დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 950 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.027.017438 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016531) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-15 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. ის კვების პროდუქტები, ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები და დოკუმენტები, რომელთა შენახვა, გამოყენება ეკრძალება ბრალდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (შემდგომ – აკრძალული ნივთები), ბრალდებულს ჩამოერთმევა დადგენილი წესით, დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ხოლო ის ნივთები და ნივთიერებები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომლებიც ბრალდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, მაღაზიაში შეიძინოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად (დებულების №2 და №3 დანართები) და არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ბრალდებულს ჩამოერთმევა დადგენილი წესით და გადაეცემა შესანახად დაწესებულებას ან ბრალდებულის ნებართვით პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებს, რის თაობაზეც დგება შესაბამისი აქტი და გაეცნობა ბრალდებულს, რომელსაც იგი ადასტურებს ხელმოწერით.“. 2. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) არ არიან გათვალისწინებული ამ დებულებით განსაზღვრული (№2 და №3 დანართები) იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს, კანონიერად გამოიყენოს ან შეიძინოს მაღაზიაში; დ) აჭარბებენ საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, სხვა ნივთებისა და იმ დოკუმენტთა ოდენობას, რომელიც დადგენილია ამ დებულების №1 დანართის მე-16 პუნქტითა და №2 დანართით.“. 3. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) შეინახოს და გამოიყენოს ამ დებულების №2 და №3 დანართებით გათვალისწინებული ნივთები და საგნები;“. 4. 39-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეინახოს და კანონიერად გამოიყენოს იმ რაოდენობის ნივთები და საგნები, რაც განსაზღვრულია ამ დებულების №2 და №3 დანართებით.“. 5. №1 დანართის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ფოტოაპარატები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.“. 6. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად 1. კვების პროდუქტები (ხილი): ვაშლი, მსხალი, ატამი, ვაშლატამა, მანდარინი და ფორთოხალი (ერთდროულად, ერთობლიობაში არაუმეტეს 5 კილოგრამისა). 2. სეზონური ტანსაცმელი: გრძელი შარვალი („ბრიჯის“ და „შორტის“ გარდა) არაუმეტეს 3 ცალისა, ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, დუტის და ტყავის გარდა) არაუმეტეს 1 ცალისა, სეზონური მაისური და სვიტრი (თავსაფრის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 4 ცალისა, ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, პერანგი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონარის გარეშე („ჩუსტი“, „კედი“, „ბოტასი“) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 3. სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრისა და სარჩულის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა. 4. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის შესაბამისი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული ღია ფერის მოთეთრო – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა. 5. საცვალი („ტრუსი“) და წინდა (სეზონური) ერთდროულად არაუმეტეს 8 ცალისა. 6. პირსახოცი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ღია ფერის მოთეთრო, ზომით არაუმეტეს 70/40 სმ-ისა) და ცხვირსახოცი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 7. კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 8. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 9. წიგნი (ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ერთდროულად შეიძლება იქონიოს არაუმეტეს 3 წიგნისა, გარდა იმ წიგნებისა, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებას და დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას). 10. ფოტოსურათი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, ზომით არაუმეტეს 9/13 სმ-ისა. 11. ხისგან დამზადებული ჯვარი და არამეტალის საკულტო საგანი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 12. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროთეზები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეტლები (ექიმის ნებართვით).
შენიშვნები: 1. ამ დანართით გათვალისწინებული პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნების ამანათის სახით მიღება ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია თვეში ორჯერ. 2. ამ დანართის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების ამანათის სახით მიღება ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია ფოსტის მეშვეობითაც.“. 7. დანართი №4 ამოღებულ იქნეს. 8. №7 დანართის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. ფოტოაპარატები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები