღვევებზე მედიის თვითრეგულირების ფარგლებში არსებული რეაგირების საშუალებები ვერ იქნება ეფექტიანი და, მით უფრო, საკმარისი საშუალება ამ დარღვევების პრევენციისათვის. ამ შემთხვევაში სხვა პირთა უფლებებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილება მთლიანად გახდებოდა მედიის საშუალებებისა და კონკრეტული ჟურნალისტების კეთილსინდისიერებასა და მიუკერძოებლობაზე დამოკიდებული. საქართველოში დღეს არსებული სამართლებრივი და პოლიტიკური კულტურის საერთო დონე, ისევე, როგორც საკუთრივ მედიის სფეროში არსებული რეალობა და საქმიანობის სტანდარტები, არ უქმნის რწმენას საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ზემოაღნიშნული საკითხის მედიის თვითრეგულირების მექანიზმებისათვის მინდობა გაუმართლებელი რისკის ქვეშ არ დააყენებს ადამიანთა ისეთ მნიშვნელოვან სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებას, როგორიცაა თავისუფალი არჩევნების უფლება.  ვინაიდან არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ მედია ყოველთვის დაიცავს დაწესებულ სტანდარტს, ხოლო დაშვებულ დარღვევებს ყოველთვის მოჰყვება ადეკვატური რეაგირება შესაბამისი მედიის მხრიდან, ცხადია, არაგონივრული იქნებოდა სახელმწიფო რეგულირების ჩანაცვლება მედიის თვითრეგულირებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთი გზა ვერ შეძლებს, უზრუნველყოს ამომრჩეველთა ინფორმაციული მანიპულაციის რისკის დაზღვევა ისეთივე ეფექტურობით, როგორიც ეს შესაძლებელია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მუქარის შემთხვევაში. საკონსტიტუციო სასამართლო იმ აზრისაა, რომ საზოგადოდ, სახელმწიფოს მიერ სათანადო რეგულაციების მიღებისგან თავის შეკავება შეიძლებოდა განხილულ იქნეს როგორც მისი მხრიდან პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობა, გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმ საფრთხეების აღსაკვეთად, რომელიც დაკავშირებულია ამომრჩეველთა ინფორმაციული მანიპულაციის რისკებთან უშუალოდ არჩევნების წინ. თავის მხრივ, ვერც მოსარჩელე მხარემ ვერ დაანახვა სასამართლოს ნათლად, არათუ მხოლოდ ის გარემოება, რომ მედიის თვითრეგულირების ფარგლებში არსებულ მექანიზმებს შესწევთ უნარი, ეფექტიანად მოახდინონ დარღვევების პრევენცია და ამომრჩეველთა ინფორმაციული მანიპულაციისაგან დაცვა, არამედ ისიც, არსებობს თუ არა საერთოდ ლეგიტიმური მოსალოდნელობა იმისა, რომ არჩევნების წინ საზოგადოებრივი კვლევების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისაგან თავის შეკავება იყოს მედიასაშუალებების მხრიდან თავიანთ პროფესიულ-ეთიკურ ვალდებულებად აღქმული და ნებაყოფლობით შესრულებადი. საკონსტიტუციო სასამართლო, ამასთან განმარტავს, რომ მედიის მიერ თვითრეგულირების მექანიზმების გამოყენება საერთოდ არ წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ჩარევას მედიის თავისუფლებაში კონსტიტუციის მე-17 მუხლის გაგებით და, შესაბამისად, ვერ იქნება განხილული, როგორც სახელმწიფოს მხრიდან მასში ნაკლები ჩარევის ალტერნატივა. 

30. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესის არარსებობის პირობებში, სახელმწიფოს მხრიდან ნაკლებად მზღუდველი ღონისძიების გამოყენებით, ისევე როგორც მედიის თვითრეგულირების მექანიზმებით, ვერ მიიღწევა დასახელებული ლეგიტიმური მიზანი. კერძოდ, თუ არ მოხდება კენჭისყრამდე 48 საათის და კენჭისყრის დღის 20 საათამდე პერიოდში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების აკრძალვა და ამ წესის დაცვა საარჩევნო კოდექსის 82-ე მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველზე. აღნიშნული ყოველთვის გამოიწვევს ზემოხსენებული შინაარსის შემცველი ინფორმაციის თავისუფალ ცირკულაციას საზოგადოებაში, რაც წარმოშობს ამომრჩეველთა ინფორმაციული მანიპულაციის მომეტებულ რისკს და ხელს შეუშლის მათ, ობიექტურ საფუძველზე ჩამოიყალიბონ თავიანთი თავისუფალი პოლიტიკური ნება და მოახდინონ მისი რეალიზაცია არჩევნებზე.

31. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ არ არსებობს ინფორმაციის თავისუფლების ნაკლები ინტენსივობით შემზღუდველი და, იმავდროულად, საკმარისად ეფექტიანი საშუალება დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, სადავო ნორმებით დადგენილი წესი პასუხობს შეზღუდვის აუცილებლობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს.

4.3 პროპორციულობა ვიწრო გაგებით

32. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე უნდა შეაფასოს სადავო ნორმების პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ „თანაზომიერების პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ დაცული იყოს პროპორციულობა ვიწრო გაგებით. აუცილებელია უფლებაშემზღუდველი ღონისძიების შემუშავებისას სახელმწიფომ დაადგინოს სამართლიანი ბალანსი იმგვარად, რომ დაცული სიკეთე და მისი დაცვის ინტერესი აღემატებოდეს შეზღუდული უფლების დაცვის ინტერესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/1/752 გადაწყვეტილება საქმეზე()იპმწვანე ალტერნატივასაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-28).

33. განსახილველი საქმის ფარგლებში, ზემოხსენებული სადავო ნორმებით დადგენილი წესის საფუძველზე, სხვა პირთა  კერძოდ, ამომრჩეველთა ინფორმაციული მანიპულაციისგან დაცვის მიზნით, ნორმატიული წესრიგი ზღუდავს მედიის გამოხატვის თავისუფლებას იმგვარად, რომ მას უკრძალავს კონკრეტული დროის პერიოდში გამოაქვეყნოს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები (გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა). ამ მხრივ, კანონმდებლის ვალდებულებაა მოახდინოს შეპირისპირებულ ინტერესთა გონივრული დაბალანსება იმგვარად, რომ, ერთი მხრივ, დაცულ იქნეს ამომრჩეველთა უფლება ინფორმაციული ზეგავლენისგან, თავისუფალ გარემოში დარჩეს საკუთარ თავთან მარტო და მიიღოს ავტონომიური გადაწყვეტილება, თუ რომელ პარტიას/საარჩევნო სუბიექტს დაუჭიროს მხარი, ხოლო, მეორე მხრივ, მედიის (განსახილველ შემთხვევაში ინტერნეტმედიის) ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია ყოველ დემოკრატიულ სახელმწიფოში.

34. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ განსაკუთრებული როლიდან და ფუნქციიდან გამომდინარე, რასაც მედია ასრულებს დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებისა და, საზოგადოდ, დემოკრატიულობის პრინციპის პრაქტიკაში სათანადო არტიკულირებისთვის, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახელმწიფო იძულებისა და ზეგავლენისგან თავისუფალი სამოქმედო სფერო, რომლის ფარგლებშიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის გარანტირებული იქნება ინფორმაციის თავისუფლად მოძიების, მიღებისა და გავრცელების შესაძლებლობა. სახელმწიფომ გაუმართლებლად არ უნდა დააბრკოლოს მედიასაშუალებების მიერ ამ თავისუფლებით ეფექტიანი სარგებლობა.

35. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, ზოგადად, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების პრაქტიკული უზრუნველყოფა შესაძლებელია მაშინ, როდესაც ამომრჩეველი ჯეროვნად არის ინფორმირებული მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და პოლიტიკური აქტორების თაობაზე, რაც მას აძლევს შესაძლებლობას, არჩევნებთან დაკავშირებული მრავალფეროვანი, განსხვავებული, და მათ შორის, საპირისპირო მოსაზრებებისა დაა ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პოლიტიკური არჩევანის შესახებ. ამ მხრივ, მედია ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს, ვინაიდან სწორედ ის გვევლინება უმთავრეს ინფორმაციულ წყაროდ ამომრჩევლებისთვის, რომელიც ქმნის წინაპირობებს ფართო ინფორმაციაზე დაყრდნობილი ინდივიდუალური პოლიტიკური არჩევანის ჩამოყალიბებისთვის. საარჩევნო გარემო მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს სამართლიანად, როდესაც საზოგადოება ფართოდ არის ინფორმირებული და მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში განუწყვეტლივ იღებს სხვადასხვა ინფორმაციასა და განსხვავებულ მოსაზრებებს მიმდინარე თემებზე, მათ შორის, ცხადია, პოლიტიკური საარჩევნო სუბიექტების შესახებ. შესაბამისად, განუზომლად დიდია მედიის როლი და ფუნქცია არჩევნების დროს, რადგან სწორედ მედიის ვალია, საზოგადოებას მიაწოდოს აუცილებელი და უტყუარი ინფორმაცია. ასე რომ, ინფორმაციის გადაცემა ეს მხოლოდ უფლება კი არ არის მედიისა, არამედ ვალდებულებაც, რადგან, უწინარესად, სწორედ საზოგადოებას აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია. აქედან წარმოდგება მედიის უფლება და ვალდებულება მოამარაგოს საზოგადოება შესაბამისი ინფორმაციით.

36. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არჩევნების კონტექსტში, მედიის მიერ ინფორმაციის თავისუფლად გავრცელება არსებითად უკავშირდება ამომრჩეველთა ინფორმირებულობის უფლებას. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებისთვის იმანენტურია, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა, ინფორმირებული იყოს ყველა შესაბამისი საკითხის შესახებ ნამდვილი, უტყუარი და სრული ინფორმაციის ფართო სპექტრის საფუძველზე, რადგან მხოლოდ სრულყოფილად ინფორმირებულ ამომრჩეველს შეუძლია, ჩამოიყალიბოს საკუთარი პოზიციები, დამოკიდებულებანი და მოახდინოს მისი კონვერტაცია არჩევნებში შესაბამისი სუბიექტისათვის კენჭისყრის დღეს ხმის მიცემით.  ამის გამო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების წინა პერიოდში ყველა სახის მოსაზრებებისა და ინფორმაციის თავისუფლად გავრცელება და ცირკულაცია უზრუნველყოფილი იყოს. საკონსტიტუციო სასამართლო არ უარყოფს, პირიქით, ადასტურებს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში დიდი მნიშვნელობა აქვს მასმედიაში პლურალიზმს და ამომრჩევლისთვის იმ შესაძლებლობის მინიჭებას, გაეცნონ საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვაგვარი გამოკითხვის შედეგებს და გაითვალისწინონ ისინი საკუთარი პოზიციის შერჩევისას. განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში, თავისუფალი საარჩევნო უფლება და ინფორმაციის თავისუფლება, ერთობლიობაში ქმნის ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის საფუძველს. ეს ორი უფლება ურთიერთდაკავშირებულია და ერთმანეთის გაძლიერებას უწყობს ხელს.

37. საკონსტიტუციო სასამართლო ამასთანავე აზუსტებს, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ასევე მოითხოვს ელექტორატს გააჩნდეს შესაძლებლობა, ჩამოაყალიბოს თავისი ჭეშმარიტი ნება ყოველგვარი არასათანადო, მანიპულაციური, შეცდომაში შემყვანი, ცრუ, ყალბი, მიკერძოებული ინფორმაციის, გარეშე ჩარევის, ფსიქოლოგიური წნეხისა და ზეწოლის გარეშე. სწორედ ამგვარად შეძლებს თითოეული ამომრჩეველი, მისი კონსტიტუციით გარანტირებული აქტიური საარჩევნო უფლების სრულყოფილად რეალიზაციას. თავის მხრივ, ამომრჩეველთა მხრიდან არჩევნებში ხმის მიცემა თავიანთი ნამდვილი ნების შესაბამისად, წარმომადგენლობითი დემოკრატიისა და სახალხო სუვერენიტეტის პრინციპის ყველაზე პირდაპირი გამოხატულებაა. სწორედ ის ქმნის წინაპირობას იმისა, რომ სახელმწიფო ხელისუფლება და სახელმწიფო ორგანოები ხალხის ნებას განასახიერებს. ამგვარად, ამომრჩევლის ნების თავისუფალი ფორმირება და წარმომადგენლობითი ორგანოებისა თუ სხვა არჩევნებში მისი გამოხატვა, ერთი მხრივ, აფუძნებს ინდივიდის სუბიექტურ უფლებას და ამ ჭრილში წარმოადგენს კერძო ინტერესს, თუმცა, იმავდროულად, წარმოადგენს დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმის საფუძველთა საფუძველს და ამ გაგებით, იგი ზეინდივიდური, საჯარო ინტერესიც არის.

38. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ არჩევნების დროს ინფორმაციის თავისუფლების მასშტაბისა და მოქმედების ფარგლების გააზრება უნდა მოხდეს თავისუფალი საარჩევნო უფლების მხედველობაში მიღებით. საქმე ისაა, რომ გარკვეულ ვითარებაში, ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების და კონსტიტუციით განმტკიცებული აქტიური საარჩევნო უფლების საფუძველზე ნების თავისუფალი გამოხატვა შეიძლება ერთმანეთს დაუპირისპირდეს. ერთი მხრივ, სწორედ ინფორმაციის თავისუფლება უზრუნველყოფს ინფორმირებული არჩევანის უფლებას და ამ გზით ამომრჩევლის მიერ თავისი ნების თავისუფლად ჩამოყალიბებასა და გამოხატვას, მაგრამ, მეორე მხრივ, ზოგიერთ ვითარებაში უწყვეტი ინფორმაციული ნაკადისადმი ამომრჩევლის დაქვემდებარება შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მისთვის და ინფორმირებული თავისუფალი არჩევანის შემუშავებას კი არ შეუწყოს ხელი, არამედ, ამომრჩევლის დაბნევას, მის შეცდომაში შეყვანას, კონკრეტული ინფორმაციის შთაბეჭდილების ქვეშ - რომელიც შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს - სპონტანური, ბოლომდე გაუაზრებელი გადაწყვეტილების მიღებას და, საბოლოო ჯამში, ზიანი მიაყენოს თავისუფალი არჩევნების უფლებას. სწორედ ამის პრევენციას ემსახურება სადავო ნორმა. ინფორმაცია საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგების თაობაზე, რომელიც, ჩვეულებრივ, მათ შორის, შეეხება საარჩევნო სუბიექტების რეიტინგებს, საკმაოდ სენსიტიურია თავის არსით, რამდენადაც მასში კარგად იკითხება საზოგადოებრივი განწყობები და წარმოადგენს ერთგვარ პროგნოზს არჩევნების მოსალოდნელი შედეგების თაობაზე. ამ ტიპის ინფორმაციამ შეიძლება გავლენა იქონიოს ამომრჩევლის პოზიციაზე, რაც, ჩვეულებრივ, დასაშვებიც არის და მისაღებიც. მთავარია, ამომრჩეველს გააჩნდეს კვლევის შედეგებზე სხვადასხვა კომენტარის მოსმენის შესაძლებლობა, მათ შორის, იმ სუბიექტებისაგან, ვისაც კვლევა შეეხება. შესაბამისად, როდესაც კვლევის შედეგები მედიის მიერ ქვეყნდება უშუალოდ არჩევნების წინ, რამდენიმე საათით ადრე, აღარ არსებობს შესაბამისი სუბიექტების მხრიდან მათზე კომენტარის გაკეთების, მათი გაცნობის, გაანალიზებისა და მანამდე არსებულ ინფორმაციასთან მისი შეჯერების შესაძლებლობა. ამან კი შეიძლება მოახდინოს ამომრჩევლის არჩევანის შეცვლის პროვოცირება, სპონტანური, ნაუცბადევი გადაწყვეტილების მიღება ბოლო ინფორმაციის შთაბეჭდილების ქვეშ, რომლის ნამდვილობის გადამოწმების შესაძლებლობა, დროის სიმცირის გამო, აღარ არსებობს და რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს ცრუ, ყალბი და შეცდომაში შემყვანი. სწორედ ამიტომ არის გონივრული, რომ ამომრჩეველი არჩევნების წინ, გარკვეული დროის განმავლობაში,  დისტანცირებულ იქნეს იმ ინტენსიური ინფორმაციული ნაკადებისგან, რომელთა გადამუშავებასა და გააზრებას იგი ვეღარ ახერხებს და რომელმაც შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს მისი პოლიტიკური ნების თავისუფლად ჩამოყალიბებაზე. სასამართლოს აზრით, სწორედ ეს მოსაზრება უდევს საფუძვლად სადავო ნორმას, რომელიც ზღუდავს იმ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა შეიძლება გამოაქვეყნონ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო აზუსტებს, რომ პოლიტიკური სუბიექტების შესახებ საზოგადოებრივი კვლევის შედეგების და სხვა ინფორმაციის თავისუფალი ცირკულაცია უარსებითესია თავისუფალი არჩევნების უფლების უზრუნველყოფისათვის, თუმცა უშუალოდ არჩევნების წინა საათებში მათი გავრცელება შეიძლება, პირიქით, ამ უფლების დამაზიანებელი აღმოჩნდეს და სინამდვილეში ამომრჩევლის ინფორმაციული მანიპულაციის იარაღად გადაიქცეს.

39. საკონსტიტუციო სასამართლო ამასთანავე ხაზს უსვამს, რომ ამომრჩევლის ინფორმაციული მანიპულაციისგან დაცვის, მისი პოლიტიკური ნების თავისუფალი ფორმირების ინტერესზე მითითება, ცხადია, არ არის მედიასაშუალების მიერ ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების, კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის გამართლებისთვის თვითკმარი საფუძველი. მედიის მიერ ინფორმაციის თავისუფლად გავრცელებასა და ამომრჩევლის ინფორმაციული მანიპულაციისგან დაცვის ლეგიტიმურ მიზნებს შორის  სამართლიანი ბალანსის დამყარებისას, სახელმწიფოს გააჩნია შეფასებისა და პროგნოზირებისთვის აუცილებელი სამოქმედო არეალი, თუმცა ეს არეალი უსაზღვრო არ არის და მისი მიჯნები, კონსტიტუციურსამართლებრივად, იმაზე გადის, რომ გამოყენებულმა ღონისძიებამ იმაზე მეტად არ შეზღუდოს ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების უფლება, რომ გამოფიტოს ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების არსი და ილუზორული გახადოს მისით სარგებლობა. შესაბამისად, სასამართლო დგას იმ ამოცანის წინაშე, შეაფასოს, რამდენად პასუხობს მედიისთვის დაწესებული შეზღუდვა - არ გაავრცელოს მითითებული დროის შუალედში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები (გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა) - დროის თვალსაზრისით პროპორციულობის მოთხოვნებს და გადაჭარბებულად ხომ არ ახდენს ჩარევას მედიის გამოხატვის თავისუფლებაში.

40. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების აკრძალვა ვრცელდება კენჭისყრამდე 48 საათის, ისევე როგორც კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე პერიოდში. შესაბამისად, დროის ის პერიოდი, რომელზეც აკრძალვა ვრცელდება, არ არის იმდენად ხანგრძლივი, რომ არსებითად და ექსცესიურად შეზღუდოს მედიასაშუალების ინფორმაციის თავისუფლება, რომელიც, საზოგადოდ, არ წარმოადგენს აბსოლუტურ თავისუფლებას და, კონსტიტუციის ძალით, ადამიანის სხვა უფლებების დასაცავად პროპორციულ შეზღუდვებს ექვემდებარება. მედიასაშუალებებს და, მათ შორის, მოსარჩელეს, მხოლოდ მცირე დროით ეზღუდებათ საზოგადოებრივი აზრის კვლევასთან დაკავშირებული გამოკითხვის შედეგების საჯაროდ გამოქვეყნება იმ მიზნით, რომ ამომრჩევლებს მიეცეთ გაცნობიერებული, არასათანადო ზეგავლენისგან თავისუფალი პოლიტიკური ნების დაფიქსირების შესაძლებლობა.

41. საკონსტიტუციო სასამართლო, საზოგადოდ, ცხადია, ადასტურებს, რომ განსაკუთრებით არჩევნების წინ, როდესაც საქმე ეხება ამომრჩეველთა პოლიტიკური ნების პირდაპირ გამოხატვას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფალი ფუნქციონირება და მათ მიერ ინფორმაციის თავისუფლად გავრცელება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე სხვა დროს გააჩნია. გარდა ამისა, ინფორმაცია საზოგადოებრივი აზრის მდგომარეობისა თუ დინამიკის შესახებ, ასევე უდავოდ მნიშვნელოვანია და შეიძლება გადამწყვეტიც კი იყოს ამომრჩევლებისთვის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკადი, რომელიც ამომრჩეველს თავისი პოზიციის შემუშავებაში ეხმარება, რაც შეიძლება გვიან წყდებოდეს. თუმცაღა, კენჭისყრამდე გარკვეული პერიოდით მისი გამოქვეყნებისთვის აკრძალვის დაწესებას, ის პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რომ, ერთი მხრივ, ხანგრძლივი ვადით არ შეიზღუდოს მედიასაშუალებათა მიერ ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, დაინტერესებულ მხარეებსაც დარჩეთ გონივრული დრო, რომ შეისწავლონ და შეეპასუხონ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს, არ დაეთანხმონ მას და საკუთარი ვერსია მიაწოდონ საზოგადოებას. საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი იცავს ამომრჩეველს ინფორმაციული მანიპულაციისგან უშუალოდ ხმის მიცემამდე, იმგვარად, რომ მხოლოდ მინიმალურად, დროის მცირე შუალედში უზღუდავს მედიას მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული ტიპის ინფორმაციის - საზოგადოებრივი კვლევის შედეგების - გავრცელებას. ასეთი მინიმალური ინტენსიურობის შეზღუდვა ვერ ჩაითვლება იმგვარ შეზღუდვად, რომელიც აზრს დაუკარგავდა ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ ვითარებაში, ინფორმაციული მანიპულაციისაგან ამომრჩევლის დაცვის და, საზოგადოდ, თავისუფალი არჩევნების უფლების ეფექტიანად უზრუნველყოფის ინტერესი, ყველა იმ დემოკრატიულ ფასეულობასთან ერთად, რომლის ფუნდამენტსაც თავისუფალი არჩევნები წარმოადგენს, ნამდვილად გადაწონის ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის იმგვარ შემთხვევას, როდესაც ის ამომრჩევლისთვის ზიანის მომტანი უფრო შეიძლება იყოს, ვიდრე სარგებლისა.

42. მოსარჩელის იმ არგუმენტის საპასუხოდ, რომ მზღუდავი საშუალების გამოსადეგობის პრობლემურობასთან ერთად, სადავო წესი ცალსახად არ გამორიცხავს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების ხელმეორედ გამოქვეყნებისთვის, რომელიც ერთხელ უკვე ხელმისაწვდომი იყო ამომრჩეველთათვის და რომელზედაც კონკურენტ ორგანიზაციებს ჰქონდათ შეპასუხების ობიექტური შესაძლებლობა, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: სასამართლო არ გამორიცხავს, რომ ასეთი შემთხვევა მართლაც შეიძლება დადგეს პრაქტიკაში. თუმცაღა არ ეთანხმება კონსტიტუციური სარჩელის ავტორს, თითქოს ასეთ დროს ინფორმაციული მანიპულაციის რისკი საერთოდ არ არსებობს და რომ შეზღუდვა ამის გამო თვითნებურია. ჯერ ერთი, ერთხელ უკვე გამოქვეყნებული ინფორმაციის ხელმეორედ გამოქვეყნება სადავო წესით დადგენილ პერიოდში, რომელიც სულ რაღაც 48 საათით ან უფრო ნაკლები დროით არის დაშორებული კენჭისყრის დღეს, იმ პოტენციური შესაძლებლობისა და რისკის მატარებელია, რომ კვლავ მოახდინოს მანიპულაცია ელექტორატზე როგორც ბოლო ეფექტმა, განუახლოს შთაბეჭდილება, შეაცვლევინოს განწყობა და ამ შთაბეჭდილებისა და განწყობის ქვეშ მიაღებინოს იმპულსური, მისი ნამდვილი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები კონკურენტი ორგანიზაციების, დაინტერესებული პირების შეპასუხების უფლებისთვის შესაბამისი წინაპირობების უზრუნველყოფის საჭიროებაც. მათ კვლავ ესაჭიროებათ გარკვეული დრო იმის იდენტიფიცირებისთვის, ეს ნამდვილად ადრე გამოქვეყნებული კვლევაა თუ ახალი, აგრეთვე, ამ კონკრეტული კვლევის შინაარსის გაანალიზების, ძველ კვლევასთან მისი კავშირისა და მიმართების დასადგენად, შეპასუხებისთვის, საჯარო კომენტარისათვის და ა. შ.

43. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე ეხმაურება მოსარჩელის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ ინტერნეტმედია წარმოადგენს მასობრივი ინფორმაციის ისეთ საშუალებას, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან და, შესაბამისად, მას არ გააჩნია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის ვალდებულება, რაც განაპირობებს მის მიმართ დაწესებული შეზღუდვის გავრცელების დაუშვებლობას. სასამართლოს შეფასებით, საკითხისადმი ასეთი მიდგომა პრინციპულად მცდარია. სადავო მოწესრიგების მიზანია, ამომრჩეველთა ინფორმაციული მანიპულაციისაგან დაცვა. მანიპულაციის რისკს კი წარმოქმნის საზოგადოებრივი კვლევის შესახებ ის ინფორმაცია, რომლის გადამოწმება დროის სიმცირის გამო ვერ ხერხდება. შესაბამისად, ამ რისკის წარმოშობის ალბათობაზე არსებით გავლენას ვერ იქონიებს ის ფაქტორი, თუ რომელი მედია ავრცელებს ინფორმაციას  სახელმწიფოსგან დაფინანსებული თუ სახელმწიფო დაფინანსების არმქონე. თუ მოსარჩელეს მიაჩნია, რომ კერძო მედიას, რაკი მას პოლიტიკური მიუკერძოებლობა არ ევალება, პასუხისმგებლობა არ ეკისრება ამომრჩევლის წინაშე, თავისუფალი არჩევნების უფლების უზრუნველყოფის საქმეში, სასამართლო მის ხედვას ვერ გაიზიარებს. მედიასაშუალების პოლიტიკური მიკერძოებულობის უფლება არ შეიძლება გაგებულ იქნეს არაობიექტური, ცალმხრივი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებად. მედიის თავისუფლების მაღალი სტანდარტები არ შეიძლება გულისხმობდეს მედიისათვის გადაცემული თვითნებობის ლიცენზიას. დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველა მედიასაშუალება, იმის მიუხედავად, თუ ვის მიერ არის ის დაფინანსებული, ვალდებულია, შეასრულოს მედიის ფუნდამენტური როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში  საზოგადოება მოამარაგოს მათი ინტერესების საკითხებზე განსხვავებული იდეებით და სანდო ინფორმაციით, ხელი შეუწყოს საზოგადოების საჭირბოროტო საკითხებზე საჯარო დისკუსიებს, იმოქმედოს გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების თანაარსი მოვალეობებითა და პასუხისმგებლობით. მოსარჩელის ზემოაღნიშნული არგუმენტის კონტექსტში კიდევ უფრო აშკარა ხდება, თუ რატომ იქნებოდა არასაკმარისი განსახილველი სადავო საკითხის პოლიტიკურად მიკერძოებული მედიასაშუალებების თვითრეგულირების მექანიზმებისათვის მინდობა. გარდა ამისა, სახელმწიფო ისედაც ვერ შეიჭრება მედიის თვითრეგულირების სფეროში და ვერ ჩაერევა იმის განსაზღვრაში, თუ რა პროფესიულ-ეთიკური მოთხოვნები უნდა წაუყენოს მან საკუთარ თავს. მედიის საშუალებას, თუკი ის ითვალისწინებს ზემოაღნიშნული საფრთხეების მოსალოდნელობას და საკუთარ პასუხისმგებლობას, თავად შეუძლია, დაიწესოს (და აქამდეც შეეძლო დაეწესებინა) თვითშეზღუდვა, მათ შორის, იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა შესაბამის საკითხზე სახელმწიფო რეგულირება.

44. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი და მისი უგულებელყოფისთვის დაწესებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სამართლიან ბალანსს აფუძნებს მედიის ინფორმაციის თავისუფლებასა და ამომრჩევლის ინფორმაციული მანიპულაციისგან დაცვის ლეგიტიმურ მიზანს შორის. საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ პოვა საფუძველი, რომელიც გასაჩივრებული ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვის არაკონსტიტუციურობაზე მიუთითებდა. შესაბამისად, კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების აკრძალვა (გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა) და ამ აკრძალვის დამდგენი წესის დარღვევით ამავე ინფორმაციის გამოქვეყნებისათვის, ინტერნეტმედიისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომის დაწესება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებს.

5. არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან 1 თვის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას კანონმდებლობით დადგენილი რეკვიზიტების სავალდებულო მითითებისა და ამ წესის დარღვევით ამავე ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების კონსტიტუციურობა

5.1. კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებაში ჩარევის ბუნება

45. სადავო ნორმის მიხედვით, არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან 1 თვის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს გამოკითხვის დამკვეთი (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი, თუ დამკვეთი იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანოა; გვარი, სახელი და მისამართი მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, თუ დამკვეთი ფიზიკური პირია), გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი), გამოკითხვის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება, შესაძლო ცდომილების ფარგლები. საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, ნორმის შინაარსიდან სრულიად აშკარაა, რომ კანონმდებელი არ კრძალავს საზოგადოებრივი კვლევის შედეგების გამოქვეყნებას, ანუ ინფორმაციის გავრცელებას. იგი მხოლოდ და მხოლოდ ავალდებულებს გამავრცელებელ სუბიექტს, რომ კვლევის შედეგებთან ერთად გამოაქვეყნოს დამატებითი ინფორმაცია კვლევის დამკვეთისა და შემსრულებლის ვინაობის, გამოკითხვის მეთოდოლოგიის, თარიღის, გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირების თაობაზე და ზოგიერთი სხვა ინფორმაცია ანუ სხვა სიტყვებით რომ აღვწეროთ, სადავო ნორმა ავალდებულებს დამატებითი ინფორმაციის გამოქვეყნებას იმ სუბიექტს, ვინც გადაწყვეტს, ძირითადი ინფორმაციის (საზოგადოებრივი გამოკითხვის კვლევის შედეგების) გამოქვეყნებას. აღსანიშნავია, რომ სწორედ ასეთი გაგებით არის გასაჩივრებული სადავო ნორმა მოსარჩელის მიერაც. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ინტერნეტმედიისაგან ითხოვს არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან 1 თვის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას გამოკითხვის დამკვეთზე ინფორმაციის გამოქვეყნებას.

46. საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, ყველა შემთხვევაში სახეზეა ინფორმაციის თავისუფლებაში ჩარევა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ამ თავისუფლების ნეგატიურ ასპექტში ჩარევასთან ანუ ინფორმაციის გავრცელების ნეგატიური თავისუფლების შეზღუდვასთან, კერძოდ, შემთხვევასთან, როდესაც მედიას ევალება, გარკვეული ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნება, რომლის გამოქვეყნების სურვილიც მას არ გააჩნია. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო წინამდებარე სარჩელის ფარგლებში, ამ კონტექსტში სწორედ იმას შეაფასებს, თუ რამდენად კონსტიტუციურია მედიის თავისუფლების ნეგატიურ ასპექტში ჩარევა - კერძოდ, ინტერნეტმედიის დავალდებულება (რომელიც სახელმწიფოდან არ ფინანსდება), საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას, მიუთითოს დამატებითი ინფორმაცია კვლევის დამკვეთის, შემსრულებლის, მეთოდოლოგიისა და სხვა გარემოებების შესახებ და ასევე - კონსტიტუციურობა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

5.2. ლეგიტიმური მიზანი

47. მოცემულ კონტექსტში, უწინარეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, რა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება სადავო ნორმებით გათვალისწინებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას დაწესებული რეკვიზიტების თანდართვის ვალდებულება და ამ წესის დარღვევით, ამავე ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თუ არ არსებობს შესაფერისი ღირებული მიზანი, ზედმეტია იმ საშუალებების შეფასება, რითაც ეს მიზანი მიიღწევა ან რამდენად აღმატებულია მიზნიდან გამომდინარე სიკეთე იმ ნეგატიურ ეფექტზე, რომელიც შეზღუდული უფლებიდან გამომდინარეობს „(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-17).

48. მოპასუხემ სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვა. მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე აღნიშნეს, რომ არჩევნები არის ის პერიოდი, როდესაც მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დგება სახელმწიფო, ხდება ხელისუფლების ორგანოების ფორმირება. საზოგადოებრივი კვლევების შესახებ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, არსებობს საზოგადოებრივი მღელვარების ხელოვნურად გამოწვევის რისკი, რაც შეიძლება გადაიზარდოს სხვადასხვა აქტიურ ქმედებაში, სამართალდარღვევების ჩათვლით. გამორიცხული არ არის, რომ, ზოგჯერ, არასწორი ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენდეს გარკვეული ძალებისაგან ხელოვნურად მართული პროტესტის ნაწილს. ყოველივე ამან კი, სავსებით შესაძლებელია, სერიოზული საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. მოპასუხის აზრით, თუ, საზოგადოებრივი კვლევის შედეგებთან ერთად, გამოქვეყნდება დამატებითი ინფორმაცია კვლევის შემკვეთისა და შემსრულებლის შესახებ და, ასევე, კვლევასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ეს მოქალაქეს საშუალებას მისცემს, უკეთ იყოს ინფორმირებული კვლევის თაობაზე, თავად შეაფასოს მისი სანდოობის ხარისხი და ისიც, თუ რამდენად გაითვალისწინოს მიღებული ინფორმაცია თავისი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებისას და თავისი გადაწყვეტილებების მიღებისას, როგორც უშუალოდ ხმის მიცემის დროს, ისე არჩევნების შემდგომ პერიოდში. კვლევის შედეგების სანდოობის შესაძლებლობის არარსებობა ამომრჩევლისთვის ქმნის ინფორმაციული მანიპულაციის, მისი შეცდომაში შეყვანის, საკუთარი ნამდვილი ნების წინააღმდეგ მოქმედებისა და, მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, სამართალდარღვევის ჩადენის რისკსაც. მოპასუხის აზრით, ამომრჩეველთა ინფორმაციულ მანიპულაციას, რომლის წარმოშობის რისკის გაუვნებელყოფასაც ემსახურება სადავო ნორმა, განსაკუთრებით არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდგომ პერიოდში, შეიძლება მოჰყვეს ხელოვნურად შეცდომაში შეყვანილი ამომრჩევლის ვნებათაღელვა, უნდობლობის გაჩენა არჩევნების შედეგებისადმი, არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოებისა თუ თანამდებობის პირების ლეგიტიმურობისადმი, პროტესტი და სხვა ქმედებანი, რამაც სავსებით მოსალოდნელია, რომ საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას, სახელმწიფო ორგანოების გამართულ ფუნქციონირებას.  

49. საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებთან დაკავშირებით, იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ სადავო ნორმა ემსახურება ამომრჩევლის ინფორმაციული მანიპულაციისაგან დაცვას, ისევე როგორც საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალურ ფუნქციონირებას. საარჩევნო პერიოდში, როგორც ხმის მიცემამდე, ისე შემდგომი დროის გარკვეულ მონაკვეთში, საზოგადოებრივი კვლევებით მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც შეეხება პოლიტიკური სუბიექტებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას და, საერთოდ, არჩევნებთან დაკავშირებულ გარემოებებს, საზოგადოების მომეტებული ინტერესის საგანია და იგი მას დიდი ყურადღებით ეცნობა. არჩევნებთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების საფუძველზე, ამომრჩეველთა ინფორმაციული მანიპულაციის და ამ გზით საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, სახელმწიფო დაწესებულებების გამართული ფუნქციონირებისათვის ზიანის მიყენების პრევენცია, მით უფრო ისეთ სენსიტიურ საარჩევნო პერიოდში, როდესაც საზოგადოებრივი მუხტი და პოლიტიკური ტემპერატურა ისედაც მაღალია, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საჯარო ინტერესს. შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, უზრუნველყოს იმგვარი სისტემის არსებობა, რომლის ფარგლებშიც ეფექტიანად იქნება დაძლეული ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე საზოგადოების მანიპულირების მცდელობები, რასაც ძალუძს უსაფუძვლოდ შეუქმნას სერიოზული საფრთხე არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად აღქმას, საზოგადოებრივ წესრიგს, უსაფრთხოებას, სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალურ ფუნქციონირებას და სხვა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამომრჩეველთა მანიპულაციისაგან დაცვა და ზემოაღნიშნული საჯარო ინტერესები წარმოადგენს ნამდვილად ღირებულ ლეგიტიმურ მიზნებს, რომელთა დასაცავადაც შესაძლებელია შეიზღუდოს ინფორმაციის თავისუფლება.

50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ამჯერად უნდა შეაფასოს, არის თუ არა კანონმდებლის მიერ შერჩეული შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნის თანაზომადი, ადგენენ თუ არა სადავო ნორმები გონივრულ ბალანსს თანაარსებობისა და თანარეალიზაციისთვის ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების უფლებასა და დასახელებულ ლეგიტიმურ ინტერესებს შორის, რომლის უზრუნველსაყოფადაც იქნა სადავო ნორმები მიღებული.

5.3 გამოსადეგობა

51. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, საჯარო ლეგიტიმური მიზნის არსებობა, თავისთავადად, არ არის საკმარისი უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის. იმისთვის, რომ სადავო ნორმით/ნორმებით განსაზღვრული შეზღუდვა თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისად ჩაითვალოს, იგი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობის კრიტერიუმს. ამა თუ იმ ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილი უფლების შეზღუდვის ფორმას შორის და რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.

52. განსახილველ საქმეში სადავო ნორმები არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან 1 თვის განმავლობაში, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას, ითვალისწინებს სავალდებულო რეკვიზიტების (გამოკითხვის დამკვეთი, გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა, გამოკითხვის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება, შესაძლო ცდომილების ფარგლები) მითითებას, ხოლო მეორე მხრივ, ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ამ მოთხოვნის დარღვევით, კვლევის შედეგების გამოქვეყნებისთვის.

53. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო რეგულაციების არარსებობის პირობებში მივიღებდით მოცემულობას, როდესაც შესაძლებელი იქნებოდა საარჩევნო პერიოდში არჩევნებთან დაკავშირებული, მათ შორის, საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკური რეიტინგების თაობაზე საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგების გავრცელება საზოგადოებისათვის იმის უფლების წართმევით, სცოდნოდათ კვლევის დამკვეთის, შემსრულებლის, კვლევის მეთოდოლოგიისა და სხვა არსებითი გარემოებების შესახებ, რომელთა საფუძველზეც, მათ მიეცემოდათ შესაძლებლობა, შეეფასებინათ კვლევის შედეგების სანდოობა და ჩამოეყალიბებინათ მის მიმართ ადეკვატური დამოკიდებულება. ამგვარი მოცემულობა, სასამართლოს აზრით, არ გამორიცხავს არც იმის ალბათობას, რომ საზოგადოება ხსენებული დამატებითი ინფორმაციის გარეშე აღმოჩნდეს ცრუ, გადაუმოწმებელი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წინაშე და გახდეს მისი გავლენის მსხვერპლი. კერძოდ, გაუჩნდეს არასწორი დამოკიდებულებები და განწყობები, უსაფუძვლო, სინამდვილესთან შეუსაბამო წარმოდგენები  კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტებისა თუ მოვლენებისადმი, გახდეს, სხვადასხვა ძალების მხრიდან, იოლად მანიპულირებადი, არაობიექტური ინფორმაციის საფუძველზე, შეცვალოს თავისი პრიორიტეტები და პრეფერენციები არჩევნების დროს, გაიჩინოს არაადეკვატური მოლოდინები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ამგვარი წინასწარ ჩამოყალიბებული მოლოდინების გამო შემდეგ გაუჩნდეს უნდობლობა არჩევნების გამოცხადებული შედეგებისადმი და არჩევნების გზით ფორმირებული წარმომადგენლობითი ორგანოსა თუ არჩეული თანამდებობის პირისადმი, პროვოცირებულ იქნეს პროტესტის გამოხატვის არაკანონიერი ფორმებისკენ თუ პოლიტიკური ქმედებებისკენ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგს, უსაფრთხოებას, სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალურ ფუნქციონირებას და სხვა. ამავდროულად, თუ  ამომრჩეველს გააჩნია საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებთან დაკავშირებული სრული და გამჭვირვალე ინფორმაცია, მას აქვს შესაძლებლობა, თავად შეაფასოს ინფორმაციის საიმედოობის ხარისხი, თავიდან აირიდოს პოტენციურად შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მავნე ზეგავლენა, მასთან დაკავშირებული საფრთხეები და მნიშვნელოვანი ინტერესებისათვის ზიანის მიყენების რისკი. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული დებულებების დანაწესი ნამდვილად ხელს უწყობს ამომრჩევლის მანიპულაციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგისათვის საფრთხეების შემცირებას, წარმოადგენს ამ ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგ საშუალებას.

5.3 აუცილებლობა

54. გამოსადეგობასთან ერთად, შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებად მზღუდველ) საშუალებას. საჭიროა, არ არსებობდეს ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ ღონისძიება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის, რაც თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/2/1475 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს ბექანასი „საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-20).

55. სადავო რეგულაციების მიზანია, შექმნას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას კვლევის რეკვიზიტების მითითების სავალდებულოობით დაიცავს ამომრჩეველს შესაძლო დეზინფორმაციისა და მანიპულაციისაგან, მისცეს მას საშუალება კვლევის დამკვეთისა და შემსრულებლის ვინაობის, გამოყენებული მეთოდოლოგიის, დასმული შეკითხვების ზუსტი ფორმულირებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციის მეშვეობით, გააჩნდეს კვლევის შედეგების სანდოობის შეფასების შესაძლებლობა; არ შეექმნას ყალბი წარმოდგენა პოლიტიკური სუბიექტებისა თუ მოვლენების მიმართ, უსაფუძვლო მოლოდინები არჩევნების შედეგების მიმართ, ხოლო შემდეგ უსაფუძვლო უნდობლობა არჩევნების შედეგებისა და მის შედეგად შექმნილი არჩეული ხელისუფლების ორგანოსადმი; არ გახდეს მანიპულირებადი და იარაღად გამოყენებული გარკვეული ძალების მხრიდან; არ მოხდეს მისი ხელოვნურად პროვოცირება გარკვეული პოლიტიკური ქმედებებისა და სამართალდარღვევებისაკენ და, აცდენილ იქნეს ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას, ისევე, როგორც სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალურ ფუნქციონირებას ხელოვნურად გამოწვეული საზოგადოებრივი ვნებათაღელვისა და საპროტესტო ქმედებების შედეგად.

56. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ, საზოგადოდ, არ უარყო მედიასაშუალების ვალდებულება, არ გაავრცელოს წინასწარი შეცნობით ყალბი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია. თუმცა, ამავდროულად, მიუთითა, რომ ეს ვალდებულება თავისი არსით იყო ეთიკური, რის გამოც უნდა დაჰქვემდებარებოდა თვითრეგულირებას და არ იყო აუცილებელი, მისი დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფოს რეპრესიული მექანიზმი აემოქმედებინა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის გამოყენების გზით. მოსარჩელის არგუმენტაცია ამ ნაწილში მთლიანად ეფუძნება იმ ლოგიკას, რომ მედიის მიერ ყალბი და არასწორი ინფორმაციის გავრცელება ავტომატურად იწვევს მისი რეიტინგის ვარდნას და მის მიმართ უნდობლობის ჩამოყალიბებას საზოგადოებაში, რის გამოც, მედია, ბუნებრივია, არ არის დაინტერესებული ყალბი ინფორმაციის გავრცელებით. მაგრამ, თუ დარღვევები მაინც მოხდება, მასზე რეაგირება მედიის თვითრეგულირების მექანიზმებით უნდა მოხდეს. მოსარჩელის აზრით, ეს დარღვევები ისედაც არ წარმოშობს ისეთ რისკებს, რომლებიც, სახელმწიფოს მხრიდან, სამართლებრივ რეაგირებას აუცილებელს გახდიდა.

57. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, მოპასუხის ზემოხსენებულ მსჯელობას. სასამართლომ ზემოთ უკვე ახსნა, თუ რა მოცემულობა შეიქმნებოდა საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნებისთვის სადავო წესით დადგენილი რეკვიზიტების თანდართვის ვალდებულების არარსებობის შემთხვევაში და რა საფრთხეების წარმოშობა გახდებოდა სავსებით რეალური, ამიტომ მეტს ამ თემაზე აღარ შეჩერდება. თუმცა სასამართლო, მსგავსად ზემოთ განხილული პირველი სადავო ნორმისა, წინამდებარე სადავო ნორმასთან მიმართებაშიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი აზრით, მოსალოდნელი საფრთხეების ეფექტიანად განეიტრალება რთულად იქნებოდა წარმოსადგენი სახელმწიფო რეგულირების მიღმა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის მუქარის გარეშე, მხოლოდ მედიის თვითრეგულირებისა და მასში დასაქმებული ადამიანების კეთილსინდისიერების იმედად. სადავო რეგულირების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი დამატებითი ინფორმაციის გამოქვეყნების მოთხოვნის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენას ნამდვილად გააჩნია პასუხისმგებლობისა და სანქციის მუქარით განპირობებული შემაკავებელი ეფექტი. სწორედ ეს უზრუნველყოფს ლეგიტიმური მიზნის ეფექტიანად დაცვას. ამდენად, სადავო წესის რეგულირებიდან მედიის თვითრეგულირების სფეროში გადატანა, დაუცველს დატოვებდა უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზნებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს, რაც სახელმწიფოს მხრიდან თავისი პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობის მაუწყებელი შეიძლებოდა ყოფილიყო. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას მოქალაქეები ინფორმაციული მანიპულაციისაგან და გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა სენსიტიურ თემებზე პოლიტიკურად დაძაბულ პერიოდებში, არ ვრცელდებოდეს იმგვარი ინფორმაცია, რომლის სანდოობის შემოწმება შესაძლებელი არ არის და რომელმაც დიდი ვნებათაღელვა შეიძლება გამოიწვიოს ქვეყანაში.

58. სასამართლო ასევე უპასუხებს მოსარჩელის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სადავო ნორმით დადგენილი წესი არ უნდა ვრცელდებოდეს ინტერნეტმედიაზე თითქოსდა იმიტომ, რომ ინტერნეტმედიის მიერ დამატებითი ინფორმაციის გარეშე, საზოგადოებრივი კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას, ამომრჩევლის ინფორმაციული მანიპულაციის რისკი გაცილებით ნაკლებია. ამას მოსარჩელე იმით ხსნის, რომ ინტერნეტის მოხმარების დროს ადამიანმა თავად უნდა მოიძიოს ესა თუ ის ინფორმაცია და იმის რისკი, რომ შემთხვევით წააწყდეს მისთვის არასასურველ ინფორმაციას, ნაკლებია. შესაბამისად, თუ ამომრჩეველს არ სურს საზოგადოებრივი კვლევის შედეგების გაცნობა, მას შეუძლია არ მოიძიოს ის და ამ ინფორმაციის მასზე თავსმოხვევა არ მოხდება. სასამართლოს აზრით, არასწორი იქნებოდა, მიგვეჩნია, რომ ამომრჩეველი საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს არასასურველ ინფორმაციად აღიქვამს და ამის გამო მოერიდება ამ ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტით. არჩევნების პერიოდში პოლიტიკური სუბიექტების შესახებ და არჩევნებთან დაკავშირებულ თემებზე ყოველგვარი ინფორმაცია, მათ შორის, საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები, საზოგადოებაში მუდამ დიდ ინტერესს იწვევს და არასერიოზული იქნებოდა, იმის მოლოდინი გვქონოდა, რომ ყველა ამომრჩეველს, რომლებიც განსხვავებული ასაკის, გამოცდილების, პოლიტიკური და სამართლებრივი კულტურის მქონენი არიან, ჯეროვნად აქვთ გაცნობიერებული სხვადასხვა საზოგადოებრივი კვლევის შედეგების დეზინფორმაციულობის გარკვეული ალბათობა და ამიტომ შეგნებულად არ გაეცნობიან მის შედეგებს მანიპულაციის მსხვერპლად გადაქცევისაგან თავის დასაცავად.

59. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ არ არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ნაკლები ინტენსივობით შემზღუდველი და მსგავსად ეფექტიანი საშუალება. შესაბამისად, სადავო ნორმები პასუხობს აუცილებლობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს.

5.4 პროპორციულობა ვიწრო გაგებით

60. ვინაიდან სადავო ნორმები აკმაყოფილებს გამოსადეგობისა და აუცილებლობის მოთხოვნებს, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენადაა დაცული პროპორციულობა ვიწრო გაგებით. პროპორციულობა, ვიწრო გაგებით, მოითხოვს, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43)

61. საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილებაში უკვე მიუთითა მედიის როლზე, ზოგადად, დემოკრატიულ სახელმწიფოში და იმ განსაკუთრებულ ფუნქციაზე, რომელსაც ისინი ასრულებენ უშუალოდ საარჩევნო პერიოდში. ბუნებრივია, ამისთვის აუცილებელია, რომ სახელმწიფომ მედიასაშუალებებს არ შეუქმნას საქმიანობის შემაფერხებელი ხელოვნური ბარიერები და გაუმართლებლად არ შეზღუდოს მათი ინფორმაციის თავისუფლება როგორც ზოგადად, ისე, განსაკუთრებით, არჩევნების დროს. დამოუკიდებელი მედია არჩევნების დემოკრატიულად აღიარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, დემოკრატიული არჩევნები კი წარმომადგენლობითი დემოკრატიისა და სახალხო სუვერენიტეტის პრინციპების ხორცშესხმის უმთავრესი საშუალებაა.

62. მედიის ინფორმაციის თავისუფლება თავისთავში გულისხმობს შესაბამის მოვალეობებსა და პასუხისმგებლობასაც. ეს მოვალეობები და პასუხისმგებლობა წარმოდგება საკუთრივ მედიის როლიდან დემოკრატიულ საზოგადოებაში  გაავრცელოს მხოლოდ ნამდვილი და გადამოწმებული ინფორმაცია და შეცდომაში არ შეიყვანოს საზოგადოება. დემოკრატიულ სახელმწიფოში ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება შესაძლებელია მხოლოდ იმგვარი საზოგადოებრივი პროცესის დროს, როდესაც საზოგადოება გაჯერებულია განსხვავებული იდეებით და ნამდვილი, ობიექტური ინფორმაციით. საარჩევნო პერიოდში (როგორც კენჭისყრამდე ისე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა ჯერ კიდევ მაღალია) შეგნებულად მცდარი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება არ შეიძლება ემსახურებოდეს რაიმე კეთილ მიზანს, იგი ყოველთვის მიმართულია ადამიანების ინფორმაციით მანიპულირებისკენ, ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტების მიმართ ხელოვნურად (უსაფუძვლოდ) ნეგატიური ან პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებისკენ მასთან დაკავშირებული შორსმიმავალი მიზნებით. ამგვარი ტიპის დეზინფორმაციამ საზოგადოებისათვის საკმაოდ მძიმე და სერიოზული შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. ზოგადად, იგი ვნებს დემოკრატიას, ახდენს საზოგადოების პოლარიზაციას, ქმნის ან აღრმავებს საზოგადოებაში უკვე არსებულ დაპირისპირებას, იწვევს ხელოვნურ განხეთქილებას, ძირს უთხრის არჩევნების ლეგიტიმურად აღქმადობას, მისდამი სანდოობას და შედეგად, საფრთხეს უქმნის საზოგადოების დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას.

63. სადავო ნორმებით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც, რეკვიზიტების სახით, დამატებითი ინფორმაციის სავალდებულო მითითებას გულისხმობს, ისევე, როგორც ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის ადმინისტრაციული წესით სანქცირება, სწორედ ზემოხსენებული საფრთხეების პრევენციასა დასახელებული არაერთი ლეგიტიმური მიზნის დაცვას ემსახურება და, როგორც სასამართლომ უკვე დაადგინა, აუცილებელია მათ დასაცავად. თუმცაღა კოლიზირებულ ინტერესებს შორის კონსტიტუციური ბალანსის დასადგენად, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო შეზღუდვა ვიწრო გაგებით, პროპორციულობის ჭრილში უნდა შეამოწმოს და ამ მიზნით, მხედველობაში უნდა მიიღოს შეზღუდვის ინტენსივობა, როგორც შეზღუდვის შინაარსობრივი მხარის, ისე  შეზღუდვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით.

64. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას, რეკვიზიტების სახით, კვლევებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მითითების სავალდებულოობა არ შეეხება და არ ზღუდავს გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის შინაარსობრივ კონტენტს. ინტერნეტმედიას, ისევე, როგორც ზოგადად მედიას, დაწესებული რეგულირების ფარგლებში, სახელმწიფო არ უწესებს, გამოსაქვეყნებელ ინფორმაციასთან დაკავშირებით, შინაარსობრივ შეზღუდვებს, არ კრძალავს, ზოგადად, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებას, არამედ ადგენს კვლევებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას, გამჭვირვალობის მეშვეობით, ამომრჩევლის დეზინფორმაციისაგან დაცვის და კვლევის შედეგების სანდოობის ამაღლების მიზნით.

65. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს განსახილველი შეზღუდვის ბუნებაზეც. როგორც ზემოთ აღინიშნა,  ამა თუ იმ ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება, წმინდა თეორიულ პლანში, გულისხმობს ინფორმაციის თავისუფლების ნეგატიურ ასპექტში (ნეგატიურ თავისუფლებაში) ჩარევას. თუმცა სადავო ნორმის კონტექსტში ინფორმაციის თავისუფლების ნეგატიურ ასპექტში ჩარევა ანუ საზოგადოებრივი გამოკითხვის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება, მოცემულ შემთხვევაში უკავშირდება ძირითადი ინფორმაციის (საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგების) გამოქვეყნების უფლების განხორციელებას და არ გააჩნია დამოუკიდებელი ხასიათი. სხვაგვარად, დამატებითი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ ძირითადი ინფორმაციის გამოქვეყნების შემთხვევაში და არა დამოუკიდებლად და მისგან მოწყვეტით. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ინფორმაციის თავისუფლების ნეგატიურ ასპექტში ჩარევა მცირედ ინტენსიური ხასიათისაა. მაშინაც კი, თუ დამატებითი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას განვიხილავთ ძირითადი ინფორმაციის გამოქვეყნების წინაპირობად, ეს მაინც არ შეცვლის შეზღუდვის მცირედ ინტენსიურ ბუნებას. გასაჩივრებული მოთხოვნის - კვლევის დამკვეთის, შემსრულებლის, მეთოდოლოგიისა და სხვა რეკვიზიტების მითითების ფაქტობრივი შესრულება, მედიის მხრიდან არ არის დაკავშირებული არავითარ არსებით სირთულესთან, არათუ აუწეველ ტვირთთან, რომელიც გაართულებდა ინტერნეტმედიის და, საზოგადოდ, მედიის საშუალების საქმიანობას ანდა, საკუთრივ, კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციის გადაცემას. ამ ვალდებულების შესრულება არ უკავშირდება დამატებით რაიმე ორგანიზაციული, ფინანსური, ადამიანური თუ სხვა რესურსების გამოყენების საჭიროებას. გარდა ზემოაღნიშნულისა, დაწესებული შეზღუდვა, რომელიც ისედაც ნაკლებ ინტენსიურია თავისი ბუნებით, მოქმედების დროშიც საკმაოდ შეზღუდულია. იგი მიემართება არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან 1 თვის პერიოდს. ამასთან, ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გარემოებაც, რომ ეს სწორედ დროის ის პერიოდია, რომელთან მიმართებაშიც ხსენებული შეზღუდვა რელევანტურია და ადეკვატური. ეს არის პერიოდი, როდესაც ძალიან მაღალია არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაციით საზოგადოების დაინტერესების ხარისხი, ყოველგვარი ინფორმაციის სენსიტიურობა, პოლიტიკური ტემპერატურა, უპირატესობების მოპოვების სურვილი და მასთან დაკავშირებული ცდუნებების ალბათობა. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება არ იყოს მოწყვლად მდგომარეობაში და აღჭურვილი იყოს რელევანტური, საიმედო და გადამოწმებადი ინფორმაციით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაწესებული შეზღუდვა არ არის, დროში განუსაზღვრელად მოქმედი და, საბოლოო ჯამში, ინტენსიური, რომელიც ლეგიტიმური მიზნების მიუხედავად, გადაჭარბებულ ინტერვენციად  შეიძლებოდა მიჩნეულიყო კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ ინფორმაციის თავისუფლებაში. ამასთანავე, არც დაწესებული მოთხოვნის უგულებელყოფისთვის დადგენილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა შეიძლება ჩაითვალოს მედიის თავისუფლებაში არაპროპორციულ, გაუმართლებელ ჩარევად.

