საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3998-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.102167
3998-XIIIმს-Xმპ
15/12/2023
ვებგვერდი, 26/12/2023
090000000.05.001.102167
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 191-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ დადგინდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია, ფსიქიკური აშლილობის ნიშნები აღენიშნება, მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი წყდება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და პენიტენციური კოდექსის შესაბამისად. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელების შემთხვევაში მის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.“.

2. 281-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 281. შეტყობინება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ 

იმ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისა და აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ, რომლითაც მსჯავრდებულს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა, პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესით შეატყობინოს ამის შესახებ განაჩენის გამომტან სასამართლოს და მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, აგრეთვე მსჯავრდებულის თხოვნით − სხვა პირს ან/და მსჯავრდებულის ადვოკატს. ეს წესი ვრცელდება აგრეთვე მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ადგილის შეცვლის შემთხვევაზე.“.

3. 285-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი, რომელსაც სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ან შინაპატიმრობა აქვს დანიშნული, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისთვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. პირი, რომელსაც სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთა აქვს დანიშნული, გარდა პენიტენციური კოდექსის  38-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისა, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან, თუ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისთვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთანავე, შესაძლებელია აღნიშნული მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისგან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2023 წ.

N3998-XIIIმს-Xმპ