„საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/10/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 27-28/4, 21/11/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
0
29/10/1996
პარლამენტის უწყებანი, 27-28/4, 21/11/1996
000000000.00.00.000000
„საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1960 წ., №1, მუხლი 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე აბზაცს სიტყვების „სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევა (1631 მუხლი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „ცრუმეწარმეობა (165-ე მუხლი), არაკანონიერი გზით მიღებული ფულადი სახსრების ლეგალიზება (1651 მუხლი), კრედიტის მიღება მოტყუებით (1652 მუხლი), კონკურენციის შეზღუდვა (1653 მუხლი), უკანონო მოქმედება გაკოტრებისას (1654 მუხლი), განზრახ გაკოტრება (1655 მუხლი), ფიქტიური გაკოტრება (1656 მუხლი), იძულებითი გაკოტრება (1657 მუხლი).“

2. 162-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 162. ფალსიფიკაცია

ფალსიფიკაცია, ესე იგი საქონლის, საგნის, ნივთის წარმოების სტანდარტების ან სერტიფიკაციის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა მისი თვისობრივი ან გარეგნული იერსახის შეცვლა, აგრეთვე მათი წარმოებისათვის საჭირო მოწყობილობის დამზადება, შენახვა, შეძენა, ჩადენილი გასაღების მიზნით, ან გასაღება, –

ისჯება ჯარიმით შრომის ანაზღაურების ათას ხუთასიდან სამი ათას მინიმალურ ოდენობამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

იგივე ქმედობა, ჩადენილი არაერთგზის ან დიდი ოდენობით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

იგივე ქმედობა, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს, ან გამოიწვია ადამიანის სიკვდილი, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ქონების კონფისკაციით.

3. 165-ე და 1651 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 165. ცრუ მეწარმეობა

ცრუ მეწარმეობა, ესე იგი საწარმოს (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) შექმნა საწესდებო საქმიანობის განხორციელების განზრახვის გარეშე სესხის ან კრედიტის, ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღების, აგრეთვე აკრძალული სამეწარმეო საქმიანობის დაფარვის მიზნით, –

ისჯება ჯარიმით შრომის ანაზღაურების ათასიდან ორი ათას მინიმალურ ოდენობამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

იგივე ქმედობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს, საკრედიტო დაწესებულებებს, სხვა სამეურნეო სუბიექტებს ან მოქალაქეებს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

მუხლი 1651. არაკანონიერი გზით მოპოვებული ფულადი სახსრების ლეგალიზება

არაკანონიერი გზით მოპოვებული ფულადი სახსრებით ან ქონებით საფინანსო ოპერაციების ჩატარება, ან ასეთი სახსრების ან ქონების გამოყენება ლეგალური სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის, –

ისჯება ჯარიმით შრომის ანაზღაურების ორი ათასიდან სამი ათას მინიმალურ ოდენობამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის  უფლების ჩამორთმევით, არაკანონიერი გზით მიღებული ფულადი სახსრების ან ამ ქონების კონფისკაციით.

იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით ან პირთ ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, არაკანონიერი გზით მიღებული ფულადი სახსრების და პირადი ქონების კონფისკაციით.“

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1652, 1653, 1654,1655,1656,1657 მუხლები:

მუხლი 1652. კრედიტის მიღება მოტყუებით

მეწარმის, მესაკუთრის ან სამეურნეო სუბიექტის თანამდებობის პირის ბანკის ან სხვა კრედიტორისათვის სამურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ განზრახ ყალბი ცნობების მიწოდება კრედიტის მიღების ან კრედიტის ოდენობის გაზრდის, ან კრედიტის შეღავათიანი პირობებით მიღების მიზნით, –

ისჯება ჯარიმით შრომის ანაზღაურების ათასიდან ორი ათას მინიმალურ ოდენობამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი არაერთგზის –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

მუხლი 1653. კონკურენციის შეზღუდვა

ისეთი ხელშეკრულების დადება ან ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იწვევს კონკურენციის შეზღუდვას ბაზარზე გავლენის შენარჩუნების ან სხვა პირების ბაზრიდან გაძევების მიზნით, აგრეთვე ბაზარზე ფასების ხელოვნურად აწევის ან დაწევის, ან ერთიანი საბაზრო ფასის შენარჩუნების მიზნით, –

ისჯება ჯარიმით ანაზღაურების ათას ხუთასიდან სამი ათას მინიმალურ ოდენობამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი არაერთგზის ან პირთა ჯგუფის მიერ, ან რასაც მძიმე ეკონომიკური შედეგი მოჰყვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

მუხლი 1654. უკანონო მოქმედება გაკოტრებისას

ქონების ან ქონებრივი ვალდებულებების განზრახ დამალვა, ქონების ადგილსამყოფელის, მისი ოდენობის ან ქონებაზე სხვაგვარი ინფორმაციის დაფარვა, ქონების სხვისთვის გადაცემა, მისი გასხვისება ან განადგურება, აგრეთვე სამეურნეო საქმიანობის ამსახველი საბუღალტრო ან აღრიცხვის სხვა დოკუმენტების დამალვა ან განადგურება, ანდა გაყალბება, ჩადენილი მეწარმის ან თანამდებობის პირის მიერ გაკოტრებისწინა პერიოდში ან გაკოტრებისას, –

ისჯება ჯარიმით შრომის ანაზღაურების ათას ხუთასიდან სამი ათას მინიმალურ ოდენობამდე.

იგივე ქმედობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კრედიტორთა კანონიერ ინტერესებს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე.

მუხლი 1655. განზრახ გაკოტრება

განზრახ გაკოტრება, ესე იგი მეწარმის ან თანამდებობის პირის მიერ განზრახ გადახდისუუნარობის პირობების შექმნა, რამაც ზიანი მიაყენა კრედიტორებს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან რვა წლამდე.

მუხლი 1656. ფიქტიური გაკოტრება

მეწარმის ან თანამდებობის პირის მიერ ვალაუვალობის გამოცხადება კრედიტორების შეცდომაში შესაყვანად ვალის გადახდის გადავადების ან ვალის ჩამოწერის, ან ვალის გადაუხდელობის მიზნით, რამაც ზიანი მიაყენა კრედიტორებს, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.“

მუხლი 1657. იძულებითი გაკოტრება

იძულებითი გაკოტრება, ესე იგი მაკონტროლებელი ორგანოს თანამდებობის პირის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადახდისუუნარობის პირობების ხელოვნურად შექმნა, რამაც ზიანი მიაყენა მათ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“

5. 166-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 166. სასაქონლო ნიშნით უკანონო სარგებლობა

სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით ან საქონლის მარკირებით უკანონო სარგებლობა, ჩადენილი ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების შემდეგ, –

ისჯება ჯარიმით შრომის ანაზღაურების ათასიდან ორი ათას მინიმალურ ოდენობამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი არაერთგზის ან რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.“

II. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1960 წ., №1, მუხ.2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 64-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები „100 მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე.“

2. 67-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები „30 მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე.“

3. 126-ე მუხლის მესამე ნაწილს ციფრი 1611 შემდეგ დაემატოს ციფრები „165, 1651, 1652, 1653, 1654,1655,1656,1657.“

4. კოდექსის 1341 მუხლის მე-5 ნაწილში სიტყვები „100 მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

5. კოდექსის 165-ე და 166-ე მუხლები ჩამოყალიბდეს თითოეული შვიდ ნაწილად.

6. კოდექსის 232-ე მუხლის მე-5 ნაწილს დაემატოს შემდეგი სიტყვები: „გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის მე-3 ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“

 

საქართველოს პრეზიდენტი                  ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 29 ოქტომბერი.