66. დაპირისპირებულ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის ძიებისას, საკონსტიტუციო სასამართლო, ჩვეულებრივ აფასებს, რა მიმართებაშია ერთმანეთთან უფლების შეზღუდვით დაცული სიკეთე უფლებისთვის მიყენებულ ზიანთან, რა არის, ერთი მხრივ,  უფლების შეზღუდვისა და, მეორე მხრივ, მისი არშეზღუდვის ინტერესი. სასამართლომ უკვე დაწვრილებით განმარტა, რა არის საზოგადოებრივი კვლევების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის, კერძოდ, კვლევის შედეგებთან ერთად, დამატებითი ინფორმაციის გამოქვეყნების ინტერესი. რაც შეეხება  მოსარჩელე მედიის ინტერესს  არ გამოაქვეყნოს ეს დამატებითი ინფორმაცია  სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: საკონსტიტუციო სასამართლო შორსაა იმ აზრისაგან, რომ მოსარჩელე ინტერნეტმედიას სადავო ნორმით დადგენილი დამატებითი ინფორმაციის გავრცელების ვალდებულებისაგან გათავისუფლება იმიტომ სურს, რომ საზოგადოებრივი გამოკითხვების შესახებ არასწორი, სინამდვილესთან შეუსაბამო ინფორმაციის გავრცელების უფლება უნდა არაპირდაპირ დაიბევოს, ცხადია, არა, და ეს ამ გზით მაინც შეუძლებელი იქნებოდა, ვინაიდან წინასწარშეცნობით მცდარი ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ვერასდროს იქნება შეწყნარებული დემოკრატიულ საზოგადოებაში. თუმცა სასამართლო იმის აღნიშვნას აუცილებლად მიიჩნევს, რომ ვერ ხედავს ვერავითარ კეთილგონივრულ მოსაზრებას, თუ რატომ შეიძლება, მედია საშუალება დაინტერესებული იყოს იმ ინფორმაციის დაფარვით, რომლის გამოქვეყნების ვალდებულებასაც სადავო ნორმა ითვალისწინებს. მოსარჩელემ სასამართლო პროცესზე ვერ დაასახელა ვერავითარი ლეგიტიმური მიზანი, ინტერესი, სიკეთე თუ ღირებულება, რომელსაც შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნება შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს. სასამართლო ვერ ხედავს ლოგიკურ, რაციონალურ ახსნას, თუ რატომ შეიძლება სურდეს მედიასაშუალებას, გამოაქვეყნოს არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები, მაგრამ არ შესძინოს ამ პროცესს გამჭვირვალობა და დაფაროს კვლევასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია   თუ ვისი დაკვეთით ჩატარდა ის, ვინ იყო შემსრულებელი, რა იყო გამოყენებული მეთოდოლოგია, როგორი იყო კითხვების ფორმულირება და სხვა. საკონსტიტუციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მედიის თავისუფლება, ერთი მხრივ, ცხადია, რომ თავისთავადი სიკეთეა, თუმცა მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა და დაცულობის მაღალი სტანდარტი წარმოდგება სწორედ მისი გამორჩეული როლიდან, რომელსაც ის ასრულებს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ეს როლი კი სხვა არაფერია, თუ არა  საზოგადოების მომარაგება სწორი, ნამდვილი ინფორმაციით და განსხვავებული მოსაზრებებით. მაშასადამე, მედიის თავისუფლება იმიტომ არის განსაკუთრებულად დაცული, რომ უწინარესად, სწორედ ხალხს აქვს უფლება, მიიღოს ნამდვილი, გადამოწმებული ინფორმაცია და განსხვავებული იდეები და რომ სწორედ მედიაა ინფორმაციის მთავარი წყარო. ამ კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლო ვერც იმაში ხედავს რაიმე ლეგიტიმურ მიზანს, რაციონალს ან ახსნად მიზეზს, თუ რატომ არ უნდა იცოდეს ხალხმა, თუ ვისი დაკვეთით ჩატარდა გამოკითხვა, რომლის შედეგებსაც ეცნობა, ვინ იყო შემსრულებელი, რა იყო მეთოდოლოგია და ა. შ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სასამართლოსათვის ვერ გახდა გასაგები, რატომ უნდა წაერთვას ხალხს უფლება, კვლევასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მეშვეობით შეამოწმოს, ნამდვილად ჩატარდა თუ არა კვლევა და შეაფასოს მისი სანდოობა, ჩამოიყალიბოს კვლევის შედეგებისადმი დამოკიდებულება, იყოს ინფორმირებული და არა შეცდომაში შეყვანილი და, საერთოდ, კერძოდ რა კონკრეტული სიკეთის გადასარჩენად უნდა დათმოს ეს ლეგიტიმური უფლება და ინტერესი. სადავო ნორმით დადგენილ მოთხოვნას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს როგორც საზოგადოების ინფორმაციული მანიპულირებისა და მედიის თვითნებობისაგან ამომრჩევლის დაცვის გარანტიას. იგი მიიჩნევს, რომ არ არსებობს რაიმე მეტ-ნაკლებად წონადი მიზეზი, რომელიც, თუნდაც ნაწილობრივ გაამართლებდა ზემოხსენებული ლეგიტიმური მიზნების საფრთხის ქვეშ დაყენებას. სასამართლო დარწმუნებულია, რომ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის მოთხოვნა სრულიად უნიადაგოა.

67. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირება ადგენს გონივრულ ბალანსს ინტერნეტმედიის მიერ ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების უფლებასა და დასახელებულ ლეგიტიმურ საჯარო ინტერესებს შორის. შესაბამისად საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ის წესი, რომლის თანახმადაც „არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან 1 თვის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს გამოკითხვის დამკვეთი (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი, თუ დამკვეთი იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანოა; გვარი, სახელი და მისამართი მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, თუ დამკვეთი ფიზიკური პირია), გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი), გამოკითხვის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება, შესაძლო ცდომილების ფარგლები“, ისევე როგორც 82-ე მუხლი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტს.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე  და 44-ე მუხლების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოა დ გ ე ნ ს:

1. არ დაკმაყოფილდეს №1483 კონსტიტუციური სარჩელი („შპს საინფორმაციო ქსელების ცენტრი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “).

2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “.

 

პლენუმის წევრები:

მერაბ ტურავა

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

ხვიჩა კიკილაშვილი

მანანა კობახიძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში