გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/2849-23
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 20/10/2023
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2023
სარეგისტრაციო კოდი
2/2849-23
20/10/2023
ვებგვერდი, 27/10/2023
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმის № 080210323007914012

საქმე №2/2849-23

        

საქართველოს სახელით

2023 წლის  20 ოქტომბერი

. ქუთაისი

 

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე

უარის თქმის შესახებ


ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლეციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი – თეონა კაპანაძე

 

განმცხადებელი – კრედიტორი – სს „საქართველოს ბანკი“ (ს/ნ 204378869)

წარმომადგენლები – გიორგი ჯავახიშვილი, გვანცა კიკაბიძე

 

მოვალე – შპს „უნიქალმედი“ (ს/ნ 412714870)

წარმომადგენლები – შოთა მარუაშვილი, ფრიდონ ბასილაია, პლატონ აკობია

 

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება გაკოტრების რეჟიმის გახსნით

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორ სს „საქართველოს ბანკის“ განცხადების დასაშვებობის საკითხი მოვალე შპს „უნიქალმედის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ და

 

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2023 წლის 26 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა კრედიტორ სს „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა მოვალე შპს „უნიქალმედის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება გაკოტრების რეჟიმის გახსნით.

როგორც წარმოდგენილი განცხადებიდან და თანდართული მტკიცებულებებიდან ირკვევა: სს „საქართველოს ბანკსა“ (შემდგომში – „ბანკი) და შპს „უნიქალმედს“ (შემდგომში – „მოვალე“) შორის 2021 წლის 28 სექტემბერს გაფორმდა MCCL000530644-10282309 გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – „გენერალური ხელშეკრულება“, რომლის ფარგლებშიც ბანკმა იკისრა მოვალისათვის, გენერალური ხელშეკრულების პირობების ფარგლებში, საბანკო პროდუქტებით სარგებლობის უფლების მინიჭების ვალდებულება, ხოლო მოვალემ, თავის მხრივ იკისრა გენერალური ხელშეკრულებითა და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების ვალდებულება. გენერალური ხელშეკრულების კლიენტებს/ თანამსესხებლებს, მოვალესთან ერთად წარმოადგენენ: პლატონ აკობია (პ/ნ 62001036629), მარიამ ბოჭორიშვილი (პ/ნ: 60001137197), ზვიად წიქორიძე (პ/ნ 523001002934), შოთა მარუაშვილი (პ/ნ 60001055483) და ანო გაგულაშვილი (პ/ნ 60001033676). მოვალემ დაარღვია გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად აღნიშნული ვალდებულებები დღემდე ვერ სრულდება. შესაბამისად, ბანკი იძულებულია მიმართოს სასამართლოს, მოვალის, შპს „უნიქალმედის“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის დაწყების მოთხოვნით, რათა ამ უკანასკნელის მეშვეობით დაიკმაყოფილოს საკუთარი კანონიერი მოთხოვნები და აღიდგინოს დარღვეული უფლებები.

წინამდებარე განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებები – გადახდების ისტორია, ვადაგადაცილებისა და დავალიანების შესახებ ცნობები, ცალსახად და არაორაზროვნად მიუთითებს, რომ მოვალე ვეღარ ფარავს ბანკის წინაშე არსებულ, ვადამოსულ ვალდებულებებს, რაც წარმოადგენს მისი გადახდისუუნარობის საფუძველს და მხოლოდ აღნიშნული მიზეზიც კი საკმარისია იმისთვის, რომ სასამართლომ დასაშვებად ცნოს წინამდებარე განცხადება და გახსნას მოვალის მიმართ გაკოტრების რეჟიმი. მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში. სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში მოვალის მიმართ რეგისტრირებულია სულ 13 (ცამეტი) სააღსრულებო საქმე, აღნიშნულ საქმეთაგან ბოლო, რომლის საფუძველზეც მოვალის, როგორც სუბიექტის, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია მოხდა, თარიღდება 2023 წლის 31 აგვისტოთი, შესაბამისად, წინამდებარე შემთხვევის ფარგლებში სახეზეა კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, ვინაიდან მოვალე დღეის მდგომარეობით არაერთგზის რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში. აღნიშნული გარემოება დმოუკიდებლადაც წარმოადგენს მის მიმართ გაკოტრების რეჟიმის დაწყების კანონით დადგენილ საფუძველს; ბანკისთვის მოვალის მხრიდან მოწოდებული ინფორმაციისა და ადგილზე ვიზიტის შესაბამისად დასტურდება, რომ კლინიკას სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2023 წლის 28 ივლისს დაუდგინა გადაცდომები, რომლის ფარგლებშიც მოხდა მოვალის დაჯარიმება – 110,651.75 (ას ათი ათას ექვსას ორმოცდათერთმეტი მთელი სამოცდათხუთმეტი მეასედი) ლარის ოდენობით და სახელმწიფოს მხრიდან კოვიდ პანდემიის პერიოდში მოვალისთვის ჩარიცხული თანხების – 946,497.97 (ცხრაას ორმოცდაექვსი ათას ოთხას ოთხმოცდაჩვიდმეტი მთელი ოთხმოცდაჩვიდმეტი მეასედი) ლარის უკან დაბრუნება (იხ. რეგულირების სააგენტოს მიმართვა და დასკვნა), რაც დღეის მდგომარეობით შესრულებული არ არის მოვალის მხრიდან.

მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ერთ-ერთი სახეა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. მოვალის მიმართ 2022 წლის 25 ნოემბრიდან შემოსავლების სამსახურის მიმართვის საფუძველზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა მოვალის მთელ ქონებაზე. მოვალის თითქმის მთელი ქონება, რომელიც გულისხმობს მოძრავს, უძრავს თუ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს, დატვირთულია ბანკის კრედიტორული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად და იმის მიუხედავად, რომ ბანკი წარმოადგენს „ერთადერთ“ უზრუნველყოფილ კრედიტორს, გადახდისუუნარობის პროცესის ინიცირება სწორედ სხვა კრედიტორების ინტერესშია, ვინაიდან მათ არ აქვთ ხელმისაწვდომობა მოვალის იმ ქონებებზე, რომელიც უზრუნველყოფილი კრედიტორის პრიორიტეტულად დაკმაყოფილებისთვის უნდა იქნეს რეალიზებული. გადახდისუუნარობის რეჟიმში ბევრად სწრაფად მოხდება გაკოტრების მასის მოძიება და შეფასება, მისი შემდგომი რეალიზაციისთვის. ამ მომენტში გაკოტრების მმართველს უკვე იდენტიფიცირებული ეყოლება ყველა კრედიტორი და კანონით განსაზღვრული რიგითობით კოლექტიურად მოხდება მათი დაკმაყოფილება. ამასთან პირველი იძულებითი აღსრულების დაწყებიდან დღემდე არ მომხდარა შესაბამისი კრედიტორის დაკმაყოფილება, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ გადახდისუუნარობის პროცესის გახსნით არ მოხდება კრედიტორების ინტერესების ხელყოფა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მოვალე, შპს „უნიქალმედი“ უკვე დიდი ხანია, რაც ვეღარ ფარავს ბანკის წინაშე არსებულ, ვადამოსულ ვალდებულებებს და ამასთან, ბანკის კრედიტორული მოთხოვნის ოდენობიდან გამომდინარე, რომელიც წინამდებარე განცხადების სასამართლოში შეტანის მომენტისთვის (2023 წლის 21 სექტემბერი), ჯამში შეადგენს 2,871,928.57 (ორი მილიონ რვაას სამოცდათერთმეტი ათას ცხრაას ოცდარვა მთელი ორმოცდაჩვიდმეტი მეასედი) ევროს, 359,525.60 (სამას ორმოცდაცხრამეტი ათას ხუთას ოცდახუთი მთელი სამოცდაცხრა მეასედი) აშშ დოლარსა და 828,045.37 (რვაას ოცდარვა ათას ორმოცდახუთი მთელი ოცდაჩვიდმეტი მეასედი) ლარს და ამასთანავე აღნიშნული დავალიანება ყოველდღიურად მზარდია; ცალსახაა, რომ მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების ჯამი მოვალის მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, უდავოა, რომ მოვალე ვეღარ ემსახურება ბანკის მიმართ არსებულ ვადამოსულ ვალდებულებას, შესაბამისად, სახეზეა კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბანკის კრედიტორული ინტერესი მოვალის გაკოტრების მიმართ. ბანკისათვის ხელთ არსებული ინფორმაციით და მოვალის მიერ მოწოდებული რეგულირების სააგენტოს მიერ მიღებული აქტით, მოვალე კლინიკა დღეის მდგომარეობით აღარ ახორციელებს საქმიანობას, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მის გადახდისუუნარობაზე. თუმცა, ვინაიდან მოვალის ფინანსური და საგადასახადო დოკუმენტაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, ბანკი მოკლებულია აღნიშნულ დოკუმენტაციაზე წვდომის შესაძლებლობას, რაც განაპირობებს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობას, შესაბამისად, მოვალის მიერ სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ბანკის კრედიტორული მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთადერთ საშუალებას მოვალის გაკოტრება და მისი ქონების რეალიზაცია წარმოადგენს. ამასთან, ბანკის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთულ უძრავ ნივთებთან ერთად, წარმოადგენს გირავნობით დატვირთული მოძრავი ნივთები. შესაბამისად, გირავნობით დატვირთულ მოძრავ ნივთებთან მიმართებით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოვალის მხრიდან შესაძლოა ადგილი პქონდეს მათი გადამალვის/გასხვისების ან/და სხვა ფორმით განკარგვის მცდელობას, რაც საბოლოო ჯამში საფრთხეს შეუქმნის ბანკის კრედიტორული მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

2023 წლის 2 ოქტომბერს სს „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა სასამართლოში წარმოადგინა მოვალისათვის განცხადების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება.

2023 წლის 9 ოქტომბერს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა შპს „უნიქალმედის“ წარმომადგენლის პოზიცია კერდიტორის განცხადებასთან დაკავშირებით. განმცხადებლის მითითებით ის გარემოება, რომ შპს უნიქალმედმა დაარღვია გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ამისათვის ბანკი იყენებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციას ჯარიმასა და პირგასამტეხლოს. თუმცა ეს გარემოება არ წარმოადგენს გაკოტრების რეჟიმის გახსნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველს. მითუმეტეს, რომ განმცხადებელი სს „საქართველოს ბანკისათვის“ იმთავითვე ცნობილი იყო გარემოება, რომ შპს „უნიქალმედს“ სახელმწიფოსაგან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსაგან თანახმად დამტკიცებული რეგულაციისა, ერგება თანხა საერთო ჯამით 4 464 705 ლარის ოდენობით, რაზეც არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება უნიქალმედი წარმოადგენს საავადმყოფოს, რომელიც არის მოქმედი და შესაბამისად, იგი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით. არასწორია განცხადებაში მითითებული გარემოება, რომ საზოგადოების საქმიანობა შეჩერებულია, რადგანაც შპს „უნიქალმედს“ სამედიცინო საქმიანობა არ შეუწყვეტია და არც შეუჩერებია. არასწორია გარემოება, რომელიც მითითებულია განცხადებაში, რომ შპს „უნიქალმედის“, როგორც მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების ჯამი მოვალის მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, რადგანაც საზოგადოებას, მართალია, გააჩნია ვალდებულებები, მაგრამ აქტივები, მათ შორის, ქონებრივი და სხვა მოძრავი მატერიალური აქტივი, ბევრად აღემატება ბანკისა და საზოგადოების მიმდინარე დავალიანებებს, რასაც კლინიკა, ბუნებრივია, არ გაურბის და ეს ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობის თანმდევი პროცესია, მაგრამ მოგვარებადი და ამისათვის არ არის საჭირო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა საზოგადოების მიმართ, რომელიც გამოიწვევს კლინიკის/საავადმყოფოს იმიჯისა და საქმიანი რეპუტაციის, შპს „უნიქალმედის“ შემთხვევაში საზოგადოების სპეციფიკური საქმიანობიდან გამომდინარე, პროფესიული რეპუტაციის გაუმართლებელ შელახვას, რაც პირდაპირ კავშირში არის და იქნება მომავალ საქმიანობასთან (გაგრძელებასთან) და შემოსავლების მიღებასთან. შესაბამისად, მოვალის წარმომადგენელი გამორიცხავს, რომ სასამართლომ დაუშვას ასეთი გაუმართლებელი ჩარევა საზოგადოების საქმიანობაში და დაწყებულ იქნეს პროცესი საზოგადოების გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კანონის თანახმად „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალე არ არის გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი პირი, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე.

ზემოხსენებული გარემოებიდან გამომდინარე, კრედიტორ სს „საქართველოს ბანკის“ განცხადებაზე მოვალე შპს „უნიქალმედის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე დანიშნულ იქნა ზეპირი მოსმენა 2023 წლის 12 ოქტომბერს, რომელიც მოვალის შუამდგომლობით გადაიდო და გაგრძელდა 2023 წლის 20 ოქტომბერს.

საქმის ზეპირ მოსმენაზე კრედიტორის წარმომადგენელი დაეთანხმა მის მიერ წარმოდგენილ განცხადებას შპს „უნიქალმედის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ გაკოტრების გზით, ხოლო მოვალე შპს „უნიქალმედის“ წარმომადგენელი არ დაეთანხმა წარმოდგენილ განცხადებას და მიიჩნია, რომ შპს „უნიქალმედი“ არ არის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის ფაქტის წინაშე, შესაბამისად, მხარეს უარი უნდა ეთქვას განცხადების დასაშვებად ცნობაზე. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

მოვალის წარმომადგენლის განმარტებით, შპს „უნიქალმედი“ არ არის გადახდისუუნარო და არ არის იმ ფაქტის წინაშე, რომ ვერ ფარავდეს ვადამოსულ ვალდებულებებს. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია ცნობა მასზედ, რომ შპს „უნიქალმედის“ ძირითადი საშუალებების ნაშთი მიმდინარე წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 11 006 975 ლარს. ამასთან, მოვალის წარმომადგენლის მითითებით, კრედიტორის მიერ მითითებული გადაცდომები შპს „უნიქალმედისა“, რის გამოც კომპანიას გარკვეული სანქციები შეეფარდა, არ არის საბოლოო და გასაჩივრების შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირდება (დირექტორის განმარტებით, გასაჩივრების ვადა ჯერ გასული არ არის). კომპანია სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში სახელმწიფოსაგან ელოდება დაახლოებით 4 მილიონი ლარის ოდენობის ხარჯის ანაზღაურებას, შესაბამისად, თუკი კომპანიის მიმართ დაიწყება გადახდისუუნარობის პროცესი, რასაც შედეგად მოყვება კომპანიის გაკოტრებულად გამოცხადება და მისი რეგისტრაციის გაუქმება სამეწარმეო რეესტრში, სახელმწიფოსაგან მისაღები ზემოხსენებული ბენეფიტი მიუღებელი დარჩება და აბსოლუტურად გაუმართლებელი ჩარევით კომპანია აღარ იარსებებს. ამასთან, ბანკის მიერ შედავებულ სესხის ხელშეკრულებებს ჰყავს რამდენიმე თანამსესხებელი, შესაბამისად, არამხოლოდ შპს „უნიქალმედის“, არამედ ყველა თანამსესხებლის საერთო ვალს წარმოადგენს სადავო თანხა, რომლის ოდენობასაც სადავოდ ხდის მოვალე. შპს „უნიქალმედიზე“ ითხოვს ყველა დავალიანების დაკისრებას და გამიჯნული არ არის უშუალოდ რამდენი არის კლინიკის დავალიანება. შპს-ს დავალიანების ზუსტი ოდენობა არ არის დადგენილი, მოთხოვნა ხელოვნურად არის გაზრდილი კერძო მსესხებლების ხარჯზე. მოვალისთვის გაუგებარია, რატომ ითხოვს გაკოტრებას, როცა კრედიტორს შეეძლო უზრუნველყოფით დაეკმაყოფილებინა თავისი მოთხოვნა. გაკოტრების რეჟიმის გახსნა არ არის სხვა კრედიტორების ინტერესში, არამედ მხოლოდ საქართველოს ბანკის ინტერესშია. ეს ქონებები სესხის სრულად უზრუნველყოფისთვის საკმარისი იყო, ახალ სესხზე ახალი უზრუნველყოფები არ მოუთხოვიათ და ახლა ვერ ფარავს დავალიანებას? მიწის ნაკვეთი და აპარატურა ბანკმა შეაძენინა, მაგრამ მიწის ყიდვის შემდეგ კრედიტი არ მისცეს, არც რესტრუქტურიზაცია არ მოახდინეს და ყველა წინაპირობა შექმნეს იმისთვის, რომ ამ მდგომარეობამდე მისულიყო კლინიკა. კლინიკაში 500-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული, რომელიც შეჩერებულია დროებით, შემოწმების მიზნით და დღე-დღეზე ჩართვის რეჟიმში იმყოფებიან. ასეთი სულ 35 კლინიკაა საქართველოში. მხოლოდ თვითონ არ არიან შეჩერების რეჟიმში. მოვალის წარმომადგენლის განმარტებით, შპს „უნიქალმედის“ საქმიანობის შეჩერება/შეწყვეტა არსებით ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ინტერესს, ასევე საზოგადოებრივ ინტერესს და ბევრი პაციენტი დარჩება მომსახურების გარეშე. საწარმოს ფუნქციონირება არ შეუჩერებია, ფულადი დაფინანსება აქვთ მხოლოდ შეჩერებული სახელმწიფოსგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტებს არ ღებულობს (წარმოადგინა ბლოკნოტი პაციენტების ვიზიტებზე). ფაქტების კონსტატაციით არ დასტურდება, რომ შეჩერებულია კლინიკის ფუნქციონირება. ეს არის ემერჯენსი, რაც გადაღებულია, უკან არის ძირითადი კორპუსი და იქ არ მისულან. ასევე გასათვალისწინებელია, რომ კრედიტის დაფარვის ვადები არ არის გასული. დიდ კრედიტზე ცოტა ვადა მისცეს – ალბათ მიზანმიმართულად, რომ ვერ გადაიხადონ და გაკოტრდნენ.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ და დამატებით წარმოდგენილ მასალებს, მოუსმინა მხარეებს და მიაჩნია, რომ კრედიტორ სს „საქართველოს ბანკს“ უარი უნდა ეთქვას მოვალე შპს „უნიქალმედის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა.

ამავე კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:

1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;

ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;

გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;

ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში კრედიტორს შეაქვს, მან, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, აგრეთვე უნდა წარადგინოს: ა) გაკოტრების რეჟიმის მიმართ საკუთარი ინტერესის დასაბუთება; ბ) მოვალისთვის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებისა და თანდართული ინფორმაციის/დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით: თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალე არ არის გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი პირი, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია ყველა ზომა მიიღოს საქმის გარემოებათა სრულად და ყოველმხრივ გამოსაკვლევად, მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენების რისკის არარსებობის, აგრეთვე აღნიშნულ საქმეში ამ კანონის მიზნის მაქსიმალურად ეფექტიანად მიღწევის წინაპირობების არსებობის გამოსავლენად და დასადასტურებლად. თუ საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს გაუჩნდა ეჭვი, რომ ამ კანონის 44-ე მუხლის მე-7 პუნქტით ან 45-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მითითება დაუსაბუთებელია ან წარმოდგენილი მტკიცებულებები ნამდვილი ან აღნიშნული მითითების დასაბუთებისთვის საკმარისი არ არის, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. (გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება და თანდართული ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნეს სიმართლესთან შესაბამისობის დეკლარაციით, რომლის მიხედვითაც, განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, რამდენადაც ეს ცნობილია განმცხადებლისთვის, არის ზუსტი და ამომწურავი.) 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ არსებითად იმავე გარემოებების საფუძველზე გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა დაუშვებელია.

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოვალე წინააღმდეგია მის მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის ნებისმიერი ფორმით ამოქმედებაზე.

სასამართლო განმარტავს, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის მიზანია (1-ლი მუხლი) კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში − გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პრინციპებია: ა) გადახდისუუნარო მოვალის საქმიანობისა და გადახდისუუნარობის მასის სწორი მართვა; ბ) გადახდისუუნარო მოვალის ფინანსური სირთულეების სწრაფი და თანამიმდევრული გადაწყვეტა; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის გამჭვირვალობა და განჭვრეტადობა; დ) გადახდისუუნარობის მასისა და ბიზნესის ღირებულების შეძლებისდაგვარად შენარჩუნება და გაზრდა; ე) გადახდისუუნარო მოვალის რეაბილიტაციის ხელშეწყობა; ვ) მსგავსი უფლებების მქონე კრედიტორების მიმართ თანაბარი მოპყრობა.

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კანონის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით, მართალია, მნიშვნელოვანია კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი სახის განცხადების შემთხვევაში სასამართლომ უნდა გახსნას გადახდისუუნარობის საქმე. სწორედ აღნიშნული კანონის დანაწესში მითითებულია, რომ სასამართლო ნიშნავს ზეპირ მოსმენას, თუ მხარე სადავოდ ხდის მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების ფაქტს, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი.

სს „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლის განმარტებით, მოვალე შპს „უნიქალმედის“ შემთხვევაში სახეზეა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის სამი ქვეპუნქტი, კერძოდ: გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში; დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა; ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება. წარმომადგენლის განმარტებით, გადახდების ისტორია, ვადაგადაცილებისა და დავალიანების შესახებ ცნობები, ცალსახად და არაორაზროვნად მიუთითებს, რომ მოვალე ვეღარ ფარავს ბანკის წინაშე არსებულ, ვადამოსულ ვალდებულებებს, რაც წარმოადგენს მისი გადახდისუუნარობის საფუძველს და მხოლოდ აღნიშნული მიზეზიც კი საკმარისია იმისთვის, რომ სასამართლომ დასაშვებად ცნოს წინამდებარე განცხადება და გახსნას მოვალის მიმართ გაკოტრების რეჟიმი. მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში. სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში მოვალის მიმართ რეგისტრირებულია სულ 13 (ცამეტი) სააღსრულებო საქმე, აღნიშნულ საქმეთაგან ბოლო, რომლის საფუძველზეც მოვალის, როგორც სუბიექტის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია მოხდა, თარიღდება 2023 წლის 31 აგვისტოთი, შესაბამისად, წინამდებარე შემთხვევის ფარგლებში სახეზეა კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, ვინაიდან მოვალე დღეის მდგომარეობით არაერთგზის რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში. აღნიშნული გარემოება დმოუკიდებლადაც წარმოადგენს მის მიმართ გაკოტრების რეჟიმის დაწყების კანონით დადგენილ საფუძველს, ბანკისთვის მოვალის მხრიდან მოწოდებული ინფორმაციისა და ადგილზე ვიზიტის შესაბამისად, დასტურდება, რომ კლინიკას სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2023 წლის 28 ივლისს დაუდგინა გადაცდომები, რომლის ფარგლებშიც მოხდა მოვალის დაჯარიმება – 110,651.75 ლარის ოდენობით და სახელმწიფოს მხრიდან კოვიდ პანდემიის პერიოდში მოვალისთვის ჩარიცხული თანხების – 946,497.97 ლარის უკან დაბრუნება, რაც დღეის მდგომარეობით შესრულებული არ არის მოვალის მხრიდან. მოვალეს შეჩერებული აქვს საქმიანობა, არ მიეწოდება გაზი, წყალი და ელ. ენერგია. შენობა დაკეტილ მდგომარეობაშია და არც პაციენტები არ იმყოფებიან. აღნიშნულს ადასტურებს კონსტატაციის მასალებიც. არც ერთი ექიმი არ მუშაობს იმ კლინიკაში, რადგან სათანადო პირობები არ არის. წარმომადგენლის განმარტებით, მოვალის მიმართ 2022 წლის 25 ნოემბრიდან შემოსავლების სამსახურის მიმართვის საფუძველზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა მოვალის მთელ ქონებაზე. რაც შეეხება სხვა თანამსესხებლებს, ისინი ფიზიკური პირის მოვალეები არიან, ამიტომ მათ ვერ შემოიყვანდნენ გადახდისუუნარობაში, ამიტომ მათ მიმართ ცალკე დავა დაიწყეს. კლინიკა 8 თვეა უკვე სხვა კრედიტორების დავალიანებასაც ვერ ფარავს. წინამდებარე განცხადება არ ეწინააღმდეგება სხვა კრედიტორთა ინტერესს, პირიქით სხვა კრედიტორების ინტერესების დაცვაც ხდება.

საქმის მასალების კვლევის შემდგომ სასამართლო იზიარებს მოვალის წარმომადგენლის განმარტებას მასზედ, რომ შპს „უნიქალმედი“ არ არის გადახდისუუნარო და არ არის იმ ფაქტის წინაშე, რომ ვერ ფარავდეს ვადამოსულ ვალდებულებებს. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია ცნობა მასზედ, რომ შპს „უნიქალმედის“ ძირითადი საშუალებების ნაშთი მიმდინარე წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 11 006 975 ლარს, როცა დავალიანება 9 მილიონი ლარის ფარგლებშია. ამასთან, მოვალის წარმომადგენლის მითითებით, კრედიტორის მიერ მითითებული გადაცდომები შპს უნიქალმედისა, რის გამოც კომპანიას გარკვეული სანქციები შეეფარდა, არ არის საბოლოო და გასაჩივრების შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირდება (დირექტორის განმარტებით, გასაჩივრების ვადა ჯერ გასული არ არის). კომპანია სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში სახელმწიფოსაგან ელოდება დაახლოებით 4 მილიონი ლარის ოდენობის ხარჯის ანაზღაურებას, შესაბამისად, თუკი კომპანიის მიმართ დაიწყება გადახდისუუნარობის პროცესი, რასაც შედეგად მოჰყვება კომპანიის გაკოტრებულად გამოცხადება და მისი რეგისტრაციის გაუქმება სამეწარმეო რეესტრში, სახელმწიფოსაგან მისაღები ზემოხსენებული ბენეფიტი მიუღებელი დარჩება და აბსოლუტურად გაუმართლებელი ჩარევით კომპანია აღარ იარსებებს. ამასთან, ბანკის მიერ შედავებულ სესხის ხელშეკრულებებს ჰყავს რამდენიმე თანამსესხებელი, შესაბამისად, არამხოლოდ შპს „უნიქალმედის“, არამედ ყველა თანამსესხებლის საერთო ვალს წარმოადგენს სადავო თანხა, რომლის ოდენობასაც სადავოდ ხდის მოვალე. შპს „უნიქალმედიზე“ ითხოვს ყველა თანამსესხლებლის საერთო დავალიანების დაკისრებას და გამიჯნული არ არის უშუალოდ რამდენი არის კლინიკის დავალიანება. შპს-ის დავალიანების ზუსტი ოდენობა არ არის დადგენილი.

დადგენილია, რომ სს „საქართველოს ბანკის“ კრედიტი სრულად არის უზრუნველყოფილი როგორც უძრავი, ასევე მოძრავი ქონებით და ეს ქონება ადგილზეა (ეს გარემოება სადავო არ გამხდარა). სასამართლო ვერ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნა იყო სხვა კრედიტორების ინტერესში, როცა დადგენილია, რომ მხოლოდ სს „საქართველოს ბანკი“ არის უზრუნველყოფილი კრედიტორი. ახალი კრედიტის გაცემის დროს ბანკს დამატებითი უზრუნველყოფის საშუალებები არ მოუთხოვია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ კრედიტის დაფარვის ვადები არ არის გასული. მოვალის განმარტებით, ამ კლინიკაში 500-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული, რომელიც შეჩერებულია დროებით, შემოწმების მიზნით და დღე-დღეზე ჩართვის რეჟიმში იმყოფებიან. მოვალის წარმომადგენლის განმარტებით, შპს „უნიქალმედის“ საქმიანობის შეჩერება/შეწყვეტა არსებით ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ინტერესს, ასევე საზოგადოებრივ ინტერესს და ბევრი პაციენტი დარჩება მომსახურების გარეშე. საწარმოს ფუნქციონირება არ შეუჩერებია, ფულადი დაფინანსება აქვთ მხოლოდ შეჩერებული სახელმწიფოსგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტებს არ იღებს (წარმოადგინა ბლოკნოტი პაციენტების ვიზიტებზე). ფაქტების კონსტატაციის მასალებით არ დასტურდება, რომ შეჩერებულია კლინიკის ფუნქციონირება. ფოტოების დათვალიერების შემდეგ კლინიკის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეს არის ემერჯენსი, რაც გადაღებულია და ფოტოებზე ჩანს, უკან არის ძირითადი კორპუსი და იქ არ მისულან. რაც შეეხება მოვალის მიერ წარმოდგენილ ბლოკნოტს, სასამართლო მას ვერ მიიჩნევს რაიმე ოფიციალურ დოკუმენტად (სათანადო მტკიცებულებად) კლინიკის ფუნქციონირების დასადასტურებლად.

სასამართლომ საქმეზე ზეპირი მოსმენა დანიშნა იმ მიზნით, რომ გამოეკვლია, თუ რამდენად იყო საწარმო გადახდისუუნარობის ფაქტის წინაშე. სასამართლო განმარტავს, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია იმგვარი სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომელშიც იარსებებს რეაბილიტაციის წამახალისებელი მექანიზმები და, ამავდროულად, იმოქმედებს ყველა კრედიტორის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების მაქსიმალურად ეფექტიანი და სამართლიანი დაცვის გარანტიები, რაც არ ნიშნავს იმას, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალეს შესწევს ვალდებულებების შესრულების უნარი, რასაც ჩვენს შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ აქვს ადგილი, იმიტომ რომ კრედიტორმა წარმოადგინა განცხადება, სასამართლო ვალდებულია წარმოებაში მიიღოს და დაიწყოს აღნიშნული კანონის რაიმე ფორმით ამოქმედება.

გადახდისუუნარობის პრეზუმფციის დაშვება და აღნიშნული პრეზუმფციის პირობებში, ადრეულ ეტაპზევე, სასამართლოსათვის გადახდისუუნარობის განცხადებით მიმართვის შესაძლებლობა მოვალის რეაბილიტაციის გზით კრედიტორთა ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება. თუმცა აღნიშნული უფლება კეთილსინდისიერად უნდა იქნეს გამოყენებული, რადგან არაკეთილსინდისიერი განზრახვის პირობებში განმცხადებელმა მითითებული შესაძლებლობის გამოყენებით შეიძლება ზიანი მიაყენოს მოვალეს. არაკეთილსინდისიერ მიზნებს შორის შეიძლება იყოს, მოვალის საქმიანობის შეჩერება, მისი ხელოვნურად გადახდისუუნარობამდე მიყვანა და ა.შ., ამიტომ ნიშანდობლივია, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესი მასზედ, რომ თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/ გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის შემდეგ გამოვლინდა, რომ მოვალე თავიდანვე არ ყოფილა გადახდისუუნარო/ მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი, სასამართლო უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, განმცხადებელს დააკისროს განცხადების შეტანით მოვალის ან/და კრედიტორებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუ გამოვლინდა ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) განცხადება შეტანილ იქნა განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდების ან ინფორმაციის დამალვის შედეგად; ბ) მოვალის მიერ განცხადების წარდგენა მიზნად ისახავს კრედიტორისათვის მის მიმართ ინდივიდუალური ქმედებების განხორციელებაში ხელშეშლას; გ) განცხადების წარდგენის მიზანია მორატორიუმის ბოროტად გამოყენება ან კრედიტორის, მოვალის ან მესამე პირთა უფლებების სხვაგვარი დარღვევა. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების განმხილველი სასამართლო. ამდენად, თუ დადასტურდება, რომ განმცხადებელი გადახდისუუნარობის განცხადებით მოვალისათვის ან/და კრედიტორისათვის ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად, ასეთ შემთხვევაში, ამავე პროცესში სასამართლო, მოვალის ანდა კრედიტორს მოთხოვნით, განმცხადებელს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს, რაც ამავე წარმოების შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა და ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, საერთო წესით, კერძო საჩივრით საჩივრდება. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის განზრახვა მოვალისათვის ზიანის მიყენების თაობაზე, საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, რთულად სამტკიცებელი კატეგორიაა, თუმცა, მოვალის ანდა კრედიტორის მხარეს არსებული მტკიცების ტვირთი განმცხადებლისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე რეალიზებულად ჩაითვლება, თუ ის შეძლებს დადასტურებას, რომ იგი (მოვალე) გადახდისუუნარო/ მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი თავიდანვე არ ყოფილა და განმცხადებელმა ეს ინფორმაცია იცოდა, ან უნდა სცოდნოდა, ამასთან, გადახდისუუნარობის განცხადებით სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი შედეგები (გადახდების შეწყვეტა, ქონების დაყადაღება და ა.შ.) განმცხადებლის ინტერესებში შედიოდა. მოვალის მტკიცების საგანში შემავალი კატეგორიაა, ასევე, იმ ზიანის ოდენობაც, რომელიც მის წინააღმდეგ გადახდისუუნარობის განცხადებით სასამართლოსათვის მიმართვამ გამოიწვია. შესაბამისად, თუ განმცხადებელს ზიანის მიყენების განზრახვა დაუდასტურდა, მას ამავე წარმოების ფარგლებში, როგორც საპროცესო ხარჯები, ასევე, ზიანის ანაზღაურება დაეკისრება. საიდან შეიძლება წარმოიშვას ზიანი? ამ მიმართებით საგულისხმოა, რომ ზიანი, ძირითადად, მორატორიუმის თანმდევი შედეგი შეიძლება იყოს. მორატორიუმი კი ამუშავებას გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობის შედეგად იწყებს. გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობა მხარემ (ანდა ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა) შეიძლება კერძო საჩივრით გაასაჩივროს. კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს განჩინებით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებას ანდა ამავე განჩინებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომას. იმ შემთხვევაში, თუ განჩინების აღსრულებით შეუქცევადი სამართლებრივი შედეგები დადგება ანდა ასეთი შედეგების დადგომის სამართლებრივი საფრთხე შეიქმნება, მეტად სავარაუდოა, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ აღნიშნული განჩინების მოქმედება შეაჩეროს. აღნიშნული საპროცესო ქმედების სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლი იქნება, მით უფრო, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება დასაშვებია, თუ სპეციალური კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას და თუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებსა და პრინციპებს. ამდენად, კერძო საჩივრით სადავოდ გამხდარი განჩინების მოქმედების შეჩერება დასაშვები უნდა იყოს, თუ შეჩერება არ ეწინააღმდეგება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და პრინციპებს. ამდენად, თუ პირი ფიქრობს, რომ გადახდისუუნარობის განცხადება მისთვის განზრახ ზიანის მოტანას ემსახურებოდა, ასეთ შემთხვევაში, მისთვის ზიანი მას შემდეგ დადგება, თუ გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობის შედეგად მორატორიუმის ღონისძიებები ამუშავდება, შესაბამისად, პირს, რომელიც გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებობას კერძო საჩივრით სადავოდ ხდის, ამავდროულად, უფლება აქვს მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და ამგვარი ზიანის დადგომის ამსახველი მტკიცებულებების წარდგენის გზით, გადახდისუუნარობის განცხადების თანმდევი სამართლებრივი შედეგების ამოქმედების შეჩერება მოითხოვოს. ამასთან დაკავშირებით, ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სამოქალაქო პროცესის ფარგლებში, უსაფუძვლო სარჩელით ზიანის მიყენების განზრახვის დადასტურება სავალდებულო არ არის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელია უსაფუძვლო სარჩელისა და ამ სარჩელის მიზნებისათვის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზიანი, ხოლო „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, უსაფუძვლო გადახდისუუნარობის განცხადების აღძვრის პირობებში, უნდა დასტურდებოდეს ასევე განმცხადებლის განზრახვა მოვალისათვის ზიანის მიყენების თაობაზე. (გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საფუძვლები „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით). მართალია, სასამართლო მოცემულ შემთხვევაში არ შედის ზ/ხსენებული გარემოებების კვლევაში, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების უსაფუძვლო გახსნამ შეიძლება ორივე მხარის მიმართ წარმოშვას გარკვეული ზიანის მომტანი გარემოებები, იმთავითვე არსებობს.

შესაბამისად, როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით გადახდისუუნარობის გახსნის კანონით დადგენილი ერთ-ერთი საფუძველია, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს, რასაც შპს „უნიქალმედის“ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს. საქმის მასალებით არ დადასტურდა, რომ მოვალის ვალდებულებები აღემატება მის აქტივებს. საქმეში წარმოდგენილი ცნობის თანახმად შპს „უნიქალმედის“ ძირითადი საშუალებების ნაშთი გაცილებით მეტია ვიდრე ბანკის კრედიტორული მოთხოვნა, რომლის ოდენობა ასევე სადავოა მხარეთა შორის.

განმცხადებლის განმარტებით, შპს „უნიქალმედის“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის ინტერესია ის, რომ კომპანიამ დროულად დაფაროს ბანკის წინაშე არსებული საკრედიტო დავალიანება. დავალიანების ირგვლივ მნიშვნელოვანია აღინიშნოს ასევე ის, რომ საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილია როგორც იპოთეკის, ასევე გირავნობი ხელშეკრულებებით, უზრუნველყოფის საგანი (უძრავ-მოძრავი ქონება) რეალურად არსებობს და ბანკს სამოქალაქო სასარჩელო წარმოების ფარგლებშიც შეუძლია წინამდებარე ე.წ. პრობლემურ სესხზე დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. მით უფრო გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შპს „უნიქალმედი“ წარმოადგენს მრავალპროფილურ კლინიკას, მას ჰყავს, როგორც მოვალის წარმომადგენელმა მიუთითა, ხუთასამდე დასაქმებული, აღჭურვილია უახლესი აპარატურით და საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი გარკვეული დაბრკოლებები არ უნდა გახდეს მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის რეჟმის ამოქმედების გარდაუვალი პირობა, ვინაიდან შესაძლოა ეს დაბრკოლებები დაძლევადი იყოს, მით უფრო, როდესაც საქმე ისეთ სპეციალიზებულ დაწესებულებას ეხება, როგორიც საავადმყოფოა, რომლის შეუფერხებელი მუშაობა როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოების ინტერესებშია.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი ადგენს, რომ „ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირებმა გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს 3 კვირისა სასამართლოს უნდა წარუდგინონ განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას.“ იგივე ვალდებულება აქვთ სუბიექტის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს მეწარმეთა შესახებ კანონის 51-ე მუხლით (ზრუნვის მოვალეობა განსაკუთრებულ ვითარებაში), ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 207-ე მუხლი გადახდისუუნარობისას ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის ან ლიკვიდატორის მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში განსაზღვრავს სასჯელს ჯარიმის ან გამასწორებელი სამუშაოს სახით ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

ამდენად, მოვალეს კანონმა დაავალდებულა მისი გადახდისუუნარობის საკითხის წარმოშობისთანავე დაიწყოს შესაბამისი მოქმედება. მართალია, შპს „უნიქალმედს“ მოცემული მომენტისთვის დაუგროვდა ვალდებულებები, რასაც თავადაც არ უარყოფს, მაგრამ მისი აქტივი ნამდვილად აღემატება ვადამოსულ ვალდებულებებს. კომპანიის წარმომადგენლის მითითებით ფინანსურ პრობლემებთან გამკლავებას შპს უნიქალმედის მენეჯმენტი ახერხებს და ფუნქციონირებასაც უახლოეს მომავალში განაახლებს, ასევე მას სრულად არ შეუჩერებია ფუნქციონირება, აგრძელებენ კერძო პაციენტების მიღებას, რის დასადასტურებლადაც მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა გარკვეული მტკიცებულებები.

სასამართლო განმარტავს, რომ მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება, ეჭვი იმისა, რომ საწარმო შეიძლება გადახდისუუნარო გახდეს არსებობს ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ, გონივრული საფუძვლის არსებობა, რასაც წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე მიუთითებს კრედიტორი, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არის დასაბუთებული და არც არსებობს. ასევე, აღნიშნული კანონის ერთ-ერთი მთავარი განმარტება გადახდისუუნარობის გახსნისა არის ის, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა; ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას; გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა; ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება; ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას. აღნიშნული გარემოებებიდან ერთ-ერთის არსებობა იმთავითვე არ მოიაზრებს გადახდისუუნარობის გახსნის საფუძვლებს. მის საპირისპიროდ მოვალის მიერ წარმოდგენილი პოზიცია, რომ იგი არ არის გადახდისუუნარო და მას შესწევს უნარი დაფაროს ვადამოსული ვალდებულებები, თუნდაც აღნიშნული პოზიციის წარმოდგენა იმთავითვე აჩერებს სასამართლოს უფლებას ზეპირი მოსმენის გარეშე წარმოებაში მიიღოს საქმე და მხოლოდ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდგომ იღებს გადაწყევტილებას გადახდისუუნარობის გახსნის ან არგახსნის შესახებ.

შესაბამისად, კრედიტორის განმარტება მასზედ, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების არსებობა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის უპირობო საფუძველია, სასამართლოს არ მიაჩნია გონივრულად. სასამართლო თვლის, რომ შპს „უნიქალმედის“ გადახდისუუნარობა უტყუარად დადასტურებეული არ არის; მისი ფუნქციონირების დროებით შეჩერება მაკონტროლებელი ორგანოს შემოწმების პროცესში თავად კანონმა გაითვალისწინა. ასევე დადგენილია, რომ შპს „უნიქალმედი“ მოვალეთა რეესტრშია, მაგრამ მისი აქტივები აღემატება ვადამოსულ ვალდებულებებს. ამდენად, კრედიტორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული გარემოებები ვერ დაედება საფუძვლად შპს „უნიქალმედის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას გაკოტრების რეჟიმის გახსნით.

მხარეთა პოზიციების მოსმენისა და წარმოდგენილი მასალების გაანალიზების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მოვალე შპს „უნიქალმედის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის წინაპირობები. კრედიტორმა ვერ დაადასტურა მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა; არაა დადასტურებული, რომ მოვალე კომპანიის ვადამოსული ვალდებულებები აღემატება კომპანიის აქტივებს. ზემოაღნიშნული გარემოებები კი განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის საფუძველია.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 47-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

ა ა დ გ ი ნ ა:

1. კრედიტორ სს „საქართველოს ბანკს“ უარი ეთქვას მოვალე შპს „უნიქალმედის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე.

2. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/), ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ არსებითად იმავე გარემოებების საფუძველზე გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა დაუშვებელია.

4. განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე                                                                                                                 ციცინო მოსიძე