დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისი №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12-ორგ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 15/02/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 25/02/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/06/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.230.000.20.013.007.100 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.20.013.007.100
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის
ბრძანება №12-ორგ
2005 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში (სსმ III, 24.05.02 წ., №50, მუხ. 471) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კონტროლის პალატის სამართლებრივი აქტის პროექტი ვიზირებული უნდა იყოს თავმჯდომარის მოადგილის, პროექტის შემომტანი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, იურიდიული და კრებსით-ანალიზური სამსახურების მიერ.”.
2. რეგლამენტის 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის გეგმა
1. საქართველოს კონტროლის პალატის საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობა წარიმართება პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული წლიური და კვარტალური რევიზია-შემოწმების გეგმებით.
2. კონტროლის პალატის რევიზია-შემოწმების გეგმაში შეიტანება საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტიდან მოსული წინადადებები.”.
3. რეგლამენტის 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. რევიზია-შემოწმების გეგმის მომზადების წესი
1. კონტროლის პალატის რევიზია-შემოწმების წლიური და კვარტალური გეგმების პროექტებს ადგენს კრებსით-ანალიზური სამსახური შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების გეგმების პროექტების საფუძველზე.
2. საქართველოს კონტროლის პალატის კრებსით-ანალიზური სამსახური, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატებისა და ადგილობრივი ბიუჯეტების დეპარტამენტის მომდევნო წლისა და პირველი კვარტალის რევიზია-შემოწმების გეგმების პროექტებს 15 ოქტომბრამდე უგზავნის ამ რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ”, „კ”, „ლ”, „მ” და „ნ” ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ დეპარტამენტებს, რომლებიც ვალდებულნი არიან 15 ნოემბრამდე წარუდგინონ თავისი გეგმის პროექტები კრებსით-ანალიზურ სამსახურს.
3. კონტროლის პალატები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში და კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულები წარადგენენ კრებსით-ანალიზურ სამსახურში მეორე კვარტალის რევიზია-შემოწმების გეგმის პროექტებს, შესაბამისად, 15 თებერვალს, მესამე კვარტალისას – 15 მაისს, მეოთხე კვარტალისას – 15 აგვისტოს.
4. კრებსით-ანალიზური სამსახურის ხელმძღვანელი კონტროლის პალატის რევიზია-შემოწმების გეგმების საბოლოო პროექტებს ათანხმებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატებისა და სარევიზიო დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან, რის შესახებაც მოახსენებს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმს გეგმის პროექტების განხილვის დროს”.
4. რეგლამენტის 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. რევიზია-შემოწმების გეგმის პრეზიდიუმზე განხილვა
1. საქართველოს კონტროლის პალატის რევიზია-შემოწმების წლიურ და კვარტალურ გეგმებს ამტკიცებს პრეზიდიუმი შესაბამის საანგარიშო პერიოდამდე 15 დღით ადრე.
2. კონტროლის პალატის რევიზია-შემოწმების გეგმის კორექტირება (საკითხის ამოღება, გადატანა ან დამატება) დასაშვებია მხოლოდ კონტროლის პალატის პრეზიდიუმის მიერ, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების არგუმენტირებული წინადადებების საფუძველზე.”.
5. რეგლამენტის 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. არაგეგმური რევიზია-შემოწმება
1. არაგეგმური რევიზია-შემოწმება, მათ შორის, შემოწმებული ობიექტის განმეორებითი შემოწმება ან გადამოწმება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიების მომართვის, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების პრეზიდიუმების გადაწყვეტილებით.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების პრეზიდიუმების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არაგეგმური რევიზია-შემოწმების ჩატარების შესახებ დაუყოვნებლივ მიეწოდება საქართველოს კონტროლის პალატის კრებსით-ანალიზურ სამსახურს.”.
6. რეგლამენტის 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 26. რევიზია-შემოწმების გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა და კონტროლი
1. კონტროლის პალატის რევიზია-შემოწმების გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატებისა და ამ რეგლემენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა”, ”თ”, ”კ”, ”ლ”, ”მ” და ”ნ” ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს.
2. საქართველოს კონტროლის პალატის რევიზია-შემოწმების გეგმის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს კრებსით-ანალიზური სამსახური.
