ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 32245/19
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 19/01/2023
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2023
სარეგისტრაციო კოდი
32245/19
19/01/2023
ვებგვერდი, 14/11/2023
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეხუთე სექციის გადაწყვეტილება საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“

 (საჩივარი №32245/19)

 

მუხლი 2 (პროცედურული ასპექტი) • არაეფექტური გამოძიება, რომელიც განხორციელდა ტერორიზმთან დაკავშირებული საეჭვო დანაშაულის ბრალდებით დაკავებისას უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციის შედეგად მომჩივნის ნათესავის გარდაცვალების გამო

მუხლი 2 (მატერიალურ-სამართლებრივი ასპექტი) • სიცოცხლე • არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, სასამართლომ ვერ უზრუნველყო დამაჯერებელი დასაბუთება იმისა, რომ გარდაცვალება გამოიწვია იმ გარემოებებმა, რომლებზეც პასუხისმგებელი იყო სახელმწიფო

 

სტრასბურგი

2023 წლის 19 იანვარი

 

წინამდებარე გადაწყვეტილება გახდება საბოლოო კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ გარემოებებში. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციული ხასიათის შესწორებას.

 

საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“,

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

          ჟორჟ რავარანი, თავმჯდომარე,
          კარლო რენზონი,
          ლადო ჭანტურია,
          მარია ელოსეგუი,
          მატიას გაიომარი,
          კატერინა სიმაჩკოვა,
          მიკოლა გნატოვსკი, მოსამართლეები,
და ვიქტორ სოლოვეიჩიკი, სექციის განმწესრიგებელი,

გაითვალისწინა რა:

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოში, 2019 წლის 6 ივნისს საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი (№32245/19) საქართველოს იმ ოთხი მოქალაქის (შემდგომში „მომჩივნები”) მიერ, რომლებიც ჩამოთვლილია თანდართულ ცხრილში;

გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“) ეცნობოს კონვენციის მე-2, მე-3 და მე-13 მუხლებით გათვალისწინებული საჩივრების შესახებ;

მხარეთა მოსაზრებები;

2022 წლის 8 ნოემბრის და 6 დეკემბრის დახურული თათბირის შემდეგ,

გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა ზემოაღნიშნული თარიღისთვის:

შესავალი

1. საჩივარი ეხება მომჩივნის ნათესავის (თ.მ.) გარდაცვალების ფაქტს თავის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობის შედეგად, ტერორიზმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში მისი დაკავების ოპერაციის შესრულებისას. მომჩივნებმა იჩივლეს კონვენციის მე-2, მე-3 და მე-13 მუხლების საფუძველზე.

ფაქტობრივი გარემოებები

2. მომჩივნები, ბ-ნი მ. მაჩალიკაშვილი (შემდგომში „პირველი მომჩივანი“), ქ-ნი ე. მაჩალიკაშვილი (შემდგომში „მეორე მომჩივანი“), ქ-ნი ნ. მაჩალიკაშვილი (შემდგომში „მესამე მომჩივანი“) და ქ-ნი ა. მარგოშვილი (შემდგომში „მეოთხე მომჩივანი“) დაიბადნენ, შესაბამისად, 1968, 1949, 1989 და 1971 წლებში და ცხოვრობენ სოფელ დუისში, საქართველო. პირველი და მეოთხე მომჩივნები, შესაბამისად, არიან მამა და დედა თ.მ.-ისა, რომელიც გარდაიცვალა თავის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობის შედეგად, 2017 წლის 26 დეკემბერს, მისი დაკავების დროს განხორციელებული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციისას. მეორე და მესამე მომჩივნები, შესაბამისად, არიან მისი ბებია და მისი და. მათ წარმოადგენდნენ ქ-ნი თ. მიქელაძე და ქ-ნი ქ. ჩუთლაშვილი, თბილისში მოღვაწე ადვოკატები და ქ-ნი ჯ. ევანსი, ქ-ნი ჯ. სოიერი, ქ-ნი ჯ. გავრონი, ბ-ნი პ. ლიჩი და ქ-ნი ქ. ლევაინი, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრიდან (EHRAC), ლონდონში მოღვაწე ადვოკატები.

3. საქართველოს მთავრობას წარმოადგენდა ბ-ნი ბ. ძამაშვილი, სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან.

4. საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება შეჯამდეს შემდეგი სახით.

  1. საქმის ვითარება

5. დაუდგენელი თარიღისთვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში „სუს“) კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება ტერორიზმში ეჭვმიტანილის, ახმედ ჩატაევის მიმართ, მისი ეგრეთ წოდებულ ისლამურ სახელმწიფოსთან (შემდგომში „ISIL“) კავშირების გამო. ინტერპოლის მიხედვით, ჩატაევი იმ დროისთვის ითვლებოდა ISIL-ის ერთ-ერთ მთავარ წევრად, რომელიც 2015 წლის მეორე ნახევრიდან ხელმძღვანელობდა „ISIL“-ის ჩეჩნურ დაჯგუფებას.

6. 2017 წლის 21-22 ნოემბერს „სუს“-ის მიერ ჩატარებული სპეციალური კონტრტერორისტული ოპერაციის შემდეგ, თბილისის ბინის ოცსაათიანი ალყის შემდეგ, მოკლულ იქნა ორი საეჭვო ტერორისტი, ხოლო ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. ჯგუფის მეოთხე წევრი დააკავეს. ზემოაღნიშნულ სპეცოპერაციამდე და მის შემდეგ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, „სუს“-მა გამოავლინა კიდევ ხუთი პირი, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ახმედ ჩატაევის ტერორისტულ დაჯგუფებასთან, მათ შორის მომჩივნის ნათესავთან, თ.მ.-თან.

  1. თ.მ.-ის დაკავების ოპერაცია და შემდგომში განვითარებული მოვლენები

7. 2017 წლის 22 დეკემბერს პროკურატურის ორგანომ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების ტერორიზმთან დაკავშირებული საქმიანობის სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში მოითხოვა ზემოაღნიშნული ხუთი პირის, მათ შორის მომჩივნების ნათესავის, დაკავება და მათი სახლების ჩხრეკა. პროკურატურის ორგანოს განცხადებით, ხუთმა პირმა, სავარაუდოდ, იცოდა იმის შესახებ, რომ ჩატაევი „ISIL“-ის ერთგული იყო და ამის მიუხედავად, მის დაჯგუფებას გაუწია გარკვეული მატერიალური დახმარება. კერძოდ, ისინი ჩატაევის დაჯგუფებას დაეხმარნენ თბილისში საცხოვრებლის მოძიებაში და მიაწოდეს საკვები პროდუქტების მარაგი, საყოფაცხოვრებო ნივთები და გაუწიეს სხვა მომსახურება. შესაბამისად, არსებობდა იმის გონივრული ეჭვი, რომ ამ ხუთმა პირმა, თ.მ.-ის ჩათვლით, ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 3311 მუხლის მე-3(ბ) პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, ახმედ ჩატაევს და მის ტერორისტულ დაჯგუფებას აღმოუჩინა მატერიალური დახმარება (იხილეთ, ქვემოთ, პარაგრაფში 58 ციტირებული შესაბამისი დებულება). აღნიშნული ხუთი პირის დაკავების მოთხოვნის დასაბუთებისთვის პროკურატურის ორგანოს გააჩნდა შემდეგი საფუძვლები: პირველი, არსებობდა ამ პირების მიმალვის რისკი იმის გამო, რომ ისინი შესაძლოა მკაცრად დასჯილიყვნენ. პროკურატურის ორგანომ ამასთან დაკავშირებით მიუთითა იმ ფაქტზე, რომ ის ხუთი პირი იყო საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფების წევრი და შესაბამისად, არსებობდა იმის გონივრული ეჭვი, რომ მათ კავშირი ჰქონდათ იმ ტერორისტული დაჯგუფების სხვა წევრებთან, რომლებიც შეიძლება მათ საქართველოდან გაქცევაში დახმარებოდნენ. მან ასევე მიუთითა მტკიცებულებების გაყალბების რისკზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიება მეტად კომპლექსური ხასიათის და მნიშვნელოვანი მასშტაბის იყო. ბოლოს, პროკურატურის ორგანომ მიუთითა, რომ არსებობდა იმის რისკი, რომ ეს ხუთი პირი შესაძლოა კვლავ აგრძელებდა დანაშაულებრივ საქმიანობას, კერძოდ, ისეთი ხასიათისა და სპეციფიკის მქონე ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენას, რაც მოითხოვდა მაღალი დონის ორგანიზებასა და იდეოლოგიურ ერთგულებას.

8. რაც შეეხება მათი სახლების ჩხრეკის შესახებ მოთხოვნას, პროკურატურის ორგანო ამავე ინფორმაციაზე მითითებით ამტკიცებდა, რომ არსებობდა იმის გონივრული ეჭვი, რომ ზემოაღნიშნული ხუთი პირი, მომჩივნის ნათესავის ჩათვლით, საკუთარ სახლებში ინახავდა იარაღს და საბრძოლო მასალას, ან/და გამოძიებისთვის მნიშვნელოვან სხვა დოკუმენტებს ან საგნებს.

9. 2017 წლის 23 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა ხუთი პირის, მათ შორის თ.მ.-ის დაკავების და მათი სახლების ჩხრეკის ბრძანება. მოსამართლემ დაადგინა, რომ არსებობდა მათი მიმალვის და მტკიცებულებების გაყალბების რისკი, ასევე რისკი იმისა, რომ ისინი შესაძლოა აგრძელებდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას. ამასთან დაკავშირებით, მოსამართლემ აღნიშნა, რომ ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაული იყო ჯგუფური დანაშაულის ყველაზე საშიში ფორმა და რომ არსებობდა იმის გონივრული ეჭვი, რომ ეს ხუთი პირი თავის დანაშაულებრივ საქმიანობას ჯერ კიდევ აგრძელებდა, წარმოდგენილი მტკიცებულებების ხასიათის გათვალისწინებით. იმავე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე გასცა მათი სახლების ჩხრეკის ბრძანება. მოსამართლის დასკვნის მიხედვით, არსებობდა იმის გონივრული ეჭვი, რომ ამ ხუთმა პირმა ჩაიდინა სადავო დანაშაული და რომ ჩხრეკის განხორციელების მტკიცებულებითი სტანდარტი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ჩხრეკის ბრძანებები გაიცა იარაღის და საბრძოლო მასალის და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვა დოკუმენტების ან საგნების ამოღების მიზნით.

10. 2017 წლის 26 დეკემბერს, დილის დაახლოებით 3:45-დან 4:00 საათამდე შუალედში, „სუს“-ის სპეცდანიშნულების რაზმი („SAU“) შევიდა მომჩივნების სახლში თ.მ.-ის დასაკავებლად. ოპერაციაში ჩართული იყო ოცდათორმეტი სპეცრაზმელი. სპეცრაზმელი N1, რომელსაც მიჰყვა სპეცრაზმელი N2, შევიდა თ.მ.-ის საძინებელში, რომელიც მდებარეობდა მეორე სართულზე. გამოძიების მასალის მიხედვით, თ.მ.-მა, უგულებელყო რა პირველი სპეცრაზმელის მოთხოვნა, ხელები აეწია და დანებებოდა, სცადა ხელყუმბარის აფეთქება, რის გამოც მას თავში ესროლეს. „სუს“-ის სამედიცინო პერსონალმა თ.მ.-ს სახლშივე აღმოუჩინა პირველადი სამედიცინო დახმარება; შემდეგ, დილის 4:16-დან 4:26 საათამდე შუალედში იგი ჯერ ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში, შემდეგ კი თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას თავის არეში მიყენებულ ჭრილობაზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. 2017 წლის 28 დეკემბერს მომჩივანი გადაიყვანეს თბილისის საავადმყოფოში, სადაც, თითქმის ორკვირიანი სტაციონარული მკურნალობის შემდეგ, 2018 წლის 10 იანვარს თ.მ.-ი გარდაიცვალა.

11. საქმის მასალების მიხედვით, სპეცოპერაციიდან დაახლოებით სამი საათის განმავლობაში, 2017 წლის 26 დეკემბერს, დილის 7 საათიდან, „სუს“-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტის გამომძიებელმა ი.კ.-მ ჩაატარა მომჩივნების სახლის ჩხრეკა ორი ექსპერტ-კრიმინალისტის და ასაფეთქებელი მოწყობილობის ექსპერტის დახმარებით. ჩხრეკას, რომელიც გაგრძელდა დილის 9:02 საათამდე, პირველი მომჩივანიც დაესწრო. ჩხრეკის შედეგად გამომძიებელმა ამოიღო სხვადასხვა ნივთი, მათ შორის, სახლის პირველი და მეორე სართულიდან ამოიღო რამდენიმე მობილური ტელეფონი, თ.მ.-ის საძინებლიდან კომპიუტერის პროცესორი და 23,600 ქართული ლარი (დაახლოებით 7000 ევრო). მან ასევე ამოიღო ცილინდრის ფორმის მომწვანო საგანი (მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს ხელყუმბარა იყო), რომელიც იდო იატაკზე, თ.მ.-ის საწოლის მარცხნივ. ჩხრეკის ყველა მონაწილემ, პირველი მომჩივნის ჩათვლით, ხელი მოაწერა ჩხრეკის ოქმს. ჩხრეკის დროს გადაიღეს ფოტოები.

12. საქმის მასალების მიხედვით, ჩხრეკის შემდეგ გამომძიებელმა და ექსპერტებმა მომჩივნების სახლი დატოვეს ისე, რომ თ.მ.-ის საძინებელი არ ჩაუკეტავთ უსაფრთხოების მიზნით. შემდეგ, მომჩივნები, რამდენიმე მეზობელი და ადგილობრივი ჟურნალისტი შევიდნენ საძინებელში, სადაც ჟურნალისტმა გადაიღო ფოტოები. ადგილობრივი ჟურნალისტის მიერ გადაღებულ ორ ფოტოზე მომჩივნებმა, როგორც თავად ამტკიცებდნენ, ამოიცნეს თ.მ.-ის „iPhone“-ის ყურსასმენები, რომლებიც, მათი თქმით, შემდგომში გაუჩინარდა (ამასთან დაკავშირებით იხილეთ, ქვემოთ, პარაგრაფები 38და 42).

13. იმავე დღეს, „სუს“-მა ჩაატარა ოთხი სხვა სპეცოპერაცია და დააკავა თ.მ.-ის ოთხი სავარაუდო თანამზრახველი, მათი მხრიდან რაიმე წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. საქმის მასალების მიხედვით, მათ საბოლოოდ წაუყენეს ბრალი და დაადანაშაულეს ტერორისტული დაჯგუფებისთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენასა და მარაგის მიწოდებაში, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 3331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს. თ.მ.-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესი შეწყდა მისი გარდაცვალების გამო.

  1. გამოძიება და გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის განუხორციელებლობის შესახებ

14. 2017 წლის 26 დეკემბერს კახეთის საოლქო პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, თუ რა გარემოებებში დაიჭრა თ.მ.-ი, სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (უფლებამოსილების გადამეტება) საფუძველზე (ციტირებულია ქვემოთ, პარაგრაფში 58). იმავე დღეს, მომჩივნების გამოკითხვის შემდეგ, გამოძიება გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3(ბ) პუნქტის (უფლებამოსილების გადამეტება ძალადობის ან იარაღის გამოყენებით) (იქვე) საფუძველზე და საქმე გადაეცა თბილისის პროკურატურას.

  1. დანაშაულის ადგილის დათვალიერება და მომჩივნების გამოკითხვა

15. 2017 წლის 26 დეკემბერს, საღამოს 4:00-დან 5:50 საათამდე შუალედში, კახეთის საოლქო პროკურატურის გამომძიებელმა ადგილზე დაათვალიერა თ.მ.-ის საძინებელი ორი ექსპერტ-კრიმინალისტის მონაწილეობით. დათვალიერების დროს, რომელსაც ასევე ესწრებოდა მესამე მომჩივანი, თ.მ.-ის და, გამომძიებელმა ამოიღო რამდენიმე ნივთმტკიცება, მათ შორის ბალიშის პირები და საბანი, რომლებზეც სისხლის ლაქები იყო. დათვალიერების ოქმში აღნიშნული იყო, რომ დაფიქსირდა ორი ნახვრეტი, ერთი თ.მ.-ის საწოლის თავზე, ხოლო მეორე საწოლის უკანა კედელზე, იატაკიდან, შესაბამისად, 85,5 სმ და 84 სმ სიმაღლეზე. კედელში არსებული ნახვრეტიდან ამოღებულ იქნა ლითონის ფრაგმენტები, რომლის ზომა იყო დაახლოებით 3 სმ. როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში იყო აღნიშნული, გამომძიებლის მოსვლამდე თ.მ.-ის საძინებელი გაიჩხრიკა „სუს“-ის წარმომადგენლების მიერ (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფი 13).

16. იმავე დღეს, გამოძიებაზე პასუხისმგებელმა გამომძიებელმა მომჩივნები გამოჰკითხა. მეოთხე მომჩივნის, თ.მ.-ის დედის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ის და მისი ქმარი დაახლოებით დილის 3:00 საათზე გააღვიძა კარის შემტვრევის ხმამ, რომელიც მოდიოდა მათი სახლის მეორე სართულიდან. შემდეგ მან დაინახა რაღაც სინათლე და გაიგონა ხმა, რომელიც თოფის გასროლის ხმას ჰგავდა. შემდეგ ის და მისი ქმარი სწრაფად გამოვიდნენ პირველ სართულზე მდებარე საძინებლიდან და სახლის ეზოში დაინახეს რამდენიმე ნიღბიანი, შეიარაღებული სპეცრაზმელი. ამ დროს, მეოთხე მომჩივანი ცუდად გახდა ათი წუთის განმავლობაში გონება ჰქონდა დაკარგული. როდესაც იგი გონს მოვიდა, ის, მისი დედამთილი და მისი ქალიშვილი იარაღის მუქარით შეიყვანეს საძინებელში და იქ ჩაკეტეს. მეოთხე მომჩივანმა განაცხადა, რომ არცერთ შეიარაღებულ სპეცრაზმელს მათთვის არ მიუყენებია ფიზიკური ან სხვაგვარი შეურაცხყოფა. დილით ის და მისი ქმარი წავიდნენ საავადმყოფოში, სადაც მან შეიტყო, რომ მისი ვაჟი შუბლში იყო დაჭრილი.

17. მესამე მომჩივნის, თ.მ.-ის დის თქმით იმ ღამეს, როდესაც სპეცოპერაცია ტარდებოდა მას სახლის მეორე სართულზე, მისი ძმის საძინებლის გვერდით ოთახში ეძინა. დილის დაახლოებით 3:30 საათზე მას მოესმა ვიღაც როგორ უახლოვდებოდა, შემდეგ კი კარის შემტვრევის ხმა გაიგონა. ის მაშინვე ადგა, გააღო თავისი საძინებლის კარი და აივანზე, თავისი ძმის საძინებლის შესასვლელთან დაინახა ორი შეიარაღებული და ნიღბიანი კაცი, რომლებმაც მას უბრძანეს, რომ ძირს დაწოლილიყო. ის მათ ბრძანებას დაემორჩილა და წამიერად მოკრა თვალი ერთ-ერთი თანამშრომელი როგორ ისროდა თ.მ.-ის საძინებლის მიმართულებით. შემდეგ მან გაიგო, თუ როგორ თქვა ერთ-ერთმა შეიარაღებულმა სპეცრაზმელმა, რომ იქ იყო დაჭრილი, რომელსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. სროლის შემდეგ, მეორე სართულის აივანზე კიდევ ოთხი ნიღბიანი და შეიარაღებული სპეცრაზმელი ამოვიდა. მათ დაამშვიდეს მესამე მომჩივანი და ქვევით ჩაიყვანეს ერთ-ერთ საძინებელში დედასთან და ბებიასთან. გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მესამე მომჩივანს ძმის საძინებელში შესვლის უფლება მიეცა მხოლოდ „სუს“-ის წასვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ. მან დაინახა სისხლის ლაქები მის საწოლზე, ბალიშზე და იატაკზე, ასევე დაინახა დაზიანებული კედელი.

18. მეორე მომჩივანმა, თ.მ.-ის ბებიამ გამოკითხვისას განაცხადა, რომ დილის დაახლოებით 3:30 საათზე მან გაიგონა კარის შემტვრევის ხმა, რასაც რამდენიმე წამში მოჰყვა იარაღის სროლის ხმა. მან თქვა, რომ შეიარაღებულმა სპეცრაზმელებმა ის შვილიშვილთან და რძალთან ერთად ჩაკეტეს საძინებელში, შემდეგ კი გადავიდნენ მისი მეზობლის სახლში.

19. პირველი მომჩივნის, თ.მ.-ის მამის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მან გაიგო კარის შემტვრევის ხმა დილის დაახლოებით 3:30 საათზე, რასაც რამდენიმე წამში მოჰყვა ორი თუ სამი გასროლა. ის და მისი ცოლი საძინებლიდან გამოიქცნენ, მაგრამ მეორე სართულზე ასვლაში ხელი შეუშალა დაახლოებით ათიდან თხუთმეტამდე შეიარაღებულმა და ნიღბიანმა სპეცრაზმელმა. პირველი მომჩივანი იარაღის მუქარით ძირს დააწვინეს სახლის ეზოში და ასე დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში გააჩერეს. შემდეგ ის პირველ სართულზე მდებარე დედამისის საძინებლამდე მიიყვანეს და იქ ჩაკეტეს. პირველმა მომჩივანმა თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ დაახლოებით სამი საათის შემდეგ მას უთხრეს, რომ დასწრებოდა სახლის ჩხრეკას ჯერ პირველ სართულზე, რის შედეგადაც ამოიღეს მისი მობილური ტელეფონი, ხოლო შემდეგ კი დასწრებოდა ჩხრეკას მეორე სართულზე. როდესაც მას მისცეს თ.მ.-ის საძინებელში შესვლის უფლება მან დაინახა, რომ მისი ვაჟის საძინებელი არეული იყო, რამაც მას აფიქრებინა, რომ ოთახის ჩხრეკა უკვე ჩატარდა. საძინებელში შესვლისას, მან შენიშნა სისხლის ლაქები იატაკზე, საწოლზე და საწოლის უკანა კედელზე. როდესაც მან იკითხა ლაქების შესახებ მას უთხრეს, რომ თ.მ.-მა სცადა ხელყუმბარის აფეთქება და აუცილებელი მოგერიების მიზნით მას ესროლეს. სპეცრაზმელებმა განაცხადეს, რომ თ.მ.-ის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და რომ ის საავადმყოფოში წაიყვანეს. პირველ მომჩივანს აჩვენეს იატაკზე დადებული ხელყუმბარა, რომლის აფეთქებაც, სპეცრაზმელების თქმით, თ.მ.-მა სცადა. შეკითხვაზე პასუხად პირველმა მომჩივანმა განაცხადა, რომ მისთვის არ მიუყენებიათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა და რომ ის არ საჭიროებდა სამედიცინო შემოწმებას. მან ასევე განაცხადა, რომ არ სჯეროდა, რომ ხელყუმბარა მის ვაჟს ეკუთვნოდა.

20. მომჩივნები დამატებით გამოიკითხნენ 2018 წლის მარტში, აპრილსა და ივნისში და 2019 წლის თებერვალში. თავის დამატებით ჩვენებებში ისინი ჩიოდნენ, რომ სპეცოპერაციის დროს ისინი დაექვემდებარნენ ღირსების შემლახველ და დამამცირებელ მოპყრობას. მაგალითად, პირველი მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ის ნახევრად შიშველი, იძულებით დააწვინეს მიწაზე სახლის ეზოში და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მეორე მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მას დროულად არ ჩაუტარდა საჭირო სამედიცინო დახმარება ეპილეფსიის შეტევის დროს და გარდა ამისა, მას არ მისცეს ტუალეტში წასვლის უფლება და ის იძულებული გახდა მოეშარდა შეიარაღებული სპეცრაზმელების წინაშე.

  1. სპეცრაზმელების მტკიცებულება და „სუს“-ის სხვა მტკიცებულებები

21. 2017 წლის 28 დეკემბერს გამოძიებაზე პასუხისმგებელმა პროკურორმა წერილობით მიმართა „სუს“-სს და მოითხოვა ინფორმაცია იმ პირთა ვინაობის შესახებ, რომლებიც მონაწილეობდნენ 2017 წლის 26 დეკემბრის სპეცოპერაციაში, ასევე სპეცოპერაციის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ და გამოითხოვა სპეცოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ შედგენილი ოქმი. 2018 წლის 4 იანვარს პროკურორმა ხელახლა მიმართა თხოვნით. საპასუხოდ, 2018 წლის 1 თებერვალს „სუს“-ის წარმომადგენელმა გადასცა იმ ოცდათორმეტი თანამშრომლის სია, რომლებიც მონაწილეობდნენ ოპერაციაში; სიაში ასევე მოცემული იყო ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც თითოეულ მათგანს ჰქონდა იმ ღამეს. ამავე წერილით პროკურორს აცნობეს, რომ სპეცოპერაციის ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი ან ფოტომასალა არ არსებობდა. პროკურორის მოთხოვნა სპეცოპერაციის შესახებ შედგენილი ოქმის შესახებ უპასუხოდ დარჩა.

22. 2018 წლის 1 თებერვალს გამოიკითხა სპეცრაზმელი N1, რომელმაც ესროლა თ.მ.-ს. მისი გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მოცემული ოპერაციის მიზანი იყო ჩატაევის ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებულ პირთა დაკავება. ბრძანების მიხედვით, ეჭვმიტანილები ცოცხლად უნდა დაეკავებინათ და თავიდან უნდა აეცილებინათ მათი „ლიკვიდაცია“. ზოგიერთი სხვა სპეცრაზმელი იცავდა სახლის ეზოს უსაფრთხოებას, ხოლო დანარჩენი კი პასუხისმგებელი იყო პირველი სართულის დაცვაზე. მას უთხრეს, რომ მომჩივნების სახლის მეორე სართულზე ასულიყო და იქ არსებული ორი ოთახი გაეკონტროლებინა. მის მარჯვნივ მდებარე პირველ ოთახში შესვლამდე სპეცრაზმელ N1-მა შეამოწმა კარი, რომელიც არ იყო ჩაკეტილი; მან ასევე შენიშნა ფანჯრიდან გამომავალი სინათლე. შემდეგ ის შევიდა ოთახში და მას იქ შეჰყვა კიდევ ერთი სპეცრაზმელი (სპეცრაზმელი N2). ორი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ მან დაინახა თ.მ.-ი, რომელიც მღვიძარე, ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში იყო საწოლში, ხოლო თავი ოდნავ წამოწეულ ბალიშზე ჰქონდა დადებული. თ.მ.-ს ეხურა საბანი, რის გამოც სპეცრაზმელ N1-მა ვერ დაინახა მისი ხელები. სპეცრაზმელმა თ.მ.-ს უბრძანა, რომ ხელები აეწია და არ განძრეულიყო. თუმცა, თ.მ.-მა საბანი გაიხადა და თავისი საწოლის მარჯვენა მხარეს, ხელყუმბარისკენ გაიწოდა ხელი. ხელყუმბარის დატაცებისთანავე ის დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას საწოლში და სცადა მისი აფეთქება. სპეცრაზმელი N1-ის თქმით, იმ მომენტში, ვინაიდან მის და მეორე სპეცრაზმელის სიცოცხლეს გარდაუვალი საფრთხე ემუქრებოდა, მან იმოქმედა აუცილებელი მოგერიების მიზნით და ცეცხლი გაუხსნა თ.მ.-ს მისი „Sig Sauer“-ის „მოდელი 516“ იარაღიდან, რის შედეგადაც თ.მ.-ი დაიჭრა თავის არეში. ამის შემდეგ, თ.მ.-ს ხელიდან გაუვარდა ხელყუმბარა, რომელიც საწოლზე დაეცა. სპეცრაზმელმა ხელყუმბარა აიღო და, უსაფრთხოების მიზნით, იატაკზე დადო. კონკრეტულ კითხვაზე პასუხად, სპეცრაზმელი N1 სულ იმეორებდა, რომ მათ დაავალეს თ.მ.-ის დაკავება და არა მისი მოკვლა ან/და დაჭრა.

23. სპეცრაზმელი N1 შემდგომში რამდენჯერმე გამოჰკითხეს. 2019 წლის 6 აგვისტოს დამატებით ჩვენებაში მან დაადასტურა, რომ თ.მ.-ი თავის საწოლში იწვა და ტანი და ხელები სრულად ჰქონდა დაფარული და რომ ხელყუმბარის აღების შემდეგ ის საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა საწოლში. კონკრეტულ კითხვაზე პასუხად მან აღნიშნა, რომ თ.მ.-ის საძინებელში სინათლე ენთო და თ.მ.-ს სპეცრაზმელების ოთახში შესვლის მომენტში ეღვიძა. მან ასევე უარყო მომჩივნების ბრალდებები მათ ღირსების შემლახველ მოპყრობასთან დაკავშირებით, როგორც ფაქტები რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა და განაცხადა, რომ ოპერაციის წინ ოპერაციის შესახებ ბრძანებები სიტყვიერად იქნა გაცემული. 2020 წლის 22 იანვრის დამატებით ჩვენებაში მან ასევე განაცხადა, რომ დაინახა, თ.მ.-მა როგორ ამოიღო ხელყუმბარა საწოლის ზედა მარჯვენა მხრიდან და რომ არ ახსოვდა, გასროლის შემდეგ დაინახა თუ არა მობილური ტელეფონი თ.მ.-ის საწოლში. რაც შეეხება თავად გასროლას ის ამტკიცებდა, რომ მან თ.მ.-ს პირდაპირ თავში იმიტომ დაუმიზნა, რომ სხეულის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემთხვევაში მაინც იარსებებდა ხელყუმბარის აფეთქების რისკი.

24. სპეცრაზმელ N2-მა პირველი სპეცრაზმელის იდენტური ჩვენება მისცა. მან დაადასტურა, რომ პირველმა სპეცრაზმელმა თ.მ.-ს ხელების ჩვენება უბრძანა. მან ასევე დაინახა თ.მ.-ის მცდელობა მისწვდომოდა ხელყუმბარას და აეფეთქებინა იგი, რა მომენტშიც პირველმა სპეცრაზმელმა ესროლა მას. მეორე სპეცრაზმელმა აღნიშნა, რომ ბრძანების მიხედვით, სპეცოპერაციის დროს მათ ეჭვმიტანილი ტერორისტები უნდა დაეკავებინათ. 2020 წლის 22 იანვრის დამატებით ჩვენებაში მან განაცხადა, რომ არ უნახავს, როგორ აიღო ხელყუმბარა თ.მ.-მა, რადგან ის სპეცრაზმელი N1-ის უკან იდგა. როდესაც მან დაინახა თ.მ.-ი ხელყუმბარით, თ.მ.-ი უკვე იმყოფებოდა ისეთ მდგომარეობაში, რომ მას არ ჰქონდა ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შესაძლებლობა. მას ასევე არ ახსოვდა, დაინახა თუ არა საწოლში მობილური ტელეფონი.

25. სპეცრაზმელებმა NN 3 და 4 თავის ჩვენებებში დაადასტურეს პირველი და მეორე სპეცრაზმელის მიერ წარმოდგენილი მოვლენების ვერსია. მათ განაცხადეს, რომ ისინი მეორე სართულის აივანზე იმყოფებოდნენ, როდესაც სროლის ხმა გაიგეს. ისინი მაშინვე გაემართნენ თ.მ.-ის საძინებლისკენ, მაგრამ ოთახში შესვლისთვის მათ დაახლოებით თხუთმეტიდან ოც წამამდე დასჭირდათ, რადგან სპეცრაზმელი N3 თავისი ზურგჩანთით შესასვლელში გაჩერდა, ხოლო სპეცრაზმელ N4-ს მოუწია კარის ერთი ფრთის თავისი ფეხით შეტეხვა, რათა მათთვის შესვლის საშუალება მიეცა. მათ აღნიშნეს, რომ როდესაც ოთახში შევიდნენ, დაინახეს ხელყუმბარა, რომელიც საწოლის მარცხენა მხარეს პატარა ხალიჩაზე იდო. დანარჩენი სპეცრაზმელებიც რამდენჯერმე გამოჰკითხეს. ყველა მათგანმა იდენტური ჩვენება მისცა, მიაწოდა მოკლე ინფორმაცია ოპერაციის შესახებ და უარყო მომჩივნების მტკიცებები იმის შესახებ, რომ ღირსების შემლახველ მოპყრობასთან დაკავშირებით ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მათ ასევე განაცხადეს, რომ სპეცოპერაციის ჩატარებამდე მათ მიეცათ სიტყვიერი მითითებები და როგორც მათ უთხრეს, დასაკავებელი პირები იყვნენ ჩატაევის დაჯგუფების მოკავშირეები და შესაბამისად, მათი მხრიდან მოსალოდნელი იყო სამხედრო წინააღმდეგობის გაწევა; რომ სპეცოპერაციის მიზანი იყო ეჭვმიტანილთა დაკავება.

26. 2018 წლის 20 თებერვალს დაიკითხა ნაღმების ამოღებაზე პასუხისმგებელი ორი თანამშრომელი (ფეთქებადი ნივთიერების ექსპერტი). მათი ჩვენებების მიხედვით, როდესაც ოპერაცია დაიწყო ისინი მანქანაში ისხდნენ მომჩივნების სახლთან ახლოს. ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, რადიოკავშირის მოწყობილობებით მათ გაიგეს ინფორმაცია „ობიექტის“ დაჭრის შესახებ და იმის შესახებ, რომ მას სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი დაიბარეს თ.მ.-ის საძინებელში, სადაც ნახეს, რომ შესასვლელი კარიდან მარცხენა მხარეს, იატაკზე ხელყუმბარა იდო. ხელყუმბარის გაუვნებლების შემდეგ მათ ის იმავე ადგილზე დააბრუნეს. შემდეგ მათ ოთახი შეამოწმეს, მაგრამ რაიმე სხვა ასაფეთქებელი მასალა ვერ აღმოაჩინეს. კონკრეტულ კითხვაზე პასუხად მათ განაცხადეს, რომ როდესაც ისინი შევიდნენ საძინებელში, თ.მ.-ი იქ აღარ იყო. მათ დაადასტურეს, რომ საწოლზე და იატაკზე დაინახეს სისხლის ლაქები და განაცხადეს, რომ სპეცრაზმელებმა მათ უთხრეს, თუ როგორ ჩაიარა ოპერაციამ, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორც სცადა თ.მ.-მა ხელყუმბარის აფეთქება და ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა როგორ მოახდინა გასროლა აუცილებელი მოგერიების მიზნით.

27. 2018 წლის 18-19 აპრილს დაიკითხა სპეციალური დანიშნულების რაზმის ორი ექიმი. დაკითხვის დროს მიცემული ჩვენებების მიხედვით, როდესაც სპეცოპერაცია დაიწყო, ისინი იმყოფებოდნენ სოფელ დუისში. ისინი გარეთ იყვნენ გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის სპეციალურად აღჭურვილ მანქანაში. ოპერაციის დაწყებიდან დაახლოებით ათ წუთში მათ რადიოკავშირის მოწყობილობით შეიტყვეს, რომ „ობიექტი“ დაშავდა. ორ-სამ წუთში მათ სთხოვეს მომჩივნების სახლში შესვლა. როდესაც ისინი შევიდნენ, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, თ.მ.-ის საძინებელში, თ.მ.-ი იწვა საწოლზე უგონო მდგომარეობაში, ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში მიყენებული ერთი გამჭოლი ჭრილობით. მას გაუწიეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ჭრილობა დაუმუშავეს და საკაცით მანქანაში გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის მათ აცნობეს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა უკვე გზაში იყო, გადაუდებელი მდგომარეობის გამო მაინც გადაწყვიტეს, რომ თ.მ.-ი სასწრაფო დახმარების მანქანის მიმართულებით წაეყვანათ. დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში მანქანით სიარულის შემდეგ ისინი შეხვდნენ სასწრაფო დახმარების მანქანას და თ.მ.-ი მასში გადაიყვანეს.

28. სპეცრაზმელები კვლავ დაიკითხნენ 2019 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ხოლო შემდეგ, 2020 წლის იანვარში. დამატებით ჩვენებებში მათ დაადასტურეს, რომ მათ წინასწარ არ მისცეს რაიმე წერილობითი დოკუმენტი ოპერაციის დაგეგმვასთან დაკავშირებით, რომ მათ მიეცათ სიტყვიერი მითითებები და რომ ოპერაციასთან დაკავშირებული ზოგიერთი ძირითადი საკითხი დაფაზე დაიწერა და შემდეგ წაიშალა. როდესაც ჰკითხეს ყურსასმენების შესახებ, ყველამ აღნიშნა, რომ თ.მ.-ის საძინებელში ყურსასმენები არ უნახავთ.

29. 2019 წლის 14 აგვისტოს დაიკითხა ი.ჩ., „სუს“-ის ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსი. დაკითხვისას მიცემული ჩვენებების თანახმად, თ.მ.-ის და კიდევ ოთხი სხვა პირის ვინაობა დადგინდა ახმედ ჩატაევისა და მისი ტერორისტული დაჯგუფების საქმიანობაზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში. ეს ხუთი ადამიანი ეჭვმიტანილი იყო ტერორისტებისთვის მატერიალური დახმარების გაწევაში, მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და საკვების მიწოდებაში. ასევე არსებობდა ეჭვი, რომ ისინი ეხმარებოდნენ ჩატაევს შეიარაღებაში. ი.ჩ.-ის თქმით, 2017 წლის 21-22 ნოემბრის სპეციალურ ოპერაციასთან დაკავშირებით მათი გამოცდილების გათვალისწინებით, გადაწყდა 2017 წლის 26 დეკემბერს ხუთი პირის დაკავების სპეცოპერაციაში სპეცრაზმის ჩართვა. ი.ჩ.-მა სპეცრაზმის უფროსს, ზ.ზ.-სს გააცნო საქმის გარემოებები, მათ შორის ის ინფორმაცია, რომელსაც ის ფლობდა ამ ხუთი პირის შესახებ. მას უთხრა, რომ ეს პირები იყვნენ იმ ტერორისტების მოკავშირეები, რომელთა „ლიკვიდაცია“ მოხდა ნოემბრის სპეცოპერაციის შედეგად და შესაბამისად, ისინი შეიძლება აღჭურვილნი ყოფილიყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით და ასაფეთქებელი მასალით და დაკავებისას შეიძლება შეიარაღებული წინააღმდეგობა გაეწიათ. ი.ჩ.-მა დაკითხვისას ასევე აღნიშნა, რომ ხუთი პირის საცხოვრებელი ადგილის დადგენის შემდეგ, 2017 წლის 25 დეკემბერს ოპერაცია დაიგეგმა 2017 წლის 26 დეკემბრის ადრე დილისთვის. იგი ოპერაციას კოორდინირებას თბილისიდან უწევდა, ხოლო პ.ჯ.-ი, მისი მოადგილე ადგილზე, სოფელ დუისში იმყოფებოდა.

30. 2019 წლის 15 აგვისტოს დაიკითხა პ.ჯ.-ი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მისი ჩვენების მიხედვით, დაკავების ოპერაცია დაიგეგმა 2017 წლის 25 დეკემბერს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ხუთ პირს ჩატაევის ტერორისტულ დაჯგუფებასთან ჰქონდა კავშირი, ოპერაცია იმის ვარაუდის საფუძველზე დაიგეგმა, რომ აღნიშნულ ხუთ პირს შეიძლება შეიარაღებული წინააღმდეგობა გაეწია. ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსის, ი.ჩ.-ის ბრძანებით დაკავების ოპერაციას მსხვერპლის გარეშე უნდა ჩაევლო და სპეცრაზმს უნდა მიეღო ყველა შესაძლო ზომა ეჭვმიტანილების დაჭრის ან „ლიკვიდირების“ თავიდან ასაცილებლად. პ.ჯ.-ი პირადად გაემგზავრა სოფელ დუისში ორი ეჭვმიტანილის, მათ შორის თ.მ.-ის დაკავების ზედამხედველობის მიზნით. გეგმის მიხედვით, სპეცრაზმელები პირველ რიგში უნდა შესულიყვნენ სახლებში ეჭვმიტანილების დასაკავებლად და ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შემდეგ მათ უნდა მიჰყოლოდნენ „სუს“-ის გამომძიებლები. ოპერაცია დაიწყო დილის დაახლოებით 3:30 წუთზე. დაახლოებით ათი-ოცი წუთის შემდეგ, პ.ჯ.-ს ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა (ვერ დააკონკრეტა, რომელმა მათგანმა) რადიოკავშირის მოწყობილობის მეშვეობით აცნობა, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაშავდა და საჭიროებდა სამედიცინო დახმარებას. კონკრეტულ კითხვაზე პასუხად მან განაცხადა, რომ ის თ.მ.-ის საძინებლის ჩხრეკაში არ მონაწილეობდა. თუმცა, ჩხრეკისას პირველი მომჩივნის მხრიდან რაიმე შესაძლო გართულების თავიდან აცილების მიზნით, ის გამომძიებლებს მიჰყვა თ.მ.-ის საძინებლისკენ და დაინახა სისხლის ლაქები საწოლსა და იატაკზე. მან ასევე შენიშნა ნახვრეტი საწოლის თავზე და ხელყუმბარა, რომელიც იდო იატაკზე, საწოლის გვერდით.

31. 2019 წლის 19 აგვისტოს დაიკითხა „სუს“-ის უფროსის მოადგილე. მან განაცხადა, რომ 2017 წლის 26 დეკემბრის სპეცოპერაციას ის თბილისიდან უწევდა კოორდინაციას კონტრ‑ტერორისტული დეპარტამენტის უფროსთან, ი.ჩ.-თან ერთად.

32. ი.კ.-ი, „სუს“-ის გამომძიებელი, რომელმაც ჩაატარა მომჩივნების სახლის ჩხრეკა სპეცოპერაციის შემდეგ, დაიკითხა 2018 წლის 29 მაისს, 2019 წლის 7 აგვისტოსა და 25 ნოემბერს და 2020 წლის 23 იანვარს. რაც შეეხება თ.მ.-ის საძინებლის ჩხრეკის გარემოებებს, ი.კ.-ის ჩვენების მიხედვით, მოიწვიეს სპეციალური დანიშნულების განყოფილების ასაფეთქებელი ნივთიერებების პირველი ორი ექსპერტი. მათ გააუვნებლეს ხელყუმბარა და გაჩხრიკეს თ.მ.-ის საძინებელი სხვა შესაძლო ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის მიზნით. შემდეგ გამოიძახეს ორი ექსპერტ-კრიმინალისტი ჩხრეკის ჩასატარებლად. 2020 წლის 23 იანვარს დამატებითი დაკითხვისას, კონკრეტულ კითხვაზე პასუხად ი.კ.-მა აღნიშნა, რომ თ.მ.-ის საძინებელში, კერძოდ, მის საწოლზე ყურსასმენები არ იყო. მან ასევე დაადასტურა, რომ არ დაიცვა შემთხვევის ადგილი, რადგან ამოიღო ყველა ის მტკიცებულება, რაც მას სჭირდებოდა ტერორიზმთან დაკავშირებული გამოძიებისთვის. მან ასევე არ იცოდა, რომ თ.მ.-ის დაჭრის ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებული იყო. ზ.ნ.-მ, „სუს“-ის მეორე თანამშრომელმა, რომელიც მონაწილეობდა ჩხრეკაში, თავის დაკითხვის ოქმში დაადასტურა ეს გარემოებები. თ.მ.-ის საძინებლიდან ამოღებულ ნივთებს შორის მან დაასახელა რამდენიმე მობილური ტელეფონი და ერთი ხელყუმბარა. მან აღნიშნა, რომ ხელყუმბარის ორი ნაწილი იატაკზე, შესასვლელი კარიდან მარცხენა მხარეს ეგდო, ხოლო ერთ-ერთი მობილური ტელეფონი იატაკზე იდო.

33. საქმის მასალების მიხედვით „სუს“-ი ამტკიცებდა, რომ სპეცოპერაციის აუდიო ან ვიდეოჩანაწერი არ გაკეთებულა ან ფოტოგადაღება არ ჩატარებულა. 2019 წლის 26 ივნისის წერილში, პროკურატურის ორგანოს წერილის პასუხად, „სუს“-ის წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ არ შედგენილა რაიმე წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებდა ოპერაციის გეგმას ან მითითებებს სპეცრაზმელებისთვის. დაკავების ოპერაცია დაიგეგმა 2017 წლის 25 დეკემბერს, ხოლო სპეცრაზმელებისთვის დაფაზე დაიწერა გარკვეული მითითებები, რომლებიც შემდეგ წაიშალა.

  1. სასამართლო ექსპერტიზა

34. 2018 წლის 3 იანვარს ი.კ.-მ, „სუს“-ის გამომძიებელმა ხელყუმბარა და სხვა მტკიცებულებები გაგზავნა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და მოითხოვა ბიოლოგიური, ბალისტიკური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება. ხელყუმბარის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის 2018 წლის 10 იანვრით დათარიღებულ დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ ხელყუმბარაზე არსებული კვალი არ იყო საკმარისი ან ადეკვატური იდენტიფიკაციის მიზნებისთვის და ამგვარად, გამოყენებისთვის ვარგისი თითის ანაბეჭდების მიღება ვერ მოხერხდა. 2018 წლის 19 იანვრით დათარიღებული ბალისტიკური დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ხელყუმბარა იყო ფეთქებადი იარაღი, სანამ არ მოხდა ცეცხლსასროლი იარაღის სასამართლო ექსპერტიზის შედეგად მისი განადგურება. რაც შეეხება 2018 წლის 30 იანვრით დათარიღებულ ბიოლოგიურ დასკვნას, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ თ.მ.-ის საძინებლიდან ამოღებულ ხელყუმბარაზე იყო მოწითალო-ყავისფერი ლაქები, რომლებიც შეესაბამებოდა თ.მ.-ის გენეტიკურ პროფილს. საქმის მასალების მიხედვით, ხელყუმბარა განადგურდა ცეცხლსასროლი იარაღის ექსპერტიზის დროს.

35. 2018 წლის 23 იანვარს გაიცა კიდევ ერთი ბალისტიკური დასკვნა თ.მ.-ის საწოლის უკან კედლიდან ამოღებულ ლითონის ნამსხვრევებთან დაკავშირებით.

36. 2018 წლის 12 მარტს გაიცა სასამართლო სამედიცინო დასკვნა, რომლის მიხედვითაც თ.მ.-ს აღენიშნებოდა შუბლის მარცხენა მხარიდან თავის უკანა მხარეს გამომავალი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა. დასკვნაში ნათქვამია, რომ თავის დაზიანებამ გამოიწვია თ.მ.-ის გარდაცვალება და რომ იმ ქირურგიულმა ჩარევამ, რომელიც თ.მ.-ს ჩაუტარდა დაჭრის შემდეგ, ექსპერტს ხელი შეუშალა გასროლის მანძილის დადგენაში. დასკვნაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობის მიყენების ტრაექტორია იყო წინიდან უკანა მხარეს და თითქმის ჰორიზონტალური მიმართულების.

37. 2018 წლის 21 დეკემბერს გაიცა სასამართლო ექსპერტიზის კიდევ ერთი დასკვნა, რომლის მიხედვითაც შეუძლებელი იყო სროლის მომენტში თ.მ.-ის ზუსტი პოზიციის დადგენა მისი ხელების, ფეხებისა და ტანის ზუსტი მდებარეობის რამდენიმე შესაძლო ვარიანტის გამო. ამავე დროს, დასკვნაში აღინიშნა, რომ თ.მ.-ი იყო მწოლიარე მდგომარეობაში, ოდნავ აწეული თავით და რომ მისი ჯდომა ან დგომა გამორიცხული იყო.

38. 2019 წლის 29 ნოემბერს გაიცა ექსპერტიზის დასკვნა თ.მ.-ის საძინებლის ფოტოების შესწავლის შემდეგ, რომლებიც ადგილობრივმა ჟურნალისტმა სპეცოპერაციის დასრულებისთანავე გადაიღო (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფი 12). ეს ფოტოები შეადარეს „სუს“-ის გამომძიებლის მიერ ჩხრეკის დროს გადაღებულ ფოტოებს და შემდეგ პროკურატურის ორგანოს წარმომადგენლის მიერ დანაშაულის ჩადენის ადგილის დათვალიერებისას გადაღებულ ფოტოებს. ფოტოების გაანალიზების შემდეგ ექსპერტმა დაასკვნა, რომ, პირველ რიგში, ტექნიკურად შეუძლებელი იყო იმის ზუსტად დადგენა, თუ რა იყო ის თეთრი საგანი (რომელიც, მომჩივნების მტკიცებით, იყო თ.მ.-ის ტელეფონის ყურსასმენები), რომელიც ჩანდა ადგილობრივი ჟურნალისტის მიერ გადაღებულ ორ ფოტოზე და მეორე, ჩხრეკისა და დათვალიერების დროს გადაღებულ ფოტოებზე ეს საგანი არ ჩანდა.

39. სისხლის სამართლის მიმდინარე საქმისწარმოების ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე სხვა სასამართლო ექსპერტიზა, მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაჭრის შემდეგ თ.მ.-ისთვის აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების ადეკვატურობის შეფასების მიზნით. 2019 წლის 4 ოქტომბერს გაცემული შესაბამისი დასკვნის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ თ.მ.-ისთვის ხელოვნური სუნთქვის საშუალების მიწოდება დაგვიანდა, ამას არ ჰქონდა მიზეზობრივი კავშირი მის გარდაცვალებასთან და მეტიც, მისი მკურნალობის ყველა სხვა ეტაპი იყო ოპერატიული, ზუსტი და ადეკვატური.

  1. სხვა მტკიცებულებები

40. გამოძიების დროს დაიკითხნენ თელავის საავადმყოფოს ექიმი და ექთანი. მათ აღნიშნეს, რომ თ.მ.-ი, დილის დაახლოებით 7:10 საათზე საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანამ მიიყვანა, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჰქონდა ჭრილობა შუბლის მარცხენა მხარეს და რომ მას სხვა დაზიანებები არ აღენიშნებოდა. სასწრაფოს ექიმებმა და მძღოლმა, თავის მხრივ, აღნიშნეს, რომ მათ გამოძახება მიიღეს დილის 4:21 საათზე და სასწრაფოდ გაემგზავრნენ სოფელ დუისში, თუმცა, მისვლამდე სოფელ მატანთან ახლოს მათ შეხვდათ მანქანა, რომელსაც თ.მ.-ი მათი მიმართულებით მიჰყავდა. თ.მ.-ი სწრაფად აიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანაში და გადაიყვანეს ახმეტის საავადმყოფოში. კონკრეტული კითხვის პასუხად სასწრაფოს ერთ-ერთმა ექიმმა აღნიშნა, რომ როდესაც პირველად დაინახეს თ.მ.-ი, მას პირველადი სამედიცინო დახმარება უკვე აღმოჩენილი ჰქონდა.

41. თ.მ.-ის ბიძაშვილმა თავისი დაკითხვის დროს განაცხადა, რომ ბოლო შეტყობინება, რომელიც მან მიიღო თ.მ.-სგან სპეცოპერაციის ჩატარების დილას, იყო „WhatsApp“-ის მეშვეობით, დილის 3:39 საათზე.

42. 2019 წლის 22 იანვარს დაკითხეს ადგილობრივი ჟურნალისტი, რომელმაც გადაიღო თ.მ.-ის საძინებლის ფოტოები. მისი თქმით, ის წავიდა თ.მ.-ის საძინებლის სანახავად დილის 9-დან 10 საათამდე პერიოდში, პოლიციისა და სპეცრაზმელების წასვლისთანავე. მან გაიხსენა, რომ დაინახა წითელი ლაქები იატაკზე და საწოლზე. შესასვლელი კარის გვერდზე კედელი, საწოლის უკან, იყო გახვრეტილი, ხოლო მთელ იატაკზე მიმოფანტული ბალიშები, ზეწრები, ლეიბი და საწოლის გადასაფარებლები სისხლით იყო დალაქული. მან თავისი მობილური ტელეფონით გადაიღო ცხრა ფოტო, ჩაწერა მესამე მომჩივნის ხანმოკლე გამოკითხვა და წავიდა, რათა შესაბამისი მოწყობილობით დაბრუნებულიყო. შემდეგ ის დაახლოებით 30 წუთში დაბრუნდა და შენიშნა, რომ ოთახში გარკვეული საგნები გადაადგილებული იყო. მან პროფესიონალის ფოტოაპარატით გადაიღო თექვსმეტი ფოტო. კონკრეტულ კითხვაზე პასუხად მან წარმოადგინა მის მიერ გადაღებული ფოტო, სადაც საწოლის გვერდით, ხალიჩაზე ჩანდა პატარა თეთრი საგანი. მან დაადგინა, რომ ეს ობიექტი იყო ტელეფონის ყურსასმენი. მან ასევე წარმოადგინა კიდევ ერთი ფოტო, სადაც კიდევ ერთი პატარა თეთრი საგანი ჩანდა. მან აღნიშნა, რომ ეს ობიექტი შეიძლება ყოფილიყო ყურსასმენი ან რაიმე სხვა.

43. სპეცოპერაციის გარემოებებთან დაკავშირებით ასევე დაიკითხა მომჩივნების რამდენიმე მეზობელი. ე.ც.-ის დაკითხვის ოქმის თანახმად, სპეცოპერაციის შემდეგ მალევე, როცა სპეცრაზმელებმა დაიწყეს წასვლა, იგი თ.მ.-ის დასთან ერთად თ.მ.-ის საძინებელში შევიდა და დაინახა სისხლით დალაქული თეთრეული. მან ასევე გაიხსენა, რომ დილით ადრე ჟურნალისტები მივიდნენ თ.მ.-ის საძინებლის სანახავად და მან ოთახში სისხლის ლაქები აჩვენა.

44. პროკურატურის ორგანომ ასევე დაკითხა ის ექსპერტები, რომლებმაც ჩაატარეს სხვადასხვა სასამართლო ექსპერტიზა.

  1. მომჩივნების ჩართულობა გამოძიებაში და მათი წვდომა გამოძიების მასალაზე

45. 2018 წლის 9 იანვარს მომჩივნებმა პროკურატურის ორგანოს მისწერეს და მოითხოვეს თ.მ.-ისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. პროკურატურის ორგანომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ გამოძიება აქტიურ ფაზაში იყო, ჯერ კიდევ ბევრი საგამოძიებო მოქმედება იყო ჩასატარებელი და არ არსებობდა საკმარისი საფუძველი იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ თ.მ.-ი იყო სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილის და 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად („სსსკ“ – იხილეთ, ქვემოთ მოცემულ პარაგრაფში 59 ციტირებული შესაბამისი დებულებები). თ.მ.-ის გარდაცვალების შემდეგ, 2018 წლის 16 იანვარს მომჩივნებმა გააგზავნეს ახალი მოთხოვნა და ამჯერად მათ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს პირველი მომჩივნისთვის, თ.მ.-ის მამისთვის. ეს მოთხოვნა და მომჩივნების შემდგომი სააპელაციო საჩივარი ზემდგომი პროკურორის მიერ არ დაკმაყოფილდა იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ადრე, 18 და 25 იანვარს იქნა უარყოფილი. ზემდგომმა პროკურორმა დამატებით აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, მომჩივნებს შეეძლოთ გარკვეული საპროცესო უფლებებით სარგებლობა, როგორიცაა, ინფორმაციის გამოთხოვა გამოძიების მსვლელობის შესახებ, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნა და საგამოძიებო მასალის არასაიდუმლო ნაწილებზე წვდომა. პირველი მომჩივნისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე რამდენიმე უარის შემდეგ, 2019 წლის 12 აპრილს მომჩივნებმა სასამართლოში გაასაჩივრეს პროკურატურის ორგანოს გადაწყვეტილება.

46. 2019 წლის 25 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნების საჩივარი, რითაც მხარი დაუჭირა პროკურატურის ორგანოს გადაწყვეტილებას. მოსამართლემ დაადგინა, რომ „სსსკ“-ის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილი და 56-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებდა დაზარალებულის სტატუსის მხოლოდ იმ პირისთვის მინიჭებას, რომელსაც ზიანი მიადგა სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგად. მან დამატებით მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელშიც ნათქვამი იყო შემდეგი:

„[გადაწყვეტილება] დაზარალებულის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის შესახებ არ მიღებულა პროკურორის თავისუფალი შეფასების ფარგლებში. კანონი ითვალისწინებს ობიექტურ საფუძვლებს და კრიტერიუმებს, რომელთა არსებობაც პროკურორს ავალდებულებს, პირი აღიაროს დაზარალებულად ან უარი თქვას დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. პროკურატურის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისას სასამართლო იკვლევს ასეთი გადაწყვეტილების სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს [პროკურატურის] დისკრეციულ უფლებამოსილებებში ჩაურევლად“.

47. ამგვარად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო პროკურატურის ორგანოს დასაბუთება იმდენად, რამდენადაც არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ თ.მ.-ის გარდაცვალება გამოიწვია „სუს“-ის თანამშრომლების „დანაშაულებრივმა ქმედებამ“ და შესაბამისად, პირველი მომჩივანი არ „იმსახურებდა“ დაზარალებულის სტატუსს.

48. 2019 წლის 2 დეკემბერს მომჩივნების წარმომადგენელმა კვლავ მოითხოვა პირველი მომჩივნისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. 2019 წლის 6 და 18 დეკემბერს საქმის მწარმოებელმა პროკურორმა და ზემდგომმა პროკურორმა, შესაბამისად, არ დააკმაყოფილეს მოთხოვნა. მომჩივნებმა ეს გაასაჩივრეს და ამტკიცებდნენ, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება დამოკიდებული იყო სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ ბრალდებების არსებობაზე და არა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებაზე. 2012 წლის 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნების მოთხოვნა. მოსამართლემ დაადგინა, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება დამოკიდებული იყო სამი წინაპირობის არსებობაზე: პირველი, სუბიექტი უნდა იყოს სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი; მეორე, უნდა იყოს ის, ვისაც მიადგა მორალური, მატერიალური ან ფიზიკური ზიანი; და მესამე, უნდა იყოს უშუალოდ დანაშაულის ჩადენის შედეგად დაზარალებული პირი. მოსამართლის მსჯელობით, შესაბამის მომენტში არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი სპეცრაზმელების მართლსაწინააღმდეგო ქმედებებსა და თ.მ.-ის გარდაცვალებას შორის.

49. საქმის მასალის მიხედვით, მომჩივნების წარმომადგენელს უფლება მიეცა, შეესწავლა საქმის მასალები ცხრამეტ საკითხზე პროკურატურის ორგანოს სამსახურში, მათ შორის გასაიდუმლოებული მასალა - სამჯერ, 2020 წლის 10, 22 და 23 იანვარს. გარდა ამისა, პროკურატურის ორგანომ დააკმაყოფილა მომჩივნების მოთხოვნა გარკვეული დამატებითი საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების შესახებ, მაგალითად, ადგილობრივი ჟურნალისტის მიერ ოპერაციის დასრულებისთანავე გადაღებული თ.მ.-ის საძინებლის ფოტოების დათვალიერება, ყურსასმენებთან დაკავშირებული საკითხის გარკვევის მიზნით; ინსცენირების ჩატარება თ.მ.-ის ზუსტი მდებარეობის დადგენის მიზნით იმ დროს, როცა მას ესროლეს; და „სუს“-ის რამდენიმე თანამშრომლის განმეორებით დაკითხვა.

50. მომჩივნებმა ასევე შეიტანეს მრავალჯერ შეიტანეს საჩივარი და სარჩელი გამოძიების ფარგლებსა და წესთან დაკავშირებით. მაგალითად, 2018 წლის 3 ივლისის პროკურატურის ორგანოსთვის გაგზავნილ თავის წერილში მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ თ.მ.-ის მობილური ტელეფონი და ის, რაც მისი „აიფონ“ ტელეფონის ყურსასმენები აღმოჩნდა, ამოიღო „სუს“-მა და რომ პროკურატურის ორგანოს უნდა მოეთხოვა ისინი შესაბამისი ექსპერტიზისთვის. საპასუხოდ, პროკურატურის ორგანომ მათ აცნობა, რომ თ.მ.-ის მობილური ტელეფონის კომპიუტერული და ტექნიკური (საინფორმაციო და ტექნოლოგიური) ექსპერტიზის დასკვნა იყო სისხლის სამართლის გამოძიების მასალის შემადგენელი ნაწილი.

51. 2018 წლის 25 ივლისს შეტანილ სხვა საჩივარში მომჩივნებმა გააკრიტიკეს ის ფაქტი, რომ პირველადი საგამოძიებო ღონისძიებები „სუს“-მა განახორციელა ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მოთხოვნის დარღვევით, რითაც ზიანი მიადგა მთლიანად გამოძიებას. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მომჩივნების სახლი იყო „სუს“-ის ექსკლუზიური კონტროლის ქვეშ, სულ მცირე, სამი საათის განმავლობაში, თ.მ.-ის საძინებლის გაჩხრეკამდე და რომ ამან აღძრა სერიოზული ეჭვები საძინებელში ხელყუმბარის არსებობასთან დაკავშირებით. ისინი ასევე ჩიოდნენ იმ ფაქტზე, რომ პროკურატურის ორგანომ არ დააკმაყოფილა პირველი მომჩივნისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული მოთხოვნა, ხოლო სტატუსის არარსებობის გამო, მათ თვითნებურად ეთქვათ უარი საგამოძიებო მასალაში არსებულ გასაიდუმლოებულ დოკუმენტებთან წვდომაზე. ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ გამოძიების ფარგლები იყო შეზღუდული და მათი მრავალჯერადი მოთხოვნის მიუხედავად, არ ითვალისწინებდა სპეცოპერაციის დაგეგმვის ეტაპს. რაც შეეხება თ.მ.-ის მობილურ ტელეფონს და ყურსასმენებს, მომჩივნები კვლავ ჩიოდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ საგამოძიებო მასალაში არ იყო ის ორი მტკიცებულება. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მომჩივნის მობილური ტელეფონით ბოლო სატელეფონო კავშირის დროის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, სპეცოპერაციის დროს იგი იყენებდა მის მობილურ ტელეფონს და ყურსასმენებს და შესაბამისად, არ გაუგია თავის საძინებელში „სუს“-ის თანამშრომლების შესვლა. ისინი ჩიოდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურის ორგანომ ამოღებული მობილური ტელეფონი არ შეამოწმა თ.მ.-ის სისხლის კვალის აღმოსაჩენად და ჩიოდნენ ასევე ყურსასმენების სავარაუდო გაუჩინარებასთან დაკავშირებით. სხვა პროცედურულ ხარვეზებზე საუბრისას მათ მოითხოვეს, რომ პროკურატურის ორგანოს სრულად შეესწავლა სპეცოპერაციის დაგეგმვის ეტაპი და გამოეძიებინა „სუს“-ის მიერ მტკიცებულებების გაყალბების შესახებ ბრალდებები.

52. 2018 წლის 13 მარტს, 30 ივლისს, 11 ოქტომბერს და 17 დეკემბერს პროკურატურის ორგანოსთვის გაგზავნილ თავის წერილებში მომჩივნები ასევე ამტკიცებდნენ, რომ „სუს“-ის თანამშრომლების მხრიდან მათ მიმართ გამოჩენილი მოპყრობა წარმოადგენდა არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში. მათ მოითხოვეს არაადამიანური მოპყრობის შესახებ თავის ბრალდებებთან დაკავშირებით ცალკე საქმისწარმოების დაწყება. ამის პასუხად, 2018 წლის 14 მარტს, 5 აგვისტოს, 22 ოქტომბერს და 25 დეკემბერს გაგზავნილი წერილებით მომჩივნებს ეცნობათ, რომ მათი ბრალდებების შესწავლა მოხდებოდა უკვე მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში. 2019 წლის 23 მაისის წერილში ისინი, მათ შორის, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნაზე მითითებით ამტკიცებდნენ, რომ სროლის მომენტში თ.მ.-ი იყო მწოლიარე მდგომარეობაში, რაც, მათი შეხედულებით, გამორიცხავდა იმის შესაძლებლობას, რომ ის ხელით მისწვდა ხელყუმბარას და სცადა მისი აფეთქება. მათ ასევე გაასაჩივრეს ის ფაქტი, რომ სპეცოპერაციის დაგეგმვის ეტაპი მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებაში არ განხილულა.

53. გამოძიების ადრეულ ეტაპებზე, მომჩივნებმა პროკურატურის ორგანოში იჩივლეს იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება არ მიმდინარეობდა საფუძვლიანად და მიუკერძოებლად.

  1. გამოძიების შეწყვეტა

54. 2020 წლის 25 იანვარს პროკურატურის ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა სისხლის სამართლის გამოძიება იმ გადაწყვეტილებისთვის საკმარისი საფუძვლების არარსებობის გამო, რომ ჩადენილი იქნა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სისხლის სამართლის დანაშაული („სსსკ“-ის მუხლი 105, ნაწილი 1 (ა). მტკიცებულებების შეჯამების შედეგად პროკურატურის ორგანომ დაასკვნა, რომ სპეცრაზმელმა N1 თ.მ.-ს ესროლა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა არ შეასრულა მისი მოთხოვნა, ხელები აეწია და მას შემდეგ, რაც სცადა ხელყუმბარის აფეთქება, რითაც საფრთხე შეუქმნა უშუალოდ საკუთარ და სხვების სიცოცხლეს. გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მიზნით. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სპეცრაზმელი მოქმედებდა იმ რწმენით, რომ მისი და მისი კოლეგების სიცოცხლეს და ფიზიკურ ხელშეუხებლობას საფრთხე ემუქრებოდა თ.მ.-ის მიერ მათ მიმართ შექმნილი საფრთხის გამო. შესაბამისად, სპეცრაზმელს უფლება ჰქონდა გამოეყენებინა აუცილებელი მოგერიების შესაბამისი საშუალება. რაც შეეხება ოპერაციის დაგეგმვასა და კონტროლს, პროკურატურის ორგანომ დაასკვნა, რომ დაკავების ოპერაცია წინასწარ იყო დაგეგმილი, რომ შესაბამისი გეგმა წინასწარ მომზადდა, რომ ოპერაციაში ჩართულ ყველა პირზე სათანადო მითითებები იყო გაცემული და თითოეული ჯგუფი, რომელიც დაკავებაში მონაწილეობდა, პასუხისმგებელი თანამშრომლის ბრძანებით მოქმედებდა.

55. პროკურატურის ორგანომ ასევე დაასკვნა, რომ არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ბრალდებები, რომლებიც მომჩივნებმა გააჟღერეს თავის საჩივრებში, როგორც აღმოჩნდა, დაუსაბუთებელი იყო.

56. გადაწყვეტილების დასასრულს აღნიშნული იყო, რომ დაზარალებულს, არსებობის შემთხვევაში, ჰქონდა უფლება ზემდგომ პროკურორთან შეეტანა ერთი საჩივარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურატურის ორგანოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება იყო საბოლოო და არ ექვემდებარებოდა სასამართლოში გასაჩივრებას იმ შემთხვევის გარდა, როდესაც საქმე ეხებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, ოჯახში ძალადობას („სსკ“-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) ან კანონით გათვალისწინებულ სხვა განსაკუთრებულ დანაშაულებს.

  1. როვნული კანონმდებლობა
    1. კანონი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

57. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონი ითვალისწინებს საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციონირებასა და მის ფუნქციებთან და უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს და ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს. კანონის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახური, რომელიც ექვემდებარება საქართველოს მთავრობას. მისი მთავარი ფუნქციაა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზნით მისი საქმიანობა მოიცავს ტერორიზმთან ბრძოლას. კანონის შესაბამის დებულებებში აღნიშნულია:

მუხლი 23 – იძულების ღონისძიებები

„(1) იძულების ღონისძიებები უნდა მოიცავდეს სამსახურის უფლებამოსილი დანაყოფის და უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ამ კანონით გათვალისწინებული მიზნით გამოყენებას.

(2) მოსამსახურე უფლებამოსილია დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად პროპორციულად გამოიყენოს გამოსადეგი იძულების ღონისძიებები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას.

(3) მოსამსახურე უფლებამოსილია ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენოს, თუ მას გავლილი აქვს სპეციალური მომზადება.

(4) მოსამსახურე ვალდებულია წინასწარ გააფრთხილოს პირი ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ, მისცეს მას გონივრული ვადა თავისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება პირის ან/და მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვიოს, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.

(5) იძულების ღონისძიების სახე და ინტენსივობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და [სავარაუდო] სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ამასთანავე, იძულების ღონისძიების გამოყენებისას მოსამსახურე უნდა შეეცადოს, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს.

(6) მოსამსახურე ვალდებულია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს იძულების ღონისძიებების გამოყენებით დაზიანებულ პირს...“

მუხლი 26 – ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

„(1) მოსამსახურეს უფლება აქვს, შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად − დამატებითი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.

(2) მოსამსახურეთა განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.

(3) ცეცხლსასროლი იარაღის პასიურ გამოყენებად ითვლება მოსამსახურის მიერ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად იარაღის დემონსტრირება.

(4) ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებად ითვლება იარაღიდან გამიზნული გასროლა.

(5) მოსამსახურეს უფლება აქვს, უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი:

(ა) საკუთარი თავის ან/და სხვის დასაცავად, როდესაც რეალური, პირდაპირი და იმწუთიერი საფრთხე ექმნება სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

...

(დ) ძალადობრივი დანაშაულის აღსაკვეთად, თუ პირი მოსამსახურეს წინააღმდეგობას უწევს;

...

(6) პირის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს მისი გამოყენების შესახებ სიტყვიერი გაფრთხილება, შემდეგ − გამაფრთხილებელი გასროლა. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა არ განხორციელდეს.

(7) გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება:

(ა) შეიარაღებული თავდასხმისას, საბრძოლო ტექნიკით, ნებისმიერი სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას;

...

(გ) პირის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას;

...

(8) ცეცხლსასროლი იარაღის ისეთი გამოყენება, რომელიც სასიკვდილოდ დაჭრის საფრთხეს შეიცავს, შეიძლება მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში...“

  1. სისხლის სამართლის კოდექსი

58. სისხლის კოდექსის შესაბამის მუხლებში ვკითხულობთ:

მუხლი 28 – აუცილებელი მოგერიება (აუცილებელი მოგერიება)

„1. მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.

2. აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.

მუხლი 30 – უკიდურესი აუცილებლობა (უკიდურესი აუცილებლობა)

„მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი ვინც სხვას დააზიანებს იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით დამზიანებლის ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე.“

მუხლი 3311 – ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ან რესურსებით უზრუნველყოფა

„1. ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ ისინი/იგი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერორისტის ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ან/და ტერორისტული საქმიანობის განსახორციელებლად ან/და ამ კოდექსის 144-ე, 227-ე, 2271, 2272-ე, 2273, 229-ე, 230-ე, 231-ე, 2311 და 2312 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ჩასადენად, მიუხედავად იმისა, ჩადენილია თუ არა ამ მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ან/და წინასწარი შეცნობით ტერორისტისათვის ან ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევა, ტერორისტისათვის სამალავის ან თავშესაფრის მიცემა ან/და ტერორისტის ან ტერორისტული ორგანიზაციის რესურსებით უზრუნველყოფა ან სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

(ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით;

(ბ) არაერთგზის, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.

3. ამ მუხლის 1-ლი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება:

(ა) ჩადენილი ტერორისტული ორგანიზაციის მიერ;

(ბ) რაც იწვევს მძიმე შედეგებს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ჩვიდმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.“

მუხლი 333 – უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება

„1. თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბება... რაც არსებითად უარყოფითად მოქმედებს ფიზიკური ან სხვა იურიდიული პირის უფლებებზე ან საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებზე...

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება:

...

(ბ) ჩადენილი ძალადობის ან იარაღის გამოყენებით;

...

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვით სამ წლამდე ვადით...“.

  1. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

59. სსსკ-ის იმ დროისთვის მოქმედ შესაბამისი მუხლებში მოცემული იყო შემდეგი:

მუხლი 3. განმარტებები...

„ ...

22. სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად.“

მუხლი 56. პირის დაზარალებულად ცნობა

„1. დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა [დაკავშირებული] მოვალეობა.

...

5. პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას... იღებს პროკურორი“.

მუხლი 57. დაზარალებულის უფლებები

„დაზარალებულს უფლება აქვს

(ა) იცოდეს ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების არსი;

(ბ) სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულება ... მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით;

(გ) უფასოდ მიიღოს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი;

...

(ზ) პროკურორისგან მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და საკუთრებას;

(თ) იყოს ინფორმირებული თავისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ;

(ი) ისარგებლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.“

60. „სსსკ“-ის 105-ე მუხლი ითვალისწინებს იმ სიტუაციებს, როდესაც სისხლის სამართლის საქმისწარმოება უნდა შეწყდეს. სხვა საფუძვლებთან ერთად, ის ეხება სიტუაციას, როდესაც დასტურდება, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული არ იყო ჩადენილი. „სსსკ“-ის 106-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია იერარქიულად შესაბამის ზემდგომ პროკურორთან იმ პირის მიერ, რომელსაც აქვს დაზარალებულის პროცედურული სტატუსი. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება არის საბოლოო იმ შემთხვევების გარდა, როდესაც შესაბამისი სისხლის სამართლის საქმისწარმოება ეხებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, ოჯახში ძალადობას ან/და სხვა განსაკუთრებულ დანაშაულებს, როგორც ეს გათვალისწინებულია „სსსკ“-ით. ასეთ შემთხვევაში პროკურატურის გადაწყვეტილების წინააღმდეგ სასამართლოში შეიძლება შეტანილ იქნეს ერთი საჩივარი.

  1. შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტები
    1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირითადი პრინციპები ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნების მიერ ძალის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით

61. ზემოაღნიშნული პრინციპების შესაბამისი ნაწილები (შემდგომში „გაეროს პრინციპები“), რომლებიც მიღებულ იქნა დანაშაულის აღმოფხვრისა და სამართალდამრღვევთა მიმართ მოპყრობისადმი გაეროს მერვე კონგრესის მიერ, რომელიც გაიმართა ჰავანაში (კუბა) 1990 წლის 27 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე პერიოდში, ითვალისწინებს შემდეგს:

“...

22. მთავრობებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დააწესონ ყველა იმ ინციდენტის შეტყობინებისა და განხილვის ეფექტური პროცედურები, რომლებიც მითითებულია მე-6 და მე-11(f) პრინციპებში. ამ პრინციპების საფუძველზე გადაცემული ინციდენტებისთვის მთავრობებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ ეფექტური განხილვის პროცესის არსებობა და ის, რომ დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ან პროკურატურის ორგანოებს შეეძლოთ იურისდიქციის გამოყენება შესაბამის გარემოებებში. გარდაცვალების და სერიოზული დაზიანების ან სხვა მძიმე შედეგების შემთხვევებში, ადმინისტრაციულ განხილვასა და სასამართლო კონტროლზე პასუხისმგებელ უფლებამოსილ ორგანოებს დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოთ მათი დეტალური ანგარიში.

23. ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად დაზარალებულ პირებს ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ წვდომა დამოუკიდებელ პროცესზე, სასამართლო პროცესის ჩათვლით. ასეთი პირების გარდაცვალების შემთხვევაში ეს დებულება შესაბამისად უნდა გავრცელდეს მათზე დამოკიდებულ პირებზე.“

  1. ზოგადი კომენტარი N36 (2018) სიცოცხლის უფლების შესახებ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლზე

62. ზემოაღნიშნული ზოგადი კომენტარის შესაბამისი ნაწილები, რომელიც მიღებულ იქნა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 124-ე სხდომაზე (2018 წლის 8 ოქტომბერი – 2 ნოემბერი), ნათქვამია შემდეგი:

II. სიცოცხლის თვითნებური ხელყოფის აკრძალვა

13. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სიცოცხლის თვითნებური ხელყოფა... ეს ზომები მოიცავს შესაბამის კანონმდებლობას, რომელიც აკონტროლებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ლეტალური ძალის გამოყენებას, პროცედურებს, რომელთა მიზანია სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებების ისე დაგეგმვა, რომ შეესაბამებოდეს იმ რისკის მინიმუმამდე შემცირებას, რომელსაც ისინი უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს, ასევე მოიცავს ლეტალური ინციდენტების შესახებ ინფორმაციის სავალდებულო მიწოდებას, განხილვასა და გამოძიებას...

III. სიცოცხლის დაცვის მოვალეობა

28. მე-6 მუხლის დარღვევის ბრალდებების გამოძიება ყოველთვის უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ოპერატიული, საფუძვლიანი, ეფექტური, სანდო და გამჭვირვალე... მონაწილე სახელმწიფოებმა, სხვებთან ერთად, უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები იმ ჭეშმარიტების დასადგენად, რომელიც უკავშირდება სიცოცხლის ხელყოფის გამომწვევ მოვლენებს, გამოიძიონ გარკვეული პირების მიზანში ამოღების მიზეზები და სამართლებრივი საფუძვლები და ის პროცედურები, რომლებსაც სახელმწიფოს ძალები იყენებენ სიცოცხლის ხელყოფამდე, სიცოცხლის ხელყოფის დროს და სიცოცხლის ხელყოფის შემდეგ...“

  1. მინესოტას პროტოკოლი

63. 2017 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა გამოაქვეყნა მინესოტას პროტოკოლის შესწორებული ვერსია პოტენციურად უკანონო სიკვდილის გამოძიების შესახებ (შემდგომში „მინესოტას პროტოკოლი“), საერთაშორისო მეთოდური მითითებების ნაკრები, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს (სქოლიოები გამოტოვებულია):

„iii. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი

28. გამომძიებლები და საგამოძიებო მექანიზმები არ უნდა ექცეოდნენ და არ უნდა ჩაითვალოს, რომ ექცევიან არასათანადო ზემოქმედების ქვეშ. ისინი ყველა ეტაპზე უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი, როგორც ინსტიტუციურად და ფორმალურად, ისე პრაქტიკაში. გამოძიება უნდა იყოს დამოუკიდებელი ნებისმიერი საეჭვო დამნაშავის და იმ ქვედანაყოფების, დაწესებულებების თუ ორგანოებისგან, რომლებსაც ისინი მიეკუთვნებიან. მაგალითად, სამართალდამცავი ორგანოების მიერ მკვლელობების გამოძიება უნდა ხორციელდებოდეს იმ არასათანადო ზემოქმედებისგან თავისუფალ პირობებში, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს ინსტიტუციური იერარქიებიდან და მმართველობითი ინსტანციებიდან. ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების, მაგალითად, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის და წამების ფაქტების გამოძიება უნდა ჩატარდეს ჩვეულებრივი სამოქალაქო სასამართლოების იურისდიქციის ფარგლებში. გამოძიება, ასევე, თავისუფალი უნდა იყოს ისეთი არასათანადო გარე ზეგავლენისგან ისეთი წყაროებიდან, როგორიცაა პოლიტიკური პარტიების ან ძლიერი სოციალური ჯგუფების ინტერესები.

iv. გამჭვირვალე

32. გამოძიების პროცესები და შედეგები უნდა იყოს გამჭვირვალე, მათ შორის ფართო საზოგადოებისა და დაზარალებულთა ოჯახებისთვის ეს პროცესები უნდა იყოს მაქსიმალურად ღია. გამჭვირვალობა ხელს უწყობს კანონის უზენაესობის დაცვასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარებას და იძლევა გამოძიების ეფექტურობის მონიტორინგის საშუალებას. ის, ასევე, ფართო გაგებით, დაზარალებულ პირებს აძლევს გამოძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობას. სახელმწიფოებმა უნდა დასახონ მკაფიო პოლიტიკა გამოძიების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. სახელმწიფოებში, სულ მცირე, უნდა არსებობდეს გამოძიების გამჭვირვალე პროცესი, გამოძიების პროცესში შესასრულებელი გამჭვირვალე პროცედურები და გამჭვირვალე დასკვნები, მათ ფაქტობრივ და კანონიერ საფუძვლებთან ერთად.

ოჯახის წევრების მონაწილეობა გამოძიების პროცესში და მათი დაცვა გამოძიების დროს

35. გარდაცვლილი ან გაუჩინარებული პირის ოჯახის წევრების ან სხვა ახლო ნათესავების მონაწილეობა წარმოადგენს ეფექტური გამოძიების მნიშვნელოვან ელემენტს. სახელმწიფომ ყველა ახლო ნათესავს უნდა მისცეს გამოძიებაში ეფექტური მონაწილეობის საშუალება, თუმცა მისი მთლიანობის შელახვის გარეშე. გარდაცვლილი პირის ნათესავები უნდა მოიძებნონ და მათ უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია გამოძიების შესახებ. ოჯახის წევრებს უნდა მიენიჭოთ სამართლებრივი სტატუსი და საგამოძიებო მექანიზმების ან ორგანოების მეშვეობით მათ დროულად უნდა ეცნობოთ გამოძიების მსვლელობის შესახებ მის ყველა ეტაპზე. ოჯახის წევრებს საგამოძიებო ორგანოებმა უნდა მისცენ საშუალება, წარმოადგინონ წინადადებები და არგუმენტები იმის შესახებ, თუ რა საგამოძიებო მოქმედებებია საჭირო, წარადგინონ მტკიცებულებები და დაიცვან საკუთარი ინტერესები და უფლებები მთელი პროცესის განმავლობაში. ისინი უნდა იყვნენ ინფორმირებულნი და ჰქონდეთ წვდომა გამოძიებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ზეპირ მოსმენაზე და მათ წინასწარ უნდა მიეწოდოთ გამოძიებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.“

კანონი

  1. კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა

64. მომჩივნები ჩიოდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალების მიერ თ.მ.-ის მიმართ გამოყენებული ლეტალური ძალა იყო გაუმართლებელი, არაპროპორციული და გადაჭარბებული და რომ ოპერაციის დაგეგმვა და ჩატარება ისე არ მოხდა, რომ გარანტირებული ყოფილიყო თ.მ.-ის სიცოცხლის უფლების დაცვა. მომჩივნებმა ასევე განაცხადეს, რომ ადგილობრივმა ორგანოებმა ვერ ჩაატარეს უსაფრთხოების ოპერაციის და თ.მ.-ის გარდაცვალების გარემოებების ეფექტური გამოძიება. ამ განცხადებისას ისინი დაეყრდნენ კონვენციის მე-2 მუხლს, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი:

„1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არ შეიძლება სიცოცხლის განზრახ ხელყოფა, თუ არა სიკვდილის სასჯელის აღსრულების შედეგად, რომელიც სასამართლოს განაჩენით შეეფარდა მოცემულ პირს ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.

2. სიცოცხლის ხელყოფა არ განიხილება ამ მუხლის დარღვევად, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენდა:

(a) ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისაგან;

(b) კანონიერი დაკავებისათვის, ან/და კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად;

(c) კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისათვის აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობად“.

  1. მისაღებობა
    1. მხარეთა არგუმენტები

65. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნების საჩივარი კონვენციის მე-2 მუხლის მატერიალურ-სამართლებრივი ასპექტით მიუღებელი იყო, რადგან ის სასამართლოს ექვსთვიან ვადაში არ წარედგინა. მისი თქმით, მომჩივნები თავიდანვე ამტკიცებდნენ, რომ გამოძიება იყო არაადეკვატური და არაეფექტური. ასეთ გარემოებებში, პროცესის მიმართ მათი უნდობლობის გათვალისწინებით, მათ სასამართლოში საჩივარი უნდა წარედგინათ მაშინვე, როგორც კი გააცნობიერეს, რომ საჩივრების გამოძიება არაეფექტური იყო. ალტერნატიული არგუმენტის სახით, მან ასევე განაცხადა, რომ საჩივარი ნაადრევი იყო, რადგან სასამართლოში მისი შეტანის მომენტში შესაბამისი სისხლის სამართლის საქმისწარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.

66. რაც შეეხება მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საჩივარს პროცედურული ასპექტით მთავრობამ განაცხადა, რომ ის იყო აშკარად დაუსაბუთებელი, რადგან გამოძიება მიმდინარეობდა დამოუკიდებლად, სიზუსტისა და ეფექტიანობის მოთხოვნების დაცვით.

67. მომჩივნებმა გაასაჩივრეს მთავრობის შედავებები. მათი არგუმენტი იყო ის, რომ წინამდებარე საქმეში მთავრობამ ვერ დააკონკრეტა ექვსთვიანი ვადის გაანგარიშების ათვლის წერტილი. საქართველოს შესაბამის პრეცედენტულ სამართალზე მითითებით, ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ სისხლისსამართლებრივი სარჩელი, რომელიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო წარმომადგენლების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მათი სავარაუდო მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის, იყო სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალება, რომელიც უნდა გამოყენებულიყო და რომ მათთვის არ უნდა ესაყვედურათ ამ შესაძლებლობით სარგებლობისთვის. მათ გამოავლინეს საკმარისი მონდომება და ინტერესი მიმდინარე საქმისწარმოების მიმართ (vis-à-vis), რადგან თოთხმეტ თვეზე მეტი დროის განმავლობაში ითხოვდნენ შუამდგომლობას და ინფორმაციის მიწოდებას. მომჩივნების თქმით, პროკურატურის ორგანოებმა კიდევ ერთხელ არ დააკმაყოფილეს მათი მოთხოვნა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რაც დაადასტურა ეროვნულმა სასამართლომ, რომელმაც ნათელი გახადა შემდგომი ლოდინის უშედეგობა.

  1. სასამართლოს შეფასება

68. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საჩივარი, რომელიც, უპირველესად, ეხება 2017 წლის 26 დეკემბრის სპეცოპერაციის ჩატარების ფორმას, სასამართლოში შევიდა 2019 წლის 6 ივნისს. შესაბამისი სისხლის სამართლის საქმისწარმოება დაიწყო ოპერაციის შემდეგ და დასრულდა ორ წელზე ცოტა მეტ ვადაში, 2020 წლის 25 იანვარს. შესაბამისად, საინტერესოა ოპერატიულად დაწყებული გამოძიება, რომელიც ჩატარდა გონივრულად დაჩქარებულ ვადაში და რომლის დროსაც არ დაფიქსირებულა უმოქმედობის მნიშვნელოვანი პერიოდები. გამოძიების ადეკვატურობასთან დაკავშირებით მათი ეჭვების მიუხედავად, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მომჩივნებს რეგულარული კავშირი ჰქონდათ პროკურატურის ორგანოებთან, მათ წარადგინეს სხვადასხვა შუამდგომლობა, რომელთა მიზანი იყო ახალი და დეტალური მტკიცებულებების მოპოვება და მიიღეს ზომები მათი საჩივრების სტატუსის შესახებ ინფორმაციის და თავიანთი საქმის განხილვის უფრო ეფექტური შედეგის მისაღებად (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფები 45, 48-52). სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი შეუფერხებლად მოქმედებდნენ გამოძიების მთელი პროცესის განმავლობაში და არცერთ ეტაპზე არ დაუკარგავთ ინტერესი პროცესის მიმართ (შეადარეთ, საქმეს Cerf v.Turkey, No 12938/07, §§ 62-64, 3 მაისი, 2016; იხილეთ, საქმე „მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ“ (dec.), N53073/07, § 30, 9 ოქტომბერი, 2012 და საქმე „ახვლედიანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ (dec.), N22026/10, § 25, 9 აპრილი, 2013).

69. მოცემულ სიტუაციაში, სასამართლო არ არის დარწმუნებული მთავრობის მტკიცებაში, რომ ექვსთვიანი ვადა უნდა ათვლილიყო გამოძიების ადრეული ეტაპებიდან. ამასთან დაკავშირებით იგი მიუთითებს მის მტკიცედ დამკვიდრებულ პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც დამოუკიდებელი სისხლისსამართლებრივი საჩივარი, რომლის მიზანია სახელმწიფო წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ძალის სავარაუდო მართლსაწინააღმდეგო გამოყენებასთან დაკავშირებით, მოვლენათა ჩვეულებრივი მსვლელობის დროს, არის სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალება, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული (იხილეთ, საქმე Fountas v. Greece, No 50283/13, § 52, 3 ოქტომბერი, 2019, დამატებითი მითითებებით; ასევე, იხილეთ, საქმე Kerimova and Others v.Russia, No No 17170/04 და 5 სხვა, § 215, 3 მაისი, 2011 და საქმე „აფრასიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ (dec.), N32220/07, § 24, 21 მაისი, 2013) და თუნდაც თავიდანვე არსებობს გარკვეული ეჭვები სამართლებრივი დაცვის ამ საშუალების ეფექტურობასთან დაკავშირებით, მომჩივანს არ უნდა უსაყვედურონ მისი გამოყენების მცდელობისთვის საჩივრის სასამართლოში შეტანამდე, სუბსიდიარობის პრინციპის მიხედვით (იხილეთ, საქმე El-Masri v. the former Yugoslav Republic of Macedonia [GC], No 39630/09, § 141, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012; ასევე, იხილეთ, საქმე Akdivar and Others v. Turkey, 16 სექტემბერი, 1996, § 71, გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ანგარიშები 1996‑IV). სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნების განმარტება წინამდებარე საქმეში ექვსთვიანი ვადის ათვლის გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით, კერძოდ, მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესში პირველი მომჩივნისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ, სრულიად მისაღებია (იხილეთ, მაგალითად, საქმე Shavlokhova v. Georgia (dec.), No 4800/10, §§ 23-24, 18 სექტემბერი, 2019). აქედან გამომდინარე, ისინი არ უნდა გააკრიტიკონ იმის გამო, რომ სასამართლოში სარჩელი უფრო ადრე არ შეიტანეს.

70. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ის ადრევე დათანხმდა იმას, რომ სამართლებრივი დაცვის კონკრეტული საშუალების გამოყენების ბოლო ეტაპი შეიძლება შესრულებულიყო საჩივრის შეტანის შემდეგ, მაგრამ მისი მისაღებობის დადგენამდე, როგორც ეს არის მოცემულ საქმეში (იხილეთ, საქმე Karoussiotis v. Portugal, No 23205/08, § 57, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2011 (ამონარიდები), და საქმე Şahin Alpay v. Turkey, No 16538/17, § 86, 20 მარტი, 2018). ამ არგუმენტის გათვალისწინებით, სასამართლომ ცოტა ხნის წინ არ დააკმაყოფილა პოლონეთის მთავრობის შედავება დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების სრულად გამოუყენებლობასთან დაკავშირებით იმ ფაქტის საფუძველზე, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სასამართლოს მიერ საჩივრის მისაღებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე (იხილეთ, საქმე Jabłońska v. Poland, No 24913/15, § 51, 14 მაისი, 2020). შესაბამისად, მთავრობის შედავება საჩივრის ნაადრევ ხასიათთან დაკავშირებით, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

71. რაც შეეხება იმ პრეტენზიას, რომ კონვენციის მე-2 მუხლის მიხედვით საპროცესო საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელია, სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხი იმის შესახებ, შესაბამისმა ორგანოებმა ჩაატარეს თუ არა იმ გარემოებების ეფექტური გამოძიება, რომლებშიც თ.მ.-ი დაიჭრა, უნდა შეფასდეს წინამდებარე საქმის გარემოებებში, ამ დებულების შესაბამისად, მათი საჩივრის არსებითი განხილვის საფუძველზე. მაშასადამე, სასამართლო ასკვნის, რომ ეს საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (a) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში. ის არც რაიმე სხვა საფუძვლით არის მიუღებელი. ამიტომ, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.

  1. არსებითი მხარე

მხარეთა წარდგინებები

  1. მომჩივნების წარდგინებები

72. რაც შეეხება სამართლებრივ ჩარჩოს, მომჩივნებმა განაცხადეს, რომ შესაბამისი ეროვნული სამართლის ნორმებით, რომლებიც ეხება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას, ვერ იქნა გათვალისწინებული „უკიდურესი აუცილებლობის“ ტესტი; რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით თავდაცვისუნარიანობის ტესტი ჩამოუვარდებოდა კონვენციის მე-2 მუხლით მოთხოვნილ სტანდარტს და რომ არ არსებობდა კონკრეტულად ლეტალური ძალის გამოყენების რეგულირებისთვის შექმნილი დეტალური წესები.

73. რაც შეეხება ოპერაციის დაგეგმვას მომჩივნები აცხადებდნენ, რომ იგი განხორციელდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე. შესაბამისი ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ იყო ისეთი მითითება ტერორიზმთან ბრძოლის აქტზე, რომელიც უზრუნველყოფდა ცალკე სამართლებრივ რეჟიმს კონტრტერორისტული ოპერაციებისთვის. უფრო მეტიც, მომჩივნების თქმით, „სუს“-სს, ოპერაციაზე პასუხისმგებელ ორგანოს, ჰქონდა სრული სამი დღე მის მოსამზადებლად და დასაგეგმად; ის აკონტროლებდა სიტუაციას ოპერაციის ყველა ეტაპზე და ის არ დამდგარა მძევლებთან დაკავშირებული კრიზისის წინაშე. ასეთ გარემოებებში, მომჩივნების თქმით, მთავრობის „პოლიტიკური არჩევანის“ შესახებ არგუმენტი იყო შეუსაბამო, რადგან „სუს“-ი უბრალოდ აწარმოებდა პოლიციის რიგით ოპერაციას, რომელშიც მონაწილეობდნენ მაღალ დონეზე მომზადებული სპეცრაზმის თანამშრომლები (იხილეთ, ქვემოთ, პარაგრაფი 78). ამასთან დაკავშირებით, მომჩივნებმა არ აღიარეს ის ფაქტი, რომ მთავრობა დაეყრდნო სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ჩრდილოეთ კავკასიაში ფართომასშტაბიან კონტრტერორისტულ ოპერაციებთან დაკავშირებით (იხილეთ იქვე), რადგან ის არარელევანტური იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩატაევი და მისი დაჯგუფება საქართველოს უსაფრთხოებას ემუქრებოდა, რამდენად სერიოზულიც არ უნდა ყოფილიყო ეს საფრთხე, ტერორისტული აქტი საქართველოში მხოლოდ ერთხელ, იზოლირებულად და ადგილობრივად განხორციელდა. გარდა ამისა, 2017 წლის 26 დეკემბრის სპეცოპერაცია ეხებოდა იმ ხუთი პირის დაკავებას, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ სავარაუდო ტერორისტებისთვის შეზღუდული მატერიალური დახმარების აღმოჩენაში, ტერორიზმთან რაიმე არსებითი კავშირის მტკიცებულების გარეშე. მომჩივნებმა ასევე განაცხადეს, რომ მთავრობამ სასამართლოს არ მიაწოდა რაიმე აქტუალური დოკუმენტი ოპერაციის ფაქტობრივი დაგეგმვის შესახებ, მათ შორის მონაწილე თანამშრომლებისთვის გაცემული მითითებების შესახებ, ნაცვლად ამისა კი დაეყრდნო ცალკეული სპეცრაზმელების ჩვენებებს.

