„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3615-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 470000000.05.001.021097
3615-XIIIმს-Xმპ
01/11/2023
ვებგვერდი, 22/11/2023
470000000.05.001.021097
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დონორი − პირი, რომლის ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის დონაციაც ხორციელდება მის სიცოცხლეში ან მისი გარდაცვალების შემდეგ;“;

ბ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) რეციპიენტი − პირი, რომელიც იღებს ადამიანის ორგანოს ან/და რომლისთვის გამოსაყენებლადაც განკუთვნილია ადამიანის ქსოვილი ან უჯრედი;“.

2. XX თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადამიანის ორგანოთა გადანერგვა, ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენება“.

3. 114-ე−117-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 114

1. ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის დონაცია არის ნებაყოფლობითი და უანგარო.

2. პირს აქვს მისი ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის მის სიცოცხლეში ან მისი გარდაცვალების შემდეგ დონაციაზე წერილობითი ინფორმირებული თანხმობის ან უარის  განცხადების უფლება. ადამიანის ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის მოპოვება ხორციელდება მხოლოდ დონორის წერილობითი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე. დაუშვებელია პირზე რაიმე ფორმით ზემოქმედება მის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

3. რეციპიენტისთვის ადამიანის ორგანოს გადანერგვა ან ადამიანის ქსოვილის ან/და უჯრედის გამოყენება შეიძლება მხოლოდ რეციპიენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე.

4. აკრძალულია ადამიანის ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის დონაციის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების ან/და ნებისმიერი სხვა სარგებლის მიღება, შეთავაზება/მიცემა. აკრძალულია ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა, აგრეთვე ადამიანის ქსოვილებით ან უჯრედებით ვაჭრობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით.

5. ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის დონაციისა და მოპოვების წესი და პირობები განისაზღვრება „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონებით.

მუხლი 115

1. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ადამიანის ორგანოების გადანერგვისა და ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების სფეროში ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება, ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სათანადო წესების შემუშავება და დანერგვა და მათი შესრულების კონტროლი.

2. დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საქმიანობას ადამიანის ორგანოების გადანერგვისა და ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების სფეროში, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანერგოს შესაბამისი ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემა.

მუხლი 116

ადამიანის ორგანოს მოპოვება და გადანერგვა, აგრეთვე ადამიანის ქსოვილის ან უჯრედის მოპოვება, ტესტირება, დამუშავება, პრეზერვაცია, შენახვა, განაწილება ან/და ადამიანისთვის გამოყენება ხორციელდება შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე.

მუხლი 117

ადამიანის ორგანოების გადანერგვასა და ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონებით.“.

4. 118-ე−122-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

1 ნოემბერი 2023 წ.

N3615-XIIIმს-Xმპ