3. საქართველოს კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულები, კონტროლის პალატები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ვალდებულნი არიან საანგარიშო კვარტალის დასრულებიდან 15 დღის, ხოლო საანგარიშო წლის დასრულებიდან 30 დღის ვადაში კრებსით-ანალიზურ სამსახურში პრეზიდიუმის მიერ დადგენილი ფორმით წარადგინონ ინფორმაცია რევიზია-შემოწმების გეგმის შესრულებისა და ჩატარებული არაგეგმური რევიზია-შემოწმების შესახებ.”.
7. რეგლამენტის 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27. რევიზია-შემოწმების ორგანიზება და ვადები
1. კონტროლის პალატა საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობას ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობით დაკავებულ მოხელეებს – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების ხელმძღვანელთა მოადგილეებს, სამმართველოების უფროსებს და მათ მოადგილეებს, კონტროლის პალატის სარევიზიო დეპარტამენტების უფროსების მოადგილეებს, მთავარ კონტროლიორებს, წამყვან კონტროლიორებს, კონტროლიორებს, მთავარ იურისტებს და იურისტებს, უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორი წლის სტაჟი და გავლილი უნდა ჰქონდეთ საკვალიფიკაციო ტესტირება.
3. რევიზია-შემოწმების მოცულობას, ვადას და ადგილს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ადგენს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარეები.
4. რევიზია-შემოწმების ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს. ამ ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით, საკონტროლო პერიოდის ხანგრძლივობისა და ობიექტის სირთულის გათვალისწინებით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპულიკებში კონტროლის პალატებისა და საქართველოს კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა მოხსენებითი ბარათების საფუძველზე.”.
8. რეგლამენტის 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28. ბრძანება რევიზია-შემოწმების ჩატარების შესახებ და პროგრამა
1. რევიზია-შემოწმება ტარდება დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების თავმჯდომარეების მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე.
2. ბრძანებაში აღინიშნება სარევიზიო ჯგუფი და ჯგუფის ხელმძღვანელი, სარევიზიო ობიექტის დასახელება, რევიზიის ფორმა (თემატური შემოწმების შემთხვევაში – საკითხის ან საკითხების დასახელება), სარევიზიო პერიოდი, რევიზიის ვადა და საფუძველი.
3. ბრძანება რევიზია-შემოწმების შესახებ ვიზირებული უნდა იყოს სტრუქტურული ერთეულის კურატორი მოადგილის, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, კრებსით-ანალიზური და იურიდიული სამსახურების ხელმძღვანელების მიერ.
4. რევიზია-შემოწმების პროგრამა დგება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობის მიერ სარევიზიო ჯგუფთან ერთად. პროგრამას ამტკიცებს (ვიზირებულს იურიდიული სამსახურის მიერ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
5. რევიზია-შემოწმების პროგრამაში ან სარევიზიო ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა, აგრეთვე რევიზია-შემოწმების შეჩერება, შეწყვეტა, ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით.
6. ბრძანების პროექტი ვიზირებისთვის კრებსით-ანალიზურ სამსახურს უნდა წარედგინოს რევიზია-შემოწმების დაწყებამდე, ან მიმდინარე რევიზია-შემოწმების ვადის ამოწურვამდე, როგორც წესი, არანაკლებ 4 დღით ადრე, იურიდიულ სამსახურს – 3 დღით ადრე, თავმჯდომარეს ხელმოსაწერად – 2 დღით ადრე.
7. რევიზია-შემოწმების დაწყებამდე ჯგუფის ხელმძღვანელი ვალდებულია სარევიზიო ობიექტის ხელმძღვანელს წარუდგინოს ბრძანება, პროგრამა და რევიზიის პროცესში მხარეების უფლება-მოვალეობათა ჩამონათვალი.”.
9. რეგლამენტის 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 30. რევიზია-შემოწმების აქტი (ცნობა)
1. კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული კომპლექსური რევიზიის დროს დგება „კომპლექსური რევიზიის აქტი,” ხოლო თემატური შემოწმების ან კომპლექსური რევიზიის დროს ცალკეულ საკითხთა რევიზიის შედეგების სხვა ორგანოებში გადაგზავნის შემთხვევაში, „თემატური შემოწმების აქტი.”
2. კომპლექსური რევიზიის და თემატური შემოწმების აქტში უნდა აისახოს რევიზია-შემოწმების შედეგები პროგრამაში ჩამოთვლილ საკითხთა მიხედვით, უნდა დაფიქსირდეს ყველა დარღვევა შესაბამისი საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დასახელების, დარღვეული მუხლის, მუხლის ნაწილის თუ პუნქტის მითითებით. აქტის ბოლოს, უფლებამოსილ პირთა ხელმოწერამდე, განმარტებული უნდა იყოს აქტის გასაჩივრების ორგანო, ვადა და წესი.
3. რევიზია-შემოწმების აქტის, როგორც ადმინისტრაციული აქტის, თავფურცელი შესრულებული უნდა იყოს კონტროლის პალატის გერბიან ბლანკზე, უნდა ჰქონდეს კონტროლის პალატის სარეგისტრაციო ნომერი, შედგენის თარიღი და ადგილი.
4. რევიზია-შემოწმების აქტს ხელს აწერს სარევიზიო ჯგუფის ხელმძღვანელი და ჯგუფის წევრები, რომლებიც პერსონალურად აგებენ პასუხს რევიზიის შედეგების უტყუარობაზე.
5. შემოწმებულ ობიექტს რევიზია-შემოწმების აქტი გასაცნობად წარედგინება სარევიზიო ჯგუფის მიერ ხელმოწერის შემდეგ, რევიზიის ვადის ამოწურვამდე. აქტის ჩაბარება დასტურდება ობიექტის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და ობიექტის მარეგისტრირებელი დანაყოფის აღნიშვნით. ობიექტის ხელმძღვანელობა აქტს ეცნობა და ხელს აწერს ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. აქტში დაფიქსირებულ ფაქტებზე სრულად ან ნაწილობრივ არდათანხმების შემთხვევაში, ობიექტის ხელმძღვანელობა აქტზე აკეთებს შესაბამის მინაწერს და სარევიზიო ჯგუფს წარუდგენს წერილობით განმარტებას, რომელიც თან უნდა დაერთოს რევიზიის მასალებს. რევიზიის შედეგებზე შემოწმებული ობიექტის შენიშვნებს იხილავს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა. განხილვის შედეგებზე ობიექტს ეცნობება წერილობით და აისახება რევიზია-შემოწმების შესახებ მოხსენებით ბარათში.
6. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებული ობიექტი უარს აცხადებს აქტის მიღებაზე, მასზე ხელმოწერაზე და შესაბამისი განმარტების წარმოდგენაზე, სარევიზიო ჯგუფის მიერ დგება სათანადო ცნობა. ცნობა დგება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია რევიზიის ჩატარება ან დაწყებული რევიზიის დასრულება.
7. დანაშაულის ნიშნების შემცველი რევიზია-შემოწმების მასალები სამართალდამცავ ორგანოებს ეგზავნება კონტროლის პალატის იურიდიული სამსახურის ვიზირების შემდეგ.”.
10. რეგლამენტის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. მოხსენებითი ბარათი
1. რევიზია-შემოწმების აქტის ობიექტის ხელმძღვანელობის მიერ გაცნობისა და ხელმოწერისთვის განკუთვნილი ვადის ამოწურვიდან ან ამ რეგლამენტის 30-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ცნობის გაფორმებიდან არაუმეტეს 20 დღის ვადაში სტრუქტურული ერთეული ამზადებს მოხსენებით ბარათს შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის სახელზე.
2. მოხსენებით ბარათში მოკლედ უნდა იყოს გაანალიზებული რევიზია-შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებები სათანადო შეფასებებითა და დასკვნებით; წარმოდგენილი უნდა იყოს წინადადებები დარღვევა-ნაკლოვანებათა აღმოფხვრისა და რეაგირების შესახებ.
3. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და შემოწმებული ობიექტის ახსნა-განმარტებასთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს. რევიზია-შემოწმების მოხსენებითი ბარათი ვიზირებული უნდა იყოს სარევიზიო ჯგუფის, სტრუქტურული ერთეულის კურატორი მოადგილის და იურიდიული სამსახურის მიერ. მოხსენებითი ბარათი სამართლებრივი უზრუნველყოფისათვის და მოთხოვნის შემთხვევაში რევიზია-შემოწმების აქტი იურიდიულ სამსახურს წარედგინება ამ მუხლის პირველი პუნქტში მითითებული ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე.
4. მოხსენებითი ბარათი ცნობისათვის ეგზავნება გენერალურ ინსპექციას და კრებსით-ანალიზურ სამსახურს.”.
11. რეგლამენტის 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 33. კონტროლის პალატის პრეზიდიუმის სხდომის მომზადებისა და ჩატარების წესი
1. კონტროლის პალატის უმაღლესი კოლეგიური ორგანოს – პრეზიდიუმის სხდომები ტარდება არანაკლებ თვეში ერთხელ. სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ პრეზიდიუმის სამდივნო ვალდებულია საჯაროდ გამოაცხადოს 1 კვირით ადრე.
2. გადაუდებელი აუცილებლობისას პრეზიდიუმის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან პრეზიდიუმის წევრთა უმრავლესობის მოთხოვნის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში პრეზიდიუმი უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა პირველ პუნქტში მითითებული წესის დაუცველად (სხდომის შესახებ 1 კვირით ადრე საჯაროდ გამოცხადება). ამასთანავე, პრეზიდიუმის სამდივნო ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.
3. გადაუდებელი აუცილებლობისას სხდომის ჩატარების ან სხდომის დახურვის შემთხვევაში პრეზიდიუმი ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში განმარტოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.
4. პრეზიდიუმზე განსახილველი საკითხი შემოაქვს კონტროლის პალატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.
5. პრეზიდიუმის წევრებს სხდომის დღის წესრიგის პროექტი თანდართული დოკუმენტებით მიეწოდებათ სხდომამდე 3 კალენდარული დღით ადრე.
6. პრეზიდიუმის სხდომის დღის წესრიგის პროექტი დგება პრეზიდიუმის სამდივნოს მიერ და მტკიცდება პრეზიდიუმის სხდომაზე.
7. პრეზიდიუმის სხდომას, პრეზიდიუმის წევრების გარდა, ესწრებიან პრეზიდიუმის მდივანი, თავმჯდომარის აპარატის, ადმინისტრაციულ-ფინანსური უზრუნველყოფის სამსახურისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსები, თავმჯდომარის მთავარი მრჩეველი, კონკრეტულ საკითხებზე კი სარევიზიო ჯგუფის წევრები.
8. პრეზიდიუმის სხდომები ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დახურულ სხდომას ესწრებიან პრეზიდიუმის წევრები და ის პირები, რომელთა დასწრებას განსაზღვრავს პრეზიდიუმი.
9. პრეზიდიუმზე დამსწრე პირთა მოწვევას უზრუნველყოფს საკითხის გამომტანი სტრუქტურული ერთეული. მოწვეულ პირთა რეგისტრაცია ევალება პრეზიდიუმის სამდივნოს.
10. პრეზიდიუმი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება პრეზიდიუმის წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება.
11. პრეზიდიუმის სხდომის ოქმს აფორმებს პრეზიდიუმის სამდივნო.
12. პრეზიდიუმის სხდომაზე საკითხის განხილვის შედეგებიდან გამომდინარე, საკითხის გამომტანი სტრუქტურული ერთეული, პრეზიდიუმის სამდივნოსთან ერთად, სხდომის ჩატარებიდან არაუმეტეს 15 დღის ვადაში ამზადებს დადგენილებას, რომელიც ვიზირდება პრეზიდიუმის წევრების მიერ. აღნიშნული პროცედურის შესრულებას უზრუნველყოფს პრეზიდიუმის სამდივნო.
13. პრეზიდიუმის დადგენილება, ხელმოწერილი უნდა იქნეს თავმჯდომარის მიერ და დაეგზავნოს შესაბამის ადრესატებს, რასაც უზრუნველყოფს პრეზიდიუმის სამდივნო.
14. რევიზია-შემოწმების შედეგების თაობაზე მიღებული პრეზიდიუმის დადგენილების კონტროლიდან მოხსნა ხდება პრეზიდიუმის დადგენილებით.
15. პრეზიდიუმის დავალებებისა და გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს თავმჯდომარის აპარატი.”.
12. რეგლამენტის 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 34. პრეზიდიუმის დადგენილების პროექტის მომზადება
1. პრეზიდიუმის დადგენილების პროექტს ამზადებს საკითხის გამომტანი სტრუქტურული ერთეული პრეზიდიუმის სამდივნოსთან ერთობლივად. დადგენილების პროექტი ვიზირებული უნდა იყოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, სტრუქტურული ერთეულის კურატორი მოადგილის, იურიდიული სამსახურის, ხოლო რევიზიის შედეგების განხილვის შემთხვევაში, აგრეთვე სარევიზიო ჯგუფის წევრების მიერ.