74. რაც შეეხება თავად სასიკვდილო გასროლას, მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ მთავრობამ ვერ დაადასტურა, რომ მოცემული საქმის გარემოებებში ძალის გამოყენება წარმოადგენდა უკიდურეს აუცილებლობას. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ გამოძიებით დამაჯერებლად არ დადასტურდა, რომ თ.მ.-ს ხელყუმბარა ეჭირა, როდესაც სპეცრაზმელები მის საძინებელში შევიდნენ. სპეცრაზმელებმა არასწორად ჩაატარეს ხელყუმბარის ამოღების, შემოწმებისა და გამოცდის პროცესი. მათ ასევე ვერ წარადგინეს დამაკმაყოფილებელი განმარტება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა თ.მ.-ის ზუსტი პოზიცია მის საძინებელში შესვლის მომენტში; გასროლამდე და მის დროს განვითარებული მოვლენების თანმიმდევრობა, იმ ვარაუდის ჩათვლით, რომ მომჩივანს მობილური ტელეფონი და ყურსასმენები თან ჰქონდა; და თ.მ.-ისთვის გაფრთხილების მიცემასთან დაკავშირებით.

75. რაც შეეხება მათი საჩივრის პროცედურულ ასპექტს, მომჩივნებმა მიუთითეს გამოძიების რამდენიმე განსაკუთრებულ ხარვეზზე. კერძოდ, მათ განაცხადეს, რომ გამოძიების ფარგლები იყო შეზღუდული, რის გამოც ოპერაციის დაგეგმვის ეტაპი ვერ იქნა გამოკვლეული; პასუხისმგებელი ორგანოები არ იყვნენ საკმარისად დამოუკიდებლები; პასუხისმგებელმა ორგანოებმა ვერ დაიცვეს ინციდენტის ადგილი, რითაც ვერ აღკვეთეს პოტენციური მტკიცებულებების დამახინჯება; გარკვეული მტკიცებულებები, მათ შორის, ყურსასმენები, დაიკარგა, რომლებიც, მომჩივნების მტკიცებით, თ.მ.-ს ეკეთა, როდესაც მის ოთახში შევიდა ორი სპეცრაზმელი; უსაფრთხოების სამსახურმა სროლის გასამართლებლად ხელყუმბარა ჩაუდო; სავარაუდო ხელყუმბარა ამოიღო და შეინახა იმ ორგანომ, რომელიც არ იყო მიუკერძოებელი და არ იყო დამოუკიდებელი გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე; ეს ხელყუმბარა საბოლოოდ განადგურდა; იყო ხარვეზები სროლის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღისა და მასრების კუთხით; მნიშვნელოვნად დაგვიანდა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის სპეცრაზმელების გამოკითხვა; ხოლო მომჩივნების მონაწილეობა საქმისწარმოებაში შეიზღუდა. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, მომჩივნებმა განაცხადეს, რომ პროკურატურის ორგანოების უარი პირველი მომჩივნისთვის დაზარალებულის პროცედურული სტატუსის მინიჭებაზე თვითნებური იყო; რომ ამის შედეგად მომჩივნებს არ მიეცათ გამოძიებაში ეფექტური მონაწილეობის საშუალება, რადგან მათი ჩართულობა დამოკიდებული იყო პროკურატურის ორგანოების „კეთილ ნებაზე“; რომ მათი წვდომა საგამოძიებო მოქმედების საიდუმლო მასალებზე მნიშვნელოვნად შეიზღუდა; რომ გამოძიებაში მათი პროცედურული სტატუსის არარსებობის გამო, მათ ჩამოერთვათ ეროვნულ სასამართლოში სისხლის სამართლის გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა. მომჩივნებმა 2018 წლის 18 და 26 იანვარს, 26 თებერვალს, 18 მაისს, 3 და 25 ივლისს და 17 დეკემბერს საგამოძიებო ორგანოს მიმართ საჩივრებში საკითხი დააყენეს ზემოაღნიშნულ და სხვა პროცედურულ ხარვეზებთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ.

  1. მთავრობის წარდგინებები

76. ლეტალური ძალის გამოყენების შესახებ შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოსთან დაკავშირებით, მთავრობა ამტკიცებდა, რომ „უკიდურესი აუცილებლობის“ შემთხვევა სათანადოდ იქნა გათვალისწინებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონის 23-ე და 26-ე მუხლებში, სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე და 30-ე მუხლებთან ერთად (როგორც ციტირებულია ზემოთ, პარაგრაფებში 57-58). ის ამტკიცებდა, რომ სწორედ ამ დებულებების საფუძველზე გამოიყენეს სპეცრაზმელებმა ლეტალური ძალა თ.მ.-ის დაკავების ოპერაციის დროს. ის ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, „უკიდურესი აუცილებლობის“ შემთხვევა სპეცოპერაციების დროს ძალის გამოყენების წინაპირობა იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონის 26(5)-ე მუხლში ცალსახად არის აღნიშნული, რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ უკიდურესი ღონისძიების სახით, ხოლო 26(8)-ე მუხლში დამატებით აღნიშნულია, რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, თუ მან შეიძლება გამოიწვიოს სასიკვდილო დაზიანება, დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. ამრიგად, მთავრობის განცხადებით, სახელმწიფო წარმომადგენლებმა იძულებითი ღონისძიების გამოყენებისას უნდა დაიცვან შემდეგი კრიტერიუმები: (i) საჭირო უნდა იყოს იძულებითი ღონისძიება; (ii) არჩეულმა ღონისძიებამ უნდა გამოიწვიოს მინიმალური და პროპორციული ზიანი; და (iii) იძულებითი ღონისძიება არ უნდა აღემატებოდეს იმას, რაც საკმარისია კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ალტერნატიული არგუმენტის სახით, მთავრობა საქმეზე Erdoğan and Others v. Turkey (No 19807/92, § 77, 25 აპრილი, 2006) ამტკიცებდა, რომ მაშინაც კი, თუ არსებობდა განსხვავება შესაბამის ეროვნულ სტანდარტებსა და კონვენციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში ნაგულისხმევ სტანდარტებს შორის, ის არ იყო საკმარისად დიდი იმისათვის, რომ ჩათვლილიყო მე-2 მუხლის დარღვევად (მთავრობამ ასევე მიუთითა საქმეზე Finogenov and Others v. Russia, No No 18299/03 და 27311/03, § 230, 20 დეკემბერი, 2011).

77. მთავრობა ასევე ამტკიცებდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს გავლილი ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სწავლება. მათ იცოდნენ თავისი ვალდებულებების შესახებ, ისე აერჩიათ იარაღი, რომ მინიმალური ზიანი მიეყენებინათ, საჭიროების შემთხვევაში აღმოეჩინათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და მიეცათ წინასწარი სიტყვიერი გაფრთხილება და განეხორციელებინათ გამაფრთხილებელი გასროლა.

78. რაც შეეხება სპეცოპერაციის დაგეგმვას, მთავრობამ განაცხადა, რომ ოპერაცია დაიგეგმა მათი მისამართებიდან ხუთივე ეჭვმიტანილის ერთდროულად დაკავების მიზნით. ოპერაციის ჩატარება გადაწყდა ღამით, რათა მინიმუმამდე შეემცირებინათ ადგილობრივ მოსახლეობასთან დაპირისპირების რაიმე რისკი და თავიდან აეცილებინათ სხვა გართულებები. ის ფაქტი, რომ დანარჩენი ოთხი ეჭვმიტანილი ყოველგვარი წინააღმდეგობის ან/და ინციდენტის გარეშე დააკავეს, მთავრობის აზრით, მიუთითებდა ოპერაციის სათანადო დაგეგმვაზე. ის ამტკიცებდა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში მას უნდა გაეკეთებინა პოლიტიკური არჩევანი, რაც იმას გულისხმობდა, რომ მე-2 მუხლში მოყვანილი „უკიდურესი აუცილებლობის“ შემთხვევა აუცილებლად უნდა გამოყენებულიყო მეტი სიმკაცრით, რაც დამოკიდებული იყო იმაზე, ხელისუფლება აკონტროლებდა თუ არა და რა ხარისხით აკონტროლებდა მდგომარეობას და ასევე დამოკიდებული იყო ამ მგრძნობიარე სფეროში ოპერატიული გადაწყვეტილების მიღებისთვის დამახასიათებელ სხვა შესაბამის შეზღუდვებზე (მთავრობამ მიუთითა საქმეზე Erdoğan and Others, ციტირებული ზემოთ, §76 და საქმეზე Finogenov and Others, ციტირებული ზემოთ, §§210-16). ამასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ ჩატაევის ტერორისტულ დაჯგუფებასთან თ.მ.-ის კავშირის გათვალისწინებით, სპეცსამსახური მოქმედებდა იმ ვარაუდით, რომ თ.მ.-ი გაუწევდა შეიარაღებულ წინააღმდეგობას. ოპერაციის დაგეგმვასთან დაკავშირებით თავისი არგუმენტების გასამყარებლად, მთავრობამ წარადგინა მათი ჩვენებები, ვინც მონაწილეობდა სპეცოპერაციაში და ვინც გეგმავდა და აკონტროლებდა მის ჩატარებას. რაც შეეხება ოპერაციის მიზანს, მთავრობამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეჭვმიტანილების დაკავების ბრძანება გაიცა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის გარეშე. ოპერაციის დაწყებამდე სპეცრაზმელებს ზეპირსიტყვიერად მიაწოდეს მოკლე ინფორმაცია და ოპერაციის შესახებ ძირითადი საკითხები დაფაზე იყო ჩამოწერილი, რომლებიც შემდეგ წაიშალა. მიუხედავად იმისა, სასწრაფო დახმარების მანქანა არ იყო, ორგანოებმა ადგილზე მოიყვანეს „სუს“-ის სამედიცინო პერსონალი.

79. რაც შეეხება სროლას, გამოძიების შედეგებზე მითითებით მთავრობა ამტკიცებდა, რომ გასროლას წინ უძღოდა სიტყვიერი გაფრთხილება, რომელიც თ.მ.-მა უგულებელყო. მან უარყო მომჩივნების ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ გაფრთხილება არ მიუღიათ, რადგან ეს არ შეესაბამებოდა სიმართლეს, აღნიშნა რა, რომ ოთხი მომჩივნიდან სამს იმ დროს ეძინა პირველ სართულზე, რის გამოც ისინი ვერ გაიგებდნენ ამგვარ გაფრთხილებას. რაც შეეხება მესამე მომჩივანს, მის ჩვენებებში გამოიკვეთა შეუსაბამობები, რომლებიც შეეხებოდა სროლის უშუალო გარემოებებს.

80. მთავრობა ასევე ამტკიცებდა, რომ გამოძიება ეფექტური იყო და შეესაბამებოდა კონვენციის მოთხოვნებს. ჩატარდა დეტალური მოკვლევა და გამოკითხვა მოვლენათა სხვადასხვა ვერსიის ირგვლივ, მათ შორის იმ შესაძლებლობისა, რომელიც უკავშირდებოდა ძალაუფლების მართლსაწინააღმდეგო გამოყენებას. მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოვლენებში ჩართული ყველა პირი, ყველა სპეცრაზმელისა და მომჩივნის ჩათვლით, რამდენჯერმე დაიკითხა და შეკვეთილ იქნა და მომზადდა სასამართლო ექსპერტიზის რამდენიმე დასკვნა. გამოძიების დასკვნით, თ.მ.-ი გარდაიცვალა იმის გამო, რომ თავდაცვის მიზნით „სუს“-ის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღი კანონიერად გამოიყენა. დასაბუთების უქონლობის გამო, მთავრობამ არ განიხილა მომჩივნის ბრალდებები „სუს“-ის მიერ მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებით. მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელყუმბარა „სუს“-ის თანამშრომლებმა ჩაუდეს, რადგან ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. თავისი არგუმენტების დასადასტურებლად მთავრობამ წარმოადგინა მთელი საგამოძიებო მასალის ასლი.

81. მან ასევე განაცხადა, რომ გამოძიება დამოუკიდებელი იყო, რადგან ის კახეთის საოლქო პროკურატურაში დაიწყო და შემდეგ ის გადაიბარა თბილისის პროკურატურამ, „სუს“-ის ყოველგვარი ჩარევის გარეშე. თუმცა, „სუს“-ის თანამშრომლებმა ამოიღეს გარკვეული მატერიალური მტკიცებულებები, ხელყუმბარის ჩათვლით, რადგან „სუს“-ი აწარმოებდა დამოუკიდებელ გამოძიებას ტერორიზმის ფაქტთან დაკავშირებით. მათ უბრალოდ შეუკვეთეს მისი ბიოლოგიური, ბალისტიკური და დაქტილოსკოპიული ექსპერტიზა ტერორიზმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში.

82. რაც შეეხება მომჩივნების მონაწილეობას გამოძიებაში, მთავრობამ განაცხადა, რომ პროცედურული სტატუსის არქონის შემთხვევაშიც კი, ისინი საკმარისად იყვნენ ჩართულები გამოძიებაში და ამ მხრივ დააკმაყოფილეს სასამართლოს პრეცედენტული სამართლით გათვალისწინებული „საზოგადოების მხრიდან კონტროლის“ მიმართ მოთხოვნები. მათ მიეცათ საქმის მასალების რეგულარულად გაცნობის საშუალება, ბევრი მათი მოთხოვნა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ დაკმაყოფილდა და მათ დროდადრო მიეწოდებათ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ (ამასთან დაკავშირებით იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფი 49).

  1. სასამართლოს შეფასება

83. სასამართლო აღნიშნავს, რომ სპეცრაზმელების მიერ ძალის გამოყენების შედეგად მომჩივნების ნათესავის გარდაცვალების ფაქტის მიმართ მხარეებს შედავება არ გამოუთქვამთ. სადავო ის იყო, გამართლებული იყო თუ არა მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება ამ გარემოებებში და გამოძიება იყო თუ არა ეფექტური. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მომჩივნების საჩივრის არსებითი განხილვის დაწყებას იმ საჩივრით, რომელიც შეეხება თ.მ.-ის გარდაცვალების ფაქტის გამოძიების არაადეკვატურობას, ხოლო შემდეგ იმ საკითხის განხილვას, შეიძლება თუ არა სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მის გარდაცვალებაზე.

  1. მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა პროცედურულ ასპექტში
    1. ზოგადი პრინციპები

84. კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების დაცვის ვალდებულება, კონვენციის 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ზოგად მოვალეობასთან ერთად, „ყველა [თავიანთი] იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოფილია ამ კონვენციის I კარში განსაზღვრული უფლებებითა და თავისუფლებებით“, გულისხმობს, რომ უნდა არსებობდეს რაიმე სახის ეფექტური ოფიციალური გამოძიება, როდესაც ადამიანებს კლავენ ძალის გამოყენების შედეგად (იხილეთ, საქმე Mustafa Tunç and Fecire Tunç v. Turkey [GC], No 24014/05, § 169, 14 აპრილი, 2015). გამოძიების ვალდებულების მიმართ კონკრეტული მოთხოვნები გვხვდება საქმეებში: Mustafa Tunç and Fecire Tunç (ციტირებული ზემოთ, §§ 169-82; ასევე, იხილეთ საქმე Giuliani and Gaggio v. Italy [GC], No 23458/02, §§ 298-306, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2011 (ამონარიდები) და საქმე Mazepa and Others v. Russia, No 15086/07, §§ 69-70, 17 ივლისი, 2018). ჯამში, მე-2 მუხლის პროცედურულ მოთხოვნებთან შესაბამისობა ფასდება რამდენიმე არსებითი პარამეტრის საფუძველზე: საგამოძიებო ღონისძიებების ადეკვატურობა, გამოძიების ოპერატიულობა, გარდაცვლილი პირის ოჯახის ჩართულობა და გამოძიების დამოუკიდებლობა. ეს ელემენტები ერთმანეთთან არის დაკავშირებული და თითოეული მათგანი, ცალკე აღებული, თავისთავად არ არის საბოლოო. მეტიც, ეს ის კრიტერიუმებია, რომლებიც ერთობლივად იძლევიან გამოძიების ეფექტურობის ხარისხის შეფასების შესაძლებლობას. ეფექტური გამოძიების ამ მიზანთან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხი უნდა იყოს შეფასებული (იხილეთ საქმე Mustafa Tunç and Fecire Tunç, ციტირებული ზემოთ, § 225).

85. გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ მოვლენებში მონაწილე ან სავარაუდო მონაწილე ნებისმიერი პირისგან. ეს ნიშნავს არა მხოლოდ იერარქიულ ან ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, არამედ პრაქტიკულ დამოუკიდებლობასაც (იხილეთ, მაგალითად, საქმე Giuliani and Gaggio, § 300 და საქმე Mustafa Tunç and Fecire Tunç, § 177, ორივე, ციტირებული ზემოთ). აქ განიხილება ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული სახელმწიფო მონოპოლიის მიმართ საზოგადოების ნდობის საკითხი, (იხილეთ, საქმე Hugh Jordan v. the United Kingdom, No 24746/94, § 106, 4 მაისი, 2001; საქმე Ramsahai and Others v. the Netherlands [GC], No 52391/99, §325, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2007‑II და საქმე Giuliani and Gaggio, ციტირებული ზემოთ, § 300).

86. უფრო მეტიც, გამოძიების მასალა ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაზარალებულის ოჯახისთვის იმ მოცულობით, რაც აუცილებელია მათი კანონიერი ინტერესების დასაცავად. ასევე უნდა არსებობდეს საზოგადოების მხრიდან გამოძიების კონტროლის საკმარისი მექანიზმი, რომლის ხარისხი შეიძლება განსხვავდებოდეს საქმის მიხედვით (იხილეთ, საქმე Hugh Jordan, ციტირებული ზემოთ, § 109). თუმცა, საზოგადოების ან დაზარალებულის ნათესავების მხრიდან საჭირო წვდომა გამოძიების მასალებზე შეიძლება გათვალისწინებული იყოს პროცედურის სხვა ეტაპებზე (იხილეთ, სხვა წყაროებს შორის, საქმე Giuliani and Gaggio, ციტირებული ზემოთ, § 304 და საქმე McKerr v. the United Kingdom, No 28883/95, §129, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001‑III).

  1. ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
    1. გამოძიების დამოუკიდებლობა

87. იმის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება არ იყო დამოუკიდებელი, სასამართლო აღნიშნავს, რომ პროკურატურის ორგანომ სპეცოპერაციის გარემოებების გამოძიება ყოველგვარი შეფერხების გარეშე დაიწყო იმავე დღეს, როდესაც ეს მოვლენა მოხდა (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფი 14). თუმცა, სპეცოპერაციის დასრულებისთანავე პირველივე საგამოძიებო მოქმედება განახორციელა „სუს“-ის გამომძიებელმა და არა პროკურატურის ორგანომ. ამრიგად, თ.მ.-ის საძინებლის ჩხრეკა ჩაატარა „სუს“-ის გამომძიებელმა, რომელმაც ამოიღო მნიშვნელოვანი მტკიცებულება, ხელყუმბარა (იხილეთ, ზემოთ პარაგრაფი 11). საქმისათვის არსებით გარემოებად სასამართლო მიიჩნევს მთავრობის იმ არგუმენტს, რომ ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა სხვა, ტერორიზმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში. ამავე დროს, როგორც უკვე აღინიშნა სხვა, ანალოგიურ კონტექსტში, გამოძიების საწყისი ეტაპები, მათი მნიშვნელობის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნებზე და მათთან დაკავშირებულ პროცედურულ ხარვეზებზე მითითებით, რამაც შეიძლება შებღალოს გამოძიების შემდგომი განვითარების პროცესი (იხილეთ, საქმე „ცინცაძე საქართველოს წინააღმდეგ“, N35403/06, § 79, 15 თებერვალი, 2011 და საქმე “შავაძე“, ციტირებული ზემოთ, §35; ასევე, იხილეთ საქმე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“, N25091/07, §§ 245-49, 26 აპრილი, 2011; საქმე „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“, N50375/07, § 87, 18 ივლისი, 2019 და საქმე „კუალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, NN8938/07 და 41891/07, § 132, 2 აპრილი, 2020, დამატებითი მითითებებით).

88. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის ორგანომ გამოძიებაზე პასუხისმგებლობა იმავე დღეს აიღო, ანუ გასროლის შემთხვევიდან რამდენიმე საათში, ის შემდგომში, სხვასთან ერთად, დაეყრდნო „სუს“-ის გამომძიებლის მიერ ადრე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგებს, კერძოდ, თ.მ.-ის საძინებლის ჩხრეკისა და მის შედეგად ამოღებულ მტკიცებულებებს. „სუს“-ის გამომძიებელმა არ ჩაატარა დამოუკიდებელი გამოძიება სპეცრაზმელებისგან განსხვავებით (იხილეთ, მაგალითად, საქმე „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“, ციტირებული ზემოთ, § 87 და საქმე „კუხალიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ციტირებული ზემოთ, § 132 in fine; ასევე, იხილეთ საქმე Brecknell v. the United Kingdom, No 32457/04, §§ 76 და 82, 27 ნოემბერი 2007). ამ ფაქტთან დაკავშირებით მომჩივნები ჩიოდნენ გამოძიების დაწყებისთანავე, აცხადებდნენ რა, რომ „სუს“-ის მიერ სროლის ადგილის შესწავლამ საფრთხე შეუქმნა გამოძიების სამართლიანობას (შეადარეთ, საქმე Armani Da Silva v. the United Kingdom [GC], No 5878/08, § 242, 2016 წლის 30 მარტი). ამ ეტაპზე, უნდა დადგინდეს, ზემოაღნიშნულმა გარემოებებმა ზიანი მიაყენა თუ არა გამოძიების ეფექტურობას და ამ გარემოებებმა ნათელი გახადა თუ არა დაკავების ოპერაციისა და გასროლის ვითარებები (იხილეთ, საქმე Mustafa Tunç and Fecire Tunç, ციტირებული ზემოთ, § 224; საქმე Bektaş and Özalp v. Turkey, No 10036/03, § 66, 20 აპრილი, 2010 და საქმე Cangöz and Others v. Turkey, No 7469/06, § 126, 26 აპრილი, 2016).

  1. გამოძიების ადეკვატურობა

89. სასამართლო იმეორებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სიკვდილი სავარაუდოდ დადგა სახელმწიფო წარმომადგენლის მოქმედების შედეგად, შესაბამისმა ეროვნულმა ორგანოებმა გამოძიების მიმართ უნდა გამოიყენონ განსაკუთრებით მკაცრი კონტროლის მექანიზმები (იხილეთ, საქმე „ენუქიძე და გირგვლიანი“, ციტირებული ზემოთ, § 277 და საქმე Armani Da Silva, ციტირებული ზემოთ, § 234). როგორც უკვე აღინიშნა ზემოთ, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო. მომდევნო თვეებში პროკურატურის ორგანომ განახორციელა მრავალი ღონისძიება, რათა შეეგროვებინა მტკიცებულებები იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებშიც თ.მ.-ი დაიჭრა. გამოჰკითხეს მოვლენებში მონაწილე თითქმის ყველა ადამიანი და სხვა შესაძლო მოწმეები, მათ შორის მომჩივნები (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფები 16-20), „სუს“-ის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობდნენ სპეცოპერაციაში, ასევე ისინი, ვინც დაგეგმეს და აკონტროლებდნენ მის ჩატარებას (იხილეთ, ზემოთ პარაგრაფები 21-32) და სამედიცინო პერსონალი, რომელიც მონაწილეობდა თ.მ.-ის მკურნალობაში მის გარდაცვალებამდე (იხილეთ, ზემოთ პარაგრაფი 40). პროკურატურის ორგანომ ასევე მოიპოვა ინციდენტთან დაკავშირებული ბევრი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მასალა და სხვა მტკიცებულება (იხილეთ, პარაგრაფები 34-39).

90. მომჩივნები ჩიოდნენ, რომ გამოძიება შემოიფარგლებოდა თ.მ.-ის დაჭრისა და შემდგომი გარდაცვალების გამომწვევი უშუალო საკითხებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ოპერაციის დაგეგმვასა და კონტროლში მონაწილე პირები პირველად გამოიკითხნენ გამოძიების დაწყებიდან დაახლოებით ოცი თვის შემდეგ (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფები 29-31). ეს ხარვეზი ნაწილობრივ დაბალანსდა შემდგომ ეტაპზე, მაგრამ ეს მოხდა მომჩივნების დაჟინებული მოთხოვნებით, ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსისა და უფროსის მოადგილის და „სუს“-ის უფროსის მოადგილის გამოკითხვის შემდეგ (იქვე.). „სუს“-ის თანამშრომლები ასევე განმეორებით დაიკითხნენ ოპერაციის დაწყებამდე მიცემულ კონკრეტულ მითითებებთან დაკავშირებით (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფი 25). შესაბამისად, ოპერაციის დაგეგმვა და კონტროლი გამოძიების ფარგლებს მიღმა არ ხვდებოდა. თუმცა, სასამართლოს არ შეუძლია არ აღნიშნოს, რომ „სუს“-ის არც ერთი ოფიციალური ანგარიში ოპერაციის მომზადების ან/და განხორციელების გზების შესახებ და არც ერთი დოკუმენტი ან მასალა, რომელიც ითვალისწინებდა „სუს“-ის მიერ ოპერაციამდე, ოპერაციის დროს და მის შემდეგ გამოყენებულ პროცედურებს, პროკურატურის ორგანოსთვის არ მიუწოდებიათ გამოძიების დროს (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფები 21და 33). მათი არქონის პირობებში, როგორც სასამართლო მიიჩნევს, აღნიშნულმა ორგანომ სრულყოფილად ვერ შეაფასა ოპერაციის დაგეგმვისა და კონტროლის ეტაპი (იხილეთ, საქმე Jaloud v. the Netherlands [GC], No 47708/08, § 203, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2014).

91. რაც შეეხება მომჩივნების მტკიცებას სხვა პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ თ.მ.-ის საძინებლის ჩხრეკა, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ჩაატარა „სუს“-ის გამომძიებელმა, რომელიც, სპეცრაზმელებისგან განსხვავებით, არ იყო დამოუკიდებელი (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფი 87). ჩხრეკის შემდეგ, ტერიტორია არ იყო დაცული და მისი თავდაპირველი მდგომარეობა არ იყო შენარჩუნებული (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფი 12; შეადარეთ საქმე „ცინცაძე“, ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 79 და საქმე Yukhymovych v. Ukraine, No 11464/12, § 68, 17 დეკემბერი, 2020). პირის მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაულების კონტექსტში, სასამართლომ არაერთხელ გაიმეორა, რომ დანაშაულის ადგილის შესწავლა და სასამართლო ექსპერტიზის მონაცემთა დაცვა წარმოადგენდა ეფექტური გამოძიების ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას (იხილეთ, საქმე Tagayeva and Others v. Russia, No No 26562/07 და 6 სხვა, § 511, 2017 წლის 13 აპრილი). წინამდებარე საქმის გარემოებებში ამ დარღვევამ კონკრეტული შედეგები იქონია გამოძიებაზე. მაგალითად, სროლის მომენტში თ.მ.-ის მობილური ტელეფონის მდებარეობა ვერ დადასტურდა; მასზე სავარაუდოდ აღმოჩენილი სისხლის კვალის წარმოშობა სათანადოდ ვერ დადასტურდა და თ.მ.-ის ყურსასმენებთან დაკავშირებული მტკიცებები ბოლომდე ვერ გადამოწმდა. მომჩივნები ასევე აღშფოთებულნი იყვნენ ხელყუმბარასთან მოპყრობის ფორმასთან დაკავშირებით. იგი სპეცრაზმელმა N1 თ.მ.-ის საწოლიდან იატაკზე გადაიტანა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო თ.მ.-ისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა. სასამართლო აღიარებს, რომ სერიოზულად დაშავებული პირისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის საჭიროებას უპირატესობა უნდა მიენიჭოს შემთხვევის ადგილზე დარღვევის თავიდან აცილების მოთხოვნასთან შედარებით (იხილეთ, საქმე Mustafa Tunç and Fecire Tunç, ციტირებული ზემოთ, §194). შემდეგ ხელყუმბარა გააუვნებლა ორმა სხვა თანამშრომელმა (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფი 26) და ამოიღო „სუს“-მა.

92. რაც შეეხება სპეცრაზმელების მტკიცებულებებს, სასამართლო აღნიშნავს მთავრობის იმ არგუმენტს, რომ ისინი პირველად გამოჰკითხეს თითქმის ხუთკვირიანი დაგვიანებით, რადგან მათი ვინაობა გასაიდუმლოებული იყო და განსაიდუმლოების შესაბამისი პროცედურა გარკვეულ დროს მოითხოვდა. საქმისათვის ამ მტკიცებულებების არსებითობის მიუხედავად, სასამართლო ასეთ არგუმენტს ვერ მიიღებს. ასეთი დაყოვნება ვერ გამართლდება წინამდებარე საქმის გარემოებებში, რადგან, სპეცრაზმელების მტკიცებულებების მნიშვნელობის გათვალისწინებით, არ არსებობდნენ საბედისწერო გასროლის დამოუკიდებელი თვითმხილველები (იხილეთ, საქმე Ramsahai and Others v. the Netherlands ([GC], No 52391/99, § 331, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2007‑II). სასამართლო ამასთან დაკავშირებით იმეორებს თავის დასაბუთებას საქმეებში Ramsahai and Others (იქვე, § 330) და Bektaş and Özalp (ციტირებული ზემოთ, § 65), სადაც მან დაადგინა, რომ სამი დღის და შვიდი დღის დაგვიანება, შესაბამისად, სროლაში მონაწილე პოლიციელების დაკითხვისას, წარმოადგენდა გამოძიების ადეკვატურობის მნიშვნელოვან ხარვეზს (ასევე, იხილეთ, საქმე Jaloud, ციტირებული ზემოთ, §§ 207-208 და საქმე Ayvazyan v. Armenia, No 56717/08, § 80, 1 ივნისი, 2017). წინამდებარე საქმეში სპეცრაზმელების გამოკითხვის ხანგრძლივმა გაჭიანურებამ, სასამართლოს აზრით, წარმოშვა მათი ერთმანეთთან ფარული შეთანხმების რისკი და მთავრობამ არ მიუთითა, რომ მიღებულ იქნა უსაფრთხოების რაიმე წინასწარი ზომა ასეთი ფარული შეთანხმების რისკის შესამცირებლად. გაჭიანურებამ ასევე შექმნა იმის რისკი, რომ გარკვეული დროის გასვლა ცუდად იმოქმედებდა სპეცრაზმელების უნარზე, დეტალურად გაეხსენებინათ სპეცოპერაციის დეტალები (იხილეთ, სათანადო ცვლილებებით, საქმე M.B. and Others v. Slovakia, No 45322/17, § 82, 1 აპრილი, 2021). ამასთან დაკავშირებით, სასამართლოს არ შეუძლია არ აღნიშნოს, რომ საგამოძიებო მასალები არ შეიცავს რომელიმე სპეცრაზმელის მიერ წარდგენილ რაიმე წერილობით დოკუმენტს ან ჩანაწერს, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ოპერაციის შესახებ უშუალოდ მისი დასრულების შემდეგ. ასევე, იმის გამო, რომ შეუძლებელი იყო „სუს“-ის თანამშრომლების დაუყოვნებლივი გამოკითხვა, მომჩივნების და ზოგადად, ფართო საზოგადოება შეიძლება დაერწმუნებინა იმაში, რომ უშიშროების სამსახურის ძალების თანამშრომლები მოქმედებდნენ ინფორმაციულ ვაკუუმში და ამგვარად, არ იყვნენ ანგარიშვალდებულები საკუთარ ქმედებებზე სასამართლოს წინაშე (იხილეთ, საქმე Bektaş and Özalp, ციტირებული ზემოთ, § 65). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სპეცრაზმელების გამოკითხვის გაჭიანურება წარმოადგენდა ხარვეზს გამოძიების ადეკვატურობასთან დაკავშირებით.

  1. მომჩივნების ჩართულობა გამოძიებაში

93. რაც შეეხება მომჩივნების საჩივარს გამოძიებაში მათ შეზღუდულ ჩართულობასთან დაკავშირებით, სასამართლო იმეორებს, რომ მე-2 მუხლით მომჩივნებს არ მოეთხოვებათ ჰქონდეთ წვდომა პოლიციის მასალებისა თუ ყველა სხვა დოკუმენტის ასლზე, მიმდინარე დაკითხვების დროს; ასევე არ არის აუცილებელი მომჩივნებისთვის მიმართვა კონსულტაციის მიზნით ან ყველა ნაბიჯის შესახებ მათი ინფორმირება. პოლიციის ოქმების და საგამოძიებო მასალების გამჟღავნება ან გამოქვეყნება შეიძლება მოიცავდეს სენსიტიურ საკითხებს, რამაც შეიძლება ზიანი მოუტანოს ფიზიკურ პირებს ან სხვა მოკვლევას; ამიტომ, ვერ ჩაითვლება, რომ ასეთი გამჟღავნება ან გამოქვეყნება წარმოადგენს მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ავტომატურ მოთხოვნას (იხილეთ, საქმე Fountas, ციტირებული ზემოთ, § 71). ანალოგიურად, საგამოძიებო ორგანოებს არ უნდა მოეთხოვებოდეთ ნათესავის ყველა სურვილის დაკმაყოფილება საგამოძიებო ღონისძიებებთან დაკავშირებით (იხილეთ საქმე Ramsahai and Others, ციტირებული ზემოთ, § 348). თუმცა, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, მიეცათ თუ არა მომჩივნებს წვდომა გამოძიების მასალებზე იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელი იყო მათი კანონიერი ინტერესების დასაცავად (იხილეთ, საქმე Gürtekin and Others and two other applications v. Cyprus, No No 60441/13, 68206/13, და 68667/13, § 29, 11 მარტი, 2014; ასევე, იხილეთ, საქმე Güzelyurtlu and Others v. Cyprus and Turkey, No 36925/07, § 273, 4 აპრილი, 2017, დამატებითი მითითებებით).

94. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში მომჩივნებს, მათი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, რეგულარული წვდომა ჰქონდათ გამოძიების მასალებზე. მათი ზოგიერთი მოთხოვნა დამატებითი საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით ასევე დაკმაყოფილდა (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფი 49). შესაბამისად, მათ მიეცათ ინსცენირების ჩატარებაში მონაწილეობის უფლება. ასევე, მათი მოთხოვნით ჩატარდა ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსისა და უფროსის მოადგილის და „სუს“-ის უფროსის მოადგილის გამოკითხვა და „სუს“-ის თანამშრომლების დამატებითი გამოკითხვა (იქვე). მომჩივნები ჩიოდნენ, რომ მათი წვდომა სპეცრაზმელების გასაიდუმლოებულ გამოკითხვებზე გაჭიანურდა. როგორც სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, თუნდაც არსებობდეს ინფორმაციის ან მასალის წყაროების საიდუმლოების დაცვის მიმართ ძლიერი საზოგადოებრივი ინტერესი, კერძოდ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ საქმეებში, აუცილებელია, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ბრალდებებისა და მტკიცებულებების შესახებ გაუმჟღავნდეს საქმისწარმოების მხარეებს, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ზიანის მიუყენებლად. იმ შემთხვევაში, თუ სრული გამჟღავნება შეუძლებელია, ის სირთულეები, რომლებსაც ეს წარმოშობს, ისე უნდა დაბალანსდეს, რომ მხარემ შეძლოს თავისი ინტერესების ეფექტურად დაცვა (იხილეთ, საქმე Al Nashiri v. Poland, No 28761/11, § 494-95, 24 ივლისი, 2014 და საქმე Husayn (Abu Zubaydah) v. Poland, No 7511/13, § 488-89, 24 ივლისი, 2014, ორივე გადაწყვეტილება დამატებითი მითითებებით სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე). წინამდებარე საქმეში მომჩივნებს, 2020 წლის იანვრამდე, ანუ საქმისწარმოების შეწყვეტამდე რამდენიმე დღით ადრე არ მიეცათ გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე, კერძოდ, სპეცრაზმელების გამოკითხვის მასალებზე წვდომის უფლება. ამ ორწლიანმა გაჭიანურებამ შეზღუდა მომჩივნების შესაძლებლობა, ეფექტურად მიეღოთ მონაწილეობა გამოძიებაში, რადგან მათ არ მიეცათ უფლება, გასცნობოდნენ ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპთან დაკავშირებით. მომჩივნების მიერ შესაბამისი გამოკითხვის მასალებზე წვდომის გაჭიანურება მით უფრო მნიშვნელოვანი ჩანს, რადგან პროკურატურის ორგანოების მიერ დადასტურებული მოვლენების ოფიციალური ვერსია მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა სპეცრაზმელების მტკიცებულებებს. შესაბამისი ორგანოები არ დაობდნენ, რომ გამოკითხვის მასალების განსაიდუმლოება იყო შრომატევადი პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ხელისუფლების რამდენიმე სხვადასხვა ორგანო (იხილეთ, საქმე Fountas, ციტირებული ზემოთ, § 94). საქმის მასალების მიხედვით, მხოლოდ სპეცრაზმელების ვინაობა იყო დაფარული.

95. რაც შეეხება პროკურატურის ორგანოს დაჟინებულ უარს პირველი მომჩივნისთვის დაზარალებულის საპროცესო სტატუსის მინიჭებაზე, მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივნებს მისცეს მრავალი საპროცესო უფლებით სარგებლობის ნება, საპროცესო უფლებაუნარიანობის არარსებობის პირობებშიც კი. მართალია, მომჩივნებს მიეცათ წვდომა გამოძიების მასალებზე და ასევე დაკმაყოფილდა რამდენიმე საპროცესო მოთხოვნა (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფი 49), სასამართლო ვერ უგულებელყოფს, რომ ვინაიდან მომჩივნებს არ ჰქონდათ დაზარალებულის საპროცესო სტატუსი, მათ ვერ შეძლეს სისხლის სამართლის გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილების გასაჩივრება. სასამართლო აფიქსირებს, რომ ეს საკითხი უკვე აღინიშნა საქართველოს წინააღმდეგ წინა საქმეებში (იხილეთ, საქმე „ეძგვერაძე საქართველოს წინააღმდეგ“, N59333/16, § 46, 20 იანვარი, 2022, მასში დამატებითი მითითებებით; ასევე იხილეთ, საქმე „კუხალაშვილი და სხვები“, ციტირებული ზემოთ, § 134; საქმე „შავაძე“, ციტირებული ზემოთ, § 35; საქმე „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, NN 73204/13 და 74959/13, § 65, 16 დეკემბერი, 2021 და საქმე „A და B საქართველოს წინააღმდეგ“, N73975/16, § 44, 10 თებერვალი, 2022).

96. სასამართლო აღნიშნავს, რომ რადგან ადგილი არ ჰქონია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას ან არ არსებობდა აშკარა ხარვეზი, რომელსაც სასამართლო შეიძლება მიეყვანა ისეთ დასკვნამდე, რომ გამოძიება ხარვეზებით მიმდინარეობდა, სასამართლო გადააჭარბებდა თავისი იურისდიქციის ფარგლებს, თუ ის განმარტავდა, რომ მე-2 მუხლი ხელისუფლების ორგანოებს უწესებდა მოთხოვნებს, აემოქმედებინა სასამართლო-სამართლებრივი დაცვის ზომები (იხილეთ, საქმე Mustafa Tunç and Fecire Tunç, ციტირებული ზემოთ, § 232, შემდგომი მითითებით). საქმეში Armani Da Silva (ციტირებული ზემოთ, § 279), სასამართლომ, გააანალიზა რა სხვადასხვა წევრი სახელმწიფოსგან მიღებული შესაბამისი ინფორმაცია დაასკვნა, რომ არ არსებობდა ერთიანი მიდგომა წევრ სახელმწიფოებს შორის არც განხილვის ხელმისაწვდომობასთან ან, თუ ეს შესაძლებელია, ამ განხილვის ფარგლებთან დაკავშირებით. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საგამოძიებო გადაწყვეტილებების ამგვარი განხილვის შესაძლებლობა, ის უდავოდ წარმოადგენს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის საიმედო გარანტიას (იხილეთ, საქმე Mustafa Tunç and Fecire Tunç, § 233 და საქმე Gürtekin and Others, § 28, ორივე ციტირებულია ზემოთ). წინამდებარე საქმეში არსებობდა დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ პროკურატურის გადაწყვეტილებების სასამართლო განხილვის უფლება (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფი 60). თუმცა, ასეთი შესაძლებლობა არ არსებობდა მომჩივნებისთვის დაზარალებულის სტატუსის არქონის გამო (შეადარეთ, საქმე Jaloud, ციტირებული ზემოთ, § 224; შეადარეთ, საქმე Giuliani and Gaggio, ციტირებული ზემოთ, § 313). აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი მომჩივნისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებამ მომჩივნებს ხელი შეუშალა კანონით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი პროცედურული გარანტიების განხორციელებაში (იხილეთ, საქმე „ეძგვერაძე“, ციტირებული ზემოთ, § 46).

  1. დასკვნა

97. დასკვნის სახით, საქმისწარმოებაში ზემოთ დადგენილი ხარვეზების, კერძოდ, ხარვეზიანი პირველადი საგამოძიებო რეაგირების, მათ შორის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შეგროვებისა და დამუშავების ფორმის გათვალისწინებით, ოპერაციის დაგეგმვისა და კონტროლის ეტაპის ზედაპირული შესწავლა, „სუს“-ის თანამშრომლების გამოკითხვის გაჭიანურება და პირველი მომჩივნისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი, რამაც მომჩივნებს ხელი შეუშალა პროკურატურის გადაწყვეტილების გასაჩივრებაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ორგანოებმა ვერ დააკმაყოფილეს ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის მიზნების ფარგლებში. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას მის პროცედურულ ასპექტში.

  1. მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა არსებით ასპექტში
    1. ზოგადი პრინციპები

98. მოქმედი ზოგადი პრინციპების შეჯამება მოცემულია საქმეში Giuliani and Gaggio (ციტირებული ზემოთ, §§174-82, 208-10 და 249-50; ასევე, იხილეთ, საქმე Cangöz and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 105-06 და Yukhymovych, ციტირებული ზემოთ, §§ 60-62). სასამართლო იმეორებს, რომ მე-2 მუხლით დაცულია სიცოცხლის უფლება და დგინდება ის გარემოებები, რომლებშიც სიცოცხლის ხელყოფა შეიძლება იყოს გამართლებული. ის სიტუაციები, რომლებშიც სიცოცხლის ხელყოფა შეიძლება იყოს გამართლებული, ამომწურავია და უნდა მოხდეს მათი ვიწრო მნიშვნელობით განმარტება. ძალის გამოყენება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლის ხელყოფა, არ უნდა აღემატებოდეს „უკიდურეს აუცილებლობას“ და უნდა იყოს ზედმიწევნით პროპორციული მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის (a), (b) და (c) პუნქტებში მოცემული ერთ-ერთი მიზნის მიღწევის მიმართ (იხილეთ, საქმე Oğur v. Turkey [GC], No 21594/93, § 78, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 1999‑III). საქმეებში, რომლებიც ეხება სახელმწიფო წარმომადგენლების მიერ ძალის გამოყენებას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ იმ სახელმწიფო წარმომადგენლების ქმედებები, რომლებმაც უშუალოდ გამოიყენეს ძალა, არამედ ყველა ის თანმხლები გარემოება, მათ შორის ისეთი საკითხები, როგორიცაა შესაბამისი, მოქმედი სამართლებრივი ან მარეგულირებელი ჩარჩო და განსახილველი ქმედებების დაგეგმვა და კონტროლი. როგორც თავად მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ტექსტიდან ჩანს, პოლიციელების მიერ ლეტალური ძალის გამოყენება შეიძლება გამართლებული იყოს გარკვეულ გარემოებებში. თუმცა, ძალის ნებისმიერი გამოყენება „უნდა იყოს გამოწვეული უკიდურესი აუცილებლობით“, ანუ ის უნდა იყოს ზედმიწევნით პროპორციული ამ გარემოებებში. სიცოცხლის უფლების ფუნდამენტური თვისებიდან გამომდინარე, ის გარემოებები, რომლებშიც სიცოცხლის ხელყოფა შეიძლება იყოს გამართლებული, უნდა იყოს ზედმიწევნით დეტალურად აღწერილი (იხილეთ, საქმე McCann and Others v. the United Kingdom, 27 სექტემბერი, 1995, §§ 150 და 194, სერია A No 324; საქმე Bubbins v. the United Kingdom, No 50196/99, §§ 135-36, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2005‑II (ამონარიდები); საქმე Nachova and Others v. Bulgaria [GC], No No 43577/98 და 43579/98, §§ 93‑94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2005‑VII; ასევე, იხილეთ, საქმე Makaratzis v. Greece [GC], No 50385/99, §§ 56-59, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004‑XI).

99. იმ გარემოებების დადგენის გარდა, რომლებშიც სიცოცხლის ხელყოფა შეიძლება გამართლებული იყოს, მე-2 მუხლი გულისხმობს სახელმწიფოს უპირველეს ვალდებულებას, უზრუნველყოს სიცოცხლის უფლების დაცვა შესაბამისი სამართლებრივი და ადმინისტრაციული ჩარჩოს ამოქმედებით, რომელიც განსაზღვრავს იმ შეზღუდულ გარემოებებს, რომლებშიც ძალოვან მაღალჩინოსნებს შეუძლიათ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით (იხილეთ, საქმე Makaratzis, ციტირებული ზემოთ, §§ 57-59).

  1. ამ პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმის გარემოებების მიმართ

100. შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოდან გამომდინარე სასამართლო აღნიშნავს, რომ ის გარემოებები, რომლებშიც „სუს“-ის თანამშრომლებს შეუძლიათ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით მკაცრად რეგულირდება. მაგალითად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღი შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ აუცილებელი მოგერიების მიზნით ან უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებში. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ასევე დამოკიდებულია თანმხლები გარემოებების შეფასებაზე (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფი 57). ამიტომ, მხარეთა არგუმენტებისა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონი, შესაბამის დროს ძალაში არსებული რედაქციით, აყალიბებს შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც არეგულირებს ლეტალური ძალის გამოყენებას (ამასთან დაკავშირებით, იხილეთ საქმე Giuliani and Gaggio, ციტირებული ზემოთ, §§213-15).

101. რაც შეეხება ოპერაციის დაგეგმვისა და კონტროლის ეტაპს კონვენციის მე-2 მუხლის კონტექსტში, სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს იმ კონტექსტს, რომელშიც ჩატარდა ოპერაცია, ასევე მისი განხორციელების ფორმას. ამასთან დაკავშირებით იგი აღნიშნავს, რომ ოპერაცია დაიგეგმა და ჩატარდა ტერორიზმთან დაკავშირებული გამოძიების კონტექსტში (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფი 5). ამავე დროს, „სუს“-სს თავის განკარგულებაში ჰქონდა გარკვეული დრო დაკავების ოპერაციის დასაგეგმად, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება დაკავების ნებართვასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა 2017 წლის 23 დეკემბერს, ხოლო ოპერაცია განხორციელდა 2017 წლის 26 დეკემბერს. ამრიგად, „სუს“-სს საქმე არ ჰქონდა დაუგეგმავ და სპონტანურ ოპერაციასთან, როგორც ასეთთან (შეადარეთ, საქმე Makaratzis, ციტირებული ზემოთ, §69; ასევე, იხილეთ, საქმე Rehbock v. Slovenia, No 29462/95, §§ 71-72, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2000‑XII და საქმე Celniku v. Greece, No 21449/04, §56, 5 ივლისი, 2007). ასევე, ოპერაციის მიზანი არ იყო ტერორისტული აქტის თავიდან აცილება (შეადარეთ, საქმე McCann and Others, ციტირებული ზემოთ, § 195).

102. როგორც სასამართლო აღნიშნავს, მთავრობამ ვერ წარადგინა რაიმე დოკუმენტი ან მასალა, რომლებიც ითვალისწინებდა იმ პროცედურებს, რომლებსაც სპეცრაზმელები იყენებდნენ მოცემულ ოპერაციამდე, ოპერაციის დროს ან მის შემდეგ (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფები 21და 33). ოფიციალური ანგარიშები ოპერაციის მომზადების ან/და განხორციელების ფორმის შესახებ ასევე არ არის გამოძიების მასალებში და მთავრობამ ამასთან დაკავშირებით განმარტება არ გააკეთა (ამასთან დაკავშირებით, ასევე, იხილეთ საქმე Yukhymovych, § 77 და საქმე Erdoğan and Others, § 75, ორივე ციტირებული ზემოთ). ამის მიუხედავად, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სპეცრაზმელები არ აპირებდნენ დაკავებას, როგორც ამას ოპერაციის მიზნები ითვალისწინებდა. გარდა ამისა, სასამართლო ეთანხმება მთავრობის იმ არგუმენტს, რომ „სუს“-ი ელოდა შეიარაღებულ წინააღმდეგობას თ.მ.-ისგან, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდა 2017 წლის 21-22 ნოემბრის ოპერაცია (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფი 6).

103. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ იმ ოპერაციის დაგეგმვისას, რომელშიც მონაწილეობდა მრავალი შეიარაღებული თანამშრომელი და რომელიც, მოვლენათა ოფიციალური ვერსიის მიხედვით, მიზნად ისახავდა პოტენციურად შეიარაღებული ტერორისტის დაკავებას, „სუს“-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ვერ უზრუნველყო სასწრაფო დახმარების მანქანა (იხილეთ, საქმე Wasilewska and Kałucka v. Poland, No No 28975/04 და 33406/04, § 55 საბოლოო, 23 თებერვალი, 2010). შედეგად, თ.მ.-ის საავადმყოფოში გადაყვანა და მისთვის ხელოვნური სუნთქვის ჩატარება დაგვიანდა (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფი 39). თუმცა, როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, თ.მ.-ს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა „სუს“-ის სამედიცინო პერსონალმა, სასიკვდილო გასროლისთანავე (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფი 10) და შემდეგ წაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანისკენ (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფი 40). ასევე, მისი საავადმყოფოში გადაყვანის დაგვიანებას არ ჰქონდა მიზეზობრივი კავშირი მის გარდაცვალებასთან (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფი 39).

104. სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმის ვითარება ვერ გაუთანაბრდება პატიმრობაში გარდაცვალებას, ან იმ სხვა ვითარებებს, რომლებსაც ორგანოები აკონტროლებდნენ, რის შედეგადაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება სახელმწიფოს (იხილეთ, საქმე McKerr, ციტირებული ზემოთ, § 119; საქმე Shanaghan v. the United Kingdom, No 37715/97, § 97, 4 მაისი, 2001; საქმე Kelly and Others v. the United Kingdom, No 30054/96, § 103, 4 მაისი, 2001 და საქმე McShane v. the United Kingdom, No 43290/98, §§ 103-04, 28 მაისი, 2002). როგორც ირკვევა, წინამდებარე საქმეში გადამწყვეტი საკითხი უკავშირდება თ.მ.-ის ქცევას იმ მომენტში, როდესაც სპეცრაზმელები მის საძინებელში შევიდნენ. თუმცა, გამოძიებამ დაასკვნა, რომ პირველმა სპეცრაზმელმა რეაგირება მოახდინა მაშინ, როდესაც თ.მ.-ი გაიწია ხელყუმბარისკენ და რადგან ეს სპეცრაზმელი ფიქრობდა, რომ მას მყისიერი საფრთხე ემუქრებოდა, მას პირდაპირ თავში ესროლა; მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ თ.მ.-ი, როგორც ჩანს, იმ მომენტში თავის მობილურ ტელეფონს იყენებდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელყუმბარა სისხლის ლაქებით, რომლებიც შეესაბამებოდა თ.მ.-ის გენეტიკურ პროფილს, ამოიღეს ამ უკანასკნელის საძინებლიდან (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფი 34) და რომ არ შეიძლება ითქვას, რომ ორგანოებმა ვერ წარადგინეს დამაჯერებელი ახსნა-განმარტება თ.მ.-ის გარდაცვალების გამომწვევ მოვლენებთან დაკავშირებით. (შეადარეთ საქმეს Abdulkhanov v. Russia, No 35012/10, §§ 97-98, 6 ივლისი, 2021 და საქმეს Khayauri and Others v. Russia, No No 33862/17 და 2 სხვა, § 82, 2021 წლის 19 ოქტომბერი). ასეთ ვითარებებში სასამართლო მიიჩნევს, რომ მის წინაშე არსებული მტკიცებულებები შეუძლებელს ხდის ზემოაღნიშნული წინააღმდეგობრივი ვერსიების შეფასებას იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ეს, ნაწილობრივ მაინც, გამოწვეული იყო გამოძიების ხარვეზების გამო. თუმცა, უდავოა, რომ თ.მ.-ი გარდაიცვალა მისი დაკავების ოპერაციის დროს მიღებული სასიკვდილო ჭრილობის შედეგად, ეროვნულ დონეზე არ ჩატარებულა იმ ზუსტი გარემოებების სასამართლო შეფასება, რომლებმაც გამოიწვია სასიკვდილო გასროლა (შეადარეთ, საქმე Gülen v. Turkey, No 28226/02, § 29, 14 ოქტომბერი, 2008).

105. ამასთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს, რომ მოცემული მოვლენებისგან დამოუკიდებლად, მას არ აქვს მყარი საფუძველი იმ ვითარების შესაფასებლად, რომელშიც თანამშრომელმა მოახდინა მყისიერი რეაგირება გადამწყვეტ მომენტში, ან რომ თ.მ.-ს აკონტროლებდა სპეცრაზმელები იმ მომენტში, როდესაც ისინი შევიდნენ ოთახში. სასამართლომ არაერთხელ განაცხადა, რომ მან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს მატერიალური ფაქტების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს როლის საკუთარ თავზე აღებისას, სადაც ეს გარდაუვალია საქმის განსაკუთრებული გარემოებების გამო (იხილეთ, საქმე Giuliani and Gaggio, ციტირებული ზემოთ, § 180, და საქმე Mustafa Tunç and Fecire Tunç, ციტირებული ზემოთ, § 182). უფრო მეტიც, მცდარი მსჯელობა ან მცდარი შეფასებები, სამწუხაროდ, რეტროსპექტივაში, თავისთავად არ გამოიწვევს კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას (იხილეთ, სხვა წყაროებს შორის, საქმე Tagayeva and Others, ციტირებული ზემოთ, §609 და საქმე Brady v. the United Kingdom (dec.), No 55151/00, 3 აპრილი, 2001).

106. შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ თ.მ.-ი სასიკვდილოდ დაიჭრა სპეცოპერაციის დროს, როდესაც სპეცრაზმელები, ორგანოების მიერ მოწოდებული მოვლენების დამაჯერებელი ვერსიის მიხედვით, ცდილობდნენ მის განიარაღებას და მისი კონტროლის ქვეშ აყვანას და არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ თ.მ.-ი გარდაიცვალა გარემოებებში, რომლებზეც სახელმწიფო იყო პასუხისმგებელი (იხილეთ, საქმე Cadıroğlu v. Turkey, No 15762/10, § 26, 3 სექტემბერი, 2013 და საქმე Ayvazyan, ციტირებული ზემოთ, §§ 91-92). წინამდებარე საქმის კონკრეტულ გარემოებებში სასამართლო, შესაბამისად, არ მიიჩნევს, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი მატერიალურსამართლებრივ ასპექტში.

  1. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა

107. კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით მომჩივნები ჩიოდნენ, რომ ისინი დაექვემდებარნენ არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას, განსაკუთრებით იმ აგრესიული და ღირსების შემლახველი ფორმის გამო, რომლითაც სპეცოპერაცია ჩატარდა მათი თანდასწრებით. კონვენციის მე-3 მუხლში ვკითხულობთ:

„ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია“.

მისაღებობა

  1. მხარეთა წარდგინებები

108. მთავრობამ გაიმეორა თავისი განცხადება მიუღებლობის შესახებ იმ მოტივით, რომ საჩივარი წარდგენილ იქნა ვადის დარღვევით, ან ალტერნატიულად, რომ ის იყო ნაადრევი (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფი 65) კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით მომჩივნების საჩივართან მიმართებით. ის დამატებით ამტკიცებდა და აღნიშნავდა, რომ მომჩივნებმა თავისი საჩივრები სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით პირველად გააჟღერეს გამოძიების დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, რომ საჩივარი შეტანილი იყო ოპერატიული მოქმედების მიმართ მოთხოვნის უგულებელყოფით.

109. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ მათი მოწყვლადობისა და სპეცოპერაციის დროს მათ მიერ მიღებული ტრავმის ფსიქოლოგიური შედეგების გათვალისწინებით, სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით მათი საჩივრების სამი თვით დაგვიანება არც ისე ხანგრძლივი იყო.

  1. სასამართლოს შეფასება

110. სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობა რამდენჯერმე შეეწინააღმდეგა კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით მომჩივნების მიერ შეტანილი საჩივრის მისაღებობას. თუმცა, ის ზედმეტად მიიჩნევს მათ ცალკე განხილვას, რადგან მომჩივნების შესაბამისი საჩივარი ნებისმიერ შემთხვევაში არის მიუღებელი, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.

111. წინამდებარე საქმეში ოპერაციის ლეგიტიმური მიზანი იყო თ.მ.-ის დაკავება და მისი სახლის ჩხრეკა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხი მომჩივანი ფიზიკურად არ დაშავებულა მოცემული სპეცოპერაციის მსვლელობისას, გარკვეული ხარისხით ის აუცილებლად გულისხმობდა ფიზიკური ძალის გამოყენებას. საქმის მასალებიდან და მხარეთა წარდგინებებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ერთადერთი საკითხი, რომელიც მან უნდა განიხილოს არის ის, იყო თუ არა ის მოპყრობა, რომელიც მომჩივნების მიმართ გამოიჩინეს ოპერაციის დროს, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით. ამასთან დაკავშირებით ის იმეორებს თავის გადაწყვეტილებას საქმეზე Gutsanovi v. Bulgaria (No 34529/10, § 132, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2013 (ამონარიდები)), სადაც მან დაადგინა, რომ არ შეიძლებოდა ისე შორს წასვლა, რომ სამართალდამცავი ორგანოებისგან მოეთხოვა არ დაეკავებინათ სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები საკუთარ სახლებში, სადაც იმყოფებოდნენ მათი შვილები ან მეუღლეები.

112. სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს ღამით, ოცდათორმეტი შეიარაღებული და ნიღბიანი სპეცრაზმელის მონაწილეობით სპეცოპერაციის ჩატარების გონივრულობის და ოპერატიული აუცილებლობის ეჭვქვეშ დაყენების მიზეზი (იხილეთ, მაგალითად, საქმე Ribcheva and Others v. Bulgaria, No No 37801/16 და 2 სხვა, § 170, 2021 წლის 30 მარტი). სახლში ბავშვები არ იყვნენ, თუმცა, ასაკის გათვალისწინებით, თ.მ.-ის ბებია მაინც შეიძლება ჩაითვალოს განსაკუთრებით მოწყვლად პირად. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ შედეგებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიციის ოპერაციები, რომლებიც გულისხმობს სახლში შესვლას და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას, აუცილებლად იწვევს უარყოფით ემოციებს მონაწილე პირებში (იხილეთ, საქმე Gutsanovi, ციტირებული ზემოთ, § 134). ამრიგად, მოვლენების შედეგად ოთხი მომჩივანი ძლიერ დაზარალდა. თუმცა, საქმის მასალებში არ არის იმის მტკიცებულება, რომ მათი სტრესი და შფოთვა აღემატებოდა იმას, რაც შეიძლება მოსალოდნელი ყოფილიყო ამ სახის ოპერაციების დროს, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდა ოპერაცია. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ თავის თავდაპირველ ჩვენებებში ოთხივე მომჩივანმა ცალსახად აღნიშნა, რომ მათ სპეცრაზმელების მხრიდან არ განუცდიათ რაიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლა (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფები 16-19). უფრო მეტიც, პირველმა მომჩივანმა უარყო შეთავაზება იმის შესახებ, რომ მას უნდა გაევლო სამედიცინო შემოწმება (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფი 19). ასეთ გარემოებებში სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ოპერაცია მიზნად ისახავდა მომჩივნებში შიშის დანერგვას ან/და მათ მიმართ ღირსების შემლახველ მოპყრობას.

113. ამგვარად, მომჩივნების ბრალდებების ხასიათის, ამ ბრალდებების გახმოვანების გაჭიანურების და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივნების საჩივარი, კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით, არის აშკარად დაუსაბუთებელი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) პუნქტის და მე-4 პუნქტის შესაბამისად.

  1. კონვენციის მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა

114. ბოლოს, მომჩივნები ჩიოდნენ, რომ მათთვის გამოძიებას დადებითი შედეგი არ ჰქონია კონვენციის მე-13 მუხლიდან გამომდინარე პროცედურულ მოთხოვნებთან შესაბამისად. ზემოაღნიშნული დასკვნების გათვალისწინებით, (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფები 97-113) სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის აუცილებელი კონვენციის მე-13 მუხლის საფუძველზე მომჩივნების მიერ შეტანილი საჩივრების ცალკე განხილვა, კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან კავშირში (იხილეთ, საქმე Nachova and Others, ციტირებული ზემოთ, § 123; ასევე, იხილეთ, საქმე Dalakov, ციტირებული ზემოთ, § 90, მასში შემდგომი მითითებებით).

  1. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

115. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:

„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“

  1. ზიანი

116. მომჩივნებმა მოითხოვეს 80,000 ევრო (EUR) მათი ნათესავის დაუსაბუთებელ ვითარებაში გარდაცვალების გამო მათთვის მიყენებული მორალური ზიანისთვის (საჩივრები კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლების მიხედვით) და დამატებით 10,000 ევრო (EUR) სპეცოპერაციის დროს მათთვის მიყენებული ტანჯვის გამო (საჩივარი კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით).

117. მთავრობა ამ მოთხოვნას შეედავა, გაიმეორა რა თავისი არგუმენტი, რომ საქმე იყო მიუღებელი სხვადასხვა საფუძვლით, ან რომ არ დარღვეულა არც ერთი დებულება, როგორც ამას აცხადებდნენ მომჩივნები. ალტერნატიულად, მან სასამართლოს სთხოვა თავად შეეფასებინა მორალური ზიანი სამართლიან საფუძველსა და სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით.

118. წინამდებარე საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით სასამართლო აღიარებს, რომ მომჩივნებს მიადგათ მორალური ზიანი, რომელიც ვერ ანაზღაურდება მხოლოდ კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევის კონტექსტში. სამართლიანობის საფუძველზე შეფასების გაკეთებისას, სასამართლო მომჩივნებს აკუთვნებს ერთობლივად 10,000 ევროს (EUR) მორალური ზიანის და ნებისმიერი იმ დამატებითი გადასახადის ანაზღაურებისთვის, რომლებიც შეიძლება მათ დაეკისროთ.

  1. ხარჯები და დანახარჯები

119. მომჩივნებმა მოითხოვეს 21,412,50 ბრიტანული გირვანქა (ფუნტი) სტერლინგი (GBP) ლონდონში მოღვაწე თავისი ორი წარმომადგენლის (ბატონი პ. ლიჩი და ბ. კ. კოჯოკარიუ), EHRAC-დან, იურიდიული მომსახურების საზღაურის საკომპენსაციოდ. ისინი ასევე ითხოვდნენ დაახლოებით 5500 ევროს (EUR) ანაზღაურებას სხვადასხვა ადმინისტრაციული და თარგმანის ხარჯებისთვის. მათ წარადგინეს ოთხი მომჩივნის მიერ EHRAC-თან ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი იურიდიულ მომსახურებასთან დაკავშირებით, ორივე ადვოკატის ნამუშევარი საათების აღრიცხვის დეტალური ცხრილებით, სადაც მოცემული იყო დეტალური ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს ხასიათისა და ადვოკატების საათობრივი განაკვეთების შესახებ და სხვადასხვა ფინანსური დოკუმენტი, რომლებიც შეეხებოდა ადმინისტრაციულ მომსახურებასა და თარგმანთან დაკავშირებულ ხარჯებს.

120. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნებმა ვერ დაადასტურეს, რომ შესაბამისი ხარჯები ნამდვილად იყო გაღებული და რომ ისინი იყო აუცილებელი და გონივრული, საჭიროების მიხედვით. ის აცხადებდა, რომ მომჩივნებმა ვერ წარადგინეს შესაბამისი იურიდიული და ფინანსური დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ლონდონში მოღვაწე ორი ადვოკატისთვის გადასახდელი საფასური ნამდვილად იქნა გადახდილი და ასევე აცხადებდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხები გადაჭარბებული იყო. რაც შეეხება ადმინისტრაციულ და თარგმანთან დაკავშირებულ ხარჯებს, ის ამტკიცებდა, რომ ეს ხარჯები არ იყო აუცილებელი.

121. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მომჩივანს უფლება აქვს აუნაზღაურდეს ხარჯები და დანახარჯები მხოლოდ მოცულობით, რის დადასტურებაც იქნება შესაძლებელი, რომ ისინი რეალურად და საჭიროების მიხედვით იქნა გაწეული და გაღებული იქნა გონივრული საჭიროების მიხედვით. სასამართლო აღნიშნავს, რომ იურიდიული მომსახურებისთვის მოთხოვნილი საფასურიდან 13,350 ინგლისური გირვანქა (ფუნტი) სტერლინგი (GBP) განკუთვნილი იყო EHRAC-ის ადვოკატისთვის (ბ-ნი კ. კოჯოკარიუ), რომლის წერილობითი უფლებამოსილების ფორმა არ იყო საქმის მასალებში (იხილეთ, ზემოთ, პარაგრაფი 2). შესაბამისად, სარჩელის ეს ნაწილი არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება დანარჩენ მოთხოვნას ხარჯებსა და დანახარჯებთან დაკავშირებით, მის ხელთ არსებული დოკუმენტებისა და ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს 15,000 ევროს (EUR) მიკუთვნებას, იმ გადასახადების ხარჯებთან ერთად, რომლებიც შეიძლება დაეკისროს მომჩივნებს.

ამ მოტივით სასამართლო

  1. ერთსულოვნად აცხადებს საჩივრებს მისაღებად კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე;
  2. ერთსულოვნად ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი მის პროცედურულ ასპექტში.
  3. ადგენს, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-2 მუხლი მატერიალურ-სამართლებრივ ასპექტში.
  4. ერთსულოვნად აცხადებს, რომ საჩივარი მიუღებელია კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე;
  5. ადგენს, რომ არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა კონვენციის მე-13 მუხლის საფუძველზე.
  6. ერთსულოვნად ადგენს,
    1. რომ კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფომ, საბოლოო გადაწყვეტილებიდან სამი თვის ვადაში, მომჩივნებს ერთობლივად უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხები, რომლებიც უნდა დაკონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს გადახდის თარიღისთვის:

(i) 10,000 ევრო (EUR) (ათი ათასი ევრო), პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროთ მორალური ზიანის გამო;

(ii) 15,000 ევრო (EUR) (თხუთმეტი ათასი ევრო), პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივნებს ხარჯებსა და დანახარჯებთან დაკავშირებით;

  1. რომ ზემოაღნიშნული სამი თვის გასვლიდან ანგარიშსწორებამდე ზემოაღნიშნულ თანხებზე გადასახდელი იქნება მარტივი საპროცენტო განაკვეთი ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო საპროცენტო განაკვეთის თანაბარი განაკვეთით, გადახდის გადავადების პერიოდში, პლუს სამი პროცენტული პუნქტი;
  2. არ აკმაყოფილებს, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, მომჩივნების სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2023 წლის 19 იანვარს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით.

                       

   ვიქტორ სოლოვეიჩიკი                                         ჟორჟ რავარანი
სექციის განმწესრიგებელი                                     თავმჯდომარე

 

 

კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე წესის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსამართლე გნატოვსკის დამოუკიდებელი მოსაზრება თან ერთვის წინამდებარე გადაწყვეტილებას.

გ.რ.
ვ.ს.

 

მოსამართლე გნატოვსკის ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება

1. მე ვეთანხმები სასამართლოს დასკვნებს ამ საქმესთან დაკავშირებით ერთი მთავარი გამონაკლისის გარდა. სამწუხაროდ, ვერ დავეთანხმები ჩემს კოლეგებს იმაში, რომ მე-2 მუხლი მის მატერიალურ-სამართლებრივ ასპექტში არ დარღვეულა. ჩემი აზრით, ასეთი დასკვნა პრობლემატურია საქმის კონკრეტულ გარემოებებში და არასასურველია მსგავს საკითხებზე სასამართლოს იურისპრუდენციის სამომავლო განვითარებისთვის.

2. საქმე ეხება 2017 წლის 26 დეკემბერს, დილით ადრე, საქართველოში, სოფელ დუისში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც 19 წლის საქართველოს მოქალაქე, თ.მ.-ი საკუთარ სახლში, თავის საწოლში მწოლიარე მდგომარეობაში თავში სასიკვდილოდ დაჭრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის („სუს“) სპეცდანიშნულების რაზმის ოცდათორმეტი თანამშრომლისგან შემდგარი გუნდის წევრმა, რომელიც მის სახლში დილის დაახლოებით 3:45‑4:00 საათზე შევიდა მის დასაკავებლად, ISIS‑ის მოკავშირე ტერორისტული დაჯგუფებისთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენის ბრალდებით. საჩივარი შეიტანეს თ.მ.-ის მამამ, დედამ, ბებიამ და დამ (შემდგომში „მომჩივნები“), რომლებმაც იჩივლეს კონვენციის მე-2, მე-3 და მე-13 მუხლების საფუძველზე.

3. მთავრობისა და მომჩივნების განმარტებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ეხებოდა იმ მოვლენებს, რომლებიც განვითარდა თ.მ.-ის საძინებელში, რის შედეგადაც „სუს“-ის თანამშრომელმა მას თავში ესროლა. მთავრობის მიერ მოყვანილი გამოძიების მასალის მიხედვით, „თ.მ.-მა არ შეასრულა პირველი სპეცრაზმელის მოთხოვნა ხელების ჩვენებასა და დანებებასთან დაკავშირებით, სცადა ხელყუმბარის აფეთქება, რის შედეგადაც მას თავში ესროლეს“ (იხილეთ, გადაწყვეტილების მე-10 პარაგრაფი). საწინააღმდეგოდ ამისა, მომჩივნებმა განაცხადეს, რომ გამოძიებით დამაჯერებლად არ დადასტურდა, რომ თ.მ.-ს ხელყუმბარა ეჭირა მაშინ, როდესაც სპეცრაზმელები მის საძინებელში შევიდნენ. მომჩივნების თქმით, სპეცრაზმელებმა არასწორად წარმართეს ხელყუმბარის ამოღების, შემოწმებისა და ტესტირების პროცესი; მათ ასევე დამაკმაყოფილებლად ვერ ახსნეს ისეთი საკითხები, როგორიცაა თ.მ.-ის ზუსტი პოზიცია მის საძინებელში სპეცრაზმელების შესვლის მომენტში; მოვლენების თანმიმდევრობა გასროლის დაწყებამდე და მის შემდეგ, მათ შორის, ჰქონდა თუ არა მომჩივანს მობილური ტელეფონი და ყურსასმენები და თ.მ.-ს მიეცა თუ არა გაფრთხილება (იხილეთ, გადაწყვეტილების 74-ე პარაგრაფი). მომჩივნებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი სახლი, სულ მცირე, სამი საათის განმავლობაში იყო „სუს“-ის ექსკლუზიური კონტროლის ქვეშ, თ.მ.-ის საძინებლის გაჩხრეკამდე, რომ ეს სერიოზულ ეჭვს იწვევდა იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან მოხვდა ხელყუმბარა საძინებელში (იხილეთ გადაწყვეტილების 51-ე პარაგრაფი).

4. პალატამ ერთხმად დაადგინა მე-2 მუხლის დარღვევა მის პროცედურულ ასპექტში, რადგან დამაჯერებელი საფუძვლებით დადგინდა, რომ თ.მ.-ის მკვლელობის გამოძიებამ გამოავლინა რამდენიმე სერიოზული ხარვეზი. როგორც შეჯამებულია გადაწყვეტილების 97-ე პარაგრაფში, ეს ხარვეზები მოიცავს შემდეგს:

„... ხარვეზიანი პირველადი საგამოძიებო რეაგირება, მათ შორის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შეგროვებისა და დამუშავების ფორმა, ოპერაციის დაგეგმვისა და კონტროლის ეტაპის ზედაპირული შესწავლა, სპეცრაზმელების გამოკითხვის გაჭიანურება და პირველი მომჩივნისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა, რამაც მომჩივნებს ხელი შეუშალა პროკურატურის ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაში...“.

5. რაც შეეხება მე-2 მუხლის მატერიალურ-სამართლებრივ ასპექტს, გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ეხება მტკიცების ტვირთის საკვანძო საკითხს. გადაწყვეტილების 104-ე პარაგრაფი შეიცავს ამ საკვანძო საკითხის ამსახველ აბზაცს:

„... მოცემულ საქმეში არსებული ვითარება ვერ გაუთანაბრდება პატიმრობაში გარდაცვალებას ან იმ სხვა ვითარებებს, რომლებსაც ხელისუფლების ორგანოები აკონტროლებდნენ, რის შედეგადაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება სახელმწიფოს...“

6. ასევე მოყვანილია დამატებითი არგუმენტები მე-2 მუხლის მატერიალურ-სამართლებრივ ასპექტში დაურღვევლობასთან დაკავშირებით. იმავე პარაგრაფში პალატა აღნიშნავს:

„... ხელყუმბარა სისხლის ლაქებით, რომლებიც შეესაბამებოდა თ.მ.-ის გენეტიკურ პროფილს, ამოიღეს ამ უკანასკნელის საძინებლიდან და არ შეიძლება ითქვას, რომ ორგანოებმა ვერ წარადგინეს დამაჯერებელი ახსნა-განმარტება თ.მ.-ის გარდაცვალების გამომწვევ მოვლენებთან დაკავშირებით ...“

შემდეგ პალატა აცხადებს:

„...რომ მის წინაშე არსებული მტკიცებულებები შეუძლებელს ხდის ზემოაღნიშნული წინააღმდეგობრივი ვერსიების შეფასებას იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ეს, ნაწილობრივ მაინც, გამოწვეული იყო გამოძიების ხარვეზების გამო. თუმცა, უდავოა, რომ თ.მ.-ი გარდაიცვალა მისი დაკავების ოპერაციის დროს მიღებული სასიკვდილო ჭრილობის შედეგად, ეროვნულ დონეზე არ ჩატარებულა იმ ზუსტი გარემოებების სასამართლო შეფასება, რომლებმაც გამოიწვია სასიკვდილო გასროლა...“

გადაწყვეტილების 105-ე პარაგრაფს დაემატა დამატებითი არგუმენტები, მაგალითად, „მყარი საფუძველი, რომლითაც უნდა შეფასდეს ის სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდა ის თანამშრომელი, რომელსაც მოეთხოვებოდა რეაგირება გადამწყვეტ მომენტში“, მითითება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოვალეობაზე, რომ „მან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს მატერიალური ფაქტების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს როლის საკუთარ თავზე აღებისას, სადაც ეს გარდაუვალია საქმის განსაკუთრებული გარემოებების გამო“ და იმის შეხსენება, რომ „მცდარი მსჯელობა ან მცდარი შეფასებები, სამწუხაროდ, რეტროსპექტივაში, თავისთავად არ გამოიწვევს კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას (მითითებები გამოტოვებულია). შემდეგი პარაგრაფი მთავრდება დასკვნით იმის შესახებ, რომ მე-2 მუხლის მატერიალურ-სამართლებრივი ასპექტი არ დარღვეულა „წინამდებარე საქმის კონკრეტულ გარემოებებში“.

7. სამწუხაროდ, მე ვერ დამარწმუნეს იმ არგუმენტებმა, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გადაწყვეტილებაში მე-2 მუხლის მატერიალურ-სამართლებრივი ასპექტში დაურღვევლობის დადგენისას. მე მთავარ ყურადღებას გავამახვილებ მტკიცების ტვირთის საკითხზე, რის შემდეგაც მოკლედ შევეხები იმ სხვა პრობლემატურ ჩვენებებს, რომლებიც, სავარაუდოდ, გავლენას ახდენენ დასკვნაზე მე-2 მუხლის მატერიალურ-სამართლებრივ ასპექტში დარღვევასთან დაკავშირებით.

8. მართლაც, ამ საქმეში მთავარი პრობლემატური საკითხი ეხება კონვენციის მე-2 მუხლის მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ ასპექტებს შორის დამოკიდებულებას. უპირველეს ყოვლისა, ჩემი კოლეგების მიერ არჩეული არგუმენტაციის მეთოდში მე მაღელვებს ის, რომ იგი ეწინააღმდეგება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს მტკიცების სტანდარტისა და მტკიცების ტვირთის შესახებ, რომელიც გამოიყენება იმ ვითარებებში, სადაც მოვლენები, მთლიანად ან მეტწილად, ხელისუფლების ორგანოების ექსკლუზიური ცოდნის ფარგლებშია. ეს განსხვავდება იმ საკითხისგან, ხელისუფლების ორგანოები ფიზიკურად სრულად აკონტროლებდნენ თუ არა დაზარალებულს, რაც განხილულია გადაწყვეტილების 104-ე და 105-ე პარაგრაფებში, საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავი გზით (იხილეთ ქვემოთ). თუმცა, ეს არის ის არსებული საკითხი, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წინამდებარე საქმისთვის.

9. უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების ორგანოები ექსკლუზიურად აკონტროლებდნენ იმ ძირითად მტკიცებულებებს, რომლებსაც შეეძლოთ ნათელი მოეფინათ სადავო მოვლენებისთვის. ხელისუფლების ორგანოებს ევალებოდა ეფექტური, ოფიციალური გამოძიების მეშვეობით შესაძლო სიზუსტით დაედგინა, როგორც მთავრობა ამტკიცებდა, რომ თ.მ.-ი აპირებდა ხელყუმბარის აფეთქებას „სუს“-ის თანამშრომლის მიერ გაცემული სიტყვიერი გაფრთხილების საპასუხოდ, ან, როგორც მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ იგი იყენებდა თავის მობილურ ტელეფონს და ეკეთა ყურსასმენები, რის შედეგადაც გაფრთხილება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არ გაუგია, ხოლო ხელყუმბარა მას მოგვიანებით „სუს“-მა ჩაუდო.

10. სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში მოვლენების პოზიტიური განვითარება, ჩემი აზრით, იძლევა იმის ვარაუდის აშკარა უფლებას, რომ მყარი ფაქტობრივი პრეზუმფცია წარმოიქმნება სხეულის დაზიანების და გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც ხდება ისეთ ვითარებებში, როდესაც მოვლენები, მთლიანად ან ნაწილობრივ, ხელისუფლების ორგანოების ექსკლუზიური კონტროლის ქვეშაა. ასეთ შემთხვევებში, ხდება მტკიცების ტვირთის გადანაცვლება და მოპასუხე მთავრობამ მოვლენების თანმიმდევრობა უნდა განმარტოს დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი გზით და წარმოადგინოს მყარი მტკიცებულება მომჩივნების ბრალდებების გასაქარწყლებლად (იხილეთ, კერძოდ, საქმე Tagayeva and Others v. Russia, No No 26562/07 და 6 სხვა, § 586, 13 აპრილი, 2017 და საქმე Mansuroğlu v. Turkey, No 43443/98, § 80, 26 თებერვალი, 2008). ასეთი განმარტების არარსებობის პირობებში, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს ისეთი დასკვნები, რომლებიც შეიძლება არახელსაყრელი იყოს მთავრობისთვის. ჩემი აზრით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა იგივე მიდგომა წინამდებარე საქმეში, რადგან მთავრობის მიერ წარმოდგენილი არც ერთი არგუმენტი არ იყო დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი განმარტება. ნაცვლად ამისა, უმრავლესობა დაკმაყოფილდა მოვლენათა დამაჯერებელი ვერსიით, რომელიც წარადგინა მთავრობამ (იხილეთ, გადაწყვეტილების 104-ე და 106-ე პარაგრაფები). თუ სასამართლო ამ მიდგომას გამოიყენებს წინამდებარე საქმით დაშვებულ ფარგლებს მიღმა, არსებობს რისკი, რომ შეიქმნება სიცოცხლის უფლების დაცვის სტანდარტის დაკნინების საშიშროება.

11. როგორც უკვე აღინიშნა, გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ „რომ წინამდებარე საქმის ვითარება ვერ გაუთანაბრდება პატიმრობაში გარდაცვალებას, ან იმ სხვა ვითარებებს, რომლებშიც ორგანოები ახორციელებდნენ კონტროლს“ (იხილეთ, გადაწყვეტილების 104-ე პარაგრაფი). ამ მოსაზრების წინა სამ პარაგრაფში მტკიცების ტვირთის საკითხის განხილვის შემდეგ მსურს დამატებით აღვნიშნო, რომ ფაქტობრივი განცხადება იმის შესახებ, რომ ხელისუფლების ორგანოები არ ახორციელებდნენ კონტროლს, ასევე პრობლემატურია და არა იმიტომ, რომ არსებობს იმის დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ დაზარალებული იმყოფებოდა იმ სპეცრაზმელების სრული კონტროლის ქვეშ, რომლებიც ახორციელებდნენ მისი დაკავების ოპერაციას, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ შეუძლებელია იმის დაზუსტებით ცოდნა, თუ რა მოხდა თ.მ.-ის საძინებელში თავში სროლის მომენტამდე რამდენიმე საათით ადრე და რა ხდებოდა ამ სროლის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში. გადაწყვეტილება გარკვეულწილად ადასტურებს ამას საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავი გზით; კერძოდ 105-ე პარაგრაფში ნათქვამია, რომ სასამართლოს „არ აქვს მყარი საფუძველი, რომლითაც... დაადგენს, რომ თ.მ.-ი სპეცრაზმელების ოთახში შესვლისას მათი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.“ მართლაც, სასამართლომ არ იცის, იყო თუ არა თ.მ.-ი თანამშრომლების კონტროლის ქვეშ სასიკვდილო გასროლის დროს და შესაბამისად, შესაბამისი სტანდარტი არის ის, რაც უნდა იყოს გამოყენებული ისეთ სიტუაციებში, „როდესაც მოვლენები, მთლიანად ან მეტწილად, მოქცეულია ხელისუფლების ორგანოების ექსკლუზიური კონტროლის ფარგლებში“.

12. ასევე აუცილებელია გადაწყვეტილებაში მოყვანილი იმ არგუმენტების განხილვა, რომლებიც შეიძლება განიმარტოს, როგორც საფუძველი იმ ალტერნატივის არჩევისა, რომ არ დარღვეულა მე-2 მუხლი მატერიალურ-სამართლებრივ ასპექტში. პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ ვეთანხმები სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის სპეცრაზმელების/„სუს“-ის თანამშრომლების მიერ ლეტალური ძალის გამოყენების სამართლებრივი ჩარჩოს არსებობისა და მისი ფარგლების შეფასებას (იხილეთ, გადაწყვეტილების მე-100 პარაგრაფი), 101‑102-ე პარაგრაფებში მითითებული ოპერაციის დაგეგმვის ეტაპის შეფასება უჩვეულოდ მსუბუქია. როგორც სწორად არის აღნიშნული 102-ე პარაგრაფში:

„... მთავრობამ ვერ წარადგინა რაიმე დოკუმენტი ან მასალა, რომლებიც ითვალისწინებდა იმ პროცედურებს, რომლებსაც სპეცრაზმელები იყენებდნენ მოცემულ ოპერაციამდე, ოპერაციის დროს ან მის შემდეგ... ოფიციალური ანგარიშები ოპერაციის მომზადების ან/და განხორციელების ფორმის შესახებ ასევე არ არის გამოძიების მასალებში და მთავრობამ ამასთან დაკავშირებით განმარტება არ გააკეთა...“

გარდა ამისა, 103-ე პარაგრაფში ნათლად არის მოცემული დაგეგმვის ხარვეზი იმ „ოპერაციისა, რომელშიც მონაწილეობდა მრავალი შეიარაღებული თანამშრომელი და რომელიც, მოვლენათა ოფიციალური ვერსიის მიხედვით, მიზნად ისახავდა პოტენციურად შეიარაღებული ტერორისტის დაკავებას“, რადგან ორგანოებმა დროულად ვერ მოახდინეს სასწრაფო დახმარების მანქანის ადგილზე მობილიზება იმ პირობებშიც კი, თუ არ არსებობდა მტკიცებულება იმისა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანის ადგილზე მობილიზება რეალურად გადაარჩენდა თ.მ.-ის სიცოცხლეს, მისთვის მიყენებული ტრავმის სიმძიმის მიუხედავად (იხილეთ, გადაწყვეტილების 39-ე პარაგრაფი). სამწუხაროდ, უმრავლესობა თავს იკავებს ორგანოების მხრიდან ასეთი დარღვევის შეფასებისაგან, თუმცა ამასთან დაკავშირებით აღნიშნავენ შემდეგს: „არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სპეცრაზმელები არ აპირებდნენ დაკავებას, როგორც ამას ოპერაციის მიზნები ითვალისწინებდა“ და ისინი ეთანხმებიან მთავრობის მტკიცებას იმის შესახებ, რომ ხელისუფლების ორგანოებს ჰქონდა იმის მოლოდინის საფუძვლიანი მიზეზები, რომ თ.მ.-ი გაუწევდა შეიარაღებულ წინააღმდეგობას (იხილეთ, გადაწყვეტილების 102-ე პარაგრაფი).

13. ასევე, 104-ე პარაგრაფში მითითება კეთდება იმ ფაქტზე, რომ „ხელყუმბარა სისხლის ლაქებით, რომლებიც შეესაბამებოდა თ.მ.-ის გენეტიკურ პროფილს, ამოიღეს ამ უკანასკნელის საძინებლიდან“, რაც ამყარებს მთავრობის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მოვლენების ვერსიის დამაჯერებლობას. ეს მითითება საკმაოდ წარუმატებელი ჩანს, რადგან ის მხოლოდ იმეორებს მოვლენების შესახებ მთავრობის ვერსიას, რომელსაც, ეფექტური გამოძიების არარსებობის პირობებში, არ აქვს იმაზე მეტი წონა, ვიდრე მომჩივნების იმ მტკიცებას, რომ ხელყუმბარა თ.მ.-ის საძინებელში ჩადეს იმ თანამშრომლებმა, რომლებიც ახორციელებდნენ მისი დაკავების ოპერაციას. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების 34-ე პარაგრაფში აღწერილი თითის ანაბეჭდის ანალიზის მიხედვით, ხელყუმბარაზე აღნიშნული კვალი არ იყო საკმარისი ან შესაფერისი იდენტიფიკაციის მიზნებისთვის და ამიტომ, ისეთი თითის ანაბეჭდები ვერ იქნა მიღებული, რომელსაც გამოიყენებდნენ ანალიზისთვის. რაც შეეხება ხელყუმბარაზე თ.მ.-ის სისხლის კვალის არსებობას, ეს არ ითვლება საფუძვლად საბოლოო დასკვნის გამოტანისთვის, რადგან ინციდენტის დასრულებისთანავე მისი სისხლის კვალი იყო ოთახში რამდენიმე საგნის ზედაპირზე (იხილეთ, მაგალითად, გადაწყვეტილების პარაგრაფები 42‑43).

14. მთლიანობაში, წინამდებარე საქმის გადაწყვეტა დამოკიდებულია იმის შეფასების საჭიროებაზე, თ.მ.-სთვის სროლამ დააკმაყოფილა თუ არა კონვენციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „უკიდურესი აუცილებლობის“ სტანდარტი მომჩივნებისა და მთავრობის მიერ წარმოდგენილი ურთიერთგამომრიცხავი განმარტებების საფუძველზე, ხოლო ამ უკანასკნელმა ვერ ჩაატარა ინციდენტის ეფექტური გამოძიება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში ჩამოყალიბებული სტანდარტების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, მე-2 მუხლის დარღვევა პროცედურულ ასპექტში უდავოა, ძალიან მაღელვებს ის, რომ სიცოცხლის უფლების მატერიალურ-სამართლებრივი ასპექტის დაურღვევლობის დადგენამ შეიძლება არასწორი სიგნალი გაუგზავნოს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს.

15. როგორც სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ბოლო მონოგრაფიაშია აღნიშნული, რომელიც ეხება სიცოცხლის უფლებას, „ECtHR-ის მიერ მე-2(2) მუხლის ინტერპრეტაციამ და გამოყენებამ წარმოშვა აშკარად მტკიცე ნორმების რთული კომბინაცია კონტექსტურად გაუთვალისწინებელი შემთხვევების მიმართ ზოგადად ლმობიერი მიდგომით“[1]. თუმცა, ასეთი „ლმობიერი მიდგომა“ სახელმწიფო წარმომადგენლების მიერ ლეტალური ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული გამონაკლისების მიმართ არ შეიძლება იყოს შეუზღუდავი. ჩემი აზრით, მეტად სასურველია, რომ სასამართლო იყოს უფრო მომთხოვნი იმ სიტუაციებში, როდესაც ეფექტური გამოძიება არ ჩატარებულა და როდესაც მთავრობამ დამაკმაყოფილებლად და დამაჯერებლად ვერ განმარტა მოვლენების თანმიმდევრულად განვითარება და არ წარმოადგინა მომჩივნის ბრალდებების გამაქარწყლებელი მყარი მტკიცებულებები.

16. წინამდებარე საქმისგან სრულიად დამოუკიდებლად, რომელშიც, ჩემი აზრით, მე-2 მუხლი დაირღვა როგორც მისი პროცედურული, ისე მატერიალურ-სამართლებრივი ასპექტებით, ის სიტუაციები, როდესაც სასამართლო, განიხილავს რა მე-2 მუხლის მატერიალურ-სამართლებრივი ასპექტის სავარაუდო დარღვევას და ამავე დროს ადგენს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ვერ განახორციელეს ეფექტური გამოძიება, შეიძლება აღმოჩნდეს ერთგვარ გაურკვეველ სიტუაციაში. ამ პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც გასათვალისწინებელია ზოგიერთ (რა თქმა უნდა, არა ყველა) მსგავს საქმეში, შეიძლება იყოს ერთსა და იმავე გადაწყვეტილებაში დარღვევასთან და დაურღვევლობასთან დაკავშირებული ორი ურთიერთსაწინააღმდეგო სიგნალის გაგზავნისგან თავის შეკავება. მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევა მაინც კონვენციით გათვალისწინებული ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი უფლების დარღვევაა. ამიტომ, შესაძლოა სასურველი იყოს ორივე ასპექტის გაანალიზება, თუმცა, დაუშვებელია ამ ანალიზის იმ ერთ დასკვნაში გაერთიანება, რომ მუხლი მთლიანად დაირღვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ადვილი იქნება მათთვის, ვისაც სურს დააკნინოს სასამართლოს მიერ დარღვევის დადგენის მნიშვნელობა, იმის თქმა, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ასპექტის დაურღვევლობა საქმის უფრო მნიშვნელოვანი შედეგია, ვიდრე საპროცესო ვალდებულების დარღვევა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ორგანოები ვერ ახორციელებენ ეფექტურ გამოძიებას და სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას, რომელსაც ის ითხოვს საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად დარღვევის არსებობის ან არარსებობის შესახებ, ისინი არ უნდა „დაჯილდოვდნენ“ იმ შესაძლებლობით, რომ გამოიტანონ დაურღვევლობის შესახებ დასკვნა, რომელიც შემდეგ ადვილად შეიძლება გასაჯაროვდეს მათთვის ხელსაყრელი კუთხით. ეს შეთავაზება ეხება მხოლოდ ზოგიერთ საქმეს, თუმცა ის შეიძლება იყოს გონივრული ალტერნატივა ინფორმაციისა და დეზინფორმაციის, სიმართლისა და ფსევდოსიმართლის თანამედროვე სამყაროში.

 

დანართი

N

მომჩივნების სახელი და გვარი

დაბადების წელი

ეროვნება

საცხოვრებელი ადგილი

1

მალხაზ მაჩალიკაშვილი

1968

ქართველი

დუისი

2

ელენე მაჩალიკაშვილი

1949

ქართველი

ახმეტა

3

ნატა მაჩალიკაშვილი

1989

ქართველი

დუისი

4

აიზა მარგოშვილი

1971

ქართველი

დუისი

 

 


[1] სტივენ სკინერი, ლეტალური ძალა, სიცოცხლის უფლება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო: ნარატივები სიკვდილისა და დემოკრატიის შესახებ (ჰარტის გამომცემლობა, 2019), გვ. 84.