საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №2/22/1634 გიორგი ცააძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თეიმურაზ ტუღუშის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის №2/22/1634 განჩინებასთან დაკავშირებით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №2/22/1634 გიორგი ცააძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თეიმურაზ ტუღუშის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის №2/22/1634 განჩინებასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ნომერი 2/22/1634
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 27/10/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016862
2/22/1634
27/10/2023
ვებგვერდი, 15/11/2023
000000000.00.000.016862
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №2/22/1634 გიორგი ცააძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თეიმურაზ ტუღუშის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის №2/22/1634 განჩინებასთან დაკავშირებით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №2/22/1634 გიორგი ცააძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თეიმურაზ ტუღუშის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის №2/22/1634 განჩინებასთან დაკავშირებით
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის

განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №2/22/1634 

2023 წლის 27 ოქტომბერი

 ქ. ბათუმი

 

   

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: გიორგი ცააძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის პირველი ჰორიზონტალური გრაფის (2023 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და „„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 27 მაისის №10 დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9, მე-11 და მე-12 მუხლებთან მიმართებით.

 

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 26 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1634) მომართა გიორგი ცააძემ. №1634 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 27 ივლისს. №1634 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 27 ოქტომბერს.

2. №1634 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების (შემდგომში, სემეკის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილება) მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის პირველი ჰორიზონტალური გრაფა (2023 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ ბუნებრივი გაზის მიწოდების (ზედა ზღვარი), განაწილებისა და მოხმარების (ზედა ზღვარი) ტარიფებს, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე, იმ ფიზიკური პირებისთვის (მოსახლეობა–საყოფაცხოვრებო მომხმარებელი), რომლებიც ბუნებრივ გაზს არ მოიხმარენ სამეწარმეო საქმიანობისთვის. კერძოდ, აღნიშნული მონაცემების მიხედვით, შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ 1 მ3 ბუნებრივი გაზის მიწოდების (ზედა ზღვარი) ტარიფი არის 33.449 თეთრი, განაწილების ტარიფი შეადგენს 10.395 თეთრს, ხოლო 1მ3 ბუნებრივი გაზის განაწილების ქსელით მოხმარების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფი არის 45.739 თეთრი.

4. „„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 27 მაისის №10 დადგენილების მე-2 მუხლი ადგენს, რომ შპს „თბილისი ენერჯის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფში ფასნამატის ოდენობა შეადგენს 0.795 თეთრს 1მ3-ზე. დასახელებული დადგენილების მე-3 მუხლის კი განსაზღვრავს სადავო დადგენილების ამოქმედებისა და მისი მოქმედების ვადებს. კერძოდ, სადავო დადგენილება ამოქმედდა 2021 წლის პირველი ივნისიდან და მოქმედებს 2023 წლის პირველ იანვრამდე.

5. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებულია ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მიხედვით კი, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

6. №1634 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ შპს „თბილისი ენერჯის“ მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში, სემეკ)დააკორექტირა ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები. მოსარჩელის განმარტებით, შპს „თბილისი ენერჯის“ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, სემეკმა დაადგინა, რომ 2020 წლის ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით, საწარმომ, ლართან მიმართებით დოლარის კურსის ცვლილების გამო, რეგულირებული საქმიანობით დააგროვა ზარალი 5731411 ლარის ოდენობით. შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება შპს „თბილისი ენერჯის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფების ზღვრული ოდენობის კორექტირების შესახებ. კერძოდ, 1 მ3 ბუნებრივი გაზის მიწოდების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფი იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც ბუნებრივ გაზს არ მოიხმარენ სამეწარმეო საქმიანობისთვის, შეადგენდა 28.810 თეთრს, კორექტირების შემდგომ კი ‒ 33.449 თეთრს, განაწილების ქსელით მოხმარების ამავე მოცულობის ბუნებრივი გაზის ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფი 39.100 თეთრიდან გაიზარდა 45.739 თეთრამდე, ხოლო განაწილების ტარიფი არ შეცვლილა და შეადგენს 10.395 თეთრს.

7. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ საქართველოში არსებობს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რასაც კიდევ უფრო ართულებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგები, გაზრდილი ინფლაცია და ვალუტის არასტაბილური კურსი. ამ პირობებში, სემეკმა ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის პროცესში ფორმალურ-სამართლებრივად გაითვალისწინა მხოლოდ შპს „თბილისი ენერჯის“ კომერციული ინტერესი და არ შეაფასა მოსახლეობაზე და კომერციულ საწარმოებზე მათი სოციალური მდგომარეობის მიხედვით (მაგ., პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები, საშუალო ფენის წარმომადგენლები და სხვ.), შემოსავლისა და გასავლის შეფარდებიდან გამომდინარე, რამდენად სამართლიანი და პროპორციული იყო ვალუტის კურსის ცვლილების გამო ბუნებრივი გაზის ტარიფების გაზრდა მოსახლეობის საზიანოდ. მოსარჩელის განმარტებით, სემეკმა ბუნებრივი გაზის ტარიფების გაზრდისას არ გაითვალისწინა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით რამდენად იყო დაცული ერთიან შიდა პროდუქტთან ბუნებრივი გაზის ფასნამატის შესაბამისი პროპორცია.

8. ამასთანავე, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ბუნებრივი გაზის გაზრდილი გადასახადი ჭარბ ფინანსურ ტვირთად აწვება მოსახლეობის სოციალურად ყველაზე გაჭირვებულ ფენას. ბუნებრივი გაზის ტარიფების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სემეკმა მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ პენსიონერებისათვის, სოციალურად დაუცველი და სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი პირებისათვის ასეთ დონეზე გაზრდილი ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდა წარმოადგენს უდიდეს სირთულეს. ამგვარად, სადავო რეგულაციები ეწინააღმდეგება სოციალური სახელმწიფოს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ პრინციპს.

9. მოსარჩელის პოზიციით, ღირსების ძირითადი უფლება სახელმწიფოსგან მოითხოვს ადამიანის ღირსეულად ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმალური მატერიალური პირობების შექმნას. ადამიანის ღირსების უფლების შელახვად უნდა შეფასდეს სახელმწიფოში არსებული ძალიან მაღალი, არაგონივრული გადასახადები, რომელთა გადახდის შემდეგაც ადამიანს არ რჩება ღირსეულად ცხოვრების გაგრძელებისათვის მინიმალური შემოსავალი. მოსარჩელის განმარტებით, კომუნალური მომსახურება, საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით, იმდენად მნიშვნელოვანი და საჭირო კომპონენტია ადამიანის ცხოვრებაში, რომ მასზე ხელმისაწვდომობისათვის ადამიანმა შესაძლებელია, სხვა საყოფაცხოვრებო და მატერიალური დანაკლისის ხარჯზე, კომუნალური პრობლემის მოგვარება არჩიოს. აღნიშნული კი ადამიანს სახელმწიფოს ხელში ინსტრუმენტად გადააქცევს. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლს.

10. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები აწესებს, ერთი მხრივ, უთანასწორო მიდგომას არსებითად თანასწორი პირების – საზოგადოების მიმართ, რომელსაც მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში გაეზარდა ბუნებრივი გაზის კომუნალური გადასახადი, მეორე მხრივ კი, არსებითად თანასწორ მოპყრობას მნიშვნელოვნად უთანასწორო სუბიექტებს შორის, რაც გამოიხატა სემეკის მიერ ბუნებრივი გაზის ტარიფების კორექტირების შესახებ შპს „თბილისი ენერჯის“ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო რეგულაციები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს.

11. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან სადავო ნორმების შესაბამისობაზე მსჯელობისას მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ შეუძლებელია საზოგადოების პიროვნებისა და სახელმწიფოს განვითარება უსაფუძვლოდ, არაადეკვატურად გაზრდილი მაღალი გადასახადებიდან გამომდინარე. მისი პოზიციით, ამგვარი გადასახადები პირდაპირ საფრთხე უქმნის ადამიანის რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას.

12. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ ბუნებრივი გაზის კომუნალური გადასახადის გაზრდა არ გულისხმობს ახალ საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის დადგენას, თუმცა ადგილი აქვს, აღნიშნული გადასახადის სახის მიხედვით, არსებული განაკვეთის ზრდას, რაც, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველ პუნქტთან.

13. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მოსარჩელე მიუთითებს სხვადასხვა საერთაშორისო სამართლებრივ აქტზე.

14. №1634 კონსტიტუციურ სარჩელში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შუამდგომლობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ-სოციალურ ვითარებაში, აგრეთვე მიმდინარე პანდემიის ფონზე, მოსახლეობისათვის შეუძლებელია ბუნებრივი გაზის გაზრდილი ტარიფით კომუნალური მომსახურების ღირებულების გადახდა, რაც მოსახლეობას აყენებს მძიმე ფსიქოლოგიურ-მორალურ მდგომარეობაში და წარმოშობს გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხეს.

 

II

სამოტივაციო ნაწილი

1. №1634 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის სემეკის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის პირველი ჰორიზონტალური გრაფის (2023 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9, მე-11 და მე-12 მუხლებთან მიმართებით. სადავო ნორმა განსაზღვრავს შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ ბუნებრივი გაზის მიწოდების (ზედა ზღვარი), განაწილებისა და მოხმარების (ზედა ზღვარი) ტარიფებს, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე იმ ფიზიკური პირებისთვის (მოსახლეობა – საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) რომლებიც ბუნებრივ გაზს არ მოიხმარენ სამეწარმეო საქმიანობისთვის. კერძოდ, აღნიშნული მონაცემების მიხედვით, შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ 1 მ3 ბუნებრივი გაზის მიწოდების (ზედა ზღვარი) ტარიფი არის 33.449 თეთრი, განაწილების ტარიფი შეადგენს 10.395 თეთრს, ხოლო 1 მ3 ბუნებრივი გაზის განაწილების ქსელით მოხმარების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფი არის 45.739 თეთრი.

2. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდაა გამხდარი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 27 მაისის №10 დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლები. აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლი ადგენს, რომ შპს „თბილისი ენერჯის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფში ფასნამატის ოდენობა შეადგენს 0.795 თეთრს 1მ3-ზე, ხოლო მე-3 მუხლი სადავო დადგენილების ამოქმედებისა და მოქმედების ვადად განსაზღვრავს 2021 წლის პირველი ივნისიდან და 2023 წლის პირველ იანვრამდე პერიოდს.

3. აღსანიშნავია, რომ „„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 23 დეკემბრის №76 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, განხორციელდა ცვლილება სემეკის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების მე-4 მუხლის პირველ პუნქტში და შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ 1მ3 ოდენობის ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფების ზღვრულ ოდენობად, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე, განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წელის პირველ იანვრამდე პერიოდისათვის ‒ შესაბამისად, 30.941, 13.214 და 45.738 თეთრი 1მ3-ზე, ხოლო 2026 წლის პირველი იანვრიდან 2028 წლის პირველ იანვრამდე პერიოდისათვის ‒ შესაბამისად, 32.772, 12.500 და 46.610 თეთრი 1მ3-ზე. აღნიშნული ნორმა, სემეკის 2022 წლის 23 დეკემბრის №76 დადგენილების მე-3 მუხლის საფუძველზე, ამოქმედდა 2023 წლის პირველი იანვრიდან. შესაბამისად, იურიდიული ძალის არმქონეა როგორც სემეკის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ჰორიზონტალური ცხრილის ყველა მონაცემი, ასევე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 27 მაისის №10 დადგენილებაც. ამდენად, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაციები ძალადაკარგულია 2023 წლის პირველი იანვრიდან ანუ №1634 კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, თუმცა აღნიშნული სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე.

4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „[...] საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.

5. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი პრაქტიკის თანახმად, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის/ნორმების გაუქმება a priori არ იწვევს სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის/ნორმების იდენტური/არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის/ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10).

6. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სამართალწარმოებას გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არსებობს საქმეზე სადავოდ გამხდარი ძალადაკარგული ნორმის იდენტური/არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე, მოსარჩელე მხარის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი მოქმედი ნორმა, რომელიც განაპირობებს მის ინტერესს სამართალწარმოების გაგრძელებაზე.

7. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.

8. №1634 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, სემეკის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ჰორიზონტალური ცხრილის ყველა მონაცემისა (2023 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 27 მაისის №10 დადგენილების მე-2 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9, მე-11 და მე-12 მუხლებთან მიმართებით.

9. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაციები განსაზღვრავს გაზგამანაწილებელი კომპანიის ‒ შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ 1 მ3 ოდენობის ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფების ზღვრულ ოდენობას, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე. ამასთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 27 მაისის №10 დადგენილების მე-2 მუხლი ადგენს ხსენებული გაზგამანაწილებელი კომპანიის მიერ ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფში ფასნამატის ოდენობას, რომელიც შეადგენს 0.795 თეთრს, 1 მ3-ზე.

10. მოსარჩელის პოზიციით, გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე, დაუსაბუთებლად, უსამართლოდ, არაგონივრულად და ცალმხრივად, მხოლოდ გაზგამანაწილებელი კომპანიის კომერციული ინტერესების სასარგებლოდ, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონისა და მოქალაქეთა გადახდისუნარიანობის გათვალისწინების გარეშე, გაიზარდა ბუნებრივი გაზის ტარიფები, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9, მე-11 და მე-12 მუხლებს. ამასთანავე, მოსარჩელე მიიჩნევს, ბუნებრივი გაზის ტარიფების ცვლილება, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე, ვერ პასუხობს ვერც სადავო ნორმების კონსტიტუციურობის ფორმალურ კრიტერიუმებს.

11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარე სადავო ნორმებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, მათ შორის, იმ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფების გაზრდა განხორციელდა დაუსაბუთებლად. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგია ითვალისწინებს ბუნებრივი გაზის ტარიფის გაანგარიშების ძირითად პრინციპებსა და მეთოდოლოგიას და ამომწურავად ჩამოთვლის იმ კრიტერიუმებს, რომლებიც სემეკის მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბუნებრივი გაზის ტარიფების გადაანგარიშებისას. განსახილველ საქმეზე მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც მიუთითებდა ბუნებრივი გაზის ტარიფის რომელიმე კომპონენტის ნორმატიულ დონეზე, არასწორად განსაზღვრაზე ან/და სემეკის მიერ პრაქტიკაში ტარიფის დადგენისას მეთოდოლოგიის ამა თუ იმ კომპონენტის გაუთვალისწინებლობაზე ან საჭიროების გარეშე გათვალისწინებაზე. ამრიგად, მოსარჩელის პოზიცია, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფის გაზრდა ობიექტური საჭიროებების გარეშე, დაუსაბუთებლად განხორციელდა, არ არის გამყარებული მტკიცებულებებით და არ ეფუძნება სათანადო არგუმენტაციას. შესაბამისად, №1634 კონსტიტუციური სარჩელი, ამ მხრივ, დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

12. მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიუთითებს, რომ სემეკმა, ბუნებრივი გაზის ტარიფების განსაზღვრისას არ გაითვალისწინა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, მომხმარებლის გადახდისუნარიანობა და მხოლოდ კერძო ეკონომიკური აგენტის ეკონომიკური ინტერესების სასარგებლოდ მიიღო ბუნებრივი გაზის ტარიფების კორექტირების გადაწყვეტილება. ხსენებულ არგუმენტაციასთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული ნორმები განსაზღვრავს ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფებს, ისევე, როგორც ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფში ფასნამატის ოდენობას და არა მათი გაანგარიშების/კორექტირების წესს, პირობებსა და კრიტერიუმებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, დამოუკიდებელი რეგულაციებით განცალკევებით განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ტარიფის გაანგარიშების/კორექტირების წესი და კრიტერიუმები, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი გაანგარიშებისას. შესაბამისად, უშუალოდ ბუნებრივი გაზის ტარიფის ოდენობის დამდგენი ნორმები საკუთარ თავში არ მოიაზრებს მისი შემუშავების პრინციპებს. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფის გადაანგარიშების/კორექტირების მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სათანადო კრიტერიუმებს, რომელთა მეშვეობითაც, მოსარჩელის აზრით, მიღწეულ იქნება სამართლიანი ბალანსი დაპირისპირებულ ინტერესებს შორის, მან უნდა გაასაჩივროს სწორედ აღნიშნული კრიტერიუმების დამდგენი წესი და არა უშუალოდ ბუნებრივი გაზის ტარიფები. სწორედ ბუნებრივი გაზის ტარიფის გაანგარიშების/კორექტირების საკითხის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე განისაზღვრება ტარიფის შემადგენელი კომპონენტები, მისი დადგენის პრინციპები და ის გარემოებები, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული აღნიშნული ტარიფის კონკრეტული ოდენობის შემუშავებისას.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმები არ აწესრიგებს ბუნებრივი გაზის ტარიფის განსაზღვრისას გასათვალისწინებელ ფაქტორებს, მათ შორის, არც ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონისა და არც მომხმარებლის გადახდისუნარიანობის მხედველობაში მიღების საკითხს. ამრიგად, ნათელია, რომ მოსარჩელის მიერ №1634 კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებული პრობლემა მომდინარეობს არა გასაჩივრებული ნორმებიდან, რომლებიც უშუალოდ ადგენს ბუნებრივი გაზის ზღვრული ტარიფებისა და ფასნამატის კონკრეტულ ოდენობებს, არამედ ბუნებრივი გაზის ზღვრული ტარიფების გაანგარიშების/კორექტირების წესის დამდგენი ნორმებიდან. შესაბამისად, აშკარაა, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფებში სახელმწიფოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონისა და მომხმარებელთა გადახდისუნარიანობის საკითხის გათვალისწინებასთან დაკავშირებული მოსარჩელის არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმებს.

14. №1634 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი კიდევ ერთი არგუმენტი უკავშირდება სახელმწიფოს მიერ, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის ფარგლებში ადამიანის ღირსეულად ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმალური მატერიალური პირობების შექმნის ვალდებულებას. მოსარჩელის არგუმენტაციით, ადამიანის ღირსებას ლახავს ის გარემოება, რომ დისპროპორციული გადასახადების გადახდის შემდგომ ადამიანს არ რჩება საკმარისი შემოსავალი ცხოვრების ღირსეული პირობების უზრუნველსაყოფად. ამრიგად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არაგონივრულად მაღალი კომუნალური გადასახადები იწვევს ადამიანის ინსტრუმენტალიზაციას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლს.

15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ კომუნალური მომსახურების ტარიფების დადგენის გზით, სახელმწიფო, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, არეგულირებს შესაბამისი კომუნალური მომსახურების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობებს. ამ ფორმით, კომუნალური მომსახურების ტარიფის სახელმწიფო რეგულირების მიზანია, განისაზღვროს ის მაქსიმალური ღირებულება, რომლის ანაზღაურებაც დასაშვებია, მოითხოვოს მომსახურების გამწევმა სუბიექტმა, ბუნებრივი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული შესაბამისი მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, რათა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილ იქნეს აღნიშნულ კომუნალურ მომსახურებაზე მომხმარებელთა ხელმისაწვდომობა, ხოლო, მეორე მხრივ, შესაბამისმა გაზგამანაწილებელმა კომპანიამ შეძლოს გამართული ფუნქციონირება და მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულება. ამგვარად, სადავო ნორმები ემსახურება ბუნებრივი გაზის ტარიფების დამტკიცებას და ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფში ფასნამატის ოდენობის განსაზღვრას და მათი რეგულირების სფერო შემოიფარგლება აღნიშნული საკითხის მოწესრიგებით.

16. ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი გაზის ზღვრული ტარიფი დგინდება იმ მიზნით, რომ წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მისაღებ ფასად მოხდეს მისი მომხმარებლისათვის მიწოდება,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ პირთა გარკვეულ კატეგორიას, ინდივიდუალური სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, კომუნალურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობისა და, ამ თვალსაზრისით, ღირსეული ცხოვრებისათვის მინიმალური პირობების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური და ეფექტური მხარდაჭერა ესაჭიროებოდეს. ბუნებრივია, ამ პროცესში, შესაძლებელია, განსხვავებული იყოს სახელმწიფოს მხრიდან მომხმარებლის მხარდაჭერის მიზნით შერჩეული ღონისძიების ფორმები და მათი გამოყენების მასშტაბი. ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნული პოზიტიური ღონისძიებები არ არის ეკონომიკურ აგენტსა და მომხმარებელს შორის არსებული ურთიერთობის შემადგენელი ელემენტი, არამედ ამგვარი ღონისძიებების ფარგლებში სახელმწიფო ეხმარება პირებს, რათა მათ, უკვე დადგენილი პირობების ფარგლებში შეძლონ შესაბამისი კომუნალური მომსახურების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის შეძენა. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ კომუნალური მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და მასზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად იმ მოსახლეობის ხელშეწყობა, რომელთაც დამოუკიდებლად არ შეუძლიათ აღნიშნული კომუნალური მომსახურების საფასურის გადახდა, ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პროცესია.

17. სადავო ნორმებით რეგულირებული სფერო დამოუკიდებელია სახელმწიფოს მიერ შესაბამისი საჭიროების მქონე მოსახლეობისათვის ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველმყოფი [პოზიტიური] ღონისძიებებისაგან. სადავო ნორმების რეგულირების სფეროს სცდება იმის მოწესრიგება, პირთა რა კატეგორიის მიერ, როგორი პირობებითა და რა ფორმით გადაიხდება მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური და სახელმწიფოს მხრიდან მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი, მას სრულად აანაზღაურებს მომსახურების მიმღები მომხმარებელი თუ სახელმწიფოს მიერ მოხდება კომუნალური მომსახურების გადასახადის გადახდის სრული ან ნაწილობრივი ხელშეწყობა, რა ფორმით მოხდება ან პირთა რა კატეგორიასთან მიმართებით და სხვა. სადავო ნორმები არ მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავების ვალდებულებაზე და არც რაიმე ფორმით გამორიცხავს ამგვარ შესაძლებლობას. უფრო მეტიც, ის საერთოდ არ არეგულირებს აღნიშნულ საკითხს. ამრიგად, მოსარჩელის არგუმენტაცია, რომელიც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ღირსეულად ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმალური მატერიალური პირობების შექმნისა და მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულებას, აგრეთვე არ მიემართება სადავო ნორმების რეალურ შინაარსს.

18. ზემოაღნიშნულის პარალელურად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, დამატებით, ყურადღება გაამახვილოს იმ ფაქტზე, რომ №1634 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეს არ დაუსაბუთებია არც ის გარემოება, რომ თავად განეკუთვნება პირთა იმ ჯგუფს, რომელსაც საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, შეეზღუდოს ბუნებრივ გაზზე ხელმისაწვდომობა გაზრდილი ტარიფების გამო.

19. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია იმის შესახებ, თუ როგორ და რა ფორმით ზღუდავს სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს.

20. მოსარჩელე აგრეთვე მიუთითებს, რომ სემეკის მიერ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფების ზღვრული ტარიფების გაზრდა გულისხმობს საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების განაკვეთების ფარგლების ცვლილებას. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება განხორციელდა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლს ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით.

21. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლი განსაზღვრავს საქართველოში, მათ შორის, გადასახადების შემოღების, განაკვეთებისა და განაკვეთების ფარგლების მოწესრიგების კონსტიტუციურ სტანდარტებს. აღნიშნული კონსტიტუციური დებულების შესაბამისად, სავალდებულოა, გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. მხოლოდ კანონით შეიძლება გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთების ან განაკვეთების ფარგლების დადგენა. შესაბამისად, კონსტიტუციური უფლებების დარღვევას გამოიწვევს ნებისმიერი უფლებაშემზღუდველი რეგულაცია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად განსაზღვრავს გადასახადების სტრუქტურას და შემოღების წესს, მათ განაკვეთებს ან განაკვეთების ფარგლებს.

22. სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობის შესაფასებლად, პირველ რიგში, აუცილებელია, დადგინდეს ბუნებრივი გაზის ღირებულების საფასური განეკუთვნება თუ არა გადასახადს, საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისათვის. ამისათვის კი საჭიროა, აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით გათვალისწინებული გადასახადის შინაარსის განსაზღვრება.

23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, იმისათვის, რომ ესა თუ ის ღონისძიება, საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადასახადად იქნეს მიჩნეული, უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე წინაპირობას. კერძოდ, აღნიშნული გადასახადი უნდა იყოს პირის მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ გაღებული სავალდებულო შენატანი, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი კონკრეტული საპასუხო შესრულების გარეშე. ამასთანავე, გადასახადი უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების კონსოლიდირებას. სხვა ტიპის გადასახდელებისაგან განსხვავებით, იგი არ უნდა გადაიხდებოდეს რაიმე ინდივიდუალური სიკეთით სარგებლობისთვის და რაიმე კონკრეტული მიზნის მისაღწევად. გადასახადის შეგროვებას/ადმინისტრირებას სახელმწიფოს ფუნქციონირების ზოგადი მიზანი უნდა ჰქონდეს და არ უნდა უკავშირდებოდეს კონკრეტული საპასუხო სარგებლის, საჯარო სერვისის მიღებას ან საქმიანობის განხორციელებას(იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი ‒ საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-26).

24. განსახილველ საქმეზე, როგორც აღინიშნა, სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფების ზღვრული ოდენობის, ისევე, როგორც ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფში ფასნამატის ოდენობის დამდგენი რეგულაციები. ამ მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო რეგულაციები აწესრიგებს არა პირსა და სახელმწიფოს, არამედ ორ კერძოსამართლებრივ სუბიექტს შორის არსებულ ურთიერთობას. ბუნებრივი გაზის საფასური წარმოადგენს ორ კერძო სუბიექტს ‒ ერთი მხრივ, გაზგამანაწილებელ კომპანიას, ხოლო, მეორე მხრივ, მომხმარებელს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთ შემადგენელ ელემენტს. შესაბამისად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული გადასახდელები გადაიხდება არა სახელმწიფოს, არამედ სწორედ გაზგამანაწილებელი კომპანიის სასარგებლოდ. ამასთანავე, ხსენებული გადასახდელები არის არა სავალდებულო შენატანი, რომელიც სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზებისკენაა მიმართული და რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი კონკრეტული საპასუხო შესრულების გარეშე, არამედ წარმოადგენს გაზგამანაწილებელი კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის გაწეული კონკრეტული მომსახურების ‒ბუნებრივი გაზის მიწოდების სანაცვლოდ გადახდილ საფასურს. შესაბამისად, აღნიშნული კატეგორიის გადასახდელებს პირი იხდის კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული შესაბამისი სერვისის მიღების სანაცვლოდ. ამგვარად, გასაჩივრებული რეგულაციებით დადგენილი გადასახდელი არ არის აბსტრაქტული ხასიათის და იგი გადაიხდება მომხმარებლის მიერ კონკრეტული ინდივიდუალური სიკეთით ბუნებრივი გაზით სარგებლობისათვის.

25. ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შეუძლებელია №1634 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი რეგულაციებით დადგენილი ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფების ზღვრული ოდენობისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფში ფასნამატის ოდენობის გადასახადად დაკვალიფიცირება საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მიზნებისათვის. შესაბამისად, №1634 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო არგუმენტაციის ამ ნაწილშიც, დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

26. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, აგრეთვე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 27 მაისის №10 დადგენილების მე-3 მუხლს, რომელიც ამავე დადგენილების ამოქმედებისა და მოქმედების ვადად განსაზღვრავს 2021 წლის პირველი ივნისიდან და 2023 წლის პირველ იანვრამდე პერიოდს. №1634 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია მიემართება „თბილისი ენერჯის“ მიერ 1 მ3-ის ოდენობის ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფებისა და ხსენებული გაზგამანაწილებელი კომპანიის მიერ ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფში ფასნამატის ოდენობის კონსტიტუციურობას. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიცია მიემართება იმ სადავო ნორმებს, რომლებიც შინაარსობრივად განსაზღრავს კონკრეტულ შეზღუდვებს და არა მათი ამოქმედებისა და მოქმედების ვადებს.

27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რა შეზღუდვას შეიძლება იწვევდეს უშუალოდ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 27 მაისის №10 დადგენილების ამოქმედებისა და მოქმედების ვადად 2021 წლის პირველი ივნისიდან და 2023 წლის პირველი იანვრამდე პერიოდის განსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ პირი მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება ესა თუ ის რეგულაცია, მან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს სწორედ აღნიშნული რეგულაციის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. ამდენად, არაკონსტიტუციური ნორმატიული აქტის ამოქმედებისა და მოქმედების ვადის განმსაზღვრელი რეგულაციის კონსტიტუციურობის შემოწმება ვერ გახდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელეს პრობლემას უქმნის არა კონკრეტული ვადები, არამედ ესა თუ ის ნორმატიული წესი, შინაარსობრივად (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის №3/4/768,769 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები: ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). შესაბამისად, მოსარჩელის პრობლემა არ გამომდინარეობს სადავო ნორმიდან და №1634 კონსტიტუციური სარჩელი ამ თვალსაზრისითაც დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1634 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

29. აღნიშნული გარემოება იმთავითვე გამორიცხავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად საქმის წარმოების გაგრძელების საჭიროებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული საოქმო ჩანაწერით დადგენილი საქმისწარმოების გაგრძელების წესი ემსახურება დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიღწევას. ბუნებრივია, აზრსმოკლებულია მოსარჩელის პოზიციის გადამოწმება საქმისწარმოების გაგრძელების ინტერესთან დაკავშირებით და არსებობს №1634 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობის საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1634 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.

 

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. შეწყდეს საქმე №1634 კონსტიტუციურ სარჩელზე („გიორგი ცააძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინებას დაერთოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის თანმხვედრი აზრი.

4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში