საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3995-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.102165
3995-XIIIმს-Xმპ
15/12/2023
ვებგვერდი, 26/12/2023
030000000.05.001.102165
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) 271 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 271. პენიტენციური კოდექსით გათვალისწინებული საკითხების განხილვის წესი 

1. პენიტენციური კოდექსის 91-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 92-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) ძალაში დატოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს (შემდგომ − ადგილობრივი საბჭო) გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ;

ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა;

გ) ბათილად ცნოს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ან მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო უფლებამოსილია მსჯავრდებული შეაფასოს პენიტენციური კოდექსის 91-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების შესაბამისად − სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში, ხოლო იმავე კოდექსის 92-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების შესაბამისად − სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შემთხვევაში.

3. პენიტენციური კოდექსის 91-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 92-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო ადგილობრივი საბჭოს ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო იმავე კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-80 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს − პირველი ინსტანციის სასამართლო პენიტენციური დაწესებულების ადგილსამყოფლის მიხედვით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაადგინოს სასამართლო განხილვაში ამავე მხარის დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მონაწილეობა.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში მითითებული ვადის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2023 წ.

N3995-XIIIმს-Xმპ