დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1825 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 04/03/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9(16), 20/03/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 144-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 144. შრომის კანონმდებლობის დარღვევა
მუშაკის უკანონო დათხოვნა სამუშაოდან პირადი დაინტერესებით, სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა ან შრომის კანონმდებლობის სხვა არსებითი დარღვევა, განზრახ ჩადენილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის თანამდებობის პირის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან თანამდებობიდან დათხოვნით.
ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განმხორციელებლის მიერ დაქირავებული მუშაკის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორი ათასიდან ათი ათას ლარამდე.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 167-ე მუხლი:
„მუხლი 167. კომერციული მოსყიდვა
სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განმხორციელებლისათვის უკანონოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების გადაცემა ან მისთვის უკანონოდ ქონებრივი მომსახურება, რათა სამსახურებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით განახორციელოს ქმედობა მომსყიდველის ინტერესებისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ანდა ჯარიმით სამასიდან რვაას ლარამდე, რაიმე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ორ წლამდე ან უამისოდ.
იგივე ქმედობა, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით;
გ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე, ანდა ჯარიმით რვაასიდან ათას ორას ლარამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განმხორციელებლის მიერ ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების უკანონო მიღება ან ქონებრივი მომსახურებით უკანონო სარგებლობა, რათა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს მომსყიდველის ინტერესებისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ანდა ჯარიმით რვაასიდან ათას ორას ლარამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ორ წლამდე ან უამისოდ.
ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი:
ა) პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით;
ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
გ) არაერთგზის;
დ) გამოძალვით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამ-დე, ანდა ჯარიმით ათასიდან ათას ხუთას ლარამდე, რაიმე გარკვეული თანამდებობის დაკავების ან საქმი-ანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედობის ჩამდენი, თავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მის მიმართ ჩადენილი იყო გამოძალვა, ან მან ნებაყოფლობით განაცხადა მოსყიდვის შესახებ.“.
3. 185-ე მუხლში სიტყვების „სახელმწიფო ან საზოგადოებრივ“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის.“.
4. 2033 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2033. სასამართლოს განაჩენის, გადაწყვეტილების ან სხვა აქტის შეუსრულებლობა
კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის, გადაწყვეტილების ან სხვა აქტის შეუსრულებლობა ანდა შესრულებისათვის ხელის შეშლა ხელისუფლების წარმომადგენლის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულების მოხელის, აგრეთვე სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განმხორციელებლის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ანდა ჯარიმით ათასიდან ხუთი ათას ლარამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ“.
II. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 949 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების „ექსპერტიზისათვის მოთავსების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების“.
2. 126-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს რიცხვი „2033“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილში რიცხვის „1657“ შემდეგ დაემატოს რიცხვი „167“. ხოლო სიტყვის „196-ე“ შემდეგ – რიცხვი „2033“.
3. 151-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 151. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება
თუ არსებობს სარწმუნო მონაცემები, რომ თანამდებობაზე (სამუშაოზე) დარჩენით ბრალდებული ხელს შეუშლის ჭეშმარიტების დადგენას, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ან განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას, მაშინ გამოძიების პერიოდში იგი შეიძლება გადაყენებულ იქნეს ამ თანამდებობიდან (სამუშაოდან).
ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს გამოძიების წარმოების ადგილის მიხედვით. საკმაო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მოსამართლე გასცემს ბრძანებას ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ.
მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადასაყენებელი პირის ვინაობა, მისი სამუშაო ადგილი ან თანამდებობა, თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების მოთხოვნა, რომელიც დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს ან ორგანოს ეგზავნება.
მოსამართლის ბრძანება ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან ორგანოსათვის, რომელიც ვალდებულია მოსამართლის ბრძანების მიღებიდან 5 დღის ვადაში აღასრულოს იგი და აღსრულების შესახებ წერილობით აცნობოს ბრძანების გამცემ მოსამართლეს, პროკურორს, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს, აგრეთვე მომკვლევს ან გამომძიებელს, ვის წარმოებაშიც არის სისხლის სამართლის საქმე.
III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 4 მარტი
№1825-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები