დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3713-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 040170280.05.001.102031
3713-XIIIმს-Xმპ
16/11/2023
ვებგვერდი, 07/12/2023
040170280.05.001.102031
დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი აწესრიგებს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობასა და მიმოქცევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. საკითხები, რომლებიც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

2. ეს კანონი ვრცელდება იმ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ფლობა ხორციელდება საქართველოში, კერძოდ:

ა) „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე;

ბ) სააქციო საზოგადოებების მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოშვებულ აქციებზე;

გ) სააქციო საზოგადოებების ან სხვა ემიტენტების მიერ საჯარო ან კერძო სამართლის საფუძველზე გამოშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებზე, მათ შორის, უცხო ქვეყნის ემიტენტების მიერ საჯარო ან კერძო სამართლის საფუძველზე საქართველოში გამოშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებზე;

დ) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოშვებულ საინვესტიციო ფონდის ერთეულებზე;

ე) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოში გამოშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებზე;

ვ) საქართველოს ან უცხო ქვეყნის ემიტენტების მიერ საჯარო ან კერძო სამართლის საფუძველზე უცხო ქვეყანაში გამოშვებულ აქციებზე, სასესხო ფასიან ქაღალდებსა და საინვესტიციო ფონდის ერთეულებზე;

ზ) ამ პუნქტით განსაზღვრულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ დეპოზიტარულ ხელწერილებზე;

თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნებისმიერ სხვა ფასიან ქაღალდზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი − ფასიანი ქაღალდი, რომელიც არსებობს მხოლოდ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე ჩანაწერის სახით;

ბ) იდენტური დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები − ფასიანი ქაღალდების ერთი საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ფასიანი ქაღალდები. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ფასიანი ქაღალდების იდენტურ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებად მიჩნევის დამატებითი შემთხვევები; 

გ) ფასიანი ქაღალდების ანგარიში − ანგარიში (გარდა ემიტენტის ანგარიშისა), რომელსაც ანგარიშის მწარმოებელი აწარმოებს და რომელზედაც ხორციელდება ფასიანი ქაღალდების დაკრედიტება ან დადებეტება;

დ) ანგარიშის მწარმოებელი − ფინანსური ინსტიტუტი (მათ შორის, ცენტრალური დეპოზიტარი), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე უფლებამოსილია კლიენტს გაუხსნას და აწარმოოს ფასიანი ქაღალდების ანგარიში;

ე) ანგარიშის მფლობელი − პირი, რომლის სახელითაც ანგარიშის მწარმოებელი აწარმოებს ფასიანი ქაღალდების ანგარიშს, მიუხედავად იმისა, ეს პირი მოქმედებს თავის თუ სხვის სასარგებლოდ (მათ შორის, როგორც ანგარიშის მწარმოებელი); 

ვ) ინვესტორი − ანგარიშის მფლობელი (რომელიც, მათ შორის, შესაძლებელია იყოს ანგარიშის მწარმოებელი), რომელიც დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიმართ მოქმედებს მხოლოდ თავის სასარგებლოდ. ინვესტორს აქვს დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლება ამ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად;

ზ) ცენტრალური დეპოზიტარი − საქართველოს ეროვნული ბანკი ან/და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 50-ე პუნქტით განსაზღვრული ცენტრალური დეპოზიტარი;

თ) ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებული ღონისძიებები, რომელთა მიზანია პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და რომლებიც მოიცავს ნებისმიერ იძულებითი აღსრულების საპროცესო ღონისძიებას (მათ შორის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებსა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს) და საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გირავნობასა და იპოთეკას);

ი) რეკონსილაცია − ანგარიშის მწარმოებლის შიდა ჩანაწერების შედარება სხვა ანგარიშის მწარმოებლის ან სხვა პირების ჩანაწერებთან მათში წარმოდგენილი მონაცემების სისწორის დადასტურებისა და სწორი მონაცემების დადგენის მიზნით;

კ) ომნიბუსსეგრეგირებული ანგარიში − „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 69-ე პუნქტით განსაზღვრული ომნიბუსსეგრეგირებული ანგარიში;

ლ) ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიში − „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 70-ე პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიში.

2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სამართლებრივი ბუნება

1. ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე განთავსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი გვაროვნულია.

2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მიბარების ხელშეკრულების შესახებ ნორმები ვრცელდება ანგარიშის მწარმოებელსა და ანგარიშის მფლობელს შორის ურთიერთობებზე, ამ კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების თავისებურებების გათვალისწინებით. ანგარიშის მწარმოებელსა და ანგარიშის მფლობელს შორის შერეული ხელშეკრულების არსებობისას მასზე აგრეთვე ვრცელდება ნორმები იმ ხელშეკრულებების შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგას და მას შეესაბამება.

მუხლი 4. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიღება და გადაცემა

1. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიღება და გადაცემა ხდება ანგარიშის მფლობელის ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების დაკრედიტებით ან დადებეტებით. 

2. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიღება, გადაცემა და ფლობა მესამე პირისთვის ნამდვილად ჩაითვლება სხვა, დამატებითი ქმედების ან პირობის გარეშე.

3. ანგარიშის მწარმოებელი ვალდებულია შეასრულოს ანგარიშის მფლობელის ან მისი რწმუნებულის დავალება ანგარიშის მწარმოებელსა და ანგარიშის მფლობელს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

4. დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე გირავნობის უფლება (გარდა ფინანსური გირავნობისა) წარმოიშობა შესაბამის ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე ჩანაწერის გაკეთებით ან ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

5. ფინანსური გირავნობის წარმოშობა და ფინანსურ გირავნობასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 5. ფლობის რეჟიმი

1. ანგარიშის მწარმოებელი დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებს შეიძლება ფლობდეს მესამე პირის ან თავის სასარგებლოდ, ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილ ანგარიშებზე, როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ (სხვა ანგარიშის მწარმოებლის/ანგარიშის მწარმოებლების მეშვეობით).

2. ანგარიშის მწარმოებლის მიერ ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) გახსნილ ანგარიშებზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და აღწერილობა უნდა შეესაბამებოდეს იმ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობასა და აღწერილობას, რომლებიც დაკრედიტებულია ანგარიშის მწარმოებელთან ანგარიშის მფლობელთა მიერ გახსნილ ანგარიშებზე.

3. თუ ანგარიშის მწარმოებლის მიერ ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) გახსნილ ანგარიშებზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და აღწერილობა არ შეესაბამება იმ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობასა და აღწერილობას, რომლებიც დაკრედიტებულია ანგარიშის მწარმოებელთან ანგარიშის მფლობელთა მიერ გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე, ანგარიშის მწარმოებელი ვალდებულია იმოქმედოს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო თუ მის მიმართ დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი − ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად.

4. უცხოური ანგარიშის მწარმოებელი ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის  (FATF)  რეკომენდაციების შესაბამისად უნდა ახორციელებდეს პრევენციულ ღონისძიებებს, ინახავდეს ინფორმაციას/დოკუმენტებს და ექვემდებარებოდეს რეგულირებას/ზედამხედველობას.

მუხლი 6. დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლება

1. ინვესტორისთვის გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების დაკრედიტება წარმოშობს ინვესტორის წილობრივი თანასაკუთრების უფლებას ამ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე დაკრედიტებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის პროპორციულად,  ცენტრალურ დეპოზიტარში ან ანგარიშის მწარმოებელთან არსებულ იმ ომნიბუსსეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებული იდენტური  დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ერთობლიობაზე, რომელზედაც დაკრედიტებულია შესაბამისი ინვესტორების დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები. ამ პუნქტით განსაზღვრულ წილობრივი თანასაკუთრების უფლებაზე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საერთო საკუთრებისა და საზიარო უფლებების შესახებ ნორმები.

2. ინვესტორისთვის გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების დაკრედიტება წარმოშობს ცენტრალურ დეპოზიტარში ან ანგარიშის მწარმოებელთან არსებულ შესაბამის ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებულ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე ინვესტორის საკუთრების უფლებას.

მუხლი 7. დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრებიდან გამომდინარე უფლებების განხორციელება ანგარიშის მწარმოებლისა და ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ

1. ინვესტორს უფლება აქვს, დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრებიდან გამომდინარე უფლებები განახორციელოს მხოლოდ იმ ანგარიშის მწარმოებლის მიმართ, რომელთანაც ფლობს დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებს, ან ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ, თუ ინვესტორი დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებს პირდაპირ მასთან ფლობს. ამ წესიდან გამონაკლისია შემდეგი შემთხვევები:

ა)  ამ მუხლის შესაბამისად დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რესტიტუციასთან დაკავშირებული უფლებების განხორციელება ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდაციისას ან ამ მუხლის მე-10 პუნქტის გათვალისწინებით მის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შემთხვევაში;

ბ) ემიტენტის მიმართ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე სახელშეკრულებო მოთხოვნების ან კორპორაციული უფლებების განხორციელება;

გ) ემიტენტის მიმართ „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეჟიმის შემოღება, რა შემთხვევაშიც უფლებები ემიტენტის მიმართ ხორციელდება.  

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები ანგარიშის მწარმოებელმა შეიძლება განახორციელოს ინვესტორის სახელით, მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

3. ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდაციის შემთხვევაში მოთხოვნას იმ იდენტური ფასიანი ქაღალდების ერთობლიობაზე, რომლებიც ანგარიშის მწარმოებლის სახელით განთავსებულია ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) გახსნილ ომნიბუსსეგრეგირებულ ანგარიშზე, ახორციელებს ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდატორი კოლექტიურად, ყველა ანგარიშის მფლობელის სახელით. თუ ანგარიშის მწარმოებლის მიერ ანგარიშის მფლობელის სასარგებლოდ ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) გახსნილია ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიში, ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდატორი ანგარიშის მფლობელის სახელით მოთხოვნას ახორციელებს შესაბამის ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე არსებულ ფასიან ქაღალდებზე.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ომნიბუსსეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებული იდენტური ფასიანი ქაღალდების ერთობლიობა საკმარისი არ არის შესაბამის ანგარიშებზე დაკრედიტებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სრულად რესტიტუციისთვის, ფასიანი ქაღალდები განაწილდება ანგარიშის მფლობელებს შორის მათი უფლებების პროპორციულად.

5. თუ ომნიბუსსეგრეგირებულ ანგარიშზე ან/და ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე განთავსებული იდენტური ფასიანი ქაღალდების ერთობლიობა საკმარისი არ არის შესაბამის ანგარიშებზე დაკრედიტებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სრულად რესტიტუციისთვის, ანგარიშის მფლობელთა მოთხოვნის უფლება ვრცელდება აგრეთვე იდენტურ ფასიან ქაღალდებზე, რომლებსაც ფლობს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ანგარიშის მწარმოებელი თავის სასარგებლოდ, ანგარიშის მფლობელთა უფლებების სრულად დაკმაყოფილებისთვის საჭირო პროპორციით.

6. ანგარიშის მფლობელებს ანგარიშის მწარმოებლის მიმართ აქვთ არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა იმ უფლებების პროპორციულად, რომლებიც ვერ დაკმაყოფილდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად.

7. იმ არაკეთილსინდისიერი შემძენის მიმართ, რომელიც ვალდებულია განახორციელოს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რესტიტუცია, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისას უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ სალიკვიდაციო მასიდან გამოიყოს იმავე რაოდენობის დასაბრუნებელი იდენტური დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები (არსებობის შემთხვევაში).

8. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რესტიტუცია ხორციელდება მათი სხვა ანგარიშის მწარმოებელთან გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე გადატანით. სხვა ანგარიშის მწარმოებელს შეარჩევს ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდატორი.

9. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ანგარიშის მწარმოებლის სალიკვიდაციო მასაში არ შედის ის ფასიანი ქაღალდები, რომელთა მიმართ მოთხოვნის უფლება ამ მუხლის მე-3−მე-5 პუნქტების შესაბამისად აქვთ ანგარიშის მფლობელებს.

10. თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი ანგარიშის მწარმოებელია, მის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისას გამოიყენება ამ მუხლის მე-3−მე-9 პუნქტები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

მუხლი 8. ემისიის მთლიანობის დაცვის უზრუნველყოფა 

  1. ცენტრალურმა დეპოზიტარმა უნდა მიიღოს რეკონსილაციასთან დაკავშირებული შესაბამისი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ცენტრალურ დეპოზიტარში არსებული, ერთი ემისიის ფარგლებში გამოშვებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა ან ცენტრალურ დეპოზიტარში განთავსებული ფასიანი ქაღალდების ემისიის ნაწილი უდრიდეს ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ჯამს. ცენტრალურმა დეპოზიტარმა ამ პუნქტით გათვალისწინებული რეკონსილაცია უნდა განახორციელოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით.

2. საჭიროების შემთხვევაში, თუ გარკვეული კატეგორიის დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რეკონსილაციის განხორციელების პროცესში სხვა პირები არიან ჩართული, ემისიის მთლიანობის დასაცავად ეს პირები და ცენტრალური დეპოზიტარი უზრუნველყოფენ ინფორმაციის გაცვლასა და შესაბამის თანამშრომლობას.

3. დაუშვებელია ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე უარყოფითი ნაშთის არსებობა.

მუხლი 9. პასუხისმგებლობა

1. თუ ანგარიშის მწარმოებლის მიერ ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) გახსნილ ანგარიშებზე განთავსებული იდენტური ფასიანი ქაღალდების რაოდენობა იმ იდენტური ფასიანი ქაღალდების რაოდენობაზე ნაკლებია, რომლებიც დაკრედიტებულია ანგარიშის მწარმოებელთან ანგარიშის მფლობელთა მიერ გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე, ანგარიშის მწარმოებელი ვალდებულია:

ა) თუ ეს შეუსაბამობა მისი ბრალით არის გამოწვეული, შესაბამისი ოდენობით გაზარდოს ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) გახსნილ ანგარიშებზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა;

ბ) თუ ეს შეუსაბამობა დაუძლეველი ძალით არის გამოწვეული:

ბ.ა) უზრუნველყოს დაკარგული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების აღდგენა;

ბ.ბ) თუკი დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სრულად აღდგენა შეუძლებელია, შეამციროს დაზარალებულ ანგარიშის მფლობელთა ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა.

2. თუ ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიშის მწარმოებელს ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) გახსნილი აქვს როგორც ომნიბუსსეგრეგირებული ანგარიში, ისე ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიში, ანგარიშის მწარმოებელთან ანგარიშის მფლობელთა მიერ გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე დაკრედიტებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის შემცირების მიზნებისთვის გაითვალისწინება მხოლოდ შესაბამის ომნიბუსსეგრეგირებულ ანგარიშზე ან ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და აღწერილობა. ომნიბუსსეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებული იდენტური ფასიანი ქაღალდები დაზარალებულ ანგარიშის მფლობელებს შორის განაწილდება მათი უფლებების პროპორციულად.

მუხლი 10. დივიდენდის, პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდა

1. ემიტენტი ვალდებულია დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდზე დივიდენდის, პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდის მიზნით შესაბამისი თანხა ხელმისაწვდომი გახადოს წინასწარ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე. მას შემდეგ, რაც მითითებული თანხა ხელმისაწვდომი გახდება, ემიტენტი თავისუფლდება შესაბამისი ვალდებულებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ყადაღის ან სხვა ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამო აღნიშნული თანხის გამოყენება შეუძლებელი გახდება.

2. ცენტრალური დეპოზიტარი უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ანგარიშის მწარმოებელთა ანგარიშებზე გადარიცხვას მათ სახელზე არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების პროპორციულად, ვადის დადგომისას, რაც მას შესაბამისი ვალდებულებისგან ათავისუფლებს.

მუხლი 11. საკუთრების დადასტურება

დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლება დასტურდება ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე არსებული საკრედიტო ნაშთით, რომლის დადასტურება ხდება შესაბამისი ანგარიშის მწარმოებლის მიერ გაცემული ანგარიშის ამონაწერით. ანგარიშის მწარმოებელი ანგარიშის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში მასზე გასცემს დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე ამ პირის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.  

მუხლი 12. კეთილსინდისიერი შემძენი

კეთილსინდისიერი შემძენის მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი. კეთილსინდისიერი შემძენი დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მესაკუთრე ვერ გახდება, თუ მან დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები უსასყიდლოდ მიიღო.

მუხლი 13. ცალკეულ საკითხებთან მიმართებით სათანადო ქვეყნის სამართლის გამოყენება

ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს აწესრიგებს იმ ქვეყნის სამართალი, სადაც გახსნილია შესაბამისი ფასიანი ქაღალდების ანგარიში. ეს საკითხებია:

ა) ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე განთავსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობიდან გამომდინარე, ანგარიშის მწარმოებლისა და მესამე პირების მიმართ წარმოშობილი უფლებების სამართლებრივი ბუნება და შედეგები;

ბ) ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე განთავსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების განკარგვიდან გამომდინარე, ანგარიშის მწარმოებლისა და მესამე პირების მიმართ წარმოშობილი უფლებების სამართლებრივი ბუნება და შედეგები;

გ) ანგარიშის მწარმოებელთან არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების განკარგვის ნამდვილობასთან დაკავშირებული მოთხოვნები;

დ) ანგარიშის მწარმოებელთან არსებულ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე უფლებების წარმოშობისა და გაუქმების საკითხი ან მათი უპირატესობა მესამე პირის უფლებებთან მიმართებით;

ე) ანგარიშის მწარმოებლის მოვალეობები სხვა პირების (გარდა ანგარიშის მფლობელებისა) მიმართ, რომლებიც ანგარიშის მწარმოებელთან არსებულ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნას აცხადებენ;

ვ) ანგარიშის მწარმოებელთან არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების განკარგვის შემთხვევაში დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ დივიდენდზე ან სხვა გასაცემელზე ან გამოსყიდვით, დაფარვით ან გაყიდვით მიღებულ/მისაღებ შემოსავალზე ან სხვა შემოსავალზე უფლების შემძენზე გადასვლის საკითხი.

მუხლი 14. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან ერთად, გამოსცეს სამართლებრივი აქტები, რომლებითაც:

ა) მოწესრიგდება ფასიანი ქაღალდების ანგარიშის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გირავნობის უფლების წარმოშობის საკითხი;  

ბ) განისაზღვრება ანგარიშის მფლობელზე გასაცემი დოკუმენტის ფორმა და მისი გაცემის წესი;

გ) განისაზღვრება დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდზე დივიდენდის, პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდის წესი;

დ) განისაზღვრება ცენტრალური დეპოზიტარის მიერ რეკონსილაციის განხორციელების პერიოდულობა.

მუხლი 15. გარდამავალი დებულება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გამოცემა.

მუხლი 16. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−მე-13 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი−მე-13 მუხლები ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 ნოემბერი 2023 წ.

N3713-XIIIმს-Xმპ