შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 495
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024328
495
20/12/2023
ვებგვერდი, 21/12/2023
300160070.10.003.024328
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №495

2023 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან და ძალაშია 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებითა და გამარტივებული შესყიდვის (ერთ პირთან მოლაპარაკების) საშუალებით განხორციელების წესს.

2. ამ წესის მიზანია:

ა) განახორციელოს საქონლისა და მომსახურების შესყიდვების პროცედურების გამარტივება და კომპანიის მიზნების შეუფერხებელი განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა;

გ) შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა;

დ) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება.

3. ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვები ხორციელდება ამავე წესის შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრული ხელმძღვანელის ბრძანებით დამტკიცებული გეგმის შესაბამისად.

4. შესყიდვა, რომელზეც არ ვრცელდება ეს წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

მუხლი 2. ტერმინთა  განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შემსყიდველი – შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“;

ბ) შესყიდვა – შემსყიდველის სახსრებით ამ წესის პირველი მუხლის შესაბამისად განსახორციელებელი/განხორციელებული შესყიდვა;

გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა − ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ამავე წესით დადგენილი ელექტრონული პროცედურების საშუალებით;

დ) გამარტივებული შესყიდვა (ერთ პირთან მოლაპარაკება) – ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ამავე წესით დადგენილი წესის შესაბამისად;

ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალი − https://tenders.procurement.gov.ge, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებას ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში (შემდგომში – სისტემა);

ვ) პრეტენდენტი – პირი, რომელმაც სისტემის შესაბამის ველში წარადგინა ფასი; პირი, რომელიც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობს;

ზ) მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც გაფორმებულ იქნა შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება;

თ) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სატენდერო წინადადების ფასი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის ნიმუში და ექსპერტიზის დასკვნა, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) წინადადების ფასი − ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების ფასი;

კ) წინადადების ფასის კლების ბიჯი − შემსყიდველის მიერ შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განაცხადში მითითებული თანხა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0,4%-დან-2%-მდე ოდენობით;

ლ) დოკუმენტაცია – შესყიდვის ელექტრონული პროცედურის განცხადებას თანდართული შემსყიდველის მიერ ატვირთული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია;

მ) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც შემსყიდველის მიერ მოთხოვნილია განცხადებითა და დოკუმენტაციით. ტექნიკურ დოკუმენტაციას პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში;

ნ) ელექტრონული ვაჭრობა – შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს შეუძლია, შეამციროს წინადადების ფასი შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით. ელექტრონული ვაჭრობა მოიცავს ძირითად დროსა და დამატებით რაუნდებს;

ო) წინადადების უზრუნველყოფის გარანტია (შემდგომში – გარანტია) – წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი გარანტირების მექანიზმი, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტის ოდენობით, ხოლო პრეისკურანტის საფუძველზე შესყიდვის შემთხვევაში, სახელშეკრულებო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტის ოდენობით. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გარანტიის წარდგენის წესი განისაზღვრება ამ წესის მე-13 მუხლის შესაბამისად;

პ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგით – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რითაც დასტურდება, რომ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილე ყველა პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია;

ჟ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგა – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა არშემდგარად, როდესაც არცერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში;

რ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია – სტატუსი შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ  მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს შეწყვეტის შესახებ კომისიის დასაბუთებულ სხდომის ოქმს;

ს) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება;

ტ) კომისია – შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც უფლებამოსილია, ჩაატაროს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ამ წესის შესაბამისად;

უ) CPV კოდი – „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით გათვალისწინებული კლასიფიკატორის 8-ნიშნა კოდი.

მუხლი 3. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები

1. შემსყიდველი უფლებამოსილია:

ა) ამ წესის დაცვით, შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);

ბ) ამ წესის შესაბამისად, მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;

გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე შემსყიდველის ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე;

დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;

ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისას.

2. შემსყიდველი ვალდებულია:

ა) რაციონალურად განახორციელოს შესყიდვები ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;

ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ღირებულება;

გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში აცნობოს გადაწყვეტილება ყველა პრეტენდენტს (ცნობად ჩაითვლება შესაბამისი ოქმის სისტემაში ატვირთვა). ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო გადაწყვეტილება. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.

მუხლი 4. შესყიდვის საშუალებები

1. ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით.

2. შემსყიდველის მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს, თუ დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ ერთჯერადად დასადები გარიგების ღირებულება არ აღემატება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს.

3. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ახორციელებს შემსყიდველის კომისია.

მუხლი 5. კომისია

1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ატარებს კომისია, რომელსაც არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველის ხელმძღვანელი.

2. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის დირექტორი ან მის მიერ დანიშნული კომისიის ერთ-ერთი წევრი. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

4. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში  გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

5. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება წინადადების ვადის დაწყების შემდეგ, ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.

6. შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა სავალდებულო არ არის. მიმოწერა/წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

მუხლი 6. კომისიის აპარატი

1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველის დირექტორის ბრძანებით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში – აპარატი).

2. აპარატის ფუნქცია არის შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა.

3. აპარატს უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებთან დაკავშირებით.

4. აპარატი ვალდებულია უზრუნველყოს ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის შენახვა შესაბამისი პროცედურის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

მუხლი 7. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ

1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადება (შემდგომში – განცხადება) ივსება და ქვეყნდება სისტემის მეშვეობით.

2. განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 (ერთი) სამუშაო დღეს. ამ ვადის დასრულებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი, კლებადობის პრინციპითა და ბიჯის გათვალისწინებით.

3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) განცხადების ნომერი;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება;

გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;

დ) წინადადებების მიღების დაწყების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;

ე) წინადადებების მიღების დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;

ვ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება (თუ ელექტრონული ტენდერი ტარდება პრეისკურანტის საფუძველზე – მითითება პრეისკურანტის სავარაუდო და შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებებზე);

ზ) მითითება, წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დღგ-ის გარეშე თუ მისი ჩათვლით;

თ) კლასიფიკატორის დანაყოფი და მისი შესაბამისი CPV კოდი;

ი) შესყიდვის შესაძლო ყველაზე დეტალური ობიექტი და მისი შესაბამისი CPV კოდი (კლასიფიკატორის კატეგორია, კლასი, ჯგუფი ან დანაყოფი. კლასიფიკატორის დაბალი იერარქიული დონის მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უთითებს მის მომდევნო ზედა იერარქიულ დონეს);

კ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა;

ლ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა;

მ) ბიჯის ოდენობა;

ნ) შემსყიდველი ორგანიზაციის იმ უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი და გვარი, რომელმაც განათავსა განცხადება სისტემაში, განთავსების თარიღისა და ზუსტი დროის მითითებით.

4. განცხადებაში, შესაბამისი მითითების საფუძველზე, პრეტენდენტთა მიერ წინადადების ფასის წარდგენა ხდება დღგ-ის გათვალისწინებით ან მის გარეშე.

5. განცხადების დამატებითი ინფორმაციის ველი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით.

6. განცხადების სისტემაში განთავსებისთვის აუცილებელია დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში.

მუხლი 8. დოკუმენტაციის შედგენა და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა

1. დოკუმენტაციაში შესატან მონაცემებს ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის განსაზღვრავს შემსყიდველი.

2. კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე შეიტანოს ცვლილება განცხადებაში (გარდა შესყიდვის ობიექტისა) და შეცვალოს დოკუმენტაცია.

მუხლი 9. წინადადების წარდგენა

1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია წარადგინოს წინადადება, წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე.

2. წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ პირს უფლება აქვს, სისტემაში გაეცნოს განცხადებასა და დოკუმენტაციას.

3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია, შემსყიდველის მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციით მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად, უნდა შეიცავდეს გარანტიის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.

5. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით გათვალისწინებულია წინადადების ფასის დღგ-ის გარეშე წარდგენა, პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, შერჩევა-შეფასება ხორციელდება წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის დღგ-ის შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

6. ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი 10. ტექნიკური მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი

1. შემსყიდველი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი და შესყიდვის ობიექტი.

2. პრეტენდენტთა მიმართ მოთხოვნები შესაძლებელია, დადგინდეს მათი ცოდნის, გამოცდილების, სანდოობის, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების შეფასების მიზნით.

3. ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული შესყიდვის ობიექტის ან მისი კომპონენტის აღწერის, ასევე მისაწოდებელი საქონლის ან მისი კომპონენტის (მათ შორის, მომსახურების შემადგენელი საქონლის) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის პირობებსა და პრეტენდენტის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, დაწესებულ იქნეს ნიმუშის წარდგენის მოთხოვნის ვალდებულება. კომისიას ნიმუში წარედგინება მატერიალური სახით. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია.

4. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში გამოყენებულ იქნეს ისეთი მახასიათებლები და ტერმინოლოგია, რომლებიც ორაზროვანია და უშვებს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.

მუხლი 11. შერჩევა/შეფასება

1. კომისიის მიერ პრეტენდენტთა შეფასება ხდება წინადადების ფასისა და მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, ამავე პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.

2. პრეტენდენტის წინადადების ფასის შეფასება ხდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ. შემსყიდველი შერჩევის პირველ ეტაპზე ადგენს ყველაზე დაბალი ფასის შემთავაზებელი პრეტენდენტის მიერ ატვირთული გარანტიის (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში) შესაბამისობას დოკუმენტაციასთან, ხოლო, თავის მხრივ, პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში ან/და მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს გარანტიის (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში) დედნის წარდგენა.

3. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი.

4. კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია შემსყიდველის მიერ სისტემაში განთავსებულ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და შემსყიდველის მიერ დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ელექტრონული დოკუმენტის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველს უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. დაუშვებელია დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის განმეორებით დაზუსტება.

7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს და დასაზუსტებელია მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა ან/და ფასების ცხრილი, შემსყიდველის მიერ ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის დაზუსტების მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად.

8. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით.

9. თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებას ან/და შემსყიდველის მიერ სისტემაში განთავსებულ დოკუმენტაციას, კომისია ვალდებულია, მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს, თუ ამ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს. თუ წინადადების მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, კომისიას უფლება აქვს, შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.

მუხლი 12. დისკვალიფიკაცია

1. კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.

2. მიმწოდებელი ან/და პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-11 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება განცხადებას ან/და შემსყიდველის მიერ ატვირთულ დოკუმენტაციას;

ბ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის წინადადებაზე;

გ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას;

დ) მოთხოვნის შემთხვევაში, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში არ წარადგენს გარანტიას;

ე) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარადგენს დაზუსტებული ფასების ცხრილს/ხარჯთაღრიცხვას, უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს წინადადების ვადის დასრულების დროისთვის არ ექნება შემსყიდველის მიერ ატვირთული დოკუმენტაციის მოთხოვნათა სრული დაცვით ატვირთული გარანტია (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში), პრეტენდენტის შეთავაზება არ განიხილება და კომისიას შეუძლია განიხილოს ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება.

მუხლი 13. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გარანტიის წარდგენის წესი

1. პრეტენდენტი ვალდებულია მის მიერ ატვირთულ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად, წარადგინოს შემსყიდველის მიერ სისტემაში განთავსებულ დოკუმენტაციაში მითითებულ ანგარიშზე გადახდილი გარანტია (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში), ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.

2. გარანტიის (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში) ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების მინიმუმ 1%-ს, ხოლო პრეისკურანტის საფუძველზე შესყიდვის შემთხვევაში – სახელშეკრულებო ღირებულების მინიმუმ 1%-ს.

3. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10000 ლარზე ნაკლებია, დაუშვებელია გარანტიის მოთხოვნა.

4. გარანტია (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში) დაბრუნებას ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების ან შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებლისაგან/პრეტენდენტისაგან შესაბამისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. გარანტიის (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში) დაბრუნების მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების დადების ან შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების ან შეწყვეტის დღიდან 3 (სამი) თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გარანტია არ ბრუნდება და იგი წარმოადგენს შემსყიდველის შემოსავალს. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

5. გარანტია (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში) პრეტენდენტს არ დაუბრუნდება, თუ:

ა) გამარჯვების შემდეგ უარს იტყვის ან სხვაგვარი ქმედებით გამოხატავს უარს ხელშეკრულების გაფორმებაზე;

ბ) პრეტენდენტი, გამარჯვების შემთხვევაში, არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში);

გ) მოხდება მისი დისკვალიფიკაცია, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

მუხლი 14. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა

1. ამ წესის შესაბამისად, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება წერილობითი ხელშეკრულება.

2. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულება ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.

3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება, აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს, გარდა ამ წესის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

4. ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს, განიხილოს ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ამ წესის შესაბამისად.

5. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

6. ხელშეკრულების დადების შემდეგ პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება, აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

7. თუ ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

8. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ჩათვლით.

9. თუ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი ნაკლებია 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარზე, დაუშვებელია, პრეტენდენტს მოეთხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა.

10. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება ხელშეკრულების დადებამდე.

11. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, დასაბუთებული გადაწყვეტილებით არ მიიღოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ისეთი გარანტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.


დანართი

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ ამ წესის შესაბამისად შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი

 

საქონლის დასახელება

1

ლაბორატორიული აღჭურვილობა, ქიმიური რეაქტივები და სხვა სახის ქიმიური შენაერთები

2

არაორგანული და ორგანული ქიმიკატები და წყლის ხარისხის მართვისა და კონტროლისათვის საჭირო სხვა შენაერთები

3

საკისრები

4

წყალმომარაგებისა და კანალიზაციისათვის საჭირო სხვადასხვა სახის მილები, ჭები კომპლექტში (სახურავი ჩარჩო ხუფით, ძირი და ჭის რგოლი)

5

მილები სხვადასხვა დამხმარე და ფასონური ნაწილები ვენტილები, სარქველები, უკუსარქველები, ფილტრები, ხრახნები, გადამბმელები, ჩამკეტი სარქველები, მილტუჩები, გადამყვანები, სამკაპები, მუხლები, საცობები, უნაგირები, ქუროები, ჯვარედინა ადაპტორები, წნევის რეგულატორები, ვანტუზი და სხვა

6

კომპანიის საქმიანობის სპეციფიკასთან/საჭიროებასთან დაკავშირებული სამშენებლო, სარემონტო, შემოსაღობი მასალები და საცავი/შესანახი/სათავსო კონტეინერები

7

სპეცტექნიკის/სპეცმანქანების, სატრანსპორტო საშუალებების ნაწილები, საცხებ- საპოხი მასალები, დამხმარე აქსესუარები

8

კომპანიის ტერიტორიული ერთეულებისათვის შეშა, შეშის ღუმელი და შეშის ღუმლის აქსესუარები, გათბობის/გაგრილების სხვა მოწყობილობები

9

ინერტული მასალები

10

კარბიდი, მარილი, ქლორი, ჟანგბადი, თხევადი გაზი, ელექტროდი, საავარიო-აღდგენითი სამუშაოების საწარმოებლად საჭირო სხვა მასალები და ხელსაწყოები

11

საფილტრი და საქლორატორო სადგურების დანადგარები და მათი ნაწილები

12

საჭრისები –  ფრეზის პირი, ბარგალკის ქვა, ასფალტისა და ბეტონის საჭრელი პირები, პიკები, ბურღები, მილის საჭრელი მაკრატელი, ნაგლინები

13

ტუმბო და ტუმბოს ნაწილები

 

14

ელსადენები, ელ. მზომი ხელსაწყოები, ელ. ძრავები, გენერატორი, ძაბვის გარდამქმნელები, ტრანსფორმატორები, ელექტროენერგიის გამანაწილებელი/მარეგულირებელი და საკონტროლო სხვა მოწყობილობები

15

შუასადებები/მამჭიდროებლები

16

აღრიცხვის კვანძის მოსაწყობად საჭირო მასალები - მრიცხველები, მრიცხველის ყუთები, ვენტილები, სარქველები, უკუსარქველები, ფილტრები, ხრახნები, გადამბმელები, ჩამკეტი სარქველები, მილტუჩები, გადამყვანები, სამკაპები, მუხლები, საცობები, უნაგირები, ქუროები, ურდულები და სხვა

17

საიზოლაციო მასალები

18

კომპანიის საქმიანობის სპეციფიკასთან/საჭიროებასთან დაკავშირებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ხელთათმანი, ჩაფხუტები, ნიღბები და სხვა შრომის უსაფრთხოების ნორმებისათვის აუცილებელი დამცავი საშუალებები

19

კომპანიის ოპერირებისათვის საჭირო ხელსაწყოები/აპარატები, მათი ნაწილები და საპოხი/სახარჯი მასალები, სამაგრი ღვედები, ბაგირები, დიაგნოსტიკური ჟელე, სადეზინფექციო/სარეცხი და ჰიგიენური საშუალებები, სანათი მოწყობილობები, ნათურები და სხვა სამეურნეო საქონელი

20

მექანიკური საამქროსათვის გამართული მუშაობისთვის საჭირო მასალები და დამხმარე ხელსაწყოები.

 

მომსახურების დასახელება

1

კომპანიის საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საინფორმაციო მომსახურება

2

ტუმბოების, ძრავების, ტრანსფორმატორების და საქლორატორო დანადგარების რემონტი/შეკეთება

3

სპეცმანქანების და სპეცტექნიკის მომსახურება/შეკეთება

4

ავტოტრანსპორტისა და სპეცტექნიკის დაქირავება

5

კომპანიის საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული თანამშრომელთა პროფესიული გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლება/სატრენინგო მომსახურებები

6

სხვადასხვა სახის ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების (მათ შორის, საკების, პომპების, კომპრესორების, დიაგნოსტიკური აპარატურის, გენერატორების, ფრეზების, პერფერატორების, პირაპირა აპარატების, შესადუღებელი აპარატების და სხვა) შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

7

სასმელი წყლის ჭაბურღილების ამორეცხვა

8

მოკირწყვლა, მოასფალტება, ქვაფენილისა და ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოები

9

დარგის სპეციფიკასთან დაკავშირებული სპეციალისტების საკონსულტაციო მომსახურება

10

პროგრამული უზრუნველყოფა კომპანიის ვებსაიტისა და ბილინგის პროგრამებისათვის

11

სასმელი წყლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური გამოკვლევის მომსახურება.