ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 14142/15
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 16/02/2023
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2023
სარეგისტრაციო კოდი
14142/15
16/02/2023
ვებგვერდი, 03/11/2023
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს

მეხუთე სექციის

გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“

 (საჩივარი N14142/15)

მე-3 მუხლი (კონვენციის მუხლის მატერიალურ და პროცესუალურ ნაწილში) • წამება • არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა • ციხის თანამშრომლების მიერ მომჩივნის მიმართ განმეორებით ჩადენილი არასათანადო მოპყრობის აქტი, პატიმართა სისტემატური და სისტემური ძალადობის ნაწილში• არასათანადო მოპყრობის შედეგად მიყენებული დაზიანებებისთვის კომპენსაციის მიუღებლობა • არაეფექტური გამოძიება • ზოგიერთი თანამშრომლის დამნაშავედ ცნობის მიუხედავად, პროცესუალურად ხარვეზიანი სისხლის სამართლის პროცესის შედეგი, რომელიც არ წარმოადგენს საკმარის კომპენსაციას

 

სტრასბურგი

2023 წლის 16 თებერვალი

ეს გადაწყვეტილება საბოლოო ხდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული გარემოებების შემთხვევაში. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციული ხასიათის შესწორებას.

 

საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:

ჟორჟ რავარანი, თავმჯდომარე,
მარტიშ მიტსი,
სტეფანი მოურუ-ვიქსტრომი,
ლადო ჭანტურია,
მარია ელოსეგი,
მატიას გიომარი,
კატერინა შიმაჩკოვა, მოსამართლეები,
და ვიქტორ სოლოვეიჩიკი, სექციის განმწესრიგებელი,

გაითვალისწინა რა:

საჩივარი (N4142/15) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2015 წლის 11 მარტს შეიტანა საქართველოს მოქალაქემ, ბ-მა აკაკი ოჩიგავამ (შემდგომში „მომჩივანი“), ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე;

გადაწყვეტილება, რომ ეცნობოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“) კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე შეტანილი საჩივრის შესახებ;

მხარეთა მოსაზრებები;

2023 წლის 24 იანვრის დახურული თათბირის შემდეგ,

გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

შესავალი

1. საქმე ეხება კონვენციის მე-3 მუხლს და მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობას, რომელსაც თბილისის N8 საპატიმრო დაწესებულებაში (შემდგომში „გლდანის ციხე“) სავარაუდო სისტემატური ხასიათი ჰქონდა და იმ ფაქტს, რომ უფლებამოსილმა ეროვნულმა ორგანოებმა ეფექტურად ვერ გამოიძიეს მომჩივნის მიმართ არსებული ბრალდებები.

ფაქტები

2. მომჩივანი, ბ-ნი აკაკი ოჩიგავა, არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც დაიბადა 1966 წელს და ცხოვრობს ქ. თბილისში. მას სასამართლოს წინაშე წარმოადგენდა რვა უფლებადამცველი ადვოკატი: ქ-ნი ნ.ჯომარჯიძე, ქ-ნი თ.აბაზაძე, ქ-ნი კ.შუბაშვილი და ქ-ნი თ.დეკანოსიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები თბილისიდან და ასევე, ქ-ნი კ.ლევინი, ქ-ნი ჯ.ევანსი, ქ-ნი ჯ.გავრონი და ბ-ნი ფ.ლიჩი, ადვოკატები ლონდონის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრიდან.

3. საქართველოს მთავრობას წარმოადგენდა ბ-ნი ბ. ძამაშვილი, სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან.

4. საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება შეჯამდეს შემდეგი სახით.

  1. ზოგადი ინფორმაცია

5. 2011 წლის 2 ივნისს მომჩივანი დააკავეს სავარაუდო ყაჩაღობის ბრალდებით, რის საფუძველზეც იგი მოგვიანებით ცნეს დამნაშავედ.

6. 2011 წლის 3 ივნისს, გლდანის ციხეში მოთავსებასთან დაკავშირებული პროცედურის ფარგლებში, ექიმმა შეამოწმა მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მის სამედიცინო ისტორიაში აღნიშნა, რომ საპატიმრო დაწესებულებაში შეყვანის დროს მას არანაირი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, იყო ჯანმრთელი და არ ჰქონდა არანაირი დაავადება.

7. 2012 წლის სექტემბერში, ქართულ მედიაში გავრცელდა კადრები სხვადასხვა საპატიმრო დაწესებულებაში, მათ შორის, გლდანის ციხეში, პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის განმეორებითი აქტების შესახებ (შემდგომში „ციხის სკანდალი“).

8. 2012 წლის 5 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა (შემდგომში „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი“), მომჩივანთან ციხეში შეხვედრის შემდეგ, მომჩივნის სახელით სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა მთავარ პროკურატურაში და მოითხოვა გამოძიების დაწყება მომჩივნის მიმართ გლდანის ციხეში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის წერილს თან ახლდა მომჩივნის 2012 წლის 29 ოქტომბრის წერილობითი ჩვენება, რომელიც აღწერდა სავარაუდო აქტებს და რომელშიც ჩამოთვლილი იყო თერთმეტი სავარაუდო მოძალადის სახელი და გვარი (იხ., ქვემოთ, მე-10-მე-17პუნქტები). 2012 წლის 5 დეკემბერს, მომჩივანმა მსგავსი შინაარსის სასარჩელო მოთხოვნა გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს და შემდგომ წერილი გადაეცა საქართველოს გენერალურ პროკურორს.

9. 2014 წლის 17 იანვარს მომჩივანი გაათავისუფლეს ციხიდან.

  1. საპატიმრო დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული ბრალდებები

10. 2012 წლის 29 ოქტომბრით და 5 დეკემბრით დათარიღებული სასარჩელო მოთხოვნების თანახმად, 2011 წლის ივნისსა და 2012 წლის აგვისტოს შორის პერიოდში, მომჩივნის მიმართ განმეორებით ჩადენილ იქნა არასათანადო მოპყრობის აქტი გლდანის ციხის თერთმეტი თანამშრომლის მიერ (იხ., ზემოთ, მე-8პუნქტი), რომელთა ვინაობის დადგენა შესაძლებელი იყო და რომელთაგან ზოგიერთს ეკავა მაღალი თანამდებობა. მომჩივანმა დეტალურად აღწერა შემდეგი სიტუაციები.

11. ციხის თანამშრომლები თვითნებურად უწესებდნენ სხვადასხვა გადამეტებულ შეზღუდვას და ცდილობდნენ ნებისმიერი შესაძლო საბაბით ეცემათ პატიმრები, რათა ეჩვენებინათ მათი ძალაუფლება და პატიმრებში შიში დაეთესათ. მაგალითად, პატიმრებს არ ჰქონდათ უფლება, რომ ხმის ჩვეულებრივი ტემბრით ესაუბრათ ერთმანეთთან და მხოლოდ ჩურჩულის უფლება ჰქონდათ; დღის განმავლობაში მათ ეკრძალებოდათ დაწოლილიყვნენ საწოლებზე და მხოლოდ ჯდომის უფლება ჰქონდათ. ფიზიკური შეურაცხყოფის გარდა, ციხის თანამშრომლები პატიმრებს მუდმივ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ და თვითნებურად უკრძალავდნენ ციხის მაღაზიაში წასვლას, სადაც ისინი ჩვეულებრივ ყიდულობდნენ გარკვეული პირველადი მოხმარების ნივთებს. ასევე, მათ სისტემატურად ართმევდნენ ოჯახთან შეხვედრის უფლებას.

12. ახალი პატიმრების ცემა მიღებული პრაქტიკა იყო გლდანის ციხეში, ეს იყო ეგრეთ წოდებული „კარანტინის პროცედურა“ და არც მომჩივანი წარმოადგენდა გამონაკლისს. ამგვარად, გლდანის ციხეში მისვლის დღეს, ციხის რამდენიმე თანამშრომელმა და მაღალჩინოსანმა, ო.პ.-მ ის ისე სასტიკად სცემეს, რომ გარდა მრავლობითი სისხლჩაქცევებისა, რამდენიმე წინა კბილიც ჩამოამტვრიეს.

13. არასათანადო მოპყრობის აქტის კიდევ ერთი ფორმა, რომელზეც მომჩივანს პრეტენზია ჰქონდა მის 2012 წლის 29 ოქტომბრისა და 5 დეკემბრის საჩივრებში, იყო რამდენიმე დღით მისი თვითნებური მოთავსება სამარტოო საკანში (კარცერში), ან მცირე ზომის საკანში (fuks) იმ მცირერიცხოვანი პროტესტების გამო, რომლებსაც ის გამოთქვამდა ციხის თანამშრომლების წინააღმდეგ. კარცერი იყო საკანი, რომლის ზომა იყო ათი კვადრატული მეტრი, სადაც არ იყო არანაირი ავეჯი, გარდა დასაკეცი ლითონის საწოლისა. დღის განმავლობაში მომჩივანს უწევდა ცემენტის საფარიან იატაკზე ჯდომა, რადგან საწოლი დაკეცილი იყო და კედელზე საკეტით იყო მიმაგრებული. ციხის თანამშრომლები ხსნიდნენ საკეტს საწოლს და ნებას რთავდნენ მომჩივანს მასზე დაწოლილიყო მხოლოდ საღამოს 10 საათიდან დილის 8 საათამდე. რაც შეეხება ძალიან მცირე ზომის საკანს (fuks), ეს იყო ოთხი კვადრატული მეტრის, კიდევ უფრო მცირე ზომის საკანი და მასში არ იყო მოთავსებული არანაირი ავეჯი. მომჩივანი იძულებული იყო, დამჯდარიყო და დაეძინა ფილით მოპირკეთებულ იატაკზე. ზოგჯერ, მას ათავსებდნენ ძალიან მცირე ზომის საკანში (fuks) რამდენიმე სხვა პატიმართან ერთად, სადაც მათ სულ ფეხზე დგომა უწევდათ, რადგან არ იყო იატაკზე დასაჯდომი ადგილი. ზოგჯერ, ციხის თანამშრომლები უარს ეუბნებოდნენ მას საკვებზე, ან საპირფარეშოს გამოყენებაზე, რომელიც მდებარეობდა საკნის გარეთ. მომჩივნის ძალიან მცირე ზომის საკანში (fuks) ყოფნის დროს იყო ასევე რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ციხის თანამშრომლებმა მას თავზე ჩამოაცვეს სპეციალური ჩაფხუტი, რომლის მეშვეობითაც პატიმრის პირის ღრუში თავსდებოდა და ფიქსირდებოდა ბურთი ისე, რომ ვერ ელაპარაკა; მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კი ციხის თანამშრომლები აგრძელებდნენ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას უწყვეტად, რამდენიმე საათის განმავლობაში.

14. გარდა იმისა, რომ იგი დაექვემდებარა „რუტინულ“ ძალადობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას, გლდანის ციხეში მოთავსებული ნებისმიერი სხვა პატიმრის მსგავსად, მომჩივანი, როგორც ჩანს, გამოარჩიეს სხვებისგან და კონკრეტულად ამოიღეს მიზანში, რადგან ის არ ემორჩილებოდა ციხის თანამშრომლების მიერ დაწესებულ თვითნებურ შეზღუდვებს და ყოველთვის ცდილობდა გამოეთქვა მისი პრეტენზიები მათი შეურაცხმყოფელი ქმედებების მიმართ. ვინაიდან, გლდანის ციხეში მომჩივნის მიმართ უწყვეტად ჰქონდა ადგილი არასათანადო მოპყრობას (მაგალითად, კვირაში მინიმუმ რამდენჯერმე სცემდნენ მას), მან ვერ შეძლო 2012 წლის 29 ოქტომბრისა და 5 დეკემბრის საჩივრებში კონკრეტულად დაესახელებინა ყველა ასეთი შემთხვევის ზუსტი თარიღები, გარდა არასათანადო მოპყრობის ორი განსაკუთრებული ინციდენტისა, რომლებიც მოხდა 2011 წლის ნოემბერში („2011 წლის ნოემბრის ინციდენტები“).

15. რაც შეეხება 2011 წლის ნოემბრის ინციდენტებს, 2011 წლის ოქტომბერში ციხეში არსებული შეურაცხმყოფელი პრაქტიკის შესახებ საქართველოს პრეზიდენტისთვის საჩივრის გაგზავნის მცდელობის შემდეგ, მომჩივანი განსაკუთრებით სასტიკად სცემეს ციხის თანამშრომლებმა 2011 წლის ნოემბრის დასაწყისში და შედეგად, მას ხერხემალი ისე ძლიერ დაუზიანდა, რომ მან სიარულის უნარი დაკარგა. ამ სასტიკი ინციდენტის შედეგად, მომჩივანი მოათავსეს ციხის სამედიცინო დაწესებულების ფლანგში და ციხის უფროსი დაავალდებულეს, რომ მოეხსენებინა მომჩივნის დაზიანებების შესახებ ზემდგომებისთვის. შედეგად, 2011 წლის 5 ნოემბერს, სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა (შემდგომში „დეპარტამენტი“) დაიწყო შიდა მოკვლევა. მიუხედავად ამისა, 2011 წლის 15 ნოემბერს, აღნიშნული დეპარტამენტიდან მისულმა გამომძიებელმა, რომელსაც მომჩივნისგან ჩვენება უნდა აეღო, სავარაუდოდ მას ურჩია ეთქვა, რომ იგი გადმოვარდა საწოლიდან. რადგან პირველად მომჩივანმა უარი თქვა ასეთ ჩვენებაზე ხელის მოწერაზე, გამომძიებელმა ციხის თანამშრომლები დაკითხვის ოთახში გამოიძახა. ციხის თანამშრომლებმა გაიყვანეს მომჩივანი სხვა ოთახში და ორივე ხელზე ყველა თითი დაუმტვრიეს ბეისბოლის ტაფელის დარტყმის შედეგად. შემდეგ, მომჩივანი დაემორჩილა გამომძიებლის მოთხოვნებს და ხელი მოაწერა 2011 წლის 15 ნოემბრის ჩვენებას, სადაც ადასტურებდა, რომ მისი ხერხემლის ტრავმა გამოიწვია მისი საწოლიდან გადმოვარდნამ და რომ მას არ გააჩნდა რაიმე პრეტენზია ციხის თანამშრომლების მიმართ. ამ დაკითხვის შემდეგ, მომჩივანი პირდაპირ დააბრუნეს მის საკანში მოტეხილ თითებზე რაიმე სამედიცინო მკურნალობის ჩაუტარებლად და მხოლოდ მისი თანამესაკნეები დაეხმარნენ მას თითების შეხვევაში.

16. 2011 წლის 5 დეკემბერს დეპარტამენტმა არ დააკმაყოფილა სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებული მოთხოვნა მომჩივნის 2011 წლის 15 ნოემბრის ჩვენების საფუძველზე.

17. მომჩივანმა ასევე აღწერა არასათანადო მოპყრობის კიდევ ორი ეპიზოდი, რომელიც მოხდა გლდანის ციხის საშხაპეში, თუმცა იმის დაუზუსტებლად, კონკრეტულად როდის მოხდა აღნიშნული ინციდენტები. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტის დროს, ციხის თანამშრომლებმა ის გააშიშვლეს საშხაპეში, შეასხეს ცივი წყალი და სასტიკად სცემეს ხელკეტებით. საშხაპე ოთახში არასათანადო მოპყრობის მორიგი ინციდენტის შემდეგ, რომელიც დასრულდა სასტიკი ცემის შედეგად მომჩივნის გულის წასვლით, მომჩივანი მოეგო გონს და აღმოჩნდა, რომ ხელბორკილებით მიბმული იყო მილზე ციხის მორგში, მიცვალებულთა შორის.

  1. მომჩივნის სამედიცინო ისტორია

18. სასამართლოში არსებული სამედიცინო ისტორიის შესაბამისად, 2012 წლის იანვარში ციხის ადმინისტრაციამ მომჩივანს გადასცა ინვალიდის სავარძელი.

19. 2012 წლის 1 ნოემბერს, მომჩივანი გლდანის ციხიდან გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. საავადმყოფოში პირველადი სამედიცინო შემოწმების შემდეგ, იგი გადაიყვანეს სამოქალაქო საავადმყოფოებში დამატებითი სამედიცინო შემოწმებისთვის. ყველა ამ გამოკვლევის შედეგად, მომჩივანს დაუსვეს ხერხემლის მძიმე ტრავმის დიაგნოზი, რომელიც მას სიარულში ხელს უშლიდა, რის საფუძველზეც მას დაენიშნა გადაუდებელი ოპერაცია. ცოტა ხანში, სამოქალაქო საავადმყოფოში ჩაუტარდა ხერხემლის ოპერაცია, რის შედეგადაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და მან შეძლო ყავარჯნების დახმარებით სიარული.

20. 2012 წლის ნოემბერში ჩატარებულმა დამატებითმა სამედიცინო გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ მომჩივანი დაინფიცირებული იყო ვირუსული C ჰეპატიტით (HCV) და ჰქონდა ღვიძლის ციროზი და რომ მისი თითების უმეტესობა დეფორმირებული იყო მრავლობითი მოტეხილობების შედეგად, რომლებზეც მას თავის დროზე არ უმკურნალეს.

21. 2013 წლის 25 მარტსა და 25 სექტემბერს შორის პერიოდში, მომჩივანი ისევ მოათავსეს ციხის საავადმყოფოში, სადაც უმკურნალეს C ჰეპატიტზე (HCV), ღვიძლის ციროზზე და ემოციურად არასტაბილურ პიროვნულ აშლილობაზე.

22. 2014 წლის 28 მარტს, მომჩივანს დაესვა მუდმივი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დიაგნოზი.

23. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ (იხ., ზემოთ, მე-9 პუნქტი), მომჩივანმა განაგრძო სხვადასხვა დაავადების მკურნალობა. 2014 წელს მას ხერხემლის კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა.

  1. არასათანადო მოპყრობის ბრალდებების სისხლის სამართლის გამოძიება
    1. 2015 წლის 28 სექტემბერს, საქმის შესახებ შეტყობინებამდე არსებული მდგომარეობა

24. 2012 წლის 13 ნოემბერს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებების სისხლის სამართლის გამოძიება, მისი 2012 წლის 29 ოქტომბრისა და 5 დეკემბრის საჩივრების საფუძველზე (იხ., ზემოთ, მე-8 პუნქტი).

25. მის საქმეზე დანიშნულ პროკურორთან გასაუბრებისას, რომელიც ჩატარდა 2013 წლის 23 იანვარს, 1 თებერვალს და 22 აგვისტოს, მომჩივანმა ზეპირად გაიმეორა ყველა ის განცხადება, რომელიც მან ადრე წარადგინა წერილობით (იხ., ქვემოთ, მე-10-მე-17 პუნქტები) და გაიმეორა ციხის თერთმეტი თანამშრომლის სახელი და გვარი, მათ შორის, უფროსი მოხელეებისა, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ მის მიმართ არასათანადო მოპყრობის აქტებში (იხ., ზემოთ, მე-8პუნქტი). მან ასევე განუცხადა პროკურორს, რომ თავს საკმარისად დაცულად გრძნობდა იმისათვის, რომ ეჩივლა გლდანის ციხეში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის აქტებთან დაკავშირებით, „ციხის სკანდალისა“ და 2012 წლის ოქტომბერში მთავრობის ცვლილების შემდეგ.

26. 2013 წლის აპრილში, ივნისში, ივლისში, ოქტომბერსა და ნოემბერში, ისევე როგორც 2014 წლის თებერვალში, აგვისტოში, ოქტომბერსა და ნოემბერში, მომჩივნის ადვოკატებმა (რომლებმაც ჩაატარეს დაკითხვის უმეტესი ნაწილი) და მომჩივნის სახელით მოქმედმა სახალხო დამცველის აპარატმა არაერთხელ გამოჰკითხეს მომჩივნის საქმეზე პასუხისმგებელი პროკურორი გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და მოითხოვეს მომჩივნისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. ეს სტატუსი მომჩივანს აძლევდა უფლებას, ჩართულიყო პროცესში და მიეღო ინფორმაცია მიმდინარე გამოძიების შესახებ. ამ გამოკითხვების დროს, სავარაუდო მოძალადეების ვინაობები მუდმივად ექცეოდა პროკურორებს ყურადღების ქვეშ. მრავალი სხვა მსგავსად ჩამოყალიბებული და სხვადასხვა იერარქიულ დონეზე გაგზავნილი საჩივარი ასევე გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურორს 2013 და 2014 წლების განმავლობაში, სადაც მომჩივნის ადვოკატებმა კვლავ წამოაყენეს პრეტენზია, რომელიც უკავშირდებოდა ქვედა რგოლის პროკურორების უმოქმედობას და ფაქტს, რომ მომჩივანს არ მიანიჭეს მსხვერპლის სტატუსი. ეს განმეორებითი გამოკითხვები დარჩა უპასუხოდ, ან პროკურატურის ორგანოების მხრიდან მომჩივნის მიმართ რეაგირება გამოიხატებოდა მათ რჩევებში, რომ დალოდებოდნენ მთელი რიგი საგამოძიებო ღონისძიებების დასრულებას.

27. 2014 წლის ოქტომბერში პროკურორმა მოითხოვა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ მოთხოვნილი დასკვნის შედგენის პროცესი ვერ დასრულდა.

28. 2014 წლის ნოემბერში, გლდანის ციხის ოთხი ყოფილი პატიმარი, რომლებიც სხვადასხვა დროს მოთავსებულნი იყვნენ იმავე საკანში, რომელშიც მისი პატიმრობის შესაბამის პერიოდში მოთავსებული იყო მომჩივანი, დაიკითხნენ მოწმის სახით. მოწმეებმა დაადასტურეს არასათანადო მოპყრობის შესახებ მომჩივნის ბრალდებების უმეტესი ნაწილი, მათ შორის, გლდანის ციხეში პატიმართა სისტემატურ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით; დაადასტურეს ასევე მისი მტკიცება, რომ ის იყო ციხის თანამშრომლების მხრიდან შეურაცხყოფის განსაკუთრებული სამიზნე და მისი ახსნა-განმარტება 2011 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით (იხ., ზემოთ, მე-10-მე-17პუნქტები).

29. 2014 წლის 30 დეკემბრით დათარიღებულ თავის ბოლო წერილში, რომელიც გაეგზავნა მომჩივანს წინამდებარე საჩივრის სასამართლოში შეტანამდე, პროკურორმა აცნობა მომჩივანს, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. პროკურორმა ასევე აცნობა, რომ, ვინაიდან მომჩივანს არ ჰქონდა მსხვერპლის სტატუსი, მას არ ჰქონდა უფლება მიეღო ინფორმაცია მიმდინარე გამოძიების შესახებ.

  1. საქმის აღძვრის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ გამჟღავნებული გარემოებები

30. 2015 წლის 29 აპრილსა და 31 აგვისტოს მომჩივანმა კვლავ მოითხოვა ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. საქმის მწარმოებელმა პროკურორმა უპასუხა მის მოთხოვნას 2015 წლის 22 მაისსა და 12 ოქტომბერს და გაიმეორა იგივე, რაც მის 2014 წლის 30 დეკემბრის წერილში იყო მოცემული (იხ., ზემოთ 29-ე პუნქტი).

31. 2016 წლის 23 აგვისტოს, მთავარმა პროკურატურამ გააერთიანა მომჩივნის სისხლის სამართლის საქმე ახლად წამოწყებულ ფართომასშტაბიან სისხლის სამართლის გამოძიებასთან, რომელიც ეხებოდა ყველა ციხეში პატიმართა სისტემატურ არასათანადო მოპყრობას, რომელსაც, სავარაუდოდ, ქვეყანაში ადგილი ჰქონდა 2010 და 2012 წლებში (შემდგომში „ციხეებში არასათანადო მოპყრობის ზოგადი საქმე“).

32. 2017 წლის 24 აპრილს, ბრალდებები 2010-2012 წლებში გლდანის ციხეში პატიმართა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, რომელშიც შედიოდა მომჩივნის საქმეც, განცალკევებულ იქნა ფართომასშტაბიანი არასათანადო მოპყრობის საქმისგან, კიდევ ერთი ახალი სისხლის სამართლის გამოძიების (შემდგომში „გლდანის ციხის არასათანადო მოპყრობის საქმე“) დაწყების მიზნით.

33. 2017 წლის 2 მაისს, მთავარმა პროკურატურამ ბოლოსდაბოლოს მიანიჭა მსხვერპლის სტატუსი მომჩივანს გლდანის ციხის არასათანადო მოპყრობის საქმის ფარგლებში.

34. 2018 წლის 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო გლდანის ციხის შვიდი თანამშრომელი 2010 წელსა და 2012 წელს შორის პერიოდში ციხეში პატიმრების, მათ შორის მომჩივნის, სისტემატური არასათანადო მოპყრობისთვის. ციხის შვიდი დამნაშავე თანამშრომელი იმ თერთმეტ თანამშრომელთა შორის იყო, რომლებიც მომჩივანმა დაასახელა სისხლის სამართლის პროცესის ადრეულ ეტაპებზე (იხ., ზემოთ, მე-8 და მე-10 პუნქტები). სასამართლომ, ზოგადად, დაადგინა, რომ ციხის შესაბამისი შვიდი თანამშრომელი, ციხის უფროსი თანამშრომლის, ო.პ.-ს ხელმძღვანელობით, მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას, 2010 და 2012 წლებს შორის პერიოდში, გლდანის ციხის პატიმრებს სისტემატურად შეურაცხყოფდნენ, რომლის მიზანი იყო პატიმრების დაშინება და მათი სრული დამორჩილება. ამგვარად, პატიმრების უფლებების შვიდი ხელმყოფი პირი, რეგულარულად, თითქმის ყოველდღიურად, სასტიკად სცემდა პატიმრებს და განზრახ ეუბნებოდა უარს პატიმრების ძირითადი უფლებების (როგორიცაა ეზოში ყოველდღიური გასეირნების, ჰიგიენურ საშუალებებზე წვდომის, ექიმებთან ან ოჯახის წევრების მიერ მათთან ვიზიტის უფლება და ა.შ.) გამოყენებაზე, რაც დასჯის დამატებითი ფორმა იყო.

35. რაც შეეხება არასათანადო მოპყრობას, რომელსაც პირადად მომჩივნის მიმართ ჰქონდა ადგილი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ხუთ ასეთ ინციდენტს. მან დაადგინა, რომ მომჩივანს არასათანადოდ მოეპყრნენ მისი გლდანის ციხეში მიღებისას, 2011 წლის ივნისში, ეგრეთწოდებული „კარანტინის პროცედურის“ დროს, როდესაც პატიმართა უფლებების ხელმყოფმა შვიდმა პირმა, რომელთაც ხელმძღვანელობდა ო.პ., ის სცემეს რეზინის ხელკეტებით და წიხლებით, რამაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, გამოიწვია ის, რომ მან დაკარგა რამდენიმე წინა კბილი და დაემტვრა ნეკნები. შემდეგ, 2011 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში, ო. პ.-მ და პატიმართა უფლებების ხელმყოფმა სხვა პირებმა მას ხელებზე ურტყეს ბეისბოლის ბიტები და ორივე ხელზე დაუმტვრიეს თითები. 2011 წლის დეკემბრის დასაწყისში, პატიმართა უფლებების ხელმყოფ შვიდმა პირმა კვლავ სასტიკად სცემეს მომჩივანი და რამდენიმე სხვა პატიმარი, რადგან შური იძიეს იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს ხელი მოეწერათ დოკუმენტზე, რომელიც ამტკიცებდა მათ უარს ეზოში გასეირნების უფლებაზე. 2011 წლის აგვისტოში, შვიდიდან სამმა მათგანმა სცემა მომჩივანი ციხის სხვა თანამშრომელთან სიტყვიერი შელაპარაკებისთვის. ბოლოს, დადგინდა, რომ 2011 წლის სექტემბერში, პატიმრის უფლებების დამრღვევი შვიდი პირიდან ორმა მათგანმა დასაჯა მომჩივანი მის საკანში ხმამაღლა ლაპარაკის გამო, წაიყვანა საშხაპეში, სადაც ის გააშიშვლეს და ურტყეს რეზინის ხელკეტები და წიხლები.

36. 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება გახდა საბოლოო 2019 წლის 12 ნოემბერს მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ დაპატიმრებული ციხის თანამშრომლების სააპელაციო საჩივრები კანონის საფუძვლებზე გამოაცხადა მიუღებლად. შეფარდებული საპატიმრო სასჯელები მოიცავდა თავისუფლების აღკვეთას სამი წლიდან ცხრა წლამდე ვადით, გლდანის ციხეში პატიმართა სისტემატურ არასათანადო მოპყრობაში თითოეული ბრალდებულის ჩართულობის ხარისხსა და ინტენსივობის მიხედვით, ხოლო ო.პ.-ს შეეფარდა ყველაზე მკაცრი სასჯელი.

  1.  სამოქალაქო სარჩელი სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ

37. სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენებასთან ერთად, მომჩივანმა ასევე საჩივარი შეიტანა სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ 2015 წლის 18 ნოემბერს, რომლითაც ითხოვდა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას, გლდანის ციხის თანამშრომლების ქმედებების შედეგად მისი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანისთვის.

38. 2015 წლის 28 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის სარჩელი, როგორც დაუსაბუთებელი. სასამართლომ დაადგინა, რომ, თუმცა მისი სამედიცინო ისტორია ადასტურებდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა ციხეში, მომჩივანმა ვერ დაასაბუთა, რომ მისი ჯანმრთელობის გაუარესება ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლების უკანონო მოქმედების შედეგი იყო.

39. მომჩივანი ჩიოდა, რომ საქალაქო სასამართლოს უნდა დაედგინა აუცილებელი მიზეზობრივი კავშირი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და მის დაპატიმრებას შორის იმ ფაქტზე მითითებით, რომ გლდანის ციხეში შესვლისას მას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები: ჩამტვრეული კბილი, თითების მოტეხილობა, ხერხემლის ტრავმა, ვირუსული C ჰეპატიტით (HCV) დაინფიცირება ციხეში და ა.შ., პირველად გამოვლინდა პატიმრობის პერიოდში (იხ., ზემოთ, მე-6 პუნქტი და მე-18-23-ე პუნქტები. თუმცა, მისი სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა თბილისის სააპელაციო სასამართლომ და უზენაესმა სასამართლომ, შესაბამისად, 2016 წლის 1 სექტემბერს და 2017 წლის 28 თებერვალს.

შესაბამისი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მასალები

40. წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) გამოთქვა შემდეგი მოსაზრება „ციხის სკანდალის“ თემაზე (იხ., ზემოთ, მე-7პუნქტი) თავის მოხსენებაში (CPT/Inf (2013)), რომელიც ეხება მის ვიზიტს საქართველოში 2012 წლის 19-დან 23 ნოემბრის პერიოდში:

„...

2. 2012 წლის 18 სექტემბერს თბილისის (გლდანი) მე-8 საპყრობილეში პატიმართა მიმართ აშკარა არასათანადო მოპყრობის (მათ შორის სექსუალური ძალადობის) სცენების შემცველი ვიდეო მასალა განთავსდა საზოგადოებრივ დომენში ....

...

10. როგორც უკვე აღინიშნა, ამ სპეციალური (ad hoc) ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი – და განსაკუთრებით მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის – იყო წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის (CPT) მიერ განახლებული ინფორმაციის მოპოვება პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების შესახებ, რომელიც დაიწყო ზემოთ, მე-2 პუნქტში მითითებული ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ. ეს იყო კომიტეტის წარმომადგენლების მთავარ პროკურორთან შეხვედრის კონკრეტული თემა. ...

...

12. უფრო კონკრეტულად, რაც შეეხება გლდანის ციხეში პატიმართა სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებულ გამოძიებას, [მთავარმა პროკურორმა] დაადასტურა, რომ იგი მიმდინარეობდა და გამოძიებასთან დაკავშირებით დაკავებული თორმეტივე პირი (მათ შორის გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზოგიერთი სხვა მაღალჩინოსანი) კვლავ პატიმრობაში იმყოფებოდა. მან განაგრძო, რომ როგორც დადგინდა, გლდანის ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმართა არასათანადო მოპყრობა იყო „ყოველდღიური, სისტემატური პრაქტიკა“. ყველა ჩართული პირი – როგორც თანამშრომლები, ასევე პატიმრები – უკვე დაიკითხა და ყველამ დაადასტურა ეს მტკიცება. გავრცელებული ინფორმაციით, ამ არა‑სათანადო მოპყრობის მიზანი იყო პატიმრების დამორჩილება ციხის ადმინისტრაციისადმი და მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის უზრუნველყოფა. [მთავარმა პროკურორმა] განაცხადა, რომ არა‑სათანადო მოპყრობის ძირითადი ნაწილს, მისი ციხეში შესვლის შემდეგ მოკლე დროში ჰქონდა ადგილი (ჩვეულებრივ, იმ დღეს, როდესაც პატიმრები გადაიყვანეს „კარანტინის“ საკნიდან ნორმალური განთავსების ადგილას) და რომ ორმოც წლამდე პატიმრები განსაკუთრებულად ჰყავდათ მიზანში ამოღებული. ...

...

14. კომიტეტის წარმომადგენლებს ასევე შესთავაზეს, განეხილათ ზემოაღნიშნული გამოძიების მიმდინარეობა მთავარ გამომძიებლებთან, რომელიც უშუალოდ იყო ამაზე პასუხისმგებელი. ... რაც შეეხება თავად გადაღებულ ვიდეომასალას, გამომძიებლებმა აღნიშნეს, რომ მათი აზრით, იყო სამი კატეგორიის ვიდეო. ვიდეო მასალის ერთი ნაწილი ასახავდა არასათანადო მოპყრობას, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა 2011 წლის განმავლობაში. მეორე ნაწილი (დათარიღებული 2012 წლის აგვისტოთი) სავარაუდოდ ასახავდა პატიმართა არასათანადო მოპყრობას ეგრეთწოდებული „კარანტინის“ პროცედურის დროს, რომელსაც, როგორც ამბობდნენ, ესწრებოდნენ ციხის მაღალი თანამდებობის პირები. მესამე ნაწილი, გავრცელებული ინფორმაციით, „შეკერეს“ წინა პასუხისმგებელმა პირებმა მას შემდეგ, რაც გაიგეს ვიდეომასალის მეორე ნაწილის არსებობის შესახებ. გამომძიებლების თქმით, ვიდეომასალის მესამე ნაწილის მიზანი იყო (რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ასევე მოიცავდა პატიმართა არასათანადო მოპყრობის ნამდვილ სცენებს) ისეთი შთაბეჭდილების მოხდენა, რომ არასათანადო მოპყრობა იყო ცალკე ინციდენტი, რომელიც სწრაფად იქნა იდენტიფიცირებული და რომელზეც სათანადო რეაგირება მოახდინა წინა პასუხისმგებელმა პირებმა. ...

...

16. [უშუალოდ პასუხისმგებელმა გამომძიებლებმა აცნობეს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის (CPT) წარმომადგენლებს, რომ] ... გარდა ქმედებებისა, რომლებიც მიზნად ისახავს გლდანის ციხეში პატიმართა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარკვევას, საგამოძიებო ჯგუფმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის პრობლემის „სისტემური“ ხასიათის დემონსტრირებაზე....

...

18. ზოგადად, კომიტეტს რჩება შთაბეჭდილება, რომ ... პროკურატურის უფლებამოსილი ორგანოები უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ პატიმრების მიმართ „სისტემური“ არასათანადო მოპყრობისა და ვიდეომასალის „მანიპულირების“ (და, შესაბამისად, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის) თეზისის დამტკიცებაზე, ნაცვლად იმისა, რომ პირველ რიგში დაადგინონ, მოხდა თუ არა – ხოლო, თუ მოხდა – არასათანადო ფიზიკური მოპყრობის ფაქტობრივად რომელი აქტები მოხდა გლდანის ციხეში. ...

...

53. გლდანის ციხეში შესაბამისად აღრიცხული საჩივრების შესწავლის შედეგად დელეგაციამ აღნიშნა, რომ 2012 წლის 18 სექტემბრის შემდეგ, არც ერთი პატიმარი არ მოთავსებულა სამარტოო საკანში (‘კარცერი’), რაც საოცრად განსხვავდებოდა ამ თარიღამდე არსებული ვითარებისგან. ციხის უფროსმა აღიარა, რომ პრაქტიკის ეს უცაბედი და რადიკალური ცვლილება გამოწვეული იყო ციხეში არსებული განსაკუთრებული ატმოსფეროთი, რაც მოჰყვა მე-2 პუნქტში აღნიშნული ვიდეოების გამოქვეყნებას...”

41. 2013 წლის 28 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა გამოსცა საინფორმაციო ბიულეტენი საქართველოში ფაქტების დამდგენი ვიზიტის შესახებ, რომელიც გაიმართა 2012 წლის 5‑დან 7 დეკემბრამდე პერიოდში. შესაბამისი ამონარიდები საინფორმაციო ბიულეტენიდან, რომელიც „ციხის სკანდალს“ ეხებოდა:

„31. განსაკუთრებით, თუ არა ზედმეტად, დიდი რაოდენობის პატიმრებთან მიმართებით ადამიანის უფლებები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა პატიმრების სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, რომელიც გახმაურდა 2012 წლის სექტემბერში, როდესაც გავრცელდა საქართველოს ციხეში პატიმართა სასტიკი მოპყრობის და წამების ამსახველი ვიდეომასალა. ...

...

36. პატიმართა მიმართ ძალადობის სკანდალთან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. მოხდა რამდენიმე პირის დაკავება და შეიცვალა ციხის თანამშრომლები. მოვუწოდებთ ორგანოებს, სრულად გამოიძიონ არასათანადო მოპყრობისა და წამების ყველა სავარაუდო შემთხვევა, განსაკუთრებით იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომ ეს პრაქტიკა შესაძლოა უფრო ფართოდ იყოს გავრცელებული, ვიდრე ადრე მოიაზრებოდა“.

42. 2015 წელს ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველო“, საქართველოს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადამიანის უფლებათა ექსპერტებთან თანამშრომლობით, გამოაქვეყნა მოხსენება სახელწოდებით „დანაშაული და გადამეტებული სასჯელი: საქართველოს საპატიმროებში ადამიანის უფლებების დარღვევის მასშტაბი და მიზეზები“. დოკუმენტი მოიცავს 2003 წლიდან 2012 წლამდე პერიოდს და პირველ რიგში ეფუძნება ასობით პირის გამოკითხვის შედეგებს, რომლებმაც სასჯელი მოიხადეს საპატიმრო დაწესებულებაში შესაბამისი პერიოდის განმავლობაში; ასევე სახალხო დამცველის აპარატისა და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორინგის მოხსენებებს. მოხსენების შესაბამისი ნაწილებში ვკითხულობთ:

„გაეროს, ევროსაბჭოს და საერთაშორისო არასამთავრობო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების სხვადასხვა მოხსენებაში დაფიქსირებული ინფორმაცია ადგენს, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მნიშვნელოვან პრობლემად რჩებოდა საქართველოში და დამკვირვებლები გამუდმებით აღნიშნავდნენ ამას. მოხსენებები ხაზს უსვამდნენ, რომ 2007-2008 წლებში არასათანადო მოპყრობამ და წამებამ პოლიციის წინასწარი პატიმრობის ადგილებიდან საპატიმროებში გადაინაცვლა...

...

იმ დროიდან მოყოლებული, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს ფრაგმენტული მტკიცებულებები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ არასათანადო მოპყრობა გაუარესდა საქართველოს საპატიმროებში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ზუსტი გავრცელების არე და ფორმები, უმეტეს შემთხვევაში, გაურკვეველი დარჩა ინფორმაციის არარსებობის გამო. 2010 წლისთვის საპატიმროები, ფაქტობრივად, დახურულ სისტემებად იქცნენ. პატიმრები არ იყვნენ განწყობილი ძალადობრივი ფაქტების გასაჯაროებისთვის და დამკვირვებლების მხოლოდ მცირე რაოდენობამ მოახერხა რეალურად შეესწავლა ციხეები საფუძვლიანად...

...

პატიმრების და ყოფილი პატიმრების ჩვენებებიდან ჩანს, რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა გავრცელებული იყო სასჯელაღსრულებით სისტემაში. მეტიც, პატიმრების მტკიცე რწმენა, რომ წამებას გავრცელებული სახე ჰქონდა, თავად იყო ფართოდ გავრცელებული ...

...

წამების მსხვერპლი თვალშისაცემი თავშეკავებით გამოირჩევა წამების შემთხვევების თაობაზე საუბრისას, როგორც გარეშე, ისე პირად ურთიერთობებში (ოჯახთან). ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ მათ არა აქვთ მდგომარეობის გამოსწორების იმედი, ეშინიათ, კიდევ არ დაისაჯონ და ეჭვი ეპარებათ დაცვით მექანიზმებში“.

43. სახალხო დამცველის აპარატის 2012 წლის წლიურ მოხსენებაში აღნიშნული იყო შემდეგი გლდანის ციხის პატიმრების შესახებ, რომლებთანაც გამოკითხვა ჩატარდა 2012 წლის ოქტომბრამდე:

„[სახალხო დამცველის აპარატის] წარმომადგენლებისთვის ნათელი იყო, რომ [გლდანის ციხის] პატიმრებს არ სურდათ ხმამაღლა გამოეთქვათ პრეტენზიები მათ მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შესახებ. ... არასათანადო მოპყრობის თვალსაჩინო კვალის მქონე პატიმრები ჩვეულებრივ ამბობდნენ, რომ ციხეში კარგად ეპყრობოდნენ და არ აწყდებოდნენ რაიმე სერიოზულ პრობლემებს“.

კანონმდებლობა

  1. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა

44. მომჩივანმა საჩივარი წარადგინა კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით, რომ იგი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობის სისტემატურ აქტებს გლდანის ციხეში, 2011 წლის ივნისიდან 2012 წლის აგვისტომდე პერიოდში და რომ უფლებამოსილმა შიდასახელმწიფოებრივმა ორგანოებმა ვერ ჩაატარეს ეფექტიანი გამოძიება. კონვენციის ზემოაღნიშნულ დებულებაში ვკითხულობთ:

„ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია“.

