მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/13849-23
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 23/10/2023
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2023
სარეგისტრაციო კოდი
2/13849-23
23/10/2023
ვებგვერდი, 31/10/2023
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე N2/13849-23

330210323007313772

 

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

    მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

 გაუქმების შესახებ

 

2023 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

                    

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  ზაალ მარუაშვილი

განმცხადებელი  შპს „დედოფლისწყაროს სოფლტექნიკა“

დირექტორი  შპს „რეაბილიტაცია“  

წარმომადგენელი  თამარ მუმლაძე

მოთხოვნა   გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყება სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2023 წლის 19 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „დედოფლისწყაროს სოფლტექნიკის“ წარმომადგენელმა თამარ მუმლაძემ, რომელმაც მოითხოვა შპს „დედოფლისწყაროს სოფლტექნიკის“  მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნა იმაზე მითითებით, რომ იგი სამეწარმეო საქმიანობას აღარ ახორციელებს და არც გააჩნია ასეთი საქმიანობის გაგრძელების სურვილი და შესაძლებლობა, ასევე არ ჰყავს დასაქმებული პირები, არ ერიცხება საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება და სატრანსპორტო საშუალებები, არ ფლობს წილებს სხვა საწარმოში, არ გააჩნია მიმდინარე ხელშეკრულებები, მის მიმართ არ მიმდინარეობს სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. კომპანიას ჰყავს მხოლოდ ერთი არაუზრუნველყოფილი კრედიტორი  შემოსავლების სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განჩინებით, შპს „დედოფლისწყაროს სოფლტექნიკას“ განცხადების ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა და დაევალა სასამართლოსათვის წარმოედგინა: ინფორმაცია გადახდისუუნარობის მასის სრული ჩამონათვალის შესახებ (საბალანსო  ღირებულებები, მათ შორის, მოვალის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხები) და ინფორმაცია მოვალის მიმართ სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის და მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ. ხარვეზი შევსებული იქნა დანიშნულ ვადაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის განჩინებით, შპს „დედოფლისწყაროს სოფლტექნიკას“ უარი ეთქვა გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამავე განჩინებით სასამართლომ განმარტა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდებოდა რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანდა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. აღნიშნული განჩინება გადახდისუუნარობის საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნდა 2023 წლის 09 ივნისს.

2023 წლის 9 ივნისს, განიჩინების გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, სასამართლოსთვის კრედიტორს (კრედიტორებს) მოვალის (შპს „დედოფლისწყაროს სოფლტექნიკას“) მიმართ არ მოუმართავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:

1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;

ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;

გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;

ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

 „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით: თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს:

ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 ივნისის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნდა 2023 წლის  9 ივნისს და ამ დღიდან ერთთვიან ვადაში კრედიტორებს არ მოუმართავთ სასამართლოსთვის მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „დედოფლისწყაროს სოფლტექნიკა“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს საწარმოს  რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

 სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, მე-100, 106-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „დედოფლისწყაროს სოფლტექნიკის“ (ს.ნ.228524718) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ  სისტემაში (www.ecourt.ge).

3. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.:  თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

მოსამართლე                                                                             ზაალ მარუაშვილი