„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3966-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 050000000.05.001.102146
3966-XIIIმს-Xმპ
15/12/2023
ვებგვერდი, 25/12/2023
050000000.05.001.102146
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 147) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „პ1“ ქვეპუნქტი:

„პ1) მისაწვდომი ფორმატი − მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნების ბეჭდური ნაწარმოების ალტერნატიული საშუალებით ან ფორმით რეპროდუცირების შედეგი, რომელიც ბენეფიციარისთვის აღნიშნული ნაწარმოების ამ მუხლის „შ“ ქვეპუნქტში მითითებული დარღვევის არმქონე პირის თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. მისაწვდომი ფორმატი არ გამორიცხავს საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარის ან ავტორიზებული პირის მიერ დამხმარე საშუალების გამოყენებას ან/და სხვაგვარ ხელშეწყობას;“;

ბ) „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტები:

„შ) ბენეფიციარი − შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მიუხედავად, პირი, რომელსაც აქვს მხედველობის, ფიზიკური შესაძლებლობის, აღქმის ან ბეჭდური ნაწარმოების კითხვისთვის საჭირო სხვა უნარის ისეთი დარღვევა, რომლის გამოც მას ბეჭდური ნაწარმოების სხვა პირის თანაბრად კითხვა არ შეუძლია. ბენეფიციარად არ მიიჩნევა პირი, რომელსაც ბეჭდური ნაწარმოების კითხვა მხედველობის გაუმჯობესებისთვის განკუთვნილი მარტივი დამხმარე საშუალების გამოყენებით შეუძლია. პირისთვის ბენეფიციარის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ან/და შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ ცნობის (ცნობის გაცემის/შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების საფუძვლის გათვალისწინებით) წარდგენის შემთხვევაში;

ჩ) ავტორიზებული პირი − „საქპატენტის“ მიერ ავტორიზებულ პირად აღიარებული საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, მუნიციპალიტეტების საბიბლიოთეკო ქსელში გაერთიანებული მასობრივი (საჯარო) ბიბლიოთეკა, ის საგანმანათლებლო დაწესებულება, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა ბენეფიციარებისთვის საგანმანათლებლო მომსახურების არაკომერციული მიზნით მიწოდებაა.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 და 232 მუხლები:

„მუხლი 231. საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ბეჭდური ნაწარმოების ნებადართული გამოყენება ბეჭდური ნაწარმოების კითხვისთვის საჭირო უნარის დარღვევის მქონე პირის სასარგებლოდ

1. ამ მუხლით განსაზღვრული წესი ვრცელდება მართლზომიერი გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ იმ ბეჭდურ ნაწარმოებზე, რომელიც ბენეფიციარისა და ავტორიზებული პირისთვის კანონიერადაა მისაწვდომი. ამ მუხლის მიზნებისთვის ბეჭდური ნაწარმოები არის ტექსტის სახით (ციფრული ფორმითა და მატერიალური ფორმით) ან აუდიოფორმატით ხელმისაწვდომი, საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ნაწარმოები, სიმბოლო და მათთან დაკავშირებული ილუსტრაციები.

2. ამ მუხლით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება ბეჭდური ნაწარმოების იმ მისაწვდომ ფორმატზე, რომელიც ადგილობრივ სამოქალაქო ბრუნვაში კომერციულადაა ჩართული. ეს შეზღუდვა აღნიშნული ბეჭდური ნაწარმოების სხვა მისაწვდომ ფორმატზე არ ვრცელდება. დავის შემთხვევაში ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი ვალდებულია დაამტკიცოს ბეჭდური ნაწარმოების მისაწვდომი ფორმატის ადგილობრივ სამოქალაქო ბრუნვაში კომერციულად ჩართვის ფაქტი. ამ მუხლით გათვალისწინებული ბეჭდური ნაწარმოების ნებადართული გამოყენება კომერციული ინტერესის მქონე სუბიექტის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვით ხორციელდება.

3. ბენეფიციარს უფლება აქვს, ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის წინასწარი თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე მოიპოვოს (მიიღოს) ბეჭდური ნაწარმოების მისაწვდომი ფორმატის ასლი ადგილობრივი ავტორიზებული პირისა და შესაბამის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოში აღიარებული ავტორიზებული პირისგან. ამასთანავე, ბენეფიციარს ან/და მის კანონიერ წარმომადგენელს, პერსონალურ ასისტენტს, მხარდამჭერს, მზრუნველს უფლება აქვს, განახორციელოს ბეჭდური ნაწარმოების მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირება ბენეფიციარის მიერ ამ ნაწარმოების პირადი მიზნით სარგებლობისთვის. ამ პუნქტით განსაზღვრული რეპროდუცირების პროცესში დასაშვებია ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის, მზრუნველის, პერსონალური ასისტენტის მიერ მისთვის დახმარების გაწევა.

4. ავტორიზებული პირი უფლებამოსილია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის წინასწარი თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე, მაგრამ გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით განახორციელოს ამ ნაწარმოების რეპროდუცირება მისაწვდომ ფორმატში, მოიპოვოს (მიიღოს) ამ ფორმატის ასლი სხვა ადგილობრივი ავტორიზებული პირისა და შესაბამის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოში აღიარებული ავტორიზებული პირისგან, უზრუნველყოს თავის სისტემაში დაცული, მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ბეჭდური ნაწარმოების ნებისმიერი საშუალებით ხელმისაწვდომობა (გადაცემა, გაცვლა, გავრცელება) ადგილობრივი ბენეფიციარებისა და შესაბამის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოში მყოფი ბენეფიციარებისთვის, აგრეთვე სხვა ადგილობრივი ავტორიზებული პირისა და შესაბამის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოში აღიარებული ავტორიზებული პირისთვის. ამ პუნქტით განსაზღვრული ყველა ქმედება ხორციელდება არაკომერციული მიზნით და ექსკლუზიურად ბენეფიციართა მიერ გამოსაყენებლად.

5. ავტორიზებული პირი უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ხარჯების დასაფარავად სხვა ადგილობრივი ავტორიზებული პირისგან მიიღოს ანაზღაურება მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, თუ ეს საქართველოს კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. ავტორიზებული პირის მიერ ამ პუნქტის შესაბამისად მიღებული შემოსავალი ამ მუხლით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებას უნდა მოხმარდეს.

6. საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ მას ამ მუხლით დადგენილი წესის დარღვევით ზიანი მიადგა. არაარსებითი ზიანი არ გაითვალისწინება.

7. ავტორიზებული პირი იღებს სათანადო ზომებს, რათა უზრუნველყოს:

ა) თავის სისტემაში დაცული, მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ბეჭდური ნაწარმოების მხოლოდ ბენეფიციარისა და ავტორიზებული პირისთვის ხელმისაწვდომობა;

ბ) ბეჭდური ნაწარმოების უკანონო რეპროდუცირების, მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ბეჭდური ნაწარმოების უკანონო ხელმისაწვდომობისა (გადაცემა, გაცვლა, გავრცელება) და მოპოვების (მიღების) თავიდან აცილება;

გ) ბენეფიციართა რაოდენობის, პარტნიორი ავტორიზებული პირების (ავტორიზებული პირები, რომლებიც მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებულ ბეჭდურ ნაწარმოებებს ერთმანეთს უცვლიან) საკონტაქტო ინფორმაციის, აგრეთვე თავის სისტემაში დაცული, მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ნაწარმოების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობა.

8. ავტორიზებული პირი ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ბენეფიციართა პერსონალური მონაცემების დაცვით აწვდის „საქპატენტს“, რომელიც მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას თავს უყრის და აქვეყნებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. ინფორმაციის განახლების შემთხვევაში ავტორიზებული პირი ვალდებულია განახლებული ინფორმაცია ახალი გარემოების წარმოშობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს „საქპატენტს“. „საქპატენტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობისთვის პასუხისმგებელია ავტორიზებული პირი. ავტორიზებული პირის მიერ „საქპატენტისთვის“ ინფორმაციის მიწოდების წესი განისაზღვრება „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით.

9. „საქპატენტი“ ვალდებულია საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე უზრუნველყოს ადგილობრივი ავტორიზებული პირების ჩამონათვალისა და მათი საკონტაქტო ინფორმაციის, აგრეთვე თავის ხელთ არსებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე სახელმწიფოებში აღიარებული ავტორიზებული პირების ჩამონათვალისა და მათი საკონტაქტო ინფორმაციის მისაწვდომი და კონსოლიდირებული ფორმით საჯაროდ ხელმისაწვდომობა. 

10. ავტორიზებული პირი ვალდებულია ბენეფიციარის, სხვა ავტორიზებული პირის ან საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ინფორმაცია:

ა) თავის სისტემაში დაცული, მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ბეჭდური ნაწარმოებების შესახებ;

ბ) პარტნიორი ავტორიზებული პირების დასახელებებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ.

11. ბეჭდური ნაწარმოების მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირება ამ ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლების დაცვით უნდა განხორციელდეს. ამასთანავე, ნებადართულია ისეთი ცვლილების განხორციელება, რომელიც აუცილებელია მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ბეჭდური ნაწარმოების შესაქმნელად.

12. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესების საპირისპირო სახელშეკრულებო დათქმა ბათილია.

13. ამ მუხლის დებულებების აღსრულებისას ბენეფიციართა პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ავტორიზებული პირი უფლებამოსილია ამ მუხლისა და ამ კანონის 232 მუხლის მიზნებისთვის დაამუშაოს ბენეფიციარის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებული პირის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ ცნობა (ცნობის გაცემის/შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების საფუძვლის ჩათვლით).   

მუხლი 23 2. ბენეფიციარის სტატუსისა და ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების წესი

1. ბენეფიციარის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებული პირი მიმართავს ავტორიზებულ პირს და წარუდგენს მას ბენეფიციარის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებას. ავტორიზებული პირი პირისთვის ბენეფიციარის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული განცხადებით მისთვის მიმართვიდან 2 კვირის ვადაში.

2. ბენეფიციარის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებული პირი (მისი კანონიერი წარმომადგენელი, მინდობილი პირი) ავტორიზებულ პირს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) ბენეფიციარის სტატუსის მინიჭების თაობაზე დაინტერესებული პირის განცხადებას;

ბ) დაინტერესებული პირის ვინაობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო ბენეფიციარის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მინდობილი პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში − აგრეთვე კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს ან სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას;

გ) შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას ან/და შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ ცნობას და თანდართულ დოკუმენტებს, რომლებიც ამ კანონის მე-4 მუხლის „შ“ ქვეპუნქტში მითითებული გარემოების არსებობას ადასტურებს.

3. ავტორიზებული პირი ვალდებულია ბენეფიციარის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებულ პირს ბენეფიციარის სტატუსი მიანიჭოს, თუ დასტურდება ამ კანონის მე-4 მუხლის „შ“ ქვეპუნქტში მითითებული გარემოების არსებობა.

4. ბენეფიციარის სტატუსი მოქმედებს ბენეფიციარის მიერ ამ სტატუსის შეწყვეტის თაობაზე განცხადებამდე, მის გარდაცვალებამდე ან იმ გარემოების აღმოფხვრამდე, რომელიც, ამ კანონის მე-4 მუხლის „შ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირისთვის ბენეფიციარის სტატუსის მინიჭების საფუძველია. ბენეფიციარმა ბენეფიციარის სტატუსის მინიჭების საფუძვლის აღმოფხვრის შესახებ, ხოლო ბენეფიციარის მემკვიდრემ − ბენეფიციარის გარდაცვალების შესახებ გონივრულ ვადაში უნდა აცნობოს ავტორიზებულ პირს.

5. დაწესებულებისთვის ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას და ამ სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „საქპატენტი“. დაწესებულებისთვის ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭებისა და ამ სტატუსის გაუქმების წესი განისაზღვრება „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით. ეს ბრძანება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

6. ავტორიზებული პირის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებული დაწესებულება მიმართავს „საქპატენტს“ და წარუდგენს მას  ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებას, მუნიციპალიტეტების საბიბლიოთეკო ქსელში გაერთიანების დამადასტურებელ მტკიცებულებას (მუნიციპალიტეტების საბიბლიოთეკო ქსელში გაერთიანებული მასობრივი (საჯარო) ბიბლიოთეკის შემთხვევაში), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წესდებას (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში) ან/და ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს ავტორიზებული პირის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებული დაწესებულების საქმიანობის ამ კანონის მე-4 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტის მოთხოვნასთან შესაბამისობას. „საქპატენტი“ უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადების სრულყოფილად განსახილველად ავტორიზებული პირის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებულ დაწესებულებას დამატებითი დოკუმენტაციის/ ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვოს.

7. ავტორიზებული პირის სტატუსის გაუქმების საფუძვლებია:

ა) ამ სტატუსის გაუქმების შესახებ უფლებამოსილი პირის მოთხოვნა;

ბ) ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმება;

გ) დაწესებულების საქმიანობის სახის შეცვლა;

დ) ავტორიზებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა.

8. ავტორიზებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა ავტორიზებული პირის სტატუსის გაუქმებას ავტომატურად არ იწვევს. ამ საფუძვლით ავტორიზებული პირის სტატუსის გაუქმება დასაშვებია, თუ ავტორიზებულმა პირმა მძიმე დარღვევა ჩაიდინა და აღნიშნული სტატუსის გაუქმება საავტორო უფლებების ან მომიჯნავე უფლებების მფლობელთა ან ბენეფიციართა კანონიერი ინტერესების დაცვის ერთადერთი საშუალებაა.

9. დაწესებულებისთვის ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის  შესახებ ან ამ სტატუსის გაუქმების შესახებ „საქპატენტის“ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. იგი საჩივრდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

10. ავტორიზებული პირი ავტორიზებული პირის სტატუსის გაუქმების შემდეგ ვალდებულია თავის სისტემაში დაცული, მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ბეჭდური ნაწარმოებები თავის მიერვე შერჩეულ სხვა ავტორიზებულ პირს გადასცეს.“.

მუხლი 2. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ თავმჯდომარემ ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში უზრუნველყოს დაწესებულებისთვის ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭებისა და ამ სტატუსის გაუქმების წესის, აგრეთვე ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისთვის − „საქპატენტისთვის“ ინფორმაციის მიწოდების წესის განმსაზღვრელი ბრძანების გამოცემა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 23მუხლის მე-9 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 231 მუხლის მე-9 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან. 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2023 წ.

N3966-XIIIმს-Xმპ