  1. მისაღებობა
    1. მხარეთა არგუმენტები

45. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანმა სასამართლოს ვერ წარუდგინა საჩივარი კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, მან ვერ გამოიჩინა საკმარისი წინდახედულობა, რათა დროულად გაეჟღერებინა მისი პრეტენზიები შესაბამისი ეროვნული ორგანოების წინაშე. კერძოდ, მას უნდა გაეცნობიერებინა, რომ არანაირი ეფექტიანი გამოძიება არ ჩატარდებოდა მას შემდეგ, რაც 2011 წლის 5 დეკემბერს, სასჯელაღსრულების სამინისტროს გამომძიებელმა უარი თქვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე 2011 წლის ნოემბრის დასაწყისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით (იხ., ზემოთ, მე-15 პუნქტი).

46. მომჩივანი არ დაეთანხმა იმ არგუმენტით, რომ მან სისხლისსამართლებრივი საჩივრები დროულად წარადგინა საქმის შემდეგი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით: მისი პატიმრობის პერიოდში იგი იყო მეტისმეტად დაუცველი იმისათვის, რომ საჯაროდ განეცხადებინა გლდანის ციხეში მისი უფლებების შელახვის შესახებ მაშინ, როდესაც შესაბამისი მმართველი ძალები იყვნენ მთავრობაში, სიტუაციაში, რომელიც შეიცვალა მხოლოდ 2012 წლის ოქტომბერში (იხ., ზემოთ, მე-3-მე-8, 25-ე და მე-40-43-ე პუნქტები).

  1. სასამართლოს შეფასება
    1. თავსებადობა ratione personae

47. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას არც ამასთან დაკავშირებით გამოუთქვამს რაიმე პროტესტი, სასამართლო თავისი ინიციატივით აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის კონკრეტული გარემოებები – განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ ციხის რამდენიმე თანამშრომელს დასდეს საბოლოოდ ბრალი პატიმართა სისტემატური არასათანადო მოპყრობისთვის გლდანის ციხეში – გონივრულობის საფუძველზე შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეჭვქვეშ აყენებს მომჩივნის მსხვერპლის სტატუსის ნამდვილობას კონვენციის 34-ე მუხლის მიზნებისათვის. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ უნდა დაისვას საკითხი, მომჩივნის მიერ მსხვერპლის სტატუსის დაკარგვა კონვენციის შესაბამისად სამართალწარმოებისას არის თუ არა განსჯადობასთან (ratione personae) თავსებადობის საკითხი, რომელიც წარმოადგენს სასამართლოს საკუთარი იურისდიქციის ნაწილს და არ არის დამოკიდებული ამ საკითხის შესახებ მთავრობის მხრიდან პროტესტზე (შედარებისთვის იხილეთ, მაგალითად, საქმე Buzadji v. the Republic of Moldova [GC], no. 23755/07, § 70, ECHR 2016 (ამონარიდები)).

48. სასამართლო იმეორებს, რომ მომჩივნისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანა ან ასეთი ღონისძიების გატარება პრინციპში არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩამოერთვას ამ პირს „მსხვერპლის“ სტატუსი კონვენციის 34-ე მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში, თუ ეს ცალსახად ან არსებითად არ აღიარეს ეროვნულმა ორგანოებმა და შემდეგ არ უზრუნველყვეს მისთვის ზიანის ანაზღაურება კონვენციის დარღვევის გამო (იხ., მაგალითად, საქმე Scordino v. Italy (no. 1) [GC], no. 36813/97, § 180, ECHR 2006‑V, შემდგომი მითითებებით). რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, რომელიც შესაფერისი და საკმარისია შიდასახელმწიფოებრივ დონეზე კონვენციით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საკომპენსაციოდ, სასამართლომ ზოგადად მიიჩნია, რომ ეს დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, განსაკუთრებით იმ უფლების ხასიათზე, რომელიც სავარაუდოდ დაირღვა (იხ., საქმე Gäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, § 116, ECHR 2010).

49. განსახილველ საქმეში, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ შვიდი ციხის თანამშრომელი იქნა ბრალდებული მომჩივნის არასათანადო მოპყრობაში, სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ ადგილობრივი საქალაქო სასამართლოების მიერ არ იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება კომპენსაციასთან დაკავშირებით (იხ., ზემოთ, 37-ე-39-ე პუნქტები). ამასთან დაკავშირებით სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მთავრობას არ განუცხადებია, რომ ციხის თანამშრომლების ბრალდების შემდეგ მომჩივნისთვის ცალსახა იქნებოდა ახალი სამოქალაქო საჩივრის წარდგენა სახელმწიფოს წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურებისთვის, ან, თუ ასეთი შესაძლებლობა არსებობდა, მთავრობას არ განუცხადებია, რომ ამას რაიმე გავლენა ექნებოდა მომჩივნის საპროცესო უფლებაუნარიანობაზე კონვენციის 34-ე მუხლის მიხედვით. ასეთ გარემოებებში სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივანმა შეინარჩუნა მსხვერპლის სტატუსი ზემოაღნიშნული დებულების მნიშვნელობის ფარგლებში.

  1. ექვსთვიანი ვადის წესი

50. რაც შეეხება მთავრობის შედავებას ექვსთვიანი ვადის წესთან დაკავშირებით,

სასამართლო უნდა დარწმუნდეს, მომჩივანმა, სასამართლოში საჩივრის შეტანის დროს, იცოდა თუ არა სისხლის სამართლის გამოძიების არაეფექტურობის შესახებ, ან უნდა სცოდნოდა თუ არა მას ეს ექვს თვეზე მეტი დროის განმავლობაში. მისი უმოქმედობა სისხლის სამართლის საჩივრის შიდასახელმწიფოებრივ დონეზე შეტანამდე არ არის ისეთი რელევანტური, რომ შეფასდეს ექვსთვიანი ვადის წესი. თუმცა, თუ სასამართლო დაასკვნიდა, რომ სანამ მომჩივანი მიმართავდა კომპეტენტურ შიდასახელმწიფოებრივ ორგანოებს, მან უკვე იცოდა, ან მას უნდა სცოდნოდა სისხლის სამართლის გამოძიების არაეფექტურობის შესახებ, აშკარაა, რომ მისი შემდგომი საჩივარი სასამართლოში a fortiori წარდგენილი იქნებოდა ვადის დარღვევით, თუ, იმავდროულად ახალი მტკიცებულება ან ინფორმაცია არ გაჩნდებოდა, რომელიც ორგანოებს ახალი საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების ვალდებულებას წარმოუშობდა (იხ., საქმე Mocanu and Others v. Romania [GC], no.no. 10865/09 და 2 სხვა, § 272, ECHR 2014 (ამონარიდები)).

51. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ დაარწმუნა მთავრობის მიერ გამოთქმულმა მოსაზრებამ, რომ მომჩივანს უნდა ჰქონოდა გაცნობიერებული ეფექტური სისხლის სამართლის გამოძიების პერსპექტივის არარსებობა 2011 წლის 5 დეკემბრის პროკურატურის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც ის უარს ამბობდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე 2011 წლის ნოემბრის დასაწყისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რადგან წინამდებარე საქმის საგანს არ წარმოადგენდა მხოლოდ ის ერთი ინციდენტი, არამედ წარმოადგენდა ასევე პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივანი ექვემდებარებოდა სისტემატურ არასათანადო მოპყრობას მისი გლდანის ციხეში ყოფნისას, 2011 წლის ივლისიდან 2012 წლის აგვისტომდე პერიოდში. იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მომჩივანი 2012 წლის ოქტომბერში და დეკემბერში პირველად გამოჩნდა კომპეტენტური ორგანოების წინაშე გლდანის ციხეში მის სისტემატურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, ანუ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდა ცვლილებები მთავრობაში (იხ., ზემოთ, 46-ე პუნქტი), სასამართლო იმეორებს, რომ სახელმწიფო წარმომადგენლების მიერ განხორციელებულმა არასათანადო მოპყრობის ფსიქოლოგიურმა შედეგებმა შეიძლება შეასუსტოს მსხვერპლის მიერ იმ ზომების მიღების შესაძლებლობა, რომლებიც აუცილებელია მოძალადის მიმართ საქმისწარმოების დაუყოვნებლივ აღსაძვრელად. ასეთი ბარიერი შეიძლება იყოს განსაკუთრებით რთული დასაძლევი, როდესაც, როგორც მომჩივნის შემთხვევაში, ინციდენტის შემდეგ დაზარალებულები მუდმივად რჩებიან იმ პირების კონტროლის ქვეშ, ვინც მონაწილეობს მათ მიმართ არასათანადო მოპყრობაში (იხ., საქმე Mocanu and Others, ციტირებული ზემოთ, § 274, ECHR 2014 (ამონარიდები) და საქმე Mafalani v. Croatia, no. 32325/13, § 82, 2015 წლის 9 ივლისი). უფრო მეტიც, არსებობს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები იმის შესახებ, რომ ციხის თანამშრომლები სისტემატურად მიმართავდნენ ძალადობრივ ან სხვაგვარად უკანონო ზომებს შეურაცხმყოფელი ქმედებების შესახებ ინფორმაციის შეტყობინების აღსაკვეთად (იხ., ზემოთ, 42-ე და 43-ე პუნქტები და შედარებისთვის იხილეთ საქმე „გაბლიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, no.7088/11, §§ 36 და 37, 2019 წლის 21 თებერვალი). ზემოაღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინებით, სასამართლო, წინამდებარე საქმის კონკრეტულ გარემოებებში, მიიჩნევს, რომ მომჩივანს, რომელმაც თავად აღიარა ეროვნული ორგანოების წინაშე, რომ ძალიან დაშინებული იყო გლდანის ციხის თანამშრომლების ხელში, არ შეიძლება საყვედური ეთქვას იმის გამო, რომ არ იჩივლა ეროვნული ორგანოების წინაშე იმაზე ადრე, ვიდრე მან ეს გააკეთა. გარდა ამისა, ციხეში მისი დაუცველობა წარმოადგენს 2011 წლის ივნისის დასაწყისიდან, როდესაც იგი მოათავსეს გლდანის ციხეში, 2012 წლის ოქტომბრამდე, როდესაც მოხდა ცვლილებები მთავრობაში, მისი უმოქმედობის დამაჯერებელ და მისაღებ ახსნას (იქვე, §§ 44 და 45, იხ., ასევე, საქმე Mocanu and Others, ციტირებული ზემოთ, § 275).

52. რაც შეეხება მომჩივნის ქცევას 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, სასამართლო დარწმუნებულია, რომ 2013 და 2014 წლების განმავლობაში და 2015 წლის მარტში წინამდებარე საჩივრის შეტანამდე, მომჩივანი რეგულარული ინტერვალებით ცდილობდა მოეკითხა გამოძიების მიმდინარეობა, ეფექტური შედეგის იმედით (იხ., ზემოთ, 25-ე და 29-ე პუნქტები და შედარებისთვის იხილეთ საქმე „გაბლიშვილი და სხვები“, ციტირებული ზემოთ, § 50). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ ხედავს რაიმე მიზეზს დასკვნისთვის, რომ 2015 წლის 11 მარტს სასამართლოსთვის საჩივრით მიმართვამდე მომჩივანმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, ექვს თვეზე მეტი დროის განმავლობაში, ეფექტური სისხლის სამართლის გამოძიების პერსპექტივის არარსებობის შესახებ. შესაბამისად, მთავრობის შედავება არ იქნა გათვალისწინებული.

  1. დასკვნა

53. გაითვალისწინა რა ზემოაღნიშნული და აღნიშნა რა, რომ საჩივარი არ არის მიუღებელი რაიმე სხვა საფუძვლით, სასამართლოს დადგენილებით ის მისაღებად გამოცხადდა.

  1. საქმის არსებითი მხარე
    1. მხარეთა არგუმენტები

54. მომჩივანი დავობდა, რომ სასამართლოს წარუდგინა საკმარისად მყარი, მკაფიო და თანმიმდევრული მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ მის მიმართ ხორციელდებოდა არასათანადო მოპყრობის განმეორებითი აქტები, როდესაც იგი იმყოფებოდა გლდანის ციხის თანამშრომლების ზედამხედველობის ქვეშ 2011 წლის ივნისიდან 2012 წლის აგვისტომდე პერიოდში. ის ასევე დავობდა, რომ ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიება მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებებთან დაკავშირებით, არ იყო ყოვლისმომცველი, ეფექტური ან დამოუკიდებელი.

55. მთავრობამ უპასუხა, რომ მომჩივანმა ვერ დაამტკიცა არასათანადო მოპყრობის ფაქტების არსებობა გონივრული ეჭვის გარეშე და რომ ეროვნულმა საგამოძიებო ორგანოებმა გააკეთეს ყველაფერი, რაც გონივრულად შესაძლებელი იყო მისი ბრალდებების საკმარისი საფუძვლიანობის შესამოწმებლად.

  1. სასამართლოს შეფასება
    1. ზოგადი პრინციპები

56. შესაბამისი ზოგადი პრინციპები სასამართლომ შეაჯამა საქმეში Bouyid v. Belgium ([GC], no. 23380/09, §§ 81-88 და 114‑23, ECHR 2015).

  1. ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმის გარემოებების მიმართ

57. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დაიწყოს საჩივრის არსებითი მხარის განხილვა მომჩივნის საჩივრით, კონვენციის მე-3 მუხლის პროცესუალური ნაწილის მიხედვით.

  1. იყო თუ არა მომჩივნის ბრალდებების გამოძიება ეფექტური

58. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა ოფიციალურად გააჟღერა არასათანადო მოპყრობის შესახებ საჩივარი უკვე 2012 წლის ოქტომბერში, კომპეტენტურ ადგილობრივ ორგანოებს დასჭირდათ ხუთ წელზე მეტი დრო, რათა დაედგინათ დამნაშავეები და ბრალი დაედოთ ზოგიერთი მათგანისთვის. 2012-დან 2016 წლამდე პერიოდი იყო აუხსნელი უმოქმედობის პერიოდი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, როდესაც მათ ვერ ჩაატარეს მომჩივნის მიერ არაერთხელ მოთხოვნილი მთავარი საგამოძიებო ღონისძიებები და უფრო მეტიც, წინასასამართლო განხილვის ეტაპის მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში ამ უკანასკნელს დაუსაბუთებლად აეკრძალა დაზარალებული მხარისთვის საჭირო საპროცესო უფლებაუნარიანობა, რაც საშუალებას მისცემდა ზედმიწევნით ედევნებინა თვალი გამოძიებისთვის, შეეფასებინა მისი სანდოობა და წვლილი შეეტანა მის სწორად წარმართვაში. (იხ., 24-ე-34-ე და პუნქტები და შედარებისთვის იხილეთ საქმე „მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ“, no. 21571/05, § 108, 2017 წლის 1 ივნისი). ამასთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს, რომ „გაჭიანურებული მართლმსაჯულება ხშირად ნიშნავს მართლმსაჯულებაზე უარის თქმას“, რადგან უმოქმედობის გაუმართლებელი პერიოდების არსებობამ და ორგანოების მიერ სამართალწარმოების არაზედმიწევნით წარმართვამ შესაძლოა გამოძიება არაეფექტური გახადოს (შედარებისთვის იხილეთ საქმე Lopatin and Medvedskiy v.Ukraine, no.no. 2278/03 და 6222/03, § 75, 2010 წლის 20 მაისი და საქმე „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“, no.50375/07, § 89, 2019 წლის 18 ივლისი, შემდგომი მითითებებით).

59. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ორგანოებმა დაუდგინეს ბრალი და დაუწესეს საპატიმრო სასჯელი ციხის ზოგიერთ თანამშრომელს არასათანადო მოპყრობის ზოგიერთ ინციდენტთან დაკავშირებით, რაც მართლაც დადებითი მოვლენა იყო, მათ არ გამოუძიებიათ რიგი სხვა სერიოზული ინციდენტები, კერძოდ: მომჩივნის სავარაუდო ცემა 2011 წლის ნოემბრის დასაწყისში, რამაც გამოიწვია მისი ხერხემლის დაზიანება; მისი ცემა საშხაპეში, რის შედეგადაც მას გული წაუვიდა და შემდეგ გონს მოეგო ციხის მორგში; და თვითნებური გადაწყვეტილებით მისი სავარაუდო მოთავსება დამამცირებელ პირობებში კარცერსა და ძალიან მცირე ზომის საკანში (fuks), დისციპლინარული სასჯელის საკნებში (იხ., ზემოთ, მე-13, მე-15, მე-17და 35-ე პუნქტები). სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მომჩივანი მუდმივად და დამაჯერებლად აცხადებდა ეროვნული ორგანოების წინაშე, რომ გლდანის ციხეში მის არასათანადო მოპყრობაში მონაწილეობდა არა მხოლოდ ციხის შვიდი თანამშრომელი, არამედ ციხის სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც, თუმცა ამ დამატებითი მოძალადეების თანამდებობა არ იქნა გარკვეული. ამრიგად, იგი მიიჩნევს, რომ ორგანოებმა თვალი დახუჭეს მომჩივნის სარწმუნო ბრალდებაზე, რომ დამნაშავეებსა და ციხის სხვა მაღალ თანამდებობის პირებს შორის იყო მჭიდრო კავშირი. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ასეთი უსაფუძვლოდ გამორჩეული მიდგომა არ შეესაბამება მოპასუხე სახელმწიფოს საპროცესო ვალდებულებებს კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით, რადგან, იმისათვის, რომ გამოძიება იყოს ეფექტური, მისი დასკვნები ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ყველა შესაბამისი ელემენტის საფუძვლიან, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს და ეს, ცხადია, მოიცავს ადეკვატური გამოძიების ჩატარებას სისხლის სამართლის თანამონაწილეობის არსებობის სარწმუნო ბრალდებებთან დაკავშირებით (შედარებისთვის იხილეთ, მსგავსი საპროცესო ვალდებულებების კონტექსტში, მე-2 მუხლის შესაბამისად, საქმე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“, no. 25091/07, §§ 254 და 266, 2011 წლის 26 აპრილი). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ციხის შვიდი თანამშრომლის ბრალდების მიუხედავად, (შედარებისთვის იხილეთ საქმე „ვაზაგაშვილი და შანავა“, ციტირებული ზემოთ, § 91), პროცესუალურად ხარვეზიანი სისხლის სამართლის საქმისწარმოების შედეგები ვერ ჩაითვლება საკმარის მაკომპენსირებელ ღონისძიებად მომჩივნისთვის.

60. იმის გათვალისწინებით, რომ ისეთი სერიოზული ქმედებების ეფექტური შეკავება, როგორიცაა პირის ფიზიკური ხელშეუხებლობის განზრახ დარღვევა, მოითხოვს ქმედით სისხლის სამართლებრივ რეაგირებას (შედარებისთვის იხილეთ, მაგალითად, საქმე Jeronovičs v. Latvia [GC], no. 44898/10, §76, 2016 წლის 5 ივლისი; საქმე Mihhailov v. Estonia, no. 64418/10, § 81, 2016 წლის 30 აგვისტო და საქმე Pulfer v.Albania, no. 31959/13, § 71, 2018 წლის 20 ნოემბერი) და წინა პუნქტებში მოცემული დასკვნების გათვალისწინებით, რომლებიც მიუთითებენ განსახილველ საქმეში მოპასუხე სახელმწიფოს რეაგირების მხრივ არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევას.

  1. მოეპყრნენ თუ არა მომჩივანს ციხეში არასათანადოდ

61. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სისხლის სამართლის სასამართლოებმა, მტკიცებულებების გაცნობისა და საქმის ფაქტების შესწავლის შემდეგ, დაადგინეს, რომ ციხის შვიდი თანამშრომელი, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, დაადანაშაულეს გლდანის ციხეში პატიმართა, მათ შორის, მომჩივნის მიმართ, სისტემატურ არასათანადო მოპყრობის აქტებში. მათ დაადგინეს ხუთი ცალკეული შემთხვევა, როდესაც პირადად მომჩივნის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა. სასამართლოებმა ასევე დაადგინეს, რომ ციხის თანამშრომლების მიერ პატიმრების სისტემატური შეურაცხყოფის მიზანი იყო მათში შიშის ჩანერგვა და ამით მათი სრული დამორჩილება და შესაბამისად მათზე კონტროლის მოპოვება (იხ., ზემოთ, 34-ე და 35-ე პუნქტები). სასამართლოს აზრით, ადგილობრივი სასამართლოების ეს დასკვნები, რომლებზე მთავრობა არც კი დავობდა, ცხადყოფს, რომ მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობა, რომლის ფარგლებში გარკვეული ქმედებები არ შეიძლება არ იქნას კვალიფიცირებული, როგორც წამება, პირდაპირ მიმართული იყო მოპასუხე სახელმწიფოსადმი (შედარებისთვის იხილეთ, მაგალითად, საქმე „ვაზაგაშვილი და შანავა“, ციტირებული ზემოთ, § 97) და ჩადენილი იყო ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ, რაც წარმოადგენს მოცემულ დროს გლდანის ციხის პატიმრების მიმართ შეურაცხმყოფელ აქტებს როგორც სისტემატურ, ისე სისტემურ დონეზე.

62. ზემოაღნიშნული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ისევე როგორც იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ მიუღია ზიანის ანაზღაურება იმ დაზიანებებისთვის, რომლებიც მან მიიღო არასათანადო მოპყრობის შედეგად, დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალურ-სამართლებრივი ასპექტი.

  1. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

63. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს:

„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“

  1. ზიანი

64. მომჩივანმა მოითხოვა 20,000 ევრო (EUR) მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის.

65. მთავრობამ განაცხადა, რომ მოთხოვნილი თანხა არ იყო დასაბუთებული მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე.

66. სასამართლო ეთანხმება, რომ მომჩივანს ნამდვილად მიადგა მორალური ზიანი, რომლის ანაზღაურება შეუძლებელია მხოლოდ იმის დადგენით, რომ ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას. საქმის შესაბამისი გარემოებების, non ultra petita პრინციპის და ასევე მორალურ საწყისებზე დაფუძნებული სხვადასხვა შემხვედრი დაკმაყოფილებების გათვალისწინებით, სასამართლო ამ საფუძვლით მიზანშეწონილად მიიჩნევს, დაკმაყოფილდეს მომჩივნის მოთხოვნა 20,000 ევროს (EUR) გადახდასთან დაკავშირებით, ნებისმიერი იმ გადასახადის ჩათვლით, რომელიც შეიძლება იყოს გადასახდელი.

  1. ხარჯები და დანახარჯები

67. მომჩივანმა მოითხოვა ჯამურად 1,943,52 ფუნტი სტერლინგი (GBP - დაახლოებით 2,231 ევრო (EUR)) მისი ერთ-ერთი ბრიტანელი ადვოკატის მიერ სასამართლოს წინაშე გაწეული ხარჯებისა და დანახარჯებისთვის (იხ., ზემოთ, მე-2პუნქტი). არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებების, ანგარიშ-ფაქტურების, ვაუჩერების ან რაიმე სხვა დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტების ასლები. მოთხოვნილი თანხა ეფუძნებოდა იმ საათების რაოდენობას, რომელიც ადვოკატმა დახარჯა საქმეზე (თორმეტი საათი) და ადვოკატის საათობრივ განაკვეთს (150 ფუნტი სტერლინგი (GBP)) და მოიცავდა ადვოკატის მიერ გაწეულ საფოსტო, თარგმანის და სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებს.

68. მთავრობამ განაცხადა, რომ მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი და გადაჭარბებული.

69. სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმომადგენლებისთვის გადასახდელი საფასური ნამდვილად დაკისრებულია, თუ მომჩივანმა გადაიხადა ეს საფასური ან ვალდებულია მის გადახდაზე (იხ., საქმე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ [GC], no. 72508/13, § 371, 2017 წლის 28 ნოემბერი). განსახილველ საქმეში მომჩივანს არ წარმოუდგენია დოკუმენტები, სადაც ჩანს რომ მან გადაიხადა ან მას ჰქონდა სამართლებრივი ვალდებულება, გადაეხადა ბრიტანელი წარმომადგენლის მიერ დაკისრებული საფასური, ან დაეფარა ამ წარმომადგენლის მიერ გაწეული ხარჯები. აღნიშნული დოკუმენტების არქონის პირობებში, სასამართლო ვერ პოულობს საფუძველს, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლებოდა აღიარება, რომ მომჩივნის მიერ მოთხოვნილი ხარჯები და დანახარჯები ნამდვილად იყო გაწეული (შედარებისთვის იხილეთ, სხვა მრავალ წყაროს შორის და როგორც უახლესი წყარო, საქმე „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, no.no. 73204/13 და 74959/13, § 92, 2021 წლის 16 დეკემბერი).

70. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად

  1. აცხადებს საჩივარს მისაღებად;
  2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას როგორც მატერიალურ, ასევე პროცესუალურ ასპექტებში მომჩივნის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც ზოგიერთი მოქმედება გაუტოლდა წამებას, და აღნიშნულის არაეფექტური სისხლის სამართლის გამოძიებასთან დაკავშირებით;
  3. ადგენს,
    1. რომ კონვენციის 44‑ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის ვადაში მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივანს მორალურ ზიანთან დაკავშირებით უნდა გადაუხადოს 20,000 ევრო (EUR) (20 ათასი ევრო), რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს, რომელიც უნდა დაკონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული კუთხით;
    2. რომ ზემოთ აღნიშნული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან გადახდის განხორციელებამდე ზემოხსენებულ გადასახდელ თანხას დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი პროცენტული პუნქტი;
  4. არ აკმაყოფილებს მომჩივნის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2023 წლის 16 თებერვალს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

   ვიქტორ სოლოვეიჩიკი                                         ჟორჟ რავარანი
სექციის განმწესრიგებელი                                      თავმჯდომარე