გიორგი გოგიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

გიორგი გოგიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/21/1579
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 27/10/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016857
2/21/1579
27/10/2023
ვებგვერდი, 15/11/2023
000000000.00.000.016857
გიორგი გოგიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის

განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №2/21/1579  

2023 წლის 27 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: გიორგი გოგიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით.

I
აღწერილობითი
ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 22 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1579) მომართა საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგიაშვილმა. №1579 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 23 მარტს. №1579 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 27 ოქტომბერს.

2. №1579 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე, 311 და 39-ე მუხლები.

3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უფლება. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.     

5. №1579 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე გიორგი გოგიაშვილი 25 წელი და 11 თვე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში. შესაბამისად, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე, წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურისათვის განკუთვნილი სახელმწიფო კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტს. ამასთანავე, იგი სამსახურიდან დათხოვნილ იქნა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნას სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ნორმის საფუძველზე, მოსარჩელეს უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე.

6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა გამორიცხავს სახელმწიფო კომპენსაციის იმ პირის მიერ მიღების შესაძლებლობას, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩაიდენს სისხლის სამართლის წესით დასჯად რაიმე დანაშაულს ან სხვა არამართლზომიერ ქმედებას. მოსარჩელე მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სადავოდ ხდის არა კომპენსაციის ოდენობასა და მისი სოციალური დანიშნულების საკითხს, არამედ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის აკრძალვის კონსტიტუციურობას. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა ბლანკეტური ხასიათისაა და, უპირობოდ და განუსაზღვრელი ვადით, დანაშაულის ბუნების, ხასიათისა და სიმძიმის, დამნაშავის პიროვნების, სახელმწიფოს წინაშე მის მიერ შესრულებული ვალდებულებების, გაწეული ღვაწლისა და სხვადასხვა გარემოების მხედველობაში მიღების გარეშე, ავტომატურად ზღუდავს პირის მიერ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას. შედეგად, სახელმწიფო უარს ამბობს ადამიანის ღირსეულ დაცვასა და პატივისცემაზე, ღვაწლის დაფასებასა და სადავო კანონით გათვალისწინებული გარანტიების მინიჭებაზე, რაც, პირველ რიგში, პირის ღირსების უფლებას ეწინააღმდეგება.

7. მოსარჩელის განმარტებით, ზოგადად, სახელმწიფო კომპენსაციის მინიჭების ლეგიტიმურ მიზანს სახელმწიფოს წინაშე დამსახურების მქონე პირთათვის, სახელმწიფო სამსახურის დატოვების შემდგომ, ცხოვრების ბოლომდე, ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა წარმოადგენს. მოსარჩელის მითითებით, სახელმწიფო კომპენსაციის დაკისრების საფუძველი, როგორც წესი, სრულად უკავშირდება კონკრეტული პირის სამსახურს სხვადასხვა კონკრეტულ საჯარო დაწესებულებაში. გასაჩივრებული ნორმა კი სცდება სახელმწიფო კომპენსაციის არსს და დანიშნულებას, მისი მიღების შესაძლებლობას უკრძალავს პირს, რომელმაც კონკრეტული ქმედება ‒ დანაშაული ჩაიდინა სამსახურის გარეთ. ამდენად, სახელმწიფო კომპენსაციის ჩამორთმევა, ამ შემთხვევაში, უკავშირდება არა პირის საქმიანობას სახელმწიფო დაწესებულებაში, არამედ მის ზოგად ქცევას საზოგადოებაში.

8. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა შესაძლოა, ემსახურებოდეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, დანაშაულის ჩამდენი პირის დასჯას და დანაშაულის ზოგად პრევენციას სახელმწიფო სამსახურში. ამასთანავე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნები შესაძლოა, მართლაც წარმოადგენდეს ღირებულ კონსტიტუციურ სიკეთეებს, რომელთა მისაღწევადაც დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების შეზღუდვა, თუმცა სადავო რეგულაცია ვერ პასუხობს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, პირს ბრალად ედება გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენა, გაურკვეველია, რას შეიძლება ემსახურებოდეს სადავო რეგულაცია. იმ დაშვებით კი, თუ კანონმდებლის მიზანი სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირთა მაქსიმალურად შემცირებაა, რისი მიღწევის საშუალებადაც მოფიქრებულ იქნა სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირთა წრიდან დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოკლება, ადამიანი წარმოჩინდება არა უფლების სუბიექტად, არამედ ობიექტად, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მოთხოვნებთან შეუსაბამოა.

9. გარდა ამისა, მოსარჩელის არგუმენტაციით, კანონმდებელს ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნების მიღწევა შეუძლია მოსარჩელის და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების უფლებების შედარებით დაბალი ინტენსივობით შეზღუდვის პირობებშიც. მაგალითად, სახელმწიფოს გააჩნია შესაძლებლობა, სახელმწიფო კომპენსაციის მიღება სადავო ნორმით გათვალისწინებულ სუბიექტებს შეუზღუდოს არა განუსაზღვრელი, არამედ გარკვეული გონივრული ვადით ან სასამართლოს მიეცეს აღნიშნულ საკითხზე, როგორც დამატებითი სასჯელის სახეზე, მსჯელობის შესაძლებლობა ან კომპენსაციის ოდენობა იყოს მცირედით შეზღუდული.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით.

11. №1579 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების პრაქტიკაზე.

 

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც, მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. განსახილველ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, „ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო“. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა, უპირობოდ და განუსაზღვრელი ვადით გამორიცხავს პირის მიერ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას, სხვადასხვა ისეთი გარემოებების გათვალისწინების გარეშე, როგორებიც არის, მაგალითად, სამართალდამრღვევის პიროვნება, დანაშაულის სახე და ბუნება, სახელმწიფოს წინაშე სამართალდამრღვევის მიერ გაწეული ღვაწლი და სხვა. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით სახელმწიფო მიზნად ისახავს საზოგადოებრივ სფეროში ჩადენილი დანაშაულისათვის პირის დასჯას. ამ გზით კი, იგი უარს ამბობს ადამიანის ღირსეულ დაცვასა და პატივისცემაზე, რაც იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის დარღვევას.

3. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-30). ამასთანავე, ადამიანის ღირსების უფლების ერთ-ერთი პრაქტიკული გამოხატულება ადამიანის, როგორც თავისუფალი ინდივიდისა და ძირითადი უფლებების მქონე სუბიექტად მიჩნევაში მდგომარეობს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის №2/3/663 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-40). კერძოდ, „უფლება სამართალსუბიექტობაზე წარმოადგენს ღირსების უფლების განუყოფელ ელემენტს. აღნიშნული უფლების თანახმად, სახელმწიფოსთვის ადამიანი უნდა იყოს მთავარი ფასეულობა, კონსტიტუციური უფლებების სუბიექტი და არა მიზნის მიღწევის საშუალება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). შესაბამისად, „ადამიანის ღირსების პატივისცემა და დაცვა გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის შიშველ ობიექტად განხილვას, მის ინსტრუმენტალიზაციას. სახელმწიფოს ეკრძალება იმგვარი ზომების მიღება, რომელიც ფუნდამენტურად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ინდივიდს, როგორც თავისთავად ღირებულებას და პატივს არ სცემს მის სამართალსუბიექტობას არსებულ კონსტიტუციურ წესრიგში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის №1/2/1248 გადაწყვეტილება საქმეზე „ანა ფირცხალაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-20).

4. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოს კონსტიტუციით დაცული ამა თუ იმ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ავტომატურად არ იწვევს სამართალსუბიექტობაზე უფლების დარღვევას და ინდივიდის ღირსების შელახვას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლების მზღუდავი რეგულირების შინაარსის, მიზნის და შეზღუდვის ინტენსივობის გათვალისწინებით, ადგენს გასაჩივრებული ნორმის (ნორმების) შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ღირსების უფლებასთან (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). შესაბამისად, სახელმწიფო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს „არღვევს მაშინ, როდესაც ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით (შედეგად), მიზნად ისახავს ადამიანის დამცირებას, მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვლად იწვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).

5. №1579 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი რეგულაცია, როგორც აღინიშნა, აწესრიგებს საგამონაკლისო შემთხვევას, როდესაც არ წარმოიშობა სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის მოსარჩელე მხარემ უნდა მიუთითოს სათანადო არგუმენტებზე და წარმოაჩინოს, რატომ იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო თანამდებობიდან დათხოვნილი პირისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიუცემლობა ღირსების უფლების დარღვევას ან არაადამიანურ, ან დამამცირებელ მოპყრობას, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას.

6. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შეზღუდვის თაობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო სოციალური სარგებლის მინიჭებაზე უარს ამბობს მაშინ, როდესაც პირის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული ან სხვა არამართლზომიერი ქმედება. შესაბამისად, კონკრეტული სარგებლის მინიჭებაზე უარის თქმის ნიშნად საკანონმდებლო ორგანომ სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი მიიჩნია, რაც prima facie არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უმნიშვნელო ან თვითნებურ ნიშნად, რომელიც ადამიანის ღირსების დამცირებას გამოიწვევდა. სისხლის სამართლის დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების შესაძლებლობის შეზღუდვა per se არ გულისხმობს ინდივიდის მიმართ ღირსების შემლახველი მოპყრობის განხორციელებას ან არ ქმნის ინდივიდის ობიექტად განხილვის შესაძლებლობას, არ ახდენს მის ინსტრუმენტალიზაციას. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე №1579 კონსტიტუციურ სარჩელში არ მიუთითებს არც სახელმწიფო კომპენსაციის, როგორც აუცილებელი მატერიალური უზრუნველყოფის საშუალების, მნიშვნელობაზე. პირიქით, იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის სოციალურ ბუნებას სადავოდ არ ხდის. შესაბამისად, სადავო ნორმით განსაზღვრული წესი არ წარმოადგენს იმგვარ ღონისძიებას, რომელიც სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნისა და მოპყრობის ინტენსივობის შეფასების საჭიროების გარეშე a priori უნდა ჩაითვალოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ღირსების შემლახველ მოპყრობად. სხვა მხრივ კი, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობას წარმოაჩენდა და მისი არსებითად განსახილველად მიღების საჭიროებას წარმოშობდა.

7. მოსარჩელის იმ არგუმენტაციასთან, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცებას შეეხება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, განმარტავს, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება „განსაზღვრავს საზოგადოებრივად საშიში ქმედებისათვის სასჯელის დაწესების სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს და ადგენს სასჯელის სიმკაცრესთან დაკავშირებულ სპეციალურ მოთხოვნებს. ამასთანავე, სისხლის, ადმინისტრაციული სამართლისა თუ სხვა სფეროს მომწესრიგებელი კანონებით გათვალისწინებული ღონისძიება სასჯელად უნდა შეფასდეს იმ შემთხვევაში, თუ იგი მიმართულია პირის დასჯისა და სასჯელის სხვა მიზნების (მაგ., დანაშაულის პრევენცია, დამნაშავის რესოციალიზაცია და ა. შ.) მიღწევისაკენ. ღონისძიება, რომელიც, მართალია, არის სახელწიფოს რეაქცია მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე, თუმცა არ აქვს სასჯელის ბუნება და მიმართულია რაიმე სხვა ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ, არ შეიძლება შეფასებულ იქნეს როგორც სასჯელი. ამგვარ შემთხვევებში, რეგულაცია უნდა დაექვემდებაროს კონსტიტუციურსამართლებრივ შეფასებას, როგორც უფლებაშემზღუდველი ღონისძიება სასჯელისათვის განკუთვნილი კონსტიტუციური სტანდარტების მხედველობაში მიღების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის №1/3/1646 განჩინება საქმეზე „თეიმურაზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ინდივიდზე ზემოქმედების ნებისმიერ ღონისძიებას/ინდივიდის ქმედებაზე სახელმწიფოს ნებისმიერ რეაქციას არ აქვს სასჯელის ბუნება და არ გააჩნია მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან.

8. იმავდროულად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგინდება, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული უფლებაშემზღუდველი ღონისძიება, თავისი ბუნების, მიზნისა თუ დანიშნულების გათვალისწინებით, წარმოადგენს სასჯელს/სანქციას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის გაგებით, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს და წარმოაჩინოს თავად ამგვარი სანქციის/სასჯელის აშკარად არაპროპორციული ბუნება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სასჯელის პოლიტიკის სფეროში საკანონმდებლო ორგანოს თავისუფალი შეფასების ფართო არეალი გააჩნია. სწორედ ამიტომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს სასჯელის/სანქციის პროპორციულობას მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც აშკარაა დისპროპორცია სასჯელის ზომასა და ქმედების სიმძიმეს შორის. ამდენად, „იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა ... [საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის კონტექსტში] სასჯელი ... ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

9. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას, უპირველეს ყოვლისა, იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ, მოქმედი პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი არ ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, დაუნიშნოს სახელმწიფო პენსია ან კომპენსაცია მის რომელიმე მოქალაქეს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოს №2/3/653 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვაჟა ლონდარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). სახელმწიფო კომპენსაცია განეკუთვნება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ნაწილს, რომლის საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში მოქცევისა და სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტიების გავრცელებისათვის, მოსარჩელე მხარემ უნდა დაასაბუთოს, რომ არსებობს მის მიერ სადავო მატერიალური სარგებლის მიღების ლეგიტიმური მოლოდინი, რომელიც სცდება სახელმწიფოს კეთილი ნების გამოვლინებას, ემყარება კონკრეტულ, ნამდვილ სამართლებრივ საფუძველს და რომლის მიღებაზე წვდომის შეზღუდვა სახელმწიფოს მხრიდან, პირისათვის სასჯელის დაკისრებას გაუტოლდებოდა, რაც №1579 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არ არის. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გასაჩივრებული ნორმა მოქმედებს 2006 წელის პირველი იანვრიდან ანუ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების მომენტიდან ისე, რომ მასში არ განხორციელებულა რაიმე სახის ცვლილება, არც სადავო ნორმის ფორმულირების და არც შინაარსობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, პირისათვის წინასწარვე ცნობილია გასაჩივრებული ნორმის მოქმედების შედეგები – კერძოდ კი ის, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ან სხვა სამართალდარღვევის ჩადენის გამო დაკავებული თანამდებობიდან დათხოვნა მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობას გამორიცხავს. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე, კომპენსაციის მიმღებ პირთა წრიდან კონკრეტული სუბიექტის გამორიცხვის საფუძველი ხდება არა პირის რაიმე ფორმით დასჯა, არამედ სახელმწიფო კომპენსაციის მიღებისათვის ერთ-ერთი აუცილებელი, წინასწარგანსაზღვრული წინაპირობის დარღვევა. ამგვარ ვითარებაში, სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიების, საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისათვის სასჯელად კვალიფიცირება შეუძლებელია. ამავდროულად, სადავო ღონისძიების, პოტენციურად, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის, სასჯელად/სანქციად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა თავად სადავო ღონისძიების დისპროპორციულ, არაადამიანურ ან დამამცირებელ ხასიათს, რაც კონსტიტუციური სარჩელის დაუსაბუთებლად მიჩნევის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ №1579 კონსტიტუციურ სარჩელში დასაბუთებული არ არის შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებულ უფლებებს შორის და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1579 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი გოგიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში