დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 465 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 05/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017770 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება 1. საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. 2. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულება არ არის სავალდებულო, თუ პირის ადგილსამყოფელი უცნობია და მისთვის დოკუმენტის გაგზავნა/წარდგენა ვერ ხერხდება. 4. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) ავტორიზებული მომხმარებელი, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ: ა) პირი ფიზიკური პირია (მათ შორის, არარეზიდენტი ფიზიკური პირია) და მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან საქართველოში არ გააჩნია მისამართი; ბ) პირი იურიდიული პირია (მათ შორის არარეზიდენტი იურიდიული პირია) და საქართველოში არ გააჩნია იურიდიული მისამართი. 5. ოფიციალური დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი/მოადგილე ან ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) უფლებამოსილი პირი. 6. საჯარო შეტყობინება ხორციელდება დოკუმენტის ქსეროასლის, ფოტოასლის ან ტექსტური ასლის სამსახურის ვებგვერდზე – www.rs.ge და სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.mof.ge (შემდგომში – სამინისტროს ვებგვერდი) განთავსებით ან ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.nbe.gov.ge განთავსებით და ინფორმაციის სხვა საშუალებებით. 7. დოკუმენტის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებას და ინფორმაციის სხვა საშუალებებით (მათ შორის, გაზეთში) გამოქვეყნებას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური, ხოლო სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებას, შემოსავლების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები