მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/13830-23
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 02/11/2023
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2023
სარეგისტრაციო კოდი
2/13830-23
02/11/2023
ვებგვერდი, 03/11/2023
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №330203323007313472

საქმე №2/13830-23

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად  გამოცხადებისა  და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

2023 წლის 2 ნოემბერი   

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო 

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  ალექსანდრე გზირიშვილი

 

განმცხადებელი  შპს „მშენებელი 2011“

წარმომადგენელი (ლიკვიდატორი)  მედეა მხეიძე

მოთხოვნა  გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა გაკოტრების რეჟიმით

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა „მშენებელი 2011“-ის გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2023 წლის 19 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „მშენებელი 2011“-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა შპს „მშენებელი 2011“-ის მიმართ, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით, გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით შპს „მშენებელი 2011“-ის განცხადებაზე დადგენილ იქნა ხარვეზი და განმცხადებელს განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებ-გვერდზე www.ecourt.ge) გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.

აღნიშნული განჩინებით განმცხადებელს მითითებულ ვადაში დაევალა სასამართლოსთვის შემდეგი სახის ინფორმაციის წარმოდგენა: ინფორმაცია გადახდისუუნარობის მასის სრული ჩამონათვალის შესახებ (საბალანსო  ღირებულებები, მათ შორის, მოვალის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხები). ასევე, ინფორმაცია მოვალის მიმართ სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის და მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ.

2023 წლის 02 ივნისს შპს „მშენებელი 2011“-ის წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე.

ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში შპს „მშენებელი 2011“-ს მიერ ხარვეზი არ იქნა სრულყოფილად შევსებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 09 ივნისის განჩინებით შპს „მშენებელ 2011“-ს უარი ეთქვა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე.

განჩინება გამოქვეყნდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე –   www.ecourt.ge).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2023 წლის 16 ივნისს, კერძო საჩივრით, მომართა შპს ,,მშენებელი 2011“ -ის წარმომადგენელმა და მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 09 ივნისის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გაუქმება.

სასამართლოს მიერ 2023 წლის 21 ივლისს მიღებული განჩინებით დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 09 ივნისის განჩინება და შპს „მშენებელი 2011“-ის (ს/ნ 4293219720) უარი ეთქვა  გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში აღინიშნა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდებოდა რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი (კრედიტორები) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანდნენ სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში კი სასამართლომ მიუთითა, რომ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებული იყო თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეეძლო სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეეტანა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდებოდა განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც წარმოადგენს მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.

წინამდებარე საქმეში 2023 წლის 21 ივლისს მიღებული განჩინება, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე,  გადახდისუუნარობის საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში გამოქვეყნდა 2023 წლის 21 ივლისს, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში  2023 წლის 20 სექტემბერს.

განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არცერთ კრედიტორს არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში, სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.  ამავე მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „მშენებელი 2011“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და, შესაბამისად, გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 48-ე მუხლებით, აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მშენებელი 2011“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 423219720) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში;

2. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში;

3.  განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №64) განჩინების  გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

      მოსამართლე                                                        ალექსანდრე გზირიშვილი