2. პრეზიდიუმის დადგენილების პროექტში უნდა აღინიშნოს განსახილველი საკითხის შინაარსი, რევიზიით გამოვლენილი ძირითადი დარღვევა-ნაკლოვანებები, შეფასებები, გასატარებელი ღონისძიებები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები და შესრულების ვადები.
3. პრეზიდიუმის დადგენილების პროექტი, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს კომპიუტერის არანაკლებ №14 შრიფტით და 1,5 ინტერვალით ნაბეჭდ 10 გვერდს.
4. პრეზიდიუმის სხდომაზე საკითხის განხილვამდე დადგენილების პროექტი განიხილება წინასწარ თათბირზე შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილესთან ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან, სარევიზიო ჯგუფის მონაწილეობით.
5. პრეზიდიუმის დადგენილებებისა და სხდომის დღის წესრიგის პროექტები, როგორც წესი, წინასწარ განიხილება კონტროლის პალატის ოპერატიულ თათბირზე.
13. რეგლამენტის 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 35. კონტროლის პალატის მოხსენება მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით
1. საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, კონტროლის პალატა წელიწადში ორჯერ, ბიუჯეტის შესრულების წინასწარი და სრული ანგარიშის წარდგენის დროს, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით.
2. კონტროლის პალატის მოხსენება წარმოადგენს საანგარიშო წლისა და ექვსი თვის ანალიზს ბიუჯეტის შესრულების შესახებ, რომელშიც ასახულია ძირითადი მონაცემები მთავრობის ანგარიშის სისრულისა და სიზუსტის შესახებ, ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მობილიზების მდგომარეობის, სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის და კანონიერების თაობაზე.
3. კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულები და კონტროლის პალატები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ბიუჯეტის წლის შესრულების შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონტროლის პალატის კრებსით-ანალიზურ სამსახურში წარმოადგენენ არა უგვიანეს მომდევნო წლის 5 აპრილამდე, ხოლო ექვსი თვის შესრულების შესახებ – მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე.
4. კონტროლის პალატის სტრუქტურულმა ერთეულებმა ინფორმაცია უნდა წარადგინონ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის სახელზე.”.
14. რეგლამენტის 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 36. კონტროლის პალატის საქმიანობის ანგარიში
1. „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად კონტროლის პალატა წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა, პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს.
2. კონტროლის პალატის ანგარიში წარმოადგენს შესაბამისი წლის საქმიანობის ანალიზს, რომელშიც ასახულია ყველა სტატისტიკური ინფორმაცია, განზოგადებულია მნიშვნელოვან შემოწმებათა მასალები, დარღვევა-ნაკლოვანებები, ტენდენციები, გატარებული ღონისძიებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
3. კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულები, კონტროლის პალატები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში განვლილი წლის საქმიანობის ანგარიშს წარმოადგენენ არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 აპრილამდე.
4. კონტროლის პალატის სტრუქტურულმა ერთეულებმა საქმიანობის ანგარიშები უნდა წარმოადგინონ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის სახელზე.”.
15. რეგლამენტის 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 37. მოხსენებებისა და ანგარიშის მომზადება
1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებებს და კონტროლის პალატის საქმიანობის შესახებ ანგარიშს ამზადებს საქართველოს კონტროლის პალატის კრებსით-ანალიზური სამსახური.
2. კრებსით-ანალიზური სამსახური, არა უგვიანეს მომდევნო წლის 20 აპრილისა, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს წარუდგენს წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ, ხოლო არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ოქტომბრისა, ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების შესახებ მოხსენების პროექტს.
3. კრებსით-ანალიზური სამსახური არა უგვიანეს 1 მაისისა კონტროლის პალატის თავმჯდომარეს წარუდგენს კონტროლის პალატის საქმიანობის შესახებ საერთო ანგარიშის პროექტს.
4. მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით კონტროლის პალატის მოხსენებები და კონტროლის პალატის საქმიანობის შესახებ ანგარიში განიხილება და მტკიცდება საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის მიერ.”.
16. რეგლამენტის 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 38. ოპერატიული თათბირის ჩატარების წესი
1. კონტროლის პალატაში ოპერატიული თათბირი, როგორც წესი, ტარდება კვირაში ერთხელ. თათბირს ატარებს პალატის თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი მოადგილე.
