„მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 489
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 420000000.10.003.024322
489
13/12/2023
ვებგვერდი, 14/12/2023
420000000.10.003.024322
„მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №489 

2023 წლის 13 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №302 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2017, 420000000.10.003.020011) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლის:

ა) პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სერტიფიცირების წესი.

2. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის სერტიფიკატის ფორმა (დანართი 1).

3. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სერტიფიკატის ფორმა (დანართი 2).“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის მოწმობის ფორმა (დანართი 3).“.

მუხლი 2
 „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სერტიფიცირების წესი“,  „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის სერტიფიკატის ფორმა“ (დანართი 1), „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სერტიფიკატის ფორმა“ (დანართი 2) და „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის მოწმობის ფორმა“ (დანართი 3) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 3
2024 წლის 1 იანვრამდე გაცემული მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსის სერტიფიკატი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მისი ვადის ამოწურვამდე.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი
მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სერტიფიცირების წესი

მუხლი 1. მიზანი

მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სერტიფიცირების წესის (შემდგომში – წესი) მიზანია, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში –კანონი) შესაბამისად, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების, ასევე ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების ან თბური ტუმბოების უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების ან თბური ტუმბოების მომსახურე ფიზიკური პირების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირების სერტიფიცირებასთან (შემდგომში – სერტიფიცირება) დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება.

მუხლი 2. რეგულირების სფერო

ამ წესის მოქმედება ვრცელდება იმ ფიზიკურ პირზე, ინდივიდუალურ მეწარმესა და იურიდიულ პირზე, რომლებიც ემსახურებიან ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 4. სერტიფიცირების ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანო

1. სერტიფიცირების ჩატარებასა და შესაბამისი სერტიფიკატის/მოწმობის გაცემას კანონისა და ამ წესის შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).

2. წერითი ტესტირების მეთოდით სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარების შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის ბრძანებით, ცენტრის თანამშრომლებისა და მიწვეული პირებისგან იქმნება სასერტიფიკაციო-საგამოცდო კომისია (შემდგომში – კომისია). კომისია შედგება არანაკლებ 4 წევრისაგან. კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი.

3. სასერტიფიკატო გამოცდის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ცენტრის დირექტორის ბრძანებით, შესაბამისი უფლებამოსილება ენიჭება ცენტრის თანამშრომელს/თანამშრომლებს.

მუხლი 5. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის სერტიფიცირების ჩატარების წესი და პირობები

1. სერტიფიცირება ხორციელდება სასერტიფიკატო გამოცდის გზით, წერითი ტესტირების ან ელექტრონული ტესტირების მეთოდით.

2. სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს ფიზიკურ პირს.

3. სასერტიფიკატო გამოცდაში მონაწილეობის მიღების საფასურია 100 ლარი, რომელიც მიემართება ცენტრის ანგარიშზე.

4.  სასერტიფიკატო  გამოცდაზე რეგისტრაციისთვის პირმა  ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირ(ებ)ს უნდა წარუდგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი;

ბ) ფოტოსურათი ¾-ზე (CD დისკზე);

გ) სასერტიფიკატო გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.  

5. სასერტიფიკატო გამოცდაზე რეგისტრაცია ხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირ(ებ)ის მიერ, გამოცდის დაწყებამდე, გამოცდის ჩატარების ადგილზე.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში პირი გამოცდაზე არ დაიშვება.

7. ინფორმაცია სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარების, ასევე გამოცდის შედეგების (სერტიფიცირებული პირების) შესახებ ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.eiec.gov.ge).

8. გამოსაცდელი პირის გამოცდიდან მოხსნის ან მის მიერ უარყოფითი საგამოცდო შეფასების მიღების შემთხვევაში გადახდილი სასერტიფიკატო გამოცდის საფასური უკან არ ბრუნდება. სასერტიფიკატო  გამოცდაზე განმეორებით გასვლის შემთხვევაში სასერტიფიკატო  გამოცდის საფასური გადაიხდება ხელახლა.

მუხლი 6. ფიზიკური პირის სასერტიფიკატო გამოცდა

1. სასერტიფიკატო გამოცდა ტარდება ერთ ეტაპად. მსურველთა რაოდენობის გათვალისწინებით, გამოსაცდელთა მიღება შეიძლება მოხდეს ნაკადებად.

2. საგამოცდო ტესტი შედგება 30 კითხვისგან.

3. ელექტრონული ტესტირების შემთხვევაში გამოცდა ტარდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით. თითოეული გამოსაცდელი პირისათვის შესაბამისი ტესტის შერჩევა ხორციელდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. გამოსაცდელმა პირმა მონიტორზე გამოსახული თითოეული საგამოცდო ტესტის სავარაუდო პასუხიდან უნდა აირჩიოს და დააფიქსიროს მხოლოდ ერთი პასუხი. მონიტორზე აისახება საგამოცდო ტესტზე გაცემული, როგორც სწორი, ასევე არასწორი პასუხების რაოდენობა. გამოსაცდელი პირის მიერ საგამოცდო ტესტზე გაცემული პასუხების შეჯამება და გამოცდის შედეგის შეფასება ხორციელდება სპეციალური პროგრამის მიერ. კანდიდატისათვის გამოცდის შედეგი ცნობილი ხდება საგამოცდო ტესტის სამუშაო დროის ამოწურვისთანავე ან ტესტის დასრულებისთანავე, კომპიუტერის მონიტორზე შედეგის ასახვის გზით.

4. წერითი ტესტირების შემთხვევაში კომისია სასერტიფიკატო გამოცდის შედეგებს აფასებს და შედეგების შესახებ გამოცდაში მონაწილე პირებს აცნობებს გამოცდის ჩატარებიდან 8 სამუშაო დღეში  წერილობით, ელექტრონული ფოსტის ან სატელეფონო საშუალებით.

5. სასერტიფიკატო გამოცდის ხანგრძლივობაა 45 წუთი.

6. საგამოცდო საკითხების ჩამონათვალი ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.eiec.gov.ge).

7. სასერტიფიკატო გამოცდის მიმდინარეობისას გამოსაცდელს ეკრძალება:

ა) ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების, ჩანაწერების ან სხვა მასალის გამოყენება;

ბ) ტექნიკური საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონის შეტანა, გამოყენება;

გ) დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესების დარღვევის შემთხვევაში გამოსაცდელი პირი მოიხსნება გამოცდიდან და გამოცდის საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

მუხლი 7. ფიზიკური პირის სასერტიფიკატო გამოცდის შედეგები

1. ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი  – 0 ქულით.

2. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 27 ქულა.

მუხლი 8. ფიზიკური პირის სერტიფიკატისა და მოწმობის გაცემა

1. ელექტრონული ტესტირების შემთხვევაში  გამოსაცდელი პირის მიერ სასერტიფიკატო გამოცდაზე დადებითი შეფასების მიღებისას ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირ(ებ)ი არაუგვიანეს 1 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს ცენტრის დირექტორს, რომელიც არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა  გამოსცემს ბრძანებას წარმატებით გამოცდაჩაბარებულ პირებზე, მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის სერტიფიკატისა და მოწმობის გაცემის შესახებ.

2. წერითი ტესტირების შემთხვევაში  გამოსაცდელი პირის მიერ სასერტიფიკატო გამოცდაზე დადებითი შეფასების მიღებისას ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს ცენტრის დირექტორს, რომელიც არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა გამოსცემს ბრძანებას წარმატებით გამოცდაჩაბარებულ პირებზე, მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის სერტიფიკატისა და მოწმობის გაცემის შესახებ.

3. დამზადებული სერტიფიკატი და მოწმობა გაიცემა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ბრძანების გამოცემიდან 10 სამუშაო დღეში. სერტიფიცირებული პირის სურვილის შემთხვევაში, დასაშვებია სერტიფიკატისა და მოწმობის მისთვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნა, დამატებით საფოსტო მომსახურების ღირებულების 15 ლარის ოდენობით გადახდის შემთხვევაში.

4.  ფიზიკური პირის სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით.

5. სერტიფიკატის ან მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მისი დუბლიკატი გაიცემა ცენტრის მიერ, სერტიფიკატის მფლობელის განცხადებისა და დუბლიკატის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი საბუთის ცენტრში წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს ზედა მარჯვენა კუთხეში უკეთდება წარწერა – „დუბლიკატი“. დუბლიკატის გაცემის საფასურია 25 ლარი, რომელიც მიემართება ცენტრის ანგარიშზე. დუბლიკატის გაცემა არ გულისხმობს სერტიფიკატის/მოწმობის მოქმედების ვადის ხელახალ ათვლას.

მუხლი 9.   მეწარმის სერტიფიცირების წესი და პირობები

1. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სერტიფიკატი (შემდგომში – მეწარმის სერტიფიკატი) გაიცემა იმ ინდივიდუალურ მეწარმესა და იურიდიულ პირზე, რომლებიც ახორციელებენ მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეძენას/გასხვისებას, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებზე ან თბურ ტუმბოებზე სერვისულ ან სხვა სახის მომსახურებას.

2. ინდივიდუალურ მეწარმესა და იურიდიულ პირზე მეწარმის სერტიფიკატი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს ერთი ან რამდენიმე დაქირავებული სერტიფიცირებული ფიზიკური პირის მეშვეობით.

3. თუ ინდივიდუალური მეწარმე დაქირავებული პირ(ებ)ის გარეშე ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას, მას ამ საქმიანობის გაწევის უფლება აქვს მასზე გაცემული ფიზიკური პირის სერტიფიკატით, სხვა შემთხვევაში ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია, აიღოს მეწარმის სერტიფიკატი.

4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სერტიფიცირება სავალდებულოა.

5. მეწარმის სერტიფიკატის მისაღებად ინდივიდუალურმა მეწარმემ ან იურიდიულმა პირმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება სერტიფიკატის მიღების თაობაზე;

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ) მასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ყველა ფიზიკური პირის სერტიფიკატისა და მოწმობის ასლი, მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მასთან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი;

დ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ფიზიკური პირის სერტიფიკატი;

ე) სერტიფიკატის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის თანამშრომელი/თანამშრომლები 2 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებენ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორეს და ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ცენტრის დირექტორი არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, გამოსცემს ბრძანებას მეწარმის სერტიფიკატის გაცემის შესახებ.

7. დოკუმენტაციის დაზუსტებისათვის ან არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, განმცხადებელს ცენტრის დირექტორი წერილობითი ფორმით განუსაზღვრავს არანაკლებ 5 სამუშაო დღეს დაზუსტების ან დოკუმენტაციის წარდგენისათვის, ხოლო დაუზუსტებლობის ან/და დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ცენტრი განცხადებას ტოვებს განუხილველად, რის შესახებაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს. ამ შემთხვევაში, სერტიფიკატის მისაღებად გადახდილი საფასური განმცხადებელს უკან არ დაუბრუნდება.

8. სერტიფიცირების საფასურია 300 ლარი, რომელიც მიემართება ცენტრის ანგარიშზე.

9. მეწარმის სერტიფიკატი გაიცემა სერტიფიკატის გაცემის შესახებ დირექტორის ბრძანების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში და მოქმედებს ბრძანების ძალაში შესვლიდან 3 წლის ვადით.

10. სერტიფიცირებული იურიდიული პირების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.eiec.gov.ge).

მუხლი 10. სასერტიფიკატო გამოცდის შედეგების გასაჩივრება

სასერტიფიკატო გამოცდის შედეგების გასაჩივრება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

დანართი 1

მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის სერტიფიკატის ფორმა

 

 

დანართი 2

 

მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სერტიფიკატის ფორმა

 

 

 

დანართი 3

 

მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის მოწმობის ფორმა