დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3817-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/11/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 030000000.05.001.102108 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII27 თავი: „თავი VII27. ადმინისტრაციული სამართალწარმოება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებით მუხლი 21 102. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული საქმის წარმოებისას გამოსაყენებელი ნორმები წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული საქმის წარმოებისას გამოიყენება ამ თავით დადგენილი ნორმები, ხოლო თუ შესაბამისი საკითხი ამ თავით არ არის მოწესრიგებული − სხვა სათანადო საკანონმდებლო ნორმები. მუხლი 21 103. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენა 1. პირმა, რომელზედაც ვრცელდება თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული პირის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული წესები, აგრეთვე პირმა, რომელზედაც ვრცელდება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს შეიძლება წარუდგინოს შესაბამისი სარჩელი პირის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილების, პირის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების, პირის მიმართ თავდაცვის კოდექსის საფუძველზე მიღებული, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილების, პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების (ბრძანების) ან/და პირის მიმართ „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული სხვა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების ან არარად აღიარების მოთხოვნით. 2. პირმა, რომელზედაც ვრცელდება თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული პირის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული წესები, აგრეთვე პირმა, რომელზედაც ვრცელდება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს შეიძლება წარუდგინოს შესაბამისი სარჩელი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების/გამოცემის მოთხოვნით. 3. სარჩელი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება შესაბამისი გადაწყვეტილების პირისთვის ოფიციალურად გაცნობიდან ან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე/გამოცემაზე უარის თქმიდან/მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. 4. სარჩელი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის ადგილსამყოფლის მიხედვით. მუხლი 21 104. სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტა და სარჩელისა და მისთვის დართული დოკუმენტების მოპასუხისთვის გაგზავნა 1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო მისთვის სარჩელის წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით წყვეტს სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. 2. სარჩელის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად წარდგენის შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლო ადგენს ხარვეზს და მოსარჩელეს მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 3 კალენდარულ დღეზე მეტი. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლო სარჩელს წარმოებაში იღებს, ხოლო თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და სარჩელსა და მისთვის დართულ დოკუმენტებს მოსარჩელეს უბრუნებს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. 3. სარჩელი და მისთვის დართული დოკუმენტების ასლები სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით ეგზავნება მოპასუხეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. მუხლი 21 105. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ საქმის განხილვა 1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქმეს განიხილავს სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. 2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად. 3. რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქმეს განიხილავს ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული დაჩქარებული წესით. ამ დროს მას შეუძლია განახორციელოს აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილება. რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავს იმავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მხარის მოთხოვნისა და საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გარეშე. 4. რაიონული (საქალაქო) სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილებს, ნაწილობრივ დააკმაყოფილებს ან არ დააკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ სასამართლო დავაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლო: ა) უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ან გამოაცხადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში იგი ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეებისთვის გადასაცემად; ბ) გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. მუხლი 21 106. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა 1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისთვის ჩაბარებიდან 10 კალენდარულ დღეში, სააპელაციო სასამართლოში. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. 2. სააპელაციო სასამართლო მისთვის სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით წყვეტს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. 3. სააპელაციო საჩივრის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად წარდგენის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ადგენს ხარვეზს და სააპელაციო საჩივრის შემტან მხარეს მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 3 კალენდარულ დღეზე მეტი. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარს წარმოებაში იღებს, ხოლო თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, მას გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. 4. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. 5. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად. 6. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული დაჩქარებული წესით. ამ დროს მას შეუძლია განახორციელოს აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილება. სააპელაციო სასამართლო საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავს იმავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მხარის მოთხოვნისა და საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გარეშე. 7. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას წარედგინა, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. 8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება. მუხლი 21 107. კერძო საჩივრის შეტანისა და განხილვის ვადები 1. ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ გამოტანილ იმ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის ვადა, რომლის კერძო საჩივრით გასაჩივრებასაც ითვალისწინებს კანონი, შეადგენს 5 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება დასაბუთებული განჩინების მხარისთვის ჩაბარებიდან. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. 2. სააპელაციო სასამართლო ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ კერძო საჩივარს განიხილავს მისი მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. 3. ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ შეიტანება. მუხლი 21 108. დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისთვის ჩაბარება 1. დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების მხარისთვის გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისთვის (მისი წარმომადგენლისთვის) ჩაბარება ამ მუხლით დადგენილი წესით. 2. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების გამოცხადებას ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრება გასაჩივრების უფლების მქონე პირი (მისი წარმომადგენელი), ან თუ ამ პირისთვის (მისი წარმომადგენლისთვის) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების გამოცხადების ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, ამ გადაწყვეტილების/განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 4 კალენდარული დღისა ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 3 და არაუგვიანეს 6 კალენდარული დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების ასლი. საწინააღმდეგო შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების გამოცხადებიდან მე-5 კალენდარულ დღეს ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. 3. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების გამოცხადებას ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არ ესწრება გასაჩივრების უფლების მქონე პირი (მისი წარმომადგენელი), რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი არ იყო დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების გამოცხადების ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების ასლის ამ პირისთვის (მისი წარმომადგენლისთვის) გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესით. 4. თუ მხარე სამხედრო სამსახურს გადის, დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების ასლის მისთვის სამხედრო სამსახურის გავლის ადგილზე გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მუხლი 21109. სასამართლო სხდომაზე მხარის გამოცხადება 1. სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა არ აფერხებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ საქმის განხილვას. 2. თუ მოსარჩელე, სააპელაციო საჩივრის ან კერძო საჩივრის შემტანი მხარე დასაქმებულია ან სამხედრო სამსახურს გადის, იგი უფლებამოსილია გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე. დამსაქმებელი ან სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა ვალდებულია ხელი შეუწყოს სასამართლო სხდომაზე მის დასწრებას. მას უნარჩუნდება შრომითი გასამრჯელო.“. 2. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი: „7. ამ კოდექსის VII27 თავი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თავით გათვალისწინებული სარჩელი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს იმავე თავის ამოქმედების შემდეგ წარედგინა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 30 ნოემბერი 2023 წ. N3817-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები