გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/2144-23
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 25/09/2023
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/10/2023
სარეგისტრაციო კოდი
2/2144-23
25/09/2023
ვებგვერდი, 25/10/2023
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
   
  

საქმე № 080210323007632932

საქმე №2/2144-23

 

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე

უარის თქმის შესახებ

 

2023 წლის 25 სექტემბერი

. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი  თეონა კაპანაძე

 

განმცხადებელიკრედიტორი – ნიკოლოზი ფაიქრიძე (პ/ნ 18001061971)

წარმომადგენელი – ავთანდილი ზივზივაძე, გიორგი ჟიჟილაშვილი

მოვალე – შპს „გრინ რეზიდენსი“ (ს/ნ 445502545)

წარმომადგენელი – გიორგი ცობეხია

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნით და რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნა

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორ ნიკოლოზი ფაიქრიძის განცხადების დასაშვებობის საკითხი შპს „გრინ რეზიდენსის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ და,

 

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2023 წლის 26 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა კრედიტორ ნიკოლოზი ფაიქრიძის წარმომადგენელმა და მოითხოვა მოვალე შპს „გრინ რეზიდენსის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნით და რეაბილიტაციის მმართველად ნანა ამისულაშვილის დანიშვნა.

როგორც წარმოდგენილი განცხადებიდან და თანდართული მტკიცებულებებიდან ირკვევა: შპს „გრინ რეზიდენსის“ საქმიანობის საგანია მშენებლობა. 2018 წლის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის ამონაწერის მიხედვით: სამეწარმეო საზოგადოების ეკონომიკური საქმიანობის სფერო დაკავშირებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობასთან და შპს „გრინ რეზიდენსმა“ ქალაქ ბათუმში, ანგისის ჩიხი II, №-2-ში მდებარე 2480.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მიწის ს/კ 05.32.12.189) იკისრა მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის ვალდებულება. შპს „გრინ რეზიდენსზე“ 2012 წლის 18 თებერვალს გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 20 თებერვლამდე. 19.03.2019 წლის შპს „მეგაპოლისის“ მიერ შედგენილი ქალაქ ბათუმში მრავალფუნქციური ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით ასაშენებელი შენობა-ნაგებობა იყოფა ორ „ა“ და „ბ“ ბლოკად. „ა“ ბლოკში განსაზღვრულია 29 სართული ტერასით და 29 სართულივე განკუთვნილია საცხოვრებელი ბინებისთვის, სულ 262 ბინა. „ბ“ ბლოკში განსაზღვრულია 10 სართული ტერასით, რომელიც განკუთვნილია სასტუმროს ნომრებისთვის სულ 102. შპს „გრინ რეზიდენსმა“ დაარღვია შენობა-ნაგებობის ცალკეული ბინა ერთეულების მყიდველებთან გაფორმებული სახელშეკრულებო ვალდებულებები, რადგან დათქმულ დროს არ დასრულდა მშენებლობა. მათ შორის გასათვალისწინებელი გარემოებაა, რომ ბინა ერთეულის მესაკუთრეთა დიდ ნაწილთან დადებული ხელშეკრულებების მიხედვით, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2022 წლის მაისში. 23.02.2023 წლის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 142305426 ბრძანებით დაკმაყოფილდა შპს „გრინ რეზიდენსის“ 2023 წლის 17 თებერვლის განცხადება, რომლითაც მოითხოვა მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2025 წლის 25 ოქტომბრამდე. შპს „გრინ რეზიდენსის“ 2023 წლის 17 თებერვლის განცხადებაზე დართულია შპს „მეგაპოლისის“ (ს/ნ 248385983) მიერ შედგენილი „მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი“ (კალენდარული გრაფიკით), სადაც მოცემულია: განმარტებითი ბარათი; გრაფიკული ნაწილი და კალენდარული გრაფიკი. განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ბლოკი „ბ“-ს სამუშაოები არ დაწყებულა. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, მშენებლობის განხორციელების პროცესი იყოფა რიგებად. რიგები - ეტაპებად. II რიგის ძირითადი სამუშაოებთან მიმართებით განსაზღვრულია X ეტაპი. ათი ეტაპის შესაბამისად სამშენებლო სამუშაოების დაწყების დღე არის ნებართვის გაცემის დღე. 2023 წლის 23 თებერვალს გაიცა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების ნებართვა. აღნიშნული ნებართვის გაცემიდან გასულია 5 თვე, მშენებლობის თვალსაზრისით კი იგივე მდგომარეობაა. შპს „გრინ რეზიდენსმა“ 2023 წლის 17 თებერვლის მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებაზე დართული „მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის ორგანიზაციის პროექტით“ გაწერილი გეგმაც უკვე დარღვეულია. შპს „გრინ რეზიდენსი” გადახდისუუნაროა. შპს „გრინ რეზიდენსი“ უახლოეს მომავალშიც ვერ შეძლებს დარღვეული ვალდებულების გამოსწორებას, ვინაიდან მართალია მშენებლობის ვადა გაგრძელდა მერიის მიერ, თუმცა კომპანიას ხელშეკრულებებით ნაკისრი ვადა უკვე ამოეწურა და მერიის მიერ მშენებლობის ვადის გაგრძელება ვერ იმოქმედებს სახელშეკრულებო პირობებზე და ვერ გაახანგრძლივებს მის ვადებს. ბათუმის მერიაში წარდგენილი „მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის“ (კალენდარული გრაფიკის) მიხედვით XX – XXIII სართულების მზიდი კონსტრუქციების მოწყობა არის I ეტაპი, რომლის შესასრულებლად საჭიროა 120 დღე. ხოლო XXIV - XXIX სართულების მზიდი კონსტრუქციების მოწყობა არის II ეტაპი, რომლის შესასრულებლად საჭიროა ასევე 120 დღე. ხოლო არამზიდი კონსტრუქციების მოსაწყობად LI - X სართულებზე 90 დღე. XXI – XX სართულებზე - 90 დღე, XXI – XXIX სართულებზე - 20 დღე. შესაბამისად, მხოლოდ მზიდი და არამზიდი კონსტრუქციების მოსაწყობად გრაფიკით გათვალისწინებულია 510 დღე, რაც უხეშად უდრის 17 თვეს. ხოლო ობიექტის სახელშეკრულებო პირობებამდე (სადარბაზოს მოპირკეთება და შეღებვა, ლიფტის დამონტაჟება, ბინის მესაკუთრის საცხოვრებელში შესასვლელი რკინის კარის დამონტაჟება, ექსტერიერზე მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის მოწყობა, წყლისა და კანალიზაციის ძირითადი ცენტრალური ვერტიკალური დარგები ბინაში შეყვანა და სხვა სამუშაოების განხორციელება) მიყვანისათვის კალენდარული გრაფიკით გათვალისწინებულია 300 დღე ანუ 10 თვე. ჯამში გამოდის 27 თვე, ანუ ახალი გრაფიკით ხელშეკრულების ვადის შესრულება დაგეგმილია 2025 წლის მაისამდე. ეს ვადები იწყება 2023 წლის თებერვლიდან, ანუ კომპანიას თებერვალში დაუყოვნებლივ უნდა წაეხალისებინა მშენებლობა, თუ აპირებდა ახალი სამშენებლო გრაფიკის შესრულებას. ახლახანს ობიექტზე ჩატარებული მცირე სამუშაოები არის მხოლოდ საჩვენებელი, ვინაიდან კრედიტორებისგან უკვე იცის კომპანიამ, რომ განმცხადებელი აპირებდა რეაბილიტაციის რეჟიმის დასაწყებად განცხადების შეტანას სასამართლოში და სავარაუდოდ ამის აღსაკვეთად მოიძია მცირე თანხები და გააქტიურა ობიექტი. ეს არის უსუსური მცდელობა და კომპანიის გადახდისუუნარობის ფაქტს არ ცვლის. იმისათვის, რომ კომპანიამ დაამტკიცოს, რომ არ არის გადახდისუუნარო, უნდა წარმოადგინოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია: მშენებლობის სრული ხარჯთაღრიცხვა, ამ ხარჯთაღრიცხვიდან რა არის შესრულებული უკვე და რა ღირებულების სამუშაო არის დარჩენილი შესასრულებლად, დარჩენილი სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ფინანსების ჩვენება, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სესხის აღების დაპირება, არამედ უკვე დამტკიცებული სესხის ხაზი ან საბანკო გარანტია, ან სხვა მსგავსი უტყუარი მტკიცებულებით წარმოდგენილი დაფინანსების წყარო; კომპანიის მიერ დადებული ხელშეკრულებების ანალიზი ცხადყოფს, რომ კომპანია ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის არათანმიმდევრული ვადებთან და ფასებთან მიმართებაში, ეს ნიშნავს ორ რამეს: ა) კომპანიას იმდენად გაუჭირდა ფინანსურად, რომ მზად არის ნებისმიერი „მომხიბვლელი” ვადა და ფასი ჩაუწეროს მყიდველს, რათა გარკვეული რაოდენობით ფულის მობილიზება მაინც გააკეთოს და ბ) კომპანიას არ აქვს რეალური გეგმა და განზრახვა, რომ დაასრულოს მშენებლობა და მისი მენეჯერები უკვე სასოწარკვეთილ შეცდომებს უშვებენ. რიგ შემთხვევაში შპს „გრინ რეზიდენსი“ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება გაყიდვის უფლებით იღებს ვალდებულებებს, რომლის შემთხვევაში მაღალია რისკი, რომ არ შეასრულოს და რიგ შემთხვევებში ნასყიდობის ხელშეკრულებებს აფორმებს დაბალ ფასად. ამასთან ერთად, დროის თვალსაზრისით ხელშეკრულებების გაფორმება და შპს „გრინ რეზიდენსის“ მხრიდან სხვადასხვა ოპერაციების განხორციელება, მათ შორის სსიპ – საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადებები კიდევ უფრო აფიქრებინებთ, შპს „გრინ რეზიდენსის“ მოწყვლადობაზე და კიდევ უფრო ამყარებს ისედაც დამდგარ ფაქტს, რომ შპს „გრინ რეზიდენსი“ არის გადახდისუუნარო.

 

განმცხადებლის განმარტებით, შპს „გრინ რეზიდენსის“ მიმართ მიმდინარეობს რამდენიმე სასამართლო დავა და მას გააჩნია ბიუჯეტის დავალიანება. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში დაცული დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ შპს „გრინ რეზიდენსის“ მიმართ დასრულდა და ზოგ შემთხვევაში მიმდინარეობს სასამართლო წესით საქმისწარმოება. შპს „გრინ რეზიდენსის“ ამონაწერის და ასევე მიწის ნაკვეთის ამონაწერის მიხედვით (მიწის ს/კ 05.32.12.189) ირკვევა, შპს „გრინ რეზიდენსის“ ბინა-ერთეულებზე რეგისტრირებულია როგორც ყადაღა, ასევე აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რაც განმცხადებლის აზრით, მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, აშკარაა, რომ კომპანიას არა მხოლოდ ფართების მყიდველების წინაშე აქვს დარღვეული ვალდებულებები, არამედ ბიუჯეტისა და სხვადასხვა იურიდიული პირების წინაშეც. კრედიტორი არ არის უფლებამოსილი სასამართლოს წარუდგინოს სსიპ – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ინფორმაცია შპს „გრინ რეზიდენსის“ მონაწილეობით მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ. აგრეთვე, კრედიტორის შესაძლებლობის მიღმაა სასამართლოს წარუდგინოს შპს „გრინ რეზიდენსის“ მთლიანი მენეჯმენტის შესახებ ინფორმაცია და დაანახოს ის მთლიანი სურათი, რასაც შპს „გრინ რეზიდენსი“ ახორციელებს. კრედიტორს აქვს შესაძლებლობა საჯარო წყაროებიდან მოიპოვოს ინფორმაცია და აგრეთვე შპს „გრინ რეზიდენსის“ მოსთხოვოს დოკუმენტაციის წარმოდგენა. შპს „გრინ რეზიდენსი“ არ თანამშრომლობს მობინადრეებთან. საინიციატივო ჯგუფის მხრიდან მობინადრეების მხარდაჭერით მრავალჯერ მოხდა შპს „გრინ რეზიდენსთან“ თანამშრომლობის მცდელობა. შპს „გრინ რეზიდენსის“ მრავალჯერ შეეთავაზა ერთობლივი ძალით შპს „გრინ რეზიდენსის“ ფინანსურ პრობლემებში გარკვევა, აღმოფხვრა, ერთობლივი ძალისხმევით შეჩერებულ საქმიანობაში დახმარება.

განმცხადებელი ითხოვს დაიწყოს შპს „გრინ რეზიდენსის“ (ს/ნ 445502545) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნით და შპს „გრინ რეზიდენსის“ რეაბილიტაციის მმართველად დაინიშნოს ქალბატონი ნანა ამისულაშვილი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 აგვისტოს განჩინებით წარმოდგენილ განცხადებაზე მხარეს დაუდგინდა ხარვეზი, რომელიც განმცხადებლის მიერ იქნა აღმოფხვრილი.

2023 წლის 29 აგვისტოს ნიკოლოზ ფაიქრიძის წარმომადგენელმა სასამართლოში ელექტრონულად წარმოადგინა მოვალისათვის განცხადების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება.

2023 წლის 1 სექტემბერს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა შპს „გრინ რეზიდენსის“ წარმომადგენლის პოზიცია კერდიტორის განცხადებასთან დაკავშირებით. მოვალის მითითებით, ე.წ. კრედიტორის განცხადება წარმოადგენს წმინდაწყლის სიცრუეზე დაფუძნებულ, გამოგონილი გარემოებების კრებს, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს რეალობასთან. განცხადებას კატეგორიულად არ დაეთანხმა მოვალე. დღეის მდგომარეობით კომპანიის მიმართ მიმდინარეობს მხოლოდ ერთი იძულებითი აღსრულების შესახებ საქმე, რომელზეც უახლოეს მომავალში დაგეგმილია სარჩელის წარდგნა, ვინაიდან გამოიკვეთა კომპანიის მიმართ თაღლითობის ნიშნები და სამოქალაქო წესით დავის გარდა, აუცილებელია წარდგენილი იქნეს განცხადება შესაბამის საგამოძიებო ორგანოში. საქმის ვითარება მდგომარეობს იმაში, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ, კერძოდ - შპს „აშენო“-მ, მის მიერ ლიზინგით მიღებული ამწე მიჰყიდა შპს „გრინ რეზიდენსს“, რომლზეც ფინანსური ვალდებულების უზრუნველყოფაც განხორციელდა იპოთეკით. მას შემდეგ, რაც მხარისთვის ცნობილი გახდა გარიგებაში არსებული თაღლითური სქემის შესახებ, კომპანიამ უარი განაცხადა თანხის გადახდაზე, ხოლო მათ მიერ მოხდა აღსრულების პროცესის ინიცირება, რომელიც დასრულდა უშედეგოდ. იპოთეკის მოხსნის მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარედგინება მოთხოვნა. სხვა იძულებითი აღსრულების საქმეებზე, რომელიც მათ შორის მითითებული აქვს ე.წ. კრედიტორს, დღეის მდგომარეობით არ მიმდინარეობს, რის შესახებაც გამოთხოვილია ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროსგან, რომელიც ამ დრომდე არ არის მოწოდებული. ე.წ. კრედიტორს, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ თავად არ აქვს კომპანიის მიმართ ფინანსური ვალდებულება შესრულებული სრულად. ამასთან, ე.წ. კრედიტორის/ განმცხადებლის მიმართ უნდა დადგეს რეაბილიტაციის შესახებ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ყველა პასუხისმგებლობა, ვინაიდან მას შეცდომაში შეჰყავს სასამართლო. კომპანიის მიერ იმის საილუსტრაციოდ, რომ კომპანია არ დგას გადახდისუუნარობის წინაშე და კრედიტორი მიზნად ისახავს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების ბოროტად გამოყენებას, სასამართლოს მოვალე წარმოუდგენს დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნას. სამშენებლო სამუშაობის პროცესი ამ დროისთვის მიმდინარეობს შეუფერხებლად. კომპანია ე.წ. კრედიტორის მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტისა და მხარეებს შორის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიმართ მიმართული სამართლებრივი ღონისძიებების გატარებას განიხილავს. შესაბამისად, იმ სიცრუეთა კორიანტელს, რომელიც განცხადებაშია მითითებულ შპს „გრინ რეზიდენსი“ ხდის სადავოდ. მოვალემ ითხოვა საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვა.

ზ/ხსენებული გარემოებიდან გამომდინარე, ნიკოლოზი ფაიქრიძის განცხადებაზე შპს „გრინ რეზიდენსის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე დანიშნული იქნა ზეპირი მოსმენა 2023 წლის 18 სექტემბერს, 15:30 საათზე, რომელიც მოვალის შუამდგომლობით გადაიდო და გაგრძელდა 2023 წლის 25 სექტემბერს 13:00 საათზე.

საქმის ზეპირ მოსმენაზე კრედიტორის წარმომადგენელი დაეთანხმა მის მიერ წარმოდგენილ განცხადებას შპს „გრინ რეზიდენსის" მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ რეაბილიტაციის გზით, ხოლო მოვალე შპს „გრინ რეზიდენსის" წარმომადგენელი არ დაეთანხმა წარმოდგენილ განცხადებას და მიიჩნია, რომ შპს „გრინ რეზიდენსი“ არ არის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის ფაქტის წინაშე, შესაბამისად, მხარეს უარი უნდა ეთქვას განცხადების დასაშვებად ცნობაზე.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ და დამატებით წარმოდგენილ მასალებს, მოუსმინა მხარეებს და მიაჩნია, რომ კრედიტორ ნიკოლოზი ფაიქრიძეს უარი უნდა ეთქვას შპს „გრინ რეზიდენსის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანხმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა.

განმცხადებლის განმარტებით, შპს „გრინ რეზიდენსის“ მიმართ მიმდინარეობს რამდენიმე სასამართლო დავა და მას გააჩნია ბიუჯეტის დავალიანება. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ შპს „გრინ რეზიდენსის“ მიმართ დასრულდა და ზოგ შემთხვევაში მიმდინარეობს სასამართლო წესით საქმისწარმოება. შპს „გრინ რეზიდენსის“ ამონაწერის და ასევე მიწის ნაკვეთის ამონაწერის მიხედვით (მიწის ს/კ 05.32.12.189) ირკვევა, შპს „გრინ რეზიდენსის“ ბინა-ერთეულებზე რეგისტრირებულია როგორც ყადაღა, ასევე, აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, კომპანიას არა მხოლოდ ფართების მყიდველების წინაშე აქვს დარღვეული ვალდებულებები, არამედ ბიუჯეტისა და სხვადასხვა იურიდიული პირების წინაშეც.

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოვალის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, რომ მოვალე კომპანია მოვალეთა რეესტრშია რეგისტრირებული. ამასთან, შესაბამისი ორგანოს მიერ ზემოხსენებული მშენებლობის ნებართვა გაგრძელებულია 2025 წლის ოქტობრამდე. მშენებლობის დასრულებას ხელი შეუშალა პანდემიის პერიოდმა (2020-2021 წლები). მოვალის წარმომადგენელმა წარმოადგინა დამოუკიდებელი აუდიტორის მიმოხილვითი ანალიზი, რომელშიც მითითებულია, რომ შპს „გრინ რეზიდენსმა“ გამოავლინა გადახდისუუნარობის უმნიშვნელო გამოწვევები, რომლებიც შეიძლება მიეკუთვნებოდეს ზოგად ეკონომიკურ და სამშენებლო დარგისთვის დამახასიათებელ მდგომარეობას. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შპს „გრინ რეზიდენსი“ ფლობს აუცილებელ რესურსებს, სტრატეგიულ შესაძლებლობებს და მყარ ბიზნესგეგმას ამ გამოწვევების წარმატებით დასაძლევად.

კრედიტორის მხრიდან სასამართლოსადმი განცხადებით მიმართვის საფუძველია ის გარემოება, რომ ნიკოლოზ ფაიქრიძეს შპს „გრინ რეზიდენსის“ მიმართ გააჩნია კრედიტორული მოთხოვნა. თუმცა მოვალის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ იქნა ცნობა, რომლის თანხამდ დგინდება, რომ 2020 წლის 08 ივნისს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, შემდგომში გამყიდველი შპს „გრინ რეზიდენსი“ და მყიდველი ნიკოლოზ ფაიქრიძეს, შორის ქ. ბათუმში, ანგისის მე-2 ჩიხი №2 უძრავი ქონების ს/კ 03.32.12.189, მშენებარე საცხოვრებელი სახლის მე-11 სართული, საცხოვრებელი ბინის №81 და საცხოვრებელი ბინის საერთო ფართი 55.2 კვ.მ, რომლის ღირებულება შეადგენს 29256 აშშ დოლარს, საიდანაც მყიდველს გამყიდველისათვის გადახდილი აქვს 20503 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკით გადასახდელი დავალიანება აქვს 8753 აშშ დოლარი, რომელიც დარღვეულია 2022 წლის დეკემბრის თვიდან და დღემდე არ არის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დავალიანება დაფარული.

კრედიტორის წარმომადგენელი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „გრინ რეზიდენსმა“ მშენებლობის ცალკეული ფართები მიზერულ ფასად გაასხვისა, აღნიშნული კი, კრედიტორის წარმომადგენლის განმარტებით, გამოწვეულია კომპანიის გამოუვალი მდგომარეობის გამო, რომ როგორმე დაფაროს ვადამოსული ვალდებულებები; რომ კომპანიის ხელმძღვანელობა პანიკაშია; რისკზე მიდის, რომ მოიზიდოს თანხები, აღნიშნულით კი მოგებას ვერ ნახავს. მოვალის წარმომადგენელმა აღნიშნულ პოზიციას დაუპირისპირა ის გარემოება, რომ არავის არ შეუფასებია და არ დაუდგენია, რომ ცუდი ხელშეკრულებები დაიდო; რომ მეტად უნდა გასხვისებულიყო; დადგენილი არ არის საბაზრო ფასთან შეუსაბამობა. რომ მხარეს დამუშავებული ინფორმაცია უნდა წარმოედგინა სასამართლოსთვის და არა დასათვლელად მოიტანონ მტკიცებულებები. შესაბამისად, მარტოოდენ ვარაუდი და ეჭვები კრედიტორისა ვერ გახდება კომპანიის მიმართ გადახდსუუნარობის საქმის გახსნის წინაპირობა.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს, ასევე მხარეთა მიერ დამატებით წარმოდგენილ მასალებს, მოუსმინა მხარეებს და მიაჩნია, რომ კრედიტორ ნიკოლოზი ფაიქრიძეს უარი უნდა ეთქვას მოვალე შპს „გრინ რეზიდენსის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა.

ამავე კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:

1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;

ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;

გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;

ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში კრედიტორს შეაქვს, მან, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, აგრეთვე უნდა წარადგინოს: ა) გაკოტრების რეჟიმის მიმართ საკუთარი ინტერესის დასაბუთება; ბ) მოვალისთვის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებისა და თანდართული ინფორმაციის/დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით: თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალე არ არის გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი პირი, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია ყველა ზომა მიიღოს საქმის გარემოებათა სრულად და ყოველმხრივ გამოსაკვლევად, მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენების რისკის არარსებობის, აგრეთვე აღნიშნულ საქმეში ამ კანონის მიზნის მაქსიმალურად ეფექტიანად მიღწევის წინაპირობების არსებობის გამოსავლენად და დასადასტურებლად. თუ საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს გაუჩნდა ეჭვი, რომ ამ კანონის 44-ე მუხლის მე-7 პუნქტით ან 45-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მითითება დაუსაბუთებელია ან წარმოდგენილი მტკიცებულებები ნამდვილი ან აღნიშნული მითითების დასაბუთებისთვის საკმარისი არ არის, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე (გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება და თანდართული ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნეს სიმართლესთან შესაბამისობის დეკლარაციით, რომლის მიხედვითაც, განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, რამდენადაც ეს ცნობილია განმცხადებლისთვის, არის ზუსტი და ამომწურავი). 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ არსებითად იმავე გარემოებების საფუძველზე გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა დაუშვებელია.

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოვალე შპს „გრინ რეზიდენსი“ წინააღმდეგია მის მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის ნებისმიერ ფორმით ამოქმედებაზე.

სასამართლო განმარტავს, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის მიზანია (1-ლი მუხლი) კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში − გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პრინციპებია: ა) გადახდისუუნარო მოვალის საქმიანობისა და გადახდისუუნარობის მასის სწორი მართვა; ბ) გადახდისუუნარო მოვალის ფინანსური სირთულეების სწრაფი და თანამიმდევრული გადაწყვეტა; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის გამჭვირვალობა და განჭვრეტადობა; დ) გადახდისუუნარობის მასისა და ბიზნესის ღირებულების შეძლებისდაგვარად შენარჩუნება და გაზრდა; ე) გადახდისუუნარო მოვალის რეაბილიტაციის ხელშეწყობა; ვ) მსგავსი უფლებების მქონე კრედიტორების მიმართ თანაბარი მოპყრობა.

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კანონის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით, მართალია, მნიშვნელოვანია კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი სახის განცხადების შემთხვევაში სასამართლომ უნდა გახსნას გადახდისუუნარობის საქმე. სწორედ აღნიშნული კანონის დანაწესში მითითებულია, რომ სასამართლო ნიშნავს ზეპირ მოსმენას, თუ მხარე სადავოდ ხდის მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების ფაქტს, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი.

საქმის მასალების კვლევის შემდგომ სასამართლო იზიარებს მოვალის წარმომადგენლის განმარტებას მასზე, რომ შპს „გრინ რეზიდენსი“ არ არის გადახდისუუნარო და არ არის იმ ფაქტის წინაშე, რომ ვერ ფარავდეს ვადამოსულ ვალდებულებებს. კერძოდ, საქმეში მოიპოვება მტკიცებულებები მასზე, რომ საზოგადოება ახორციელებს ხელშეკრულების ფარგლებში განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას. კრედიტორის მიერ წარმოდგენილი ფოტო-ვიდეომასალა კი უტყუარად ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მშენებლობა გაჩერებულია და სამშენებლო ობიექტზე მდგომარეობა არის საშიში; რომ საჭიროა დაუყოვნებლივ გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია კორპუსი საცხოვრებლად გახდეს გამოუსადეგარი; რომ გამოსაკვლევია ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალა რამდენად ვარგისია მშენებლობისთვის და ა.შ. მოვალის წარმომადგენელმა სადავო გახადა კრედიტორის მიერ წარმოდგენილი ფოტო-ვიდეომასალის ავთენტურობა და განმარტა, რომ ამ მასალებიდან არ ჩანდა, რომ კონკრეტულად სადავო ბინის მშენებლობა იყო გადაღებული. წარმომადგენლის განმარტებით, იმ უბანში უამრავი მშენებლობაა და არ ჩანს არც ქუჩის დასახელება, არც ბინის ნომერი, არც სართული. არ დგინდება რა შეხვედრაა, რა საკითხი განიხილება, რომ ნამდვილად კაკაბაძეა და ა.შ.

მოცემული მომენტისათვის, მოვალის პოზიციას მასზე, რომ სამშენებლო კომპანია არ არის გადახდისუუნარო და არც გადახდისუუნარობის წინაშე, ამყარებს ის გარემოებაც, რომ მშენებლობის ნებართვის და ჩაბარების ვადა 2025 წლის 25 ოქტომბრამდეა გაზრდილი, რაც ამცირებს ალბათობას იმისას, რომ ამ ვადაში კომპანია ვერ შეძლებს მშენებლობის დასრულებას და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინების ჩაბარებას მობინადრეებისათვის.

ფაქტია, რომ კომპანია ფუნქციონირებს და მის მიზანს წარმოადგენს მშენებლობის დროულად დასრულება და ვალდებულებების პირნათლად შესრულება. ხოლო რაც შეხება ნიკოლოზ ფაიქრიძის მიმართ არსებულ ვალდებულებას, მოვალე მხარე სადავოდ ხდის საერთოდ ვალდებულების არსებობას, ვინაიდან თავად კრედიტორად დასახელებულ პირს არ აქვს კომპანიის წინაშე ვალდებულება სრულად შესრულებული. შესაბამისად, დგინდება, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ აქვთ ურთიერთვალდებულებები, რომელიც კრედიტორმა დაარღვია 2022 წლის დეკემბრის თვიდან და არ იხდის გრაფიკით გათვალისწინებულ დავალიანებას, ხოლო მოვალეს, თავის მხრივ გააჩნია მშენებლობის ნებართვა, რომლის ვადა გაგრძელებულია 2025 წლის ოქტობრამდე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა ურთიერთვალდებულებების შესრულება სასარჩელო წესით განსახილველ საკითხს წარმოადგენს, რაც არ არის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის საფუძველი.

სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებების კვლევის მიზნით დანიშნა სასამართლომ საქმეზე ზეპირი მოსმენა, რომ გამოეკვლია, თუ რამდენად იყო საწარმო გადახდისუუნარობის ფაქტის წინაშე. სასამართლო განმარტავს, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია იმგვარი სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომელშიც იარსებებს რეაბილიტაციის წამახალისებელი მექანიზმები და, ამავდროულად, იმოქმედებს ყველა კრედიტორის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების მაქსიმალურად ეფექტიანი და სამართლიანი დაცვის გარანტიები, რაც არ ნიშნავს, იმას, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალეს შესწევს ვალდებულებების შესრულების უნარი, რასაც ჩვენს შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ აქვს ადგილი, იმიტომ რომ კრედიტორმა წარმოადგინა განცხადება, სასამართლო ვალდებულია წარმოებაში მიიღოს და დაიწყოს აღნიშნული კანონის რაიმე ფორმით ამოქმედება.

გადახდისუუნარობის პრეზუმფციის დაშვება და აღნიშნული პრეზუმფციის პირობებში, ადრეულ ეტაპზევე, სასამართლოსათვის გადახდისუუნარობის განცხადებით მიმართვის შესაძლებლობა მოვალის რეაბილიტაციის გზით კრედიტორთა ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება. თუმცა, აღნიშნული უფლება კეთილსინდისიერად უნდა იქნეს გამოყენებული, რადგან არაკეთილსინდისიერი განზრახვის პირობებში განმცხადებელმა მითითებული შესაძლებლობის გამოყენებით შეიძლება ზიანი მიაყენოს მოვალეს. არაკეთილსინდისიერ მიზნებს შორის შეიძლება იყოს, მოვალის საქმიანობის შეჩერება, მისი ხელოვნურად გადახდისუუნარობამდე მიყვანა და ა.შ., ამიტომ ნიშანდობლივია, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესი მასზედ, რომ თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის შემდეგ გამოვლინდა, რომ მოვალე თავიდანვე არ ყოფილა გადახდისუუნარო/მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი, სასამართლო უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, განმცხადებელს დააკისროს განცხადების შეტანით მოვალის ან/და კრედიტორებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუ გამოვლინდა ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) განცხადება შეტანილ იქნა განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდების ან ინფორმაციის დამალვის შედეგად; ბ) მოვალის მიერ განცხადების წარდგენა მიზნად ისახავს კრედიტორისათვის მის მიმართ ინდივიდუალური ქმედებების განხორციელებაში ხელშეშლას; გ) განცხადების წარდგენის მიზანია მორატორიუმის ბოროტად გამოყენება ან კრედიტორის, მოვალის ან მესამე პირთა უფლებების სხვაგვარი დარღვევა. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების განმხილველი სასამართლო. ამდენად, თუ დადასტურდება, რომ განმცხადებელი გადახდისუუნარობის განცხადებით მოვალისათვის ან/და კრედიტორისათვის ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად, ასეთ შემთხვევაში, ამავე პროცესში სასამართლო, მოვალის ანდა კრედიტორს მოთხოვნით, განმცხადებელს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს, რაც ამავე წარმოების შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა და ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, საერთო წესით, კერძო საჩივრით საჩივრდება. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის განზრახვა მოვალისათვის ზიანის მიყენების თაობაზე, საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, რთულად სამტკიცებელი კატეგორიაა, თუმცა, მოვალის ანდა კრედიტორის მხარეს არსებული მტკიცების ტვირთი განმცხადებლისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე რეალიზებულად ჩაითვლება, თუ ის შეძლებს დადასტურებას, რომ იგი (მოვალე) გადახდისუუნარო/მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი თავიდანვე არ ყოფილა და განმცხადებელმა ეს ინფორმაცია იცოდა, ან უნდა სცოდნოდა, ამასთან, გადახდისუუნარობის განცხადებით სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი შედეგები (გადახდების შეწყვეტა, ქონების დაყადაღება და ა.შ.) განმცხადებლის ინტერესებში შედიოდა. მოვალის მტკიცების საგანში შემავალი კატეგორიაა, ასევე, იმ ზიანის ოდენობაც, რომელიც მის წინააღმდეგ გადახდისუუნარობის განცხადებით სასამართლოსათვის მიმართვამ გამოიწვია. შესაბამისად, თუ განმცხადებელს ზიანის მიყენების განზრახვა დაუდასტურდა, მას ამავე წარმოების ფარგლებში, როგორც საპროცესო ხარჯები, ასევე, ზიანის ანაზღაურება დაეკისრება. საიდან შეიძლება წარმოიშვას ზიანი? ამ მიმართებით საგულისხმოა, რომ ზიანი, ძირითადად, მორატორიუმის თანმდევი შედეგი შეიძლება იყოს. მორატორიუმი კი ამუშავებას გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობის შედეგად იწყებს. გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობა მხარემ (ანდა ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა) შეიძლება კერძო საჩივრით გაასაჩივროს. კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს განჩინებით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებას ანდა ამავე განჩინებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომას. იმ შემთხვევაში, თუ განჩინების აღსრულებით შეუქცევადი სამართლებრივი შედეგები დადგება ანდა ასეთი შედეგების დადგომის სამართლებრივი საფრთხე შეიქმნება, მეტად სავარაუდოა, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ აღნიშნული განჩინების მოქმედება შეაჩეროს. აღნიშნული საპროცესო ქმედების სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლი იქნება, მით უფრო, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება დასაშვებია, თუ სპეციალური კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას და თუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებსა და პრინციპებს. ამდენად, კერძო საჩივრით სადავოდ გამხდარი განჩინების მოქმედების შეჩერება დასაშვები უნდა იყოს, თუ შეჩერება არ ეწინააღმდეგება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და პრინციპებს. ამდენად, თუ პირი ფიქრობს, რომ გადახდისუუნარობის განცხადება მისთვის განზრახ ზიანის მოტანას ემსახურებოდა, ასეთ შემთხვევაში, მისთვის ზიანი მას შემდეგ დადგება, თუ გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობის შედეგად მორატორიუმის ღონისძიებები ამუშავდება, შესაბამისად, პირს, რომელიც გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებობას კერძო საჩივრით სადავოდ ხდის, ამავდროულად, უფლება აქვს მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და ამგვარი ზიანის დადგომის ამსახველი მტკიცებულებების წარდგენის გზით, გადახდისუუნარობის განცხადების თანმდევი სამართლებრივი შედეგების ამოქმედების შეჩერება მოითხოვოს. ამასთან დაკავშირებით, ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სამოქალაქო პროცესის ფარგლებში, უსაფუძვლო სარჩელით ზიანის მიყენების განზრახვის დადასტურება სავალდებულო არ არის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელია უსაფუძვლო სარჩელისა და ამ სარჩელის მიზნებისათვის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზიანი, ხოლო „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, უსაფუძვლო გადახდისუუნარობის განცხადების აღძვრის პირობებში, უნდა დასტურდებოდეს ასევე განმცხადებლის განზრახვა მოვალისათვის ზიანის მიყენების თაობაზე. (გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საფუძვლები „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით), მართალია, სასამართლო მოცემულ შემთხვევაში არ შედის ზემოთხსენებული გარემოებების კვლევაში, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების უსაფუძვლო გახსნამ შეიძლება ორივე მხარის მიმართ წარმოშვას გარკვეული ზიანის მომტანი გარემოებები, იმთავითვე არსებობს.

შესაბამისად, როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით გადახდისუუნარობის გახსნის კანონით დადგენილი საფუძვლები არსებობს, კერძოდ, მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს, რასაც შპს „გრინ რეზიდენსის“ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს. საქმის მასალებით არ დადასტურდა, რომ მოვალის ვალდებულებები აღემატებოდა მის აქტივებს. საქმეში წარმოადგენილია დამოუკიდებელი აუდიტორის მიმოხილვითი ანალიზი, რომლის თანახმად, შპს „გრინ რეზიდენსის“ ფინანსური მდგომარეობა ამჟამად გარკვეულ ფინანსურ სიძნელეებს განიცდის. მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ ეს პრობლემები, უპირველეს ყოვლისა, დროებითი ხასიათისაა და მათი ეფექტურად მართვა შესაძლებელია კომპანიის მენეჯმენტის მიერ. შპს „გრინ რეზიდენსმა“ გამოავლინა გადახდისუუნარობის უმნიშვნელო გამოწვევები, რომლებიც შეიძლება მიეკუთვნებოდეს ზოგად ეკონომიკურ და სამშენებლო დარგისთვის დამახასიათებელ მდგომარეობას. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შპს „გრინ რეზიდენსი“ ფლობს აუცილებელ რესურსებს, სტრატეგიულ შესაძლებლობებს და მყარ ბიზნესგეგმას ამ გამოწვევების წარმატებით დასაძლევად (დეტალური ინფორმაცია ჩატარებული სამუშაობის, რეალიზებული ბინების რაოდენობისა და ღირებულებების შესახებ იხ. დამოუკიდებელი აუდიტორის მიმოხილვით ანალიზში). მიმოხილვითი ანალიზის თანახმად, დროის სიმცირის გამო ვერ მოხერხდა საჭირო და აუცილებელი პროცედურების ჩატარება და საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება, რომელიც მისცემდა მათ საშუალებას მოემზადებინათ „გადახდისუუნარობის“ შესახებ დასკვნა, რომლის მომზადებისთვის საჭირო პერიოდი მინიმუმ ორი თვით განისაზღვრება.

განმცხადებლის განმარტებით, შპს „გრინ რეზიდენსის“ მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის ინტერესია ის, რომ კომპანიამ დროულად დაასრულოს მშენებლობა და ნიკოლოზ ფაიქრიძეს დროულად გადაეცეს ნასყიდობის საგანი უძრავი ნივთი. 2020 წლის 08 ივნისს ნიკოლოზთან გაფორმებული ხელშეკრულების 5.3. პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლის დასრულების თარიღია 2022 წლის მაისი, მაგრამ კორპუსი დამამთავრებელ ეტაპამდეც კი არ არის მისული, რის გამოც მოვალე უახლოეს მომავალშიც ვერ შეძლებს დარღვეული ვალდებულების გამოსწორებას. მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის გონივრულ ვადებში დასრულება და ამავე დროს ნიკოლოზის, როგორც არაუზრუნველყოფილი კრედიტორის ინტერესების და მისი უფლებების დაცვა და რეალიზების ერთადერთი გონივრული საუალებაა შპს „გრინ რეზიდენსის“ მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნა, სადაც სასამართლოს მიერ დანიშნული რეაბილიტაციის მმართველის ძალისხმევით მოხდება მშენებლობის დასრულება და ნიკოლოზის და სხვა კრედიტორების ინტერესის და უფლებების დაცვა.

სასამართლო განმარტავს, რომ მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება, ეჭვი იმისა, რომ საწარმო შეიძლება გადახდისუუნარო გახდეს არსებობს ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ, გონივრული საფუძვლის არსებობა, რასაც წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე მიუთითებს კრედიტორი, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არის დასაბუთებული და არც არსებობს. ასევე აღნიშნული კანონის ერთ-ერთი მთავარი განმარტება, გადახდისუუნარობის გახსნისა არის ის, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა; ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას; გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში; დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა; ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება; ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას. აღნიშნული გარემოებებიდან ერთ-ერთის არსებობა იმთავითვე არ მოიაზრებს გადახდისუუნარობის გახსნის საფუძვლებს. მის საპირისპიროდ მოვალის მიერ წარმოდგენილი პოზიცია, რომ იგი არ არის გადახდისუუნარო და მას შესწევს უნარი დაფაროს ვადამოსული ვალდებულებები, თუნდაც აღნიშნული პოზიციის წარმოდგენა იმთავითვე აჩერებს სასამართლოს უფლებას ზეპირი მოსმენის გარეშე წარმოებაში მიიღოს საქმე და მხოლოდ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდგომ იღებს გადაწყევტილებას გადახდისუუნარობის გახსნის ან არგახსნის შესახებ. შესაბამისად ის გარემოება, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობის არსებობა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის საფუძველია, სასამართლოს არ მიაჩნია სწორად. სასამართლო თვლის, რომ შპს „გრინ რეზიდენსის“ გადახდისუუნარობა უტყუარად დადასტურებეული არ არის, მას არ შეუჩერებია ფუნქციონირება, პირიქით, მშენებლობის ნებართვაზე ვადა გაზრდილია. მშენებლობის დროებით შეჩერება არ ნიშნავს იმას, რომ სამშენებლო კომპანია დროულად ვერ შეძლებს მშენებლობის დასრულებას.

მხარეთა პოზიციების მოსმენისა და წარმოდგენილი მასალების გაანალიზების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მოვალე შპს „გრინ რეზიდენსის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის წინაპირობები. კრედიტორმა ვერ დაადასტურა, მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა; არაა დადასტურებული, რომ მოვალე კომპანიის ვადამოსული ვალდებულებები აღემატება კომპანიის აქტივებს. ზემოაღნიშნული გარემოებები კი განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის საფუძველია.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 44-ე, 47-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

 

ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კრედიტორ ნიკოლოზ ფაიქრიძეს უარი ეთქვას მოვალე შპს „გრინ რეზიდენსის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე;

2. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/), ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე;

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ არსებითად იმავე გარემოებების საფუძველზე გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა დაუშვებელია.

4. განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე                                                                     ციცინო მოსიძე