„რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №241/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №241/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 336/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 30/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016792
336/04
30/11/2023
ვებგვერდი, 01/12/2023
220020000.18.011.016792
„რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №241/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №336/04

2023 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

„რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №241/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
„რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №241/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 30/12/2020; ს/კ: 220020000.18.011.016538) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31რეკაპიტალიზაციის მიზნით ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების სახელშეკრულებო პირობა

1. ბანკი ვალდებულია, ისეთი ვალდებულებების შემცველ ხელშეკრულებებში, რომლებზეც ვრცელდება ამ წესით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის მოქმედება და, ამავდროულად, აღნიშნული ხელშეკრულება სრულად ან ნაწილობრივ ექვემდებარება უცხო ქვეყნის მარეგულირებელ კანონმდებლობას, გაითვალისწინოს შესაბამისი სახელშეკრულებო პირობა, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:

ა) ჩანაწერს იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების ორივე მხარე აცნობიერებს და ეთანხმება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას, რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით, აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მიმართ გამოიყენოს ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის სარეზოლუციო ინსტრუმენტი, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად;

ბ) მითითებას იმ ქვეყნის/ქვეყნების მარეგულირებელ კანონმდებლობაზე, რომელსაც ექვემდებარება აღნიშნული ხელშეკრულება;

გ) მითითებას ეროვნული ბანკის უფლებამოსილებაზე, რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით ვალდებულებების ჩამოწერასთან ან კონვერტაციასთან დაკავშირებით:

გ.ა) ეროვნული ბანკის უფლებამოსილება, სრულად ან ნაწილობრივ ჩამოწეროს ბანკის ვალდებულებები;

გ.ბ) ეროვნული ბანკის უფლებამოსილება, სრულად ან ნაწილობრივ დააკონვერტიროს ბანკის ვალდებულებები ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში.

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტორის აღიარება და თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ:

დ.ა) ეროვნული ბანკის მიერ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით, ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების ფარგლებში, ვალდებულება ეროვნული ბანკის მიერ ექვემდებარება სრულად ან ნაწილობრივ ჩამოწერას;

დ.ბ) ეროვნული ბანკის მიერ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით, ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების ფარგლებში ვალდებულება ექვემდებარება სრულად ან ნაწილობრივ კონვერტაციას ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში;

დ.გ) ის მიიღებს ნებისმიერ ჩვეულებრივ აქციას/აქციებს ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტს/ინსტრუმენტებს, რომლებშიც ვალდებულება ეროვნული ბანკის მიერ იქნება კონვერტირებული, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო პირობები შეიძლება არ იქნეს გათვალისწინებული ხელშეკრულებაში იურიდიული ან სხვა ფაქტორის გამო,  მათ შორის,  თუ სახელშეკრულებო პირობის გათვალისწინება არღვევს იმ ქვეყნის მარეგულირებელ კანონმდებლობას, რომელსაც ექვემდებარება ეს ხელშეკრულება. აღნიშნული არ ვრცელდება  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ 29-ე და 30-ე მუხლების შესაბამისად კლასიფიცირებად კაპიტალის ინსტრუმენტებზე.

3. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბანკი გაანალიზების, ხელშეკრულების მხარესთან კომუნიკაციისა და  ყველა სხვა ფაქტორის შესწავლის შედეგად დაადგენს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო პირობის ხელშეკრულებაში გათვალისწინება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შეუძლებელია, ბანკი ვალდებულია წერილობით მიმართოს ეროვნულ ბანკს და მიაწოდოს აღნიშნული ვალდებულების კლასიფიკაცია, შესაბამისი ანალიზი, დასაბუთება და მტკიცებულება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, იღებს გადაწყვეტილებას და აცნობებს ბანკს, გათვალისწინებული უნდა იქნეს თუ არა სახელშეკრულებო პირობა შესაბამის ხელშეკრულებაში. საჭიროების შემთხვევაში, საკითხის სირთულიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აღნიშნული ვადა გაახანგრძლივოს არაუმეტეს 60 კალენდარული დღით (გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა 90 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს). ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკს მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია და განუსაზღვროს მას აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვადა. დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენამდე ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება და იგი განახლდება ბანკის მიერ ეროვნული ბანკის განსაზღვრულ მოთხოვნაზე შესაბამისი რეაგირების (შესაბამისი წერილობითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენის) დღიდან. თუ ეროვნული ბანკი მიიღებს გადაწყვეტილებას, სახელშეკრულებო პირობის შესაბამის ხელშეკრულებაში გათვალისწინების შესახებ, ბანკი ვალდებულია გაითვალისწინოს სახელშეკრულებო ჩანაწერი.

5. სახელშეკრულებო ჩანაწერთან დაკავშირებით ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა გულისხმობს, რომ ხელშეკრულება ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ 29-ე და 30-ე მუხლების მოთხოვნებს კაპიტალის ინსტრუმენტად კლასიფიცირებასთან დაკავშირებით.

6. ბანკის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ჩანაწერის ხელშეკრულებაში გაუთვალისწინებლობა გავლენას არ ახდენს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებაზე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3710 მუხლისა და ამ წესის შესაბამისად, რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით მისი ვალდებულებების მიმართ გამოიყენოს ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის სარეზოლუციო ინსტრუმენტი.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა).“.

მუხლი 2
1. ამ ბრძანების მოქმედება ვრცელდება  2024 წლის პირველი აპრილიდან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე და ამ ვადამდე გაფორმებულ ხელშეკრულებებზე 2024 წლის პირველი აპრილის შემდგომ მატერიალური ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, გარდა იმ ხელშეკრულებებისა, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“  29-ე და 30-ე მუხლების შესაბამისად კლასიფიცირდება კაპიტალის ინსტრუმენტებად.

2. ამ ბრძანების მოქმედება ვრცელდება მისი ამოქმედების შემდგომ გაფორმებულ იმ ხელშეკრულებებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“  29-ე და 30-ე მუხლების შესაბამისად კლასიფიცირდება კაპიტალის ინსტრუმენტებად. ამ ბრძანების მოქმედება აგრეთვე ვრცელდება ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებულ ამ პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებებზე ამ ბრძანების ძალაში შესვლის შემდგომ მატერიალური ცვლილების განხორციელების შემთხვევაში.

3. ამ მუხლის მიზნებისთვის, ხელშეკრულებაში განხორციელებულ მატერიალურ ცვლილებად მიიჩნევა ისეთი ცვლილება, რომელიც ხელს შეუშლის კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციას ან ცვლილება, რომელიც ეხება სუბორდინაციას, საპროცენტო განაკვეთს, პროცენტის გადახდის სიხშირეს ან/და ოდენობას, გამოთხოვის ან აქსელერაციის უფლებას, ჩამოწერას, კონვერტაციას, ხელშეკრულების ვადას და, ასევე, ხელშეკრულებაში სხვა ნებისმიერი მატერიალური ცვლილება.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა