დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3703-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/11/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 440050000.05.001.102012 |
|
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან განთავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს;“. 2. მე-8 მუხლის: ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან ან საგამოძიებო დეპარტამენტიდან, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან ან საგამოძიებო დეპარტამენტიდან ან ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირზე ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტსა და ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის (სამხედრო წოდებით ან სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი) ან სასამართლო ხელისუფლების ორგანოში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან განთავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი. ნამსახურობაში, გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ნამსახურობისა, შედის შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და პროკურატურის ორგანოები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და საგამოძიებო დეპარტამენტი, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და საგამოძიებო დეპარტამენტი, ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა.“. 3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის მიზნებისთვის მუშაობის 20 წლის სტაჟში ჩაითვლება შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფში, 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფში სპეციალობით მუშაობა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ან/და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირად მუშაობა, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ორგანოს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფში სპეციალობით მუშაობა.“. 4. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ან საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ან საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მომუშავე სამხედრო წოდების მქონე პირის ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილი პირის მიერ ამ კანონით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილი პირის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი 20 წელს უთანაბრდება. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილი პირის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, მის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებსა და შვილებს.“. მუხლი 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2024 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 16 ნოემბერი 2023 წ. N3703-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები