დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ზოგიერთი დანაშაულისათვის სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების – სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო |
მიღების თარიღი | 20/03/1991 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 3, 29/03/1991 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
ზოგიერთი დანაშაულისათვის სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების –სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ
ხელმძღვანელობს რა ჰუმანურობისა და კაცთმოყვარეობის პრინციპებით, აგრეთვე მოქალაქეების, შრომითი კოლექტივების და ორგანიზაციების მოთხოვნით იმის თაობაზე, რომ სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება – სიკვდილით დასჯა, როგორც დროებითი და იძულებითი ღონისძიება, არ იქნეს გამოყენებული ზოგიერთ დანაშაულისათვის, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
I. გაუქმდეს სასჯელი განსაკუთრებული ღონისძიება – სიკვდილით დასჯა დანაშაულისათვის, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლით (ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადება ან გასაღება), 89-ე მუხლით (სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევა), 961 მუხლით (სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცება) და 189-ე მუხლით (ქრთამის აღება).
II. ამასთან დაკავშირებით შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბერის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 10) შემდეგი ცვლილება:
I. 24-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების სახით, მის სრულ გაუქმებამდე, დაიშვება სიკვდილით დასჯის – დახვრეტის გამოყენება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განზრახ მკვლელობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში, რაც აღნიშნულია ამ კოდექსის მუხლებში, რომლებიც აწესებენ პასუხისმგებლობას განზრახ მკვლელობისათვის, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით სპეციალურად გათვალისწინებულ ცალკეულ შემთხვევებში, – აგრეთვე ზოგიერთი სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის“.
2. 88-ე მუხლის მეორე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან ისჯება სიკვდილით, ქონების კონფისკაციით“.
3. 89-ე მუხლის მეორე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან სიკვდილით, ქონების კონფისკაციით“.
4. 961 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან ისჯება სიკვდილით, ქონების კონფისკაციით“.
5. 189-ე მუხლის მესამე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ხოლო განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებში – სიკვდილით, ქონების კონფისკაციით“.
III. იმ განაჩენით, რომლითაც ამ კანონის პირველ მუხლში აღნიშნული დანაშაულისათვის დადგენილია სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება – სიკვდილით დასჯა და ამ კანონის სამოქმედოდ შემოღებამდე არ არის მოყვანილი სისრულეში, ზემდგომი სასამართლო სიკვდილით დასჯა შეცვლის თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტ წლამდე.
IV. ეს კანონი სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს მიღებისთანავე.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია.
თბილისი, 1991 წლის 20 მარტი.
დოკუმენტის კომენტარები