2. ოპერატიულ თათბირს ესწრებიან: თავმჯდომარის მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, თავმჯდომარის თანაშემწე, მთავარი მრჩეველი, თათბირის მდივანი, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარე. პრეზიდიუმის დღის წესრიგის საკითხების წინასწარი განხილვისას თათბირს ესწრებიან პრეზიდიუმის წევრები. თათბირზე სხვა პირთა მოწვევის საკითხს საჭიროებისამებრ წყვეტს სხდომის თავმჯდომარე.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატებში ოპერატიული თათბირის ჩატარების დღე, საათი და დამსწრეთა ნუსხა განისაზღვრება შესაბამისი ხელმძღვანელის ბრძანებით.
4. ოპერატიულ თათბირზე იხილება კონტროლის პალატის საქმიანობის მიმდინარე საკითხები, კვირის მანძილზე გაწეული მუშაობის შედეგები, პრეზიდიუმის სხდომაზე გასატანი საკითხები, ისახება უახლოესი მომავლის ამოცანები და მათი გადაწყვეტის გზები.
5. თათბირის ოქმს აფორმებს თავმჯდომარის აპარატი და არა უგვიანეს მეორე დღისა წარუდგენს ხელმოსაწერად სხდომის თავმჯდომარეს.
6. თათბირის ოქმიდან ამონაწერი, არა უგვიანეს მეორე დღისა, ეგზავნებათ დავალების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს.
7.თათბირის დავალებათა შესრულების კონტროლს ახორციელებს თავმჯდომარის აპარატი.”
17. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 381 მუხლი:
„მუხლი 381. საქმისწარმოება
1. პალატაში მომზადებული დოკუმენტები თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს, როგორც წესი, წარედგინება კანცელარიის მეშვეობით.
2. მოხსენებითი ბარათი, რომელიც არ ეხება რევიზია-შემოწმების შედეგებს, თავმჯდომარის და მისი მოადგილეების სახელზე იწერება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ. თავმჯდომარის სახელზე მოხსენებითი ბარათი ვიზირებული უნდა იყოს სტრუქტურული ერთეულის კურატორი მოადგილის მიერ. მოხსენებით ბარათს უნდა ჰქონდეს სათაური და მისი რეგისტრაცია კანცელარიაში უნდა მოხდეს ხელმოწერისა და ვიზირებისას, ან უფლებამოსილი პირის მიერ რეზოლუციის გაფორმებისთანავე.
3. კონტროლის პალატიდან კორესპოდენციის გაგზავნა ხდება მხოლოდ თავმჯდომარის ან მისი მოადგილეების ხელმოწერით.” .
18. რეგლამენტის 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 39. კონტროლის პალატების პრეზიდიუმები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში
1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების პრეზიდიუმების პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმი, შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის წარდგინებით.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების რევიზია-შემოწმების ბრძანებების, მოხსენებითი ბარათების, პრეზიდიუმზე განსახილველად საკითხების მომზადებისა და განხილვის პროცედურა ხორციელდება საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტის საფუძველზე, მათი შიდა სტრუქტურისა და საშტატო თანამდებობათა გათვალისწინებით, რისთვისაც გამოიცემა შესაბამისი კონტროლის პალატის პრეზიდიუმის დადგენილება.
3. საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმი უფლებამოსილია გააუქმოს ან შეცვალოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების პრეზიდიუმების დადგენილებები.”.
19. რეგლამენტის მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 40. რევიზია-შემოწმების შედეგად გამოვლენილი თანხები და მონიტორინგი დარღვევა-ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად
1. კონტროლის პალატის მიერ რევიზია-შემოწმების შედეგად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სასარგებლოდ გამოვლენილ თანხებს ამოიღებს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოები.
2. რევიზია-შემოწმების შედეგად შემოწმებულ ობიექტებში გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებათა შესრულების მიმდინარეობაზე მონიტორინგს ახორციელებენ საქართველოს კონტროლის პალატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების ხელმძღვანელები და მათი კურატორი მოადგილეები.”.
20. რეგლამენტის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კონტროლის პალატას აქვს ბეჭდვითი ორგანო – ყოველკვარტალური ჟურნალი – „ფინანსური კონტროლი”.
მუხლი 2
წარმოდგენილი ცვლილებები გაეცნოს კონტროლის პალატის საჯარო მოსამსახურეებს.
მუხლი 3
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ზ. სოსელია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები